ძებნის რეზულტატი:
გიორგი რურუას ცემის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ორი თანამშრომელი დააკავეს
გიორგი რურუას ცემის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავა. დაკავების შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა. გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: შ. მ. და ლ. გ.აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.საქმეზე გრძელდება გამოძიება", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. გიორგი რურუას ფიზიკური დაზიანებები 2 ნოემბერს მიაყენეს. პენიტენციური სამსახური განმარტავდა, რომ ცემის გამო რურუას სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ 2020 წლის 7 ივლისს ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილი წამების საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო
არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს სასამართლომ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ. საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში. საქართველოს პროკურატურის განცხადების მიხედვით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.
მერიის წინ გამართულ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
აფრიკის დასახლებაში შენობის დემონტაჟის გაპროტესტების მცდელობისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, ამ წუთებში, თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას და მიწების დაკანონებას ითხოვენ. აფრიკის დასახლებაში, შენობების დანგრევის გაპროტესტების დროს, გუშინ დაკავებულ ერთ-ერთ მოქალაქეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის მისვლას დემონსტრანტების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, რაც პოლიტიკოსთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა წინა და ახალი ხელისუფლება მათი პრობლემების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულეს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის აქციიდან გაყვანა, ფიზიკური შეხებით სცადეს. აქციაზე მივიდა ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არამარტო ამ ხალხს უნდა დაუკანონოს ბინები, არამედ ვისაც არ აქვს, მათთვისაც უნდა გაითვალისწინოს სახლების აშენება თბილისის ბიუჯეტიდან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. შსს-ს პირველადი ცნობებით, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში დაკავებული იყო 13 ადამიანი. სისხლის სამართლის მუხლით საქმე მხოლოდ ერთ მათგანზეა აღძრული.
„გირჩის“, „მოქალაქეების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, მანდატების გაუქმება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა
სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. დეპუტატის მანდატები ოფიციალურად გააუქმეს პარტიებმა - „ნაციონალური მოძრაობა“ „რესპუბლიკური პარტია“ „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ . რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, მან პარლამენტს 15 დეკემბერს მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში შესვლის მანდატი ჯამში 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა მოიპოვეს. ამ დრომდე სამ პარტიას: „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საკანონმდებლო ორგანოსთვის, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ჯერ არ მიუმართავთ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პროპორციული სიით 36 დეპუტატი ჰყავს, „ევროპულ საქართველოს - 5, „სტრატეგია აღმაშენებელს “-4, „ლელოს“-4, „გირჩს“ - 4, „პატრიოტთა ალიანსს“- 4 „მოქალაქეებს“ - ორი , „ლეიბორისტულ პარტიას“ კი - ერთი. დეპუტატებს შვიდდღიანი ვადა აქვთ საკუთარი გადაწყვეტილების შესაცვლელად და მიმართვების უკან გასაწვევად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა. ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი: ვაშაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა, ის ბრწყინვალე დიპლომატია. პარტია უნდა გარდაიქმნას
" გრიგოლ ვაშაძეს ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და წასვლას აპირებდა. ის იყო და არის ბრწყინვალე დიპლომატი. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმნას" - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფორმულას" პირდაპირ ეთერში. "გრიგოლ ვაშაძეს არა მარტო ჩემთვის, საჯაროდაც ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. გრიგოლ ვაშაძე იყო და არის ბრწყინვალე დიპლომატი. ასეთი დიპლომატი ჩვენ იშვიათად გვყავს. ის მოვიდა პარტიაში მაშინ, როცა პარტია არ იყო პრივილეგირებული და ამისთვის მადლობის ღირსია. ახლა ნაციონალური მოძრაობა გადადის იმ ეტაპზე, როცა ბევრად სხვა ტიპის ბრძოლა არის საჭირო, ბრძოლა, რომელიც იქნება უფრო შემტევითი, უფრო შორს წამსვლელიც, ბევრად უფრო თავგანწირული და ასეთი დრო მოითხოვს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმნას." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია გუშინ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ facebook გვერდზე გააკეთა.
ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია
სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში, აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია. რადიო „თავისუფლების“ სომხური რედაქციის ცნობით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რამდენიმე ათეული სამხედროტყვედ აიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „თავისუფლებას“ ნიკოლ ფაშინიანმა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა დაუდასტურეს. მათი ცნობით, სომეხი ჯარისკაცები აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ სოფელ ხცაბერდთან აიყვანეს. „ამჟამად თავდაცვის სამინისტრო არკვევს ვითარებას. მე პირადად მივაქცევ ყურადღებას, რომ პასუხისგებაში მიეცენ ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლები“, განაცხადა ჰარუთიუნიანმა. მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის ქმით, „უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ქვედანაყოფი, რომელშიც 60 სომეხი სამხედრო მოსამსახურე იყო.“ მედიის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილთა უმრავლესობა სომხეთის შირაქის ოლქის მაცხოვრებელია. სამხედროების ნათესავებმა გადაკეტეს გიუმრი-ერევნის დამაკავშირებელი ავტოტრასის მონაკვეთები. ისინი საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.
107 წლის მინესოტელმა covid-19 დაამარცხა
107 წლის ასაკში მინესოტელმა ტილი დიბინგმა covid-19 დაამარცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც დიბინგმა CNN– ის შვილობილ კომპანიას KARE– ს განუცხადა, ეს არ იყო პირველი პანდემია, რომელიც მან გამოიარა. 1918 წელს, როცა ის 5 წლის იყო, ჩრდილოეთ დაკოტაში მისი ოჯახის წევრები გრიპით დაავადნენ. "ჩემი ოჯახის წევრები ავად გახდნენ, საწოლში იწვნენ, მეც ჩავვარდი. მაშინ მამაჩემმა თქვა, რომ გასაქცევი ადგილი ვერ იპოვეს." - აღნიშნა დიბინგმა. როგორც ცნობილია, დიბინგის 95 წლის დაუდგინა საშვილოსნოს კიბო, მაგრამ ამ დაავადებასაც გადაურჩა. დიბინგის თქმით, ერთადერთი სიმპტომი, რომელიც Covid-19-ს უკავშირდება, დაღლილობა იყო.
ინფიცირებულთან კონტაქტის გამო მაიკ პომპეო კარანტინში გადავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კარანტინში გადავიდა მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონის პრესსამსახური ავრცლებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დააკონკრეტა ზუსტად ვისთან ჰქონდა პომპეოს შეხება, თუმცა მათი თქმით, სახელმწიფო მდივანს ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი აჩვენა. „სახელმწიფო მდივანს კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელმაც კოვიდზე დადებითი პასუხი მიიღო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის სამმართველოს რეკომენდაციის შესაბამისად, ის კარანტინში გადადის“, - განაცხადეს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
პროკურორი: ბაჩალიაშვილის საქმე პრაქტიკულად დასრულებულია
დღეს პროკურატურის წარმომადგენლები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შხვედნენ. შეხვედრის შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურას კვლავ უნდობლობა გამოუცხადა. მისი თქმით, პროკურატურას საქმის თვითმკვლელობის ვერსიით დახურვა უნდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასრულებულია. მისი თქმით, საქმეზე დაკითხულია 600-ზე მეტი მოწმე, ჩატარებულია 40-ზე მეტი ექსპერტიზა. ყველა კითხვას, რაც ოჯახს ჰქონდა, საქართველოს პროკურატურამ პასუხი გასცა. „ბაჩალიაშვილთან მიმართებაში რომელიმე სუბიექტის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დგინდება. ოჯახის წევრებს რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. საქმეზე ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ბაჩალიაშვილების ადვოკატი ბატონი მიხეილ რამიშვილი გარკვეულ გარემოებებს არასწორად აცნობდა ოჯახის წევრებს და ექსპერტიზის გარკვეულ დასკვნებსაც არასწორად აფასებდა. დღევანდელ შეხვედრაზეც კი, წარდგენილი იქნა ეს ექსპერტიზა. რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახის წვერებს უთითებდა აღმოჩნდა, რომ არასწორად იყო აღქმული. საუბარია, ექსპერტიზის დასკვნაზე, რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახთან აპელირებდა, რომ გარკვეულწილად ისეთი გარემოებები ეწერა, რაც რეალურად დასკვნაში ასახული არ იყო. “,- აღნიშნა პროკურორმა. ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის მაინც ბოლომდე მიიყვანს საქმეს და დაამტკიცებს რომ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს. „დასრულდა არჩევნები? დასრულდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ობიექტური გამოძიება, მაგრამ იცოდნენ, რომ ბევრ რაღაცას მივაგნებ. თამარ ბაჩალიაშვილს იმდენი ტვინი და ნიჭი ჰქონდა, ბევრი მინიშნება აქვს დატოვებული და საქმეს ბოლომდე მივიყვან", - აღნიშნა რამიშვილმა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. 23 წლის ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფექციონისტი Covid19-ით რეინფიცირების სტატისტიკას აღწერს
"საბედნიეროდ, Covid-19-ით ხელახლა დაინფიცირების მასიური შემთხვევები არ გვაქვს" - აღნიშნა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ" "ჯერჯერობით პანდემია ერთი წლის არის და შესაბამისად, გამოცდილებაც გვაქვს ერთწლიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს რეინფექცია, ანუ კოვიდ-19-ით თავიდან ინფიცირება. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა არის აღწერილი. ზოგადად ანტისხეულები ძალიან დიდხანს არ მიჰყვება ადამიანს, შეიძლება მხოლოდ 3 თვე, ან 6 თვე გაჰყვეს, მაგრამ ამოსავალი წერტილი ეს არ არის, იმუნიტეტის კიდევ სხვა მექანიზმი არსებობს. საბედნიეროდ, ხელახლა დაინფიცირების მასიური შემთხვევები არ გვაქვს და ხელახლა ინფიცირება არის ძალიან იშვიათი'. - განაცხადა მაია ბრუწაშვილმა.
რომელია საუკეთესო პერიოდი Covid19-ზე ტესტირებისთვის
პაციენტებმა, რომლებსაც Сovid19-ის სიმპტომები უვითარდებათ, იზოლაცია სიმპტომების დასრულებიდან სამი დღის ვადაში უნდა დაასრულონ. ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, შესაძლოა, გემო და ყნოსვა ზოგიერთ პაციენტს კვირების განმავლობაში ჰქონდეს დაკარგული, ამიტომ იზოლაციის დასასრულებლად ამ სიმპტომის დასრულებას არ ელოდებიან. „მთავარ ნიშნულად ითვლება ცხელება. ვისაც Сovid-19 დაუდასტურდება, იზოლაციის ათვლა უნდა დაიწყონ სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღე და სიმპტომების დასრულებიდან 3 დღე. ორივე უნდა იყოს ამ ვადაში. ამის გამო პაციენტები ხშირად ტესტირების დაჩქარებას ითხოვენ. ვთხოვ ნუ იჩქარებენ, რადგან ტესტირების საუკეთესო პერიოდი ზუსტი პასუხის მისაღებად არის მე-3, მე-4, მე-5 დღე. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, დადებითი პასუხის მიღებიდან 10 დღე უნდა დარჩნენ იზოლაციაში“, -განაცხადა ინფექციონისტმა გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ".
დავით ლოლაძე: კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჯავშანჟილეტი გვაცვია
"კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჯავშანჟილეტი გვაცვია და არაფერი მოგვეკარება", - განაცხადა ექიმმა დავით ლოლაძემ გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ". ამავე გადაცემაში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ covid-ის გადატანის შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვა მნიშვნელოვანია. "მიუხედავად იმისა, რომ covid-19-ით განმეორებით ინფიცირების შემთხვევები არის უკიდურესად იშვიათი, ეს უფლებას არ გვაძლევს, რომ covid-ის გადატანის შემდეგ სიფრთხილის ზომები აღარ დავიცვათ. ისევე რჩება სიფრთხილის ზომები - ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა - ძალაში, როგორც მანამდე" - აღნიშნა ბუწაშვილმა.
ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო
ევროკავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს. ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი. პროგრამის მეოთხე ფაზის მიზანია, ქვეყანაში გააძლიეროს სურსათის ხარისხხი და სტანდარტები, ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ევროკავშირში ექსპორტის ზრდას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. „ეს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად გამოყოფილი უფრო ფართო დახმარების ნაწილია. „2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ. გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა“, - კარლ ჰარცელმა. „ENPARD-ის პროგრამას უკვე წლებია მოაქვს კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ პროგრამის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ევროპულ ბაზარზე ექსპორტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელება COVID-19-ის ფონზე და აღსანიშნავია, რომ მისი მეოთხე ფაზა ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო პანდემიასთად ბრძოლისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა. „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც ENPARD-ის სამივე ფაზა წარმატებით აქვს განხორციელებული. გვაქვს მოლოდინი, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზაც წარმატებით განხორციელდება. ეს არის საკმაოდ დიდი დახმარება, 55 მილიონი ევრო, საიდანაც 31 მილიონი ევრო იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ხოლო 24 მილიონი ევრო ტექნიკური და საგრანტო დახმარების სახით გაიცემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელსაც ყოველთვის დიდი ეფექტი აქვს ევროკავშირთან ერთად შემუშავებული პოლიტიკის სწორად განხორციელებისათვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა. „პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. ENPARD IV დაეფუძნება ფართომასშტაბიან ინსტიტუციური განვითარების პროგრამისა (CIB) და ENPARD-ის წინა ფაზების ფარგლებში არსებულ შედეგებს. ის განაგრძობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. ახალი ფაზა სურსათის ბიზნეს ოპერატორებსაც დაეხმარება, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირების მიზნით. ასევე, ENPARD IV გააგრძობს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას“, - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
კარლ ჰარცელი: გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უკეთ შეძლებენ
„მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოსთვის გამოყოფილი ახალი დახმარების შესახებ განაცხადა. „2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ. გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო.
შვედეთი ლოკდაუნს განიხილავს
შვედეთში ქვეყნის ჩაკეტვისკენ მოწოდებები იზრდება მაშინ, როდესაც ქვეყანამ პანდემიასთან გამკლავების ყველასგან განსხვავებული გზა აირჩია. წერს The Hill. ქვეყნის მაღალჩინოსნები, ამ ეტაპზე ჩაკეტვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. რეგიონული ჯანდაცვის დირექტორის, ბიორნ ერიკსენის თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. სკანდინავიის ქვეყანამ, წლის დასაწყისში პანდემიასთან გამკლავების ალტერნატიულ გზას მიმართა, ქვეყნის მასშტაბით თითქმის არც ერთი ბიზნესი ან სასწავლო დაწესებულება არ დახურულა. მათ შორის მუშაობდა სკოლებიც მხოლოდ 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. შვედეთის პრემიერის, სტეფან ლოფვენის განცხადებით, ექსპერტებმა ვირუსის მეორე ტალღა სათანადოდ ვერ შეაფასეს. ორშაბათს, ოფიციალურმა პირებმა გაგზავნეს შეტყობინებები, რომლითაც გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ საშობაოდ არ შეიკრიბონ.
საქართველოში კიდევ 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2001 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1953 პირი ემსხვერპლა.
კორონავირუსი კიდევ 2 981 ადამიანს დაუდასტურდა, 2 001 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 981 ადამიანს დაუდასტურდა, 2001 კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 201 368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282 შეადგენს. გარდაიცვალა 1 953 მოქალაქე.
გიორგი გახარია: ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, მხოლოდ ოჯახის წრეში
„ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, მხოლოდ ოჯახის წრეში. თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს. ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ საახალწლო დღეებშიც. ამის გათვალისწინებით, ახალ წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ისეთი რეკორდები მყარდება, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს. ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ საახალწლო დღეებშიც. ამის გათვალისწინებით, ახალ წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, მხოლოდ ოჯახის წრეში. თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი აღდგენისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში COVID-19-ის სულ 201 368 შემთხვევაა აღრიცხული
საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. სულ 201 368 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282 შეადგენს. გარდაიცვალა 1 953. კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
პრემიერი: პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია დაახლოებით 65%-მდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის
„პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია დაახლოებით 65%-მდე, თუმცა ჩვენი მიზანია - 90-95%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. „ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, როგორც გარდამავალი შედეგი, პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია დაახლოებით 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ჩვენი მიზანია ეს პროცენტული მაჩვენებელი გახდეს 90-95%. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ უკვე შეგვეძლება ეკონომიკის თამამად გახსნა. ყველამ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს ხანდაზმულებზე, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ჩვენს მოქალაქეებზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.