ძებნის რეზულტატი:
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი, 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცავალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34933, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23966, PCR ტესტით - 10967. საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 270510 შემთხვევაა დადასტურებული. 264 589 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3499 კი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური მაჩვენებელი არის 1.07 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.07 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.76%. 373 ახალი შემთხვევიდან 177 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 714, აჭარაში - 160, იმერეთში - 282. მძიმე პაციენტი: 254, მათ შორის, თბილისში - 87, აჭარაში - 31, იმერეთში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 98, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 5, იმერეთში - 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 102, ხოლო აჭარაში - 87. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 209 პირი. ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 613 პირი, აჭარაში - 345, იმერეთში - 638.
ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურადაც შეუძლიათ
ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. „ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. სოფლის განვითარების სააგენტო, ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან” ერთად, უკვე მეორე წელია აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს. წელს პროგრამაში სიახლეა - ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებითაც შეუძლიათ”, - განაცხადა აგროდიზელის პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ. გურჯანიის მუნიციპალიტეტში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ წარმომადგენელთან ერთად გაეცნენ. "მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის გაცემა ხორციელდება დადგენილი გრაფიკით: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა, არაუმეტეს, 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით, 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც შეუძლიათ. პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯო ბაიდენი: აშშ არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიას
ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა 26 თებერვალს, როცა უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეშვიდე წლითავი აღნიშნა. "ამ მწუხარე წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მარტივ სიმართლეს: ყირიმი არის უკრაინა. შეერთებული შტატები არ ცნობს და არც არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით, რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთმა პასუხი აგოს", - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის დაზვერვის სამსახური: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა
2018 წელს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაშია ნათქვამი. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრინცმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ხაშოგის ან "ხელში ჩაგდებას ან მოკვლას" გულისხმობდა. საუდის არაბეთმა უარყო აღნიშნული მოხსენება და მას "ნეგატიური, ყალბი და მიუღებელი" უწოდა. მეფისნაცვალმა მუჰამედმა, რომელიც ფაქტობრივად სამეფოს მმართველია, მკვლელობაში მონაწილეობა უარყო. ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. გასული წლის სექტემბერში საუდის არაბეთში სასამართლომ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აშშ-მა საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
დღეს მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების დღე აღინიშნება
27 თებერვალს მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ მოხდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ძალისხმევისა და მიღწევების ხაზგასმა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ისინი აქტიურად უწყობენ ხელს პოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს ქვეყანაში. მათი თქმით, არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებების დაცვის, პრევენციის, ცალკეული სფეროების განვითარების მხარდაჭერისა და რეფორმირების მიმართულებით.
შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობისა და გაზის სამძებრო სამუშაოები დაიწყება
შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობისა და გაზის სამძებრო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, “აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კომპანია „OMV Petrom SA“ საქართველოში ნავთობსა და გაზს მოიპოვებს. “25 თებერვალს ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ამით საქართველო შეურთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია „OMV PETROM S.A.“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.
შესაძლოა, აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს
შესაძლოა, აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა როგორც ცნობილია, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს. ფსაკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები სწავლობენ მონაცემებს იმის დასადგენად, ჩაერია თუ არა რუსეთი 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასევე განიხილება სანქციების დაწესება ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის საქმის გამოც. "ეს არის მიმდინარე პროცესი. არსებობს მთელი რიგი კომპონენტები. ჩვენ გვინდა გუნდს - კიბერ გუნდს, ეროვნული უსაფრთხოების გუნდს მივცეთ დრო, რომ დაასრულოს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ფსაკიმ.
პარლამენტთან ამ დროისათვის 11 კარავია გაშლილი
პარლამენტთან ამ დროისათვის 11 კარავია გაშლილი. რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე კარვებში გაათიეს. ერთ-ერთი კარავი ვახტანგ მაჩალიკაშვილს ეკუთვნის. სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებასაც და რიგგარეშე არჩევენების ჩატარებას ითხოვენ. აგავრცელებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში კარვების რაოდენობა პარლამენტის წინ შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ლორა თორნტონი: მელიას წინააღმდეგ მთავრობის ქმედება და კრიზისი კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია
"მელიას წინააღმდეგ მთავრობის ქმედება და კრიზისი კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია", - NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმიანება. "საქართველოში მთავრობის ქმედება ოპოზციონერი ნიკა მელიას წინააღმდეგ და დემოკრატიის კრიზისი კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია. მათ შეუძლიათ, უკანა რიგებში ისხდნენ და უბრალოდ უყურონ, დაითვალონ დანაზოგები ახლა არასაჭირო ჰიბრიდული ომის ბიუჯეტიდან. #ქართულიოცნება #ერთიანინაციონალურიმოძრაობა #დაიცავიდემოკრატია.", - წერს NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი.
მედია: მიანმარში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია - მოკლულია ერთი ადამიანი
მიანმარშო პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია და მომიტინგეები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც. როგორც სამმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ განაცხადა, ცენტრალურ ქალაქ მონვიაში პოლიციამ ერთი ქალი დახვრიტა.
ერაყში შეტაკებების დროს მინიმუმ 5 მომიტინგე დაიღუპა, 175-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა
მინიმუმ 5 მომიტინგე დაიღუპა და 175-ზე მეტი ადამიანი დაშავდა პარასკევს, ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნასირიაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დაშავებულთა შორის უმეტესობა ტყვიის სროლის შედეგად მიღებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა და დასძინა, რომ დაახლოებით 120 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა უსაფრთხოების ძალების 57 წევრი. მომიტინგეები ითხოვენ გუბერნატორის გადადგომას და სამართლიანობის აღდგენას იმ მომიტინგეებისთვის, ვინც 2019 წლიდან მოკლეს.
განათლების სამინისტრო სკოლებში კოვიდსტატისტიკის შესახებ განცახდებას ავრცელებს
"ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა", - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა. „მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი ასევე უწყვეტად მიმდინარეობს. შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. ამ კუთხით, საქართველოს მასშტაბით, რეკომენდაცია მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიეცა“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. სამინისტროში აცხადებენ, რომ განათლების ხარისხთან ერთად, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა მათი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „სწორედ ამიტომ, ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სკოლებს ჰქონდეთ ჰიგიენური საშუალებების მარაგი. ხაზგასასმელია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ახალი ფორმა. სკოლებში არსებული გარემოს მონიტორინგი კოვიდპანდემიის პერიოდში, სწორედ აღნიშნული ფორმით განხორციელდება. კერძოდ, მონიტორინგის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტებთან ერთად, ჩართულები იქნებიან სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები“ - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.
ქართველი მწერლები რიონზე ჰესების მშენებლობის გამო მთავრობას წერილით მიმართავენ
ქართველი მწერლები და საქართველოს პენცენტრის წევრები რიონზე ჰესების მშენებლობის გამო მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. მათი თქმით, არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები დიდი საფრთხის შემცველია როგორც ბუნებისთვის და ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე სოციალური გარემოსთვის. ღია წერილის ტექსტს ხელს 70-ზე მეტი ადამიანი აწერს. მწერლები, რომლებიც თანადგომას უცხადებენ ხეობის გუშაგებს და საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ გაუქმდეს ნამახვანისა და ონის ჰესების კასკადებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები და მათზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი. „XXI საუკუნეში ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს დამაზიანებელ ჰესებზე, ევროპაში ახლა ძველი კაშხლების მოშლაზე და მდინარეების ბუნებრივი დინების შენარჩუნებასა და აღდგენაზე მეტად ფიქრობენ, ვიდრე ჰესების მშენებლობაზე. ცივილიზებული სამყარო ალტერნატიულ, მზისა და ქარის ენერგეტიკაზე გადადის. ეს სასიკეთო, ჯანსაღი მიდგომა – ანუ გარემოსთვის მავნე ჰესებზე უარის თქმა – ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე უკვე იყო დეკლარირებული. „ქართული ოცნება“ სწორედ ამ დაპირებით მოვიდა, თავის საარჩევნო პროგრამაშა ჩაწერა „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა“ (გვ.55). ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ხელისუფლებამ დაივიწყა თავისი დაპირება და მთელს ქვეყანაში ჰესების – მათ შორის დიდი ჰესების – მშენებლობის პროგრამა გამოაცხადა, თავისი წინამორბედის, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად.რიონის ხეობაში დაწყებულია ე.წ. ონისა და ნამოხვანის ჰესების კასკადების მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. მეოთხე თვეა ადგილობრივი მაცხოვრებლები – „ხეობის გუშაგები“ – ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტს გამოხატავენ, მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობენ ხეობის დატბორვას წინ აღუდგნენ. პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავიწროებენ მათ, საკუთარი მიწა-წყლიდან სურთ განდევნონ. ზეწოლის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა გაყიდა ადგილ-მამული და სახლ-კარი, ნაწილი კი ამაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მზადაა შეეწიროს მშობლიური მიწის დაცვას. ქართველ მწერლებს, ბუნებრივია, გვაღელვებს და გვაწუხებს ამ ადამიანთა ბედი, გვსურს მათი დაცვა – ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, რომელსაც უყვარს თავისი ხალხი და თავისი ქვეყანა, რომელსაც გული უძგერს… ქართველი მწერლები „ხეობის გუშაგებს“ ვუცხადებთ თანადგომასა და სოლიდარობას, ღია წერილით მივმართავთ საქართველოს მთავრობას – მოვითხოვთ: 1. გაუქმდეს ნამოხვანისა და ონის ჰესების კასკადებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები და მათზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი, 2. შეჩერდეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და რეალურად, 3. გამჭვირვალედ გაიმართოს საკითხის საერთო-სახალხო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, საზოგადოების ჩართულობითა და უცხოელი, დამოუკიდებული ექსპერტების დაკვირვებით, 4. გათვალისწინებულ იქნას „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პოზიცია საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩეხეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწერებული შეზღუდვები გაამკაცრა
პარასკევს, ჩეხეთის მთავრობამ Ccovid-19 ინფექციის სწრაფი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განაცხადა ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი რეგულაციების თანახმად, სამი კვირის განმავლობაში, მოსახლეობას საცხოვრებელი რაიონის გარეთ გასვლა ეკრძალება. გარდა აუცილებელი შემთხვევებისა. ამავდროულად, დაიხურა მაღაზიების უმრავლესობა, მათ შორის საკანცელარიო და ბავშვთა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები. დაიხურა სკოლები. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები სხვა მოსწავლეების მსგავსად სწავლას დისტანციურად გააგრძელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, უკვე ღია სივრცეებშიც, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ასევე პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ოფისებში.
ჰაიტის ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
ჰაიტიში, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან მდებარე ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა, 25 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰაიტის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ციხიდან მასობრივი გაქცევის შემდეგ, მცველებსა და პატიმრებს შორის დაპირისპირების დროს 25 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 6 პატიმარია. დაღუპულთა შორის არის ციხის დირექტორიც. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან რიგითი გამვლელებიც. ხელისუფლების ცნობით, 60 მათგანი დაიჭირეს. გაქცეულიდან ერთ-ერთი მათგანი, ძლიერი ბანდის მეთაური, სახელად არნელ ჯოზეფი, მოკლეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბაიდენის მიერ ინიცირებული 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბაიდენის მიერ ინიცირებული, Covid19-ის დახმარების, 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. პაკეტს 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212 წინააღმდეგი იყო. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ კანონი სენატში უნდა განიხილონ, რომელმაც მისი ძირითადი ელემენტი, მინიმალური ხელფასის გაორმაგება - საათში 15 დოლარი - უკვე დაბლოკა. ეკონომიკური დახმარების პაკეტი 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობისაა. კანონოპროექტის მიხედვით, 400 მილიარდი დოლარი განკუთვნილი იქნება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 1 ტრილიონი დოლარი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად იქნება განკუთვნილი, თანხის დანარჩენი ნაწილი კი, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას მოხმარდება.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მთავრობას ერთობლივი მანიფესტით მიმართავენ
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მთავრობას ერთობლივი მანიფესტით მიმართავენ. მანიფესტი ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას ითვალისწინებს. მანიფესტში კერძოდ, აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში კრიტიკული მედიისადმი აგრესიული დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ მათი მონათვლა პოლიტიკურ ოპონენტებად ჟურნალისტებზე მორიგ თავდასხმებს ახალისებს. "2020-2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მარალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს. 1. ჩვენ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს უზრუნველჰყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება; 2. შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები; 3. შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ; 4. შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობების რეჟიმი; 5. შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით. ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედია-გარემოს“, - აღნიშნულია მანიფესტში, რომელიც ღიაა ხელმოწერებისთვის.
ყატარი პაკისტანს წელიწადში 3 მილიონ ტონა თხევად გაზს მიაწვდის
ნავთობისა და გაზის კომპანია Qatar Petroleum–მა პაკისტანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მიწოდებაის თაობაზე ხელშეკრულებას ხელი მოასწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Report.az-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ყატარის კომპანია პაკისტანს წელიწადში (2022-2031 წლებში) 3 მილიონი ტონა LNG მიაწვდის. ეს უკვე მეორე ასეთი ხელშეკრულებაა რომელიც ყატარსა და პაკისტანს შორის გაფორმდა. 2016 წელს მხარეებმა მიაღწიეს გრძელვადიან შეთანხმებას წელიწადში 3.75 მილიონი ტონა LNG- ის მოწოდებაზე.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს პირველად გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ფორუმზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და მისი გაძლიერების ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე. პრეზიდენტის თქმით, სულ რაღაც ორი დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის ვადა ორი წლით გაახანგრძლივა. „მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ჩემი თაოსნობით მიმდინარეობდა მუშაობა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რისი ინიცირებაც ჩემი დეპუტატობის პერიოდში მოხდა. დღესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად განვაგრძობ ამ საკითხებზე ვაგრძელებ მუშაობას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობ და ვხსნი ამ ფორუმს! 100 წლის წინ, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სფეროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები საბჭოთა ტირანიას გაექცნენ და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია შექმნეს. მათ შორის იყვნენ ჩემი მშობლებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი წასვლა კაპიტულაცია არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შენარჩუნების და დემოკრატიულ სამყაროში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელება. მათ მიერ საქართველოს ინტერესების მუდმივმა ადვოკატირებამ ჩამოაყალიბა ძლიერი და ენერგიული საზოგადოება ევროპაში და ამერიკაში, რომელიც დღემდე აქტიურია. დღეს, 100 წლის შემდეგ, ქართული დიასპორა უფრო ფართოა და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების ყველა სფეროს საქმიანობაში - მწერლებს, კომპოზიტორებს, მოცეკვავეებს, მსახიობებს, ბიზნესმენებს, დიზაინერებს, მეცნიერებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სპორტსმენებს სამშობლოსადმი სიყვარული აერთიანებთ. თითოეული თქვენგანი ჩვენი ერის ელჩია და თქვენი სახელი და წარმატება თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდიდან, ჩემს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჩვენს დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება დავისახე. თითოეულ ქვეყანაში, რომელსაც ვესტუმრე, შევხვდი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს, იმისათვის, რომ დაგვენახა ემიგრაციასა და სამშობლოს შორის არსებული კავშირების გამყარების გზები. პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდე, რომ იმუშაონ საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე. სულ რაღაც ორი დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის ვადა ორი წლით გაახანგრძლივა. მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ჩემი თაოსნობით მიმდინარეობდა მუშაობა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რისი ინიცირებაც ჩემი დეპუტატობის პერიოდში მოხდა. დღესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად განვაგრძობ ამ საკითხებზე ვაგრძელებ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღების პირობები. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა. ახლა, როგორც არასდროს, არსებული სიტუაციის გადასალახად მნიშვნელოვანია სოლიდარობა. პანდემიამ პრიორიტეტებიც შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, დროებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კრიზის შესაძლებლობად გარდაქმნის გზები. თუ ერთად ვიმუშავებთ, საქართველო პანდემიის შემდგომი გლობალიზაციის კონფიგურაციის ცვლილებით სარგებელს მიიღებს. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს დადებული მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან - ევროკავშირიდან ჩინეთამდე. მსგავს შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან, აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და კომუნიკაციისა და ვაჭრობის ჰაბს წარმოადგენს. საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია. პანდემიის მიუხედავად ქართველი ხალხი მტკიცეა და მიუხედავად გლობალური ეკონომიკური ვარდნისა, საქართველოს ეკონომიკა, რომელსაც ათასობით კრეატიული სტარტაპი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ინოვატორი მეწარმე ჰყავს, კვლავ აღდგება თქვენი მონაწილეობით. დიასპორის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი და გარკვეულწილად სოლიდარობის მაჩვენებელია. საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება პატრიოტიზმის გამოხატულებაა, რაც ამავდროულად ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მზარდი ეკონომიკის განვითარებას. მას შემდეგ, რაც პანდემია მინელდება და მსოფლიო თავის აქტიურ რიტმს დაუბრუნდება, მე განვაგრძობ შეხვედრებს როგორც დიასპორის წევრებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან, დიასპორათა ისეთი წარმომადგენლობებიდან, როგორიც თქვენ ხართ, რათა ხელი შევუწყო თქვენნაირი ინვესტორების ჩართულობას საქართველოს რეგიონულ და ეროვნულ განვითარებაში. კონფერენციის მონაწილე სააგენტოები დღეს საქართველოში ინვესტირების უპირატესობებსა და სტრატეგიებს წარადგენენ. ჩემი ადმინისტრაცია მათთან ერთად უკვე მუშაობს, რათა მოხდეს პირდაპირი კავშირების გაბმა ე.წ. მილსადენის შექმნა ,,ინვესტორი - ეკონომიკამდე“ და ინვესტორები უშუალოდ დაუკავშირდნენ სტარტაპებს. კიდევ ერთხელ მივესალმები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ფორუმს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით იმართება. ამგვარი შეკრება პირველია, თუმცა ველი უფრო მეტ ღონისძიებებს, არა მხოლოდ ონლაინფორმატში. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს ხელახლა გაიხსნის შემდეგ მსგავს ფორუმებს ვუმასპინძლებ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა ხელახლა აღმოაჩინოთ საქართველო და მისი უდიდესი პოტენციალი“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს. დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოთხი თემატური სესია გაიმართა. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით.
ემიგრაციის უნიკალური ისტორიული მასალების საქართველოში დაბრუნებისთვის პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილი ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის რომ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ემიგრაციის შემოქმედება - ლიტერატურა, ფოტომასალა და ისტორია, რომლის დაბრუნებაც ძალიან ხანგრძლივი და რთული საქმე იყო, სწორედ ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. „ემიგრაციის ისტორიული მასალის დაბრუნების პროცესი არ დასრულებულა, ის კიდევ გრძელდება. ლევან თაქთაქიშვილმა ჩამოიტანა ისტორიული საგანძური პარიზიდან, რომელიც პოლიტიკური ემიგრაციის მთავარი კერაა, არგენტინიდან, ამერიკიდან... დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როცა ცოტა უფრო სხვა ფორმით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გაიხსნას ემიგრაციის მუზეუმი. დიდი ხანია ვთვლი, რომ შესაძლებელია გაერთიანდეს ოკუპაციისა და ემიგრაციის მუზეუმი და გახდეს უფრო მასშტაბური, რადგან ამაში არის ძალიან დიდი ლოგიკა. ემიგრაციაში წასვლა არდათმობის ნიშანი და სიმბოლო იყო საბჭოთა ოკუპაციის წინაშე. ის, რომ საქართველოში ისტორიული დოკუმენტაცია დაბრუნდა სწორედ იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვეგუებით, არ ვეპუებით ოკუპაციას და არ ვთმობთ არაფერს. ამის ნაწილია ლევან თაქთაქიშვილი, რაც ძალიან დიდი პატრიოტული საქმეა. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილები დღეს აქ არიან და ამას ისმენენ. უნდა ვიცოდეთ, რომ პატრიოტიზმი ზოგჯერ ეს არის ჩუმი, დაუღალავი საქმის გაკეთება და მისი ბოლომდე მიყვანა. ამისთვის მე მინდა, მთელი ემიგრაციის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გითხრათ, რომ ძალიან მადლიერი და ამაყი ვარ, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.