ძებნის რეზულტატი:

ენტონი ბლინკენმა Spotify-ს 2022 წლის ფლეილისთი გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Spotify-ის ბოლო წლის ფლეილისთი გამოაქვეყნა. The Axios წერს, რომ ამერიკელი დიპლომატი უკვე მეორე წელია, ადგენს ფლეილისთს, რომელშიც განკუთვნილია მუსიკა სახლში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოსასმენად. პირველი სია  - At Home 2022 წლის საუკეთესო ამერიკულ ჰიტებს მოიცავს. ბლინკენი უსმენს ტეილორ სვიფტს, ლიზოს და ბედ ბანის. მეორე სიაში - On the Road გამოყოფს მის საყვარელ არტისტებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მან წელს მოინახულა.    

ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე რომეო მიქაუტაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მიქაუტაძე აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. „რომეო მიქაუტაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი (1999-2003 წწ) და დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია (2003-2004 წწ). 2004 -2005 -წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის" დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში, ასევე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: „ვარციხე ჰესების კასკადი", „ზაჰესი", „ხრამჰესები" „ჩხოროწყუჰესი" და სხვა. 2017–2018 წლებში რომეო მიქაუტაძეს ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები. 2018–2019 წლებში კი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის და შემდგომ შპს „ენერგოტრანსის" ხელმძღვანელის პოზიციებზე საქმიანობდა. რომეო მიქაუტაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისთვის - 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისთვის“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რა საკითხები განიხილეს სი ძინპინმა და პუტინმა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გზა „გლუვი“არ იქნება და რომ ჩინეთი გააგრძელებს ამ საკითხზე „ობიექტური და სამართლიანი პოზიციის“ შენარჩუნებას. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პუტინმა და სი ძინ პინმა შეხვედრა ვიდეოხიდის საშუალებით გამართეს. ჩინური მხარის ცნობით, სი ძი პინმა აღნიშნა, რომ პეკინმა და მოსკოვმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე და ხაზი გაუსვა რუსეთის მზადყოფნას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში უკრაინასთან დაკავშირებით. რუსული ტელევიზიის თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, მაგრამ ჩინეთის ტელევიზია CCTV-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ არაფერი თქმულა.  ვლადიმერ პუტინი სი ძინ პინის ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში, გაზაფხულისთვის ელოდება. მისი თქმით, ვიზიტისას ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. „ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ გლობალური პარტნიორები ჩვენი ქვეყნების ხალხის საკეთილდღეოდ და მსოფლიო სტაბილურობისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა. ორი ავტორიტარული ძალა მსოფლიო წესრიგს მათ სასარგებლოდ ვერ აყალიბებს - CNN  

ბრიტანული ანალიტიკური კომპანიის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსული ინფექციით, დღეში დაახლოებით 9000 ადამიანი იღუპება

Reuters-ი ბრიტანულ ანალიტიკურ კომპანია Hairfinity-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთში, კორონავირუსული ინფექციით, დღეში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იღუპება. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი. მსხვერპლთა რიცხვი გასული კვირის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ. „ნულოვანი პოლიტიკის“ გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში კორონავირუსით სულ მცირე 100 000 ადამიანი დაიღუპა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ახალი წლის დღეებში

5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება.  

ირანმა პროტესტის ნიშნად იტალიის ელჩი გამოიძახა

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ იტალიის ელჩი „ჩარევის“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად დაიბარა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 დეკემბერს განაცხადა. საგარეო უწყების განმარტებით, ელჩის გამოძახების მიზეზი, ზოგიერთი იტალიელი მოხელის მხრიდან ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის შემცველი გამონათქვამების და ქმედების წინააღმდეგ პროტესტის დაფიქსირება იყო. მანამდე, ერთი დღით ადრე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ირანის ელჩი მოჰამედ რეზა საბური, საპროტესტო გამოსვლების მიმართ ირანის ხელისუფლების „მიუღებელი“ რეაგირების გასაპროტესტებლად დაიბარა. „მე მტკიცედ მოვითხოვე, აღარ განხორციელებულიყო სიკვდილით დასჯა, შეჩერებულიყო ძალადობრივი რეპრესიები და მომიტინგეებთან დიალოგისთვის შემეწყო ხელი“, - დაწერა ტაიანიმ ოთხშაბათს. მისივე თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვა ირანში. ირანში 100 დღეზე მეტი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს, თეირანმა დასავლეთის ათზე მეტი ქვეყნის ელჩი გამოიძახა, მათ შორის ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. ირანმა დეკემბერში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯა.  

უკრაინელი მილიარდერი ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

უკრაინელი მილიარდერი კონსტანტინ ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის ბორდს ტოვებს. ჟევაგო Ferrexpo-ს აქციების 51%-ს ფლობს. „საბჭოს ეცნობა, რომ ჟევაგო მზად არის, დაუყოვნებლივ გადადგეს Ferrexpo plc-ის გამგეობიდან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. Ferrexpo არის კომპანია, რომელიც რკინის მადნის მარცვლებს აწარმოებს. მისი ოპერაციები რკინის მადნის მოპოვებას, რკინის მადნის კონცენტრატის და მარცვლების წარმოებასა და გაყიდვას მოიცავს. საფრანგეთის ხელისუფლებამ ჟევაგო სათხილამურო კურორტ კურშეველზე უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნით 27 დეკემბერს დააკავა. ჟევაგო უკრაინაში გაფლანგვის საქმეზე იძებნება. 2019 წელს გაქცეულ ბიზნესმენს Finance & Credit Bank-დან 113 მილიონი დოლარის მითვისებაში ბრალი წაუყენეს. 2021 წელს ჟევაგო ინტერპოლის ძებნილთა სიაში მოხვდა. Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფერექსპო მისი მთავარი აქტივია. ჟევაგო უკრაინის პარლამენტის წევრი იყო 1998 წლიდან 2019 წლამდე.

უნგრეთმა „ევროკავშირის ფულისთვის ბრძოლაში“ უკრაინა მძევლად აიყვანა

უკრაინა მძევლად იქცა უნგრეთის მთავრობის, ვიქტორ ორბანის მეთაურობით,ევროკავშირის მიერ შეჩერებული დაფინანსებისთვის ამ უკანასკნელის ბრძოლაში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელიც Politico-ს ესაუბრა. „უნგრეთი საკუთარ თამაშს თამაშობს. მან უკრაინა მძევლად აიყვანა ფულისთვის ბრძოლისთვის, რომელსაც კომისიის ვალი აქვს. კარგი ამბავი ის არის, რომ კომისიამ იპოვა გზა, თუ როგორ უნდა გაეწია უკრაინისთვის ფინანსური დახმარება უნგრეთის ხმის მიცემის გარეშე, ასე რომ, ახლა ჩვენ ვიცით, რომ კრიტიკული შემთხვევებისთვის არის გამოსავალი“, - აღნიშნა კულებამ. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს უკრაინისადმი სახსრების გადაცემა უკვე იანვარში. ამის თაობაზე მან უნგრეთის მიერ გამოყენებული ვეტოს კონტექსტში ისაუბრა. დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია. „ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. ქვეყანას უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს ეს ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა.  

უკრაინამ პოლონეთისგან Starlink-ის კიდევ ერთი პარტია მიიღო

უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალების კიდევ ერთი პარტია მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები იყვნენ კონტაქტში საყვარელ ადამიანებთან. „მინდა, მადლობა გადავუხადო მოძმე პოლონელ ხალხს, პოლონეთის მთავრობას და პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის კრიზისის დროს სწრაფი დახმარებისთვის. ეს Starlinks-ის მესამე პარტიაა, რომელსაც უკრაინა პოლონეთიდან იღებს. ეს არის ძირითადი პარტიის პირველი ნაწილი, რომელსაც იანვრის ბოლომდე მივიღებთ“, - განაცხადა შმიგალმა.

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა Guardian-ს განუცხადა, რომ ებრაელებმა უნდა დატოვონ რუსეთი მანამ, სანამ მათ „განტევების ვაცად“ აქ აქცევენ უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის. „როდესაც რუსეთის ისტორიას ვიხსენებთ, ვხედავთ, რომ როდესაც პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, ხელისუფლება ცდილობდა მასების რისხვა და უკმაყოფილება ებრაულ თემზე გადაეტანა. ჩვენ ეს ვნახეთ მეფის დროს და სტალინური რეჟიმის დასასრულს“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა.  მისივე თქმით, რუსეთში ანტისემიტიზმის ზრდაა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უბრუნდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირს, სადაც ეტაპობრივად ეშვება რკინის ფარდა. „ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსი ებრაელებისათვის საუკეთესო ვარიანტი ქვეყნიდან წასვლაა“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა. გოლდშმიდტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ებრაული თემის უმეტესობა გაემგზავრა გერმანიაში, ავსტრიასა და რუმინეთში. მოსკოვის მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა, თანამდებობა 2022 წლის ივლისში კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ივნისის დასაწყისში, მისმა რძალმა, ავიტალ ჩიჟიკ-გოლდშმიდტმა განაცხადა, რომ რაბინმა დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც მასზე „ხელისუფლებამ ზეწოლა სცადა". ჩიჟიკ-გოლდშმიდტის თქმით, მან უარი თქვა საჯაროდ დაეჭირა მხარი რუსეთის ჯარების უკრაინაში შესვლისთვის. ნოემბრის შუა რიცხვებში ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ზვიმ RTVI-ს განუცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 40 000 რუსი გაემგზავრა ისრაელში მოქალაქეობის ან მუდმივი ბინადრობის ვიზის მისაღებად.  

აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ და უკრაინა უკვე განიხილავენ სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს, თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება.  გამოცემის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ასევე გაურკვეველია, როდის დაიწყება BMP-ის გამოყენება, გადაცემის შემთხვევაში. ბრედლის საბრძოლო მანქანები შექმნილია ქვეითი სამხედროებისა და დაზვერვის გადასაყვანად.  

თურქეთში, რესტორანში აფეთქება მოხდა

თურქეთის დასავლეთში, ქალაქ აიდინში რესტორანში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ გუბერნატორმა ჰუსეინ აქსოიმ განაცხადა.   წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი გაზის ბალონების გამოცვლის დროს მოხდა.  

ევროპაში გაზზე ფასი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე პირველად შემცირდა

ევროპული გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე $850-ზე დაბლა, 21 თებერვლის შემდეგ პირველად დაეცა.  ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. იანვრის ფიუჩერსებზე (TTF ინდექსზე) ვაჭრობა $925,20ით ათას კუბურ მეტრზე (-1,9%) გაიხსნა. შემდეგ, ფასი თანდათან შემცირდა და $839.3 (-11%) გაუტოლდა. კვოტირების დინამიკა წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს ეფუძნება და ათას კუბურ მეტრზე $943,5 შეადგენს.  შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ენერგოკრიზისი და რესურსებზე ფასის ზრდა დაიწყო.   

ბანგლადეშმა, სანქციერებული ტვირთის გამო, პორტში რუსული გემი არ შეუშვა

ბანგლადეშმა აშშ-ს სანქციების გამო არ დაუშვა რუსული გემი Ursa Major, რომელსაც ტვირთი „რუპურის ატომური ელექტროსადგურის“ მშენებლობისთვის გადაჰქონდა. მედიის ცნობით, ბანგლადეშმა შეიტყო, რომ გემი აშშ-ის საბქციების ქვეშ იმყოფებოდა. „გემის პორტში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იყო მიღებული“.  დიპლომატიური წრეების წყაროს ცნობით, რუსეთის ელჩი ალექსანდრე მანტიცკი ბანგლადეშის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვაო დეპარტამენტში დაიბარეს. აღსანიშნავია, რომ „რუპურის ატომური ელექტროსადგური“ დაპროექტებულია და შენდება რუსული პროექტის მიხედვით, რომელიც ორ ენერგობლოკს მოიცავს.   

მსოფლიოს უდიდესმა აუქციონის სახლებმა 2022 წელს, რეკორდულად მაღალი შემოსავალი მიიღეს

2022 წელს მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუქციონის სახლის გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს $18 მილიარდს მიაღწია. Christie's-ის, Sotheby's-ისა და Phillips-ის მთლიანმა გაყიდვებმა ჯამში $18 მილიარდს მიაღწია, ამავდროულად, Christie's-ის გაყიდვებმა შეადგინა $8.4 მილიარდი, Sotheby`s - $8 მილიარდი, Phillips - $1.3 მილიარდი. თითოეული კომპანიისთვის, გასული წელი იყო რეკორდული გაყიდვების გეგმის მიხედვით. ამავდროულად, Christie`s-მა დაამყარა გაყიდვების რეკორდი ზოგადად ხელოვნების ნიმუშების ბაზრის ისტორიაში. Sotheby`s-იმ წლევანდელი შემოსავლის ძირითადი წილი მილიარდერების ჰარის და ლინდა მაკლოის კოლექციის მეორე ნაწილის გაყიდვიდან მიიღო, რომლებმაც განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფა გადაწყვიტეს. ამავდროულად, მათ დაიწყეს კოლექციის გაყიდვა 2021 წელს. მაშინ პირველი ნაწილის გაყიდვამ Sotheby's-ს $922 მილიონი მოუტანა, წელს კი - $246 მილიონი. აუქციონის სახლმა Phillips-მა 2022 წელს შარშანდელთან შედარებით გაყიდვების 8%-ით გაზრდა შეძლო. კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი იყო ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი, რომელიც $85 მილიონად გაიყიდა.  

2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, 2021 წელთან შედარებით, 26-ჯერ მეტი რუბლი გადარიცხეს

2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა, უცხოურ ბანკებში ანგარიშებზე 1,47 ტრილიონი რუბლი გადარიცხეს, რაც 26-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. [მაშინ რუსებმა ქვეყნიდან მხოლოდ 57 მილიარდი რუბლი გაიტანეს]. ამის შესახებ RBC რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება. მთლიანობაში, 2022 წელს რუსებმა ქვეყნიდან 2,5 ტრილიონ რუბლზე მეტი გაიტანეს. ასე რომ, პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) მოქალაქეებმა უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხეს 543,4 მილიარდი რუბლი, მეორეში - 550,7 მილიარდი. RBC წერს, რომ 2022 წლის სამი კვარტლის შედეგები რეკორდულია 2018 წლის შემდეგ.  ამასთან, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გადინებაზე შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს. „ამ თანხების დაბრუნება რუსეთის საბანკო სისტემაში, რუბლებში, მოხდება მას შემდეგ, რაც გაიზრდება ნდობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფასების სტაბილურობის მიმართ,” - განაცხადა ნაბიულინამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მალევე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა მრავალი სანქცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო სექტორს ეხებოდა. საზღვარგარეთ ვალუტის გადინების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრალურმა ბანკმა დააწესა შეზღუდვები სავალუტო ოპერაციებზე რუსებისა და რუსული კომპანიებისთვის. თავდაპირველად, ცენტრალურმა ბანკმა მთლიანად აუკრძალა რუსებს ფულის გადარიცხვა უცხოურ ანგარიშებზე. მაისისთვის შეზღუდვა შემცირდა თვეში 50 000 დოლარამდე. ივლისიდან (ანუ მესამე კვარტალის დასაწყისიდან) თვეში მილიონ დოლარამდე გადარიცხვა გახდა შესაძლებელი.  

კიევმა რუსეთის ტყვეობაში მყოფი სამხედროების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის ომბუდსმენის, ალენა ვერბიცკაიას თქმით, ამ დროისთვის 3 400-მდე უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. სულ მცირე, 15 000 ჯარისკაცი კი დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, დაკარგული ჯარისკაცების ახლობლებისთვის ასეთი გაურკვევლობა განსაკუთრებით მტკივნეულია. „რუსეთი უარს ამბობს უკრაინელი ტყვეების ბანაკებში წითელი ჯვრის საქველმოქმედო მისიების დაშვებაზე და სამხედრო ტყვეთა უფლებების შესახებ ჟენევის კონვენციას სისტემატურად არღვევს“, - ამბობს ალენა ვერბიცკაია.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პესკოვის თქმით, გრიპისა და კორონავირუსის მუტაციების გამო, პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების” გამო პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს.  კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, 10 წლის განმავლობაში პირველად გადადო „სიმართლე გითხრათ, არა მგონია უახლოეს პერსპექტივაში ის [პუტინის მედიასთან საუბარი] ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც პანდემიამდე იყო… ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ მოლოდინი, რომ მალე ისევე იქნება, როგორც ადრე, მცდარი იქნებოდა. გიპასუხებთ: არ იქნება”, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, „მიმდინარეობს კორონავირუსის მუტაციის პროცესები და გრიპის სხვადასხვა შტამების ძლიერი ეპიდემიოლოგიური ტალღები”, ამიტომ მათ, ვინც პასუხს აგებს პუტინის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, „უსაფრთხოების ზომები“ უნდა მიიღონ.  

ზალუჟნი: ჩვენ არ ავირჩიეთ ომი, მაგრამ გვაქვს ძალა, მტრის დასამარცხებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ სამხედრობსა და მათ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა და განაცხადა, რომ უკრაინას ეყოფა ძალა მტრის დასამარცხებლად. „ჩვენ არ ავირჩიეთ ომი. მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ და თავად ღმერთი ჩვენს მხარესაა. ჩვენს მხრებსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე მძიმე განსაცდელები, ტკივილი და ტანჯვაა. ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს. თუმცა, ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა მტრის დასამარცხებლად, ”- აღნიშნა ზალუჟნიმ. მან აღნიშნა, რომ ბრძოლაში იბადება ერი და უკრაინის გამარჯვება, მისი თქმით „სახელმწიფოს აყვავების დასაწყისი და რუსეთის დასასრული იქნება“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მედია: თურქეთმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ბინადრობის ნებართვების გაცემა შეწყვიტა

თურქეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) გაცემა შეაჩერა. რუსული მედიის ცნობით, 26 დეკემბრიდან თურქეთის სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შეექმნათ რუსებს, რომლებმაც შესაბამის უწყებებს ტურისტული ბინადრობის ნებართვის ასაღებად მიმართეს. ე. წ. ტურისტული ბინადრობის ნებართვა, ქვეყანაში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დარჩენის უფლებას იძლევა. „მათთვის, ვინც აპირებდა განაცხადის გაკეთებას და გასაუბრებას უცხოელების ოფისში (OCA) შეხვედრა გაუქმდა, ხოლო ვინც მივიდა ბინადრობის ნებართვის მისაღებად, უარი უთხრეს“, - განუცხადეს მედიას რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა ფეთჰიეში, იზმირში და კასში ცხოვრობენ. ბევრმა რუსეთის მოქალაქემ საცხოვრებლად თურქეთი აირჩია, სწორედ ტურისტული ბინადრობის ნებართვის მოპოვების სიმარტივის გამო. მანამდე მათ ფაქტობრივად, მხოლოდ შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი და ნოტარიულად დამოწმებული გრძელვადიანი კონტრაქტი (ექვსი თვიდან) სჭირდებოდათ საცხოვრებლის დასაქირავებლად.