ძებნის რეზულტატი:
ბრიტანელმა, შვედმა და ფინელმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
ბრიტანელმა სამხედროებმა შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები შეიერაღებული ძალების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. „ეს ფასდაუდებელი შესაძლებლობა გაერთიანებული სამეფოს პერსონალისთვის, განავითარონ საბრძოლო უნარები და გამოცდილება ცივ ამინდში, რაც მათ საშუალებას აძლევთ, იყვნენ ეფექტიანები ბრძოლის ველზე ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად. ვიდრე ევროპაში ომი მიმდინარეობს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობა. ჩვენ მივესალმებით შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს და გავაგრძელებთ ერთობლივ წვრთნებს, რათა მზად ვიყოთ, წინ აღვუდგეთ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა. წვრთნები გასულ კვირას, ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ წლის დასაწყისში შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ახლა ქვეყნების მიერ რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
ანა ფოტიგამ ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც ოპოზიციასთან შეხვედრისას განიხილა
სასტუმრო „სტამბაში“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შორის შეხვედრა დასრულდა. ევროპარლამენტარის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებზე წარიმართა. „შევხვდი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ვისაუბრეთ ყველაფერზე რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის. ასევე ომზე უკრაინაში, რადგან ჩემი სპეციალობის სფერო თავდაცვა და უსაფრთხოებაა”, - განაცხადა ანა ფოტიგამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ფიზიკურად არიან თბილისში, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.
ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთს ეწვევა
ჩინეთის ოფიციალური პირი, ლი ჟანშუ რუსეთში ვიზიტით ჩადის. ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის მეშვიდე ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Xinhua. ლი ჟანშუ ყველაზე მაღალი რანგის ჩინელი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეწვევა. ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ოთხშაბათიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, ოფიციალური ვიზიტებით ეწვევა რუსეთს, მონღოლეთს, ნეპალსა და სამხრეთ კორეას.
შოლცი ევროპისთვის გაზის შეწყვეტაზე: რუსეთი არასანდო პარტნიორია
გერმანიის კანცლერმა რუსეთს ენერგოსექტორში არასანდო პარტნიორი უწოდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპისთვის Nord Stream 1 მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. მისი თქმით, გერმანიას მომავალი წლისთვის საკმარისი ენერგია ექნება. „მთავრობამ ზამთრის კრიზისის თავიდან ასაცილებლად, დროული გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავლახავთ ამ ზამთარს", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე. კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
ზელენსკი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთის მომავალ პრემიერთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბორის ჯონსონის მემკვიდრესთან მჭიდრო ურთიერთობა გაგრძელდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Daily Mail-თან საუბრობს. „როდესაც ბრძოლები მძვინვარებდა, პრემიერი კიევში იმედის გზავნილებით ჩამოვიდა. ჩვენ მას უკრაინული სახელიც კი დავარქვით - ბორის ჯონსონიუკი. რუსეთის შემოჭრის დღეს, დილით ადრე, ბორისი იყო მსოფლიოს პირველ ლიდერთა შორის, ვისთანაც მქონდა საუბარი. მოგვიანებით, ასეთი სატელეფონო ზარები გახდა რეგულარული, რაც რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის გარშემო უკეთ კოორდინაციის საშუალებას გვაძლევდა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბორისის მემკვიდრეობა რუსული ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი დევს სასწორზე. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა და ლიდერობა. ჩვენ ეს გვჭირდება, რადგან ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მშვიდობისმოყვარე დემოკრატია“, - წერს ზელენსკი. საპასუხოდ, ჯონსონმა სამადლობელი პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. მან უკრაინის პრეზიდენტს გმირი უწოდა. „დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას პუტინის ომის წინააღმდეგ“, - წერს ჯონსონი.
ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილე ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. კერძოდ, მათ შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სხვები. კონფერენციის მონაწილეები ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ცნობისთვის, ხვალიდან თბილისში 2 -დღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. წელს, კონფერენციის თემაა - „დიდება უკრაინას!” კონფერენციაზე იმსჯელებენ ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ. კონფერენციაში ევროპისა და აშშ-ს უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. სტუმრებს შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი; ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ბენ ჰოჯესი; ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი; ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები, ასევე ექსპერტები და მკვლევრები.
ირაკლი ანთაძე: მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, რადგან მათ საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მაღალი რანგის სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ორივე ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობის და ასევე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები შესახებ. ირაკლი ანთაძის თქმით, მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, მათ საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება. „განვიხილეთ ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორებიცაა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, უკანონო დაკავებები, ასევე ანექსიური ნაბიჯები, რომელიც პერიოდულად იდგმება. მნიშვნელოვანია ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობდნენ საოკუპაციო ხაზს, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით იხილონ არსებული ვითარება და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორივე ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით და იქ არსებული, როგორც მიმდინარე სიტუაციის, ასევე უსაფრთხოების ზოგადი გარემოს შესახებ”, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილე ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
პუტინმა და ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამასთან, ხაზი გაუსვეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო კავშირების დამყარების მიზნით კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას. „პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 31 აგვისტოს ბრიუსელში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის რამდენიმე პრაქტიკული საკითხი, მათ შორის ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ჰუმანიტარული სფერო. ისინი კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
ჯონ ჰერბსტი: პუტინი წააგებს ომს უკრაინაში. უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს, ამის შემდეგ, საქართველოშიც იგივე მოხდება
ჩემი აზრით, პუტინი წააგებს ომს უკრაინაში. უკრაინა ასევე დაიბრუნებს ტერიტორიებს, რომლებიც ამჟამად მოსკოვის კონტროლის ქვეშაა და კიევის სათანადო კონტროლს დაუბრუნდება და ამის შემდეგ აქაც იგივე მოხდება, - ამის შესახებ უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას განაცხადა. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში ალბათ აქ ხუთ-ექვსჯერ ვიყავი. ეს ადგილი არის მნიშვნელოვანი როგორც უსაფრთხოების, ასევე სიმბოლური კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულ შტატებში და უფრო ფართოდ დასავლეთში ხალხმა გაიგოს, რა გაუკეთა მოსკოვმა საქართველოს 2008 წელს. სინამდვილეში, არამხოლოდ 2008 წელს - მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დასავლეთს, შეერთებულ შტატებს დიდი დრო დასჭირდათ, გაეგოთ, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ, კარგად გაცნობიერებული სქემის ნაწილია. ასე რომ, შეერთებულ შტატებს აქვს დიდი, დიდი ინტერესი, რომ ყველაფერი აქ და უკრაინაში უკეთესობისკენ შეცვალოს”, - აღნიშნა ჰერბსტმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
დევიდ კრამერი საოკუპაციო ხაზთან: განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს, საქართველო იყოს ერთიანი
„განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს, საქართველო იყოს ერთიანი“, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რათა გავიხსენოთ თუ რა გამოიარა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე. ეს ჩვენთვის არის გაკვეთილი, რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ. სწორედ ამიტომაა ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტის აქ დაწყება ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, თუ რას გადიხართ ყოველდღიურად, ეს ასევე ასახავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს საქართველო იყოს ერთიანი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა დევიდ კრამერმა „რუსთავი 2-ის“ ცნობით.
კურტ ვოლკერი: ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, რუსეთის იმპერიალისტური ომი მეზობელბის წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა და ეს საქართველოში მოხდა. ამასთან დაკავშირებით ვოლკერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ „მნიშვნელოვანია, რომ აქ შევიკრიბოთ და ხალხს შევახსენოთ, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, გრძელდება ბორდერიზაცია. ხალხი ახლა უკრაინაზეა კონცეტრირებული, თუმცა რუსეთის იმპერიალისტური ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა, ეს საქართველოში მოხდა. ისინი ახლა უკრაინაში უფრო სასტიკები არიან და მათი ტერიტორია დაიკავეს, თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა „რუსთავი2-ის“ ცნობით.
შმიგალი შტაინმაიერთან შეხვედრაზე: უკრაინას მოკავშირეებისგან კიდევ უფრო მეტი მძიმე იარაღი სჭირდება
პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გერმანიაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. შმიგალმა უკვე გამართა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. უკრაინის მიწებიდან დამპყრობლების განდევნისთვის, ქვეყანას მოკავშირეებისგან კიდევ უფრო მეტი მძიმე იარაღი სჭირდება. „იარაღი, ფინანსები, სანქციები, რუსეთის პროვოკაციები ZNPP-ში, ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, ჩვენი გამარჯვება და უკრაინის აღმშენებლობა. ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან განხილვის დღის წესრიგია“, - წერს შმიგალი Twitter-ზე.
კრამერი: სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს ომში საქართველოს ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს ომში საქართველოს ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს „რუსული პროპაგანდა ცდილობს, დაადანაშაულოს აშშ და ევროპა. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაებას. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და მას არ სჭირდება კიდევ ერთი. ჩვენ ვიხილეთ სოლიდარობა, რომელსაც ქათველი ხალხი გამოხატავს უკრაინის მიმართ, ჩვენ ვიხილეთ უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი. აბსოლუტურად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს საქართვრლოს ომში ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას“ მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.
კრამერი: ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი ნიშვნელოვანია. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო
„ვიმედოვნებ, ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ამ მიმართულებით ქვეყანა სწორ ადგილასაა. „ვფიქრობ, გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშეა, სერიოზულია, თუმცა გამოწვევებს შორის არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, ქვეყანა სწორ ადგილასაა, ვფიქრობ, არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას მთავრობამ. ვიმედოვნებ, ისინი ამ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს აქ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა დევიდ კრამერმა. კრამერის შეფასებით, ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია და სხვა საკითხებთან ერთად, დეოლიგარქიზაციის საკითხის მოგვარებით შესაძლებელია, ვიხილოთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება. „დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელივანი, თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. დეოლიგარქიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვები. ამ მხრივ პრობლემების შესახებ ჩემი შეხედულებები წარსულში გამომითქვამს. ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს სერიოზულად და ვიმედოვნებ, რომ თუ ის მოგვარდება სხვა საკითხებთან ერთად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, ვიხილოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ვოლკერი: ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება და NATO-ში გაწევრიანება
ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, ორივემ – მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ოპოზიციას. „ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად. ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, რადგან უკრაინაში, ასევე, შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც NATO-ში წევრიანდებიან ვხედავთ - თუ არ ხარ ევროკავშირში ან NATO-ში, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) ტატამზე დაბრუნება, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამარჯვებით აღნიშნა. ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია. ბექაურმა ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა შეჯიბრზე კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი 2021 წლის 28 ივლისს გახდა. ტოკიოდან დაბრუნების შემდეგ, სპორტსმენმა ტრავმის გამო, რამდენიმე შეჯიბრზე გამოსვლა ვერ შეძლო.
ხვიჩა კვარაცხელია: ემიგრანტების გახარება და მათი ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა
„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ პოსტს მისთვის გმირ ადამიანებს, ემიგრანტებს უძღვნის. „ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობით კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა! მინდა, მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა, რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში“, - წერს ქართველი ფეხბურთელი.
ოფიციალური პირის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს
უკრაინული მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედროებმა კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს. ხერსონის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა, რომ „ვისოკოპოლე უკრაინაა“. ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია უკრაინის გენერალურ შტაბს. „რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.
ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ნიდერლანდების დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.
თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია
თბილისის შემოგარენში, ხანძრის რამდენიმე აქტიური კერა ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ამასთან, ხანძარია წავკისში. ასევე, წყნეთში, კაკლების დასახლებაში. როგორც იუწყებიან, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოს განაგრძობენ. „სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სამუშაოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან აქტიურ კოორდინაციაში ახორციელებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე. რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით. ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, თავდაცვის ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო“, - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.