ძებნის რეზულტატი:
სომხეთის პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსის მოხსნას ხელი არ მოაწერა
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის მოხსნაზე უარი თქვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. მანამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. „სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა ხელისუფლების თავდასხმებს არმიაზე, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ხელისუფლების არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში. ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია - ამირან გამყრელიძე
„ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში კომპანია Pfizer-თან ტელეკონფერენციაა დაგეგმილი და შესაძლოა ვაქცინის საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი გახდეს ცნობილი. მისივე თქმით, COVAX-ის პლატფორმის გარდა, ვაქცინის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირ Pfizer-თან, Astrazeneca-სთან, Modernas-თან და კიდევ რამდენიმე კომპანიასთან. „ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა COVAX-თან უკვე სხვა ვაქცინებზე, მათ შორის პირველ რიგში არის Astrazeneca. ასევე მიმდინარეობს მუშაობა Moderna-სთან, კიდევ რამდენიმე კომპანიასთან და ქვეყანასთან. მიმდინარეობს მუშაობა ახალ ვაქცინებზე, რომლებიც უკვე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე დაახლოებით მაისი-ივნისში. მრავალმხრივი მუშაობა მიდის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, მაისის ბოლომდე 200 000-მდე მოქალაქის აცრა იგეგმება. გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ვაქცინების განაწილება უსამართლოდ მიმდინარეობს. „გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000-მდე ადამიანი ავცრათ, ხოლო ივნისიდან ქვეყანაში დაიწყოს მასობრივი აცრები. იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1 700 000 მოზრდილი ადამიანის აცრა ორჯერადად. 200 000 ადამიანს ნამდვილად ავცრით მაისის ბოლომდე. ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, რადგან დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე, ეს იყო მიუნხენის კონფერენცია, თუ დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ყველგან გამახვილდა ყურადღება, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილებაში უსამართლობაა. ყველა მოუწოდებს, რომ როგორმე ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ანუ მდიდარმა ქვეყნებმა გადანაწილების მექანიზმი სწრაფად უნდა ამუშაონ, არ დაიცადონ, ვიდრე თავის მოქალაქეებს არ აცრიან და შემდგომ გადაანაწილებენ ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, რადგან ამ მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“.
შავ ზღვაში NATO-ს სწავლება დაიწყო
შავი ზღვის პორტ კონსტანცაში Nato-ს ეგიდით საერთაშორისო წვრთნა - Poseidon 21 დაიწყო. სწავლებაში, რომლის დროსაც წყალქვეშა საფრთხეებზე რეაგირების ტაქტიკას ამუშავებენ, მონაწილეობს ბულგარეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, ესპანეთის, აშშ-ისა და თურქეთის 700-მდე სამხედრო მოსამსახურე. წვრთნები რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ არის ორგანიზებული. Poseidon 21 არის NATO-ს კომბინირებული ერთობლივი გაძლიერებული სწავლების პროგრამის ნაწილი, რომელიც უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე რეგიონში მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება. სამხედრო-საზღვაო წვრთნა 6 მარტს დასრულდება.
ბორის ნემცოვის მკვლელობის დღეს მის მემორიალთან მოსკოვში 9 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა
27 თებერვალს რუსეთში, ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე 9 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მედიის ცნობით, მემორიალთან ცერემონიას დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაესწრნენ. ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ბოსტონსა და ევროპის ქალაქებში. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში, 2015 წელს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბატალიონ „სევერის“ ყოფილ მებრძოლს, ზაურ დადაევს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, მის თანამზრახველებს კი 11 და 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მკვლელობის ორგანიზატორობაში ბრალდებული რუსლან მუხუდინოვი საერთაშორისო ძებნაშია.
კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი საქართველოში სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზარზე არსებული ვაქცინები ე.წ. ბრიტანულ შტამზეც მოქმედებენ. „დადასტურებულია, რომ სამი კლასტერი არის ბრიტანული შტამით. აქედან ორი იმპორტირებული შემთხვევაა, ერთზე მიმდინარეობს კვლევა. ამ სამ კლასტერში სულ 31 ადამიანია. დიდი ალბათობით ყველა ეს 31 შემთხვევა არის მუტირებული შტამით გამოწვეული, მაგრამ კლინიკურად არც ერთი არ არის მძიმე. რა თქმა უნდა, საქართველოში ახალი შტამის გავრცელების რისკი არსებობს, რადგან ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ სერიოზულად გავრცელდა. ევროპული წყაროებიდან ირკვევა, რომ გერმანიაში დიაგნოსტირებული შემთხვევების დაახლოებით 40 პროცენტი ეს შტამია და არა ვთქვათ ეს კლასიკური, თავდაპირველი შტამი. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და შემთხვევები იქნება, მაგრამ საბედნიეროდ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტია ახალგაზრდებში და ცოტა უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება. კვლევებით დადგინდა, რომ ეს ვაქცინები, რომლებიც დღეს ბაზარზეა, ფარავენ ამ შტამსაც. ეს მოსალოდნელიც იყო, რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაცია. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მუტაცია დადგინდა ლაბორატორიულად, რასაც მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდა“, - განაცხადა გამყრელიძემ „პირველ არხთან“.
ტაილანდი ვაქცინაციას იწყებს
ტაილანდში ვაქცინაცია დღეს იწყება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ ვაქცინები როგორც Astrazeneca-სგან, ასევე Sinovac-ისგან მიიღო. Sinovac-ის ვაქცინები მაღალი რისკის პროვინციებში გადანაწილდა და პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სპეციალისტებს აცრიან. Astrazeneca-ს ვაქცინა კი ჯერ ხარისხის კოტროლს გაივლის და გამოყენებისთვის მზად მომდევნო კვირიდან იქნება. ტაილანდმა Sinovac-ის ვაქცინის პირველი 200,000 დოზა ჩინეთიდან და AstraZeneca-ს ვაქცინის 117,00 იმპორტირებული დოზა მიმდინარე კვირას მიიღო.
შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს საქართველოს ეწვევა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში - ტურნეს იწყებს და ის 3 მარტამდე გაგრძელდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 28 თებერვალს ეწვევა კიშინიოვს, სადაც მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება. მოლდოვის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება. შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საოკუპაციო ხაზთან, ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა. საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობებისა და COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლის გარდა, დღის წესრიგში იქნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.
ფაშინიანმა მომხრეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, პირველ მარტს აქციაზე გავიდნენ ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პრემიერის პირველი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ახლა პრეზიდენტმა სამი დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს ხელი ბრძანებულებას, ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. გენშტაბის მეთაურმა პრემიერის გადადგომა მოითხოვა, რასაც ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. პარალელურად, ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება.
მოლდოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო
მოლდოვაში ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. ქვეყანას ვაქცინა რუმინეთმა მიაწოდა. „რუმინეთი ასრულებს დანაპირებს. დღეს ჩვენ ვიღებთ პირველ დოზებს, AstraZeneca-ს 21,600 დოზას”, - დაწერა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ ციტუმ Facebook- ზე. მისივე ინფორმაციით, მოლდოვა დანარჩენ დოზებს შემდეგ თვეებში მიიღებს. ვაქცინას მომდევნო კვირიდან, პირველ რიგში ჯანდაცვის სპეციალისტებს გაუკეთებენ. მთავრობა ასევე ელოდება 140 000 დოზას AstraZeneca-სგან, ვაქცინას COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, მოლდოვაში 3 მარტისთვის ჩაიტანენ. ამ კვირაში მოლდოვამ Pfizer / BioNTech-ის და AstraZeneca ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. მან ასევე დაამტკიცა რუსეთის - Sputnik V მცირე პოლიტიკური აურზაურის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი მაია სანდუ დაადანაშაულეს მოლდოვაში ვაქცინის გამოყენების დაბლოკვაში, თუმცა ამ ბრალდებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფდა.
ჩატარდა 27 885 ტესტი - 248 ახალი შემთხვევა, 525 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 248 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 525, 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ჩატარდა 27 885 ტესტი, პანდემიიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 270 758-ს, გამოჯანმრთელებულთა კი 265 114-ს შეადგენს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 510 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კოვიდინფიცირების 248 ახალი შემთხვევებიდან 129 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 16, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. აქტიური შემთხვევა - 2 108, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 712, აჭარაში - 166, იმერეთში - 264. მძიმეა 265 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89 %,-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.96 %, 7 დღის განმავლობაში კი 1.55%. დადებითობის მაჩვენებელი ტესტირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოვლენილ შემთხვევებს ნიშნავს. გუშინ ვირუსი 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი.
„კრწანისის“ ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსურველები 8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მათ მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან. პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკრუტებს სამხედრო ბაზაზე შესვლამდე სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო სივრცეში ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ. საკონტაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი 150-მდე საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეირჩა. მათ კურსზე ჩარიცხვამდე ფსიქოლოგიური ტესტები და სამედიცინო კომისიაზე შემოწმება გორში, დავით აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარდათ.
ამერიკულმა მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა
ამერიკულმა მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. იტყობინება BBC. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვკის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ფაქტს ამაღელვებელი მომენტი უწოდა. „ამაღელვებელი ამბავი ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, თუმცა ბრძოლის დასასრულისგან შორს ვართ. ყველა ამერიკელს ვთხოვ, დაიცავით სოციალური დისტანცია, ატარეთ პირბადე“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა გავრცელებულ განცხადებაში.
შარლ მიშელის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე - ზალკალიანი
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ცალსახა დადასტურებაა, იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში“, - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, „ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზე ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე. ვიზიტის ფარგლებში, განიხილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები. ყურადღება გამახვილდება როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ შარლ მიშელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. ბუნებრივია, საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებასაც. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა. ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან. იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ესაა შარლ მიშველის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტების საპასუხოდ. მინისტრის განცხადებით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მხარდასაჭერად.
ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა
ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა. ამის შესახებ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლმა, ბესარიონ აპლიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მთავარია, რომ აფხაზეთი არ დაუკავშირონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. „მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ჩვენ დამოუკიდებელ პოზიციაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში აფხაზეთში. ავტოკეფალიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ჯერ ავტონომიაა აღსადგენი. ჩვენთან მიმდინარეობს აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენა, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია. რუსეთის გარდა კავკასიაში არავის აღუდგენია მართლმადიდებლობა“, - აცხადებს აპლია. საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს.
ქუთაისში აქციაზე შეკრებილები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია მიმდინარეობს. „არა გიგანტურ ჰესებს“, „არა ნამახვანჰესს“, „დატოვოს კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა“ - ეს აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია. მათი განცხადებით, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, 14 მარტს ისევ შეიკრიბებიან და აღარ დაიშლებიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია. ქართველმა მწერლებმა რიონზე ჰესების მშენებლობის გამო მთავრობას წერილით გუშინ მიმართეს. ამავე თემაზე: ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: ესაა 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
მეუფე იაკობი პოლიტიკურ პარტიებს ეკლესიის ჩართულობით „დიდ შერიგებას“ სთავაზობს
ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ყველა მხარეს შერიგებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს. „ვისაც საქართველო უყვარს ეს სიტუაცია ყველას ძალიან დააფიქრებს. ჩემი აზრით, ყველაფერი არასწორად ვითარდება, ალბათ, ცოტა რომ დაწყნარდება სიტუაცია ამაზეც ვისაუბრებ. ხშირად ვთავაზობდი გამოსავალს, რომ ეკლესია იყო ის სარბიელი... ხომ არ ვეუბნებოდი, ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა, მოსულიყვნენ ჩვენთან, რომ შერიგებულიყვნენ, ქართველი ქართველს ადამიანურად დალაპარაკებოდა. როდესაც ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ და ჩვენი მეგობრები ამბობენ მოილაპარაკეთ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა ხალხის განწყობა ვიცი“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
კოვიდვაქცინა ფილიპინებზეც ჩაიტანეს
ფილიპინებმა COVID-19 ვაქცინის დოზის პირველი პარტია ჩინეთიდან მიიღო. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელებისა და სამხედრო პერსონალის აცრას გეგმავენ. Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე Sinovac Biotech-ის საწყისი, 600 000 დოზის მიღებას დაესწრო. ტვირთი ადგილზე ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩაიტანა. ფილიპინები სხვა მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და Astrazeneca-ს ვაქცინის 525,600 დოზას, სავარაუდოდ ორშაბათს მიიღებს.ფილიპინები წლის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინის 25 მილიონ დოზას ელოდება. ვაქცინა დღეს მოლოდოვამაც მიიღო, ტაილანდში კი ვაქცინაცია დღეს დაიწყო.
ევროკავშირი მოლდოვის ყველაზე საიმედო პარტნიორია - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვის ყველაზე საიმედო პარტნიორია. „პრეზიდენტს და მის ამბიციურ დღის წესრიგს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე. ევროკავშირი მოლდოვის ყველაზე საიმედო პარტნიორია. ჩვენი მხარდაჭერა - რეფორმების პარალელურად. კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის განმტკიცება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - წერს შარლ მიშელი. მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა გაიკეთა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჩინური Sinopharm-ის მიერ წარმოებული კოვიდვაქცინა გაიკეთა. მიმდინარე კვირას უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინური პრეპარატით დაიწყო ვაქცინაცია. მანამდე უნგრეთში Sputnik V დაამტკიცეს. ვიქტორ ორბანმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის 2,5 მცხოვრები, რომელიც ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიარა, აპრილამდე აიცრება. ჯერჯერობით ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა ხუთი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენების უფლება გასცა. Sputnik V ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია.
შარლ მიშელი საქართველოშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ტურნე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში - დღეს დაიწყო და ის 3 მარტამდე გაგრძელდება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტამდე ეწვია მოლდოვას, სადაც პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საოკუპაციო ხაზთან, ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა. საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობებისა და COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლის გარდა, დღის წესრიგში იქნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.