ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილი: ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია

ცხადია, ჩვენ არ ვართ ბირთვული შეთანხმების შესახებ დისკუსიების ნაწილი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ისეთ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ, თანაც, ასეთ პერიოდში, ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, Deutsche Welle-ს მიერ ბირთვული შეთანხმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „იარაღის კონტროლი, მოვლენათა ძალიან დადებითი განვითარებაა. რუსეთს ჩვენ ძალიან ახლოს ვიცნობთ და ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი. ამ მხრივ, ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუკი ის განხორციელდა, თუმცა - მაქსიმალური კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში გამგზავრების მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს

23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, თან უნდა იქონიონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც, - ნათქვამია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის - საქართველოდან ნიდერლანდებში შემომსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც. PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან, სხვა კატეგორიებთან ერთად, თავისუფლდებიან დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები. 23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შესვლა ასევე აღარ შეეძლებათ სტუდენტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს. ნიდერლანდების მთავრობა აცნობიერებს, რომ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში სწრაფი ტესტის გაკეთება აეროპორტების უმრავლესობაში დაკავშირებულია დიდი სირთულეებთან. აქედან გამომდინარე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ორმაგი ტესტის მოთხოვნა შეამცირებს ნიდერლანდებში შემომავალი მგზავრების რაოდენობას. გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავრობამ აკრძალა ფრენები შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდზე:" -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს“, - აგვისტოს ომის გმირების მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ

„თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს...თურმე „ტყუილად არ დახოცილან“, - აგვისტოს ომის გმირების, მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. 2008 წლის აგვისტოში, ქორწინებიდან ორი წლის თავზე, მაკა ვერასდროს წარმოიდგენდა რომ 6 აგვისტოს უკანასკნელად ესაუბრებოდა და ისმენდა მეუღლის ხმას... რომ წინა დღეს, გულში ღრმად ჩაკრული შვილისთვის ეს მამასთან ბოლო შეხვედრა იქნებოდა... ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ გიორგი მისთვის ასე ნანატრი გოგოს მამა, მისი გარდაცვალების შემდეგ გახდებოდა... მაკა მაშინ სამი თვის ორსული იყო.. მერე იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულის დაუსრულებელი ძებნა, სასოწარკვეთა, იმედები, მოლოდინები...მერე ის ვიდეო...სადაც გიორგი ანწუხელიძის არაადამიანური წამების კადრებია აღბეჭდილი...სადაც მას მტერი აიძულებდა დაჩოქილიყო, რასაც მან სიკვდილი არჩია...მაკას რამდენიმე წამის გარდა, არასოდეს უნახავს ბოლომდე ეს კადრები...და ფიქრობს, რომ ამას ვერც ვერასდროს შეძლებს... დღეს ლევანი 13 წლისაა, ხოლო ანა 12-ის...ზუსტად თორმეტი წლის თავზე ისტორიული და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ...„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის სარჩელში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ მკაფიო გადაწყვეტილება საქართველოს მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის სამოქალაქო და სამხედრო პირების დაკავებასა და წამებაში. Europetime-მა გადაწყვიტა სწორედ აგვისტოს ომის გმირების, გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეებისთვის ეთხოვა, გაეზიარებინათ ის ემოციები რომელიც მათამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ დაეუფლათ. „მიუხედავად ამ ომში, ჩემი პირადი ტრაგედიისა, დღეს ვთვლი, რომ ყველანი გამარჯვებულები ვართ და გიორგის თავგანწირვამ უშედეგოდ არ ჩაიარა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს და ყველას, ვინც ელოდებოდა ამ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავედ ცნეს რუსეთი მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ ეს ასეც იქნებოდა. დიახ რუსეთი ნამდვილად დამნაშავეა! ჩემთვის დიდი ტკივილია, მაგრამ დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი გმირების დაღვრილმა სისხლმა უკვალოდ არ ჩაიარა და სამართალმა იზეიმა“, - ამბობს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე. ეს დღე დეოკუაციამდე მიგვიყვანს - თეა ტაბატაძე, უშანგი სოფრომაძის მეუღლე „თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს...თურმე „ტყუილად არ დახოცილან“, - ამ სიტყვებით აღწერს რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ, ომის გმირის, უშანგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე. „სიამაყეა, ტკივილია, სიხარულია, ემოციებია, სამართლიანობის განცდაა“, - ამბობს აბობს თეა... თვალცრემლიანი იხსენებს 12 წლის წინანდელ ომს, რომელმაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა...ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა... დღეს ამბობს, რომ მის უკვე მოზრდილ შვილებთან ერთად იზეიმა სტრასბურგის სასამართლოში ქვეყნის გამარჯვება, რომელიც პირადად მისთვის წლების განმავლობაში განვლილი ტკივილების ერთგვარი კომპენსირება იყო. „მე უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ქვრივი ვარ! და ასევე ვარ დევნილი ჩემი სოფლიდან - ნული. ჩემს ოჯახს აგვისტომ უამრავი ტკივილი და ზარალი მიაყენა. ყველაფერი დავტოვეთ და რუსეთმა მიისაკუთრა! პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს, ჩემს სამშობლოს დღევანდელ გამარჯვებას! დღეს ისტორიული დღეა, რასაც მე პირადად და ჩემი ოჯახი 12 წელი ველოდებოდით. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მტერია! ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველას გასაგონად დადასტურდა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო! სიამაყეა... ტკივილია... სიხარულია... ემოციებია... სამართლიანობის განცდა... ეს ის გრძნობებია, რასაც ახლა განვიცდი. თითქოს ვხედავ ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს... თურმე „ტყუილად არ დახოცილან", - როგორც ამას ხშირად ამბობენ „კეთილის მსურველები! მიხარია და ვამაყობ! ვთვლი, რომ ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის, მისი პრესტიჟისათვის!!!“ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა და რუსმა ოკუპანტებმა სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ კი დახვრიტეს. „ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი... გადმოატრიალა მეგობარი და... ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ... არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, სანამ ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს.ის 24 წლის იყო”, - იხსნებენ მისი თანამებრძოლები. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსს სამხედროებს ტყვედ ჩაუვარდა დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... რუსულ მედიაშიც კი გაჟონა ინფორმაციამ რომ თავისი თავგანწირვით ოკუპანტებიც კი გააკვირვა. გიორგი ანწუხელიძე რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. ომში რომ წავიდა, მისი ბიჭუნა - ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე - მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული... 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.

საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი ეწვია. ამის შესახბე ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხევდრაზე წინანდალში უმასპინძლებს. არაფორმალური შეხვედრის დროს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს და ურთიერთიბების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. საგარეო უწყება: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვევა

კორონავირუსი 7 პატიმარს დაუდასტურდა, გლდანის და ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებებში

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსი სამ პატიმარს დაუდასტურდა, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში კი ოთხ პატიმარს. პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს "სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ. ამჯერად ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, მოცემული დაწესებულება არის დიდი ზომის, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ტესტირება გაიარა 791-მა პატიმარმა, რომელთაგან სამს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი - სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას. პარალელურად ინტენსიური PCR ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებაშიც და ტესტირების შედეგების სრულად მიღების შემდეგ, საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, 22 იანვარს covid-19 დაუდასტურდა N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და რომლებიც როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N2 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ ბ.ე.- ს covid-19 დაუდასტურდა, სიცრუეა. მოცემული პირი ასევე იზოლაციაშია, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი, თუმცა მას ვირუსი დადასტურებული არ აქვს. შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება გასული წლის ბოლოს დაიწყო და უახლოეს დღეებში ეს პროცესი მთელ პენიტენციურ სისტემას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსი სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაშიც დაფქისირდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ტესტირებას ყველა დაწესებულებაში სისტემატურად ატარებს.

ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის დეტალები გასაჯაროვდა

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე ერთჯერადი რეგისტრაციის წესით დაიშვება მას შემდეგ, რაც ვაქცინა მიიღებს სანდო მარეგულირებელის ავტორიზაციას ან შეტანილი იქნება ჯანმოს გადაუდებელი მოხმარების სიაში. ამის შესახებ საუბარია ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. ერთჯერადი რეგისტრაციისთვის და იმპორტირება-განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებებში, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფარმაცევტული პროდუქტის დაყოვნებას საბაჟოზე. ვაქცინის შემსყიდველი აგვარებს საბაჟოსთან დაკავშირებულ ფორმალურ მხარეს (დოკუმენტაციის წარდგენა, განბაჟება, დასაწყობება, ლოგისტიკა დანიშნულების ადგილამდე) ტვირთის შემოტანამდე რეგისტრაციაზე ან გამონაკლისი წესით შემოტანაზე. დასტურის შემდეგ დოკუმენტაცია იტვირთება შემოსავლების სამსახურის პორტალზე, დოკუმენტაცია მყისიერად განიხილება და ტვირთი ქვეყანაში შემოსვლიდან არაუგვიანეს 24 სთ-ისა განთავსდება დკსჯეც-ს ცენტრალურ საწყობში. გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უნივერსალური შეთანხმება ვაქცინების ფლაკონებსა და შეფუთვაზე ერთიანი ფორმატის და შინაარსის შესახებ, თუმცა ჯანმოს მიერ უკვე შემუშავებულია ვაქცინების მარკირების მიზნით მეორადი შეფუთვის უნიფიცირების მოდელი, რომელიც გამოყენებული იქნება COVAX-ის მიერ. მწარმოებლების მიერ ასევე არ იქნება გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნები შეფუთვასა და მარკირებაზე. საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს ფარმაცევტული პროდუქტის დაშვებას, რომლის შეფუთვა არ არის წარმოდგენილი ქართულ ენაზე, თუმცა მოითხოვს დოკუმენტაციის (ანოტაციის) თარგმნას ქართულ ენაზე. გამომდინარე გადაუდებელი სიტუაციიდან, ანოტაციის ქართულ ენაზე თარგმანის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე საქართველოს მხარე აიღებს. იმის გათვალისწინებით, რომ მწარმოებლებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი დაზღვევა, რომელიც დაიცავს მწარმოებელს ვაქცინის გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანისთვის პასუხისმგებლობის რისკებისგან, მწარმოებლები აყენებენ მოთხოვნას, თითოეულმა ქვეყანამ თავად აიღოს ეს პასუხისმგებლობა და ამით დააზღვიოს მწარმოებელი. ეს მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებას, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში. საკანონმდებლო ცვლილებები შევა საქართველოს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ და საქართველოში COVID-19 ვაქცინის გამოყენების შედეგად დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო, როგორც ეს უკვე განსაზღვრულია არსებულ კანონმდებლობაში იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში შემავალი ვაქცინების შემთხვევაში. სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია საქართველოში

რა გეგმა უნდა შეიმუშაოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვაქცინაციისთვის

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ხელი უნდა შეუწყოს COVID-19 ვაქცინაციის განხორციელებას და ამ მიზნით, უნდა შეიმუშაოს და უწყებათაშორისი კომისიის რეგიონალურ შტაბთან შეთანხმებით დაამტკიცოს ვაქცინაციის დანერგვის ადგილობრივი გეგმა. ამის შესახებ ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმაშია საუბარი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. „ადგილებზე ასაცრელი კონტინგენტის დაგეგმვის, მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. კერძოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ხელი უნდა შეუწყოს COVID-19 ვაქცინაციის განხორციელებას და ამ მიზნით, უნდა შეიმუშაოს და უწყებათაშორისი კომისიის რეგიონალურ შტაბთან შეთანხმებით დაამტკიცოს ვაქცინაციის დანერგვის ადგილობრივი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ კომპონენტებს სერვისის განხორციელების მიმართულებით: დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად (სადაც ეს საჭირო იქნება); შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფას; მოხალისეების მობილიზებას ამცრელი ბრიგადებისთვის (სადაც ეს საჭირო იქნება); ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციის მიმართულებით: მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით; გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის ვაქცინაციის მომსახურების მიღების მხარდაჭერას ამ პირების სიების წინასწარი ფორმირებით; მოხალისეების მობილიზებას მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის;o კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას მოსახლეობის მობილიზაციის მიზნით. სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია საქართველოში მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

ბელგიამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა

COVID-19-ის გავრცელების გამო, ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა. ინფორმაციას lci.fr-იავრცელებს. „გადაწყვეტილება მივიღეთ, დაბრკოლება შევუქმნათ კორონავირუსის იმპორტირებულ შემთხვევებს. 27 იანვრიდან გასართობი და ტურისტული ხასიათის მოგზაურობებზე დროებით აკრძალვას ვაწესებთ. აღნიშნული ზომა 1-ელ მარტამდე იმოქმედებს“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, მოგზაურობაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა ასევე შეეხება ევროკავშირის შიგნით გადაადგილებას. დაშვებული იქნება აუცილებელი ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოგზაურობა, თუმცა დაბრუნებისთანავე 10-დღიანი კარანტინის გავლა იქნება საჭირო.

ბრიტანეთის საელჩო: გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ"

"გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", - ასე გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ განცხადება საელჩომ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. "გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება. რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.

პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ჯანმოს ნორმას 8-ჯერ გადააჭარბა

მცირე მყარი ნაწილაკების PM 2,5 საშუალო დღიურმა კონცენტრაციამ, რაც სმოგის ძირითად მიზეზს წარმოადგენს, პეკინში 1 კუბურ მეტრზე 190 მიკროგრამი შეადგინა. ჯანმოს დადგენილი ნორმის მაქსიმალური მაჩვენებელი კი 25 მიკროგრამს შეადგენს. ესიმას ნიშნავს, რომ პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ჯანმოს ნორმას 8-ჯერ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას პეკინის გარემოს დაცვის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. ადგილობრივი დროით 10:00 საათზე PM 2,5-ის საშუალო კონცენტრაციამ 1 კუბურ მეტრზე 189 მიკროგრამი შეადგინა, ქალაქის ზოგიერთ რაიონში კი 197 მიკროგრამს მიაღწია. ჩინეთში სმოგის ძირითადი მიზეზებია ავტოტრანსპორტი, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები და მეტალურგიული ქარხნები. 2019 წელს ჩინეთმა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაზე დაახლოებით 25 მილიარდი იუანი (3,73 მილიარდი დოლარი) დახარჯა. პროგნოზების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ქალაქში 26 იანვრიდან გაუმჯობესდება.

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ქვედანაყოფის მისიიდან დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს: დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯოზეფ ბაიდენს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ის ახალ პრეზიდენტს უგზავნის, ხაზგასმულია აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას ეფუძნება. „პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, ამერიკელმა ხალხმა ნდობა გამოგიცხადათ თქვენ, როგორც ლიდერს და თქვენს ხედვას ამერიკული იდეალების ხორცშესხმასთან დაკავშირებით როგორც შინ, ისე მთელს მსოფლიოში. ამ ისტორიულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკული დემოკრატიის და ინსტიტუტების სიძლიერე და სიმტკიცე. ჩვენ, საქართველოში, ვიზიარებთ თქვენს რწმენას და გვჯერა, რომ თანამშრომლობით ჩვენ გავუძლებთ „კრიზისისა და გამოწვევების ჟამს“ და კიდევ უფრო გაძლიერებულნი გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. თქვენი პრეზიდენტობის დასაწყისი გამოხმაურებას ჰპოვებს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში - ამერიკის ერთგულ მოკავშირე ქვეყანაში, რომელიც იზიარებს თქვენს ერთგულებას გლობალური ალიანსების განმტკიცების მიმართ. ჩვენს ერებს შორის მტკიცე პარტნიორობის ფესვები ემყარება საერთო ღირებულებებს და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და ჩვენ მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება თქვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თქვენი ფასდაუდებელი დახმარება ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმეს მომენტებში“, - აცხადებს გიორგი გახარია. ოფიციალურ წერილში მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას, ყოველთვის მხარში დაუდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორს. „ერთად, ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას მთელს მსოფლიოში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო მხარემ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩემი ქვეყანა დღესაც წარმოადგენს მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანს ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ გლობალურ უსაფრთხოებას. მომდევნო წლებში ჩვენი მიზანია საქართველოს, ღირებულებებზე დაფუძნებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ბუნებრივია, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენს წარმატების ქვაკუთხედს ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მტკიცე კავშირების უზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე ვაფასებთ თქვენი ლიდერობით გაწეულ ძალისხმევას ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რაც ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებების ხორცშესხმას ნატოს სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გიორგი გახარიას მილოცვაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და აღნიშნავს, რომ საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაღრმავებას ამ არსებითად მნიშვნელოვან სფეროში. „ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულად ინტეგრირებული ძლიერი, უნარიანი საქართველო განამტკიცებს მშვიდობას და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება, განაგრძოს თანამშრომლობა აშშ-სთან ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების მიზნით. ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს პარტნიორობას და განამტკიცებს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ამავე დროს, ხელს შეუწყობს რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ვიმედოვნებ, თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის მიზნით, თქვენთან შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. გისურვებთ წარმატებას ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში თქვენი დიდი ერის ლიდერობაში და თქვენი ხედვის სრულად ხორცშესხმაში - მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია გიორგი გახარიას ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს გაეგზავნა.

გიორგი გახარია კამალა ჰარისს: თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, რომ ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე. „ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო ჰარის, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას. თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, დღეს ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა. 2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე. აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის წყალობით, საქართველომ, შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა სახელისუფლებლო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დემოკრატიული რეფორმების გატარება, კარგი მმართველობის პრაქტიკის და კანონის უზენაესობის განმტკიცება იქნება საქართველოს ახლად არჩეული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტები“, - ნათქვამია ოფიციალურ მილოცვაში. პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველო რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული და მტკიცე მოკავშირეა. „ჩვენი ერები იზიარებენ საერთო პრინციპებს, იდეალებსა და სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მტკიცე მოკავშირეს რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ. ბოლო ათწლეულებში საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ავანგარდში იმყოფება, დგას რა ამერიკელი მებრძოლების გვერდით მსოფლიოს ცხელ წერტილებში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას. თითქმის სამი ათწლეულის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, ჩვენი პარტნიორობა გადაიზარდა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ძლიერ ალიანსში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას, რისთვისაც გავაღრმავებთ თანამშრომლობას არაერთ სფეროში, დაწყებული თავდაცვითა და უსაფრთხოებით, დამთავრებული ვაჭრობითა და ეკონომიკით. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პირადი ერთგულება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების მიმართ. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების გზების განხილვის მიზნით. იმედითა და ოპტიმიზმით შევყურებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას“, - ნათქვამია გიორგი გახარიას ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გაეგზავნა.

ტრამპის მიმართ მუქარის გამო,  Twitter-მა ირანის სულიერი ლიდერის ანგარიში დაბლოკა

დონალდ ტრამპის მიმართ მუქარის გამო, სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ანგარიში დაბლოკა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „შურისძიება გარდაუვალია. სოლეიმანის მკვლელს და მას, ვინც მისი მოკვლა უბრძანა, გადახდა მოუწევთ“, – ეწერა ირანის სულიერი ლიდერის Twitter-ში. როგორც აითოლა ალი ხამენეი აცხადებდა, ის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, „ყუდსის“ ძალების მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას არც დაივიწყებს და არც არავის აპატიებს. Twitter-ში გამოქვეყნებულ განცხადებას თან ახლდა ფოტოსურათი, სადაც გოლფის მოთამაშე დონალდ ტრამპი იყო გამოსახული, რომლის თავზე სამხედრო თვითმფრინავის ან უპილოტო საფრენი აპარატის ჩრდილი იყო გამოსახული.

ბაიდენი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის საკვებით დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის საკვებით დახმარებას ითვალისწინებს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ახალი რეგულაცია მილიონობით დაბალშემოსავლიანი ბავშვებიანი ოჯახებისთვის დახმარების გადასახადს 15 პროცენტით გაზრდის. დახმარება განხორციელდება პანდემიის დაწყებისას ინიცირებული პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია იმ ბავშვებზე, რომლებიც დამოკიდებულები არიან სკოლის კვებაზე, როგორც ყოველდღიური კვების მთავარ წყაროზე. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ყველაზე მეტად გაჭირვებულებისთვის „საგანგებო გადასახადების“ გაზრდას, რომელიც ცნობილია, როგორც პროდუქტის ტალონები.გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, აშშ-ში სულ უფრო ბევრი ადამიანი შიმშილობს. დაახლოებით 50 მილიონი ამერიკელი – მათ შორის 17 მილიონი ბავშვი, ახლა საკვების მხრივ დაუცველად მიიჩნევა. აგრეთვე, ცნობილია, რომ ჯო ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის მინიმალურ ხელფასს გაზრდის. ახალი რეგულაციით, ფედერალური მუშაკები საათში 7.5 დოლარის ნაცვლად, 15 დოლარს მიიღებენ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892  გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 629, გარდაიცვალა კი 3038 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 629-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 038 მოქალაქე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 გამოჯანმრთელდა.

204 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულებიდან, მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 1, იმერეთში - 25. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 159 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 111, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 797 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 299 პირი, აჭარაში - 1 400, იმერეთში - 2 062. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 629-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 038 მოქალაქე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების 998 შემთხვევიდან 448 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 170, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 632, აჭარაში - 251, იმერეთში - 663. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 629-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 038 მოქალაქე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 გამოჯანმრთელდა.

Facebook-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

Facebook-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას სერვისი Downdetector-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად პრობლემა მომხმარებლებს აშშ-ში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში შეექმნათ. მომხმარებლების 56% თავის გვერდზე ვერ შედის, კიდევ 25%-ს სოციალურ ქსელთან წვდომის პრობლემა აქვს პრობლემები აპლიკაციით სარგებლობისას ექმნება, მომხმარებელთა 18% კი პრობლემებს სიახლეების გვერდის განახლებისას აწყდება. შეფერხების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.