ძებნის რეზულტატი:
Daft Punk დაიშალა
Daft Punk - ტომა ბანგალტერისა და გი-მანუელ დე ომემ-კრისტოს პარიზული დუეტი დაიშალა. ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფის მუსიკოსებმა მსმენელებს ეს ამბავი 8-წუთიანი ვიდეოთი ამცნეს, თუმცა გაყოფის მიზეზებზე არაფერს ამბობენ. ტომა ბანგალტერისა და გი-მანუელ დე ომემ-კრისტოს დუეტი 1993 წელს პარიზში ჩამოყალიბდა. სადებიუტო ალბომი, Homework 1997 წელს გამოვიდა.
უკრაინის პრემიერი ქართველ კოლეგას პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს. „ვულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროკავშირისკენ და NATO-სკენ მიმავალ გზაზე“, - წერს დენის შმიგალი Twitter-ზე.
ნიკა მელია დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა, დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით გადადო. 22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცა. ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
NASA-მ Perseverance-ის მიერ მარსზე დაშვებისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა
NASA-მ Perseverance-ის მიერ მარსზე დაშვებისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. NASA-ს ახალი მარსმავალი Perseverance-ი მარსზე 19 თებერვალს დაეშვა. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მარსმავლის Perseverance-ის („შეუპოვრობა“) გაშვება 2020 წლის 30 ივლისს განახორციელა.
პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. სალომე ზურაბიშვილის შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
მაიკლ კარპენტერი მელიას დაკავებაზე: ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოში
"ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში, ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით",- ."დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" დირექტორი მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება. „ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. იმედია, ცივი გონების მქონე ადამიანები გაიმარჯვებენ და სიტუაციის დეესკალაცია ჯერ ისევ შესაძლებელია“ - წერს მაიკლ კარპენტერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.
იან კელი: საქართველო გზაჯვარედინზეა. ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს, ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია
"ვფიქრობ, მნიშნველოვანია, ამერიკამ, ევროკავშირმა და დასავლეთმა ზოგადად, დადებითი როლი ვითამაშოთ დაძაბულობის შემცირების მცდელობაში, მოვუწოდოთ მხარეებს მოლაპარაკებისკენ წინაპირობების გარეშე. ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა გამოინახოს. სტატუს კვო, ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნისთვის, რომელიც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს", - განაცხადა ამერიკის შეერთებბული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი და მიმდინარე ქაოსი საქართველოს საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. 'საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები და ის, რაც გუშინ მოხდა კვირების განმავლობაში მიმდინარე პოლარიზაციის და დიალოგის ნაკლებობის შედეგია მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ორივე მხარემ უნდა შეაფასოს პრიორიტეტები. პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტის ქონაა. არ შეიძლება გარიყო ქვეყანაში ამომრჩევლის, დაახლოებით, 45 პროცენტი და გქონდეს პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. ყველამ ამაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი", - აცხადებს იან კელი. დიპლომატის განცხადებით, მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან მათ აქვთ შესაბამისი რესურსი. მისი აზრით, ერთპარტიული პოლიტიკა არასტაბილურია. თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი, ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება დასავლეთის ქვეყნები შეეცდებიან საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები ჩამოწერონ. იან კელი მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდეს, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე მხარეს ძალიან მწვავეა, დასხდნენ და მონახონ გამოსავალი. "მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს იმის გამო, რომ მთავრობას აქვს ძალაუფლება და რესურსი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას მოჰყვება. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება - ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ამასთან, ჩრდილოეთით გყავთ მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ. მეორე საკითხი კი ისაა, რომ ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები ჩამოწერონ. თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი, ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება, ეს ყველაფერი მათ საბაბს მისცემს იმისთვის, რომ საქართველო ასე ვთქვათ, ჩამოწერონ. შედეგები ყველასთვის ძალიან დიდია. როგორც მთავრობამ, ასევე ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა დაწიოს, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე მხარეს ძალიან მწვავეა, დასხდნენ და მონახონ გამოსავალი., - აღნიშნა კელმა. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, იან კელი პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ქვეყანას შუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს იმ არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო. "თუ ახალი ადამიანი მოდის სათავეში, ეს შესაძლებლობას ხსნის, რომ ფურცელი ახალ და სუფთა გვერდზე გადაიშალოს. მაგრამ ვისურვებდი მთავრობისგან ამის სიგნალი დავინახო, რომ ისინი მზად არიან ეს პრიორიტეტულ თემად აქციონ, კონფრონტაციას თავი აარიდონ, ოპოზიციას ხელი გაუწოდონ და ეს თავის მხრივ ოპოზიციამაც გააკეთოს იგივე რიტორიკის სიმწვავის და ტემპერატურის შემცირებით. საქართველო გზაჯვარედინზეა. ქვეყანას შუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს იმ არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო", - ამბობს იან კელი. აშშ-ის ყოფილი ელჩი აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მომავალ ურთიერთობაში ორი მხარეა, კარგი და ცუდი. "კარგი ის არის, რომ ჩემი აზრით, ამერიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ტრანსატლანტიკური ერთობის ყველაზე აქტიურად მხარდამჭერი ადმინისტრაცია გვყავს. პრეზიდენტიც და სახელმწფო მდივანიც აცხადებენ, რომ ნატოსთან გაღრმავებული და გაუმჯობესებული ურთიერთობა სურთ. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავად განაცხაადა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს და რომ ამით საქართველო უფრო მეტად დაცული იქნება. ანუ, ეს კარგი ამბავია. საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი პარტნიორები ჰყავს, რომლებსაც მისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. ცუდი ამბავი ისაა, რომ ეს კრიზისი ისეთ დროს ემთხვევა, როცა ახალი ადმინისტრაციის ყურადღება ერთის მხრივ გაფანტულია და მეორეს მხრივ პოლიტიკის გადახედვის პროცესშია. ისინი საქართველოსთან ურთიერთობას ახლავე არ გადახედავენ, რადგან გაცილებით დიდი საკითხები აქვთ გადასახედი. მაგრამ როცა აქამდე მივლენ, იმედი მაქვს, ისევ საქართველოსთვის, რომ ქვეყანა მრავალპარტიული და პლურალისტური დემოკრატიისადმი ერთგულების გზაზე იდგება", - თქვა ყოფილმა ელჩმა.
ირაკლი კობახიძე მელიას დაკავებაზე: არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად, თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი
"მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო, ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, არის მტკივნეული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. "ეს არის სახელმწიფო. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას. მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო, ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად არის მტკივნეული. თუმცა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს, მხოლოდ ფაქტებს: 1. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით, 2012 წელს ის აკოტრებდა კერძო ბანკს. ამ დანაშაულისთვის იგი უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ; 2. 2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას; 3. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წელს ორგანიზებას უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას; 4. იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი; 5. სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი , კერძოდ ძალადობრივი რევოლუციით; 6. დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს; 7. შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს; მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ; პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა - „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“. არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა. დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები - მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-მა ტყვეების დაბრუნებაზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეჩეველმა, უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ საილავმა ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანთან ხუთი ამერიკელი მძევლის დაბრუნების თაობაზე მოალაპარაკებები დაიწყო. მძევლები ამჟამად ისლამურ სახელმწიფოში იმყოფებიან. ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს. როგორც საილავმა აღნიშნა, „ამერიკელების შინ უსაფრთხოდ დაბრუნება“ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის „მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.“ „ჩვენ დავიწყეთ ირანელებთან ამ საკითხზე კომუნიკაცია. იმ ფონზე, როცა ისინი განაგრძობენ ამერიკელების უსამართლოდ და უკანონოდ მძევლად დატოვებას, ჩვენ არ მივიღებთ მათგან გრძელვადიან წინადადებებს“ - აცხადებს სალივანი და ირანის ქმედებებს „ჰუმანიტარულ კატასტროფას“ უწოდებს. ცნობისთვის ირანს ათობით ორმაგი მოქალაქე ჰყავს დატყვევებული, მათ შორის, ხუთი ამერიკელი. თეირანი მათ, ძირითადად, ჯაშუშობაში სდებს ბრალს.
ლიეტუვის ელჩი: საქართველოს მომავლისთვის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ
"დღის სამწუხარო დასაწყისი თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო", - საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ში გამოეხმაურა. „დღის სამწუხარო დასაწყისი თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს მომავლისთვის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები“, - დაწერა დიპლომატმა.
რებეკა ჰარმსი: ეს ძალიან იმედისმომცემად არ ჟღერს საქართველოსთვის
ყოფილმა ევროპარლამენტარმა, "მწვანეთა პარტიიდან", რებეკა ჰარმსმა, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა გააკრიტიკა, რომელშიც ის ამბობს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ან სტატუსი დანაშაულებისთვის თავშესაფარი ვერ იქნება და ყველა ადამიანს, ვინც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულია, მოუწევს ამ ჩარჩოებში დაბრუნებადა. ღარიბაშვილის ამ განცხადებას ყოფილი ევროპარლამენტარი Twitter-ზე გამოეხმაურა. “ეს ძალიან იმედის მომცემად არ ჟღერს საქართველოსთვის და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობისთვის. ახალი პრემიერ-მინისტრი. ძველი კონფრონტაცია”, - წერს ჰარმსი.
ბრიტანეთის ელჩი: შოკისმომგვრელია ის, რაც დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ შენობასთან ვიხილეთ
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა. "შოკისმომგვრელია ის, რაც დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ შენობასთან ვიხილეთ. თბილისში ძალადობა და ქაოსი ბოლო რამაა, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად ახლა და მომდევნო დღეებში," - წერს ბრიტანეთის ელჩი.
ადამ კინზინგერი: ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ვუყურე, ძალიან შეშფოთებული ვარ
ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების მიზნით, პარტიის ოფისზე მიტანილ ოპერაციას გამოეხმაურა. ამის შესახებ მან განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა. „ეს ძალიან შემაშფოთებეელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. გამომდიანე დაძაბული ვითარებიდან, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დრამატული ქმედეებებისგან თავი შეიკავოს. ჩვენ ყველა [მოვლენებს] თვალს ვადევნებთ“, - დაწერა კონგრსემენმა „ტვიტერზე“. მოგვიანებით კონგრესმენმა კინზინგერმა ასევე გაფრთხილებაც გამოაქვეყნა. "მე ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ვუყურე. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ავტომატური რამ არაა," - განაცხადა მან. როგორც კინზიგერი აღნიშნავს, საქართველოში დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა "წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მიერ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. საქართველოში დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა". - წერს ის.
აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე
აშშ-ის საელჩო ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საელჩო განცხადებას ავრცელებს. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ესტონელი პარლამენტარი: ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მას აქვს
"ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მას აქვს", - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი Twitter-ზე წერს. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მას აქვს. ეს საქართველოში დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია,“- წერს მარკო მიჰკელსონი.
იან კელი: ეს ძალიან სევდიანი დღეა
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმიანება. "ეს ძალიან სევდიანი დღეა", - წერს იან კელი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები
"ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა. „ყველა მოქალაქის, კონსტიტუციურ ფარგლებში, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ და ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, დღეს პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სანდარტი. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს. „ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქე განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას, ასე ვთქვათ, გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია. ჯანელიძე მინისტრის პოსტს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2015-2018 წლებში იკავებდა. „ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ", - წერს ჯანელიძე. ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია. უპასუხისმგებლობა იქნება ამის გაფლანგვა - ლინკევიჩუსი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. წინამორბედებმა განახორციელეს ასოცირების ხელშეკრულება, მათ შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთნხმება. საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია. უპასუხისმგებლო იქნება, რომ ეს ყველაფერი გაიფლანგოს. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და იხელმძღვანელოს პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებით“, - წერს ლინკევიჩუსი.
არასამთავრობო ორგანიზაციები მელიას დაკავებაზე: ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას
22 არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი გმობენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. ისინი ვითარებას ჩიხში შესულად აფასებენ და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. "მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა. დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი" - ნათქვამია განცხადებაში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, მნიშვნელოვანია შეჩერდეს საზოგადოების პოლარიზაცია იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირსპირება არ მოხდეს. "დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს" - წერს არასამთავრობო სექტორი. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგაზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI საქართველოს ატლანტიკური საბჭო კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი საზოგადოება და ბანკები მედიის განვითარების ფონდი - MDF ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS ღია საზოგადოების ფონდი - OSGF ცენტრი “ემპათია” საფარი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG ადამიანის უფლებათა ცენტრი მწვანე ალტერნატივა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა.