ძებნის რეზულტატი:
ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ მარცვლეულმა და მზესუმზირის ზეთმა დანარჩენ მსოფლიოს მიაღწიოს. ერთ კვირაში ან 10 დღეში ჩვენ გავააქტიურებთ მოლაპარაკებებს და შევეცდებით, მივაღწიოთ შედეგს“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბლინკენს სურს, რომ მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო მარშრუტების გახსნის მიზნით, G20-მა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევის მთავრობას სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ბაიდენი თურქეთისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხარს უჭერს თურქეთის თხოვნას, განაახლოს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ფლოტის და მოახდინოს მოდერნიზაია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს „ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ F-16-თან დაკავშირებით. ეს საუბარი F-16-სა და თურქეთზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე რამდენიმე თვის წინ. ასე რომ, ნამდვილად არაფერია ახალი. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალისხმევას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ირაკლი კობახიძე „ალტ ინფოს“ პარტის აკრძალვის მოთხოვნაზე: ომბუდსმენმა პროკურორის ფუნქცია შეითავსა
"ომბუდსმენმა, კონსტიტუციური სარჩელის მომზადებით, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება, პროკურორის ფუნქცია შეითავსა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, "ალტ-ინფოს" მიმართ არავითარი სიმპათია არ აქვთ. „ბუნებრივია, ჩვენ „ალტ-ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათია არ გვაქვს. მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ, ოფისთან მოვიდნენ და გვაგინეს, მაგრამ რაც შეეხება სახალხო დამცველის ინიციატივას, მას როგორც იურისტი შევაფასებდი. თავისი ფუნქციით, სახალხო დამცველი მთავარი ადვოკატია, ეს მისი კონსტიტუციური ფუნქციაა და ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე მიუღებელ ადამიანს ეხება, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს, თუ რამდენადაა მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, 5 კაცი მოკლა, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ამას ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს. ამ შემთხვევაში, კომიკური ისაა, რომ საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, პარტიების თავისუფლებაც ადამიანის ძირითადი უფლებაა და ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. შეიძლება, ეს ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ადვოკატია, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.
ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა
საქართველოსა და ევროპულ სასამართლოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის რობერტ სპანოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა რობერტ სპანოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული მისი პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ევროსასამართლოში საქართველოს შესახებ 130- მდე საჩივარი განიხილეს, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 10 წლის წინ ევროსასამართლოში განხილული საჩივრების რაოდენობა 3 000–4 000 იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროსასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს და სტრასბურგის სასამართლოში განცხადებების რაოდენობის სწრაფი და მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და რეფორმირების პროცესი გრძელდება. ხაზი გაესვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს. აღინიშნა, რომ World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2021 წლის კვლევაში საქართველომ 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილი დაიკავა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა 14 ქვეყანასთან შედარებით კი, კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო რეგიონული ლიდერია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი მიმდინარე თანამშრომლობა და დიალოგი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის. ყოველივე ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან დროს. სასამართლოს პრეზიდენტს და ეროვნულ მოსამართლეს მიეცათ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, რათა განეხილათ ბოლო დროის მოვლენები და დაედასტურებინათ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისა და ხელისუფლებისთვის, რომ სასამართლო და ევროპის საბჭო განაგრძობენ წინსვლას მზარდი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა რობერტ სპანომ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები ლადო ჭანტურია და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა
რუსეთი აჩერებს ყაზახური ნავთობის ექსპორტს პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ, რომლის თანახმად, თოყაევი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა სამშაბათს ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა. როგორც ინტერფაქსი CPC-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, როსტრანსნადზორმა აღმოაჩინა გარემოსდაცვითი დარღვევები კონსორციუმის საქმიანობაში. მათი აღმოსაფხვრელად ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეჩერდა. კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). შეგახსენებთ, ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისს განაცხადა.
მედია: საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, აკაკი ბილანიშვილი დააკავეს
საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, 72 წლის აკაკი ბილანიშვილი დააკავეს. სპეცოპერაცია ათენში, 13 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. მათგან 11 საცხოვრებელი სახლი იყო და ორი მაღაზია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. დაკავებულებს ათეულობით სახლის გაქურდვა და მოპარული ნივთების რეალიზაცია ედავებიან. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი, სააბრძოლო მასალა, ცივი იარაღი და დიდძალი ძვირფასეულობა ამოიღეს. ბილანიშვილის გარდა დაკავებულები არიან: ლიკა ჟვანია, ბექა ბალახაძე, მიხეილ შანყულაშვილი, ზაზა თევზაძე, ჯემალ ლეჟავა, დავით რუბაშვილი, ლაშა ჯიმშიტაშვილი. ასევე აყვანილია კიდევ ერთი პირი – რაშიდ მაჰმუდი.
თურქეთი და იტალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
თურქეთი და იტალია მზად არიან, გააღრმავონ თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სამშაბათს, იტალიის პრემიერ-მინისტ მარიო დრაგის ანკარაიში მასპინძლობისას განაცხადა. ერდოღანის აზრით, ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავება ემსახურება ორმხრივ ინტერესებს და ამ საკითხზე ორივე ქვეყანა თანმხდება. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა და რომი მზად არიან, SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის პროექტზე შეთანხმებას ხელი რაც შეიძლება მალე მოაწერონ. „დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ განვიხილეთ ეს საკითხი და ჩვენმა თავდაცვის მინისტრებმაც იმსჯელეს. ჩვენი სურვილია, ხელი მოვაწეროთ SAMP/T-ს რაც შეიძლება მალე. ჩვენს შეთანხმებაში პრობლემა არ არის. ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ) მაკრონთან“, - აღნიშნა ერდოღანმა. პრესკონფერენციის წინ, თურქეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ცხრა შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, თავდაცვის და ვაჭრობის საკითხებს. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები. „მინდა განვაცხადო, რომ დრაგის მადლობა გადავუხადე იტალიის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გამოხატა. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ბევრ სფეროში“, - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან
გაეროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების შედეგად, 17 ჟურნალისტი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების შედეგად, 17 დაიღუპა ჟურნალისტი და 14 დაშავდა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. გაეროს ანგარიში ეფუძნება უკრაინაში ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელსაც ორგანიზაციამ 11 საველე ვიზიტის მოუყარა თავი. ინფორმაციისთვის, ორგანიზაციის წამომადგენლებმა 517 დაზარაკებული გამოკითხეს. უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის კონტექსტში) ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს. გაეროს ცნობებით, 3 ივლისის მდგომარეობით, 4,889 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 335 ბავშვია. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ რეალური მაჩვენებლები არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მოქალაქეების სიკვდილი უმეტესწილად, დასახლებულ პუნქტებში, ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებამ გამოიწვია. მათ შორის, მძიმე არტილერიით დაბომბვამ, როგორიცაა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები, მათ შორის იარაღი, რომელსაც შეუძლია კასეტური საბრძოლო მასალის გადატანა, არაერთხელ იყო გამოყენებული. რუსეთის შეიარაღებული ძალები იგივე მოქმედებებს განაგრძობენ. „დღემდე, ჩვენ დავაფიქსირეთ 400-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების და საგანმანათლებლო დაწესებულების დაზიანების ან განადგურების ფაქტი, მაშინ როცა რეალური რიცხვი სავარაუდოდ, უფრო მაღალია. დაზიანებულია ან დანგრეულია ათასობით სახლი. ჩვენი ოფისი აღნიშნავს უკრაინის ძალისხმევას, შექმნას კომპენსაციის მექანიზმი, მაგრამ წუხს, რომ შესაბამისი კანონპროექტი გამორიცხავს რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მცხოვრებლებს. ყველა მსხვერპლს უფლება აქვს, თანაბარი ხელმისაწვდომობის საშუალება ჰქონდეს. 2022 წლის 15 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ კიევის რეგიონში 1200-ზე მეტი სამოქალაქო პირის ცხედარია ნაპოვნი, ვმუშაობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ 300-ზე მეტი ბრალდების დასადასტურებლად ისეთ სიტუაციებში, რომლებიც არ იყო დაკავშირებული აქტიურ ბრძოლასთან. მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავება ფართო მასშტაბებს იძენს რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ თვითნებური დაკავებისა და გაუჩინარების 270 შემთხვევა. მათგან, 8 გარდაცვლილი იპოვეს. ჩემმა გუნდმა გადაამოწმა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 28 შემთხვევა, მათ შორის გაუპატიურების, ჯგუფური გაუპატიურების, წამების, იძულებითი საჯარო გაშიშვლებისა და სექსუალური ძალადობის მუქარის შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობა მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მაგრამ ასევე გვაქვს ასეთი საქმეები მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე. დარღვევების მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის მკაფიო, აქტიური საომარი მოქმედებების, სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ხოლო გადარჩენილებს ხშირად არ სურთ, ან არ შეუძლიათ, შეგვატყობინონ ასეთი დანაშაულების შესახებ. ამ კონტექსტში მივესალმებით უკრაინის მიერ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, - აღნიშნულია გაეროს ოფისის ანგარიშში.
ცხოვრება თავდასხმის ქვეშ - ქეით ბლანშეტმა ხარკოვის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო
მსახიობმა და UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) კეთილი ნების ელჩმა, ქეით ბლანშეტმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დროს, ქალაქ ხარკოვში განვითარებული მოვლენების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დოკუმენტური ფილმი თითქმის ერთ საათს გრძელდება. მისი მთავარი გმირები მეხანძრეები არიან, რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. დოკუმენტურ ფილმში ასევე მოხვდნენ პარამედიკოსები, რომლებმაც არამარტო გადაარჩინეს დაჭრილები, არამედ, ყოველდღიურად ეხმარებოდნენ მათ, ვინც მიწისქვეშეთში, რამდენიმე თვის განმავლობაში ემალებოდნენ რუსეთის იერიშებს. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები არიან ბავშვები, რომლებიც მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, რათა რუსული რაკეტებით არ დაზარალდნენ. როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს კიევში მეორედ ჩავიდა. ის ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობას შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობას შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ. „საუბარი იყო ძირითადად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩვენი თხოვნა იყო, რომ მოეხერხებინათ რამენაირად ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ან საქმის მსვლელობისთვის გამოყონ წარმომადგენელი ვინც დააკვირდება ამ საქმის მსვლელობას. ასევე, მნიშვნელოვანი თხოვნა იყო, რომ გამოეყენებინათ თავიანთი დიპლომატიური არხები იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმრისთვის“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ „მთავარ არხთან“. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა
მარიო დრაგი: მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ანკარაში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთი და იტალია გმობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ კიევს. დრაგიმ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად გადაწყვეტის გზებს ეძებენ. „ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ერთად უნდა ვიმუშაოთ მათ მოსაგვარებლად. თურქეთი და იტალია გმობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ კიევს. ვეძებთ მოლაპარაკებებით გადაწყვეტის გზებს, რომლებიც შეაჩერებს საომარ მოქმედებებს და მოიტანს სტაბილურობის და ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. იტალიის პრემიერის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე, გერმანიაში ისაუბრა გეგმაზე, რომელზეც გაერო მუშაობს და რომელიც თურქეთისთვის „ცენტრალურ როლს“ განსაზღვრავს. მარიო დრაგიმ მადლობა გადაუხადა თურქეთს შუამავლის როლისთვის და ექსპორტის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ უნდა განვბლოკოთ ექსპორტი რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან ავიცილოთ ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში,” - აღნიშნა იტალიის პრემიერ მინისტრმა.
კვიპროსში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება
კვიპროსში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ მისი ტარება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო კვლავ სავალდებულო გახდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება შიდა სივრცეში და ეს შეზღუდვა ძალაში პარასკევს შევა. ამასთან მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვის დაბრუნებას ჯანდაცვის ექსპერტებმა გაუწიეს რეკომენდაცია, რადგან შეინიშნება ინფექციის ზრდა იმ ადამიანებში, რომლებიც არ იცავენ სათანადო ზომებს. ცნობისთვის, კვიპროსმა პირბადეების ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვა პირველ ივნისს მოხსნა.
24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა
დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ხუთმა მინისტრმა დატოვა. მათ შორის არიან: კულტურის მინისტრი, ჯულია ლოპესი, ბიზნესის საკითხებში მინისტრი, ლი როული, განათლების მინისტრი, ალექს ბარგჰარტი. ხაზინის მინისტრი, ჯონ გლენი, იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსი და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებში მინისტრი, ჯო ჩერჩილი. BBC-ს ინფორმაციით, მინისტრების გარდა, თანამდბეობები დატოვეს საპარლამენტო მდივნებმა და თანაშემწეებმა. ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია შეავსოს, ვაკანტური თანამდებობები, ამის შესახებ მისი პრეს-მდივანი ამბობს. მისი თქმით, დანიშვნების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 21-მა ადამიანმა დატოვა. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ამასთან, განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში. ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება. ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორის განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები. ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს მხრიდან კი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი
ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარი Bloomberg-ზე ვაჭრობისას დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9105 იყო. რატომ მყარდება ლარი რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში 2022 წლის აპრილიდან ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებით, 3-ის ნიშნულს 4 ივნისს ჩამოცდა. ერთი თვის შედეგ კი, უკან მოიტოვა 2.90 -იანი ზღვარი. 5 ივლისს ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8762 ლარი შეადგინა, 6 ივლისს კი 2.8710 ლარი. Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება. ET: რა ფაქტორები განსაზღვრავს დღეს აშშ დოლართან მიმართებით, ლარის გამყარების ტრენდს? ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 1აშშ დოლარის ღირებულება რამდენიმე დღის წინ მეორად ბაზარზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.85 ლარსაც გაუტოლდა. დღეს ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა, თუმცა სამომავლოდ ლარი პოზიციებს დაიბრუნებს. დღეს ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ივნისში ემიგრანტებმა $500-ზე მეტი გადმორიცხეს, რაც 1,5 მილიარდი ლარია. ეს ის თანხაა რაც დაფიქსირდა საბანკო სისტემაში. Ჩათვალეთ, რომ კიდევ უცხოური ვალუტის 70% ხელზე შემოდის და საბანკო არხებში არ ფიქსირდება. მთელი ეს თანხა მიემართება ლარის მოთხოვნაზე, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია. ასევე ეხმარება ეკონომიკას მოთხოვნის გენერირებაში. ET: ლარის დადებით ტრენდზე კონომიკური ზრდა რამდენად ახდენს გავლენას? მაისში ეკონომიკურმა ზრდამ –11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. მთავრობა ზეიმობს და ლარის აღმავალ ტრენდში, ეკონომიკური ზრდის გავლენას ხედავს, თუმცა ეს, ივნისში გადმორიცხული ფულადი გზავნილების გავლენაა. ჩამორიცხული თანხა მოსახლეობაში ინტენსიურად ნაწილდება. მიემართება სავაჭრო სექტორში, უძრავ ქონებაში, დაქირავებისა და გაქირავების სექტორებში და ამოძრავებს ეკონომიკას. ივნისში საქართველოს, 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი ET: ხელისუფლებამ, დღეს ტურიზმის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ეს სექტორი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა. სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1%-ია აღდგენილი. ახდებს თუ არა ეს ფაქტორი გავლენას ლარის დადებით ტრენდზე? ომია რეგიონში. საქართველოში რუსეთის ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეები შემოვიდნენ და აქ ფულს ხარჯავენ. Რაც შეეხება ტურიზმს, ეს სექტორი 2019 წლის პარამეტრებს 3-4 წლის შემდეგ დაუბრუნდება. ET: როგორია თქვენი პროგნოზი? სად არის ლარის წონასწორობის წერტილი და როდემდე შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის აღმავალი ტრენდი? მიმდინარე ტენდენცია აჩვენებს, რომ ლარის გამყარების ტერნდი აშშ დოლართან მიმართებით მაქსიმუმს ამ ორ თვეში მიაღწევს. ეს არის 2.8 და 2,85. ნიშნული. შემდეგ კი ეროვნული ბანკი ისევ განახორციელებს ინტერვენციებს. რესურსის შესავსებად აშშ დოლარის შესყიდვას დაიწყებს და ამით გამყარების მეორე ტალღა გადაივლის და ლარი 3-ის ნიშნულს დაუბრუნდება. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც ლარი 2,90-ის ნიშნულს ჩამოცდა.
პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერება უნდა მოჰყვეს - საელჩოები
„იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ“, - ამ შინაარსის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები საქართველოში. „მივესალმებით 2022 წლის პრაიდ კვირეულის ჩატარებას. ვულოცავთ თბილისი პრაიდს და სხვა სათემო ორგანიზაციებს ამ წარმატებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მხარს ვუჭერთ მათ სამოქალაქო უფლებას შიშისა და შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით. კარგად გვესმის, რომ პრაიდ კვირეულის აღნიშვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბევრ სხვა სტრესულ ვითარებას გულისხმობს. უამრავი ლგბტქი+ ადამიანი მსგავს გამოწვევებს ყოველდღიურად უმკლავდება. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ. მადლობას ვუხდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაც პრაიდ კვირეულის მსვლელობისას , უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყვეს. მივესალმებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობას კვირეულის მომზადებისა და კოორდინირების პროცესში. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვით, სახელმწიფო მხარს უჭერს ადამიანის ძირითადი უფლებების საყოველთაო დაცვას და ისეთი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც აძლიერებს და იცავს მის ყველა წევრს, გამონაკლისის გარეშე, და აღიარებს და აფასებს მრავალფეროვნებას. მივესალმებით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ მხრივ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გზაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების გზით. საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს მრავალფეროვნებას და მიაჩნიათ, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ეს სოციალური ცვლილება სახელმწიფოს პოლიტიკასა და პრაქტიკაზე უნდა აისახოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულოს ამ მხრივ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და სათანადოდ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, მათი შესაძლებლობის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რასობრივი მიკუთვნების, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი ყველა პირი უნდა წარსდგეს კანონის წინაშე. ვადასტურებთ მზაობას და ვაგრძელებთ ჩვენს ხელშეწყობას, რათა საქართველომ დაიცვას ლგბტქი+ თემის უფლებები, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა, გააძლიეროს ლგბტქი+ ადამიანების სოციალური დაცვა, შეამციროს მათი უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და უზრუნველყოს განათლებაზე, დასაქმებასა და ჯანდაცვაზე წვდომა“, - წერია განცხადებაში. 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება დახურული იყო. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 15-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე, ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
მარიუპოლის რეკონსტრუქციას $14 მილიარდზე მეტი დასჭირდება
რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული მარიუპოლის რეკონსტრუქცია 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება და მის სრულ აღდგენას შვიდიდან ათ წლამდე დასჭირდება. მერის თქმით, ომის გამო ქალაქში 1356 საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა ან დაზიანდა, კერძო სახლების 40% დაიბომბა. მათი უმეტესობის რეკონსტრუქცია შეუძლებელია. ამიტომ, იგეგმება ახალი ობიექტების მშენებლობა. ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსხვილმა უკრაინულმა ბიზნესმა უკვე გამოაცხადეს მზადყოფნა, თავიანთი წვლილი შეიტანონ მარიუპოლის აღდგენაში. უკრინა მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ქალაქების აღდგენის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს. ესენია, გდანსკი, ვარშავა, დრეზდენი, როტერდამი. ჩვენ ვსწავლობთ მათ გამოცდილებას. ვიმედოვნებთ, რომ მარშალის გეგმაში ცალკე თავი იქნება მარიუპოლისთვის. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და EIB-ს. მჯერა, რომ ერთად აღვადგენთ მარიუპოლს და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მას“, - აღნიშნა ქალაქის მერმა. მარიუპოლი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის, რომელიც რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. ქალაქი დაბომბვის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა. ამჟამად მარიუპოლს ნორმალურად არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და გაზი. რუსეთის შეჭრის შედეგად, ქალაქში 22000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთში და დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 000-ზე მეტი ადამიანია დეპორტირებული.
ყაზახეთმა ბენზინის წარმოება გაზარდა
ყაზახეთმა 2022 წლის მარტში 410,1 ათასი ტონა ბენზინი აწარმოა, რაც 13,6 პროცენტით მეტია 2021 წლის მარტისა და 6,4 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე. ამის შესახებ Trend-ი ყაზახეთის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა 2022 წლის სამ თვეში, საწვავის წარმოების მაჩვენებელმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბენზინის იმპორტის მოცულობამ 2022 წლის მარტში 60 ტონა შეადგინა, ხოლო იმპორტმა იანვრიდან მარტამდე - 251,3 ტონა. ყაზახეთის შიდა ბაზარზე ბენზინის გაყიდვის მოცულობა 2021 წლის მარტთან შედარებით 17 პროცენტით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით 6,4 პროცენტით გაიზარდა და 410,1 ათასი ტონა შეადგინა. შიდა ბაზარზე გაყიდვებმა სამი თვის განმავლობაში 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 14,1-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საგილისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში ბენზინი არ იყო ექსპორტირებული. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე.
ტაჯიკეთი ოქროს ექსპორტს ზრდის
2022 წლის იანვარ-მაისში, ტაჯიკეთმა ექსპორტზე $308 მილიონის ღირებულების ოქრო გაიტანა. ამის შესახებ მედია, ტაჯიკეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. საანგარიშო პერიოდში ტაჯიკეთმა ასევე ექსპორტზე $54 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ფხვნილი გაიტანა. დღეს ტაჯიკეთში 18 ოქროს მომპოვებელი კომპანია მუშაობს, რომლებიც წარმოების მოცულობას ყოველწლიურად ზრდიან. ოქროს მოპოვების ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა ტაჯიკური-ჩინური ერთობლივი საწარმო „ზარაფშონი“, რომელზეც ტაჯიკეთში მთლიანი ოქროს წარმოების 70 პროცენტი მოდის. „აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აპრილში ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა TALCO Gold CJSC-ის სამთო და გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში ჩაუშვა და სუგდის რეგიონში ახალ მეტალურგიულ ქარხანასა და ოქროს გადამამუშავებელ საწარმოს საფუძველი ჩაუყარა“, - წერს მედია.
ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა პრემიერს ჰკითხეს, მიმართავს თუ არა პარლამენტის დათხოვნას. ჯონსონმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. „რა თქმა უნდა, მე ამას გამოვრიცხავ. უახლოესი თარიღი საყოველთაო არჩევნებისთვის არის 2024 წელი," - განაცხადა ჯონსონმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის თანამდებობიდან გადადგომას არსებულ ვითარებაში, ჯონსონმა უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.