ძებნის რეზულტატი:

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად

აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. „აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების, კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურის სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბელარუსის 43 მოქალაქეს, დაწესებული სანქციის გამო, აშშ-ში შესვლა ეკრძალება

აშშ-მა ბელარუსის 43 მოქალაქეს, მათ შორის სასამართლოს მაღალჩინოსნებსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის მიერ მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო. ”ჩვენ მამაცი ბელარუსი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები განაგრძობს საერთაშორისო მცდელობებს, ხელი შეუწყოს ბელარუსში საარჩევნო დარღვევების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და არჩევნების შემდეგ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების დამოუკიდებელ გამოძიებას,” - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ სანქცირებული პირების სიას არ ასაჯაროვებს. თუმცა, ცნობილია, რომ მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირებიც, მოსამართლეები და პროკურორებიც არიან, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ.

აშშ COVAX-პლატფორმას 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს

აშშ COVAX-პლატფორმას 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა დღევანდელ სამიტზე ისაუბრებს, რომელიც პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება. როგორც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პანდემიას მარტო ვერ გაუმკლავდება ვერც ერთი ქვეყანა. თეთრი სახლის ინფორმაციით, COVAX-ი ოთხ მილიარდ დოლარს 2021-2022 წლებში მიიღებს.

აშშ-ის ყოფილი ელჩი: რეალურად, საქართველო საფრთხის წინაშე დგას

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს არ უნდა დაუბრუნდეს პერიოდს, როცა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ „რეალურად საქართველო საფრთხის წინაშე დგას, რომ გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო. ისეთი, როგორიც მექსიკა იყო მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, განსაკუთრებით ახლა როცა, ამერიკას შეერთებული შტატებში ახალი ადმინისტრაციაა, რომელიც ბევრად უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე, ვიდრე წინა ადმინისტრაცია“. - აღნიშნავს ელჩი. ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ღირებულებებს უფრო დიდი ადგილი ექნება და საქართველოს მთავრობამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ „ამის მეორე ნაწილი, ცხადია, ნაციონალური მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილის უწყვეტი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე ძალიან სამწუხაროა. ეს არაა კონსტრუქციული და არ არის გამოსადეგი“. იალოვიცს მიაჩნია, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა მიმდინარე ჩიხიდან გამოვიდეს, „ორი რამ უნდა მოხდეს. ერთი ისაა, რომ მელიასთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაიჭრას. უნდა შეტრიალდეს ეს ნაბიჯები. არ მაქვს სურვილი გავაკრიტიკო ქართული მართლმსაჯულების სისტემა, მაგრამ გარე დამკვირვებლისთვის ეს პოლიტიკურ მანევრად აღიქმება. მაგრამ მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. მე ვერ ვხედავ სხვა გზას, რომ პოლიტიკური ვითარება გაუმჯობესდეს და გახდეს ფუნქციური“. დიპლომატი გიორგი გახარიას გადადგომასა და ახალი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასაც გამოეხმაურა. „არ მსურს ნეგატიური განცხადება გავაკეთო ახალ პრემიერ-მინისტრზე, მაგრამ პრემიერის თანამდებობაზე ადამიანები ხშირად იცვლებიან. ისინი დაინიშნებიან, შემდეგ ბატონ ივანიშვილთან უთანხმოება მოსდით და მათ ცვლიან. ეს ბატონი [ირაკლი ღარიბაშვილი] წარსულშიც იყო პრემიერ-მინისტრი. შემდეგ ის ძალიან კარგი ტექნოკრატით [გიორგი კვირიკაშვილი] შეცვალეს, რომელიც ასევე გაუშვეს თანამდებობიდან. საქართველოს სჭირდება კარგი მმართველობა, კარგი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქნება პატრიოტი, ადამიანი რომელიც იქნება გამაერთიანებელი მესიჯების მქონე, საქართველომ უნდა სცადოს და გადადოს გვერდზე განსხვავებები, სიძულვილი და განაგრძოს სიარული წინ“, თქვა იალოვიცმა", აცხადებს ყოფილი ელჩი. იალოვიცი "ქართულ ოცნებაზე" ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საუბრობს. „სააკაშვილის მმართველობის დროს ძალიან სერიოზული პრობლემები იყო, შემდეგ "ქართული ოცნება" ვნახეთ, როცა ასევე სერიოზული პრობლემებია. ბატონი ივანიშვილი არ არის არჩეული პირი, მაგრამ როგორც ჩანს ის ქვეყანას კულისებიდან მართავს“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა. ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ მას არ ჯერა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილი, ქართულ პოლიტიკას ჩამოცილდა. „მჯერა თუ არა რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა? არა. ის ქართულ ოცნებას აფინანსებს. ის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია და მას უდიდესი გავლენა აქვს. ეს სახიფათოა. ამაზე წლების წინ სხვა ადამიანებთან ერთად ვწერდი, რომ მისი გავლენა, როგორც დემოკრატიულ სისტემაში არ-არჩეული პირისა, არის სახიფათო. პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა ახლა. თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარე პრობლემა უნდა გადაიჭრას. ჩვენ ყველას გვეშინია ძალადობის. არავის გვსურს ვნახოთ ისეთი ვითარება საქართველოში როგორც ეს 20-30 წლის წინ იყო, როცა სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ. ახლა დროა ცივი გონების ადამიანებმა გაიმარჯვონ და როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე ქართულმა ოცნებამაც გააცნობიერონ, რომ საქართველოს მომავალი გზაჯვარედინზეა“, - თქვა მან. მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, იალოვიცს მიაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამერიკისა და ევროკავშირის უმაღლეს ეშელონებში უნდა შეაფასონ. „ვისურვებდი, რომ შედგეს რაღაც სახის ერთობლივი ინიციატივა შეერთებული შტატების და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ვფიქრობ, რაღაცა ასეთ დონეზე უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ორივე პარტიის ყურადღება მიიქციოს. ვფიქრობ ეს ჩიხში ყოფნა უნდა შეწყდეს. ვიცი, რომ ამერიკაში ახალ ადმინისტრაციას უამრავი საკითხი აქვს გადასაჭრელი საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ საქართველო წარმოადგენს რაღაც ისეთს, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით წლების მანძილზე. ასეთი მიდგომა ამ დონეზე იმის დემონსტრირება იქნება, თუ რამდენად სერიოზულად უყურებდნენ მოვლენებს საქართველოში დასავლელი პარტნიორები და რომ აფრთხილებენ მას, რომ კონფრონტაციის ამ გზაზე სიარულის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტი ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს ის. იალოვიცი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში რაციონალური ადამიანები გაიმარჯვებენ და „გააზრებული, მშვიდი დისკუსიისა და დიპლომატიის“ მეშვეობით ქვეყანას მიმდინარე კრიზისიდან ძალადობის და დამატებით არეულობის გარეშე გამოიყვანენ.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: მოვუწოდებ მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ

„როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს", - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კონოლი მოუწოდებს საქართველოში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ. „როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაუყოვნებლივ აიღონ ამ კრიზისისა და მის საფუძვლად არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის გახსნის ერთადერთი გზაა სამწუხაროდ, ბოლო პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებისთვის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას. სულ რაღაც ათი დღის წინ მე ხელახლა წარვადგინე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინაშე. თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში. კონგრესმენის თქმით, გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა დ ნდობისთვის პირობების შექმნის გზით. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ მისწრაფებაში. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან ავტოკრატიების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 388 ადამიანს დაუდასტურდა, 331 - გამოჯანმრთელდა, 7 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 267701 შემთხვევაა დადასტურებული, 260597 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3406 კი გარდაიცვალა. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%. ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან 182 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 672, საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 199, იმერეთში - 419. მძიმე პაციენტი: 356. მათ შორის, თბილისში - 134, აჭარაში - 40, იმერეთში - 109. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 106, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 9, იმერეთში - 12. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 119 - თბილისში, 96 - აჭარაში, 16 - იმერეთში. 1 627 კმურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 31. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 945 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 107 პირი, აჭარაში - 620, იმერეთში - 1 067.

იან კელი: შედეგები ძალიან მძიმეა. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ

„მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება - ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ამასთან, ჩრდილოეთით გყავთ მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. იან კელი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს „მიმდინარე პოლარიზაციას“ და „დიალოგის ნაკლებობას“ უკავშირებს. მას მიაჩნია, რომ „ორივე მხარემ უნდა შეაფასოს პრიორიტეტები. პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტის ქონაა. არ შეიძლება გარიყო ქვეყანაში ამომრჩევლის, დაახლოებით 45 პროცენტი და გქონდეს პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. ყველამ ამაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი. არავინ უნდა მოიმოქმედოს არაფერი ისეთი, რაც დააყოვნებს ან დააზიანებს ამ დიალოგს“. მისი თქმით, „ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოინახოს. სტატუს ქვო, ერთპარტიული პარლამდენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს“.

2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 20,4 პროცენტამდე გაიზარდა

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 %-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50% პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5%-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3%-ით. 2020 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3%-ს შეადგენდა, რაც 1.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.0%-ით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.5 %-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4.7% -ით.

საქსტატი: 2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 6.4 პროცენტით შემცირდა

2021 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 6.4 პროცენტით, 166.4 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს სტატსისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (26.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (25.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (20.6 მლნ. აშშ დოლარი). საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 49.7 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზე ფეროშენადნობები 23.3 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები 8.8 მლნ. აშშ დოლარი.

ემანუელ მაკრონი ევროპას და აშშ-ს მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინის 5% ღარიბ ქვეყნებს გაუგზავნონ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპას და აშშ-ს სთხოვს, კორონავირუსის ვაქცინის 5% ღარიბ ქვეყნებს გაუგზავნონ. Financial Times-თან ინტერვიუში მაკრონი ამბობს, რომ ვაქცინების სამართლიანად განაწილება გლობალურ უთანასწორობას გამორიცხავს. ვაქცინების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროისთვის მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა მიიღეს. მაკრონმა დისბალანსის მოგვარების გეგმა პარასკევს მსოფლიო ლიდერებს G7-ის ვირტუალური სამიტის წინ შესთავაზა. დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები COVAX-პლატფორმის მხარდაჭერას 2-დან 4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. პროექტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.

საქსტატი: 2021 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა 16.5 პროცენტით შემცირდა

2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. დოლარს (16.6პროცენტით ნაკლებია). ამის შესახებ ანგარიში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. საქსტატის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარში,313.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია. 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (34.4 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (27.0 მლნ. აშშ დოლარი) დაჩინეთი (26.9 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. საიმპორტო სამეულში შედის: ჩინეთი (99.6 მლნ. აშშდოლარი), თურქეთი (92.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (55.6 მლნ. აშშ დოლარი) 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 76.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ჩინეთი (126.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (114.3 მლნ. აშშ დოლარი) დააზერბაიჯანი (86.2 მლნ. აშშ დოლარი).

კვლევა: Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 85%-ით ეფექტურია

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია - ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცლებს. როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში Covid19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო. Pfizer-მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს.

ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა. "ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ", - წერს ადა მარშანია.

მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა

მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაზიანდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს. "ავარია ფიქსირდება ასევე სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს 10 და 0,4 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე, რის გამოც ელექტრომომარაგება შეეზღუდა ქ. სიღნაღს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. ტექნიკური სამსახურის ინფორმაციით, გადამცემი ხაზი რთულ რელიეფზე გადის, რაც აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას მოითხოვს დამატებით დროს და ძალისხმევას. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემის, ასევე სს "ენერგო- პრო ჯორჯია"-ს ტექნიკური სამსახური და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ქ. სიღნაღისა და მიმდებარე სოფლების ენერგომომარაგება ეტაპობირვად დღის ბოლომდე აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ ქვეყანაში მყოფ უცხოელ დიპლომატებს რუსული ვაქცინის გაკეთება შესთავაზა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მყოფ უცხოელ დიპლომატებს კორონავირუსის წინააღმდეგ Sputnik V-ის ვაქცინის გაკეთება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო უწყებაშიც ადასტურებენ. საუბარია 12 000 დიპლომატზე და მათი ოჯახის წევრებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის კამპანიაში უცხოელი დიპლომატების მოწვევა საერთაშორისო პრაქტიკაა. ”დიპლომატიური კორპუსის კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოწვევის პრაქტიკა ბევრ შტატშია გავრცელებული და ეს საკმაოდ გასაგებია - ეპიდემიის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა მოითხოვს, შეძლებისდაგვარად, ქვეყნის ყველა მოსახლეობის ფართო დაფარვას. გამონაკლისი არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა", - აცხადებენ სამინისტროში. გავრცელებული ინფორმაციით, დსთ-ს, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის დიპლომატებმა შეთავაზება მიიღეს. ევროპული ქვეყნების საელჩოებში Sputnik V-ის გაკეთება არ იკრძალება, თუმცა მოუწოდებენ თავი შეიკავონ, სანამ ვაქცინას ევროპის წამლის სააგენტო არ დაამტკიცებს. იანვარში ვაქცინა იტალიის ელჩმა გაიკეთა. გარდა ამისა, კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ელჩმა, ჯონ სალივანმა უარი თქვა Sputnik V-ის ვაქცინის გაკეთებაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი. 17 თებერვალს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა რუსული ვაქცინის გაკეთება ითხოვეს, რადგან მათ ეეჭვებათ, რომ უახლოეს პერიოდში ამერიკულ ვაქცინას მიიღებენ.

ლიეტუვის პარლამენტის წევრი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად საქართველოს ეწვევა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად საქართველოს დღეს ეწვევა. ეს გადაწყვეტილება ლიეტუვის სეიმის საბჭომ, ხუთშაბათს, საგანგებო სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას Baltictimes-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ლიეტუვის სეიმის წარმომადგენელთა მივლინებები აკრძალულია, თუმცა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის გამო გამონაკლისი დაიშვა. ვიზიტის შესახებ პავილიონისი Twitter-ზეც წერს. ამავდროულად, ლიეტუველმა პარლამენტარმა სააგენტო BNS-ს განუცხადა, რომ საქართველოში მეგობრები ორივე მხარეს ჰყავს და წინა მოწვევის სეიმში საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის ასევე გეგმავს შეხვდეს, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ასევე იმედოვნებს, რომ გაესაუბრება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და დასძენს, რომ ქართველი პოლიტიკოსები, როგორც წესი, ითვალისწინებენ ლიტვის წარმომადგენლების მოსაზრებებს. „დავსხდებით ერთ მხარესთან, მეორესთან, შევეცდებით ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, ერთმანეთის ციხეში გაშვებით იქ ნამდვილად ვერ მოხვდებიან. მათ ლიეტუვის მაგალითი უნდა გადაიღონ, როცა სტრატეგიულ ამოცანებში პოზიცია და ოპოზიცია ერთად მოქმედებენ“, - განაცხადა პავილიონისმა.

ზაზა ფირალიშვილი: რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დასავლეთს სრულად უნდა გავუხსნათ გზა

„მაშინ, როცა კავკასიის რეგიონს ინაწილებენ თურქეთი და რუსეთი, საქართველო ან მათ განაწილებას უნდა შეეგუოს, ან დასავლეთს სრულად გაუხსნას გზა, ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტი და ოპოზიციის პარლამნეტში შესვლა", - ამის შესახებ Europetime-ს ანალიტიკოსმა ზაზა ფირალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, რეალურად, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებამ, ქვეყანას დააკარგინა ოპოზიცია და ეს გამოჩნდა NDI-ს კვლევებში, თუ რამდენად დაბალია ხელისუფლებისადმი ნდობა და კიდევ უფრო დაბალი - ოპოზიციისადმი ნდობა. „ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისის მანიშნებელია, როცა ოპოზიცია მცირე ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არის უბედური. ახლა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ყველაზე მეტად აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ 200 წლის შემდეგ, ჩვენს რეგიონში შემოვიდა თურქეთი, ვგულისხმობ აზერბაიჯანში თურქი სამხედროების შესვლას. დასავლეთისთვის ეს არის ძალზედ შემაშფოთებელი ვითარება. რეგიონს ინაწილებენ რუსეთი და თურქეთი. ჩვენ განზე ვერ დავდგებით. დასავლეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ ჩვენ გავუხსნათ ყველა გზა. ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტის არსებობა. ხაზს ვუსვამ, ამ ხელისუფლების პრობლემა მაშინ გამოჩნდა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ამოწურა თავისი პოლიტიკური რესურსები. ამოწურა რესურსი დასავლეთთან პოზიტიური კონტაქტისა. ამ სიტუაციაში მე სწორედ ოპოზიციასთან მაქვს პრობლემა, რომ ისევ ვერ ახერხებს ნაყოფიერი პოლიტიკური პლატფორმის პოვნას. ისევ 1991 წლის და 2003 წლის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობაშია", - განუცხადა", - განუცხადა Europetime-ს ზაზა ფირალიშვილმა.

NATO ერაყში კონტინგენტს გაზრდის

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ჩრდილოატლანტიკური მისიის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ Twitter-ზე NATO-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი წერს. გაიზრდება წვრთნებში მონაწილე ერაყელი სამხედროების რიცხვიც, წვრთნების ადგილმდებარეობა კი ბაღდადის ფარგლებს გასცდება. „გადავწყვიტეთ, გავაფართოვოთ ერაყში NATO-ს საწვრთნელი მისია, რათა დავეხმაროთ ერაყს ტერორიზმთან ბრძოლაში. მისიის შემადგენლობა 500-დან 4 000 სამხედრომდე გაიზრდება. NATO-ს მისია ერაყის მთავრობასთან კონსულტაციას განაგრძობს“, - წერს სტოლტენბერგი.

თამარ ჟვანიას გადადგომას ცესკოში არ ადასტურებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე არ ადასტურებს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. შარაბიძის განცხადებით, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება. „მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.თამარ ჟვანია არ გადამდგარა. კიდევ ერთხელ ცალსახად ვადასტურებ, რომ თამარ ჟვანია იმყოფება სამუშაოზე, ის ახორციელებს თავის უფლებამოსილებას", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი შარაბიძემ.

მიანმარის საპროტესტო აქციების დროს თავის არეში დაჭრილი გოგო გარდაიცვალა

მიანმარის საპროტესტო აქციების დროს თავის არეში დაჭრილი გოგო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გოგოს გარდაცვალების ფაქტს, მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. ეს პირველი მსხვერპლია, რომელიც მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ ორკვირიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. 20 წლის მია თვე ქაინი 9 თებერვლის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში გამართული აქციის დროს, მას თავის არეში ესროლეს. გავრცეებული ინფორმაციით, 20 წლის გოგოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და მისი ჭრილობა რეზინის ტყვიის მიერ მიყენებული არ ყოფილა. იმავდროულად, პარტია "დემოკრატიის ეროვნული ლიგის" (NLD) სპიკერმა კიი ტომმა განაცხადა, რომ მოტოციკლის ჩაფხუტი, რომელსაც გოგო ატარებდა, ტყვიამ გახვრიტა.