ძებნის რეზულტატი:

პარლამენტის შენობასთან, 19 თებერვალს, შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, პარლამენტის შენობასთან, 19 თებერვალს, შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, 2021 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 19 თებერვალს, პარლამენტთან პოლიციამ სხვადასხვა აქციის 25 მონაწილე დააკავა.

ლიეტუვის სეიმის წევრი: შესაძლოა ყველაფერი დაკარგოთ, რუსეთს არ სჭირდება ტანკი, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, რაც ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის

"თქვენს პრობლემებს თან ერთვის თქვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. შემიძლია მარტივად ვთქვა, თქვენ შესაძლოა, დაკარგოთ ყველაფერი", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. ის "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტში მივიდა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. პავილიონისის თქმით, თუ ქვეყანას ლიეტყვუს გზით სურს სიარული, საჭიროა გაერთიანება. "თქვენს პრობლემებს თან ერთვის თქვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. შემიძლია მარტივად ვთქვა, თქვენ შესაძლოა, დაკარგოთ ყველაფერი. როდესაც მე ვიყავი ახალი დიპლომატი, მახსოვს, ჩემმა პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 1992 წელს მითხრა, ჩვენ ან ევროკავშირსა და NATO-ს შევუერთდებით, ან მოვკვდებითო. ასე რომ, თქვენ ან ლიეტუვის გზით მიდიხართ, ან ბელარუსის გზით. რომელ არჩევანს გააკეთებთ, ქართველებო? თუ გსურთ ლიეტუვის გზით სვლა, გაერთიანდით ახლა, ვიდრე ძალიან გვიანი არაა. ეს დაგვიანებული იქნება, როდესაც თქვენ კვლავ იხილავთ რამე სახის დაძაბულობას თქვენს ქუჩებში. პრობლემა არის ის, რომ რუსეთს არ სჭირდება ტანკი, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის. გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს, გაერთიანდით, აჩვენეთ ერთიანობა და თქვენი დემოკრატიის სიმწიფე", – განაცხადა ზიგიმანტას პავილიონისმა. პარლამენტის წევრის თქმით, ევროპაში იშვიათია პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ ჯვარს ატარებს მკერდზე და მედიის წარმომადგენლებს ქართული ჯვარი აჩვენა, რომელსაც, როგორც აღნიშნა, არასდროს იხსნის. "ეს თქვენი ჯვარია და მე მას ყოველდღე ვატარებ. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, გააკეთოთ რაც შესაძლებელია გაერთიანებისთვის. თქვენ ხვალ გაქვთ კონსტიტუციის დღე, მომავალ კვირას კი - ოკუპაციიდან 100 წლისთავი. მოდით, აღვნიშნოთ ეს თარიღები როგორც ერთიანობისა და დიალოგის დღეები. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად", - თქვა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა. პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონში რთული სიტუაციაა და მაზაობა გამოხატა ამ რეგიონის სტაბილურობის დამყარებაში. "მსურს, საქართველო იყოს ჩემპიონი რეგიონში, რადგან საქართველო არის შუქურა კავკასიაში. კავკასიის რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ რეგიონის სტაბილურობაში. ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია, დიალოგის გზის პოვნა. ის, რის თქმასაც ჩვენ ვცდილობთ და რასაც გავიმეორებთ ყველა დონეზე, ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრეზიდენტთან, რომელიც შესაძლოა, ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში ჩვენი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ მემარჯვენემ და მემარცხენემ უნდა იმუშაონ ერთად სტრატეგიული მიზნების მისაღწევად", – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა. მისი თქმით, უფრო კონკრეტული ვარაუდი იმის შესახებ, რა შედეგებს მოიტანს მისი შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გასამართად, ხვალ შეეძლება გააკეთოს, როცა ყველა მხარის პოზიციები ექნება მოსმენილი, მანამდე კი აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზადაა დიალოგისთვის და იმედი აქვს, ამ დიალოგის მონაწილე იქნება ნიკა მელიაც. "მე ახლა ხიდების შენება მინდა. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ხიდებისთვის. ვიმედოვნებ, ხალხი, რომელიც არ არის პარლამენტში, ასევე მზად არის ამისთვის. თუმცა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება პარტნიორები დიალოგისთვის. ჩემი იმედია, რომ ნიკა მელია იქნება წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებში, რადგან რთულია მოლაპარაკებებში მონაწილეობა ციხიდან. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს", - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა. მმართველის გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტის წევრი გაერთიანებულ ოპოზიციასთან შესახვედრად, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დაბრუნდა.

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადა 50 დღით შეამცირა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა. ხოლო პატიმრობის ვადა 50 დღით შეუმცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნავალნის თქმით, მისთვის პატიმრობის მისჯა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. 2 თებერვალს პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე. "მათ სასჯელი 1.5 თვით შეამცირეს. დიდებულია!" - ასე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამჟამად, ნავალნიმ ციხეში 2 წელი, 6 თვე და 2 კვირა უნდა გაატაროს და 2023 წლის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გათავისუფლდება.

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, ქვეყნები, დიპლომატები, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე განცხადებებს ავრცელებენ და დემოკრატიის და ევროინტეგრაციის კუთხით, ქვეყანაში არსებულ საშიშ ვითარებაზე მიუთითებენ. _ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და NATO-ს, ან კვდები - ეს განცხადება დღეს საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფმა, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. სეიმის წევრი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „გაერთიანდით, სანამ გვიანი არ არის - რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის, შეჩერდით, გთხოვთ. თუ რეპრესიები გაგრძელდება, საქართველოს შანსები განადგურდება.საქართველო ან ლიტვის გზით წავა, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა. Europetime მიმდინარე განცხადებების სხვა მოკლე ჩამონათვალს გთავაზობთ. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი და აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში: საქართველო საშიშ ჩიხშია შესული. დემოკრატიის გადატვირთვის დროა აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი გვაფრთხილებს, რომ ჩრდილოეთით გვყავს მტრულად განწყობილი ქვეყანა: „რომელიც ცდილობს, თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ“. ამერიკელი კონგრესმენები ყველა მხარეს მოუწოდებენ, პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს მშვიდობიანად გადაწყვეტს. ამერიკელი სენატორების განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება. აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის თქმით, რეალურად, საქართველო საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს არ უნდა დაუბრუნდეს პერიოდს, როცა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებით, საქართველო პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას უბრუნდება. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. აშშ-ის საელჩოს შეფასებით, საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. „ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს“. შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.

ნიკა მელიას ადვოკატები პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ

ნიკა მელიას ადვოკატები პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიას ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მათ არ სჯერათ, რომ სააპელაციო სასამართლოში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად და ობიექტურად განიხილავენ საჩივარს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. "გუშინ საღამოს ჩვენ ჩავიბარეთ ნინო ჩახნაშვილის განჩინება, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ამ განჩინებაში არ წერია არაფერი, გარდა შაბლონური ტექსტებისა. ნიშანდობლივია, რომ ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა,რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება. ჩვენ ვფიქრობთ, ეს განმარტება არაკონსტიტუციურია და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არა აქვს ეს ხდება გამოძიების ეტაპზე, თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება", - განაცხადა საძაგლიშვილმა. ადვოკატის თქმით, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია - ორი ინსტანციურობის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკითხი მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს. უნდა არსებობდეს საკითხის გასაჩივრების პრინციპი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობას გულისხმობს. "ჩვენ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს და მიგვაჩნია, რომ მან უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას. თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლის, რომ არ უნდა დაეყრდნოს კონსტიტუციას, არამედ უნდა იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მაშინ ჩვენ აგრეთვე წარდგენილი გვაქვს შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში, წარდგინებით მიმართოს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ან სააპელაციო სასამართლომ, ან საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნება განხილული ჩვენი საჩივარი. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური." - განაცხადა საძაგლიშვილმა.

თეთრი სახლი: აშშ რუსეთს დიდ შვიდეულში არ მიიწვევს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აშშ რუსეთს დიდ შვიდეულში არ მიიწვევს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯენ პსაკის თქმით, რუსეთისთვის დიდი შვიდეულის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ნებისმიერი შესაძლო შეთავაზება ჯგუფის ყველა წევრთან შეთანხმებით მოხდება. ცნობისთვის, რუსეთი დიდი შვიდეულის წევრი 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე იყო.

„ლელო“: მოლაპარაკებების პროცესი თუ დაიწყო, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია

„მოლაპარაკებები თუ იქნება და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის ამოცანა და მიზანი საპროტესტო აქციები კი არ არის, არამედ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, ისეთი პროცესები ვნახოთ, რომლის კონტროლიც შეუძლებელი იქნება და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ძალიან დიდ ზიანს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა შეთანხმების მიღწევა ორივე მიმართულებით - მელიასა და 31 ოქტომბრის შემდეგ წარმოშობილ კრიზისთან მიმართებაში“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: ყურად უნდა ვიღოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა მოწოდება

"ყურად უნდა ვიღოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა მოწოდება, რაც ამ ბოლო პერიოდში იყო", – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განცხადა. როგორც ბოჭორიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება, რომ პოლიტიკური დიალოგი უნდა გაგრძელდეს პარლამენტში. „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ბოლო პერიოდში მათი მხრიდან გვესმის არაერთი მოწოდება, რომ დროულად შევძლოთ სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილი ფუნქციონირება, პარლამენტში გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი, ისე, როგორც ეს არჩევნების შედეგებმა დაგვავალა. შესაბამისად, ძალიან მნივნელოვანია, რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყურად უნდა ვიღოთ ყველა მოწოდება, რაც ამ ბოლო პერიოდში ყოფილა ჩვენი პოლიტიკური ძალების მიმართულებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები

სამი რამ, რითაც აშშ-ს საქართველოს დახმარება შეუძლია

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ, რომ აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობა, ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი პირველი ასეთი განცხადება არქივში მოიძებნება, როდესაც 2018 წელს, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტს შეეხო. ერთ-ერთი ბოლო განცხადება კი 2020 წლით თარიღდება. „როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. არასდროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი ხელშესახები შედეგი ამერიკასთან ჩვენ არ გვქონია. შარშან მიღებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის ათი წელი მოიცვა. ეს დეკლარაცია არის ყოვლისმომცველი. ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიული აღმშენებლობის, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ალიანსი, არამედ არის საერთო ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულებით ჩამოყალიბებული კავშირი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, 2020 წლის ოქტომბერში. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ განამტკიცა სტრატეგიული პარტნიორის ნდობა და გააძლიერა თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აშშ-ის მხრიდან მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც გამოიხატა აშშ-ის საბიუჯეტო კანონში მნიშვნელოვანი ჩანაწერით და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, ვინც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას. „დღეს კი საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უმაღლეს და მაღალ დონეზე პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად“, - შესაბამისი განცხადება უკვე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა, გუშინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. საკომიტეტო მოსმენები ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც პრემიერმა თანამდებობა დატოვა ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, რის შესახებაც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდანაც ისმის კრიტიკა, უკვე ახალი, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად აშშ-ის ახლადდანიშნული სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელზე გაგზავნილი წერილის მნიშვნელობაზე დავით ზალკალიანმა საკომიტეტო მოსმენისას ისაუბრა. მისი თქმით, წერილში ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და მზაობა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გასაძლიერებლად. მინისტრობის კანდიდატის თქმით, წერილში ასევე ყურადღება გამახვილებულია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებზე და განსაკუთრებული აქცენტია დასმული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აშშ-ის განსაკუთრებულ როლზე და ერთობლივ ძალისხმევაზე შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად. სამ მიმართულებას შორის, რითაც ამერიკის ნებისმიერ ადმინისტრაციას საქართველოს დახმარება შეუძლია და რაც საქართველოსთვის ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, პოლიტიკური მეცნიერების მიწვეული ლექტორი პიტსბურგის უნივერსიტეტში, ვასილ რუხაძე ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებს. Europetime-თან საუბრისას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ შემდეგი ასეთი ნაბიჯი - საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება და ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის რეჟიმების ეთნიკურად დისკრიმინაციულ რეჟიმებად გამოცხადება იქნებოდა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართული დიპლომატია სწორედ ამ მიმართულებებით უნდა წარიმართოს - „დანარჩენი ყველაფერი კი წყლის ნაყვაა“. ანალიტიკოსი განმარტავს, რა შედეგს მოიტანდა ეს ცვლილებები: ეს ყველაფერი გაამყარებს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. NATO-ში ჯერჯერობით ვერ შევდივართ, ასე რომ, ამერიკასთან თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ უშიშროებას გაზრდის. თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება კი ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას ძალიან დაეხმარება და რა მცირედსაც ვაწარმოებთ როგორც ქვეყანა, ამერიკის ბაზრებს გაუხსნის. რა თქმა უნდა, საქართველო-ამერიკის თავდაცვის ორმხრივ ხელშეკრულებას რუსეთი შეეწინააღმდეგება, ყველაფრით, რითაც შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში, რუსეთს ევროპის წამყვანი ქვეყნების გავლით ის ბერკეტები არ ექნება, რისი საშუალებითაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შეაჩერა. აშკარაა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკას უკანასკნელი 20 წლის და განსაკუთრებით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, კავკასიაში დიდი მიღწვები ჰქონდა. რუსეთმა სისხლში ჩაახშო ჩეჩნეთის აჯანყება, კიდე უფრო გაამყარა თავისი სამხედრო-ეკონიმიკური პოზიციები სომხეთში და როგორც ყარაბაღის უკანასკნელმა ომმა აჩვენა, რუსეთი ერთადერთი მხარეა, რომელიც მთლიანად მოგებული გამოვიდა ამ კონფლიქტიდან: რუსეთის ჯარი ამჟამად უკვე აზერბაიჯანშიც დგას, თანაც ირანს საზღვართან და რაც ასევე არ უნდა დავივიწყოთ, კვლავ რუსეთის ხელშია ყარაბაღის კონფლიქტის ახლიდან გაღვივების მექანიზმი. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო კავკასიის რეგიონში ბოლო დარჩენლი პარტნიორია. თუ ამერიკის საგარეო პოლიტიკა კავკასიის რეგიონს სერიოზულად უყურებს, საქართველოს გამაგრება და გაძლიერება, რაც ამ შემთხვევაში თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულებით და თავისუფალი სავაჭრო ხელშრეკრულებით გამოიხატება, ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელება უნდა იყოს“. ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ დავით ზალკალიანმა საკომიტეტო მოსმენისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს პრინციპულ პოზიციას რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუღებლობის თაობაზე, რასაც მოწმობს აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, სადაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ანალიტიკოს ვასილ რუხაძის შეფასებით, მხოლოდ რიტორიკას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. როგორც ჩვენი პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის ბოლოს 30 წელმა გვაჩვენა, რიტორიკა ძალიან ხშირად ბევრად განსხვავდება რა ხდება რეალურად პოლიტიკაში. „მთავარია, რა ცვლილებები იქნება უშუალოდ ქმედებებში. მე პირადად ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთთან მიმართებით რადიკალურ ცვლილებას, ან ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გამწვავებას არ ველოდები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კოვიდის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის ნეიტრალიზებისთვის ამერიკას სულ ცოტა რამდენიმე წელი დაჭირდება. კოვიდიც რომ არ ყოფილიყო, დღეს რუსეთი გაცილებით უფრო ძლიერ მდგომარეობაშია, ვიდრე 1980-იანი წლების შემდგომ ოდესმე ყოფილა. ეს ამერიკულ პოლიტიკურ წრეებს ძალიან კარგად ესმით. ასე რომ, რუსეთთან სიტუაციის შემდგომ გამწვავებაზე ნამდვილად აღარავინ წავა. ყოველ შემთხვევაში მომდევნო რამდენიმე წელი მაინც“, - აღნიშნავს ვასილ რუხაძე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 თებერვალს გაავრცელა. „სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის ჩარევაზე 2020 წლის შეერთებული შტატების არჩევნებში, მის სამხედრო აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე, SolarWinds-ის ინციდენტსა და სხვა თემებზე", - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომ დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს როგორც ამერიკას, ასევე მის მოკავშირეებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა

ეკონომიკის სამინისტრო 50 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრობის 2021 წელს, 50 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე თურნავამ აღნიშნა, სამინისტრო უახლოეს პერიოდში, 10 საწარმოს გამოიტანს გასაყიდად. აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში. საპარლამენტო კომიტეტების მიერ წარმოებული მოკვლევების დასკვნების საფუძველზე 2 მიმართულებით მივდივართ ერთი - სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და მათი კორპორატიზაციაა და მათი შემდგომი შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებლები იყვნენ ფინანსურად, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო. ჩვენ ამ ახალი აქტიური პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. უახლოეს პერიოდში პირველი 10 საწარმო იქნება შეთავაზებული. ეს არ ნიშნავს, რომ წელს ყველა გაიყიდება, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, - განაცხადა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა წიაღისეულისა და სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების კუთხით დაგეგმილ რეფორმაზეც ისაუბრა. "შეგვიძლია თამამად დავიწყოთ სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების პროცესი უფრო აქტიურად, ვიდრე ეს აქამდე იყო. მნიშვნელოვანი რეფორმაა წიაღის რეფორმა, რა დროსაც მოხდება დივერსიფიცირება ლიცენზიის სახეობების, ზედამხედველობის სისტემის დახვეწა, სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირება და აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. 50 საბადოს ახალი პაკეტი ასევე იგეგმება და ვფიქრობთ, რომ იმ საპრივატიზაციო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე ვაჟთა შორის 2 ოროს, ერთი ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ნუგზარ ტატალაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თენგიზ ცერცვაძე: 2-3 კვირაში სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 2-3 კვირაში სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება როგორც ცერცვაძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები განიხილება და ეტაპობრივად მოიხსნება სხვა შეზღუდვებიც. „მე უშუალოდ არ ვარ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განიხილავს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ყოველ კვირაში რაღაც ახალი შემსუბუქება განიხილება. ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება; განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი – ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება და კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები. მე არ ვიცი, ზუსტად როდის მოხდება შემდეგი შემსუბუქებები. იცით, ახლა მთავრობაში ცვლილებებია. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქარებს თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ. რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, იმის შემდეგ ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვის მოხსნა ხდება. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში. ის, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ – კარგია, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი და ის, რაც მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა მაღალი პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი, ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება“, – აცხადებს ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ პირბადის ტარება გამოდგა ბევრად ეფექტური საშუალება ინფექციის გადაცემის პრევენციისათვის, ვიდრე ჯანდაცვის მუშაკებს ეგონათ. „გახსოვთ დრო, როცა ამბობდნენ, რომ პირბადე არ არის გარანტირებული დაცვა ინფექციის გადაცემისგან. არა, პრაქტიკულად, გარანტირებული დაცვაა. იმაზე მეტად გარანტირებულია, ვიდრე გვეგონა. ამიტომ ახლა უმთავრესი არის, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადეები, დაიცვას სოციალური დისტანცია. დანარჩენი, რაც შეეხება ვაქცინის შემოტანას და რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, მოსახლეობა პირბადეების ტარებას მასობრივად თუ გააგრძელებს, უბრალოდ, დროის ამბავია, ვაქცინის შემოტანაც და შეზღუდვების მოხსნაც. ხანგრძლივი დროის ამბავი არაა, უმოკლეს დროში მოხდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში

„დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში, წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიება პარლამენტში საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. „საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო - სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთი საუკუნის წინ, ამ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. საბჭოთა ოკუპაციის გამო მან მხოლოდ ოთხი დღე იარსება, თუმცა პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა მთავარ ღირებულებებად ერისა და პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია! საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს, ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ისეთი პროგრესული და დემოკრატიული დებულებები, როგორიცაა: საპარლამენტო მოწყობა და მმართველობის დაბალანსებული სისტემა, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, კანონის წინაშე მათი თანასწორობა, განურჩევლად სქესისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა, ეროვნული უმცირესობების თავისუფალი სოციალურ-კულტურული განვითარება, საყოველთაო საარჩევნო უფლება - ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო თანასწორობა, რაც ჯერ კიდევ 1918 წელს საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატის, ამასთან, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის არჩევის სამართლებრივი გამოძახილი იყო. სწორედ ამ ფასეულობების აღიარებით გამოირჩევა 1921 წლის კონსტიტუცია არამხოლოდ საუკუნის წინ შექმნილ, არამედ თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორის. სწორედ ეს ფასეულოებები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ. ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა. მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი. 1921 წლის კონსტიტუციამ ფუნდამენტური როლი შეასრულა ისტორიულ წარსულთან ჩვენი კავშირის შენარჩუნებაში. როგორც მის მე-10 მუხლშია ნათქვამი, „ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ“, შესაბამისად, 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 1921 წლის კონსტიტუციის სამართალმემკვიდრედ აღიქმება (რაც შემდეგ 1995 წლის კონსტიტუციაში აისახა). მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად, შიგნიდან თუ გარედან, ხელს უშლიდნენ ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ და დემოკრატიულ პროცესებს, ვერავინ გვათქმევინა უარი ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც 1921 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა. ეს თარიღი - ასი წელი - ნათლად გვაჩენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ქვეყნის წინსვლისთვის - დამოუკიდებლობიდან დღემდე - ერის ერთსულოვნება. კონსტიტუცია ის ღერძი და ხერხემალია, რომელიც კრავს სახელმწიფოს და ზურგს უმაგრებს მას. ამდენად, კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არის ჩვენი სულიერი, ისტორიული და სამართლებრივი კავშირი ჩვენი ქვეყნის წარსულთან. ამავე დროს ის დღევანდელი სახელმწიფოს რეალური საყრდენი და ასევე, ჩვენი მომავლის ფუნდამენტია. აქედან ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი სამართლებრივი საყრდენის რღვევა, სახელმწიფოს რღვევაცაა! გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა კონსტიტუციის პირდაპირი უგულებელყოფა იყო. ყოველი ამგვარი მცდელობა დღესაც (თუნდაც ზვიადისა და მერაბის სახელების გამოყენებით) პირველ კონსტიტუციაში ასახულ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინიცპებს და, შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება! დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში. წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ სამართლის ტრადიციებით, საქართველოს სხვადასხვა მხარეში განვითარებული სამართლის ისტორიული ადათ-წესებით. ეს ტრადიცია ქმნის ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განსაკუთრებულობას. ეს ტრადიცია გრძელდება დღემდე. მინდა, გამოვხატო პატივისცემა ყველა კონსტიტუციონალისტის მიმართ. მათ მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი 1995 წლის კონსტიტუციის შექმნასა და შემდგომ მასში შეტანილი ყველა ცვლილების ჩამოყალიბებაში. შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ კონსტიტუციის ბოლო რედაქციით. ეს ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების, იდეას. იგი აწესებს დახვეწილ, ახალი ტიპის ევროპულ საპარლამენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით, ძლიერი ბერკეტებით ოპოზიციის ხელში, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. აწესებს მთელ რიგ ახალ უფლებებს - სოციალურს, საზოგადოებრივს, ეკოლოგიის თუ ჯანდაცვის დარგში, რითაც წამყვანი კონსტიტუციების რიგებში ეწერება. მე, პირადად, ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა და ბოლომდე სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის და მისი პრინციპების ერთგულებაა. მჯერა, რომ ერთსულოვნებითა და მთავარი ფასეულობების გარშემო გაერთიანებით საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო - სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია. ისეთი, როგორსაც ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს. ჩვენს კონსტიტუციას ჯერ კიდევ გარდამავალი სახე აქვს, რამეთუ ჩვენ გადასალახი გვაქვს უმთავრესი გამოწვევა - გაუცხოება ჩვენს განუყოფელ ნაწილთან, აფხაზ და ოს ხალხებთან, საქართველოს ხალხის გამთლიანება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა და ერთად კონსტიტუციის დასრულება - ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზნისკენ გადადგმული ერთი მცირე, მაგრამ სიმბოლური ნაბიჯია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თარგმნა და გამოცემა აფხაზურ ენაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი შემოვიდა

თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი შემოვიდა. სარკინიგზო შემადგენლობა, რომლის ორგანიზებაც „მაერსკ ჩინეთის“ მიერ მოხდა, მოემსახურა ერთ-ერთი მსხვილი ქართული იმპორტიორისთვის განკუთვნილ პრიორიტეტულ ტვირთს, რამაც აღნიშნულ კომპანიას მისცა სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის შესაძლებლობა და შეუმცირა მნიშვნელოვანი ღირებულების ტვირთის ტრანსპორტირების დრო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს პირდაპირი ბლოკ-მატარებლით დაუკავშირდა და სიანიდან თბილისამდე მგზავრობის დრომ მხოლოდ 21 დღე შეადგინა. ბლოკ-მატარებელი არის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც უწყვეტად, შეუფერხებლად ოპერირებს საწყის და დანიშნულების პუნქტებს შორის და ტვირთმფლობელებს თავიდან არიდებს საზღვრების კვეთასთან დაკავშირებულ თუ სხვა ბიუროკრატიულ სირთულეებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების თანმდევია. „მაერსკ ჩინეთმა“ მიიღო ტვირთი ჩინეთში, უზრუნველყო ყველა საექსპორტო დოკუმენტის მოწესრიგება და მონიტორინგს უწევდა ტვირთს, საბოლოო ჩაბარებამდე. ამასთან, „მაერსკი“ პარტნიორობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური), რათა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოტენციალი, შეასრულოს ევროპა-აზიის მაკავშირებელი კარიბჭის როლი, ეფექტურად იყოს ათვისებული აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების და მათ მიმდებარე რეგიონების მიმართულებით წამოსული ტვირთებისთვის სწრაფი საზღვაო-სარკინიგზო მომსახურებების შეთავაზებით. „ეიპიემ ტერმინალსის“ მმართველობაში მყოფი ფოთის მრავალმიზნობრივი საზღვაო ნავსადგური ემსახურება ყველა გლობალური საზღვაო ხაზის საკონტეინერო ტვირთნაკადს, რომელიც მოძრაობს საზღვაო, სარკინიგზო თუ სახმელეთო გზებით. აღნიშნული სერვისით, რომელიც სრულ მარშრუტზე ეფექტური და სწრაფი გადაზიდვების უზრუნველყოფით, ტვირთებს საქართველოს გავლით დააკავშირებს მსოფლიო ლოგისტიკურ ჯაჭვთან, კომპანია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის კონცეფციის განვითარების ეროვნულ მიზანს.

კარლ ჰარცელი: კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ

„ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა, რათა სიტუაცია დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობ იმაზე, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. კარლ ჰარცელმა ასევე ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. „ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ ღონისძიების ნაწილი, სადაც საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ჩემთვის, როგორც ევროპელისთვის ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს. კონსტიტუციის კითხვისას ნათელია ძალიან ნათელი მესიჯი, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილია. ამ კონსტიტუციას ძალიან პროგრესული ხასიათი ჰქონდა, ის ქალებსა და კაცებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებდა. ასევე უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თავისუფალი შეკრების უფლება, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ჩემთვის და ჩემი ევროპელი კოლეგებისთვის ძალიან დიდი პატივია დღეს აქ ვიყოთ. „დიდი მადლობა“ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ დღეს“, - აღნიშნა ჰარცელმა.

ილია მეორე: ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა

„ილია მეორე: ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავს უკავშირდება. პატრიარქი აღნიშნავს, რომ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმეორედ გამოცხადებას ისევ ერთი წლით წინ უსწრებდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. „უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლა ეკლესიის წიაღშიც მწიფდებოდა; ამიტომაც იგი იმპერიული ძალებისათვის განსაკუთრებული დევნისა და შევიწროვების სამიზნეს წარმოადგენდა, თუმცა ამ პროცესში ჩვენი რწმენაც და თვითშეგნებაც უფრო ძლიერდებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 1917 წელს, სწორედ საქართველოს ეკლესიამ შეძლო ავტოკეფალიის აღდგენა და სერიოზული ბიძგი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რეალური ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნულია განცხადებაში. „საქართველოს ეკლესია როგორც XX საუკუნეში, ისე თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც საქართველოს მთელმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის სუბიექტად მის გახდომას, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფომ, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიასთან დადო კონსტიტუციური შეთანხმება. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მსგავსი იურიდიული ძალის მქონე სხვადასხვა ხელშეკრულება ევროპის არაერთ ქვეყანაშია გაფორმებული, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საქართველო ამ მხრივ არის გამორჩეული და ეს ჩვენი საკონსტიტუციო სივრცისათვის დამახასიათებელ ფაქტს წარმოადგენს. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ეკლესიამ გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოში სიკვდილით დასჯის სასჯელის გაუქმების საქმეში, რითაც ხელი შეუწყო სიცოცხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან მიმართებაში ქრისტიანული აზროვნების დამკვიდრებას. ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც ცივილიზებული სამყაროს სამართლებივ დოქტრინებს ეყრდნობა და იცავს თანასწორობის, შემწყნარებლობის, არჩევანის თავისუფლების, მოყვასის სიყვარულის ღირებულებებს, ამ თვალსაზრისით სათავეს, ძირითად, ქრისტიანობიდან იღებს. ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხოლო საკონსტიტუციო სუბიექტებს: საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს და, ასევე, ეკლესიას მართებთ ჩვენი მოქალაქეების სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის ისეთივე ზრუნვა, როგორც ამას იჩენდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლას შეწირული ჩვენი ერის ღირსეული მამულიშვილები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პირველ კონსტიტუციაში გამოხატული ღირებულებები ისეთივე მნიშვნელოვანია 2021 წელს, როგორც - 1921 წელს - აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის იუბილეს ულოცავს. „საქართველოს პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საუკუნოვანი მტკიცე ძალისხმევისა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ. თქვენ, მართლაც, უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა. იგი აღიარებდა სახელმწიფოს თავისუფლებასა და განუყოფლობას, იცავდა ძირითად სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს და ადგენდა ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე. იგი ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას, იცავდა უმცირესობებს, უზრუნველყოფდა რწმენის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. „მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველ კონსტიტუციაში გამოხატული ღირებულებები ისეთივე მნიშვნელოვანია 2021 წელს, როგორც - 1921 წელს და ამ ღირებულებებს აფასებს და იზიარებს ამერიკელი და ქართველი ხალხი. დემოკრატიული პროცესი ხშირად გადის გამოცდას, თუმცა, ჩვენი, ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო პერიოდის გამოწვევები ადასტურებს იმას, თუ რაოდენ სიცოცხლისუნარიანია დემოკრატია და რამდენად ერთგული უნდა დავრჩეთ უფრო სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნისა, როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაშია აღწერილი. ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს თქვენს პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ. მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს. ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი შრომა გასწია ქვეყანაში პირველი დემოკრატიის დასამყარებლად, ბევრი იბრძოლა მის დასაბრუნებლად 30 წლის წინ და უამრავი სისხლი, ოფლი და ცრემლი დაღვარა მის აღსადგენად. დემოკრატიისთვის შრომა რთულია და ის არასოდეს მთავრდება, სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომასა და მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში ერთად წინსვლისთვის. თქვენ უნდა იამაყოთ ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და განაახლოთ ერთგულება უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, თქვენი თითოეული თანამოქალაქის სახელით. გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ამ მნიშვნელოვან იუბილეს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თბილისში, ხუდადოვის ქუჩის პირველ ნომერში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Europetime-ს განუცხადეს, ადგილზე 11 სახანძროა მობილიზებული. დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა. მიმდინარეობს ქრობის სამუშაო.

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის თალაკვაძემ კობახიძეს ორდენი გადასცა

„პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლანეტო ორდენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ირაკლი კობახიძის დაჯილდოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს. „დღეს განსაკუთრებული დღეა, 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია და დღეს არის ის თარიღი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების განვლილ 100 წელიწადს და ასევე, დავფიქრდეთ ჩვენს მომავალზე. დამსწრეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებს ორდენით დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიან წევრობასთან აახლოებს. „გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჩვენი პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჯილდოსთვის, მადლობას გადავუხდი პარლამენტის ბიუროს წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პარლამენტის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხი წლის წინ ერთად განვვლეთ ის გზა, რომელმაც შედეგად მოგვცა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ჩვენი ამბიციური მიზანი და ამოცანაა საბოლოოდ გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და მე მჯერა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია იყო და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ამ მიზნამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა. „თავისუფლების საპარლამენტო ორდენთან ერთად“, ირაკლი კობახიძეს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ფულადი ჯილდოც გადაეცა, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

ილია II: ეკლესია თავისი არსებობის განმავლობაში, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო, სადაც ნათქვამია, რომ „სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხოლო საკონსტიტუციო სუბიექტებს: საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს და, ასევე, ეკლესიას მართებთ ჩვენი მოქალაქეების სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის ისეთივე ზრუნვა, როგორც ამას იჩენდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლას შეწირული ჩვენი ერის ღირსეული მამულიშვილები“. „მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცებიდან სულ რამოდენიმე დღეში მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს კონსტიტუციამ მაინც შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის ფუნქცია, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. „შემთხვევითი არ არის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 1917 წელს, სწორედ საქართველოს ეკლესიამ შეძლო ავტოკეფალიის აღდგენა და სერიოზული ბიძგი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რეალური ნაბიჯების გადადგმას. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმეორედ გამოცხადებას ისევ ერთი წლით წინ უსწრებდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. საქართველოს ეკლესია როგორც XX საუკუნეში, ისე თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც საქართველოს მთელმა საზოგადობამ მხარი დაუჭირა საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის სუბიექტად მის გახდომას, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფომ, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიასთან დადო კონსტიტუციური შეთანხმება. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მსგავსი იურიდიული ძალის მქონე სხვადასხვა ხელშეკრულება ევროპის არაერთ ქვეყანაშია გაფორმებული, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საქართველო ამ მხრივ არის გამორჩეული და ეს ჩვენი საკონსტიტუციო სივრცისათვის დამახასიათებელ ფაქტს წარმოადგენს. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ეკლესიამ გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოში სიკვდილით დასჯის სასჯელის გაუქმების საქმეში, რითაც ხელი შეუწყო სიცოცხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან მიმართებაში ქრისტიანული აზროვნების დამკვიდრებას. ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც ცივილიზებული სამყაროს სამართლებივ დოქტრინებს ეყრდნობა და იცავს თანასწორობის, შემწყნარებლობის, არჩევანის თავისუფლების, მოყვასის სიყვარულის ღირებულებებს, ამ თვალსაზრისით სათავეს, ძირითადად, ქრისტიანობიდან იღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.