ძებნის რეზულტატი:
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე, უარს ამბობს წარადგინოს საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განუცხადა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ შესთავაზა თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურები. „ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო. კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. უკან გაწვევის რა მექანიზმები არსებობს", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. მისივე თქმით, საპარალამენტო უმრავლესობა არღვევს (მუხლი 68) საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ ჩანაწერს. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, 15 სექტემბერს პარლამენტს წარუდგინა საბჭოს ორი კანდიდატურა: ნანა ყეინიშვილი 2012-2016 საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან". ის საქმიანობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე. მან მმართველი პარტია 2016 წლის აგვისტოში დატოვა; თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში საქმიანობს.
ISW: „ვაგნერელები“ სირიას ტოვებენ და შესაძლოა, თავიანთი აქტივები ირანს გადასცენ
ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" სირიაში პოზიციებს ტოვებს, რათა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ულტიმატუმი შეასრულოს. ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ “ვაგნერელებმა“ თავიანთი აქტივები, შესაძლოა, ირანს გადასცენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 27 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში მებრძოლ „ვაგნერის“ ბოევიკებს უბრძანა, 20 სექტემბრამდე დაეტოვებინათ ქვეყანა ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეერთებოდნენ. ამჟამად სირიაში 1500-ზე მეტი „ვაგნერელია“ და „ვაგნერის“ რიგებში სირიის 3 000-ზე მეტი მოქალაქე ირიცხება. „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერების აზრით, „ვაგნერელებისთვის“ უფრო მომგებიანია საკუთარი აქტივების ირანისთვის, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა. „ვაგნერის“ სირიიდან გასვლა ირანს იქ მუდმივი და ხელსაყრელი ყოფნის საშუალებას აძლევს. ირანი იყენებს ცენტრალურ სირიის უდაბნოს ტერიტორიას იმისთვის, რომ ლევანტის გავლით თავის მარიონეტებს იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადასცეს", - აცხადებენ ორგანიზაციაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირიას აქვს ფოსფატების ყველაზე დიდი მარაგები, რომელიც სასუქების ძირითადი ინგრედიენტია.
რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა. “ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან. განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში”,- აღნიშნავს პრემიერი. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელი “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. “ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან. მრავალი საკითხი განვიხილეთ საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ პარტნიორობასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს”,- აღნიშნავს პრემიერი.
ვალერი ზალუჟნი: უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული 43 ფრთოსანი რაკეტიდან 36 გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღეს რუსების მიერ გაშვებული 43 ფრთოსანი რაკეტიდან 36 ჩამოაგდეს. მისი თქმით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციის “ტუ-95მს“ ტიპის 10 თვითმფრინავიდან გაუშვეს. „რუსი ოკუპანტები უკრაინას საჰაერო ბაზირების Kh-101/Kh-555/Kh-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს. საერთო ჯამში, ავიაციის „ტუ-95მს“ ტიპის 10 თვითმფრინავიდან 43 ფრთოსანი რაკეტის გაშვება დაფიქსირდა ენგელსის დასავლეთით მდებარე ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. მისი ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები რამდენიმე ტალღად გაუშვეს და ისინი უკრაინის საჰაერო სივრცეში სხვადასხვა მიმართულებით შევიდნენ. „საჰაერო თავდაცვის ძალების ძალებისა და საშუალებების საბრძოლო მუშაობის შედეგად 36 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, - აცხადებს ზალუჟნი. გარდა ამისა, რუსებმა დილით ხარკოვს S-300 ტიპის ფრთოსანი მართვადი რაკეტებით დაარტყეს.
პაპილომავირუსზე უფასო ვაქცინაცია შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. 15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და კაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. 13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის კაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. NCDC-ის თანახმად, ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ: http://bitly.ws/Pq56
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია
ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ. თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, ზურაბიშვილს უფლება არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 7 წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ. საბჭოს კიდევ ერთ წევრს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ალბანეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას შეუერთდა
ალბანეთი უერთდება G7-ის ქვეყნების დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ. ნიუ-იორკში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების შესახებ, ოფიციალურად მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
მედია: უკრაინამ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე შეტევა განახორციელა, რუსებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს
უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა წუხელ ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. წყაროს ცნობით, აეროდრომზე იყო „სუ-24“ და „სუ-30“ ტიპის მინიმუმ 12 საბრძოლო თვითმფრინავი, ასევე სარაკეტო კომპლექსი „პანცირი“. წყაროს ინფორმაციით, საკის აეროდრომზეა უპილოტო საფრენი აპარატების Mojaher-ის ოპერატორთა მომზადების ბაზაც. „უსაფრთხოების სამსახურისა და საზღვაო ძალების დარტყმების შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ოკუპანტების აღჭურვილობას. მტერზე თავდასხმისთვის გამოიყენეს დრონები, შემდეგ კი „ნეპტუნის“ რაკეტები გაუშვეს. საინტერესოა, რომ რუსული „ტელეგრამ“ არხებიც კი ადასტურებენ სერიოზულ ზარალს - ისინი წერენ სულ მცირე 30 დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეზე," - აცხადებს წყარო.
6 თვის შემდეგ პირველად, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმა მოაწყო - Ukrenergo
ბოლო ექვსი თვის შემდეგ პირველად, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს დაესხა თავს. უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, Ukrenerg-ს ცნობით, ღამის და დილის თავდასხმების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა. თავდასხმის გამო რივნის, ჟიტომირის, კიევის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია. ელექტროენერგიის გარეშეა 398 დასახლება. ცნობისთვის, ოკუპანტები თავს დაესხნენ რამდენიმე რეგიონს, მათ შორის კიევსა და კიევის ოლქს.
აზიის განვითარების ბანკს საქართველოში ახალი დირექტორი ჰყავს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად ლესლი ბეარმან ლაჰმი დანიშნა. ახალმა დირექტორმა თანამდებობა ოფიციალურად დღეს დაიკავა. ლესლი ლაჰმი, მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის რანგში უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებს საქართველოში, გაუძღვება ბანკის თანამშრომლობას მთავრობასთან, განვითარების პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგიის მომზადების ზედამხედველობა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მრავალმხრივი, მედეგი და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში და ხელი შევუწყო ქვეყანასთან ბანკის ძლიერი და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,” განაცხადა ლესლი ლაჰმმა. “ADB განაგრძობს ტრანსფორმაციული ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა დარგსა და პრიორიტეტულ რეფორმაში საქართველოს განვითარების ამბიციური დღის წესრიგის განსახორციელებლად.“
მედიის ცნობით, ყარაბაღში რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა
მედიის ცნობით, 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროებზე თავდასხმის დროს, ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ მურმანსკის გამოცემები "ბი-პორტი"და " სევერპოსტი" იტყობინებიან.წყალქვეშა ნავების პეტერბურგის კლუბში განაცხადეს, რომ 52 წლის კოვგანი ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის შეთანხმებით რეგიონში განლაგებული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის მოადგილე იყო. გაჯიევოში ბაზირებულ წყალქვეშა ფლოტში ის იყო მეთაურის მოადგილე, პოლიტიკურ ნაწილში. ფლოტში პირველი რანგის კაპიტნის წოდება პოლკოვნიკის წოდებას შეესაბამება. 20 სექტემბერს, საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც რუსი სამხედროები იყვნენ. ისინი დაიღუპნენ. მანქანაში მყოფთა რაოდენობა და ვინაობა დასახელებული არ არის. რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“. ალიევმა ასევე პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებენ საფუძვლიანად და „ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“. გარდა ამისა, ალიევმა გამოთქვა მზადყოფნა, ფინანსურად დაეხმაროს დაღუპულთა ოჯახებს.კრემლის პრესსამსახური არ ამბობს, რა უპასუხა პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ეროვნული ბანკი გასუფთავდა“ და „იდეალური სურათი“ გამოჩნდა
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ დაუჭირეს მხარი ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, რაც, "უღირსი“ საქციელია. "გუშინ ჭიქაში ქარიშხალი არაფრიდან შექმნეს, საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ? ერთი, რომ ეს სანქციები 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან, არავითარი პრობლემა არ ექმნება არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ასეთი გამოთქმა არის, ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვას, ეროვნული ბანკის ძველი გადაწყვეტილება კონსტიტუციის რომელ მუხლს ეწინააღმდეგებოდა და ხომ არ არის ახალი ბრძანება დისკრიმინაციული, კობახიძე პასუხობს: „ჩვენი კონსტიტუციით ორი ძირითადი უფლებაა დაცული - ეს არის, საკუთრების უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. ის ორივესთან წინააღმდეგობაში იყო, განსაკუთრებით უდანაშაულობის პრეზუმფციასთან, მაგრამ ასევე საკუთრების უფლებასთან იყო პირდაპირ წინააღმდეგობაში. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ეს არ არის რელევანტური, სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, შეზღუდოს სავაჭრო-სამოქალაქო ურთიერთობები უცხოელებთან და უცხოურ კომპანიებთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა, მაგრამ ასეთი შეზღუდვა ვერ გავრცელდება ვერც საქართველოს მოქალაქეებზე და ვერც ქართულ კომპანიებზე. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად, ყველაფერი წელში გამართულია“, - განაცხადა კობახიძემ.
რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა
რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამის დადგენილებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. მთავრობის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია შიდა ბაზარზე საწვავის ფასის სტაბილიზაციის მიზნით. რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო. რუსეთის მთავრობის დადგენილებით, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. მათ შორის, აკრძალვა არ შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს. აკრძალვის ვადები მითითებული არ არის. ოკუპირებული სოხუმი და ცხინვალი მანამდეც მიუთითებდნენ საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“. დეფიციტის მიზეზებს შორის ასახელებდნენ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილ მოხმარებას, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმურ გაჩერებასა და მოსავლის აღების სეზონს“. შეზღუდვა შეეხება საქართველოსაც. არსებული ინფორმაციით, რუსეთის წილი საქართველოს ბენზინისა და დიზელის იმპორტში წელს 80%-ს აჭარბებდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს. "ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა", განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ იობაშვილმა.
ზელენსკი, დუდა და ნაუსედა მარცვლეულის ექსპორტის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გადასაჭრელად, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს - მედია
უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი, გიტანას ნაუსედა და ანდჯეი დუდა ნიუ-იორკში შეხვდნენ. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს. გარდა ამისა ისაუბრეს ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ პოლონეთი წყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. გიტანას ნაუსედამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. „საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. პოლონეთის ადგილი უკრაინის მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლო იქნება," - განაცხადა ნაუსედამ. მანვე აღნიშნა, რომ აქ საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონის და კონტინენტის უსაფრთხოებაზეც კი. „როგორც ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და დახმარებით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ გარე საფრთხეებს“, - აღნიშნა ნაუსედამ.
უკრაინის არმია აცხადებს, რომ საცეცხლე კონტროლი დაამყარა ბახმუტი-გორლოვკის გზატკეცილზე
უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევით მოქმედებებს ბახმუტის მიმართულებით განაგრძობენ. უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაამყარეს საცეცხლე კონტროლი ბახმუტი-გორლოვკის გზატკეცილზე, რამაც "მნიშვნელოვნად გაართულა რუსული ჯარების ლოგისტიკა", - განაცხადა ილია ევლაშმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების პრესსამსახურის უფროსმა.უკრაინის არმიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები თავს იცავენ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით."არსებობს დინამიკური ბრძოლა როგორც აქ, ასევე - იქ. მაგრამ ოპერაციების ტიპები განსხვავებულია: თუ ჩვენ თავს ვიცავთ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით, ვცდილობთ შევაჩეროთ მტრის შეჭრა, სამაგიეროდ, პროგრესს მივაღწიეთ ბახმუტის მიმართულებით და ვაგრძელებთ მოწინააღმდეგის განდევნას პოზიციებიდან", - განაცხადა ევლაშმა. მისი თქმით, მტერი ახლა ინტენსიურად ცდილობს პოზიციების დაბრუნებას გათავისუფლებულ ანდრეევკასა და კლიშჩიივკაში, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ბახმუტის შესანარჩუნებლად, რასაც მოწინააღმდეგე დიდი დანაკარგებით ჯერჯერობით ახერხებს.21 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებდა, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის რეგიონის ბახმუტის სამხრეთით, სადაც "ისინი ზიანს აყენებენ მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მხრივ და იმაგრებენ პოზიციებს დაკავებულ ზღუდეებზე."
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე. სააგენტოს განმარტებით, ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზია გახდა ის, რომ ROSSIYA AIRLINES-ი იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღნიშნული ავიაკომპანიით არ განხორციელდება. „გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას რუსული ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე. მიმდინარე წლის 16 მაისს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის განაცხადი მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელების თაობაზე. ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-მა 14 სექტემბერს კვლავ მომართა სააგენტოს, ამჯერად მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგი - თბილისი - სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით, რაზეც რუსულ ავიაკომპანიას იმავე დღესვე განეცხადა უარი უწყების მიერ. სააგენტოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ROSSIYA AIRLINES-ი იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღნიშნული ავიაკომპანიით არ განხორციელდება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად”, - ნათქვამია ინფორმაცია.
ბულგარეთი სოფიაში მდებარე რუსული ეკლესიის წინამძღვარს ქვეყნიდან აძევებს
ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ვასიანის ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა. შესაბამის ინფორმაციას ბულგარეთში რუსეთის ფედერაციის საელჩო ავრცელებს. "ბულგარეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მამა ვასიანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადეს რუსმა დიპლომატებმა. ბულგარეთში რუსეთის ელჩის, ელეონორა მიტროფანოვას განცხადებით, დღეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრები სამიგრაციო სამსახურში დაიბარეს, სადაც განუცხადეს, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და დღესვე უნდა დატოვონ ბულგარეთის ტერიტორია. "ამასთან, ისინი დაპატიმრებულთათვის განკუთვნილ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს სახლებში, რათა ნივთების ჩალაგება შეძლონ, რის შემდეგაც ჯერ ეკლესიაში და შემდგომ სერბეთის საზღვართან მიიყვანენ", - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნულია. "სოფიაში მდებარე რუსულ ეკლესიას ბევრი მრევლი ჰყავდა და ასეთი მოვლენა - უფსკრულში ჩავარდნაა. შეიძლება ითქვას, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ ჩვენ ეკლესიას სახეში შეაფურთხა, მით უმეტეს ღვთისმშობლის შობის დღეს", - აღნიშნა მიტროფანოვამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს. შეხვედრის სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა. პრესსამსახურის ცნობითვე, პრეზიდენტი დღეს, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა.
სტოლტენბერგი: შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და კვლავ არ უნდა გავხდეთ რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებული
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა გააგრძელოს. ხსენებული განცხადება NATO-ს გენმდივანმა ნიუ-ორკში ყოფნისას გააკეთა. "ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია ფუნდამენტურად არის შეცვლილი… ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა - აბსოლუტურად ნორმალურია. ისინი ცდებოდნენ… ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები კვლავ არ უნდა გავხდეთ," - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენმდივნის თქმით, ეს "გაკვეთილი" ჩინეთსაც ეხება. "მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები," - დასძინა NATO-ს გენმდივანმა.
სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი - ზელენსკიმ განაცხადა: "თუ ჩვენ არ მივიღებთ დახმარებას, ომს წავაგებთ"
სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სთხოვა. კონგრესის წევრებთან ზელენსკის შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან შუმერმა თავი შეიკავა. "იყო ერთადერთი წინადადება, რომელიც შემაჯამებელი გახდა, და მე ამ წინადადების სიტყვა-სიტყვით ციტირებას მოვახდენ. ბატონმა ზელენსკიმ განაცხადა: "თუ ჩვენ არ მივიღებთ დახმარებას, ომს წავაგებთ," – განაცხადა სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა. თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, კევინ მაკკარტის განცხადებით, მას თავისი პოზიცია არ შეუცვლია და უკრაინისთვის 24 მილიარდის აშშ დოლარის მოცულობის პაკეტის გადაცემას ის მხარს არ დაუჭერს.