ძებნის რეზულტატი:
ვახტანგ გომელაურის თქმით, ზოგ ქვეყანასთან სავიზო პოლიტიკა გადასახედი იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მიაჩნია, რომ ზოგ ქვეყანასთან სავიზო პოლიტიკა გადასახედი იქნება. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკანონო მიგრაციის შესახებ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის შეკითხვას უპასუხა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რთული თემაა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე შეჩერებულია. ახლა არ დავასახელებ ქვეყნებს, საიდან რა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, გადასახედი იქნება სავიზო თემები. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იქნება სამუშაო. ეს პრობლემები ნამდვილად დგას. სერიოზული პრობლემებია ჩვენი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გომელაურმა. პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მსჯელობენ.
ბაიდენმა ვაქცინაციაში ტრამპის როლი დადებითად შეაფასა
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქმედი ლიდერი დონალდ ტრამპი ვაქცინაციაში წვლილისთვის შეაქო. წერს FOX News-ი. ბაიდენმა ვაქცინაციაში წვლილისთვის ტრამპი შეაქო „ფაქტი, რომ ტრამპმა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, არის დადებითი მოვლენა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა. ბაიდენმა დადებითი შეფასება მისცა ტრამპის ინიციატივას, როდესაც ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის საგანგებო სიტუაციაში გამოყენების ნებართვა გასცა. ბაიდენის თქმით, მეტი ვაქცინა იქნება საჭირო. ის დარწმუნებულია რომ ქვეყნისთვის დამატებით 100 მილიონ ვაქცინას
BBC: კორონავირუსმა ანტარქტიდამდეც მიაღწია
ანტარქტიდა დღემდე იყო ერთადერთი კონტინენტი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო აღრიცხული, თუმცა ვირუსმა სამხრეთ პოლარულ კონტინენტამდეც მიაღწია. აქ ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ BBC წერს. ინფიცირებულთა შორის არც ერთი ადგილობრივი არ არის. კოვიდინფექცია კონტინეტზე ჩილედან ჩასულ 26 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც კონტინენტს იკვლევდნენ. მათ შორის 26 ჯარისკაცია. კოვიდინფიცირებულები უკვე გადაიყვანეს ჩილეს საპორტო ქალაქ პუნტა-არენასში, იზოლაციაში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩილე ლათინო ამერიკის ქვეყანათა რიგებშია, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. ჩილეში სულ კოვიდინფექციის 585 000 შემთხვევაა აღრიცხული. ანტარქტიდაზე, ზამთრის სეზონზე, სულ 1 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზაფზულში მათი რაოდენობა 5 000-მდე იზრდება.
ევროკავშირი ქვეყნებს ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი ქვეყნებს ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეეცდება, კოორდინაცია გაუწიოს დიდ ბრიტანეთთან კავშირების შეზღუდვას, მას შემდეგ, რაც ათობით ქვეყანამ ბრიტანეთში მოგზაურობა, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო შეაჩერა. ევროკომისიამ ქვეყნებს ურჩია, მოხსნან შეზღუდვები და განაახლონ აუცილებელი მოგზაურობები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თავისუფლად შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ საკუთარი წესები საზღვრის კონტროლის შესახებ და შეიძლება გააგრძელონ საკუთარი პოლიტიკა. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, რის გამოც ევროკავშირის თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა. ევროკომისიის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაცია მისცეს ხალხს, გაემგზავრონ თავიანთ საცხოვრებელ ქვეყანაში, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაიკეთებნ Covid-19-ის ტესტს ან თვითიზოლაციაში იქნებიან.
საქართველო ერთობლივი სამხედრო საწარმოს შექმნაზე პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
საქართველო ერთობლივი სამხედრო საწარმოს შექმნაზე პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, „დელტაში“ კი ბევრი გამოცდილი თანამშრომელი მუშაობს, მაინც საჭიროა მეტი ცოდნის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან და ამ მიმართულებით ერთგვარი გარღვევაც შესაძლებელია, მოხდეს. „ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები. ვმუშაობთ პოლონეთთან, ჩეხეთთან, ასევე ისრაელთან. არის საინტერესო ინიციატივები. ვგეგმავთ უფრო სერიოზული, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების, ჯავშანტექნიკის წარმოებასაც 2021 წლიდან. შეგვიძლია, ვაწარმოოთ დრონების კარკასი, მაგრამ ტვინი, რომელიც მისი მამოძრავებელია, ჩვენ არ შეგვიძლია, ვაწარმოოთ: აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ერთობლივი საწარმოს შექმნა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ, სამედიცინო სფეროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს ვაქცინა გაიკეთა „მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამით ჩვენ ამ ქვეყანაში შევქმნით დაცვის შესაძლებლობას, რაც დაასრულებს პანდემიას“, - განაცხადა ფაუჩიმ. აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა, ალექს აზარმა, განაცხადა, რომ „ახლა ჩვენ ამ ბნელი პერიოდიდან გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა შეგვიძლია“.
ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ბრალდების გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ბრალდების გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია ბოგოტაში რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელზე, ალექსანდრე პარისტოვსა და ალექსანდრე ბელოუსოვზე, რომლებიც კოლუმბიაში ორი წლის განმავლობაში იყვნენ და ქალაქ კალიში ინფორმანტების გადაბირებით იყვნენ დაკავებულნი. სამხედრო დაზვერვის გარდა, რუსი დიპლომატები მინერალური რესურსების ექსპლუატაციის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციითაც ინტერესდებოდნენ. დაუდასტურებელი ცნობებით, რუსმა დიპლომატებმა კოლუმბია უკვე დატოვეს.
გიორგი გახარია: მთავრობას საგადასახადო შეღავათების გადახედვა მოუწევს
"მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ. როგორც გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობის. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამთავრობო პროგრამის, ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსეთმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ სასანქციო სია გააფართოვა
რუსეთმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანსა და ორგანიზაციების წარმომადგენელს არ შეუშვებს ქვეყანაში, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დაწესებული ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ. წერს BBC. „ამ სიაში შედიან პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის ფარგლებში ანტირუსული სასანქციო აქტიურობის ესკალაციაში ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 15 ოქტომბერს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირმა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის სასანქციო სიაში არიან: „ეფესბეს“ დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი და ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზისდენტის წარმომადგენელი სერგეი მენიაილო, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.
ჯო ბაიდენი: ტრამპი აშშ-ზე კიბერთავდასხმაში რუსეთს უნდა ადანაშაულებდეს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ მასიური კიბერშეტევა კონტროლდება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ დარჩება უპასუხოდ, მას შემდეგ, რაც ის 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. წერს Reuters-ი. ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპმა პირდაპირ უნდა მიუთითოს რუსეთზე, როგორც კიბერშეტევაზე პასუხისმგებელ ქვეყანაზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ დაუდანაშაულებია რუსეთი შეტევაში, თუმცა სახელმწიფო მდივანმა და გენერალურმა პროკურორმა კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელ ქვეყნად რუსეთი დაასახელა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 560 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 560 გამოჯანმრთელდა. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 191 968-მდე.
ბოლო 24 საათში 51 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 457 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 3 560 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 017 გამოვლინდა
თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 1 017 შემთხვევა, აჭარა - 139, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 157, შიდა ქართლი - 192, გურია - 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 146, კახეთი - 158, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, აჭარაში - 131, ხოლო იმერეთში - 6. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 233 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
414 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 2 345 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 20 644 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 6 270 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 082 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414.
გიორგი გახარია: ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება
"ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას. მისი თქმით, გლობარულმა პანდემიამ გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და თითოეულ მოქალაქეს. 2021 წელი კი იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ასეთი მდგომარეობა აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. „ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე - პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია.ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა - როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, განვახორციელოთ სრულად, რამეთუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაც არის, 4 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის და ეს განაცხადი უნდა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული. ამ განაცხადის დასაბუთებულობა ნიშნავს რამდენიმე განზომილებაში ქვეყნის სერიოზულ განვითარებას - რა თქმა უნდა დემოკრატიზაციის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია: მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს
"მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა. გახარიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას სჭირდება დიდი დრო, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო სისტემაში 8 წლის წინ. მისივე თქმით, ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება. „მოგეხსენებათ, ქვეყნის მმართველობით სისტემაში, ჩვენი სოციალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა ჯანდაცვა. ამიტომ, ჯანდაცვის რეფორმირება ვერ ხდება 1 და 2 და ვერც 3 და 5 წელიწადში, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სისტემის იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო 8 წლის წინ. პირველი ამოცანა რაც იყო, იყო ელემენტარულად სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაჩენა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, სიცოცხლის პრობლემა იყო პრობლემა, შესაბამისად, ამის პასუხი იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც განხორციელდა. არც საყოველთაო ჯანდაცვაა დღეს იდეალური, მასაც შემდგომი რეფორმირება სჭირდება და ეს რეფორმირება მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია, თუმცა ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება. ეს ორი მონაცემია, ორი გამოწვევაა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, რომელსაც მან უნდა უპასუხოს უახლოეს მომავალში. ინსტრუმენტები შეიძლება აქ იყოს სხვადასხვა, თუმცა საბოლოო ჯამში შედეგი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჯიბიდან გადახდა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უნდა შემცირდეს. თუ რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის, ეს არის რეფორმის ნაწილი. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ამ ამოცანას ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით იქნება გადადგმული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს კრიზისის პირობებში, როდესაც სოციალური დახმარება ჩვენი თითოეული მოქალაქისა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მაშინ როდესაც ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა და ისინი ნელ-ნელა გადაადგილდებიან სოციალური იერარქიით ერთი ნაბიჯით ქვემოთ, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება - ხელი შევუწყოთ ადამიანებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში,“- განაცხადა პრემიერმა.
ბაიდენმა განათლების მინისტრობის კანდიდატი დაასახელა
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა განათლების მინისტრობის კანდიდატად მიგელ კარდონა დაასახელა, რითაც მინისტრთა კაბინეტის საბოლოო შემადგენლობის წარდგენას მიუახლოვდა. წერს Reuters-ი. ბაიდენის კაბინეტის გარდამავალმა ჯგუფმა ექვსი ახალი კანდიდატი დაასახალა, ახალი პრეზიდენტის ოფისისთვის, მათ შორის არის მიგელ კარონდა, რომელიც განათლების მინისტრის პოზიციას დაიკავებს. კარდონა იქნება კიდევ ერთი ლათინოამერიკელია, რომელიც ბაიდენის ოფისს შეუერთდება. ბაიდენის ადმინისტრაციაში, გენერალური პროკურორისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოზიციები ჯერჯერობით ვაკანტურია.
ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ
„M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია", - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება. „საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია. M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება.იმუნიზაციის დაწყების თაობაზე თბილისის ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიისგან უკვე მიიღეს SMS შეტყობინება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ისრაელში ვადამდელი არჩევნები გაიმართება
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა. წინა არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მოწინააღმდეგის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიები დაახლოებით თანაბარი რაოდენობის მანდატებს იღებდნენ, რამაც მთავრობის ფორმირება შეაფერხა. საბოლოოდ ნეთანიაჰუ და განცი როტაციული მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, ბენი განცს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის ნოემბერში უნდა დაეკავებინა. ისრაელში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მარტში გაიმართება. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება.
დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Guardian-ი ავრცელებს. მოქმედმა პრეზიდენტმა შეიწყალა თავისი საარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპულოსი, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში 2017 წელს ცნეს დამნაშავედ. ჩვენება ეხებოდა რუსეთთან შესაძლო კავშირის მქონე პირებთან კონტაქტების დროსა და მნიშვნელობას. დონალდ ტრამპმა ასევე შეიწყალა ალექს ვან დერ ცვაანი, რომელსაც აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიებისთვის ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტების შესახებ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 30-დღიანი პატიმრობა და 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს. ვან დერ ცვაანი რუსი მილიარდერის გერმან ხანის სიძეა. საშობაოდ დონალდ ტრამპმა სულ 15 ადამიანი შეიწყალა, კიდევ ხუთს კი სასჯელი შეუმსუბუქა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ სამი ყოფილი რესპუბლიკელი კანონმდებელი, ასევე დონალდ ტრამპის მიერ შეწყალებულ პირებს შორის სამი ყოფილი სამხედროა, რომლებიც 2007 წელს ერაყში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს.