ძებნის რეზულტატი:
ჯანმო: კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის. მათივე ინფორმაციით, ეს პანდემიის ევულუციის ნორმალური ნაწილია. „ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი. ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრა ისე, როგორც არის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ვირუსის ევოლუციის ნორმალური ნაწილია”, - განაცხადა ჯანმოს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ონლაინ ბრიფინგზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ ვარიანტით ხალხი უფრო რთულად ავადდება ან უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე COVID-19- ის არსებული შტამები, თუმცა, როგორც ჩანს, ის უფრო ადვილად ვრცელდება.
დონალდ ტრამპმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო
დონალდ ტრამპმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტრამპის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, დოკუმენტი არ შეიცავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან დებულებებს, ეწინააღმდეგება ადმინისტრაციის ძალისხმევას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში აშშ-ის წამყვანი პოზიციების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „ეს კანონპროექტი საჩუქარია რუსეთისა და ჩინეთისთვის“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. დოკუმენტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი. „არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა, თავდაცვის მდივანს ევალება წარადგინოს ანგარიში, შავი ზღვის რეგიონში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ. მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან. ანგარიში უნდა შეიცავდეს: ზომებს, რომლებიც მიღებულია რუსული აგრესიის შეკავების გასაძლიერებლად; რეგიონული სტაბილურობის ხელშესაწყობად; ნატოსთან უერთიერთთანამშრომლობის და ურთიერთქმედების გასუმჯობესებლად. ასევე, გაზარდოს ნატოსა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში. მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“, - ნათქვამია დოკუმენტში. ვეტოს დადების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესს დაუბრუნდება. პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წევრთა ხმების ორი მესამედია საჭირო. ამერიკის ბიუჯეტიდან, 2021 წელს, თავდაცვაზე 740 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
კანადაში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა
კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო "Moderna"-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადი მთავრობა ავრცელებს. კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ Moderna-ს გამოყენებაზე მსჯელობა 12 ოქტომბერს დაიწყო. მტკიცებულებების საფუძვლიანი და დამოუკიდებელი განხილვის შემდეგ დაადგინეს, რომ Moderna-ს ვაქცინა აკმაყოფილებს დეპარტამენტის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის მკაცრ მოთხოვნებს და შესაბამისად, 23 დეკემბერს გასცეს მისი გამოყენების ნებართვა. როგორც მთავრობის განცხადეაბაშია ნათქვამი, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა კანადელისთვის.
დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა
შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება. 1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. 2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული; 3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით. 4. 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში Covid-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები. 5. მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე; მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც: მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; „მაღაზიების, როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. „ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ - სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით; ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები; ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას; ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება“, - აცხადებემ მთავრობის ადმინისტრაციაში. 6. დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. 9. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე. 10. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; 11. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.
გუშინდელთან შედარებით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 13 699 ტესტი ჩატარდა, შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 737“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 146 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 553 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 216 843-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 194 705-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო - ზემო სვანეთი-120, კახეთი-117, მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 734, აჭარაში-647, იმერეთში-1 257. ამ ეტაპზე მძიმეა 1 068 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში-523, აჭარაში-119, იმერეთში-226. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 453 კოვიდინფიცირებული, მათგან თბილისში-195, აჭარაში-98, იმერეთში-78. 1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 608-თბილისში, 707-აჭარაში, 112-იმერეთში. 12 099 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-180, აჭარაში - 129, ხოლო იმერეთში-13. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 878 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 475 პირი, აჭარაში-4 363, იმერეთში-5 168“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. გუშინ, კორონავირუსი 3064 ადამიანს დაუდასტურდა, 3740 გამოჯანმრთელდა
გასული 24 საათის განმავლობაში პოლიციამ პირბადის ტარების წესისა და გადაადგილების შეზღუდვის დამრღვევები გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ადამიანი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (11) - ე მუხლის შესაბამისად 400 ადამიანი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42 (11) - ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
დონალდ ტრამპი: ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ
„ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ“ - ასე ეხმიანება ტრამპი ბაღდადში, ამერიკის საელჩოსთან რამდენიმე რაკეტის ჩამოგდების საკითხს და Twitter-ში განცხადებას ავრცელებს. „ბაღდადში ჩვენს საელჩოთან რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. სამი რაკეტის გაშვება ვერ მოხერხდა. გამოიცანით საიდან იყვნენ: ირანი. ახლაც გვესმის ერაყში ამერიკელების წინააღმდეგ დამატებით თავდასხმებზე ხმები... ირანს მეგობრული რჩევას ვაძლევ: ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ. იფიქრეთ ამაზე," - წერს ტრამპი. ტრამპის განცხადებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი Twitter-ში გამოეხმაურა. „საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება ქვეყნის შიგნით განცდილი კატასტროფული წარუმატებლობებიდან ყურადღებას სხვა რამეზე ვერ გადაიტანს,“ - წერს ჯავად ზარიფი. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ბაღდადში, ამერიკის საელჩოსთან რაკეტის ჩამოვარდნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსიდა. სამი რეკეტა ჩამოვარდა იანვრის თვეში, მათ შორის ორი — ამერიკის საელჩოსთან. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს დაიჭრა ექვსი ადამიანი. იანვარის ბოლოს კიდევ ჩამოვარდა 3 რაკეტა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან რაკეტები ჩამოვარდა ივნისისა და ივლისის თვეშიც. 2 რაკეტა ჩამოვარდა ივლისშიც. როგორც ცნობილია, ამ დროს თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი მრჩეველი შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი შეიწყალა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. ისინი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ მსჯავრდებულები. „ტრამპმა ასევე შეიწყალა უძრავი ქონების დეველოპერი, ჩარლზ კუშნერი, რომელიც მისი სიძის, ჯარედ კუშნერის მამაა“, - წერს Reuters-ი. ჯარედ კუშნერი თეთრი სახლის მრჩეველია. ჩარლზ კუშნერს გადასახადების თავიდან არიდებას ედავებოდნენ და 2–წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბრიტანული მედია ასევე იტყობინება, რომ 23 დეკემბერს, საერთო ჯამში დონალდ ტრამპმა 29 პირი შეიწყალა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო. ინფორმაციას სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში ადასტურებენ. დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სუსმა უკვე მიაწოდა გახელაძის ოჯახსაც. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
„სითი მოლი“: თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავეთ მოლებში მისვლისგან
„სითი მოლის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს მომხმარებლებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმრონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს „სითი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ელოშვილმა განუცხადა. „ჩვენი გუნდით სრულად მობილიზებულები ვართ, რათა ყველანაირად გავაკონტროლოთ და დავიცვათ მთავრობის დადგენილი ყველა რეგულაცია. მინდა ვთხოვო ჩვენს მომხმარებელს, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ მოლებში მისვლისგან“, - აცხადებს სოფო ელოშვილი. დღეიდან მსხვილი სავაჭრო ცენტრები რეგულაციების დაცვით განაახლებენ ფუნქციონირებას. შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა.
პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო იპოვა
პოლიციის მიერ ნაპოვნი სამხედრო თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვაზე იმყოფება. ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს. „სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. სამხედროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.
ნინო წილოსანი გიორგი გახარიას: ერთი პარტიის ფორმატში გვიწევს თქვენთან ოპონირება, ვალდებულები ვართ, უფრო კრიტიკულები ვიყოთ
„კრიტიკის ნაწილში, მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს“, - ასე მიმართა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას. როგორც წილოსანმა აღნიშნა, რადგან ოპოზიციის პარლამენტში არყოფნის გამო უწევთ ერთი პარტიის ფორმატში პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან ოპონირება, ამიტომ უფრო კრიტიკულები იქნებიან. „რადგან ოპოზიციის არყოფნის გამო, ერთი პარტიის ფორმატში გვიწევს თქვენთან ოპონირება, ვალდებულები ვართ, უფრო კრიტიკულები ვიყოთ. კრიტიკის ნაწილში, მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით და რა თქმა უნდა სამინისტროს ჩართულობით დაიწყო და 2019 წელს საკანონმდებლო რეფორმა მნიშვნელოვანი „მიწის კანონისა“ და თამდევი კანონების მიღებით დასრულდა, სათანადოდ არ მიმდინარეობს. ვგულისხმობ იმას, რომ 2020 წელს შექმნილი მიწის სააგენტო, რომელსაც მხოლოდ დოკუმენტური ბაზა უნდა მოეწესრიგებინა და მხოლოს სამი დადგენილება უნდა მიგეღოთ მთავრობას - მიწის ბალანსის აღრიცხვის წესი, კატეგორიების ცვლილებისა და ცვლილებისთანავე ანაზღაურების მიღების წესი, არც ერთი არ არის შესრულებული. სოფლის მეურნეობის სექტორში მონაწილე მხარეებთან კონსულტაციისას არმოჩნდა, რომ რეფორმებს ვერ გავაგრძელებთ, თუ ჩვენ არ გვექნება მიწის ფონდი და მისი კატეგორიზაცია“, - აღნიშნა წილოსანმა. წილოსანის თქმით, სოფლის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი. „სოფლის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს ძალიან დიდი ეფექტი ჰქოდნა. ექსპორტის ნაწილი არის გაორმაგებული, გახუთმაგებული. ევროპის ბაზრები გავქვს ათვისებული. თუმცა, ქვეყნის შიგნით ეს პროგრამები არ ფარავს ყველა სეგმენტს. ქალი ფერმერებისთვი არ არის ეს პროგრამები კომფორტული და ხელმისაწვდომი. ამავდროულად, რიგი რეგიონები და სოფლები დარჩა ტექნიკის გარეშე“, - განაცხადა ნინო წილოსამა.
ნიკოლოზ სამხარაძე: რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?
„რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი“, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიასგან ამ საკითხით დაინტერესდა. „დღეს დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, მაგრამ სანამ ისინი აქ არ არიან, მე წავეშველები და გკითხავთ აბაშიძე-კარასინის ფორმატზე. რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?“ - განაცხადა სამხარაძემ. მეათე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს.
ავსტრიამ ზამთრის კურორტები გახსნა
ავსტრიამ სრულ ლოკდაუნამდე ერთი დღით ადრე, ქვეყანაში არსებული 400-მდე კურორტი გახსნა. ინფრომაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ზამთრის აქტივობები ღია სივრცეში ეწყობა, შესაბამისად ის უსაფრთხოა, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს. სათხილამურო კურორტები, განსხვავებით ბარების, სასტუმროებისა და რესტორნებისგან, კარანტინის პერიოდშიც იქნება ღია. ავსტრია შობის შემდგომ სრულ "ლოქდაუნზე" გადადის.
„ეს არ იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივაზე გამოხმაურება“: ზალკალიანი ზურაბიშვილის განცხადებაზე
„ეს არ იყო იმ ინიციატივაზე გამოხმაურება, რომელიც გაჟღერდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პრეზიდენტის განცხადებაზე ჰკითხეს. „ვიდრე მსგავსი ინიციატივა გაჟღერდებოდა, საქართველოს პრეზიდენტს და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისს ვთავაზობდით პლატფორმად ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეზობლებს - აზერბაიჯანს და სომხეთს იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა თბილისი დიალოგის საშუალებად, რომ მათ აქ ესაუბრათ ორი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, რომ საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას კი ზალკალიანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ინიციატივა გასაგებია. „ის დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობით, თუმცა ისინი ასევე ითვალისწინებენ ჩვენს ხედვას, რადგანაც სამხრეთ კავკასიაში, ამ დიდ პლატფორმაში, ოკუპანტ ძალასთან ერთად მშვიდობაზე საუბარი გაგვიჭირდება“. „ძალიან რთულია, რომ გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის რეგიონში, მაგრამ წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი.
ზურაბ აბაძიძე: ამ მოლაპარაკებების ფორმატში ვარ პრემიერის წარმომადგენელი
„ამ მოლაპარაკებების ფორმატში ვარ პრემიერის წარმომადგენელი“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ Europetime-ს განუცხადა. „დაველოდოთ პრემიერის პასუხს. მე ამ ფორმატში ვარ პრემიერის წარმომადგენელი. ამიტომ, როგორც პრემიერი უპასუხებს, ისე იქნება" - აღნიშნა აბაშიძემ. „რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი“, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიასგან ამ საკითხით დაინტერესდა. „დღეს დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, მაგრამ ვიდრე ისინი აქ არ არიან, მე წავეშველები და გკითხავთ აბაშიძე - კარასინის ფორმატზე. რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. გიორგი გახარიას თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს. მეათე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს.
საფრანგეთმა Pfizer-BioNTech -ის ვაქცინა დაამტკიცა
საფრანგეთმა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებლის თქმით, „ვაქცინის გამოყენება შეიძლება 16 წლის და ამ ასაკს გადაცილებული ადამიანებისთვის, მოხუცების ჩათვლით”. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ევროკავშირის მიერ, წევრი ქვეყნებისთვის ვაქცინაზე რეკომენდაცია. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებში შესაძლოა ვაქცინის მიწოდება ოთხ დღეში დაიწყოს.
ახალი კვლევა: COVID-19-ზე იმუნიტეტი მინიმუმ 8 თვე ნარჩუნდება
ავსტრალიის, მონაშის უნივერსიტესტის კვლევის თანახმად, კორონავირუსზე იმუნინტეტი ადამიანებში რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ინფორმაციას ND TV ავრცელებს. მკვლევრებმა, 25 კოვიდადებითი პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი დააკომპლექტეს. კვლევამ აჩვენა, რომ ანტისხეულები პაციენტებში მეოცე დღიდან გაქრა, ხოლო ყველა პაციენტში შენარჩუნდა უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელია ვირუსის ამოცნობასა და რეინფიცირების პრევენციაზე. „ეს შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ კოვიდინფიცირებული ინარჩუნებენ იმუნიტეტს“, - ამბობს კვლევის თანაავტორი, მენა ვან სელმი, მონაშის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის განყოფილებიდან.
ეთიოპიის ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
შეიარაღებულმა პირებმა ეთიოპიის დასავლეთით მდებარე ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს , განაცხადა ადამიანის უფლებათა კომისიამ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმა მოხდა მეტეკელის ზონაში, ბულენის რაიონის სოფელ ბეკოჯში, ტერიტორიაზე, სადაც მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ”ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა ძალიან ტრაგიკულია”, - აღნიშნა ეთიოპიის პრემიერ მინისტრმა აბი აჰმედმა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მან უკვე ჯარები განალაგა დასავლეთ ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში.
გიორგი გახარია: კარასინი-აბაშიძის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს
„სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს ეს ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის კითხვას, „კარასინი-აბაშიძის ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით“. გახარიას თქმით, ამ ფორმატზე უარის თქმა არასწორი იქნება და ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. „სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს ეს ისეთი საკითხია“, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილლველად. ეს არხი ცალმხრივიც რომ იყოს, ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, არ არის სწორი. ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთებით კი ჰუმანიტარული და ეკონომუკირუ განზომილების კუთხით“, - აღნშნა გიორგი გახარიამ. „რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი“, - ამ შეკითხვით ნიკოლოზ სამაძრაძემ დღეს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს შემდეგი კითხვით მიმართა.