ძებნის რეზულტატი:
საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა - ევროკავშირი
„საქართველოს ამბიცია, ააშენოს წარმატებული, ინკლუზიური, პლურალისტული დემოკრატია ამ ისტორიულ კონსტიტუციაში არის დამკვიდრებული. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად აღვნიშნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ“, - ნათქვამია მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის შექმნიდან 100 წლის თავზე. „1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა საამაყო სამართლებრივ ტრადიციას პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა, ის ქართველი ხალხის ძლიერ დემოკრატიულ მისწრაფებებს ასახავდა. საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა, ის ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, რაც ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბეჭდურ მედიას მოიცავდა. მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა. მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ. ამ კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. მან სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრი ჩარჩოებიც კი განამტკიცა. პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორიენტირები შექმნა - ორიენტირები, რომლებიც დღემდე მეტად აქტუალურია", - ნათქვამია განცხადებაში.
რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი მედიკამენტები? - ელისაშვილი ტიკარაძეს
„იქნებ ამ ტრიბუნიდან მე ერთ მოქალაქეს გამცეთ პასუხი, ვიცი, მთელ საქართველოსაც ეს აინტერესებს, რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი ჩვენთან მედიკამენტები? - ამ შეკითხვით დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმართა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. „რატომ არის ასეთ ფასები? ალბათ იცით, რომ პენსიონერები მთელ პენსიას ლამის აფთიაქებში ტოვებენ და გროშები რჩებათ ხოლმე იმისთვის, რომ წამლებთან ერთად იყიდონ საკვებიც. ვიცით მაგალითები, რომ გვერდით ქვეყნებში უფრო იაფი ღირს მედიკამენტები. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ასე ცეცხლი არ ეკიდოს მედიკამენტებს?“, - მიმართა ელისაშვილმა ტიკარაძეს.
ხუდადოვზე ხანძრისას ორი მოქალაქე დაშავდა
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გაჩენილი იყო ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა. „ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავსტრალიაში ვაქცინაცია დაიწყო
ავსტრალიაში ვაქცინაცია დაიწყო. ერთ-ერთმა პირველმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გაიკეთა. სკოტ მორისონი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ავსტრალიაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა იანვარში დაარეგისტრირეს, თებერვალში კი ადგილობრივმა რეგულატორმა Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. პირველი ავსტრალიელი, რომელიც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 84 წლის ჯეინ მალისიაკი იყო.
მიხეილ ჩხენკელს საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენა სურს
განათლების მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ ჩხენკელი არ გამორიცხავს საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენას და ამბობს, რომ შესაბამისი გზაც იცის, როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. ამის შესახებ მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ დავით ზილფიმიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სააგენტოს ამოქმედებისთვის საქართველოს სურს მოიპოვოს Horizon Europe–ის (ევროკავშირში არსებული პროგრამა, რომელიც კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებას გულისხმობს) გრანტი, რომელიმე ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად და ქვეყანაში კოსმოსური სააგენტო აღადგინოს. „ის კოსმოსური სააგენტო, რომლის იდეა ჯუმბერ ლომინაძისგან (კოსმოსური სააგენტოს ყოფილი თავმდჯომარე) მოდის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მე კონკრეტული გზა მინდა გითხრათ, როგორ ვაპირებთ ამას [აღდგენას]. როგორც იცით, ძალიან აქტიური მონაწილეები ვიქნებით Horizon Europe-ის პროცესში და, ჩემი აზრით, სწორედ ამ პროგრამიდან ძალიან საინტერესო და რთულად მოსაპოვებელი დაფინანსება უნდა იყოს ამ კომოსური ცენტრის შექმნის მამოძრავებელი ძალა. Horizon Europe-ში საგრანტო პროექტებს, რასაც გავაგზავნით, იქნება სხვა სახელმწიფოებთან ერთად... ჩემი აზრით, ჩვენი კოსმოსური სააგენტო არ უნდა იყოს იზოლირებული, სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი - კოსმოსური სააგენტო იმ ევროპული ქვეყნის, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან და შემდეგ მათთან ერთად შევიტანოთ განაცხადი ამ საგრანტო კურსზე და ... შემდეგ თუ მივიღებთ დაფინანსებას და წინ წავალთ, აუცილებელია", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. „დღეს თითქმის აღარ არის მსოფლიოში ქვეყანა, სადაც აღარ არის კოსმოსური სააგენტო. ჩამოგითვლით, რა სიკეთეები მოაქვს კოსმოსურ სააგენტოს: ეს არის დისპეტჩერი ორგანიზაცია, მეცნიერებს აძლევს დიდი მონაცემებიდან სამეცნიერო ინფორმაციას, მაშველებს ზვავებსა და მეწყერებზე აძლევს გაფრთხილებას, თავდაცვისთვის იძლევა ინფორმაციას, ხანძრებზე, ამინდზე. ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმ პერიოდში გაანადგურეს, ცხონებულმა ჯუმბერ ლომინაძემ შექმნა, მე მისი მოადგილე ვიყავი. დღეს ეს არის თქვენი უწყების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ინსტიტუტის ჩამოლაბორანტებული უწყება", - მიმართა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ჩხენკელს.
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ზილფიმიანი ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინაციის დაგვიანებაზე მიუთითებს
პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული და ახლა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი ვაქცინაციის დაგვიანებაზე მიუთითებს და ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს. მისი თქმით, ყველა თვალს ადევნებს სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესს და ცნობილია, რომ უკვე ყველა იმ ქვეყანამ დაიწყო მოსახლეობის აცრა, რომელიც „ოდნავ მაინც იმყოფება პრეტენზიულ ფორმაში, რომ რაღაცას წარმოადგენს“. ზილფიმიანი დაინტერესდა, საქართველოში რომელი უწყების პასიურობამ გამოიწვია ვაქცინის შემოტანის პროცესის დაგვიანება. „თქვენ ბრძანეთ, რომ დრო სჭირდება შერჩევას, შეძენას, მოლაპარაკებები, პლატფორმები... გეთანხმებით. მაგრამ ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არის საერთო ყველა ქვეყნისთვის, ყველამ ეს უნდა გაიაროს. [...] მე ამას ვუდგები შემდეგნაირად - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოში არ დაწყებულა [ვაქცინაცია]. ამას ჩვენ მივიჩნევთ დანაშაულებრივ პასიურობად. თქვენგან მინდა მოვისმინო, მაინც რომელმა უწყებამ გამოიჩინა პასიურობა, რადგან დღეს არცერთი ვაქცინა საქართველოს ტერიტორიაზე არ არის", - განაცხადა დეპუტატმა. ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაგვიანებულ პროცესზე კომენტირებისას თქვა, რომ იმ ევროკავშირის ქვეყნებშიც კი დაბალია ვაქცინირებულთა რაოდენობა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა. „არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქსპლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ისაუბრა ვაქცინის მწარმოებლებზეც, რომელთა ნაწილს თავად გაუჩნდა ვაქცინის წარმოებისას პრობლემა და თქვა, რომ 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, როცა ისინი წარმოების გაზრდას შეძლებენ, საქართველოს მეტი შანსი ექნება, მიიღოს საჭირო რაოდენობის ვაქცინები და, შესაბამისად, შესაძლოა მოსახლეობის დიდი ნაწილი წელსვე აიცრას: „კოვაქსპლატფორმა“ არ არის შეფერხების მიზეზი, ამის მიზეზი არის თავად „ფაიზერი“, რადგან მას წარმოების კუთხით ჰქონდა შეფერხება, ვერ მოახერხა, დასავლეთის ქვეყნებისთვის და „კოვაქსპლატფორმისთვის“ მიეწოდებინა ის დათქმული რაოდენობა, რომელზეც ხელშეკრულებები არის დადებული. „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მსგავსი შეფერხებები არ არის და ვფიქრობთ, მოწოდება გეგმის მიხედვით განხორციელდება, პირველი კვარტალი იქნა დასახელებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია ვაქცინების შემოტანა და ამ მიმართულებით ყოველდღიურად ვმუშაობთ“.
თუ არ გაერთიანდებით, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ - ჟიგიმანტას პავილიონისი
„თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ", - თბილისში ვიზიტით მყოფმა ლიტველმა პარლამენტარმა პრესკონფერენცია ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა მას შემდეგ რაც სტრატეგიული კვლევების ცენტრში შეხვედრა გაიმართა. „ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მხარეებს შორის ხიდების აგებას, იმედი მაქვს, ეს გამოგვივა. ბევრი პოზიციური სიგნალი მივიღე ოპოზიციისგან, ვინც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და იმედი მაქვს, მივიღებთ ხელისუფლებისგანაც ასეთ სიგნალებს, ისინი იპოვიან დიალოგისთვის საჭირო კომპრომისს. მე ვშიშობ, რომ საქართველო ღრმად არის წასული ესკალაციის პროცესში. მაგრამ იმედი მაქვს, უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს - ორჯერ დაფიქრდით, თქვენ გაქვთ ახლა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, რომელიც უნდა გამოიყენოთ. თუ საქართველოს მთავრობა შეეცდება, გააძლიეროს ოპოზიციის იზოლაცია, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და ვიტყვით სიმართლეს, თუკი დავინახავთ არასწორ მოქმედებებს, ამაზე ვილაპარაკებთ და მთავრობას მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა. თუმცა, ვიმედოვნებ, აქამდე არ მივალთ და საქართველო დარჩება დემოკრატიის ჩემპიონად (რეგიონში) და გამოიყენებს შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც მისთვის ისხნება“, - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ის შეხვედრას გამართავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სურს, მასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ კარგი ინფორმაცია ჰქონდეს გადასაცემი და შეეძლოს უთხრას, რომ სიტუაციის დეესკალაცია საქართველოში შესაძლებელია. „მე ვიცი, რომ საქართველოს და ბელარუსის ერთმანეთთან შედარება სენსიტიურად აღიქმება, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, თქვენი გადასაწყვეტია, რომელი ქვეყნების გვერდით დაიმკვიდრებთ ადგილს. რამდენიმე საათში გვეცოდინება, რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას, ველოდებით მათგან პოზიტიურ სიგნალებს", - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას უკან დასახევად სივრცეს აძლევს
ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას უკან დასახევად სივრცეს აძლევს. ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც ლიეტუველი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტის დასრულებისას გამართა. „იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობის სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ვიზრუნოთ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ მზად ვართ მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა კომპრომისისთვის ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია. იმისთვის, რომ დასხნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეარულონ, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ერთობლივ ბრიფინგზე.
სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი
„სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს - თავი არ ამირიდებია, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახი 17 წლის ასაკში შევქმენი, შემეძინა შვილი და 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვაზე პასუხის დროს. საკომიტეტო მოსმენისას მანვე აღნიშნა, რომ ჯარში არის გადინება და რაც დრო გადის, ჯართან მიმართებით პოპულარიზაცია ნაკლებია. მისივე თქმით, ასეთი ტენდენცია არის მსოფლიოს მასშტაბით. „თუმცა 2020 წელი იყო პირველი წელი, როცა გადინება გაჩერდა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც 2019 წლიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბანკ ქართუსა და სტანდარტ ბანკში. ღია წყაროების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც ოჯახის შექმნისას ასევე არასრულწლოვანი იყო და 8 შვილი. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატის ქონებას, 2020 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია თბილისში ერთი ბინა და 3 საცხოვრებელი სახლი. ჯუანშერ ბურჭულაძის განათლება კი ასეთია: საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი (1994-1998);ქ. ოქსფორდის (Swan) სკოლა; ინგლისური ენის კურსები (1999) პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 22 თებერვალს უნდა მიიღოს.
პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. შსს-ს განცხადებით, არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. „საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად. მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩხენკელი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს 2 ახალი მუზეუმი გაიხსნა
„ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა, ეროვნული მუზეუმის ვანის არქოლოგიური მუზეუმი და ბოლნისის რეგიონალური მუზეუმი. დასრულდა მცხეთის არქელოგიური მუზეუმის მშენებლობა", - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ახალი პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების წინ საკომიტეტო მოსმენები იმართება. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა, 2020 წელს მისი განახლებული შენობა გაიხსნა. რაც შეეხება ბოლნისის რეგიონალურ მუზეუმს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა, ის კომპანია „RMG გოლდის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, რომელმაც 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა. მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ყველაზე მტკივნეულად კულტურის სფეროს შეეხო, თუმცა სამინისტრომ შეინარჩუნა თავის დაქვემდებარებაში არსებულ სექტორში ყველა სამუშაო ადგილი, დამატებითი რესურსი მიმართა დარგობრივი ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის. სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში თანამშრომელთა ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაიზარდა.
განიხილება იდეა, რომ უნივერსიტეტმა მიღებისას სკოლის ნიშანი და მასწავლებლის რეკომენდაციაც გაითვალისწინოს
არსებობს იდეა, რომ სტუდენტების მიღების დროს უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობის გამოცდილება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს მიდგომა განიხილება მიდგომა „ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებმა რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტები, როგორიცაა, საშუალო ნიშანი ან რეკომენდაციები, ან შესაძლებელი იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება.. მე ჩამოვთვალე ის მეთოდები, რაც ამერიკაში ხდება და კარგად მუშაობს ამერიკის უმაღლესებისთვის… ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ახლანდელი მოდელით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტი მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგით მიიღებიან.
ისრაელმა ეკონომიკის გახსნა დაიწყო, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია
ისრაელმა ეკონომიკის გახსნა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნახევარი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. დღეს მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა მომხმარებლის შეზღუდული რაოდეობით მიღება დაიწყო, სკოლებში საშუალო კლასებს და საჯარო მომსახურების სხვა უწყებებს ანალოგიური უფლება მისცეს. სავარჯიშო დარბაზები, სასტუმროები და თეატრები ხელმისაწვდომია ე.წ. „მწვანე საშვის“ მფლობელთათავის, ანუ მათთვის, ვინც ვაქცინაციის ეტაპი ერთი კვირის წინ დაასრულეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა თითქმის 99 პროცენტით ეფექტიანია კორონავირუსით დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილიანობის პრევენციის კუთხით. ისრაელი იმუნიზაციის თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა - 9 მილიონი ადამიანიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა თითქმის ნახევარს აქვს გაკეთებული, 2.9 მილიონ მოქალაქეს კი უკვე ორივე დოზა გაუკეთდა. ქვეყანა 16 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქის აცრას მარტის ბოლომდე გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ისრაელში გავრცელებას განაგრძობს, ამის მიზეზი ახალი ვარიანტიც არის, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს და მას შემდეგ ათობით ქვეყანაში გავრცელდა.
ბაიდენის მრჩეველი: რამდენიმე კვირაში აშშ რუსეთს კიბერთავდასხმაზე უპასუხებს
უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეკ სალივანმა ტელეკომპანია CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ "რამდენიმე კვირაში" პასუხს გასცემს სავარაუდოდ რუსეთის კიბერთავდასხმას, რომელიც დეკემბერში აღმოაჩინეს და რომლის სამიზნეც აშშ-ის სამთავრობო უწყებები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები იძიებს საეჭვო რუსულ კიბერშეტევას. როგორც სალივანმა აღნიშნა, აშშ-ის პასუხი სავარაუდოდ მოჰყვება "ნანახი და ჯერ კიდევ უნახავი საშუალებების ნაზავს", და "ეს არ იქნება უბრალოდ სანქციები". ”ჩვენ დავრწმუნდებით, რომ რუსეთი გაიგებს, მსგავსი საქმიანობისას, თუ სად ავლებს საზღვარს შეერთებულ შტატები”, - თქვა სალივანმა.
დღეიდან თბილისში ავტობუსები ახალ მარშრუტით იმოძრავებენ
22 თებრვლიდან თბილისში ავტობუსები ახალ მარშრუტებზე ივლიან. ახალი ავტობუსი - N32 ერთმანეთთან დააკავშირებს გლდანსა და დიდი დიღმის მიმართულებებს. აღნიშნული ავტობუსი ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან (გლდანის VII-VIII მიკრორაიონის დამაკავშირებული გზა) დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე იმოძრავებს. გლდანში ახალი საგზაო მოძრაობის გამო, N32 ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, შეშელიძის ნაცვლად, ვასაძისა და ქერჩის ქუჩების დახმარებით გადაადგილდება. რეფორმის შედეგად, ავტობუსი N61 გაუქმდა. მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს, რომელიც მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი N2 მიმდებარედ) დაასრულებს. N345 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს. ზღვის უბნიდან დიდუბემდე მგზავრებს ახალი, N94 ავტობუსი მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსი ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტლიდან (N65 კორპუსის მიმდებარედ) თორნიკე ერისთავის ქუჩის N1-მდე (მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელი) იმოძრავებს. როგორც ცნობილია, 22 თებერვლიდან, დედაქალაქის მოსახლეობას ჯამში, 572 ავტობუსი მოემსახურება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N43, N46, N52, N70, N72, N79 და N121 საავტობუსე ხაზებზე. სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით, 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი კი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.
ევროკავშირი, ნავალნის გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს
ევროკავშირი, ნავალნის გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის სასამართლო განაგრძობს ნავალნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. "რუსეთის სასამართლო განაგრძობს ნავალნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას. ევროკავშირის 27 მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის მოქმედებებს განვიხილავთ", - წერს ბორელი.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 147 ადამიანს დაუდასტრდა, 607 გამოჯანმრთელდა, 12 კოვიდინფიცირებული კი გრადაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 736 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 539 PCR ტესტით. საერთო ჯანმში, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 268 502-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 262 244-მდე, ხოლო 3 447 ინფიცირებული გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელ: 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%. 147 ახალი შემთხვევიდან 64 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 11, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 16, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 785, საიდანაც: 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 766, აჭარაში - 194, იმერეთში - 368. მძიმე პაციენტი: 336 , მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 38, იმერეთში - 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 101, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 - თბილისში, 77 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 865 კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 104, ხოლო აჭარაში - 94. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 060 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 767 პირი, აჭარაში - 515, იმერეთში - 908.
ლიეტუველი პარლამენტარი ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ შესაძლო ქმედებებზე ყურადღება გაამახვილოს
ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართავს და მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ჩადენილ შესაძლო ქმედებებსა და აგრესიულ ტონზე. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოაქვეყნა. "დღეს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა "ქართული ოცნებისა", გამოთქვა მშვიდობიანი დიალოგის დაწყების მზაობა. ბატონო ბლინკენ, დემოკრატიულმა ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებს ქართული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ", - წერს ზიგიმანტას პავილიონისი.
აშშ-ის ყოფილი ელჩი: ღარიბაშვილის დაბრუნება "ქართულ ოცნებაში" არსებული კრიზისისა და სისუსტის ნიშანია
"ღარიბაშვილის უკან დაბრუნება “ქართული ოცნების” სისუსტის გამოჩენაა", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. „ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში“ უფრო მეტი რეპუტაციის მქონე ლიდერებს ნაკლებად სურთ ივანიშვილის ბრძანებების შესრულება. ღარიბაშვილის უკან დაბრუნება “ქართული ოცნების” სისუსტის გამოჩენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია, მაგრამ ასევე კრიზისია მეორე მხარესაც. სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციაზე გავლენა შეინარჩუნოს, რაც ძალიან ვნებს ოპოზიციასაც და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკას“ - განაცხადა ყოფილმა ელჩმა. მისი თქმით, „ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია დაწყნარდეს, ის უარესდება". მას მიაჩნია, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე იურიდიული. ამიტომ მისი დაპატიმრება, დასავლეთში უკან გადადგმულ ნაბიჯად იქნება აღქმული. „მელიას დაკავებას იმდენი პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს, რომ ის ვერ იქნება მხოლოდ იურიდიული საკითხი. საქართველოს მთავრობის მხრიდან მისი დაპატიმრების მცდელობის გაგრძელება, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. დასავლეთი ამის გამო საქართველოს მთავრობის მიმართ უკმაყოფილო იქნება“, - განაცხადა ელჩმა კორტნიმ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვარდების რევოლუციამ ეკონომიკა ბოლომდე გააპარტახა
"ვარდების რევოლუციამ ეკონომიკა ბოლომდე გააპარტახა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ისედაც უიმედო მდგომაროებაში მყოფი ეკონომიკა ვარდების რევოლუციამ ბოლომდე გააპარტახა. "მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. "ვარდების რევოლუციაზე" დაამყარა, შედეგად კი მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება მივიღეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.