ძებნის რეზულტატი:
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას აღემატება
აშშ-ი COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 500 ათასს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემებენი საიტ Worldometer-ზე არის გამოქვეყნებული. ცნობისთვის, ვირუსით უფრო მეტი ამერიკელი დაიღუპა, ვიდრე პირველ და მეორე მსოფლიო ომში. აგრეთვე ეს რიცხვი მეტია, ვიეტნამის ომში დაღუპულთა რაოდენობაზეც. ცნობისთვის, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში 28 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა COVID-19-ით. მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 11 მილიონი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბრაზილიაში, რომელიც მესამე ადგილზეა, კორონავირუსი 10 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მეოთხეა რუსეთი. იქ დაავადება აღმოაჩნდა ოთხ მილიონზე მეტ ადამიანს.
კონგოში იტალიის ელჩი მოკლეს
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მყოფი იტალიის ელჩი ლუკა ატანასიო და მისი თანმხლები კარაბინერი გაეროს საავტომობილო კოლონაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცლებს. გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატი მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის ავტოკოლონით გადაადგილდებოდა. ავტომობილები რუანდასთან საზღვრის ახლოს, ქალაქ გომას რაიონში დაცხრილეს. ელჩი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ჭრილობებისგან გარდაიცვალა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავდასხმა მოხდა, სამოქალაქო ომის შემდეგ ათობით შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს.
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთამენეთს სოჭში ხვდებიან
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ერთამენეთს სოჭში ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სახელმწიფოთა მეთაურების დღევანდელი შეხვედრა წელს პირველია. ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრის შესახებ ცნობილი გასულ კვირას გახდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოთა მეთაურები განიხილავენ "სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს". კერძოდ, დაგეგმილია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს მსხვილ ერთობლივ პროექტებზე სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში, აგრეთვე ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებსაც განიხილავნ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ”ჩვენ შეიძლება ველოდოთ ძალიან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს”.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომხრეა
"მე ვემხრობი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადებას", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ბრუსელში გამართული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას Deutcshe Welle ავრცელებს. "მე ვემხრობი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადების დაწყებას, კონკრეტული ადამიანების სიაში შეყვანას", - აღნიშნა მაასმა. მისი თქმით, საჭიროა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებაზე საუბარიც. "ამავდროულად ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ შევინარჩუნოთ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ურთიერთობები გაუარესდა." – აღნიშნა მაასმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ღვთისმსახურება შეწყდა
ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება „დროებით - აფხაზური ეპარქიის სტატუსის განსაზღვრამდე“ შეწყდა. ამის შესახებ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლმა, მამა ბესარიონ აპლიამ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს. მამა ბესარიონის თქმით, მიუხედავად ღვთისმსახურების შეწყვეტისა, მრევლისთვის ეკლესიები ღიად დარჩება. „დღევანდელმა სასულიერო პირებმა თავის გარკვეულ ეპარქიებში უნდა დააყენონ საკითხი, თავისი წინამძღოლების წინაშე, რათა მათ თავის მხრივ, პატრიარქ კირილეს წინაშე დააყენონ საკითხი, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ სამომავლოდ. 30 წელია, ასეთ სიტუაციაში ვართ და ასე შეუძლებელია. ამიტომაც, ტაძრებში ღვთისმსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა აპლიამ. რუსული მედიის ცნობით, აპლიამ გადაწყვიტა, რომ არ შეეჩერებინა ღვთისმსახურება სოხუმის მთავარ კათედრალურ ტაძარში. „მე იქ ომამდეც ვმსახურობდი, ომის შემდეგაც, ამიტომაც კანონიკური უფლება კათედრალურ ტაძარს აქვს", - განაცხადა სასულიერო პირმა. ბესარიონ აპლიამ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის საეკლესიო საკითხს სტატუსის განსაზღვრით გადაჭრის.
გერმანიაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა 86 395-მდე გაიზარდა
22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით, ლეგალურად დასაქმების მსურველთა რაოდენობა 86 395-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. ისინი სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“. რეგისტრაცია 15 თებერვალ დაიწყო და 24 საათში, 34 121 მსურველი დარეგისტრირდა.
ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. ნინო დოლიძე, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი იყო, შეცვლის დეკემბერში გადაყენებულ ელენე ნიჟარაძეს. "ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ნინოს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის. ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი“, - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
ლადო კახაძე ღარიბაშვილს: გთხოვთ, წყლის პოტენციალის ათვისების პროგრამას ჩაუდექით სათავეში
პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, რამდენიმე კითხვა დაუსვა. კახაძის თქმით, ყველა ქვეყანას ორი პოტენციალი აქვს — ინტელექტუალური და მატერიალური. ამიტომ მან ღარიბაშვილს სთხოვა, წყლის პოტენციალის ათვისების პროგრამას სათავეში თავად ჩაუდგეს. მისი განცხადებით, სასმელი წყლის ინდუსტრია, არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც შეიძლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ჩამოთვლილი შესანიშნავი პრინციპების დაშენება. "ყველა ქვეყანას აქვს ორი პოტენციალი — ინტელექტუალური და მატერიალური. ყველაზე სწორი არის, როდესაც ეს ორი პოტენციალი ერთმანეთს კარგად შეავსებს და კარგად გამოიყენებს — ინტელექტი მატერიალურ რესურსს. ჭკვიანი ადამიანებითა და გონიერი ადამიანებით სავსე გახლავთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რესურსები მწირი, ჩვენდა სამწუხაროდ, თუმცა ამ რესურსების გონივრული გამოყენება აწარმოე საქართველოს პრინციპებიდან, რომელიც თქვენ მიერ იქნა დანერგილი, კარგად იქნა ათვისებული. ჩვენ გვაქვს ერთი სტრატეგიულზე სტრატეგიული რესურსი, რომლითაც მთელ მსოფლიოს გამოვედრებით და ამ მსოფლიოს, რომელსაც დაუდგება ეს კრიზისი, ჩვენ ამ მსოფლიოს გავაჯერებთ და დავეხმარებით იქით. ეს არის სასმელი წყლის უდიდესი რესურსი - ხარისხით უბადლო, უსაფრთხო და გამოყენებისთვის სარგებლის მომტანი. ბატონო ირაკლი, სასმელი წყლის ინდუსტრია, ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც შეიძლება თქვენი ჩამოთვლილი შესანიშნავი პრინციპების დაშენება - ახალი ეროვნული იდეოლოგიის, პროგნოზირებადი ეკონომიკის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, სიღარიბის აღმოფხვრის, დასაქმების, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის, განათლების რესურსების და, მე ძალიან გთხოვთ, რომ თქვენ ამ პოტენციალის ათვისების სახელმწიფო პროგრამას ჩაუდგეთ სათავეში და ეს საკითხი იმ დიდებულ ადამიანებთან ერთად, რომლის ერთ ჯარისკაცად მეც მიგულეთ, მათ შუამავლად და თქვენთან ერთად ამ საკითხის წამოწევა წინა პლანზე ჩვენ, როგორც მატერიალურ რესურსს შეგვძენს, ასევე უსაფრთხოებისა და ინტერესის სფეროს გახდის მთელი მსოფლიოსთვის, ისინი ჩვენ გაგვიფრთხილდებიან, რამეთუ, იმ წყაროს მივცემთ მათ, რომელიც ასე საჭიროა სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებისთვის", - განაცხადა კახაძემ. .
ლიეტუვის პრეზიდენტმა და სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფების საკითხი განიხილეს
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა. სალომე ზურაბიშვილთან ონლაინ შეხვედრაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მისწრაფებისადმი საქართველოს მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციურ დღის წესრიგზე მოახლოებული მაღალი დონის სამიტის წინ. ასევე - პანდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის ზომებზე“, - წერს გიტანას ნაუსედა. ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტიც შეეხო. „პოზიტიური საუბარი მქონდა ჩემს ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან. საქართველო განაგრძობს მტკიცე სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიცაა ლიეტუვა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის, გარდა პანდემიისა, ეკონომიკისა და სიღარიბისა
"ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის, გარდა პანდემიისა, ეკონომიკისა და სიღრიბისა", - აღნიშნული განცხადებებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარბაშივილი, პარლამენტში წარდგენისას, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა. დღეს პარლამენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალ მინისტრთა კაბინეტს ოფიციალურად დაამტკიცებს. "მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ტყუილად ცდილობენ ჩვენი, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ოპონენტებად წოდებული რადიკალური, დესტრუქციული ძალები ჩვეული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში იმგვარად წარმოჩენას სურათის, თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული კრიზისი. ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი, მეგობრებო, არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში გარდა იმ კრიზისებისა, რომელიც ჩამოვთვალე, ეს არის პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ.", - განაცხადა მან. რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები
ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს: რა გარანტია გვაქვს, რომ ისევ არ დაფაცურდება თქვენი სანათესაო?
„რა გარანტია გვაქვს, რომ ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში ისევ არ დაფაცურდება თქვენი სანათესაო და ისევ კორუფციაში არ ჩაერთვებიან?“ - ამ კითხვით მიმართა „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს. „რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა - მე ირაკლი ღარიბაშვილს ვაფრთხილებდი, რომ მისი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო, შემდეგ თქვენ დაადასტურეთ ეს და თქვით, რომ გარჩევები გქონდათ ამ ხალხთან და ზოგიერთი მათგანი, ახლა თქვენთან სახლშიც კი ვერ მოდის. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს? იყვნენ თუ არა ეს ადამიანები ე.წ. „კახური კლანი“, როგორც მედიაში მოინათლნენ და იყვნენ თუ არა ჩართული კორუფციულ სქემებში? თუ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართული, რამდენად ადეკვატურია, რომ მხოლოდ სახლში არ უშვებთ ამ ხალხს? იქნებ სისხლის სამართლით უნდა ეგოთ პასუხი. ან რა გარანტია გვაქვს, რომ როგორც თქვენი წინამორბედი იტყოდა, ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში ისევ არ დაფაცურდება ის ხალხი და თქვენგან მხოლოდ საყვედურს მიიღებენ“, - მიმართა ალეკო ელისაშვილმა ღარიბაშვილს. ალეკო ელისაშვილმა პრემიერობის კანდიდატს ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის განხორციელებისკენაც მოუწოდა და იმ სიღარიბეს გაუსვა ხაზი, რომელიც პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა ქვეყანაში. „ვიდრე თქვენ ოპონენტების რადარებიდან გაქრობით ხართ დაკავებული, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში საქართველო ნადგურდება და ღატაკდება? ბოლოს როდის ელაპარაკეთ ხალხს? ნავთლუღის ბაზარში თუ ყოფილხართ? იქნებ კავშირი გაგიწყდათ ხალხთან და არ იცით, რომ ლუკმა-პური ენატრება ხალხს. გაფაციცებით გისმენთ მთელი დღეა და ზრდილობის გულისთვისაც კი არ გიხსენებიათ ქამრების შემოჭერა“, - განაცხადა ელისაშვილმა. მისი თქმით, კორონავირუსმა ღატაკი ადამიანების რიცხვი გააორმაგა.
კახა კახიშვილი: როცა ყაზბეგში მუშაობს სასტუმრო, ხოლო ბაკურიანი, გუდაური დაკეტილია, ცოტა არალოგიკურია. ყაზბეგში არ არის კოვიდი?
კახა კახიშვილმა პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და სთხოვა აეხსნა, რა ლოგიკითაა ყაზბეგის რაიონი გახსნილი, ხოლო ზამთრის სხვა კურორტები - არა. „იქნებ არსებობს სამართლიანი მიზეზები და ჩვენ არ ვიცით? რა ხდება სამთო-სათხილამურო კურორტებთან მიმართებაში. ვფიქრობ, გრადაცია არის უაზრო - მაშინ, როცა ყაზბეგში მუშაობს სასტუმრო, ხოლო ბაკურიანი, გოდერძი, გუდაური და მესტია დაკეტილია, ცოტა არალოგიკურია. გაუგებარია ეს. ყაზბეგში არ არის კოვიდი? ლოგიკა არ მესმის. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასტუმროები გაიხსნას ამ კურორტებზე, მაგრამ არ ამოქმედდეს საბაგირო, სად არის ლოგიკა? ადამიანები კურორტებზე ჩადიან იმისთვის რომ ისარგებლონ საბაგიროებით, ისრიალონ... მოქალაქეებს კრედიტები აქვთ აღებული, კურორტებზე თოვლია, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ცოტა მაინც ამოისუნთქონ“, - განაცხადა კახიშვილმა.
გერმანია ირანს მოუწოდებს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები სრულად შეასრულოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა რანს მოუწოდებს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები სრულად შეასრულოს, რაც თავად თეირანის ინტერესებშია. ამის შესაებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 22 თებერვალს, ჰაიკო მაასმა განიარაღების შესახებ გაეროს მიერ გამართულ კონფერენციაში, ჟენევაში, აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, და დასძინა: „ირანის ინტერესებშია, შეცვალოს ახლა კურსი, სანამ შეთანხმება ისე არ დაზიანებულა, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყოს“. მაასის თქმით, გერმანია ირანისგან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან "სრულ შესაბამისობას, სრულ გამჭვირვალობას და სრულ თანამშრომლობას" ელოდება.
ბაჩანა შენგელია გახარიაზე: ვიდრე ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, დედაჩემის საქმეზე ის გასამართლდება
„სტრასბურგში არის დღეს დედაჩემის საქმე და ვიდრე ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, რომ გიორგი გახარია დაჯდება განსასჯელის სკამზე და გასამართლდება. იმისთვის, რომ მეორე, დედაჩემისნაირი საქმე არ განმეორდეს“, - განაცხადა ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელია მთავარ არხთან ინტრერვიუში. „მისი გადადგომა აბსოლუტურად არაფერს არ უკავშირდება, ჩვენ არ ვაკეთებთ სწორ ანალიზს... მან სწორი დრო შეარჩია საკუთარი ტყავის გადასარჩენად. მან დატოვა საკუთარი გემი, რომელსაც ის სისხლით აშენებდა 4 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლება შევუქოთ სწორ დროს წასვლა იმის გამო, რომ ნიკა მელიაზე ხელი აუკანკალდა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ის ადამიანი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობს. მაგრამ ის ვერ გაექცევა ვერც ერთ მართმსაჯულებას“, - ამბობს ბაჩანა შენგელია. გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ „ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას“. 6 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა. 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. სკოლის დირექტორი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს. თუმცა ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა.
Boeing-მა, გაუმართაობის გამო, Boeing 777-ების ექსპლუატაციის დროებით შეწყვეტა მოითხოვა
აშშ-ის თვითმფრიავების მწარმოებელმა საავიაციო კომპანიამ Boeing-მა მოითხოვა დროებით შეჩერდეს Boeing 777-ების ექსპლუატაცია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცლებს. კომპანიის განცხადებით, ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ჩატარდება გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში რეისის დროს ერთ-ერთი ძრავის თვითაალების გამო. მათი თქმით, 128 თვითმფრინავმა არ უნდა შეასრულოს რეისი, სანამ არ შემოწმდებიან, მათ მსგავსი ძრავები აქვთ. იაპონიის ხელისუფლება არ დაელოდა გამოძიების შედეგებს და დროებით აკრძალა Boeing 777-ის ფრენა. კომპანია Boeing-მა მხარი დაუჭირა ტოკიოს გადაწყვეტილებას. ცნობისთვის, 21 თებერვალს სამგზავრო თვითმფრინავ Boeing 777-ს, რომელიც რეისს ასრულებდა დენვერიდან ჰონოლულუმდე, ფრენისას ძრავა გაუფუჭდა. მისი ნაწილები ქალაქ ბლუმფილდის საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქცია: პოლიტიკური უთანხმოებები პარლამენტში უნდა წყდებოდეს და არა ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრებით
"პოლიტიკური უთანხმოებები პარლამენტში უნდა წყდებოდეს და არა ოპოზიციური ფიგურების გასამართლებით და თვითნებური დაპატიმრებით", - ამის შესახებ ევროპარლამენტის ლიბერალური ფრთის, საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული. ევროპარლამენტის ცენტრისტული ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის, ALDE-ს ხელმძღვანელი, ჰანს ვან ბაალენი ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახლა დეესკალაციის და დიალოგის დროა და არა შემდგომი ბრალდებების. ვან ბაალენი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, „სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველყოფისკენ“ მოუწოდებს. „გასულ პარასკევს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა აშკარა დასტურია იმისა, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე - შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას და არა შემდგომ სადამსჯელო მოქმედებებს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. მე ვარ ლიბერალი და პრო-ქართველი. როგორც ALDE-ს პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს უფრო ძლიერი, დემოკრატიული საქართველო სჭირდება. საქართველო, სადაც განსხვავებული ხმები ისმის, პოლიტიკური უთანხმოებები პარლამენტში წყდება და არა ოპოზიციური ფიგურების გასამართლებით და თვითნებური დაპატიმრებით. ახლა დეესკალაციის და დიალოგის დროა და არა შემდგომი ბრალდებების. მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის ვიზიტის წინ, მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, განაახლეთ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, იმუშავეთ ერთად, რათა დადგინდეს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად“- აღნიშნულია ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრაქციის, ALDE-ს განცხადებაში.
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
მეათე მოწვევის პარლამებტმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი შემადგენლობისა და 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მოსმენა და განხილვა დაასრულა. დეპუტატებმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადეს. ახალ მთავრობას მხარი პარლამენტის 89 წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. „მოქალაქეებმა“ მანამდე განაცხადეს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერდნენ. საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიის" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.
ლევან იოსელიანი ღარიბაშვილს: ახლა რატომ გაეტირა გახარიას 200 000 მხარდამჭერი, ამაზე დაფიქრდით
„თქვენი წინამორბედი, გიორგი გახარია რომ გადადგა, 200 ათასზე მეტი თქვენი მხარდამჭერი გამოეტირა, ამაზე მაინც დაფიქრდით, ეს რატომ მოხდა?! თორემ მისი ფოტო 2020 წლის ივნისშიც დაიდო და არავის დაულაიქებია", - აღნიშნული განცხადებით, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გიორგი გახარიას ასეთი მხარადაჭერა იმით იყო გამოწვეული, რომ მან კონფრონტაციისკენ ნაბიჯი არ გადადგა და ხალხმა ეს დააფასა. „მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მიუხედავად თქვენი ასეთი ორდღიანი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიშის მიტანა, საბოლოოდ ამას არ გააკეთებთ. საბოლოო ჯამში, თავს დააღწევთ კონფრონტაციის და ზიზღის გზას. ეს გზა, ბატონო ირაკლი, დავით გარეჯამდე ნამდვილად არ მიგიყვანთ! გუშინ, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, ერთი დღე მაინც დამდგარიყავით ამ ორპარტიული კრიტიკის მიღმა. საქართველოს კონსტიტუციის დღე ამას იმსახურებდა, მაგრამ სამწუხაროდ გუშინდელი დღეც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების კრიტიკას მიუძღვენით. ჩვენი მშობლები დაბერდნენ ამ ქიშპის და ამ ზიზღის ყურებით. ჩვენ ბევრი განსხვავებული არაფერი გვინახავს. მე არ მინდა, რომ ეს მემკვიდრეობა დავუტოვო ჩვენს შვილებს, რომლებსაც ნამდვილად არ აინტერესებთ, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ან „ოცნებაში“. ახალგაზრდა თაობას აინტერესებს, რა პერსპექტივა ექნებათ, რა განათლებას მიიღებენ და სად დასაქმდებიან. ამ დროს რას უყურებენ სინამდვილეში? თქვენ და თქვენი ოპონენტები როგორ ეძახით ერთმანეთს გავრილოვს. აი ეს არის თქვენი მთელი პოლიტიკური დისკურსი, რასაც ვთავაზობთ მომავალ თაობას. სამწუხაროა, რომ ამის იქით ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ წავიდა. ხშირად გიყვართ სახელოვანი წინაპრების ხსენება. ახსენებთ ნიკო ნიკოლაძეს, ჭავჭავაძეს. სინამდვილეში კი, ის რიტორიკა, რა რიტორიკითაც გამოდიხართ, ნიშნავს იმას, რომ ირჩევთ, არა ნიკო ნიკოლაძის და ილია ჭავჭავაძის გზს, არამედ თენგიზ კიტოვანის და კიდევ ჩემი ერთი მოგვარის", - განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. შეგახსნეებთ რომ დღეს პარლამენტმა, პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, კენჭი უნდა უყაროს. .
გედევან ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მელიასთვის მხარადაჭერის გამოსაცხადებლად მივიდა
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივიდა. როგორც მან განაცხადა, ნიკა მელია იქცა პოლიტიკური უსამართლო თავდასხმების ობიექტად და ამავდროულად, ეს არის ქვეყანაში ოპოზიციურ აზრზე, თავისუფალ აზრზე შეტევა. „ნიკა მელიაზე თავდასხმა, ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ“, - აცხადებს გედევან გედევან ფოფხაძე. შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.
პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ლიეტუველი კოლეგის ვიზიტს წარუმატებელს უწოდებს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ლიეტუველი კოლეგის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტს წარუმატებელს უწოდებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მეგობარია და ეს ფაქტი პავილიონისმა მასთან შეხვედრისას, აღნიშნა. „შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ მეგობრები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისინი მას ენდობიან და შესაბამისად, ის შეეცდება, რომ დაარწმუნოს ოპოზიციის წევრები, კონსტრუქციულ დიალოგში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო ჩვენი შეხვედრის შინაარსი, თუმცა, როგორც ჩანს, ბატონმა პავილიონისმა ვერ მოახერხა მათი დარწმუნება ამაში და შედეგად მისმა შუამავლობის მისიამ წარუმატებლობა განიცადა“, - განაცხადა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს. ლიეტუველი პარლამენტარი ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ შესაძლო ქმედებებზე ყურადღება გაამახვილოს