ძებნის რეზულტატი:

კულტურისა და სპორტის სამინისტო განათლების სამინისტროს გამოეყოფა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოიყოფა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის ­კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. “კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონდმებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება”, – განაცხადა გახარიამ. ჯერჯერობით უცნობია მინისტრის თანამდებობას ვინ ჩაიბარებს.

გიორგი გახარია: მმართველობით დონეზე, ქალებს სრული მხარდაჭერა აქვთ

მმართველობით დონეზე, ქალებს სრული მხარდაჭერა გაქვთ - ასე გამოეხმაურა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია ქალების სხვადასხვა სფეროში ჩართულობას, ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. „ვიცი, რომ ფერმერთა ასოციაციას ქალი ხელმძღვანელობს, სოფლის მეურნეობის კიმიტეტის ხელმძღვანელიც ქალია და ასე შემდეგ. ამიტომ, მმართველობით დონეზე, როგორც ხედავთ, ქალებს სრული მხარდაჭერა გაქვთ. ახლა ბურთი თქვენია, სპეციალური პროგრამებია და თუ არ არის, წამოაყენეთ ინიციატივები და დაგეხმარებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მოწამლვას „ეფესბე“ ცდილობდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში დაადანაშაულა. „აშშ მიიჩნევს, რომ „ეფესბე“-მ ნერვულ-პარალიტიკური აგენტი „ნოვიჩოკი“ გამოიყენა ალექსეი ნავალნის მოწამვლის მიზნით. ალექსეი ნავალნის მოწამვლის სხვა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ამაში რუსეთის ხელისუფლება მონაწილეობდა“, - განუცხადეს ამერიკულ გამოცემა The Hill-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. 17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიება ამერიკული სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაციაა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ალექსეი ნავალნის მხარს ამერიკული სპეცსამსახურები უჭერენ, ხოლო რუსულ სპეცსამსახურებს მისი მოკვლა არ სჭირდებოდათ. ვლადიმერ პუტინი გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რუსეთი დაინტერესებული იყო ოპოზიციონერის მოშორებით. პუტინის თქმით, რომ ყოფილიყო სათანადო ინტერესი ოპოზიციონერს "ნამდვილად გაანეიტრალებდნენ". ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შესაძლებლობა ექნება

წინასაახალწლო პერიოდის გამო, 25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. "ბასლაინებში" მოძრაობის შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მერიამ მოახლოებული წინასაახალწლო პერიოდის გამო მიიღო. „თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. „ბასლეინებში, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება, გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

შალვა ნათელაშვილი: აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს ჩვენს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკოს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები

ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკოს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები". ნათელაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის მიერ ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. „კარგი ამბები მოდის ვაშინგტონიდან. დღეს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს, ვისი ხელითაც პრეზიდენტმა გააყალბა არჩევნები და მიითვისა ძალაუფლება, დაედოთ სავიზო და ფინანსური სანქციები. ვიმედოვნებ რომ აშშ-ის ხელისუფლება ასევე მოკლე ვადებში განახორციელებს, ასევე ცენტრალური გამყალბებელი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა და უშიშროების სახელმწიფო სამსახურის სანქცირებას", განაცხადა ნათელაშვილმა გვაქვს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი მოკლე ვადებში მიიღებს ჩამკეტ გადაწყვეტილებას, რაც დაამთავრებს სამარცხვინო, ერთპარტიული ე.წ. პარლამენტის არსებობას ევროპის იმ სივრცეში, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იყო ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძველი. ქრისტიანული ცივილიზაცია და ერთპარტიული პარლამენტი შეუთავსებელია დემოკრატიისთვის. ვერანაირი საქმე ვერ განხორციელდება თანამონაწილეების გარეშე. ყველა უბნის თავმჯდომარე, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, ვისი ხელითაც ყალბდება, უნდა აეკრძალოს ევროკავშირში და აშშ-ში მიმოსვლა. ვაპირებთ, ხვალ გავუშვათ წერილი ვაშინგტონში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს ჩვენს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკოს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები. წერილის გაგზავნას „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით ვაპირებთ და იმედია, კოლეგები შემოგვიერთდებიან. ოპოზიციური სპექტრიც იზიარებს ამას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებთან მუშაობაც საინტერესოა

"ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებთან მუშაობაც საინტერესოა." - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო პროგრამის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას. დიმიტრი ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში. „სამუშაოსთვის საკმარისი დროა, ჩვენ გვაქვს კიდევ ოთხი წელი. სასურველია, რა თქმა უნდა, ეს ოთხი წელი ყოფილიყო ოპოზიციასთან ერთად, რამეთუ კრიტიკის ფასი ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ კრიტიკა უკეთესისთვის და არა უარესისთვის. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი შემოვლენ, თან ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებთან მუშაობაც საინტერესოა, მაგრამ მათი სამუშაო ადგილი არის პარლამენტში და მათი რესურსი, ინტელექტი, შესაძლებლობები ქუჩაში არ უნდა იფანტებოდეს“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა პარლამენტის 54-მა წევრმა. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ.

ტუნისის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას 20 მიგრანტი ემსხვერპლა

ევროპისკენ მიმავალი მიგრანტთა ნავი ტუნისის სანაპიროსთან ჩაიძირა. ინფორმაციას CTV News-ი ავრცელებს 24 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მაშველებმა იპოვეს 20 მიგრანტის სხეული. ხუთი გადარჩენილი მიგრანტის თქმით, მათი ნავი, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ევროპისკენ გადაჰყავდა, ზღვაში ჩაიძირა. ნავზე იმყოფებოდა 40-50 მიგრანტი, რომლებიც იტალიაში აპირებდნენ არალეგალურად შეღწევას. საზღვაო პოლიცია ამ დრომდე ეძებს დანარჩენ მიგრანტებს, რომლებიც გემზე იმყოფებოდა. ტუნისის საპორტო ქალაქ სფაქსის მახლობლად მდებარე სანაპირო მთავარი ნავსაყუდელია, რომლის წყალობითაც აფიკელი მოსახლეები ცდილობენ ევროპაში გადასვლას. წელს იტალიაში გადასულ არალეგალთა უმრავლესობას სწორედ ტუნისელები შეადგენენ, მიუხედავად იტალიის მოლაპარაკებისა ქვეყანასთან, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

24 დეკემბერს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა საზეიმო ფიცი კიშინიოვში, პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ერთობლივ სხდომაზე წარმოთქვა. საინაუგურაციო სიტყვა ახალმა პრეზიდენტმა რამდენიმე ენაზე წარმოთქვა და ეროვნულ უმცირესობებს მიმართა. პრეზიდენტი დაპირმა მოსახლეობას და თითოეული უმცეროსიბს წარმომადგენელს, რომ ის არ დაუშვებდა მათი უფლებების შელახვას. ახალი პროდასავლელი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის პრემიერმინისტრი იონ კიკუ გადადგა.

სერბეთის პრემიერი პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა

სერბეთის პრემიერი ანა ბრნაბიჩი პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNtech-ის ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „პატივი მაქვს, ვიყო პირველი პრემიერ-მინისტრი ევროპაში, რომელსაც ვაქცინაცია გაუკეთეს. ვაქცინაცია ამ ბრძოლაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", - ანა ბრნაბიჩი Twitter-ზე წერს. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ და ევროკომისიამ Pfizer/BioNtech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ მიანიჭეს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტი: რუსულ ვაქცინას მესამე ფაზა ოფიციალურად არ გაუვლია და ვერ წარმომიდგენია, რომელიმე საერთაშორისო ასოციაციამ დაამტკიცოს

„რუსულ ვაქცინას მესამე ფაზა ოფიციალურად არ აქვს გავლილი და ვერ წარმომიდგენია, რომელიმე საერთაშორისო ასოციაციამ დაამტკიცოს“, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. „რუსულ ვაქცინას მესამე ფაზა ოფიციალურად არ აქვს გავლილი და ვერ წარმომიდგენია, რომელიმე საერთაშორისო ასოციაციამ, რომელსაც გავლენა აქვს პროცესებზე, ეს დაამტკიცოს, ან მიიღოს. სხვანაირად არის საქმე ჩინურ ვაქინასთან მიმართებით. მან გაიარა მესამე ფაზა და ყველა ის მოდელი, რომელიც ევალებოდა Pfizer-ს, Moderna-ს და ასე შემდეგ, ჩინურმა ვაქცინამ მათ შორის გაიარა. თუმცა ჩინურთან დაკავშირებით, სანდოობასთან დგას პრობლემა“, - განაცხადა ინფექციონისტმა. მისი თქით, რთულად წარმოსადგენია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ჯანმომ რუსული ვაქცინა დაამტკიცოს.

სახალხო დამცველი  საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული ცვლილებები

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც არ აითვისებენ მათთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს, არ მიეცემათ საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, ასეთ პარტიებს აღარ გამოეყოფათ უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებიდან ჩანს, სახალხო დამცველს უკვე შეფასებული აქვს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების ჭრილში. "კერძოდ, 2008 წლის I ნახევრის ანგარიშში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას და კანონში შეტანილ შესაბამის ცვლილებას პარტიების მიმართ გამოყენებულ სანქციად აფასებდა. აღნიშნული შეფასებები დღესაც აქტუალურია." როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა - მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო. ევროსასამართლოს განმარტებით, „საკუთრება“ მოიცავს მოთხოვნებსაც, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ლეგიტიმურ მოლოდინს მათი შესრულების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ოპოზიციური პარტიებისათვის, რაც საკუთრების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული. იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც." სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან თუ უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებული რეგულაციები პარტიებს შორის იყოს შეთანხმებული და არ იყოს მხოლოდ ერთი სუბიექტის მიერ ექსკლუზიურად განსაზღვრული. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, სანამ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები არ დაიდება.

ავსტრალიელი პოეტის ნივთებში 120 წლის შოკოლადი იპოვეს

ავსტრალიელი პოეტის ნივთებში 120 წლის შოკოლადი იპოვეს. ავსტრალიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ცნობილი პოეტის- ბანჯო პიტერსონის პირადი ნივთების შეძენისას 120 წლის შოკოლადის ფილა იპოვეს. მეცნიერების თქმით, ნაპოვნი შოკოლადი არის ყველაზე კარგად შემონახული, შოკოლადებს შორის, რომელიც 1900-იანი წლების შემდგომ აღმოაჩინეს.

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა. გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება - იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელებად პარლამენტმა შემდეგი კანდიდატები დაამტკიცა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც Brexit-ის შემდეგ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. Brexit-ის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება, ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ ეთიშება. შეთანხმების დეტალები უახლოეს პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, რომელსაც პრემიერი ჯონსონი გამართავს. შეთანხმება შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ სამართლიანი დაშვება საერთო ბაზარზე და თევზჭერის შესახებ პირობების დაბალანსებას, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირმა და ლონდონმა შეთანხმება მიაღწიეს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მხოლოდ ერთი კვრით ადრე. მრავალი თვის განმავლობაში უთანხმოების მთავარი საგანი ევროპული ქვეყნებისათვის ბრიტანულ წყლებში თევზჭერის უფლება იყო. დიდი ბრიტანეთი მოითხოვდა, რომ პირველი იანვრიდან გაეკონტროლებინა თავის წყლებში საერთაშორისო თევზჭერა და თავისთან დაეტოვებინა დაჭერილი თევზის იმაზე უფრო დიდი ნაწილი, ვიდრე კვოტების მოქმედი სისტემით იყო გათვალისწიებული. ევროკავშირს კი სურდა, რომ უფრო დიდი ხნით მოხდარიყო თევზჭერის ახალი სისტემის დანერგვა და შეენარჩუნებინა დიდი ბრიტანეთის წყლებში ფართო დაშვება საფრანგეთის, ესპანეთისა და სხვა წევრი ქვეყნების გემებისათვის. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2020 წლის იანვარში გავიდა.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება გამოსცა. „საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი გახარია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა დღეს გამოუცხადა.

დღეიდან ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი იქნება საჭირო

ბელგიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი იქნება საჭირო. ამ გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის მესამე ტალღისგან ქვეყნის დაცვაა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ტესტის გარეშე, ბელგიაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვერ შეძლებენ შესვლას და ამ ნაბიჯის გადადგმა პანდემიის გადამწყვეტ ფაზაში ვირუსის შესაჩერებლად გარდაუვალია. ტესტის გარდა, სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსებაც, სადაც პირადი მონაცემების და ბელგიაში ყოფნის პერიოდი იქნება დაფიქსირებული. „არ იმოგზაუროთ - ეს არ არის თხოვნა. ეს არის მოწოდება. გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ქვეყანაში ბელგიაზე გაცილებით მძიმე კრიზისია. ჩვენ არ გვსურს დავკარგოთ ის, რაც ლოკდაუნმა და კომენდანტის საათმა მოგვიტანა. რამდენიმე კვირა დაგვჭირდა ჯანდაცვის სისტემის გადასარჩენად, სრული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად და ეს შეიძლება, რამდენიმე დღეში დავკარგოთ,”- აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა. კრიზისის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადღესასწაულო პერიოდი ყველაზე კრიზისული პერიოდია და შეზღუდვების მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენაზე იქნება დამოკიდებული იანვარში ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. „მინდა, ყველა გავაფრთხილო, მითითება მიიღეს ავიაკომპანიებმა და ტესტის გარეშე არც ერთ მგზავრს თვითმფრინავზე არ დაუშვებენ. რეისიდან მოიხსნებიან მგზავრები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი. სავალდებულო ტესტის წარდგენა არ ვრცელდება მხოლოდ ბელგიის მოქალაქეებზე და რეზიდენტებზე. მათ მოუწევთ 10-დღიანი კარანტინი და მეშვიდე დღეს ტესტი კოვიდზე. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მათ შეეძლებათ სახლის დატოვება. ვინც 48 საათზე მეტს გაატარებს ბელგიის გარეთ, ყველა მაღალი რისკის შემცველია,”- განაცხადა ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა. დღეიდან ბელგიის საზღვრებზე პოლიცია მონიტორინგს ამკაცრებს, რათა მეზობელი ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან მოქალაქეებმა მაღაზიებში სავაჭროდ გადასვლა ვერ შეძლონ. ნიდერლანდებისგან განსხვავებით, ბელგიაში მაღაზიები ღიაა. 18 დეკემბრიდან წითელი ზონიდან ბელგიაში შესულ მგზავრებზე ვრცელდება სავალდებულო 10 დღიანი კარანტინი. „დისტანციური მუშაობა არ არის რეკომენდაცია. ეს სავალდებულოა და ყველამ უნდა დაიცვას წესები. იმ კომპანიების წინაღმდეგ, რომლებიც ამ ახალ ნორმას არ გაითვალისწინებენ უმკაცრეს ზომებს მივიღებთ. ყველა დაჯარიმდება და გამონაკლისის დაშვება არ მოხდება. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში არის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა და ვირუსზე კონტროლის დამყარება ადვილი არ არის,”-განაცხადა ბელგიის პრემიერმა ალექსადრე დე კრომ.

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახენ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. როგორც გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, კორონავირუსის ახალი სახეობა ქალბატონს დაუფიქსირდა, რომელიც ლონდონიდან ფრანკფურტში ჩავიდა. "ქალი, რომელიც ამ კვირაში, ლონდონის ჰითროუდან ჩამოფრინდა ფრანკფურტის აეროპორტში დაუდასტურდა ვირუსი. ნიმუშის შემდგომმა გენეტიკურმა ანალიზმა ბერლინის ლაბორატორიაში გამოავლინა B.1.1.7 შემთხვევა, როგორც არის ცნობილი ვირუსის ახალი შტამი" - ნათქვამია გერმანიის შტატის ბადენ-ვიურტენბერგის ხელისუფლების განცხადებაში. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალი, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა ნათესავების მოსანახულებლად, აეროპორტიდან აიყვანეს და იზოლაციაში იმყოფება.

აშშ-ში ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ

შეერთებული შტატების მთავრობა მოითხოვს, რომ გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ყველა ავიაკომპანიის მგზავრს, 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ COVID-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი ჰქონდეს. - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებაში ნათქვამია, გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ავიაკომპანიის ყველა მგზავრმა ტესტზე უარყოფითი პასიხი უნდა მიიღოს, რომ შეერთებულ შტატებში გაფრინდეს. ახალი წესის თანახმად, გაერთიანებული სამეფოდან შეერთებულ შტატებში მიმავალმა მგზავრებმა ავიაკომპანიებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ლაბორატორიული შედეგის შესახებ წერილობითი დოკუმენტაცია ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით უნდა წარუდგინონ, ხოლო თუ მგზავრი ტესტის ჩაბარებაზე უარს განაცხადებს, ავიაკომპანიამ მის გადაყვანაზე უარი უნდა განაცხადოს.

დევიდ კრამერი: ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს

"ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერიმ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. როგორც კრამერიმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეფასებისას აღნიშნა, მას არა აქვს სურვილი საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, თუმცა ეს მაინც მოხდება, თუ ოპოზიციამ ბოიკოტი გააგრძელა. "საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს. საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს დასავლეთში. ვაშინგტონში ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია თუ ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს და "ქართული ოცნება" პარტიებს აკრძალავს. ერთპარტიული პარლამენტია ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, ვიეტნამში, ლაოსში და ძალიან არ მინდა, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალში იყოს საქართველო. იმედი მაქვს, პოლიტიკოსები ორივე მხარეს გააცნობიერებენ, რომ ეს პროცესი დამღუპველია და კრიზისის მოგვარებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" პარტიას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ცალკე აღებულ სხვა პარტიებთან მიმართებაში, პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია. იმედი მაქვს, 2021 წელს საქართველოში ვიხილავთ ისეთ პარლამენტს, რომელიც მოსახლეობის დამოკიდებულებას უკეთ ასახავს,"- განაცხადა დევიდ კრამერიმ.

მსოფლიო პატრიარქი: შობის დღესასწაულისადმი მიმავალი გზა, მწვავე პანდემიის პირობებში, განსხვავებულია

"წელს, სამყაროს მხსნელი მაცხოვრის შობის დღესასწაულისადმი მიმავალი გზა, მწვავე პანდემიის პირობებში, განსხვავებულია". - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს კონსტანტინოპოლელმა თავის საშობა ეპისტოლეში. საშობა ეპისტოლე წელს ქართულ ენაზეც გამოწვეყნდა. მსოფლიო პატრიარქის თქმით, სეკულარულ საზოგადოებაში შობის დღესასწაული თითქოს გაუფერულდა, თითქოს მომხმარებლური, ამქვეყნიური ხასიათი მიიღო და თვალთახედვიდან დაიკარგა ის, რომ ამ წმიდა დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ „უმთავრეს საიდუმლოს“ — ღმრთის განკაცებისას. როგორც ბართლომეოს კონსტანტინეპოლელი აღნიშნავს, აღფრთოვანებულია ექიმების თავგანწირვით. ის ექიმების "თეთრ საამოსს" "თეთრ ანაფორას" ადარებს. " ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ექიმებისა და ექთნების თავგანწირვით, ყველასი, ვინც პანდემიას ებრძვის. ვხარობთ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ პაციენტი აღიქმება, როგორც წმიდა პიროვნება და არ ხდება მისი დაყვანა მხოლოდ რიცხვამდე, ან უპიროვნო ბიოლოგიურ ერთეულამდე. ძალიან მკაფიოდ და ნათლად ითქვა, ექიმების „თეთრი სამოსი“ ეს არის „თეთრი ანაფორა“, რომელიც გამოხატავს მსახურებას „ჩემი მოყვასისადმი“ და სრულ ვალდებულებას ტანჯულისადმი მსახურებისა. ეს „თეთრი სამოსი“ — ისევე, როგორც სასულიერო პირის სამოსი, გამოხატავს მსხვერპლსა და სამსახურს მოყვასისთვის გაღებულს, ის სულის სიმბოლო და შთაგონებაა, რომლის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, რომელიც ყოველთვის ღმრთივმომადლებული ნიჭია და არასდროს მხოლოდ ჩვენი საკუთარი მიღწევა." - ნათქვამია ეპისტოლეში. მსოფლიო პატრიარქის აზრით, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურას ის, რომ სამყარო ერთ მთლიანობას წარმოადგენს და თითოეული ადამიანის პრობლემა ყველას პრობლემაა. "საშიშმა პანდემიამ ბევრი ძალიან შეაკრთო. ამ ვითარებამ ნათლად გამოავლინა თანამედროვე „ზეკაცის“ შესაძლებლობების საზღვრები და, ამავდროულად, წარმოაჩინა სოლიდარობის ძალა. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი სამყარო წარმოადგენს ერთ მთლიანობას, და რომ ჩვენი პრობლემები საერთოა, და რომ მათი გადაწყვეტა, თანამშრომლობასა და თანხმობას მოითხოვს, აქ რაც შეიძლება საუკეთესო გამოიკვეთოს ესაა პირადი წვლილის მნიშვნელობა, მოწყალე სამარიტელის სიყვარული, რომელიც აღემატება ყოველ ადამიანურ საზომს. სამწუხაროდ, ჯანდაცვის კრიზისმა არ დაგვანება 2020 წლისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება, რომელიც გამოცხადებული იყო „პასტორალური განახლებისა და ახალგაზრდებისთვის ჯეროვანი ზრუნვის“ წლად." - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.