ძებნის რეზულტატი:

უგულავასთვის გირაოს გაუქმებაზე ინფორმაცია ბაზაში არ იყო ასახული: შსს გიგი უგულავას მიერ საზღვრის ვერგადაკვეთაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს განმარტავს მიზეზს, რის გამოც უგულავამ სახელმწიფო საზღვარი ვერ გადალახა. სამინისტროში აცხადებენ, შსს-ს ბაზაში არ იყო ასახული განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ გაუქმდა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულება და ასევე გირაო, რომელიც მას 2019 წლის 12 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა. განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი. „შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე. პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ განცხადებას გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას თქმით, საქართველოში ან პოლიტიკური ნიშნით ზღუდავენ გადაადგილებას, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არქონით, მის შემთხვევაში კი ორივე მათგანი მოხდა. უგულავამ აღნიშნა, რომ მსგავსად პუტინის რუსეთი იქცევა და ყოველწლიურად ხელისუფლება სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს. „სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ან გადაადგილება შეგიზღუდონ, ან გადაადგილება შეგიზღუდონ იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად. ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფრის ამის ახსნა ხდება, როგორც განცხადებიდან მოვისმინეთ, ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 6 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინასური ზიანის მიყენებით და ა.შ, იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს“, - განაცხადა უგულავამ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს. როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამთენიისას ჯერ უკრაინაში, შემდეგ ევროპაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა აეროპორტში, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. უგულავა ამბობს, რომ მას სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს. მან შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა აეხსნათ, აქვს თუ არა, მას რაიმე სახის შეზღუდვა დაწესებული.

ბაიდენმა თეთრ სახლში ტრამპის მიერ დაყენებული უშაქრო კოკა-კოლის ღილაკი გააუქმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში ოვალური ოფისიდან დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული უშაქრო კოკა-კოლის ღილაკი გააუქმა. ყოფილი პრეზიდენტის მაგიდას სპეციალური წითელი ღილაკი ჰქონდა, რომელზეც თითის დაჭერის შემდეგ ტრამპთან მაშინვე შეჰქონდათ მისთვის საყვარელი გაზიანი სასმელი. შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თავისი ოფისი თეთრ სახლში 21 იანვარს პირველად დაათვალიერებინა.

ალექსეი ნავალნის მეუღლე გაათავისუფლეს

ალესქეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია, დაკავებიდან სამი საათის შემდეგ, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაიას რუსული მედია ავრცელებს. ცნობისთვის, რუსეთში პოლიციამ ალესქეი ნავალნის მეუღლე დღეს დააკავა. რუსეთში დღეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არაერთ ქალაქში იყო დაგეგმილი. მოსკოვში ნავალნის მხარდასაჭერად შეკრებილ დემონსტრანტებს აკავებენ.

ფოტოკოლაჟი - 35awards - International Photography Awards-ი საკონკურსო ნამუშევრების მიღებას აგრძელებს

35awards - International Photography Awards-ი საკონკურსო ფოტოების მიღებას აგრძელებს. AWARDS-ის მე-6 ყოველწლიური დაჯილდოებისათვის ფოტოების მიღების დასრულებამდე 35 დღე დარჩა . Europetime მიმდინარე ფოტოკონკურსის მონაწილე ფოტოების კოლაჟს გთავაზობთ, რამდენიმე კატეგორიიდან. ჯილდოზე წარდგენილია 21 ნომინაცია: არტ ფოტოგრაფია, შავ-თეთრი, კონცეპტუალური ფოტოგრაფია, მამაკაცის პორტრეტი, ქალის პორტრეტი, საბავშვო ფოტოგრაფია, პეიზაჟი - დღე, ქალაქური პეიზაჟი, ველური ცხოველთა სამყარო, Nu 18 +, დადგმული ფოტო , მოხსენებული ფოტოგრაფია, ქუჩის ფოტოგრაფია, ყოველდღიური ცხოვრება, წყალქვეშა ფოტოგრაფია, მაკრო, ლანდშაფტი - ღამე, ნატურმორტი, მობილური ფოტოგრაფია, მოდა & გლამური, დრონის ფოტო. კონკურსის მიზანია წლის 100 საუკეთესო ნამუშევრის პოვნა სხვადასხვა ნომინაციაში. ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან საკუთარი ნამუშევრების ატვირთვა აღნიშნულ ლინკზე შეუძლიათ. https://35awards.com

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რითიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ხაზს უსვამს, რომ რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას; მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეაჩეროს მათი რუსეთის მმართველობის ქვეშ ინტეგრაციის მცდელობები; გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას; ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, განაგრძონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებადობდის განვითარება და გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ერთიან ბაზარზე შესვლისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მეშვეობით; მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს თითოეულ ქვეყანაზე მორგებული მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში "მეტი მეტისთვის" და "ნაკლები ნაკლებისთვის" პრინციპის საფუძველზე; აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნიკალურ გამოცდილებას, მათ შორის მათ წვლილს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში, საბრძოლო ჯგუფებსა და ოპერაციებში და ითხოვს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის კუთხით. იხილეთ რეზოლუციების სრული ტექსტი https://www.europarl.europa.eu/…/doc…/TA-9-2021-0012_EN.html

ომბუდსმენი: ადამიანისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლება არ არის

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადამიანისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა, არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! აღნიშნული განცხადებით, სახალხო დამცველი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეებმა ნ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ბათუმის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს. „გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“, -აცხადებს ომბუდსმენი. ირაკლი ჩავლეიშვილი 2020 წლის არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის პარტიული სიით იყო წარდგენილი. როდესაც ოპოზციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და საკანონდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადეს, ირაკლი ჩავლიშვილმა აჭარის უზენაეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. „არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგადოება შეაფასებს. მე საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრებაა გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა ღმერთმა შეუნდოს. ინცინდენტისას, რომ მოვბრნდი ჩემი ტოლი შემხვედროდა საკადრის პასუხს გავცემდი, შვილიშვილისხელა ბავშვი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა რას შვებოდა. მე ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს... ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატო-ში ვერ შევალთ და ვერც ევროკავშირში. ეს მაგონებს 20-30 -იან წლებს, როდესაც ბოლშევიკები ეკლესიებს არბევდნენ”, -განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის ბულვარის გასხვისებასთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეების ქმედების შეფასებისას. ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომaრის ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, ბათუმის ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა, ეს წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და გრძელდება. მაშინაც ვაპროტესბდი და ახლაც ვაპროტესტებ, ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ”, - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ამერიკული სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა

ამერიკული სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობა ავრცელებს. განცხადებაში მითიტებულია, რომ 2021 წელს, ეს ამ ხომალდის პირველი ვიზიტია შავ ზღვაში. „დონალდ კუკი“ იმუშავებს პარტნიორებთან, რათა რეგიონში საზღვაო უსაფრთხოება იყოს დაცული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობის მიღწევა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია

„სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. „2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაქვეყნა ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ. გადაწყვეტილებაში მოცემულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ „სამხრეთ ოსეთსა“ და ოკუპირებულ აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია. სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც ასევე საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ადგილზე გადამწყვეტი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს მთავრობის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის გარკვეულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ დაარღვია კონვენცია, ორ სახელმწიფოს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართავს

ტურიზმის სექტორმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებითა და ღია წერილით მიმართა. ღია წერილს ხელი მოაწერა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციამ; საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციამ; საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციამ; სატრანსპორტო კომპანიებმა და ტუროპერატორებმა,ისინი აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას მთავრობას ორშაბათს გაუგზავნიან. ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები 5 პუნქტად არის მოცემული: 1. ზამთრის კურორტების გახსნა პირველი თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კორონავირუსის პრევენციული რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა) 2. საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო – შემდეგი რეგულაციებით: ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორების ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ა1) ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს ა2) PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა ა3) წარმოადგენს საბუთს რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის აქვს კორონავირუსი გადატანილი (უახლოესი 6 თვის მანძილი) ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია,საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას) გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის) შესაბამისად ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით, ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით, ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი. დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან, სადაც უკვე დაწყებულია ვაქცინაცია, ასევე გაკონტროლდეს ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფი ტესტით საზღვარზევე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყანაში ეპიდ სიტუაციის დამძიმებას 3. სასწრაფოდ შემუშავდეს Covid დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კორონავირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით. 4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით. 5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნესინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლოს-ანჯელესში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 33-მდე ბავშვი გადაარჩინეს

ლოს- ანჯელესში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისა FBI-მ33-მდე ბავშვი გადაარჩინეს. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს. ოპერაციაში,რომელიც 11 იანვრიდან მიმდინარეობდა, რამდენიმე სამართალდამცველი ორგანო მონაწილეობდა. ოპერაციის დროს გადარჩენილი რამდენიმე ბავშვი წარსულშიც იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი, სამართალდამცველი ორგანოების თანახმად, მსხვერპლის ხელახლა, ან მოტყუებით ჩათრევა საქმიანობაში საკმაოდ ხშირი პრეცედენტია. "ადამიანით ვაჭრობა ფართოდ გავრცელებული და მზაკვრული დანაშაულია,რომელიც ჩვენ ახალ თაობას საფრთხეს უქმნის",- განაცხადა მაიკლ მურმა, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული, სხვა ინფორმაცია ეჭვმიტანილების ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა, ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 80, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 32, გურია - 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 34, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების 8 352 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 638, აჭარაში - 242, იმერეთში - 640. 697 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 49, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 195 მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 2, იმერეთში - 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 153 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 4 637 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 180, აჭარაში - 128, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 837 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 453 პირი, აჭარაში - 1 218, იმერეთში - 2 086.

ნიგერიის სანაპიროსთან მახლობლად მეკობრეებმა თურქული გემი გაიტაცეს

გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს, - ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. გემზე მყოფი 19 მეზღვაურიდან მეკობრეებმა 15 გაანთავისუფლეს, ერთი მათგანი მოკლეს, ხოლო 3 მძევლად აიყვანეს. თურქული გემი ნიგერიიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიმართულებით მიცურავდა.

ორკვირიანი მცდელობს შემდეგ ჩინეთის შახტაში ჩარჩენილი პიველი მუშა ამოიყვანეს

ჩინეთის აღმოსავლეთით, შანდუნის პროვინციაში მაღაროში ორ კვირაზე მეტია,რაც მუშები არიან ჩარჩენილნი. დღეს მაღაროდან პირველი მუშის ამოყვანა მოახერხეს. აფეთქების შედეგად, მიწის ქვეშ ათობით მუშა მოექცა, რის გამოც მათი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. აფეთქებას 11 მეშახტე გადაურჩა, თუმცა ერთი კომაში ჩავარდა და თავის ძლიერი დაზიანების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა. ორი კვირის განმავლობაში მუშებს საკვებსა და მედიკამენტებს გრძელი, ვიწრო გვირაბის მეშვეობით აწვდიდნენ. სამაშველო ოპერაცია შახტაში ამ დრომდე გრძელდება. აფეთქების მიზეზი უცნობია, მაღაროში ათამდე მუშა რჩება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებას დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ნედ პრაისი. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მექსიკის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცენტრალურ ამერიკას 4 მილიარდი დოლარით დაეხმარება

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრე მანუელ ლოპეზ ობრადოს თქმით, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ცენტრალური ამერიკისთვის ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრეს. ობრადოს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გამოყოფს 4 მილიარდ დოლარს, რომელსაც აშშ ჰონდურასის, ელ სალვადორისა და გუატემალას განვითარებისთვის დახარჯავს. მექსიკის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მიგრანტთა პრობლემებს და მათ ყურადღება გაამახვილეს პრობლემის სიღრმისეულად განხილვის საჭიროებაზე, კერძოდ, მიგრანტების ნაკადზე, როდესაც ჰონდურასიდან და სალვადორიდან აშშ-ში მექსიკის გავლით შეღწევას ცდილობენ. მექსიკამ რამდენიმე დღის წინ შეაჩერა მიგრანტების ნაკადი, როდესაც მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას ცდილობდნენ.

The Washington Post-ი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილებაზე წერს

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსეთი 2008 წლის ომისას ადამიანთა უფლებების მრავალი დარღვევისთვის დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ The Washington Post-ი წერს. ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე - „სამხრეთ ოსეთსა“ და ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზები განათავსა და მათი დამოუკიდებლობა აღიარა მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მათ საქართველოს ტერიტორიად აღიარებს. სტრასბურგის სასამათლომ დაადგინა, რომ რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე და რომ ის ასევე პასუხისმგებელია ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალ ფაქტზე, მათ შორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე. სასამართლომ რუსეთი იძულებით გადაადგილებულთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უკანონოდ ხელის შეშლაში დაადანაშაულა. The Washington Post-ის, ცნობით რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ „რუსი სამხედროების პირდაპირი მონაწილეობა არ დასტურდება“. „საქართველოს მთავრობა უკვე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას - პრერმიერ-მინისტრის თქმით, ევროპულმა სასამართლომ საქართველო ომის მსხვერპლად ცნო და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“, - წერს გამოცემა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს.

AstraZeneca-ს თქმით, ვაქცინის დოზების მიწოდების ტემპი ევროპაში მოსალოდნელზე დაბალი იქნება

ბრიტანული ვაქცინის მწარმოებელი ფირმის, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების მიწოდება ევროპაში შეფერხებების გარეშე ვერ მოხერხდება. AstraZeneca მეორე ევროპული კომპანიაა, რომელმაც ვაქცინის მიწოდების პრობლემებზე გააკეთა განცხადება, პირველი ეს გერმანულმა კომპანია Pfizer-მა გააკეთა. ბრიტანულ კომპანიას ჯერ არ აქვს ნებართვა პრეპარატის მიწოდებაზე ევროკავშირის მხრიდან, თუმცა როგორც მოსალოდნელია მათ ავტორიზაციას ევროპული მარეგულირებელი 29 იანვარს მიანიჭებს. AstraZeneca– ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თანხმობის მიღების შემთხვევაში „საწყისი მოცულობები უფრო დაბალი იქნება ვიდრე მოსალოდნელია“, თუმცა დოზების მიწოდების პროცესი პირველ დღეებში არ დაყოვნდება. კომპანიის თქმით, შეფერხება "ევროპული მიწოდების ჯაჭვის წარმოების ადგილზე მოსავლიანობის შემცირებით" არის გამოწვეული.

ნიდერლანდების აეროპორტში აზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დაიჭირეს

ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქე, ცე ჩი ლოპზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრიმინალური სინდიკატის წევრი ნიდარლანდების აეროპორტში დაიჭირეს. ეჭვმიტანილი მამაკაცის ნარკოკარტელი სავარაუდოდ აზია-წყნარი ოკეანეთის ნარკოტიკების ბაზარზე დომინირებს. ცე ჩი ლოპზე-ს ნარკოტიკებით ვაჭრობის წლიური ბრუნდა 70 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჰოლანდიის პოლიციის სპიკერმა თომას ალინგმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი "პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე" ამსტერდამის შიპჰოლის აეროპორტში, ინციდენტის გარეშე დააკავეს. ავსტრალიის ხელისუფლება ცე ჩი ლოპს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა.

თურქეთის მთავრობამ თავდაცვის ძალებს ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისროს პრესსამსახური ავრცელებს. საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში “გაიმართა. ცერემონიის ფარგლებში საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მთავრობა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციის დარბევისთვის მკაცრად გააკრიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი ნავალნის მხარდასაჭერი აქციების დარბევისთვის გააკრიტიკა. "რუსეთის მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან შეკრებასა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობაზე არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციითაა გამყარებული, არამედ რუსეთის ვალდებულებებით ეუთოს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიმართ, და მისი ვალდებულებებით, რომლებიც ნაკისრი აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებით, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში",- ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან შეკრებასა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობაზე არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციითაა გამყარებული, არამედ რუსეთის ვალდებულებებით ეუთოს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიმართ, და მისი ვალდებულებებით, რომლებიც ნაკისრი აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებით, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 იანვარს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში პოლიციელებმა დემონსტრანტების დაკავება აქციის დაწყებამდე დაიწყეს.