ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შექმნას აპირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან დეპუტატებს თავისი გეგმა და ხედვები გააცნო. „პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ვაქცინების შემოტანა და განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შემუშავება, რომლის შექმნასაც ჩემს გუნდთან და მთავარობასთან ერთად და თქვენი ჩართულობით ვაპირებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლადო კახაძე ღარიბაშვილს: წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა
"თქვენ პირადად ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა"- დღეს პარალემნტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლისას, ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ. დღეს პარლამენტი პრემირ-მინისტრობის ახალ კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის ახალ შემადგენლობის დამტკიცებას კენჭს უყრის. სხდომა ამ ახლაც მიმდინარეობს. კახაძემ თანაგუნდელების მსგავსად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილისადმი სიტყვით მიმართვა ქებით დაიწყო. . ბევრი საქმის თაოსანი ბრძანდებოდით და არასოდეს ახალი ინიციატივების აღების არ შეგშინებიათ, მარტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რად ღირს, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო ყოველივე ეს. ზუსტად თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროპასთან პირველ ნაბიჯებს, ვიზა ლიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს, ნდობის ფაქტორის გაჩენას და დაგვირგვინდა ის, რომ ნატოსთან ურთიერთობის სამაგალითო ნიშნულზე აყვანილია ჯარი", - განაცხადა კახაძემ საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისა და მთავრობის მეთაურის დამტკიცება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ლიეტუელი დეპუტატის განცხადებები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის და მმართველი გუნდისთვის ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები არაფერს ნიშნავს. ღარიბაშვილმა პავილიონი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ პერსონად მოიხსენია. აღნიშნული განცხადება პრემიერობის კანდიდატმა ლიეტუველი დეპუტატის კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. პავილიონმა მიმდინარე პოლიტკურ პროცესებზე შეშფოთებას გამოთქვა და ხელისუფლებას ავტორიტარულ გადაცდომებში დაადანაშაულა. ლიეტუელი დეპუტატის თქმით, ხელისუფლების გარდა, ყველა პარტიამ გამოთქვა მშვიდობიან მოლაპარაკებებში ჩართვის მზაობა. “რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებს ამ ადამიანს და ჩვენს მეგობრებს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად შემთვის და ჩვენი გუნდისთვის. მე ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი ჩვენი მოსახლეობის მიერაა არჩეული. ჩვენმა მოსახლეობამ მესამე მანდატი მოგვანიჭა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვყენის მართვა. არავის აქვს უფლება მოგვიწოდოს გაუგებარი უსამართლო განცხადებებით” — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ლადო კახაძე ღარიბაშვილს: ნამდვილად რაღაც არის შესაცვლელი და რა არის შესაცვლელი?
"ნამდვილად რაღაც არის შესაცვლელი და რა არის შესაცვლელი?", - პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, რამდენიმე კითხვა დაუსვა. „თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენი მოსვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამ პანდემიის დროს? როგორ ხედავთ, რა არის შესაცვლელი, რაღაცა არის შესაცვლელი ნამდვილად, ამას მოსახლეობა ჩვენთან ერთად გრძნობს და თქვენი ხედვა მინდა...პანდემია გლობალური პრობლემაა და დღეს დედამიწა საავადმყოფში იმყოფება. ყველა პაციენტი გამოსვლაზე ფიქრობს და თქვენი ხედვა მაინტერესებს პოსტპანდემიის პერიოდში აღდენის და სითავისუფლის უკან დაბრუნების გზაზე“, - ჰკითხა დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში შემოვა - შეზღუდვების 80% ამ კვირიდან მოიხსნება
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში შემოვა - შეზღუდვების 80% ამ კვირიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. “ჩვენ, ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემსუბუქდება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართელოში მარტში შემოვა. „რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა - პირველი ვაქცინა, როგორც მე მინისტრისგან მოვისმინე, შემოვა მარტის თვეში, და ბატონი ლადო კახაძის კითხვას რაც შეეხება, 60%, რაც არის რეკომენდებული ნიშნული და მიზანი, წლის ბოლოს ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია და ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი, უზრუნველვყოფთ ვაქცინაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ძალა და გამბედაობა ეყოფა, ჩვენი გუნდი დიალოგს მიესალმება
"თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ეყოფა, ჩვენი გუნდი დიალოგს მიესალმება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის არ გულისხმობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას. "რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, რომელიც სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობენ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი აბსოლუტურად მიუღებელია და ეს სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს. „ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა საქართველოს პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე - ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები, შესაძლოა, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. პარლამენტის ტრიბუნიდან ხალხის სათქმელი უნდა ისმოდეს. ჩვენი ხალხის დაკვეთაა მათი რეალური, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენ ახლა გვჭირდება ჩვენი ხალხის ინტერესების ირგვლივ გაერთიანება. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციური ოპონენტების მხრიდან, ვგულისხმობ საინფორმაციო დესტრუციულ კამპანიას - თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, ძალიან მალე, ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან. ჩვენ ყველა ამ სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი
"ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი", - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ნიკა მელიაზე საუბრისას, მას კრიმინალი უწოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი კრიმინალების თავშესაფარი. "ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ მძიმე დანაშაულისთვის - ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმს - თურმე არ უნდა შევეხოთ. რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს იდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი?", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც რარიბაშვილმა აღნიშნა, მათ არავის დაჭერა და დასჯა უხარია. "ჩვენ არავის დაჭერა და არავის დასჯა არ გვიხარია. ისე ნუ ჩათვლიან, რომ ვიღაცის დაჭერაზე ვართ ორიენტირებული და მხოლოდ ამაზე ვართ ორიენტირებული. ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი დავუთმე ეკონომიკაზე საუბარს, სოფლის მეურნეობას და იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც საჭიროებს რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ისეთ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მდგრადობას, ჩვენს სტაბილურობას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ნიკა მელიას მხარდამჭერებს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ბატონი მელია, და ნებისმიერ, გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას. კანონი უნდა აღსრულდეს და კანონი აღსრულდება ისე როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ მოუწევთ ამის გაკეთება და ძალიან მალე. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩემი პასუხი მარტივია, მე არ ვაპირებ და არც მაქვს ამის უფლება, ეს იქნება კანონდარღვევა, უხეში ჩარევა, მე არ მაქვს ამის ვალდებულება და უფლება, რომ ჩავერიო კანონის უზენაესობაში და მისი აღსრულების პროცესში, სხვა შემთხვევაშ მე გავხდები კანონდამრღვევი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
"აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, აზერბაიჯანში მექნება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, მჯერა რომ ბატონი ალიევი, ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერების 80%-ს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში ადანაშაულებს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო დღეებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერების 80%-ს 1992 წელს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის ადანაშაულებს 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობასა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში. “90-იან წლებში ის უბედურება, ის კატასტროფა, რაც ჩვენ ჩვენს თავს დავმართეთ და დავუშვით პრეცენდენტი ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობისა, ყველა ის უბედურება, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, არის იმის ანარეკლი. ამის შემდეგ ჩვენ დავხოცეთ ერთმანეთს, დავკარგეთ ტერიტორიები, დავანგრიეთ ეკონომიკა, ინდუსტრია, ჯანდაცვა და განათლება. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ იმ შულავერის კომიტეტში, რომლებიც იკრიბებიან ნაც. მოძრაობის ოფისში, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80%-ს აქვს მიღებული იმ პუტჩში, იმ გადატრიალებაში მონაწილეობა, რომელიც 90-იან წლებში მათ ჩაიდინეს. იგივე სახეები გველაპარაკებიან დღეს ასეთი აგრესიული რიტორიკით, ზიზღის ენით”, — აღნიშნა მან.
ირაკლი ღარიბაშვილი: საკმარისი აღარ არის წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა გავაათმაგოთ ძალისხმევა
"არავინ იცის როდის დასრულდება კორონავირუსით გამოწვეული პანდემია. საკმარისი აღარ არის წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა გავაათმაგოთ ძალისხმევა", ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მთელს მსოფლიოში იცვლება რეალობა. დღეს ჩვენ ომში ვართ უხილავი მტრის წინააღმდეგ. სახეზე არის უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ არ ვიცით როდის დასრულდება ეს პანდემია და უხილავი ომი, ამიტომ საკმარისი აღარ არის წინა ხელისუფლებასთან შედარება მხოლოდ. საჭიროა გავაათმაგოთ ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი აშშ-ის ყოფილ ელჩზე: ჩვენთვის ბევრად უფრო ძვირფასია საქართველოში მყოფი ელჩის პოზიციები
"ჩვენთვის ბევრად უფრო ძვირფასია საქართველოში მყოფი ელჩის პოზიციები", - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვლენებს აკონტროლებს. “ჩვენთვის ბევრად უფრო ძვირფასია საქართველოში მყოფი ელჩის პოზიციები და მასთან პარტნიორული თანამშრომლობა, მისი მხარდაჭერა იმ პროცესების, რა პროცესებსაც “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი ახორციელებს დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და უშუალო პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ კონკრეტული ქმედებებით გზას დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთის”, - განაცხადა ოხანაშვილმა. აშშ-ის ყოფილი ელჩი: ღარიბაშვილის დაბრუნება "ქართულ ოცნებაში" არსებული კრიზისისა და სისუსტის ნიშანია
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციაში დაბრუნდა
"ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციაში დაბრუნდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს უკვე ჰქონდა კონტაქტები ამერიკელ კოლეგებთან. "ბატონი დავით ზალკალიანი ძალიან ნაყოფიერად აგრძელებს მუშაობას და მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის არის ვიცე-პრემიერი და მინდა გითხრათ, რომ მას უკვე ჰქონდა კონტაქტები თავის ამერიკელ კოლეგასთან", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გაიხსენა პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც მას ამერიკულ ადმინისტრაციასთან უმაღლესი დონის შეხვედრა ჰქონდა. „ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციაში დაბრუნდა. ისინიც გვიცნობენ ჩვენ და აქედან გამომდინარე ველი იმას, რომ გვექნება მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ამერიკასთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართუ ბანკის" საქმეზე მელიას სასჯელში “ოცნების” და ივანიშვილის ჰუმანურობა გამოჩნდა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკის" საქმეზე, ნიკა მელიას სასჯელის განსაზღვრაში “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის „ჰუმანური დამოკიდებულება“ ჩანდა. ამის შესახებ ღაირბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მელია კრიმინალია, იმიტომ რომ სასამართლომ ის შერცხა „კრიმინალად“ ბანკი „ქართუ-ს“ გაკონტრების საქმეზე... ბატონი მელია, მე შეგახსენებთ, რომ არის გასამართლებული, მას მიემართა კონკრეტული სასჯელი ბანკი „ქართუს“ გაკონტრების საქმეზე, ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ყოფილი თავმდჯომარის, ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა.. ანუ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ სამი თვის წინ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ, და რომელსაც იძიებს შს სამინისტრო და პროკურატურა – ვგულისხმობ, პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ მიუხედავად ამისა, არ უნდა შევეხოთ მელიას. მე ვეკითხები – რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაულისთვის ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ და როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვისმ “ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით, 2 წელსა და სამი თვემდე შემცირდა.
21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტმა 5.6 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 13.0 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 12.5 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სინგაპურსა და ჰონკონგში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
21 თებერვლამდე მანდარინის ექსპორტმა 19.1 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 19.1 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.6 ათასი ტონა), სომხეთსა (8.9 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია განცხადებაში.
21 თებერვლამდე თხილის ექსპორტმა 86.1 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 16.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლიოს მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (53%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 30.7 მლნ აშშ დოლარით (55%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 342 ტონა), იტალიაში (3 927 ტონა), ჩეხეთში (804 ტონა), ესპანეთში (489 ტონა), ლიეტუვაში (486 ტონა), საფრანგეთში (423 ტონა), პოლონეთში (385 ტონა), ბულგარეთში (367 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (930 ტონა), რუსეთი (799 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (543 ტონა), უკრაინა (354 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (223 ტონა),კანადა (195 ტონა), შვეიცარია (131 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (80 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (56 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.
"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - ახალი მთავრობის დამტკიცების პარალელურად აქცია იმართება
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა სხვადასხვა ადგილზე აქცია გამართეს. მათ მშვიდობის ხიდთან ბანერი წარწერით "ვადამდელი არჩევნები დაიდოს" გადმოფინა. სამოქალაქო აქტივისტები ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა რჩება. მოძრაობა "საქართველოსთვის" თბილისში აქციებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მართავს. ისინი წინა არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს.
პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ერთი აქტივისტი დააკავა
პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრი, ლაშა ელიაძე დააკავა. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების რუსეთისადმი დამოკიდებულება აპროტესტებენ. მათ პარლამენტთან განთავსებულ დროებით კედელზე ანტისაოკუპაციო წარწერის გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გუტერეში: ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა და განსხვავებული აზრი უსაფრთხოების მკაცრი და საგანგებო ზომების დაწესებით ჩაახშო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ რიგი ქვეყნების ხელისუფლებებმა COVID19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვები, თავიანთი პოლიტიკური ოპოზიციის დასასუსტებლად გამოიყენეს და იყენებენ, - აღნიშნულ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა და განსხვავებული აზრი უსაფრთხოების მკაცრი და საგანგებო ზომების დაწესებით ჩაახშო, ძირითადი თავისუფლებების კრიმინალიზაცია მოახდინა, ინფორმაციის დამოუკიდებელი გავრცელება და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეზღუდა. „ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, პოლიტიკურ აქტივისტებსა და სამედიცინო სპეციალისტებსაც კი აკავებენ, აშინებენ და უთვალთვალებენ იმის გამო, რომ ისინი პანდემიის მიმართ მთავრობის რეაგირებას აკრიტიკებენ“, - განაცხადა გაერო-ს ხელმძღვანელმა. ანტონიო გუტერეშის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში "პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები საარჩევნო პროცესების ჩაშლის, ოპოზიციის ხმების შესუსტებისა და კრიტიკის აღსაკვეთადაც“ კი იყენებენ.
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელიდან საქართველოში ჩამოასვენეს
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელიდან საქართველოში ჩამოასვენეს. საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან გაიმართება. მომღერალს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს ისრაელში გარდაიცვალა. ის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ბოლო პერიოდში კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.