ძებნის რეზულტატი:
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი: ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს
"ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებით", - ამის შესახებ twitter-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებაში წერენ. "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ოფიციალურ პირებთან ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ პოლიტიკური დევნის პრობლემაზე საქართველოში. მოხარული ვართ ოპოზიციის ლიდერ მელიას დაკავების შეჩერების გამო, თუმცა ასეთი პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები არასოდეს არ უნდა მოხდეს. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება", - აღნიშნულია რიშის და შაჰინის ერთობრლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.
მაიკლ მაკკოლი და გრეგორი მიკსი: ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს დემოკრატიის პრინციპებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა წევრმა, მაიკლ მაკკოლმა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა გრეგორი მიკსმა საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი საქართველოს ყველა პოლიტიკურ მხარეს დემოკრატიის პრინციპების პატივსცემისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაბმისკენ მოუწოდეს. "თბილისში პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროგრესს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა იბრძოლა. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს დემოკრატიის პრინციპებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს მშვიდობიანად გადაწყვეტს. ძლიერი და გამძლე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას, მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, რეგიონის სტაბილურობისთვის", - წერია განცხადებაში.
საქართველო საშიშ ჩიხშია შესული. დემოკრატიის გადატვირთვის დროა - ვოლკერი და ილვესი
„საქართველოს დემოკრატიის გადატვირთვის დროა", - ამ სათაურით ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) გვერდზე სტატიას აქვეყნებენ. „საქართველო იმყოფება სახიფათო ჩიხში, რომელიც რისკს უქმნის ყველაფერს, რის მისაღწევადაც ქვეყანამ ამდენი იბრძოლა. ისტორიამ და უახლესმა ისტორიამაც, აჩვენა, რომ დემოკრატია მყიფეა. მხოლოდ ერთი მარცხი და ხანგრძლივი და რთული ბრძოლაა საჭირო მის უკან დასახევად. რთულად მოპოვებული გამარჯვებები მუდმივია არაა, დემოკრატია მუდამ დაცული უნდა იყოს. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერები და მეგობრები, ვიცავდით საქართველოს დასავლურ მოწოდებას და ქვეყანას მხარს ყველაზე რთულ დროსაც კი ვუჭერდით. დღეს ჩვენ ვწერთ იმისთვის, რომ ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ ქართულ დემოკრატიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს ხალხი იმსახურებს წინსვლას და არა გამოუვალ ჩიხში ყოფნას. ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას დამსახურება უნდა, NATO-ს არც ერთ მთავრობას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ახალ წევრ სახელმწიფოს, რომლის დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უნარი და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის ამ მაღალი მისწრაფებების მისაღწევად. ბევრი, აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში ამ ჩიხს სიხარულით ან კმაყოფილებით უყურებს. ხელისუფლებები სიამოვნებით ელოდებიან დემოკრატიაში კიდევ ერთი ექსპერიმენტის დანახვას, ოცნებობენ „მართული დემოკრატიული ქვეყნების“ ოჯახში საქართველოს დაბრუნებაზე. დასავლეთში ზოგიერთები, რომლებიც მკაცრად ეწინააღმდეგებიან საქართველოს „ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში” ინტეგრაციას, საქართველოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას იმის სათქმელად, რომ „თქვენ არ გეკუთვნით ჩვენთან ყოფნა“. ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს გულში აქვთ თავისუფლება. მათ სურთ იყვნენ მსოფლიოში სხვა თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს შორის. მათ სურთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა და კარგი მმართველობა. საქართველოს ხვედრი NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. არ გვეგულება ერთი ქართველი ოპოზიციაში ან მთავრობაში, რომელიც ამას არ ეთანხმება. თუმცა, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას დამსახურება უნდა. გარესამყაროსთვის საქართველო უიმედოდ გაყოფილ, მოუმწიფებელ დემოკრატიად და ეკონომიკად ჩანს. NATO-ს არც ერთი წევრის მთავრობას არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს ახალ წევრ სახელმწიფოს, რომლის დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უნარი და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განმარტებისთვის: ეს არ არის ხელისუფლების ან ოპოზიციის კრიტიკა. უფრო მეტიც, ეს არის მოწოდება, ორივემ მოძებნოს ერთმანეთთან საუბრის საშუალება ყველა ქართველის ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, ის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, სხვისი, თუ საერთოდ არავისი. ქართველ ხალხს აქვს ძალიან ძლიერი იდენტურობის გრძნობა და საქართველოს ადგილი მსოფლიოში. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის ამ მაღალი მისწრაფებების მისაღწევად, მაშინაც კი, თუ ისინი გარკვეულ საკითხებში ვერ თანხმდებიან“, - აღნიშნულია სტატიაში. ტომას ჰენდრიკ ილვესი და კურტ ვოლკერი წერენ, რომ „პრემიერ-მინისტრის გადადგომით, ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების შესაძლებლობით, საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის პროცესზე შეთანხმების მიუღწევლობით და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით იმის გარეშე, რომ სამართლიანად დადგინდეს, მოხდა თუ არა რამე არასწორად ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროს, საქართველო ჩიხშია შესული და ეს აზიანებს ქვეყანას საზღვარგარეთ. „ორივე მხარემ უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს, რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუკი ამგვარი დიალოგის ფასილიტატორობა შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ თავად ქართველმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და საჭიროა გადატვირთვა“, - აღნიშნულია სტატიაში.
რა რეფორმები იგეგმება ეკონომიკის სამინისტროში
მოგახსენებთ იმ რეფორმების შესახებ, რაც არის დაგეგმილი ჩვენი სამინისტროს მიმართულებით და უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს. „მოგახსენებთ, რა აქტუალური რეფორმები გვაქვს ახლა ჩვენ დღის წესრიგში, რაც ეკონომიკის სწრაფ აღდგენას მოასწავებს. დავიწყებ სისტემური ეკონომიკური რეფორმებით და ასეთი რეფორმა არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა და უფრო ფართოდ დანახული კაპიტალის ბაზრის რეფორმა არის კომპონენტი ფინანსებზე ხელიმისაწვდომობის ზრდის პოლიტიკის, ხელმისაწვდომობის ზრდასთან დაკავშირებული რეფორმის. რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ იქითკენ მიმართული რეფორმა რაც საფინანსო ბაზარზე მეტ დივერსიფიკაციას მოიტანს და უფრო დივერსიფიცირებული და განსხვავებული ტიპის ინვესტორებს შემოიყვანს ბაზარზე ჩვენთან, როგორიც არის ინსტიტუციური ტიპის ინვესტორები, როგორიც არის საპენსიო, სადაზღვევო ფონდები და ა.შ. ასევე დივერსიფიცირებული იქნება ჩვენი ეკონომიკის დაფინანსების წყაროები, გარდა ამისა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის რეფორმა მოიცავს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას არა მარტო მსხვილი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე, მათ შორის კაპიტალზე, სესხზე. კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით ჩვენ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ახალ სტრატეგიას. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეს არის კანონი სეკურიტიზაციის შესახებ, ეს არის კანონი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, ეს არის საპენსიო რეფორმის გაგრძელება და თუკი უფრო ფართოდ შევხედავთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, აქ კიდევ დამატებით ვმუშაობთ უზრუნველყოფილი ტრანზაქციების რეფორმაზე, რაც იმას ნიშნავს, თუ დღეს ძირითადად უძრავი ქონება გვევლინება საბანკო უზრუნველყოფის სახით, კომპანიებს შეუძლიათ მოიზიდონ სასესხო დაფინანსება, მომავალში გირავნობის ბაზა უფრო მეტად გაფართოვდება და მოძრავი ქონებაც გადება უზრუნველყოფის სახეობა. ამ მიმართულებით მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ლიეტუვის პარლამენტის წევრი "ნაციონალურ მოძრაობას" ხვდება
ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრას მართავს. ის პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. კონკრეტულად რომელ ლიდერებს შეხვდება, უცნობია. 'ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრამდე, ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს" ოფისში ლიდერებს შეხვდა. ლიეტუვის პარლამენტის წევრი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად საქართველოს ეწვია.
ლიეტუვის სეიმის წევრი: თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსი დასრულდება
"ვხედავ დიდ შანსს, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში, მაგრამ თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ საქართველო ქუჩის გზას აირჩევს, გაწევრიანების შანსი დასრულდება", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. „შევხვდი ნიკა მელიას. მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერსა და მთავრობის წარმომადგენელს. ჩვენ მზად ვართ, შემოგთავაზოთ მედიაცია. დიალოგისთვის, თქვენ გჭირდებათ პარტნიორი. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. საქართველო წავა ან სლოვენიის ან ბელარუსის გზით. ვხედავ დიდ შანსს, რომ გაწევრიანდეთ ევროკავშირსა და NATO-ში, მაგრამ როცა ჩვენ ამ გზას გავდიოდით, ალტერნატივა მხოლოდ ერთად სიარული იყო. თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ საქართველო ქუჩის გზას აირჩევს, საქართველოს შანსი დასრულდება. არჩევანი თქვენია - გინდათ, ამ პროცესში იყოთ ლიდერები თუ დარჩეთ ამ მოცემულობაში, რომელიც არაფრისმომცემია. ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ან უერთდები NATO-ს, ან იღუპები. თქვენ სხვა ალტერნატივა არ გაქვთ და თუ ალტერნატივა არ არსებობს, თქვენ უნდა ესაუბროთ ერთმანეთს. შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესია. ჩვენ მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, აღადგინოთ დიალოგი“ - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
ნიკა მელია: ნიკა მელიას ხელზე ოკუპანტის ბორკილი არ დაიდება, ეს მისია არის შეუსრულებელი
"აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ვიზიტი მარტო არ ემსახურება ნიკა მელიას მხარდაჭერას. ეს არის ვიზიტი, რომელიც ემსახურება დემოკრატიის გადარჩენას", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელია ლიეტუვის სემის წევრთან ზიგიმანტას პავილიონთან შეხვედრის შემდეგ. ნიკა მელიას თქმით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ "ქართული ოცნების" უკანდახევაა, რაც ხელახალი არჩევნების დანიშვნაში უნდა გამოიხატოს. "ახლა, როცა, პრაქტიკულად, ალყაში ვართ, ჩამოდის ერთ-ერთი სტრატეგიურული პარტნიორი ქყვეყნის გამორჩეული ლიდერი და გთავაზობს თანამშრომლობას, ეს არის მისასალმებელი. ვიზიტიცაა და ვიზიტიც. ეს ვიზიტი ახლა არ იყო დაგეგმილი, მომდევნო თვეში იგეგმებოდა, მაგრამ ვადაზე ადრე შედგა, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო. "ქართულ ოცნებას" აქვს ერთადერთი გამოსავალი - უკანდახევა. დროზე უნდა მიხვდნენ, რომ ნიკა მელიას ხელზე ოკუპანტის ბორკილი არ დაიდება, ეს მისია არის შეუსრულებელი. ცვლილებების გარეშე ქვეყანა ვერ ჩადგება კალაპოტში და ერთადერთი ცვლილება არის სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა ნიკა მელიამ.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 396 ადამიანს დაუდასტურდა, 469 გამოჯანმრთელდა, 19 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 18015, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11021, PCR ტესტით - 6994. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 261 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 425 კი გარდაიცვალა. 396 ახალი შემთხვევიდან 170 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 8, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 11, შიდა ქართლი - 41, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,2%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,4% კარანტინის რეჟიმში - 281. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1769. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 228.
ამერიკელი სამხედროები გერმანიაში დარჩებიან
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ამერიკელი სამხედროების გერმანიაში დარჩენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ევროპის უსაფრთხოების, ძლიერი NATO-სა და სტრატეგიულად ერთიანი დასავლეთის მიმართ ამერიკის ერთგულების გამოხატულება”, -განაცხადა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა მიუნხენის უსაფრთხოების ვირტუალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, ევროპული და ატლანტიკური უსაფრთხოების დაცვა ერთობლივი ძალისხმევა და ორმხრივი ვალდებულებაა. ”ეს არის კარგად გასაგები სიგნალი. ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩავკიდოთ ხელი ვაშინგტონს, რომელმაც ხელი გამოგვწოდა. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ საკითხს ჩვენი ერთგულებით - თავდაცვის ხარჯებით, საზღვარგარეთ ჩვენი ერთობლივი სამხედრო განლაგებით, NATO-სა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებით”, - აღნიშნა კრამპ-კარენბაუერმა.
რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა CoviVac-ი დაარეგისტრირა
რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა, CoviVac-ი, დაარეგისტრირა, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრამ მიხეილ მიშუსტინმა განაცხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი ვაქცინა „ჩუმაკოვის იმუნური და ბიოლოგიური პროდუქტების კვლევისა და განვითარების ფედერალური სამეცნიერო ცენტრის“ მიერაა შექმნილი. ”დღეს რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც უკვე აქვს COVID19- ის საწინააღმდეგო 3 ვაქცინა”, - თქვა პრემიერ მინისტრმა მიშუსტინმა. როგორც პრემიერ მინისტრი აცხადებს, CoviVac-ის ვაქცინის გამოყენება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ცნობისთვის, რუსეთმა პირველი ვაქცინა - Sputnik V-ი- გასული წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირა, მეორე, EpiVacCorona, კი - ოქტომბერში.
ლიეტუველი პარლამენტარი: ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და NATO-ს, ან კვდები
"ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და NATO-ს, ან კვდები", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია. თუ ქვეყანაში მუქარის გზა გაგრძელდება, NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შანსები შემცირდება. „არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით. თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და NATO-ში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია ოპენენტები. თუ გაგრძელდება რეპრესიები და კონფლიქტი, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება. NATO-სა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები. თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და NATO-ს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა. „ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ გნაცხადერბაში პარლამენტის წევრმა ხელისუფლებას დათმობაზე წასვლისკენ და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდა. „ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება“, - აცხადებს პავილიონისი.
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა ნდობა გამოუცხადა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს. დღეს დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძემ, 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამა წარუდგინეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა გუშინ წარადგინა.
ივანე მაჭავარიანი: 2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარს მიაღწევს
"2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა, დღეს პარლემენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრა. „პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და რა თქმა უნდა გამონაკლისი ვერც ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა. განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ჩვენი ეკონომიკის 10%-ს შეადგენს, თუმცა შემცირდა ექსპორტის და ინვესტიციების მაჩვენებელი. ეს ყველაფერი აისახა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გასულ წელს ეკონომიკის შემცირებამ 6%-ს გადააჭარბა. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, თუმცა ჯამურად 2020-2021 წლებში 2019 წელთან შედარებით ჩვენი ეკონომიკა რეალურ გამოხატულებაში დაახლოებით 1%-ით მცირდება. თუ შევადარებთ რა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის მოცულობა პანდემიის გარეშე და რა იქნება პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მლრდ ლარი დაკარგა. ხოლო 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება"-განაცხადა მაჭავარიანმა.
ჯო ბაიდენი: პუტინს NATO-ს და ევროპული პროექტის დასუსტება სურს
"პუტინი ცდილობს შეასუსტოს ევროპული პროექტი და NATO-ს ალიანსი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს, შეასუსტოს ტრანსატლანტიკურ ერთობა, რის გამოც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და აშშ-სთვის. "მას სურს შეარყიოს ტრანსატლანტიკური ერთიანობა, რადგან კრემლისთვის ბევრად უფრო ადვილია ცალკეული სახელმწიფოების დაშინება და მუქარა, ვიდრე ძლიერ და მჭიდროდ გაერთიანებულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან მოლაპარაკება", - განაცხადა ბაიდენმა. ასევე, სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა რუსეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში კიბერშეტევებში მონაწილეობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ ნაბიჯებზე პასუხის გაცემა კრიტიკულია აშშ-სთვის და მისი მოკავშირეების საერთო უსაფრთხოების დასაცავად.
ნიკა მელია: ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ
"ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ", - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციოალური მოძრაობის" ტავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა შენობის დატოვებას იმ პირობებში, როცა არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ. აღნიშნული განცხადება მელიამ ლიეტუვის პარლამენტის წევრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად ვიყავი გასული, ამის დამადასტურებელი ვიდეოც და ფოტო მასალაც მოგეწოდებათ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში და ამოწმებენ საბარგულს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ტერიტორიას ტოვებს. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები: ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე”, – თქვა მან.
ნათია თურნავა: განვიხილავთ სასტუმროების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნას
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, სასტუმროების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნას, უახლოეს დღეებში განიხილავენ. როგორც დღეს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თურნავამ განაცხადა, ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპზე პირველი პრიორიტეტი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამუშავებაა. მისი თქმით, ზამთრის კურორტებზე შესაძლებელია სასტუმრობის ოპერირების განახლებაზე მსჯელობა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე. "თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, ჩემი აზრით, პირველი უახლოესი პრიორიტეტი არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ის ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა მობილობის შეზღუდვას და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეებთან დაკავშირებით მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია, ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც ვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება. ასევე, სასტუმრობში მივედით საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია ვეხმარებით „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემედეგი ერთ-ერთი ეტაპი, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად. ზამთრის კურორტები ყველაზე მტკივნეული საკითხია, იწურება ზამთრის კურორტების გახსნის პერიოდი. ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, არ არის ეს რაციონალს მოკლებული. და ერთ-ერთი, რა საკითხსაც დავაყენებ მე განსახილველად იქნება, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით"-განაცხადა თურნავამ.
კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ვისურვებდი, რომ ის იყოს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დამასრულებელი
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებები შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებს საზოგადოების პოლარიზაციას წერტილი დაუსვას. "მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნის და საზოგადოების გამაერთიანებელი და დამასრულებელი არსებული პოლარიზაციის, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის. მინდა გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ლიეტუვის სეიმის წევრი: საქართველო ან ლიტვის გზით წავა, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება
"საქართველო ან ლიტვის გზით წავა, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. პავილიონისის თქმით, თუ საქართველო ლიტვის გზით წავა, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების დიდი შანსი აქვს. "მე შევხვდი ნიკა მელიას და მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს და მე ერთ რამეს ვიტყვი, ლიტვა საქართველოს კარგი და ძველი მეგობარია, ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე ბნელ დროსაც კი, და ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი შუამავლობა. მაგრამ, დიალოგისთვის გჭირდება პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება დაპატიმრებული იყოს, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნიკა მელიას გირაო პოზიტიურად გადაწყდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ შუამავლობა გავუწიოთ მთავრობას, ნიკას და მთელ ოპოზიციას. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ეს არჩევანია - ან საქართველო წავა ლიტვის გზით, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება. თუ ის ლიტვის გზით წავა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დიდ შანსს ვხედავ", - განაცხადა პარლამენტის წევრმა. მისი თქმით, თუ საქართველოში რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება საქართველო NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს დაკარგავს. "როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატოში მარჯვენა და მარცხენა მხარე ყოველთვის ერთად მიდიოდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია ვინმე. მაგრამ, თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ ეს პირდაპირ წინ წასვლის გზაა, საქართველო შანსებს გამოტოვებს. და არის სხვა ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება წარმატება მიაღწიონ, უკრაინა და მოლდოვა, ვნახოთ. მაგალითად, ესტონეთი იყო ერთადერთი, ვინც წარმატებას მიაღწია, 1987 წელს მიიწვიეს ევროკავშირში და ჩვენ, ლიტვამ და ლატვიამ ეს გავაკეთეთ 1990 წელს, ამიტომ, მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. ამიტომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდათ, იყოთ საუკეთესო, პროცესის ლიდერი ან გინდათ იყოთ მსხვერპლი სხვადასხვა შიდა და გარე თავდასხმების და თქვენ დარჩებით სხვადასხვა ძალებთან ერთად რეგიონში, რომლებიც გაგგლეჯენ. თქვენ უკვე დაზარალდით ომით, თქვენ მართლა გინდათ, რომ ამ სტატუს-კვოში იცხოვროთ, რაც არაფერს მოიტანს? რადგან ჩვენ ვიცით ეს ჩვენი გამოცდილებით, ან შეუერთდებით ევროკავშირს და ნატოს, ან დაიღუპებით, ამიტომ თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა. ამიტომ, თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, გთხოვთ, ილაპარაკეთ ერთმანეთთან, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეაჩერეთ სასამართლო საქმეები, რაც ამ დიალოგის შექმნას საშუალებას არ აძლევს და დაიწყეთ ხიდების შენება მომავლისკენ. ჩვენ თქვენ დასახმარებლად მზად ვარ" - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა.
იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება. პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება. „ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, რაზეც საშუალება გვექნება, რომ ერთად ვიმსჯელოთ და ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად მსოფლიოში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტმა დემურ გიორხელიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე. „ინვესტორების მოძებნა არ არის ხელისუფლების ფუნქცია. ამ დროისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო. ვნახოთ, თუ მთავრობა სწორად მოიქცევა და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი გაკეთდება. ანაკლიის პროექტს არ აქვს თანხების მოძიების პრობლემა. ანაკლიის პროექტს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის და პროფესიულ დონეზე ამ გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. ეს არ არის უბრალოდ ქართული პროექტი, ეს არის საქართველოს რესურსის გამოყენება უდიდესი, ფაქტობრივად 21-ე საუკუნის ეკონომიკისათვის“, - აღნიშნავს ანაკლიის პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტი დემურ გიორხელიძე. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე არც ერთი თეთრი არ შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ბიუჯეტიდან, რადგან ეს პროექტი არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს. დემურ გიორხელიძე ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორის „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის“ მთავრობასთან დაპირისპირებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მან პირველივე დღიდან იცოდა, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კონსორციუმის ამერიკელ ინვესტორს, ანაკლიის პორტის ასაშენებელი ფული არ ჰქონდათ. „ერთადერთი რაც ამ პროექტის განვითარებას აფერხებდა იყო ის, რომ პირველი ტენდერის გამოცხადების დროს, მთავრობის მხრიდან სერიოზული მიდგომა არ არსებობდა. მთავარი შეცდომა რამდენიმე წლის წინ დაუშვა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, როცა ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელსაც არც ფული ჰქონდა და არც პროექტი. პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას მიწვევით, პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული ანაკლიის პორტის პროექტში. ყველა დეტალს ვიცნობდი. ტენდერის შედეგების გაგებისთანავე ვთქვი, რომ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ამერიკულ ჯგუფს პორტის ასაშენებლად ფული არ ჰქონდათ. შედეგიც მივიღეთ ძალიან ცუდი. როდესაც ასეთ გლობალურ პროექტზე სახელმწიფო ტენდერს აცხადებს და ინვესტორს არჩევს, მთავრობა უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აინტერესებდეს პროექტის რაობა, რესურსის მაქსიმალური ათვისება, სარგებებლობა და არა ნეპოტიზმი, არა ძმაკაცობა და კულუარული გარიგებები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ანაკლიის პორტის მსგავს გლობალურ პროექტებზე, ასეთი მიდგომა ყოველთვის კრახით სრულდება და ამიტომაც არაფერი გამოვიდა. შანსიც არ იყო“, - აღნიშნავს ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე. საქართველოს მთავრობის გადწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, კონსორციუმმა საარბიტრაჟო სასამრთლოში სარჩელის შეტანით უპასუხა. როგორც Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (TBC Holdings and Conti Group) განუცხადეს, ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი იქნება, კონსორციუმთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაა. „გარდა იმისა, რომ მთავრობა სერიოზულ ფინანსურ რისკზე დგება, საარბიტრაჟო განხილვის დროს კარგად არის გააზრებული, რომ არც ერთი ლეგიტიმური დეველოპერი, ინვესტორი ან გამსესხებელი არ დაინტერესდება ანაკლიის ახალი და ცალკე პორტის პროექტით”, - განაცხადეს კონსორციუმში, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევად, ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილების შეფასებისას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ორი საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, საწყის ეტაპზეა და მისი განხილვა შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. „საბოლოო პოზიტიური შედეგისადმი ჩვენი ნდობა კვლავ ძლიერია. ჩვენ გვსურს ვნახოთ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ამავდროულად, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინვესტორების ინტერესები, რის გამოც დავიწყეთ საარბიტრაჟო განხილვა. ამასთან, ჩვენი პირველი პრიორიტეტი რჩება ამ პროექტის განსახორციელება. შეჩერებული და დაგვიანებული ანაკლიის პორტის პროექტზე პრობლემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მთავრობას. თუმცა, ოცნება ანაკლიის მსოფლიო დონის პორტის აშენების შესახებ და ეკონომიკური სარგებელზე, რაც მას მოჰყვება, შესაძლოა, კვლავ გახდეს რეალობა. საჭიროა მხოლოდ მთავრობის მზაობა, შეაჩეროს ამ პროექტთან დაპირისპირება და მიიღოს აქტიური, პოზიტიური როლი უკვე მიღწეული პროგრესის ჩამოყალიბებაში. “,- განუცხადეს Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს. „ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში. ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ ვიღებთ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა, რუსეთზე გამავალი. საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე როცაა საუბარი, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარადჭერა აქვს, როგორც აშშ-დან ისე ევროკავშირიდან. კლასიკური ტარნსპორტის გარდა, ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით. მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი. ამ მთავრობას არ ეხება ეს შეცდომები, წინა მთავრობას ვგულისხმობ. (ანაკლის პორტის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა). თუ მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.
უკრაინამ პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქს სანქციები დაუწესა
უკრაინამ ვიქტორ მედვედჩუკს, პოლიტიკაში გავლენიან პირს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს და კიევის მთავარი პრორუსული პარტიის ლიდერს. სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ალექსი დანილოვმა, პრეზიდენტის ბრძანებით დაწესებული ზომების შესახებ, 19 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, მედვედჩუკი და შვიდი სხვა სანქცირებული პირი, მათ შორის მედვედჩუკის მეუღლე ოქსანა მარჩენკო და ჯგუფთან ასოცირებული 19 კომპანია, ეჭვმიტანილები არიან ტერორიზმის დაფინანსებაში. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა. სანქციებით სამი წლით გაიყინა წყვილის ქონება და მათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება შეეზღუდათ. ”სანქციები დაწესებულია იმ აქტივებზე, რომლებიც ბატონ მედვედჩუკს ეკუთვნის”, - თქვა დანილოვმა. ივან ბაკანოვმა, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა დაზვერვის საფუძველზე, რომ აღნიშნული პირები და კომპანიები აღმოსავლეთის რეგიონებიდან ქვანახშირის კონტრაბანდაში მონაწილეობდნენ, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. ასევე ისინი სამ ადგილობრივ პრორუსულ სატელევიზიო არხის აფინანსებდნენ, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით დაიხურა.