ძებნის რეზულტატი:

რუსული მხარის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ 22 სექტემბერს დღისით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის შტაბზე. „ფლოტის შტაბზე მტრებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, - განაცხადა რაზვოჟაევმა ტელეგრამში. krym.realii-ს ცნობით, ასევე ისმოდა რაკეტების ხმა ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტელეგრამის არხები ასევე იტყობინებიან საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ ყირიმის საკისა და ბახჩისარაის რაიონებში.  

რას პასუხობს შს მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას შოვის სტიქიასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, 15 საათსა და 12 წუთზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე. ოპოზიციის ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა „იმ საკითხს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და არგუმენტად მოყვანილია, საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები. აღნიშნული არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება.“„რეალურად შოვის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში პირველი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15 საათსა და 07 წუთზე შევიდა. შეტყობინების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 2 წუთი, რის შემდეგაც 112-დან, 15 საათსა და 10 წუთზე ინფორმაცია უკვე ჰქონდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, მინიმალურ დროში - 15 საათსა და 12 წუთზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე. შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შოვში სამაშველო სამუშაო დაიწყო დაუყოვნებლივ. მას შემდეგ, რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურიდან წასულმა ჯგუფმა, ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო სოფელ გლოლასთან არსებული ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე. ამის გამო, ამბროლაურიდან წასულ სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი გზით სარგებლობა და სტიქიის ადგილზე 16 საათსა და 05 წუთზე მივიდნენ, შემდგომ სტიქიის ზონაში შევიდნენ ონისა და ამბროლაურის დამატებითი სამაშველო ჯგუფები.ადგილზე მისულმა პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე შემოვლითი გზებით, ტყის მასივიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ მოქალაქეებთან მისვლა,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მინისტრის თქმით, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები. „შესაბამისად დასკვნის სახით, დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ სტიქიის ზონაში პირველი ვერტმფრენის მისვლამდე გაცილებით ადრე, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, რომლებმაც დაიწყეს სამაშველო ღონისძიებების განხორციელება. სწორედ თანმიმდევრული რეაგირების შედეგად გახდა შესაძლებელი სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გამოყვანა. შესაბამისად, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა,“ - განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, შოვში სტიქია სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაიღუპა 32 ადამიანი. ერთი დაკარგული ამ დრომდე არ უპოვიათ.

ელჩმა ფიშერმა და ნათია თურნავამ ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხი განიხილეს

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკში  დღეს გამართულ შეხვედრაზე. ამ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა  შესრულების წესში ცვლილებას. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ  სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით  შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება. მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. ელჩი ფიშერი: ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ სებ-ის დამოუკიდებლობას „გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე, სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა.  ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო,  ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს,“  - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

ოკუპირებული ყირიმიდან ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შესახებ იუწყებიან

22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსმა მარიონეტებმა განაცხადეს, რომ "უპრეცედენტო" მასშტაბის კიბერშეტევა დაფიქსირდა. უკრაინული მეციის ცნობით, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ინტერნეტ სერვისებში შეფერხებები იყო. ამ დროისთვის უცნობია გრძელდება თუ არა კიბერშეტევა. კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა რაკეტამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა. კიბერ ომი უკრაინასთან რუსეთის ომის კრიტიკული ნაწილი იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ისევე როგორც რუსული აგრესიის სხვა მაგალითები ესტონეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. უკრაინამ კიბერთავდაცვის შესაძლებლობეის გაძლიერებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა.  

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე „წარმატებული დარტყმა" დაადასტურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა (Stratcom) პარასკევს დაადასტურა, რომ უკრაინამ წარმატებით დაარტყა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას ოკუპირებულ სევასტოპოლში. „22 სექტემბერს, დაახლოებით 12 საათზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული დარტყმა მიაყენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობის შტაბს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში,“ - წერს Stratcom-ი Telegram-ზე. სევასტოპოლი უკრაინის ნახევარკუნძულის ყირიმის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და 2014 წელს მოსკოვის ძალებმა უკანონოდ მოახდინეს მისი ანექსია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზესა და სხვა ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე. შეგახსენებთ, 22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსმა მარიონეტებმა განაცხადეს, რომ "უპრეცედენტო" მასშტაბის კიბერშეტევა დაფიქსირდა. უკრაინული მეციის ცნობით, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ინტერნეტ სერვისებში შეფერხებები იყო. ამ დროისთვის უცნობია გრძელდება თუ არა კიბერშეტევა. კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა რაკეტამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა. კიბერ ომი უკრაინასთან რუსეთის ომის კრიტიკული ნაწილი იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ისევე როგორც რუსული აგრესიის სხვა მაგალითები ესტონეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. უკრაინამ კიბერთავდაცვის შესაძლებლობეის გაძლიერებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

Bloomberg: ევროკომისია უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვა

ევროკომისია გეგმავს, უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ოქტომბერში გაუწიოს რეკომენდაცია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg 22 სექტემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ შეიძლება, დაჟინებით მოითხოვოს პროგრესი კონკრეტული რეფორმების მიმართულებით, კერძოდ, ანტიკორუფციული ღონისძიებების კუთხით.  წინადადება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც სავარაუდოდ, კომისიის რეკომენდაციებს დეკემბერში სამიტზე განიხილავენ. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება ოფიციალურად, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის ფონზე მოითხოვა. კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში მიიღო. წევრობის მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად კიევმა უნდა განახორციელოს შვიდი რეფორმა, რომლებიც განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ. ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე შეასრულა „ევროკავშირის რეკომენდაციები სასამართლოსა და მედია სფეროებში და რომ რეფორმები გრძელდება. მან მოგვიანებით  ასევე განმარტა, რომ ზოგიერთი რეფორმის პროცესს, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, რადგან ისინი ქვეყნის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას წარმოადგენს. ის მაინც თვლის, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები წელს დაიწყება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გასული წლის ივნისიდან მოყოლებული, მაგრამ „მძიმე სამუშაო“ ჯერ კიდევ წინ არის. კომისიამ განუცხადა ბლოკის წევრებს ამ კვირაში, რომ უკრაინამ უნდა მიმართოს თავისი ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის, უმცირესობათა დაცვისა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართულებით.  

ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ - მედია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) სრულად დააკმაყოფილა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ. კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლის ოფისში განაცხადეს, რომ ევროსასამართლომ მოსთხოვა აზერბაიჯანს, თავი შეიკაოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლებმა გამოიწვიოს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევა.  ევროსასამართლომ ასევე გადაწყვიტა, სასწრაფოდ ეცნობოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ამის შესახებ. სომხეთმა სთხოვა ევროსასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების შეუქცევადი დარღვევა აზერბაიჯანის მიერ, „მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად.“ წყარო პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე  

ფაშინიანი „ყარაბაღში „რუსი სამშვიდობოების“ „კრახზე“ მიუთითებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა რუსული „სამშვიდობო კონტინგენტი“, რომელიც მთიან ყარაბაღში 2020 წლის ბოლოდან იმყოფება. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. Meduza-ს ცნობით, ფაშინიანის სიტყვებს ინტერფაქსი ციტირებს. „რუსული პრესა ხშირად წერს, რომ სომხეთი თავისი წარუმატებლობას რუსეთს აბრალებს. საერთოდ ჩვენს წარუმატებლობაში არავის ვადანაშაულებთ. არსებობს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელმღვანელების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანი სრულად უნდა იყოს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ, რომ სამშვიდობო კონტინგენტმა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. თუ რუს სამშვიდობოებს შეეძლოთ შეთანხმების მიღწევა მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის, რატომ არ გააკეთეს ეს მანამდე, ვიდრე აზერბაიჯანი თავს დაესხმებოდა მთიან ყარაბაღს? ამაზე ყველამ ისაუბრა, ჩვენ ვთქვით, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებით არის გარშემორტყმული. რატომ არ იყო მაშინ რუსეთის შუამავლობა? ეს ის კითხვებია, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის ჯარებმა ჩაატარეს „ანტიტეროროსტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა. 20 სექტემბრის დილისთვის მთიანი ყარაბაღის დაბომბვის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ცნობით, 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროებზე თავდასხმის დროს, ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.  

ბულგარეთი ამერიკულ საბრძოლო მანქანებს Stryker-ს შეიძენს

ქვეყნის სახმელეთო ჯარების მოდერნიზაციისა და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ბულგარეთის მთავრობამ ამერიკული წარმოების Stryker-ის საბრძოლო მანქანების შეძენა დაამტკიცა. ამის შესახებ AP იტყობინება. ბულგარეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ბულგარეთში 183 Stryker-ის ავტომობილისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა, საერთო ჯამში 1,5 მილიარდ დოლარად. „პროექტის მიზანია, ბულგარეთმა მიაღწიოს NATO-ს მოკავშირეებთან თავსებადობას, ასევე, შეიძინოს და შეინარჩუნოს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები დამოუკიდებლად, ერთობლივ ოპერაციებში და კოლექტიური თავდაცვის სისტემაში, ასევე მონაწილეობა მიიღოს მოკავშირე ოპერაციებში. ქვეყნის ფარგლებს გარეთ,“ - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში. ბულგარეთმა, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დააჩქარა და საბჭოთა წარმოების მოძველებული იარაღის სისტემები ჩაანაცვლა.  

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინება ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს. „ განხილვის საგანია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით,” - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გადასცემდა, იტყობინება NBC News 22 სექტემბერს აშშ-ის სამი ოფიციალური პირისა და კონგრესის ოფიციალური პირის ციტირებით. NBC News-ის ცნობით, ოფიციალური პირები არ ასახელებენ მიწოდების თარიღს და არც იმას, თუ როდის გაკეთდება საჯარო განცხადება ხსენებულ საკითხზე. ზელენსკი ბაიდენს თეთრ სახლში 21 სექტემბერს შეხვდა, რის შემდეგაც გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემდა, თუმცა მოცემულ სიაში ATACMS-ები არ იყო. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება უკრაინამ უკვე იყენებს Storm Shadow-სა და SCALP-ის შორი მანძილის რაკეტებს და ახლა იმედოვნებს, რომ ATACMS-სა და გერმანულ Taurus-საც მიიღებს. „რესპუბლიკელი" სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემები Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.  

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ნაციონალიზმი ევროპაში იზრდება, მაგრამ ეს უფრო მიგრაციას ეხება, ვიდრე ევროსკეპტიციზმს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, მიგრანტების მიღების დიდი ისტორია აქვთ. „პარადოქსი ისაა, რომ ევროპას სჭირდება მიგრანტები, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი დემოგრაფიული ზრდა. ბორელის შეფასებთ, უკრაინის ომი არ აძლიერებს მიგრაციასთან დაკავშირებულ ამჟამინდელ დაპირისპირებას. „საკითხი ის არის, რომ მიგრაციული ზეწოლა გაიზარდა, ძირითადად ომების გამო – არა უკრაინის წინააღმდეგ ომი… ეს არის სირიის ომი, ლიბიის ომი, სამხედრო გადატრიალება საჰელში.“ „ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე და ეს მოხდა უკრაინის ომამდე და გაგრძელდება უკრაინის ომის შემდეგაც. აფრიკაში მიგრაცია უკრაინის წინააღმდეგ ომით არ არის გამოწვეული. აფრიკაში მიგრაციის ძირითადი მიზეზებია განვითარების, ეკონომიკური ზრდის ნაკლებობა და ცუდი მმართველობა,“ - აღნიშნავს ბორელი. კითხვას, სჯერა თუ არა რუსეთი ეცდება მიგრაციის ცეცხლის გაღვივებას, ბორელმა უპასუხა: „პუტინი ყველაფერს ეცდება. პუტინს სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტი, მყიფეა და ისინი იღლებიან.“ „ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მხედველობაში, რომ ვაჭრობითა და კანონის უზენაესობის ქადაგებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოში. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიქადაგოთ კანონის უზენაესობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც სხვაგვარად უნდა მოვეპყროთ,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

მედია: საქართველო რუსეთის სავალუტო ბაზარზე ვერ ივაჭრებს

„მეგობრული და ნეიტრალური ქვეყნების“ საკრედიტო ორგანიზაციებსა და ბროკერებს რუსეთის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის უფლება ექნებათ. სახელმწიფოების სიის დამტკიცების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიხეილ მიშუსტინმა. რადიო თავისუფლების ცნობით, სიაში არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ალჟირი, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, კატარი, ჩინეთი, კუბა, მალაიზია, მაროკო, მონღოლეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სერბეთი, ტაილანდი, თურქეთი, სამხერთ აფრიკის რესპუბლიკა. მედიის ცნობით, თავიდან 44 ქვეყნის დაშვება იგეგმებოდა, მათ შორის საქართველოსიც, თუმცა მოგვიანებით სია 32 ქვეყნამდე შემცირდა. მანამდე რუსეთს არ ჰქონია ქვეყნების სია, რომლებსაც სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა შეეძლოთ. „საქართველო სიაში იმიტომ არაა, რომ თითქოს არამეგობრულია, ამავდროულად მეგობრულიცაა. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს „იმეგობრებს“ თუ არა მომავალშიც რუსეთის ფედერაციასთან, ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში შევა თუ არა ამ სიაში,“ - განუცხადა საფინანსო სკოლის დამფუძნებელმა ანდრეი პლოტნიკოვმა გამოცემა BFM-ს. ეს ნორმების ამოქმედებით მოსკოვში რუბლის კურსის სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მომავალში ქვეყნების სია გადაიხედოს. რუსეთის საფონდო ბაზრის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ მონაწილეებს: კომერციული ბანკები; საინვესტიციო ფონდები; საბროკერო ფირმები; საფონდო ბირჟები. რუსეთის საფონდო ბაზარს რუსეთის ბანკი არეგულირებს. 2022 წლის მარტში რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია შეადგინა. სიაში არ მოხვდა საქართველო, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან შეერთებაზე.

დუდას თქმით, მარცვლეულის შესახებ დავა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ქალაქ პოზნანში უკრაინის აღდგენის შესახებ გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებულ დავას უკრაინასთან ურთიერთობებზე სერიოზული გავლენა არ ექნება.  დუდამ პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებული დავა უმნიშვნელოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს. „ეჭვი არ მეპარება, რომ პოლონეთის ბაზრისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდების შესახებ დავა უმნიშვნელოა პოლონეთ-უკრაინის ზოგად ურთიერთობებში. არ მჯერა, რომ ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სამომავლო ურთიერთობებზე. ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან საუბრით უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა დუდამ სიტყვით გამოსვლისას. ზელენსკი, დუდა და ნაუსედა მარცვლეულის ექსპორტის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გადასაჭრელად, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს - მედია  

ნიდერლანდები ევროპის უდიდესი საბადოდან გაზის მოპოვებას აჩერებს

ჰოლანდიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის უდიდეს საბადოზე, გრონინგენში გაზის მოპოვებას პირველი ოქტომბრიდან შეაჩერებს. „60 წლის შემდეგ, გრონინგენის საბადოდან გაზის მოპოვება დასრულდება,“ - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. გაზის წარმოება გრონინგენში ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მიწისძვრების საფრთხის გამო შეწყდა. 2024 წლის ოქტომბრიდან ყველა მოპოვების ადგილის დემონტაჟი მოხდება. „მომავალი ზამთრისთვის კვლავ შესაძლებელი იქნება საბადოს გადატვირთვა მცირე რაოდენობის გაზის წარმოებისთვის, ექსტრემალური სიცივის პირობებში,“  აცხადებს ნიდერლანდების მთავრობა.   

ჩეხეთს Gripen-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადება სურს

ჩეხეთს Gripen-ის თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მის ტერიტორიაზე მომზადება სურს და ამის შესახებ მოლაპარაკებებს შვედეთთან აწარმოებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Radio Prague International 22 სექტემბერს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს. პრაღაში საჯარო დისკუსიაზე გამოსვლისას იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, რომ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა უკრაინელი სამხედროების მომზადების ახალი პროექტი. ოფიციალურმა პირმა ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის დახმარებას. 14 სექტემბერს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინელმა პილოტებმა წარმატებით გამოსცადეს თვითმფრინავები. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ტრენინგის შედეგები უნდა დაეხმაროს შვედეთის მთავრობას, განიხილოს Gripens-ის უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა.  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ნიკა მელია დააკავეს

გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ქართული მედიასაშუალებები ადგილიდან იუწყებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელია, ასევე, პარტიის სხვა წევრები - ბესო გაზდელიანი და ბაჩო დოლიძე პოლიციამ დააკავეს. თავად მელიამ „დაკავებამდე“ განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა. შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.  ასევე მედიის ცნობით, გლდანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. თავად ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმითვე, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავდახმას დღეს თბილისის საკრებულოში მომხდარს უკავშირებენ, რა დროსაც ეძგვერაძე და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაცია განმარტავს, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს. „ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს 19 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. მანამდე, ასევე 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.“ იუსტიციის სამინისტროს 20 სექტემბრის განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა.

შსს: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვეიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა,“ - განაცხადეს შსს-ში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ნიკა მელია დააკავეს  

კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლა (HSE), MGIMO-ს და გაზეთ Komsomolskaya Pravda-ს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სანქცირებულ პირებს შორის არიან MGIMO-ს რექტორი ანატოლი ტორკუნოვი, შრომის სამინისტროს ხელმძღვანელი ანტონ კოტიაკოვი, პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი, ანდრეი კორტუნოვი, დიმიტრი ტრენინი და Rossotrudnichestvo-ს ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი. სანქციების სიაშია რუსი ტანმოვარჯიშე ნიკიტა ნაგორნი, რომელიც იუნარმიას შტაბ-ბინას ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, ზელენსკი აშშ-ის შემდეგ კანადაში ჩავიდა. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თემთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს.