ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსის  3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  3 105 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 3837 ადამიანს გამოუვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 194 900 მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელდა 164 786. ახალი მონაცემები მედიას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ გააცნო, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ბოლო 24 საათში 3105 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მსახიობი საავადმყოფოდან გუშინ გაეწერა და სარეაბილიტაციო პერიოდს სახლის პირობებში გადის. შეგახსენებთ, რომ კახი კავსაძე კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. ის მკურნალობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

იუსტიციის მინისტრად ახალ კანდიდატს წარადგენენ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ახლად დაკომპლექტებულ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი კანდიდატი დაიკავებს. წულუკიანი ახალი კანდიდატურის ვინაობას არ ასახელებს. ახალი მოწვევის პარლამენტში, იუსტიციის ყოფილი მინისტრი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

შსს-მ რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 784 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

თეა წულუკიანი  განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის განათლების, მეცნიერების, და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ახალი მოწვევის პარლამენტმა წულუკიანი კომიტეტის თავმდჯომარედ უკვე დაამტკიცა და კომიტეტის პირველი სხდომაც გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარეები არჩიეს უკვე სხვა კომიტეტებშიც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ირაკლი კოვზანაძე იკავებს. ჯანდაცვის კომიტეტს კვლავ დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ მაია ბითაძე დაინიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს

რუსული მხარის წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტის რუსტამ მურადოვის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს. ტყვეების გაცვლა რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს 12, სომხურ მხარეს კი 44 ტყვე გადაეცა. სომხეთის ვიცე-პრემიერის ტიგრან ავიანინის ინფორმაციით, დაბრუნდნენ ის ტყვეები, რომელთა ტყვედ აყვანა დადასტურებულია აზერბაიჯანისა და „წითელი ჯვრის“ მიერ, დანარჩენი ტყვეების გამოვლენისა და დაბრუნების პროცესი კი გრძელდება. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბაქოში თვითმფრინავით დაბრუნებულ ტყვეებს შორის 2014 წლის ივლისიდან ტყვეობაში მყოფი შაჰბაზ გულიევი და დილგამ ასკეროვი არიან.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო დახმარებას ითხოვს

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედპერსონალის რაოდენობა განახევრებულია, ამიტომ საავადმყოფო თხოვნით მიმართავს მათ, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, დაეხმარონ მათ. "სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი და სასწრაფოდ გვესაჭიროება თანამშრომლები სანიტრის პოზიციაზე. მედ-პერსონალის რაოდენობა განახევრებულია და ვეღარ ახერხებენ გაუმკლავდნენ პაციენტთა უზომოდ დიდ ნაკადს. გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ კოვიდი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალ პარლამენტში პირველი საკანონმდებლო ინიციატივა საგარეო პოლიტიკას ეხება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციაა. „ამ მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებაში და დეოკუპაციაში“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები იყოს მიღწეული. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რაზეც მეათე მოწვევის პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას. ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებაზეც. „ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ გაწევრიანების წინ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის უკვე არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც ბოლო წლებში ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. მეათე მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამერიკის შეერთებული შტატების უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მიღწევაში და ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებსა და ორმხრივ ურთიერთობებში მეგობრობის ჯგუფებს“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციურ პარტიებს ანტიამერიკული და ანტიევროპული კამპანიის დაგმობისკენ და საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, დაგმონ ეს კამპანია და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვას“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მზად ვარ ურთიერთობისა და კონტაქტისთვის - პუტინმა ბაიდენს გამარჯვება მოულოცა

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მოულოცა. რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგას პოლიტიკაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, მიუხედავად განსხვავებებისა, წვლილის შეტანა მრავალი პრობლემის მოგვარებაში შეუძლიათ. "მე მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის”, - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 14 დეკემბერს დაამტკიცა.

გერმანია ევროპის წამლის სააგენტოს მოუწოდებს, Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს

"სიენენის" ინფორმაციით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი ევროპის წამლის სააგენტოს მოუწოდებს, „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს. „ჩვენი მიზანია, ვაქცინამ ავტორიზაცია შობამდე მოიპოვოს და მოსახლეობის ვაქცინაცია ამ წელსვე დავიწყოთ“, - განაცხადა იენს შპანმა. პარალელურად, გერმანიის ექიმთა ასოციციამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის წამლის სააგენტომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კი გაცილებით მცირე დროში დაამტკიცა ვაქცინა. ექიმები მთავრობას მოუწოდებენ, რომ თუ პროცესი გაჭიანურდება, გერმანიის მთავრობამ „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ ვაქცინას დამოკუდებლად მიანიჭოს ავტორიზაცია. გერმანიაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე „კოვიდ-19“- ის ერთ მილიოზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 22 ათასზე მეტი ადამიანი.

თურქეთი საახალწლო დღეებში კომენდანტის საათს აწესებს

თურქეთი საახალწლო დღეებში კომენდანტის საათს აწესებს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომენდანტის საათი 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე იმოქმედებს. კერძოდ კი, მოსახლეობას სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან 04:00 საათამდე აეკრძალება. "უკვე არსებულმა შეზღუდვებმა თურქეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის დადებითი შედეგები მოიტანა. მთავრობა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ღონისძიებების გატარებას განაგრძობს", - განაცხადა პრეზიდენტმა. თურქეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 1.86 მილიონს მიაღწია. ვირუსს 16 646 ადამიანი ემსხვერპლა.

რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახლი ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის თქმით, სულ მცირე 60-მა სხვადასხვა ადგილობრივმა უწყებამ დააფიქსირა ამ ვარიანტის მიერ გამოწვეული ინფექციები. ჰენკოკი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი ან ვაქცინებისადმი რეზისტენტული იქნება, თუმცა შესაძლოა, ის უფრო გადამდები იყოს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია ამ ვირუსის შესახებ და ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად უკვე მუშაობენ, რათა დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ. ბირმინგემის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პროფესორმა ალან მაკნალიმ BBC- ს განუცხადა, რომ თვალი უნდა მივადევნოთ ცვლილებებს. ბრიტანელი სამედიცინო მკლევარი, ჯერემის ფარარის თქმით, როდესაც ვირუსის ახალი ვარიაცია ჩნდება, საჭიროა გავითვალისწინოთ ერთი რამ - შეიცვალა თუ არა ვირუსის ქცევა? მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსები ყოველთვის იცვლებიან. „ეს მათ ბუნებაშია, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ საშიში ისტორიები მოვისმინეთ, ხოლო პასუხები ჯერ კიდევ არ ჩანს“, - აღნიშნა პროფესორმა. ხვალიდან ლონდონსა და სამხრეთ ინგლისის დიდ ნაწილში ლოკდაუნის მკაცრი, მე-3 დონე ამოქმედდება.

იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

იაპონიის საელჩო ახალი ელჩის მისასალმებელ სიტყვას ავრცელებს. იმამურა აკირა საქართველოში 2020 წლის 6 დეკემბერს ჩამოვიდა. „საქართველოს ბოლოს 1999 წელს ვეწვიე. მას მერე სულ მქონდა სურვილი, რომ კვლავ ჩამოვსულიყავი კავკასიონის ულამაზეს მთებთან, ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარე ამ მომხიბვლელ ქვეყანაში, სადაც უნიკალური კულტურაა. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ გაუმკლავდა ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე სხვადახვა გამოწვევას ახალგაზრდა ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. იაპონია და საქართველო იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩვენ განვავითარეთ მეგობრული ურთიერთობები სხვადახვა სფეროში: პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მოიცავს აზრთა გაცვლას როგორც რეგიონულ საკითხებზე, ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე, კერძო ბიზნესისა და ჩვენი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კულტურების გაცვლას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას საგრანტო დახმარების სხვადასხვა ფორმით. კერძოდ კი, ჩვენ ხელს ვუწყობთ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის დაკავშირებას დანარჩენ სამყაროსთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებით. ასევე საქართველოში, სხვადასხვა ადგილას ვახორციელებთ პროექტებს ტექნიკური თანამშრომლობით კადრების გაზრდის, საგრანტო დახმარების თუ გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამების ფარგლებში, რათა აიწიოს მოსახლეობის ცხოვრების დონე. ჩვენ განვახორციელეთ პროექტები სხვადასხვა სფეროში, რასაც ქართველი ხალხი დადებითად აფასებს. მე ძალისხმევას არ დავიშურებ ამ პროგრამების მხარდასაჭერად მომავალშიც. გარდა ამისა, შთამბეჭდავია წარმატებები ბიზნესის მიმართულებით, რის შედეგადაც იზრდება იაპონური კომპანიების ინტერესი. ამ წლის დასაწყისში, იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა, ინვესტიცია განახორციელოს საქართველოს ჰიდროელექტრო სადგურში. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს „ნახშირბადისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ“, 2050 წლისთვის, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა 2020 წლის ოქტომბერში. როგორც იაპონიის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს ასეთი ტიპის ბიზნესის განვითარებას საინვესტიციო და საგადასახადო საკითხებზე ხელშეკრულებების გაფორმებით. ამასთან ერთად, ქართული კულტურა უფრო და უფრო პოპულარული ხდება იაპონიაში. ქართველი სუმოისტები აქტიურ როლს თამაშობენ სუმოს სამყაროში, შქმერულიდან დაწყებული, ქართული კერძები და იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ღვინო უფრო და უფრო მეტ იაპონელს შორის სარგებლობს პოპულარობით. ასევე, საქართველოშიც ძალიან უყვართ იაპონია, ქართველების ინტერესიც იაპონიისადმი, იაპონური ენისადმი და კულტურისადმი იზრდება. მე ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ „ომოტენაშის“ (სტუმართმასპინძლობა) მაზიარებელ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს და გავუზიარო საქართველოს ხალხს იაპონიის სილამაზე და ინიციატივები. ბოლო დროს, საქართველოში მოგზაური იაპონელი ტურისტებისა და აქ ხანგრძლივი პერიოდით მცხოვრები იაპონელების რიცხვი იზრდება. იაპონელი რეზიდენტების უსაფრთხოება იაპონიის საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვენ აღმოვუჩენთ საჭირო თანადგომას იაპონელ მოქალაქეებს, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით. COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად, დამატებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს ჯანდაცვისა და სამედიცინო სისტემის გაძლიერებას (შესაბამისი მასალისა და აპარატებისმიწოდებით). 2022 წელს, ჩვენ აღვნიშნავთ იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. ამ ღირსშესანიშნავ წელს რომ უკეთესი შედეგებით შევხვდეთ, მე მთელი ძალით გავაგრძელებ მუშაობას ჩვენი ხალხების ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. თქვენი მხარდაჭერის, თანამშრომლობის და კეთილგანწყობის იმედი მაქვს! დასასრულს კი, მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს პანდემიის ასეთ რთულ დროს“, - აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.

ირაკლი კობახიძე: მთავრობის შემადგენლობაში არსებითი ცვლილება არ მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ სამთავრობო გუნდში ძირეული ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის განმარტებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ, პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი. „არსებითად რჩება იგივე შემადგენლობა, რომელიც აქამდე მუშაობდა. ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრის ნაწილშია ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით პრემიერის პოზიციას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოეს დღეებში. მისგან მოვისმენთ პირველ რიგში მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიმართება განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს „ქართული ოცნების" ოფისში არიან შეკრებულები.

„ქართული ოცნების“ ლიდერები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლას აფასებენ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს. „ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება ვაშაძე მერაბიშვილს და სხვებსაც გულისხმობდა. ისინი შლიან დღეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ე.წ. ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს რეალურად შლიან ოპოზიციას. ოპოზიციაში ჯანსაღი პროცესები მიდის და ცვლილებების შემდეგ ქვეყანა ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მიიღებს. ამაში რომ ეს ოდიოზური ფიგურები გვეხმარებიან ძალიან კარგია“, - განაცხადა კობახიძემ. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა დღეს დატოვა. სოციალურ ქსელში ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია. მან პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად, პარტიაში ოდიოზური ფიგურების არსებობა დაასახელა.

ქაბულში ავტომობილზე თავდასხმას გუბერნატორის მოადგილე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, პროვინციის გუბერნატორის მოადგილის ავტომობილზე თავდასხმისას პროვინციის გუბერნატორის მოადგილე დაიღუპა. მაჰბობულა მოჰიბის დაჯავშნილი მანქანაზე ბომბი იყო დამაგრებული. აფეთქების შედეგად მისი მდივანიც დაიღუპა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდნენ უსაფრთხოების ორი თანამშრომელი. ბოლო თვის განმავლობაში რამდენიმე მსგავს შეტევას ჰქონდა ადგილი ავღანეთის მასშტაბით. გასულ კვირას, ცეცხლსასროლი იარაღით პროკურორი მოკლეს. მთავრობასა და თალიბანის მეამბოხეებს შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, ავღანეთში ვითარება არ სტაბილურდება.

კარლ ჰარცელი: ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი. „ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ კვლავ მზად ვართ, ისევ ვეცადოთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პარტიებს შორის საერთო პოზიციის პოვნას. ამ შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ ადრეა რამის თქმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც სჭირდება უზარმაზარი ლიდერობა მხარეებისგან, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ ფართო შეთანხმება შესაძლებელი იყოს. ჩვენ ვეცდებით, გავაგრძელოთ მათი დახმარება. ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, თუმცა შანსი ნამდვილად არის“, - განაცხადა ჰარცელმა. შეგახნებებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში COVID19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზს ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 75 მილიონ ევრომდე ზრდის, რათა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. ამ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მხარდაჭერა ვრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებზეც. „ეს ინვესტიცია წარმოადგენს პანდემიაზე „ევროპის გუნდის“ მყისიერი რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია, დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და საქმიანობის შენარჩუნებას და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. 2007 წლიდან ევროკავშირის ბანკმა უზრუნველყო დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანმრთელობის დაცვის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად. ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, უზრუნველყოფს 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის საქართველოს ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის გასაზრდელად. აღნიშნული რესურსი ქვეყნის ეკონომიკას COVID-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის - ლარში. „როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს, და პანდემიის მიუხედავად მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე. „ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო მიმზიდველია COViD19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიმართულია პანდემიის პერიოდში პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დასახმარებლად. ეს არის ევროპის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის დადებული მესამე ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალი კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 330 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყანაში 54 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

კარლ ჰარცელი: პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა

„პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მის კომენტარს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირმა საქართველოსთვის covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის - 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩი გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარია. ელჩი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ საკუთარ განცხადებაში გადადგომის მიზეზებზე საკმაოდ ნათლად ისაუბრა. „ვფიქრობ, განცხადებაში მან საკმაოდ ნათლად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი. ჩვენ ძალიან დიდი დრო გავატარეთ წინა მოლაპარაკებების დროს, რომელმაც წარმატებულ 8 მარტის შეთანხმებამდე მიგვიყვანა, სადაც მისი კონტრიბუცია იყო ძალიან დიდი. ვწუხვარ, რომ ის ტოვებს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავთ მომავალში. მადლობა გრიგოლს გასული თვეებისთვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს, 15 დეკემბერს დატოვა.