ძებნის რეზულტატი:

EBRD-ი რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტისთვის ალტერნატივას ეძებს. რომელი დერეფნი გახდება ევროპული კაპიტალის სამიზნე

EBRD-ი ალტერნატივას ეძებს „ახალი აბრეშუმის გზის" ჩრდილოეთის მარშრუტისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციაზე გადის. რუსეთის ფედერაციის გავლით ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტის ოპტიმალური ალტერნატივების დადგენის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ცენტრალურ აზიის ქვეყნებსა და ევროპის TEN-T ქსელს (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი) შორის, საუკეთესო შესაძლო კავშირებს იკვლევს.  EBRD-ის კვლევა ევროკომისიის დაფინანსებით 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. კვლევის შუალედური დასკვნა უკვე გამოქვეყნდა.  Europetime-თან  ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირისთვის, რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება მნიშვნელოვანია. „ომში ჩართულობის მიუხედავად, რუსეთი პოზიციებს არ თმობს და ცდილობს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებას. რუსეთის მიზანია, ამ სივრცეში მთელი ლოგისტიკური სისტემის შეცვლა და ინვესტიციების მოზიდვა. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია სანქტ-პეტერბურგის პორტი, პირდაპირ დაუკავშირდეს მუმბაის პორტს. რამდენიმე საცდელი გადაზიდვა რუსეთმა უკვე  გააკეთა. თუმცა რამდენიმე ადგილზე არ აქვს მაკავშირებელი რგოლი და ცდილობს მათ შევსებასა და გააქტიურებას“, - ამბობს გოჩავა. მისივე თქმით, ევროპა ხედავს, რომ რუსეთი ამ სივრცეში ყოფნას აძლიერებს. ამიტომ  ცდილობს შეისწავლოს, რომელი განშტოება და მიმართულება იქნება მისთვის ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილი. „აქ მთავარი ღერძია კასპიის ზღვა და მისი დასავლეთის განშტოება - აზერბაიჯანის მარშრუტი. ასევე საინტერესოა კასპიის ზღვით კავშირი მაჰაჩყალის პორტთან და შემდეგ ტვირთების პირდაპირი ტრანზიტი ირანთან. თუმცა, აქ ყველაზე უფრო პერსპექტიულია შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის. 2023 წლის ზაფხულისთვის უნდა მომზადდეს EBRD-ის დასკვნა, რომელიც უპასუხებს კითხვას, თუ რომელი მიმართულებაა ევროკავშირისთვის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი“, - აღნიშნავს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი. რას გულისხმობს EBRD-ის შუალედური დასკვნა RailFreight-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუალედურ დასკვნაში EBRD-ი ხაზს უსვამს უზარმაზარ განსხვავებას ე.წ. რუსულ მარშრუტსა და შუა დერეფანს შორის, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევა კომპანიებისთვის, რომლებიც რუსულ ტრანზიტს თავს არიდებენ. საგულისხმოა, რომ 2021 წელს რუსეთის მარშრუტზე 1,5 მილიონი TEU (კონტეინერი) ტრანსპორტირდა. EBRD-ის მონაცემებით, 2022 წლისთვის შუა დერეფანი მაქსიმუმ 80,000 TEU-ს მიაღწევს, რაც ახლოსაა მის მაქსიმალურ სიმძლავრესთან, რომელიც დაახლოებით 100,000-120,000 TEU. EBRD-ის შეფასებით, ინვესტიციები შუა დერეფანში დაახლოებით 3,5 მილიარდ ევროს უნდა შეადგენდეს და მისი წარმატება ძირითადად მარშრუტის გასწვრივ მყოფი ქვეყნების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. იმავდროულად, EBRD ევროკავშირის ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად, ყველაზე სიცოცხლისუნარიან მარშრუტად, შუა დერეფნის გავლით ტრანზიტს განიხილავს. ამ მარშრუტს სათანადო განვითარება არ აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უზბეკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი. ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს აწყდებიან, ართულებს იმის დადგენას, თუ როდის გახდებიან ისინი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი კარიბჭეები. EBRD-ის მიმდინარე კვლევის საინტერესო ასპექტია ისიც, რომ ფოკუსირებულია არა მხოლოდ ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, არამედ პროექტის შესაძლო განვითარებაზე სხვა ქვეყნებში, როგორიცაა თურქმენეთი და ირანი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული სურვილი, ამ ქვეყნებში გამოიკვლიოს და განავითაროს შესაბამისი მარშრუტები, შესაძლოა, რუსეთის ჩარევის დაბალანსების მცდელობად შეფასდეს. სანქციების შემდეგ, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციამ დაამყარა მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან. ამავდროულად, ის დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში (INSTC) და მისი მარშრუტების ვარიანტებში, როგორიცაა ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯანის, კასპიის ზღვის, ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით ირანში და საბოლოოდ ტრანზიტი ინდოეთში. რუსეთის ფედერაციისთვს რომ მნიშვნელოვანია ეს მარშრუტი, ამას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანდრეი ბელოუსოვის კომენტარიც ადასტურებს: „რატომ არის მნიშვნელოვანი დერეფანი „ჩრდილოეთი - სამხრეთი?“ - იმიტომ, რომ ის კვეთს მთელ რიგ სატრანსპორტო დერეფნებს ღერძზე „ჩრდილოეთი - სამხრეთი“, მათ შორის მათ, ვინც გვერდს უვლიან რუსეთს. ამიტომ, ეს დერეფანი პერსპეტივაში, მთელი რიგი ტვირთნაკადების იქითკენ გადართვის საშუალებს იძლევა“, - ამბობს ბელოუსოვი.  შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის დინამიკა იზრდება 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებას მეორედ უმასპინძლა. თბილისში,  ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ. > ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ხოლო ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. „ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა დავითაშვილმა. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაზე წერს აზერბაიჯანული მედია.  2022 წლის 8 თვეში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე 1,3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,5-ჯერ მეტია. მედია წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შუა დერეფანს 6 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია. Europetime-თან პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, „შუა დერეფნის“ წარმატება დამოკიდებული იქნება მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, ყაზახეთზე, რომელიც ტვირთების ტრანზიტის დივერსიფიცირების გადაწყვეტილების შემდეგ, ტრანსკასპიური დერეფნის მსხვილი მოთამაშე ხდება. „ყაზახეთმა უნდა მოახდინოს ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა და რეგულარული და საიმედო სატვირთო გადაზიდვების გრაფიკის შემუშავება. თუ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი გადაზიდვების ალტერნატივა, წინასწარგანჭვრეტადი და საიმედო გარემო პროცესებში ჩართული ყველა მხარისთვის ყაზახეთმა უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს გოჩავა. მისივე თქმით, „შუა დერეფნის“ წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ტარიფებისა და გადაზიდვის სისწრაფე და საბაჟო პუნქტების გამართული მუშაობა. უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბერს, ქალაქ აქტაუში, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე საქართველოს აზერბაიჯანის, თურქეთისა და, ყაზახეთის მონაწილეობით, მინისტერიალი იმართება. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს. შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.  

კახა კალაძე: მზიურის პარკს დაახლოებით ორი ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა

მინდა, მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „იცით, რომ ორი წლის წინ მოხდა ამ პარკის სრული განახლება და თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. თუმცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ სრულყოფილად პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რადგან გარკვეული ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან. მინდა, გადაწყვეტილება გავაცნო თბილისელებს, მინდა, მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია. ეს არის მზიურის პარკის გაყოლებაზე, რომელიც დღეს არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება, რადგან იყო კერძო საკუთრება. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მოხდება ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა. მთავრობაზე საკითხი უკვე გავიტანეთ, გადაიგზავნება საკრებულოში და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მინდა, მივულოცო ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია რეკრეაციული სივრცეები, მწვანე არეალები და განსაკუთრებით მზიურის პარკი, რომ დამატებით ორ ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება პარკს. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომ შემდეგ ეტაპზე განხორციელდეს ისეთივე ლამაზი პროექტი, რომელიც „მზიურის“ შემთხვევაში მოხდა. თბილისელებს ექნებათ უფრო მეტი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე საუბრობს

მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზება რთულ ამოცანად ითვლება, საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და უწყება, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლაშია ჩართული, მზადყოფნას გამოხატავს ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. „გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში, პირველი კურსი ქართველი სამართალდამცავი უწყებების პროფესიონალებისთვის 3-4 ნოემბერს დაიწყო. ეს სასამართლო ექსპერტიზის სერტიფიცირების თითქმის ერთწლიანი კურსის პირველი ეტაპია, კურსი საქართველოს შესაბამის უწყებებს წარედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზება რთულ ამოცანად ითვლება, საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და უწყება, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლაშია ჩართული, მზადყოფნას გამოხატავს ვალდებულებების შესასრულებლად. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ერთწლიან კურსს, გახდებიან სერთიფიცირებული სასამართლო ექსპერტები და დამატებით მოეთხოვებათ სამართალდამცველების მომზადება, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის (OPDAT) მხარდაჭერით“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  შეგახსენებთ, აშშ საქართველოში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს.

ახალგაზრდა კაცი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან გადახტა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან, 29 წლის კაცი გადახტა. როგორც ცნობილია, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამდე კაცს შენობიდან გაქცევის მცდელობა ჰქონდა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.  

თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

პრემიერ-მინისტრი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა, რომელიც რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი. ბოლო პერიოდში თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.

სუს-ი: ოკუპანტებმა სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. „საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.  

გერმანიის ელჩი: ბურთი საქართველოს მოედანზეა - შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთიანება საქართველოს დაეხმარება, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. პიტერ ფიშერის განცხადებით, მომავალი წლის მეორე ნახევარში, ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპის მომავალი გზის შესახებ. საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ჩვენ ევროგაერთიანება დავეხმარებით საქართველოს იმისთვის, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ საქართველოსთვის პრიორიტეტული თემაა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირდეს ამ თემაზე. შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შანსიც არსებობს“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა. ელჩის თქმით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს. „ევროპა არის პლურალისტური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. ძალიან მწიფე სახალხო ეკონომიკით, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია დაუწესა. ამ პუნქტების შესრულების შემდეგ იქნება ლაპარაკი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს”, - განაცხადა ელჩმა ფიშერმა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლებიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

შსს-ს თანამშრომლები ანკარაში, ანტიტერორისტულ სწავლებაში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისგან. პრაქტიკული კურსი დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავდა ავტომობილსა და ავტობუსზე, ხოლო მეორე ეტაპი - მატარებელსა და თვითმფრინავზე იერიშის სიმულაციურ წვრთნებს. კურსის ძირითადი ამოცანა იყო ტერორისტის ამოცნობა და მისი გაუვნებლება, ასევე, პირადი შემადგენლობის ვერტმფრენით გადაყვანა დანაშაულის ადგილამდე და ევაკუაცია დანაშაულის ადგილიდან. აღნიშნული სწავლება, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმაც გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.  

შალვა თადუმაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს

საქართველოს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს. მისივე თქმით, ის სასამართლოს “კლანის” წევრი არ არის. “გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს. არ ვიცი, რას ამბობენ. არ ვარ ამაზე ინფორმირებული. მე თუ მეკითხებით ზეწოლის ქვეშ არასდროს მივქცეულვარ”, - განაცხადა თადუმაძემ.  

სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა თუ დაიდება, ის სასამართლოს უნდა წარედგნოს - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია. „რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველდღე დიდი ყურადღებით ვარ, რადგან ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის. ამდენად, ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად კონსილიუმს, ხან „ემპათიას“, ხან სხვა კონსილიუმს. დღესაც არის ასეთი შეხვედრა ჩანიშნული. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ, საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც მითქვამს, თუ ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული (და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე და არც ექსპერტი ვარ, ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება), რომ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს სასამართლოსთან წარდგენილი და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას, პირველი, ჯანმრთელობის პრობლემას, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, ამით სასამართლო იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. ამის სურვილი მაქვს, სასამართლომ დაგვიმტკიცოს, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ სასამართლოში შეიტანონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

ჩავუშოღლუ: არსებობს რისკი, რომ ომი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და არა ბრძოლის ველზე. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. მან თურქეთის ძალისხმევასაც გაუსვა ხაზი. ჩავუშოღლუს თქმით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია, თანაბრად შეხვდეს რუს და უკრაინელ კოლეგებს.  მინისტრის განმარტებით: „ალიანსის ქვეყანა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ შევხვდებით რუსეთს ან სხვა ქვეყნებს. აუცილებელია ამ ბალანსის კარგად შენარჩუნება". „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ომი  ადგილზე დასრულდება, სამხედრო მიღწევებით. მიუხედავად ამისა, არსებობს რისკი, რომ ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. მარტთან შედარებით, ახალ პირობებში, ახალი რეალობებია. ეს უფრო რთული გახდა... ეს არც ისე ადვილია, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ცალკეულ ორდღიან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც სტამბოლში, მარტის ბოლოს გაიმართა, ჩავუშოღლუმ განაცხადა: „როდესაც ჩვენ ერთად შევიკრიბეთ სტამბოლში, მხარეები ძალიან ახლოს იყვნენ ცეცხლის შეწყვეტასთან. მაგრამ შემდეგ, „ჯადოსნური ხელის“ მეშვეობით, მხარეები მაგიდას შორდებიან“.

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა და CAREC – 2030 პროგრამის მიზნების რეალიზებას მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. „საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის. მოხარული ვარ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022 - 2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის, 5,6%  - ის ოდენობით ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის პოსტ-პანდემიის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს. „ეს არის ჩარჩო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პროდუქტიულობა რეგიონის მასშტაბით დიგიტალიზაციის, ინოვაციებისა და ინვესტიციების გზით. ეს მოგვცემს საშუალებას გვქონდეს მდგრადობა მომავალი გამოწვევების მიმართ, აღვადგინოთ ვაჭრობა და გავხდეთ უფრო ძლიერი, უფრო დაკავშირებული და უფრო ინკლუზიური“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, CAREC 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგის მიზნებს სტრატეგია 2030-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს CAREC-ის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებაში, საბოლოო ჯამში მათი ზრდის პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. „ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას CAREC-ის რეგიონში ერთობლივი მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად - რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გაგვაჩნია, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულება - ზურაბიშვილი

ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გაგვაჩნია, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეკა ბესელიას პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. "ამ 12 რეკომენდაციაში ნათელია, რომ მართლმსაჯულება და ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა მთავარია და მთავარია იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბჭოთა სისტემიდან გამოვიდეთ. სხვა გზა არ არსებობს, აქედან გამომდინარეობს შემდეგი ყველა დანარჩენი. ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის დაცვა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის, ან არ აუცილებლობის დადგენა (სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა იმ დროს, როცა ძალიან არაევროპულ კანონს დავადე ვეტო. ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება), კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დადგენა, ანუ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ზოგადად ვეძახით დემოკრატიას - ყველაფერი გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არა მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არაა დაცული. მართლმსაჯულების რეფორმაზე შეთანხმება არის საშუალება იმის, რომ ჩვენ შევასრულოთ ის, რაც არ ვიცით როგორ უნდა შესრულდეს - ეს არის დეპოლარიზაცია. არამხოლოდ ჩვენ არ ვიცით, არამედ არავინ იცის, ევროპის გზამკვლევში და მოთხოვნებშიც არ წერია კონკრეტულად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ნათელია, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება, იმაზე თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. კონსენსუსის მიღწევაა მთავარი, რის გარეშეც ყველაფერი ფუჭი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ ვერაფერზე შევთანხმდებით და ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ყველა პარტია შეძლებს, რომ წინ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე დააყენოს. ძალიან ხშირად ჩვენ ახლო ისტორიაში სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით და ეს არის ის, რაც გვაფერხებს და ეს არის ის მოთხოვნა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ჩაწერა, რომელიმე რეკომენდაციაში ან ვიღაცამ ამ კუთხით მოგვმართა. ეს ჩვენი გასაკეთებელია. თუ არ არის მინიმალური კონსენსუსი, ქვეყანა ვერ განვითარდება. დღეს შეიძლება სხვა ქვეყნებში არის პოლარიზაცია და ვუყურებთ ძლიერ და ნაკლებად ძლიერ ქვეყნებს და იქაც იგივე პროცედურები მიმდინარებს, მაგრამ ის ქვეყნები არიან იმ ხაზის იქით, უკვე იმ დემოკრატიულ სამყაროში არიან და მათთვის არსებობს მთავარი დამცველი მექანიზმი და ეს არის ინსტიტუტების ძლიერება. ეს რომ არის, უკვე ჯებირებია შექმნილი, რაც იცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, რომ ის სხვა რამეში არ გადავიდეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც პრინციპები, მათ შორის მართლმსაჯულება. მართლმსაჯულება ჩვენთვის უცხო ხილი არ არის. ის ქართული ტრადიციებიდან ოდითგანვე მოდის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

სტამბოლში, ფანარის საპატრიარქო რეზიდენციაში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი საზეიმო ვითარებაში ოფიციალურად გადაეცა. „გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ თქვენს წინაშე, პატივცემულო რექტორო და პროფესორებო, რომ ეკლესიას, რომლის უმაღლესი ფასეულობა არის ადამიანის სიწმინდის დაცვა, მის მიწიერ და მარადიულ დანიშნულებაში, აქვს სათქმელი ადამიანურ საქმეებში, რომელიც ყოველთვის გულისხმობს იმ ჭეშმარიტებას, რომ „არაფერია ისეთი წმინდა, როგორც ადამიანი, რომლის ბუნებაც ღმერთმა მიიღო" (ნიკოლოზ კაბასილასი), ამ ჭეშმარიტების ხაზგასმით, ქრისტეს ეკლესია ხელს უწყობს სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ჰუმანიზაციას, აჩვენებს მეცნიერების საზღვრებს და აცხადებს, რომ არ არსებობს პროგრესი, როდესაც ადამიანი დასახიჩრებულია და ნადგურდება მისი სახლი (ოიკოს), ბუნებრივი გარემო. სიმართლე ისაა, რომ თანამედროვე კულტურის ეს დიდი მიღწევა გულისხმობს ქრისტიანობაში ოიკუმენეს ხანგრძლივ მოღვაწეობას და ატარებს მის შტამპს, რადგან მისი საფუძველია რწმენა ადამიანის აბსოლუტური ღირსებისადმი. მიუხედავად მათი ნაწილობრივი განსხვავებისა, ადამიანის უფლებათა მოძრაობა და ქრისტიანობა ემთხვევიან ერთმანეთს ადამიანის ღირსების დაცვის საერთო მიმართულებაში, მიუხედავად მათი განსხვავებებისა მის საბოლოო საფუძველში. სიყვარულისა და ძმობის ქრისტიანული იდეალები ასაზრდოებდა ბრძოლას სოციალური უფლებებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს დროშიც კი, ეკლესიები თავისუფლების სოციალური შინაარსის მხურვალე დამცველები არიან. გარდა მშვიდობის ქომაგობისა, პირადად ჩვენთვის, ადამიანის უფლებებისა და ღირსებისათვის ბრძოლა განუყოფელ კავშირშია ადამიანის ბუნებრივი გარემოს დაცვასთან. ცხადია ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების ურთიერთმიმართება და უეჭველია ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური საკითხები და კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს უპირველეს ყოვლისა და ყველაზე ინტენსიურად ღარიბებსა და ყველაზე მოწყვლად მოსახლეობაზე. წარმოუდგენელია, ვამბობდეთ რომ გვაინტერესებს პიროვნება და თანადროულად ვანადგურებდეთ მის სახლს (oikos). ბუნებრივი გარემოს დაცვა და ადამიანის მიმართ რეალური პატივისცემა ერთი მედლის ორი მხარეა, ურთიერთქმედითი და ერთმანეთთან განუყოფლად დაკავშირებული, ცხადია, ტყუილია საუბარი პროგრესზე, როდესაც ადამიანის სახლი ინგრევა, თავად ადამიანი კი ზიანდება. საფუძველი თანამედროვე ეკოლოგიური და სოციალური პრობლემებისა საერთოა და ის წარმოადგენს „თავისუფლების კრიზისს“, სულიერ და მორალურ რყევებს. ორმაგი სოლიდარობა ქმნილებისა და ადამიანისადმი არის ახალი ეთოსი, რომელიც უძლებს ჩვენი დროის მრავალგვარ გამოწვევას. მომავალის არცერთ იმ ხედვას არ აქვს ფასი, რომელიც არ გულისხმობს სოციალურ სამართლიანობასა და დაცულ ბუნებრივ გარემოს. ძვირფასო სტუმრებო, ადამიანის პიროვნების სიწმინდის წარმოჩინებითა და მის პრაქტიკული პატივისცემით რელიგიები შეაქვთ წვლილი ადამიანის უფლებათა ბრძოლაში და სამართლიანობის, სოლიდარობისა და მშვიდობის კულტურის დაფუძნებაში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიოში არსებული უნივერსიტეტებიც, როგორც მეცნიერებისა და ჰუმანიზმის სამჭედლოები, ავრცელებენ ცოდნასა და თავისუფლების ეთოსსა და ადვოკატირებენ ადამიანის უფლებებსა და მშვიდობას“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა. ცერემონიაზე ოფიციალური სიტყვით გამოვიდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. „ჩვენ, დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და ზოგადად, საქართველოს შვილებს, განსაკუთრებით გვახარებს თქვენი დიდი ხნის და მარადიული ურთიერთობა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასთან და სულიერი ძმობა მის საჭეთმპყრობელთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან ილია II-სთან. არაერთხელ სწვევიხართ საქართველოს ოფიციალური-მეგობრული ვიზიტით. თავდაპირველად, სწორედ თქვენ, როგორც ფილადელფიის, მოგვიანებით კი, როგორც ქალკედონის მიტროპოლიტი, აქტიურად იყავით ჩართული და მონაწილეობდით მსოფლიო საპატრიარქოსთან საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ მოლაპარაკებებში. 2007 წლის ოქტომბერში, თბილისში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, მოხდა თქვენი არჩევა აკადემიის საპატიო უცხოელ წევრად. 2013 წლის იანვარში ესწრებოდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაბადებიდან 80 და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს. თქვენსა და მის უწმინდესობას ილია II-ს შორის ურთიერთობა, სიყვარულით გამოხატული, დღემდე გრძელდება. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით ქართველის და მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, დაუვიწყარია მიმდინარე წილის 30 ივლისს შეხვედრაზე თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები, ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კერძოდ – „ერთი სახელმწიფო, ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი“. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ვსარგებლობ შემთხვევით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს საზოგადოების სახელით, მოგახსენებთ გულწრფელ მადლობას და ნიშნად ჩვენი დამოკიდებულებისა გაცნობებთ, რომ წიგნი: „ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელმძღვანელობის 30 წელი – ბართლომეოს – მოციქული და მართლმხედველი“ უკვე ითარგმნა ქართულად და უმოკლეს ვადებში გამოიცემა; ამასთანავე, ვასრულებთ რიტუალს, თქვენი სსუ-ს საპატიო დოქტორის მანტიით შემოსვისა და გადმოგცემთ საპატიო დოქტორის მედალსა და დიპლომს“, – განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა. ღონისძიების მსვლელობისას მსოფლიო პატრიარქმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და თურქეთში საქართველოს ელჩმა ერთად ხე დარგეს საპატრიარქო რეზიდენციის ეზოში. სტამბოლში რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით სსუ-ს დელეგაცია – აკადემიური საბჭოს წევრები: პროფესორები მელორ ალფენიძე, ლალი გაბისონია და ნანა გულუა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია, ვიცე-კანცლერი ალექსი გახარია და რექტორის თანაშემწე გიორგი რურუა ჩავიდნენ. ადრიანოპოლის კარიბჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსოფლიო პატრიარქმა ლოცვა აღავლინა საეკლესიო ტახტის არქიმანდრიტ მამა ილიას (ჯინჯოლავა) თანამწირველობით. ღვთისმსახურების დასასრულს, სსუ-ს დელეგაცია საპატრიარქო რეზიდენციის ტახტის დარბაზში მიიწვიეს, სადაც საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, საუნივერსიტეტო დელეგაციის გარდა, ესწრებოდნენ: თურქეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის წევრები, სტამბოლში საბერძნეთის გენერალური კონსული, სტამბოლში კათოლიკეთა ეპისკოპოსი, სტამბოლის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საპატრიარქო სასამართლოს წევრები და სხვა სასულიერო პირები. 2022 წლის 18 ივლისს,  სსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით (№ 05/01-64), ბართლომე I-ს მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, მსოფლიოში მშვიდობისა და ქრისტიანობის განმტკიცების, ეკოლოგიის, საეკლესიო სამართლის სამეცნიერო დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რელიგიათა და ცივილიზაციათა დიალოგის მხარდაჭერის, ლტოლვილთა, დევნილთა და ომებით დაზარალებულთა თანადგომის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანობისა და ერთიანობის დაცვისათვის, საპატრიარქო მოღვაწეობის 30-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით. რექტორის ოფიციალური ვიზიტის დროს მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრისას, 2022 წლის ივლისის ბოლოს, გადაწყდა, რომ, ბართლომეოს I-ს კურთხევით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია მსოფლიოს საპატრიარქოს 23 ნოემბერს ეწვეოდა.

ქუთაისში, 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა

ქუთაისში, 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა. "პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა", - განაცხადა ექიმმა. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.  

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართეს შეხვედრა - Reuters

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები გასულ კვირას შეხვდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა განეხილათ სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამმა წყარომ განაცხადა. სანაცვლოდ, საუბარია უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენაზე. წყაროების თქმით, მოლაპარაკებები ყურის არაბული სახელმწიფოს შუამავლობით მიმდინარეობდა და არ მოიცავდა გაეროს, მიუხედავად გაეროს ცენტრალური როლისა მოლაპარაკებაში. არცერთი მხარე არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს ამასთან დაკავშირებით. უკრაინის ელჩმა თურქეთში კი, ვასილ ბოდნარმა Reuters-ს განუცხადა, რომ „სამხედრო ტყვეების გათავისუფლება რუსული ამიაკის ექსპორტის გახსნის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილია. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ამის გაკეთების გზებს ნებისმიერ შემთხვევაში“, - აღნიშნავს ელჩი. მანვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, შედგა თუ არა შეხვედრა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. პუტინმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები იმუშავებენ ევროპის პორტებში ჩარჩენილი რუსული სასუქების განბლოკვაზე და ამიაკის ექსპორტის განახლებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს. გაერომ რუსეთს შესთავაზა, რომ სასუქების მწარმოებელი Uralchem-ის საკუთრებაში არსებული ამიაკის გაზი მილსადენით გადასულიყო უკრაინის საზღვარზე, სადაც მას ნედლეულით მოვაჭრე ამერიკული კომპანია Trammo ყიდულობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტრანზიტი შეჩერდა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი არ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს.

უნგრეთის მთავრობამ, უკრაინას დახმარებისთვის €187 მილიონი გამოუყო

უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს დაზუსტებული ინფორმაციით, უნგრეთის ბიუჯეტიდან თანხები უკრაინას 2023 წელს გადაირიცხება.  დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა.  

„ემპათიას“ ხელმძღვანელი სააკაშვილზე: ტოკსიკოლოგიური კვლევა აუცილებელია, რაც საქართველოში ვერ ჩატარდება

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. „ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს“, – ნათქვამია განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ევროკავშირი: წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, საქართველოს პროგრესს შეაფასებს

წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის პროგრერის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა. „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს. სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. მოსაზრებების დასასრულებლად, წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა. ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს, ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 24 ნოემბერს განაცხადა.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მზადდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს.  რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა და მის მიერ ომის წამოების უნარი ბოლომდე ჩავახშოთ. შემიძლია დღეს უკვე დავაანონსო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე", – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცეს.