თეგი: ავტოავარია
ტრაპიზონთან, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ
თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ადასტურებს. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ. აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით, ადგილზე გაემგზავრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს: 2022 წელს საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი
2022 წლის იანვარი-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 1 194 დედაქალაქში მოხდა, დაშავდა 1 456, ხოლო დაიღუპა 34 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 408 მოზარდმა ტრავმა მიიღო. "მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 7%-ით, დაზიანებები 1,5 %-ით, ხოლო ლეტალობა გაზრდილია 14,5 %-ით. შემთხვევათა 7%-იანი კლების ფონზე დაღუპულთა ოდენობის 14,5 %-ით ზრდა იმას მიგვანიშნებს, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მიუხედავად ავტოავარიების შემცირებისა, გზებზე მსხვერპლი გვეზრდება. საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე სიკვდილიანობა მკვეთრად იზრდება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და ქვეყანაში შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების ფონდი, რომელიც მეტი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით მიზანმიმართულად იზრუნებს „უსაფრთხო სისტემის“ დანერგვაზე, რაც ითვალისწინებს მეტ მუშაობას ინფრასტრუქტურისა თუ ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე, საგზაო შემთხვევის შემდგომი პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად/კვალიფიციურად გაწევაზე და სხვა ძირეულ საკითხებზე“, - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.
ყვარელში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
ყვარელში ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ცნობილია, თელავი - ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის მეორე მხარეს ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები კლინიკებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ამასთან, ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სოფელ იგოეთთან მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა
სოფელ იგოეთთან მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ავტობანზე ავარია მოხდა. ამასთან, ყველაზე მძიმეა სამგაზვრო მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ძმები დაიღუპნენ
რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ანსამბლ „ძირიანის“ წევრები ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები დაიღუპნენ. გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. "დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს“,- წერია სამძიმრის წერილში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. სამარშუტო ტაქსიში, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, დაახლოებით 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ამასთან, რამდენიმე დაშავებულის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.
თურქეთში 23 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა
თურქეთის პროვინცია სამსუნში ავარია მოხდა, რომელის შედეგადაც ერთმანეთს 23 მანქანა შეეჯახა. როგორც Trend-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ავარიის მიზეზი სატვირთო ავტომობილიდან საწვავის გაჟონვის გამო მოხდა, რამაც გზაზე მანქანების მოცურება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 23 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოავარიაში მოყვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოაავარიაში მოყვა. მისი პრესსპიკერის განცხადებით, დედაქალაქ კიევში მსუბუქი ავტომობილი პრეზიდენტის მანქანას და მის კორტეჟს შეეჯახა. "პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა სპიკერმა. ავტომანქანის მძღოლს, რომელიც ავტოკოლონას შეეჯახა, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟის ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟის ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მისი პრესსპიკერის განცხადებით, დედაქალაქ კიევში მსუბუქი ავტომობილი პრეზიდენტის მანქანას და მის კორტეჟს შეეჯახა. „პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა სპიკერმა. სერჰი ნიკიფოროვს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ინციდენტი, თუმცა მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ტრადიციული ვიდეომიმართვა ავტოავარიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გავრცელდა. ავარიის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ადგილობრივი დროით, 02:30 საათზე გავრცელდა. ასევე მედიაში გავრცელებული ცნობებით, ავტომანქანის მძღოლს, რომელიც ავტოკოლონას შეეჯახა, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ჩინეთში, ავტობუსის მძღლი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოყვა
ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც COVID19-ით ინფიცირებული ადამიანები საკარანტინო დაწესებულებაში გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს. უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა - 27 და დაშავებულია 20 მგზავრი. ამ ეტაპზე, ავიაკატასტროფის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ტურისტი დაიღუპა
ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ტურისტული მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაიღუპა. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილია, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ავტოავარიას დეკანოზისა და მისი 8 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ემსხვერპლა. ამასთან, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე წაიკითხეთ: ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ტურისტი დაიღუპა
იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაშავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგოეთის სიახლოვეს, „მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები მივიდნენ. დაწყებულია გამოძიება.
გორში, მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
გორში, ე.წ.კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა. სამედიცინო პერსონალმა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამის შესახებ Europetime-s ადგილობრივმა განუცხადა. შსს: ბოლო 9 თვეში, საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა 5704 ადამიანი ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა და ბავშვმა დაზიანებები მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო.
ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მცირეწლოვანია. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
სენაკში, ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დილის საათებში, სენაკის სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ჩეხეთში ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 40 ავტომანქანა შეეჯახა
ჩეხეთში, 23 დეკემბერს ნაშუადღევს, ნისლის გამო, 40 მსუბუქი ავტომობილი, (მათ შორის ორი სატვირთო), ერთმანეთს შეეჯახა. გზატკეცილი გადაკეტილია, მაშველებმა ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ავარიები 177-ე კილომეტრზე, ბრნოს მიმართულებაზე მოხდა.
დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გურჯაანში ავარიის შედეგად, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მიღებული დაზიანებებით კი 7 წლის ბავშვი და მეუღლე გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
29 ივლისს თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა. ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა, კიდევ სამი ქალი კი, დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ადამიანი
თურქეთში, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. 12 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 19 მგზავრი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩიმ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია. ავტობუსი სივასიდან სტამბოლისკენ მიდიოდა.
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი არასრულწოვანია
28 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის, მათ შორის, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა - Reuters
Reuters-ის ცნობით, თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით წერს, რომ ავარიაში შვიდი მანქანა მონაწილეობდა, მათ შორის, სამი ავტობუსი და სატვირთო მანქანა ჩრდილოეთ მარმარილოს გზატკეცილზე, საქარიის პროვინცია დაგდიბის მახლობლად. ავარიის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია დაფარულია ძლიერი ნისლით და დაბალია ხილვადობა. საქარიის პროვინციის გუბერნატორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ 57 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქარელში, სოფელ რუისთან მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. მთავარი არხის ინფორმაციით, დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი, მგზავრები არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ პირს, რომლებიც გზაზე ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ბოლნისში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ,,მერსედესის" და ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე დაიღუპნენ. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, შეჯახების შედეგად, სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა, არიან დაშავებულები
ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, შემთხვევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფები დაშავდნენ, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.