ძებნის რეზულტატი:

შსს-ს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან შსს ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიული მოქმედებების შედეგად შეტევა აღკვეთა.გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება - ჰარცელი

ევროკავშირი ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარეს ავრცელებს: „ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“.

კახა კალაძე: დიალოგს არც ახლა და არც მომავალში ალტერნატივა არა აქვს

"ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე ნიკა მელიას დაკავების შემდეგ. კალაძემ ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა, რომ „საბედნიეროდ, სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“. მან მადლობა გადაუხადა შს მინისტრსს ვახტანგ გომელაურს. როგორც კახა კალაძემ აღნიშშნა, დღევანდელმა დღემ აჩვენა ისიც, რომ საზოგადოება კიდევ არ არის შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე და ქვეყნის მთავარ პრობლემად რადიკალიზმი რჩება: „სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე, ჯერ კიდევ არ გვაქვს კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს სახელმწიფოს და ერთმანეთის უპატივცემლობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არა აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ომბუდსმენი მელიას დაკავებაზე: არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს

"არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს", - ასე შეაფასა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება. "არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა", - წერს სახალხო დამცველი.

ჯეიმს აპატურაი: NATO მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს

"NATO მოელის, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ბეჯითად მუშაობდა", - ასე გამოეხმაურა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას. მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. NATO მოელის, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ბეჯითად მუშაობდა. აღნიშნული პოლიტიკური უთანხმოებების დიალოგის გზით მოგვარებასა და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას მოიცავს“, - წერს ჯეიმს აპატურაიმ.

ანდერს ფოგ რასმუსენი: ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია

„ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია", - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ადერს ფოგ რასმუსენმა twitter-ზე დაწერა. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს. "მხარეებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,“- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერში“.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს დასჭირდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო სამსახური ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი - ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში”, - ნათქვამია განცხადებაში. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს.

ევროპარლამენტარი ურმას პაეტი: ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით

"ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ განცხადებას ესტონელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი ურმას პაეტი Twitter-ში აქვეყნებს. "მე ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. უთანხმოების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგის გამართვა, რომ დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია", - წერს ევროპარლამენტარი.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაკავებული 21 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაკავებული ყველა აქტივისტი და პოლიტიკოსი, რომლებიც პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლის დარღვევისთვის პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში გადაიყვანა, თავისუფალია. ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე, აქტივისტები - ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი ფავლენიშვილი. სამართალდამცველებმა 23 თებერვლის დილას, ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს.

ესტონეთის საგარეო უწყება გმობს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას

"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას თბილისში", - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრსო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხს და ოფისში განხორციელებულ გამოეხმაურა. ესტონეთის საგარეო უწყებამ განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა. "ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავებისა და პოლიტიკურ დიალოგში დაბრუნებისკენ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება",- აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის - ბენ ჰოჯესი

გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, დღეს დილით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე აფასებს. ბენ ჰოჯესი აღნიშნავს, რომ ამით მხოლოდ კრემლში სარგებლობენ. „უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც მომხდარით სარგებლობს, ეს არის ხალხი კრემლში, ბატონი ბიძინა და მისი ხელის შემწყობების უახლოესი წრე. საქართველოსთვის კარგი ამაში არაფერია, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სიმტკიცეს გამოიჩენს. კრემლი უყურებს, რა ხდება“, - წერს CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი. დღეს განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ამერიკის საელჩოს განცხადებით, დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

ანზორ მელია: ტერორისტებს არ იყვანენ ისე, როგორც ნიკა მელია აიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია ამბობს, რომ ვითარების ასეთი განვითარებისთვის მზად იყო. მისი თქმით, „ის ბედნიერია, რომ მისმა შვილმა საკუთარი ქვეყნისთვის თავი გადადო და ბედნიერია, რომ ის მთელ საქართველოს უყვარს და მთელ ოპოზიციას“. „ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი მექრთამეობისთვის და ქურდობისთვის კი არა, ქვეყნის სიყვარულისთვის დაიჭირეს. ჩემი ტელეფონი არ ჩერდება უცნობი ხალხი მლოცავს და მადლობას მიხდის ნიკას გაზრდისთვის. მშობელს მეტი რა უნდა, როცა იცი მისი შვილი სარგებელს მოუტანს ქვეყანას. ბედნიერი ვარ და თანაც ამაყი ვარ ნიკას ხალხი ასე აფასებს. ტერორისტს რომ ეძახიან ნიკას, საკუთარ თავებს შეეკითხონ თავის ცხოვრება საქართველოს სიყვარულს შეალიეს, თუ ფულის კეთებას. დაკავებას ნამდვილად ველოდი. მთელი ღამე არ მიძინია და დილას როდესაც ვნახე, მეუღლესაც ვუთხარი, რომ დაიწყო-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერებაა, რომ სისხლი არ დაიღვარა. მეამაყება, რომ ნიკამ შეძლო გაეერთიანებინა ოპოზიციის ლიდერები, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მომწერა... ნიკას მეგობრებიც მამხნევებენ, მაგრამ მე გამხნევებული ვარ, არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ, მექრთამეობაზე არ დაუჭერიათ, შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო და როგორ უყვართ ნიკა... ყველა მლოცავს ასეთი შვილის გაზრდისათვის, არა მგონია ღარიბაშვილს, კობახიძის და თალაკვაძის მშობლებსაც ლოცავდეს ხალხი ასე", - აცხადებს ანზორ მელია ტელევიზიებთან საუბრისას. შგახსენებთ, რომ დღეს დილით სპეცრაზმა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დააკავა. სპეცრაზმს ოფისში შეჭრისას წინააღდეგობა გაუწიეს მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა, რა დროსაც 17-მდე ადამიანი დაშავდა. 14 მსუბუქი დაზიანება მიიღო. ორი საავადმყოფიში გადაიყვანეს და სამინისტროს ცნობით, დღესვე გაწერენ.

გია ვოლსკი: სახალხო დამცველმა ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ის არის ნაცდამცველი

"სახალხო დამცველმა ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ის არის ნაცდამცველი", - ასე გამოეხმაურა გია ვოლსკი სახალხოს დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას. "ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება - რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არ გადააჭარბა ძალას პოლიციამ, სწორი გადაწყვეტილება არის სასამართლოსი თუ არ არის სწორი, ამაზეც კი შეუძლია, იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი. სამარცხვინოა, როცა ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ამკობენ ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს. სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, აბსოლუტურად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ შეფასებას და სახელწოდებას მისი საქმიანობა, დაფიქრდეს, სამართლებრივი შეფასებები მისცეს და ამ თემასთან დაკავშირებით ვიკამათოთ, ეს არის მისი ვალდებულება", - აცხადებს გია ვოლსკი. სახალო დამცელი ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს.

მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოზე: ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება. შევეცდებით, სიმართლეში დავარწმუნოთ

"ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება. შევეცდებით, სიმართლეში დავარწმუნოთ", - ასეგ გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას. "არაგულწრფელი უნდა ვიყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება. ჩვენ დეტალურად შევეცდებით, ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი დავარწმუნოთ სიმართლეში. აქ არის ერთი მთავარი ამბავი - აქ არის სიმართლე, რომ ადამიანმა თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი". – ამბობს მამუკა მდინარაძე. აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

ნათია მეზვრიშვილი: დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა უკან დახია

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან. ამის შესახებ ის სოციალ ქსელში წერს. „ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება: პირველ რიგში - არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა - უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან. სულ რომ თავი დავანებოთ პატიმრობის აღსრულების, ანუ დაკავების ფორმას, შეუძლებელია პროცესის ბოლო ნაწილი (პატიმრობის აღსრულება) იყოს სამართლებრივად გამართული, მაშინ, როცა აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას. ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილად კანონის ნორმების განმარტება, ასეთ საქმეზე, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის დამღუპველი იყო და ამის შედეგებს მომდევნო დღეები უკეთ დაგვანახებს, თუ უკვე ვერ ვხედავთ. დიახ, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. მაგრამ ეს ნორმა ცალკე მდგომად ვერ იქნება განხილული, იმიტომ რომ, ნებისმიერ აღკვეთის ღონისძიებას (იქნება ეს პატიმრობა თუ გირაო) პირველ რიგში სჭირდება საფუძველი - ანუ, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, როცა ბრალდებული გირაოს ვერ/არ გადაიხდის, მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ/სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს ამ ბრალდებულის მიმართ ისევ არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ანუ, მარტივად შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო. გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებების იერარქიას. არავინ იცის რომელი აღკვეთის ღონისძიებაა უფრო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი. ამის გამოა, რომ ხშირად სასამართლო ბრალდებულს, რომელიც გირაოს პირობებს არღვევს, პატიმრობას კი არა პირად თავდებობას ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთს უფარდებს. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ პატიმრობა კანონის ერთადერთი მოთხოვნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმთავითვე მცდარი იყო. რაც შეეხება პატიმრობის აღსრულებას, ანუ დაკავებას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღსრულება გამართულად შეფასდეს, როცა აღსრულებამდე პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის და სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით. ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა. იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე. და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“. არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“, - წერს ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე.

გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია

"იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია", - აღნიშნულ განცხადებას, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი facebook-ზე ავრცელებს. კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას. "ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს - საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში. სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ:- ნაციონალური მოძრაობა თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია;- 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს", - აცხადებს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. მლიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველომ უნდა დაიცვას NATO-ს კრიტერიუმები - მეთიუ ბრაიზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრიაზა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს. ამერიკელი დიპლომატი აშშ-ის საელჩოს განცხადებას იშველიებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. „შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება აღვიქვი როგორც გარკვეულწილად დაგმობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა, ჩაეტარებინა რეიდი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და დაეკავებინა პარტიის ლიდერი ნიკა მელია. მანამდე საელჩოს მიდგომა უფრო მეტი ბალანსის დაცვის მცდელობას ნიშნავდა, რომლის მიზანიც როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპოზიციის დარწმუნება იყო, დაესრულებინათ ბოიკოტი და შესულიყვნენ პარლამენტში. საელჩოსა და ამერიკის მთავრობის მიდგომიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად არსებობს აღქმა, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო რჩება ძალიან პოლარიზებული და დემოკრატიული ინსტიტუტები ნორმალურად არ ფუნქციონირებენ. საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს დემოკრატიაზე NATO-ს კრიტერიუმები, თუ მას საბოლოოდ მიიწვევენ ალიანსში. იმედი მაქვს, ოპოზიცია იპოვის გზას და მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნამდვილად იღებს პასუხისმგებლობას; მზად არის რთული პოლიტიკური სამუშაო ჩაატაროს და აიძულოს მთავრობა, დაბრუნდეს დემოკრატიისკენ. ეს რთული იქნება იმის შემდეგ, რაც მოხდა, როდესაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუპირისპირდეს ოპოზიციას, თუმცა თუ ოპოზიცია ასე იმოქმედებს, ამგვარი ძალისხმევა დაიმსახურებს აშშ-ს და ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

შსს-მ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან სერვერები წაიღო

"ნაციონალური მოძრაობის", განცხადებით პოლიციამ მათ ოფისში განხორციელებული შტურმის შემდეგ, ოფისში დამონტაჟებული კომპიუტერული ტექნიკა და სერვერები წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან მხოლოდ სერვერების წაღების ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს განცხადებით, ოფისიდან სერვერების ამოღება, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. მლიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

პუტინი იმარჯვებს. ბლინკენი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს - ლუკ კოფი

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი საქართველოში მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარებაზე მიუთითებს და ქვეყანაში ენტონი ბლინკენის ვიზიტის საჭიროებას ხედავს. ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი Twitter-ზე წერს. „ვითარება სერიოზულია საქართველოში. მთავრობას პასუხისმგებელია, პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაზე - ამის ნაცვლად ის აღშფოთებით შეიჭრა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში და მისი ლიდერი დააპატიმრა. ეს არასასურველი ქცევაა. მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. სიმშვიდეა საჭირო. სახელმწიფო მდივანი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს!“, - წერს ლუკ კოფი. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მაიკლ მაკფოლი: ეს ბაიდენის ტესტია, მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ის რაც ქვეყანაში ხდება ბაიდენის ტესტია. ამის შესახებ ყოფილი ელჩი Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს. „ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი. „ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვარ იქ ნამყოფი 2009 წელს. მას შეუძლია იქაურობაზე გავლენა მოახდინოს“, – დაწერა მან ტვიტერზე.