ძებნის რეზულტატი:

ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი - პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს, არ რჩება პოლიტიკაში - კობახიძე

დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს. თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში. „ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი - პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულსარ რჩება პოლიტიკაში“, - ასე პასუხობს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. ბრიფინგი ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდა. „ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, განაპირობა პოლიტიკური ობსტრუქცია და პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების უამრავი მოწოდების მიუხედავად ახორციელებდა. ამ პერიოდში, რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარიამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები. ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი - პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს - მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ. - არ რჩება პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა. პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა. დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა. ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ომბუდსმენი: მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ გააჩნია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა. ის ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. "ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები", განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიიის წარმომადგენლები. ორგანიზატორებმა აქცია საქართველოს ჰიმნით გახსნეს. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მათ ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - ნიკა მელია გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა. მათივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ისინი ოპოზიციის სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ.

ნიკა მელიას დაკავება - დღეს დილიდან განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგია

დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს. სამართალდამცველებმა ნიკა მელია, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა. ამ დროისთვის ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. მელიას დაკავების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სპეცრაზმის შტურმის დროს, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების დროს პოლიციამ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლის დარღვევის ბრალდებით, 21 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე, ასევე აქტივისტები ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი ფავლენიშვილი. შსს-ს ცნობით, ნიკა მელიას გარდა, დღეს დილით დაკავებული ყველა პირი უკვე გათავისუფლებულია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი - ჰოსპიტალიზირებული იყო. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს. ოპოზიციამ მთავრობის ადმიისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაგეგმა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, ადამიანების უფლებების სტანდარტით, არ შეიძლება წიწაკის გაზის გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე. „იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზის გამოყენებით, დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი აღწევს არადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს. მათ შორის „სიპიტის“ 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის რეკომენდაცია გაცემული, რომ წიწაკის გაზი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში", - აღნიშნავს ომბუდსმენი. ამასთან, ლომჯარიას თქმით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. შსს-ს განცხადებით საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და კანონით გათვალისწინებული უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყოფილი იყო. „შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა", - აცხადებენ შსს-ში. „ნაციონალური მოძრაობის“, განცხადებით, პოლიციამ მათ ოფისში განხორციელებული შტურმის შემდეგ, ოფისში დამონტაჟებული კომპიუტერული ტექნიკა და სერვერები წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან მხოლოდ სერვერების წაღების ფაქტს ადასტურებენ. მათი თქმით, ოფისიდან სერვერების ამოღება, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. დღესვე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მათ ოფისზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ განცხადება გაავრცელა. „ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადებების საპასუხოდ აცხადებს, რომ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობასა და ძალადობის წახალისებას, ასევე კანონგარეშე თავის გამოცხადებას, დასავლეთის ქვეყნებშიც ანალოგიურად უპასუხებდნენ. 18 თებერვალს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე „ქართულ ოცნებასთან“ შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს. ახალი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცების შემდეგ კი მელიას დაკავეის ბრძანება ხელახლა გაიცა.

თამარ ჩუგოშვილი: ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, შეწყვიტეთ სანამ დროა

"ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, შეწყვიტეთ სანამ დროა", - "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება. "ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!" - წერს თამარ ჩუგოშვილი.

ლიეტუველი პარლამენტარი: დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ივნიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგიმანტას პავილიონისი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ის Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს. "გავიღვიძოთ. შემოვკრათ ზარები და ვიმოქმედოთ. დემოკრატია საფრთხის ქვეშაა! გამოიყენო გაზი და ძალადობა, როგორც პუტინმა, ივნიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს ამისთვის ფასი!" - წერს პავილიონისი.

ჯაფარიძე: დღეს აშშ-ს საელჩომ გვითხრა, NATO-სთან დაახლოებაზე აღარ იოცნებოთო

"აქ თურქმენეთის დამყარება არავის გაუვა. ხელისუფლების ქმედების გამო, დღეს, ამერიკის საელჩომ გვითხრა, NATO-სთან დაახლოებაზე აღარ იოცნებოთო", - ასე აფასებს ზურაბ ჯაფარიძე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ პროცესებს. "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა, ღარიბაშვილს იმდენი ინტელექტი არ აქვს, რომ მიმხვდარიყო მელიას დაკავებას რა რეაქცია მოყვებოდა დასავლეთიდან. "მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულია სხვაგან, რომელიც იმდენად უტვინო არ არის, რომ არ სცოდნოდა, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას დასავლეთიდან. ახლა საჭიროა ბევრი ხალხი ქუჩაში, რომ დასავლეთში ჩვენს მხარდამჭერებს დავანახოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ ყველაფრის. გენერალური გეგმა არის ამ ხალხის ხელისუფლებიდან გაშვება და თან რაც შეიძლება სწრაფად. საათებში გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ჯერ არავინ არ იცის. ბევრი გაბრაზებული ხალხი არის ქუჩაში გამოსაყვანი და ამას საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის მოჰქონდა და მოიტანს კიდეც. აქ თურქმენეთის დამყარება არავის გაუვა. ხალხი იმან კი არ უნდა გააბრაზოს, ოპოზიციას გეგმა აქვს თუ არა, ისინი უნდა გაბრაზდნენ იმაზე, რომ მათი შვილების მომავალზე დღეს დილით ხელისუფლებამ დიდი წერტილი დაასვა. ყველაფერს, რასაც ამ წლებში ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში, მაგალითად, დღეს ამერიკის საელჩომ გვითხრა, რომ NATO-სთან დაახლოებაზე აღარ იოცნებოთო",- განაცხადა . დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ.წიწაკის გაზი გაუშვა. მლიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

ევროკავშირი, ნავალნის დაკავების გამო, ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს

ევროკავშირი, ნავალნის დაკავების გამო, ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი მაგნიტსკის აქტით, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, სანქციებს აწესებს. როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ნავალნის დაკავებაში მონაწილე ოფიციალურ პირებს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში გაეყინებათ ანგარიშები და დაუწესდებათ სავიზო შეზღუდვები. დასახელდა 4 პირი, რომელთაც სანქციები შეეხებათ. ესენი არიან: ალექსანდ ბასტრიკინი - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსი ალექსანდრ კალაშნიკოვი - ფედერალური საპატიმროების ხელმძღვანელი იგორ კრასნოვი - მთავარი პროკურორი ვიკტორ ზოლოტოვი - რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური. ნავალნის თანამებრძოლებს სურდათ, სანქციები შეხებოდათ რუს ოლიგარქებსაც, თუმცა ბორელმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის ნავალნის დაკავებაში მათი პირდაპირი თანამონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობს: "შესაძლოა, ჩვენ არ მოგვწონს ოლიგარქები, თუმცა, თუ არ არსებობს კავშირი, რომლის დასაბუთებასაც სასამართლოში შევძლებთ, მაგნიტსკის აქტს ვერ გამოვიყენებთ. ვწუხვარ, მაგრამ ეს კანონია". – თქვა მან. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სანქციების დაწესებას მიესალმებიან.

ომბუდსმენი: დახურულ სივრცეში წიწაკის გაზის გამოყენებით მიღებული ტკივილი აღწევს  წამების ფორმებს. გაეროს მიერ აკრძალულია

გაერო-ს სტანდარტებით, წიწაკის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზის გამოყენებით დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი აღწევს არადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს", - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს. ომბუდსმენის თქმით, 2014 წელს „სიპიტის“ პირდაპირ აქვს საქართველოსთვის რეკომენდაცია გაცემული, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში. "პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი გამოიყენეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეს არის გაერო-ს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს სტანდარტებით, არ შეიძლება წიწაკის გაზის, გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე. მოვედი, რომ ადგილზე ვნახო რა ვითარებაა, გავესაუბრო მოქალაქეებს. ჟურნალისტებიც ვიცი რომ დაშავდით და განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება იმ ადამიანების მიმართ ან დაშავება იმ ადამიანების, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის და ვიცი, რომ იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ლომჯარიამ. ამასთან, ლომჯარიას თქმით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. „მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. მოგეხსენებათ, პატიმრობის გამოყენება, წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეს არ არის დასჯის ფორმა, ის არ უნდა გამოვიყენოთ იმის გამო, რომ თუნდაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეეთის ღონისძიება. ის უნდა იყოს მხოლოდ მაშინ გამოყენებული, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიᲛალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს და ა.შ. მოვლენების ამ განვითარებას მივყავართ ჩიხისკენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება გათავისუფლება. ვიცი, რომ სამართლებრივი გზებიც არსებობს და იმედია, სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლომჯარიამ. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია

"საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია", - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. "გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ პოზიოციაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, მაგრამ ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს. საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს. ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს მათ უპასუხისმგებლო საქციელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა" - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა. (ფორმულას თარგმანის მიხედვით)

ამერიკის საელჩო: ვწუხვართ, რომ აშშ-ის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები უგულვებელყოფილი იყო

„ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო“, - ეს განცხადება დღეს ამერიკის საელჩომ გაავრცელა, რომელშიც ასევე იყო აღნიშნული, რომ დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

დევიდ კრამერი: დღევანდელ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, რაც დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას მოიცავს

„დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან“, - ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა. დევიდ კრამერმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თაობაზე. “რაც დღეს მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა. "ნაციონალური მოძრაობის" შტაბ-ბინაში შეჭრის და ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება წინდაუხედავი და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება, კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს მოიცავს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას. დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დევიდ კრამერმა.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. სამოქალაქო აქტივისტებმა და ნიკა მელიას მარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ადგილზე სამი კარავი უკვე დგას, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა გაიზრდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა მათ ამ შემთხვევაში აქტივისტებისთვის ხელი არ შეუშლიათ. აქციის მონაწილეები ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

პოლონეთის საგარეო უწყება: ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს

"დაპირისპირების ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს", - პოლონთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. უწყება განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს. „პოლონეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიტიკური დაპირისპირების ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ პირდაპირ მოლაპარაკებებს. სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო რეგიონში ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

EPP: მელიას დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმაა, ახალი არჩევნები შესაძლოა იყოს გამოსავალი

ევროპის სახალხო პარტია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება. "ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, სასწრაფოდ არის საჭირო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება. ახალი, დემოკრატიული არჩევნები შესაძლოა იყოს გამოსავალი."

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალის, აგრესიისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების მეშვეობით ვერ გადაიჭრება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. "მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალის, აგრესიისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების მეშვეობით ვერ გადაიჭრება. ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვაგვარ საქართველოზე ვოცნებობთ". - წერს ევროპარლამენტარი.

ეუთოს თავმჯდომარე: დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთოს ვალდებულებების სრული დაცვით

"დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთოს ვალდებულებების სრული დაცვით", - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების საკითხს Twitter-ზდ ეხმაურება. „თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთოს თავმჯდომარე, გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარისადმი, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთოს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, - წერს ან ლინდე.

ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით - ბენ ჰოჯესი

„ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რითაც საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროდ, დღევანდელი ქმედებები საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. სამწუხაროდ, დღევანდელი ქმედებები საქართველოსთვის უკანგადაგდგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, თუ როგორ იყენებს მთავრობა ასეთ ძალას და მიმართავს ძალადობას ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისზე თავდასხმისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დასაპატიმრებლად. ეს არ არის ის, რასაც ველოდები ლიბერალური დემოკრატიისგან, რომელიც დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც დღეს დაშავდა მალე გამოჯანმრთელდება. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით.ეს არის მისი სტანდარტული მიდგომა - დესტაბილიზაციის გამოწვევა, უნდობლობის შექმნა და რა თქმა უნდა, მათი საზღვრების სიახლოვეს თავისუფალი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებსთვის ხელის შეშლა. რადგან მათ არ სურთ საკუთარმა მოქალაქეებმა დაინახონ, თუ რამდენად უკეთესი შეიძლება იყოს ცხოვრება, როდესაც ახალგაზრდა ხალხს აქვს უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი და როდესაც თავისუფლება დაცულია თავისუფალი მედიის, სამართლიანი არჩევნებისა და მრავალპარტიული პარლამენტის საშუალებით. ამიტომაც, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტულმა პირებმა ვერ შეძლონ უკანონო ანარასათანადო კონტროლის განხორციელება იმაზე, რასაც სახელმწიფო პროცესები უნდა წარმოადგენდეს. ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც სხვები სწრაფად,ხმამაღლა და გარკვევით იტყვიან, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენი მეგობრებისგანრეგიონში, რომლებიც ისწრაფვიან დასავლეთთან მჭიდრო კავშირებისკენ, თავიდანაიცილონ ძალის გამოყენება და უზრუნველყონ გამჭვირვალობა ნებისმიერ საქმეში,რაც დღევანდელ ქმედებებს მოყვება. მე ასევე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად იმუშავებს შავი ზღვის რეგიონისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც მოიცავს არამხოლოდ დიპლომატიურ და ინფორმაციულ, არამედ ეკონომიკურ დახმარებას და თანამშრომლობას ყველა ჩვენს მეგობართან და მოკავშირესთან რეგიონში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტების განვითარებასა და იქ მცხოვრები ყველა ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და რეგიონში მცხოვრები სხვა ერების ახალგაზრდებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში“, - განუცხადა ჰოჯესმა Europetime-ს.

თეა წულუკიანი საერთაშორისო კრიტიკაზე: ზედაპირული განცხადებები ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების, დიპლომატებისა და პოლიტიკოსების კრიტიკულ გამოხმაურებებს Facebook-ის გვერდზე პასუხობს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო. "ის, ვინც ამას (ნიკა მელიას დაკავებას) გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი. რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ. სწორედ ამგვარი უსამართლო "რჩევები", დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი", - წერს თეა წულუკიანი.

ALDE-ს პრეზიდენტი: მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოპოზიციასთან ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თარიღის დასადგენად ითანამშრომლოს

"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეხვდეს ოპოზიციას და ითანამშრომლონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად",- ასე გამოეხმაურა "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის" (ALDE) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების ფაქტს და ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. განცხადება Aldeparty-ზე გამოქვეყნდა. "ღრმად ვარ შეშფოთებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, ძალისმიერი დაკავების გამო. ამ ძალიან მგრძნობიარე პერიოდში, როცა სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რასაც თან ერთვის პანდემია, ძალის გამოყენება, პოლიტიკური დაძაბულობის მეტად გაღვივება და განსხვავებული ხმების ჩახშობა არ არის ის გამოსავალი, რომელსაც საქართველო იმსახურებს. დაუყონებლივ მოვუწოდებ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. პოლიტიკური განსხვავებები უნდა გადაიჭრას პარლამენტში და არა ოპოზიის ლიდერების ძალისმიერი და თვითნებური დაპატიმრების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, "ქართული ოცნებას" შეხვდეს ოპოზიციას და ითანამშრომლონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად და ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ამ კვირის ბოლოს შეიკრიბებიან, გაგზავნონ იგივე ძლიერი შეტყობინება..." - ნათქვამია განცხადებაში.