ძებნის რეზულტატი:
საქსტატი: 2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი შეადგინა
2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 % შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3 პროცენტით განისაზღვრა. "ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი,ჯემი და სხვა ტკბილეული (5.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.6პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.7 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე(3.7 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7 პროცენტიანი მატება,რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (3.8 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურების (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც წლიური ნფლაციაზე 2.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე,ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი,მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.1 პროცენტიანი მატება.შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11.2 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.5პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.2 პროცენტიანი კლება, რაც -1.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-29.0 პროცენტი)", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
ზურაბ ბატიაშვილი: რაც კავკასიაში ხდება, შეგვიძლია დავარქვათ რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა
„სომხეთში გამოჩნდა, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი ფაშინიანს ჯერ ისევ მხარს უჭერს და მაინცდამაინც რუსეთისკენ სწრაფვა არ შეინიშნება“, - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა Europetime-ს სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, რაც სომხეთში ხდება, სცენარი რუსეთში დაიწერა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, დასავლეთს რეგიონისთვის ნაკლებად სცალია და რუსეთი ამით აქტიურად სარგებლობს. „რა თქმა უნდა, კავკასიაში რაც ხდება, ერთი დიდი სურათის ნაწილია, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა. ყარაბაღის მეორე ომმა აჩვენა, რომ პირველი ეტაპი მათთვის წარმატებულად დასრულდა, რადგან ყარაბაღში რუსეთის სამხედრო ძალები განლაგდნენ. ფაშინიანზე ბევრი კამათობს, არის თუ არა პროდასავლური. ყოველ შემთხვევაში პრორუსული არ არის. ახლა, რუსეთის გეგმის მეორე ნაწილია არაპრორუსული ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ჯერ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის და პროტესტის გზით სურდათ ამის გაკეთება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა სამხედროები ჩართეს ამ საქმეში. სომხეთის სამხედროების უმეტეს ნაწილს განათლება რუსეთში აქვს მიღებული და რუსეთთან კავშირებშია შემჩნეული. სწორედ მათ გააკეთეს განცხადება, რომ პრემიერი უნდა გადადგეს. ზოგადად, სამხედროების საქმე არ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, მათ თავიანთი საქმე აქვთ. ფაშინიანს, რომელიც ხალხის არჩეულია, ხალხი თუ გადაირჩევს. აქ ღიად ჩანს, მხოლოდ ოპოზიცია ვერ ახერხებდა და ახლა უკვე სამხედროები ჩართეს საქმეში. ფაშინიანმა თავის მხარდამჭერებთან ერთად დემონსტრაცია ჩაატარა. ამ აქციით გამოჩნდა, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი ფაშინიანს ჯერ ისევ მხარს უჭერს და მაინცდამაინც რუსეთისკენ სწრაფვა არ შეინიშნება, ამ ნაწილში. თუმცა ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ის, რომ საზოგადოების მეორე ნაწილი ოპოზიციის მხარეს არის და ამ დაპირისპირებას ვხედავთ. ვერ შეიკრიბა პარლამენტიც, რომელსაც შეიძლებოდა ფაშინიანის გადაყენება არგადაყენების საკითხზე ემსჯელა. მოკლედ, სომხეთშიც ის პროცესები მიდის, რომელიც რუსეთში დაიწერა“, - აღნიშნავს Europetime-სთან საუბარში ანალიტიკოსი. ბატიაშვილის თქმით, რუსეთი ამ სამოქალაქო დაპირისპირების სცენების დაწერაში დახელოვნებულია და კარგად გამოსდის. ამ ეტაპზე სომხეთში ჯერჯერობით არაფერი გამოსდის, მაგრამ ეს სცენარი კარგად აქვთ შეთვისებული. საქართველოში 90-იანებში რაც მოხდა და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში, იგივე ხდება სომხეთშიც. უბრალოდ, ამ სცენარში იცვლება ქვეყნის დასახელება და მოქმედი პირები. „დასავლეთს სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის მეორე ომის დროს. ზოგადად, რეგიონისთვის ნაკლებად სცალია, სამწუხაროდ. ყარაბაღის ომის დროს ბაიდენმა მხოლოდ განცხადებების დონეზე მოახდინა რეაგირება, მეტი არაფერი. თუმცა, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და რა თქმა უნდა, ნაკლებად ეცალათ რეგიონისთვის. მეორე მხრივ, პანდემიამ აშშ-ის ძალიან დაარტყა. ნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილი ჰყავთ. ეკონომიკურადაც. ევროპაშიც პანდემიის გამო, ჯერ ისევ ჩაკეტილია ქვეყნები. პროცესებისადმი ინტერესი აქვთ, მაგრამ ისეთი არა, როგორიც საჭირო არის და როგორიც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს. რა თქმა უნდა, რუსეთმა ისარგებლა პანდემიით და არამხოლოდ ყარაბაღის ომის მიმართულებით, იგივე დეზინფორმაციების გავრცლებით სხვადასხვა თემაზე“, - განუცხადა Europetime-ს ზურაბ ბატიაშვილმა. ოპოზიციის აქციები რამდენიმე დღე გაგრძელდა და პირველ მარტს პრემიერ-მინისტრმა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესთავაზა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა.
ბათუ ქუთელია: საქართველო გეოპოლიტიკურად უნდა იდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად და არა როგორც სამხრეთ კავკასიური ქვეყანა
ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირველმა ნაბიჯებმა და განცხადებებმა რუსეთის მიმართ მოლოდინები გაზარდა, რომ ამერიკა უფრო მკაცრი და შეურიგებელი იქნება დემოკრატიული პრინციპების და ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ. საქართველოსთვისაც ეს შესაძლოა სწორედაც რომ ახალი შესაძლებლობა იყოს გაამყაროს ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე თავის მისწრაფებები, თუმცა შიდაპოლიტიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის მისამართით მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკა ისმის... გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ახლანდელ პოზიციებზე, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობასა და ახალ ეგრეთ წოდებულ რეგიონული გაერთიანებების ინიციატივების მიმართ საქართველოს ინტერესებზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საუბრობს. _ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმში განხორციელებული აგრესიისთვის პასუხი აგოს. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკელი ლიდერების მხრიდან, თუ ყოფილა მსგავსი მესიჯი, რომ არამხოლოდ გმობს ანექსიას და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა პასუხი აგო. საქართველოსთან მიმართებაშიც ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, თუმცა არა ასეთი კონკრეტული. თქვენი შეფასებით, რაზე მიანიშნებს ამერიკის პრეზიდენტის ეს გზავნილები? პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს გზავნილები. ხშირად საუბრობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ტესტი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა იქნება. რუსეთთან მიმართებით, ბაიდენის პოლიტიკის ტესტი მდგომარეობს იმაში, რა პოზიცია ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მოიმოქმედა. კრემლის მხრიდან ობამას გადატვირთვის პოლიტიკით ბოროტად სარგებლობის შედეგად, დამდგარი რეალობაც ამ პერიოდის ნაწილია. მათ შორის ის, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოიმოქმედა. ბაიდენის პოლიტიკა მთლიანად რუსული აგრესიული რევიზიონიზმის პასუხია, რომელიც პუტინმა 2008 წელს ღიად და თვალნათლად დაიწყო საქართველოში სამხედრო აგრესიით. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას, რაც ჯო ბაიდენმა, ენტონი ბლინკენმა და მათი გუნდის სხვა წევრებმა, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ დააფიქსირეს. უკრაინის თემა პრინციპულად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ყირიმის ანექსია საერთაშორისო ნორმების პრინციპებს არღვევს, გეოსტრატეგიულადაც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტერიტორია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიზანი იყო, რომ აღნიშნული ზონა იყოს რუსეთის ექსკლუზიური უფლებების და გავლენის ზონა. ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სწორედ აქ არის გამოწვევა. ის გაჰყვება, ამ გავლენის ზონებად გადანაწილებას, თუ ფასეულობებზე აგებული საგარეო პოლიტიკა ექნება, სადაც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ნორმების დაცვა და ქვეყნების თავისუფალი არჩევანი. ამიტომაც, ამ საგარეო პოლიტიკურ განტოლებაში, აშშ-ს სჭირდება საქართველოც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ჯერჯერობით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყველა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი. შემდგომ, როგორ გარდაიქმნება ეს კონკრეტულ პოლიტიკაში, საგარეო კუთხით, საინტერესო სანახავი იქნება და აი, როდესაც უკვე ბოლომდე დამტკიცდება საგარეო პოლიტიკური გუნდი, მერე უფრო მეტ კონკრეტიკას ვიხილავთ, ამ კუთხით. _რაც შეეხება საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებას, ამერიკის მხარდაჭერის ხარისხის გაზრდა რა კონკრეტულ შედეგებში აისახება. რა მოქმედებებსა და ნაბიჯებში. ასევე, რა სარგებელს მიიღებს საქართველო, კონკრეტული პროექტების მაგალითზე? აქ უკვე ორი კონკრეტული საკითხი არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსადმი მხარდაჭერაზე, აქ საუბარია იმაზე, საქართველო რა ფორმაში იქნება. იქნება თუ არა საქართველო ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერას დაიმსახურებს, რადგან ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, დემოკრატიული დღის წესრიგი და დემოკრატიების მხარდაჭერაა. დემოკრატიის სამიტის იდეაც სწორედ ამას ემსახურება. თუ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად და ბოლომდე არ ჩავარდება არაფორმალურ მმართველობასა და ავტორიტარიზმში, მაშინ რასაკვირველია, აშშ-ისგან სხვა ხარისხის მხარდაჭერა ექნება. _სწორედ ამ კონტექსტში, რაზეც თქვენ საუბრობთ, საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები, აისახება თუ თუ არა ამერიკის მხრიდან მხარდაჭერის ხარისხზე? თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკამ საუდის არაბეთის რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, მის ყველაზე დიდ მოკავშირეს მუსულმანურ სამყაროში, არის თუ არა ეს მკაფიო გზავნილი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს ერთნაირი ყურადღებით მოეკიდება, განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისგან და კიდევ, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ არა, რომ საქართველოზე თვალს არავინ დახუჭავს, დემოკრატიის დასუსტების შემთხვევაში? დღევანდელი მოცემულობა სტატიკური არ არის. ძალიან მოკლე პერიოდში გაირკვევა, ჩვენ დავრჩებით ამერიკის პოზიტიურ დღის წერიგში, თუ გავხდებით ბელარუსის მაგვარი ავტორიტარული სახელმწიფო. ამიტომაც, თეორიულად, თუ იმ ტრაექტორიას გავაგრძელებთ, რაც ქართველი ხალხის ღიად გამოხატული ნებაა - რომ იყოს დასავლური ევროპული დემოკრატია, მაშინ ბუნებრივია, ახლა არის საქართველოსთვის საუკეთესო მომენტი, რადგან დემოკრატიების მხარდაჭერა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ღიად დეკლარირებული ამოცანა. ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე საკითხზე მუდმივი დებატი მიმდინარეობს, ერთ-ერთი არის ეს საკითხი - პრაგმატული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, თუ ფასეულობითი კომპონენტები და ამ ორს შორის სწორი ბალანსის პოვნა. ბაიდენის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ დემოკრატიული ფასეულობები არის მთავარი და ამაში სჭირდება პარტნიორები. ბაიდენმა მიუნხენში თქვა, რომ ახლა ისტორიული მომენტია. ამ ახალ ისტორიულ მომენტში, საქართველო როგორ ჩაეწერება - როგორც ამერიკის სტრატეგიული დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში? ირგვლივ ასეთი ქვეყნები ცოტაა. სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკას საქართველოსთან მიმართებით. მთელი მისი პოლიტიკური რესურსი და დღის წესრიგი დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ტიპის კლეპტოკრატიის შეჩერებაზე, თუ პირიქით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე. აი ამ ზღვარზე ვდგავართ ახლა. რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები ჩვენთან, ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ, რამდენად ვერ მოახერხებს დღევანდელი საქართველოს მთავრობა რუსული ტიპის ავტოტორიტარიზმის რეალურად გაფორმებას და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ისე გაფუჭებას, როგორც დღეს უკვე ჩანს იმ განცხადებებში და ღია კრიტიკაში, რასაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორებისგან. _თქვენი აზრით, სახელისუფლებო გუნდში არის ისეთი საკადრო რესურსი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის მყარად შენარჩუნებას და განვითარებას შეძლებს? ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც დღეს შექმნილი მოცემულობის პოზიტიურისკენ შემობრუნების რაიმე ბერკეტები შეიძლება ჰქონდეთ, როგორც გუნდის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის დასაბრუნებლად? ბოლო პერიოდში, ჩემი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები ინტენსიურად მეკითხებიან იგივეს. სასურველი იქნებოდა, ამაზე პოზიტიური პასუხი მქონოდა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ფორმალური მმართველობის ანატომია და მიტაცებული სახელმწიფოს ბერკეტები, რომლებიც სახეზეა, თითქმის გამორიცხავს ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორების ყოფნას. ვხედავთ კიდეც, წინა პრემიერ-მინისტრების ისტორიის მაგალითზე. ნებისმიერი მათგანი, როგორც კი შეეცდება, ცოტა უფრო დამოუკიდებელი და პროდასავლური პროფილი შეიძინოს, ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებული ხედვიდან გამომდინარე, მყისიერად გაურკვეველ ვითარებაში ასრულებს კარიერას. თუმცა, აქ არის უკუღმა ლოგიკაც. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აქტორები შეიძლება, გამოჩდნენ „ქართული ოცნების გუნდში“. არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით, თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში. თუ გავიხსენებთ, ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდშიც. როდესაც ამერიკას ჰქონდა უკვე დეკლარირებული პოლიტიკა საქართველოსა და რეგიონში, უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების კუთხით (ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, იგივე პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარება). მას შემდეგ, რაც გაჩნდა ღიად გამოხატული ამერიკული ინტერესი, ავტომატურად შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდშიც მოიმატა პროდასავლურმა განწყობებმა. მაშინ, ძალიან ცოტა იყო პროდასავლური, იდეალისტი პოლიტიკოსი და აქტორი. აი, ამ ღიად გამოხატულმა და დაფიქსირებულმა ინტერესებმა უბიძგა ბევრ აქტორს, რომ პრაგმატულად ემოქმედათ, მოტივაციის მიხედვით. აქედან გამომდინარე, თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პოლიტიკოსებიც. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგში დატოვება იქნება ძალიან ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისკენ მიდრეკილი კლეპტოკრატიული სისტემა შეაჩეროს. პლუს, გააძლიეროს დემოკრატიული ინტერესები პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც. _აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეგიონში ექვსთა პლატფორმის შექმნაზეც იყო საუბარი. ყარაბაღში დაგეგმილი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა კი, სწორედ ამ ხუთ ქვეყანას აკავშირებს. საქართველოს ინტერესებში, რამდენად შედის მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაში ჩართვა?დასავლეთის პოზიცია როგორია ამ პლატფორმის მიმართ? ნებისმიერ მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთო მაშინ, როდესაც ხელსაყრელი პოზიციები გაქვს. თუ არა, სჯობს საერთოდ არ ჩაერთო. თუ საქართველოში იქნება ავტორიტარული მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ქვეშ, დანარჩენი მსოფლიო კი გაგვაკრიტიკებს და იტყვის, რომ აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და არც ევროპული მომავალი აღარ გვაქვს, ასეთ პირობებში რაიმე ტიპის ექვსთა ფორმატში შესვლა ნიშნავს, რომ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ დავიცავთ. საქართველოს ერთადერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ რეგიონში უნდა ვიყოთ დემოკრატიის შუქურა და ამის გამო გვქონდეს დასავლეთის და აშშ-ის მხარდაჭერა. აი ასეთ ტანდემში, ნებისმიერ ფორმატში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაშინ, როდესაც დემოკრატიული უკანდახევის გამო გვაკრიტიკებენ, ჩვენი პოზიციონირება იქნება სუსტი, ბუნებრივია, ეს ფორმატი აბსოლუტურად წამგებიანია საქართველოსთვის და არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. ყველა საერთაშორისო ფორუმზე ვამბობ ხოლმე - საქართველო არ უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც სამხრეთ კავკასიური ქვეყანა. რაღაც რეგიონული ძალთა ბალანსის გადანაწილების ნაწილი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის რეგიონის ევროპული ტიპის ქვეყანა. სამხრეთ კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონი არ არის ბევრი მიზეზის გამო. შავი ზღვა კი უფრო გეოპოლიტიკური ერთეულია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველო თვითიდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად. ეს სამხრეთ კავკასიური ინდენტიფიკაცია ხელს აძლევს რუსულ ლოგიკას, რომ ეს არის რუსეთის და ძლიერი სახელმწიფოების გავლენის სფერო და ისინი თავისი ინტერესების მიხედვით დაალაგებენ ბალანსს. სწორედ შავი ზღვის ევროპულ ქვეყნად ყოფნა არის ის სტრატეგიული ხედვა, რომელიც უნდა გვქონდეს. მაგრამ დღეს, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არც მსგავსი ხედვა ჩანს და უფრო მეტიც ამის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ ქვეყანაც და ქვეყნის ინტერესებიც. _რაც შეეხება ყარაბაღის პლატფორმას, რამდენად უნდა ჩაერთოს საქართველო ან არ ჩაერთოს და რატომ? ბევრი კონკრეტული ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ ორივე მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ - ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური. მნიშვნელოვანია, რომ ყარაბაღის თემაში, საქართველომ არა პასიური, არამედ აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიციონირება მოახდინოს. აქტიური ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რეგიონში დასავლური ინტერესების მთავარი დასაყრდენი უნდა ვიყოთ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, საქართველო უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საქართველო. თავისი დემოკრატიული ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციით. მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით თავის სასარგებლოდ უნდა გადახაროს ბალანსი. ჩვენ ვერც მხოლოდ ფულით, ეკონომიკით ან შეიარაღებული ძალებით ვერ ვიპოზიციონირებთ ეროვნული ამოცანების მისაღწევად, თუ ეს ერთიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილი არ იყო, რაზეც ზემოთ ვისუბრე. ეს აქტიური ნეიტრალიტეტი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენი მორალური უპირატესობა რეგიონში დემოკრატიის და დასავლეთთან სწორი ურთიერთობებით იმდენად იყოს გაზრდილი, რომ იგივე ექვსთა ფორმატში, ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს რაღაცების გადანაწილება რეგიონში. _ექვსვთა პლატფორმის შექმნა, ნიშნავს თუ არა რუსეთის გავლენების პირდაპირ გაძლიერებას ჩვენს რეგიონში? ექვსთა არა, უკვე ხუთთა. კიდევ კარგი ჩვენმა საგარეო სამინისტრომაც განაცხადა, რომ არ ჩაერთვებიან, თუმცა ინსტიტუციურად მოშლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პირობებში ეს განცხადება არ წარმოადგენს გარანიტიას, რომ საწინააღმდეგო არ მოხდება. _თუმცა 2020 წლის დეკემბერში პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ ფორმატზე და პოზიტიურ კონტექსტში ისაუბრა აღნიშნულ ინიციატივაზე? სალომე ზურაბიშვილმა დეკემბერში რაც განაცხადა, ეს იყო წამგებიანი. მე ვფიქრობ, მას ეს თავისი ინიციატივით არ უთქვამს. ეს იყო ხელისუფლების მცდელობა, რეაგირება გაეტესტათ უბრალოდ, საერთაშორისო და შიდა რეაგირება იმდენად მწვავე იყო. სხვათა შორის, ესეც მომენტუმით სარგებლობის შემთხვევა იყო. ვიდრე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ახალ საგარეო პოლიტიკას დაალაგებდა, იყო მცდელობა, რომ ეს იდეა „გაეძვრინათ“. ეს არ არის ახალი იდეა - 2008 წელს,( აჰმედ დავით ოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ომი ახალი დამთავრებული იყო, ეს იდეა რომ გააჟღერა თურქეთმა. რუსეთი სულ ცდილობს, საგარეო პოლიტიკის მიკრორეგიონალიზაცია მოახდინოს. საქართველოსთვის ასეთი ტიპის რეგიონალიზაცია წამგებიანია, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ევროპული დემოკრატიული იდენტიფიკაცია და არა სამხრეთ კავკასიური ავტორიტარული სახელმწიფო ან რაიმე ან სხვა ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსი. როცა ვსაუბრობთ, რომ გეოპოლიტიკურად ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ არის. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები. მაგალითად, კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა რომ ეფექტურობა შეიძინოს, „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ.
უკრაინის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის ამსახველი ფოტო მან Twitter-ზე გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ვაქცინა უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გაიკეთა. "ვაქცინა საშუალებას მოგვცემს ისევ ვიცხოვროთ შეზღუდვების გარეშე",- წერს ზელენსკი როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.
ჩოხატაურში მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა
ჩოხატაურში, სოფელ სურების მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს და გუბერნატორს მოუწოდებენ, რომ ჰესის აშენებას მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ და მოსახლეობის გვერდით დადგნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არ უნდა დაუშვან მათი მიწის ფართობების "სუფსა ენერჯისათვის" 49 წლის ვადით გადაცემა და "ნამახვანი 2-ის" გამეორებას. სურების საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ვითარება საგანგაშოა და სუფსის ხეობა საფრთხეშია.
ოპოზიციამ აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელა
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათ აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელეს. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, მარტში დაანონსებული აქციები გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით სალაპარაკო არ ჰქონდეს, ისინი აქციების ფორმას შეცვლიან. მისი თქმით, დღეს პარლამენტთან გამართული აქცია იყო მშვიდობიანი, მაინც ისმოდა რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე. „დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა, ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს, ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ“, – განაცხადა უდუმაშვილმა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პიკეტირება დღეს არ ყოფილა და არ იქნება „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, ამის უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც სხვა რიტორიკა და პროპაგანდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე აქციების მოდიფიკაციაზე. ვიმსჯელებთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და არ იქნება“, - თქვა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს ოპოზიციამ პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება დააანონსა. დღეს ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება დაიწყო
ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა: საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება
"საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. ქართული პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის", -ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ფუკუიამა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხს ეხმიანება. "მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისებს მიღმა ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს. დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგაქრი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან რეალური ლიდერია. ვფიქრობ, ამის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ. ვგულისხმობ, რუსული გავლენის შემოსვლას, რაც ამ დაკავების ერთ-ერთ მოტივი იყო, და სასამართლო სისტემის აშკარა კურუფციას და ნეიტრალური არბიტრაჟის ნაცვლად, მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას", - განაცხადა ფუკუიამამ. მისი თქმით, საქართველოში არსებული პრობლემა თავად ქართველმა ხალხმა უნდა მოაგვაროს. "არ ვთვლი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ან შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტოს ეს. ეს პრობლემა ქართველებმა უნდა მოაგვარონ. თუმცა, ამ ადმინისტრაციისგან ბევრად უფრო დიდი მზაობაა იმისთვის, რომ მსოფლიოში ავტორიტარიზმისკენ მიმავალი რეჟიმები გააკრიტიკოს. ისინი ასე მოიქცნენ რუსეთში ნავალნის დაკავების შემთხვევაში და მიანმარში სამხედრო გადატრიალებისას. მე იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ სიტუაციაში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბაიდენი საქართველოში იმყოფებოდა და მას და მის ხალხს სიტუაცია კარგად ესმით. ამიტომ, თეთრი სახლისგან ქმედებებს მოველი",- აცხადებს ამერიკელი პოლიტოლოგი. ფრენსის ფუკუიამას თქმით, ქართული პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული გზით მიდის. "საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთი რეფორმების გატარებაში მიაღწია წარმატებას, რომელიც რეგიონის სხვა ნაწილებში არ გვინახავს, მაგალითად - უკრაინაში, იქნება ეს კორუფიციის აღმოფხვრის, თუ მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. თუმცა, ვფიქრობ ქართული პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, რაც საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რასაც აქამდე საქართველომ მიაღწია. რეფორმა პოლიტიკური მოვლენაა და თუ ადამიანები ხელისუფლებაში პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ნორმებს, სხვა რეფორმები არ იმუშავებს. ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ეს ნაბიჯი, რაც გადადგა, უკან წაიღოს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას", - აცხადებს ფუკუიამა.
პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ამის შესახბე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით. კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუ, საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, საწარმო ვალდებული იქნება განახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, პირველ რიგში, მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენაზე. ყველა საჭირო ღონისძიება გაიწერება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც კომპანიისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. საწარმოები, საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“. მსგავსი ტიპის ფონდები უკვე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველო არის პირველი ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასეთ ფონდს ქმნის. აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით, დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის 1 ივლისს", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უცხოური ავიაკომპანიები ბრუნდებიან
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უცხოური ავიაკომპანიები ბრუნდებიან. ამის შესახებ განცხადებას TAV Georgia ავრცელებს. "ფრენებთან დაკავშირებული სიახლეები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: ბაქო-თბილისი-ბაქო - 28 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას (Azerbaijan Airways); ელ ქუვეითი-თბილისი-ელ ქუვეითი - 28 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს (Jazeera Airways); დუბაი-თბილისი-დუბაი - 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდიური ფრენები შესრულდება (FlyDubai); კიევი-თბილისი-კიევი - 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩავთვლით ყოველდღიური ფრენები შესრულდება (Skyup); ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: სტამბოლი - ბათუმი - სტამბოლი - 3 მარტიდან-27 მარტის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს (Turkish Airlines); მინსკი-ბათუმი-მინსკი - 28 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას (Belavia)", - ნათქვამია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ
"ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს-გუშინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში დაგვირგვინდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. "მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მივესალმო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას. თუმცა, რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში კარგად გააზრებული არ არის. ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ - სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული - პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით. ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს", - აცხადებს ზურაბიშვილი. გუშინ, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
ბათუ ქუთელია: ბაიდენის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ დემოკრატიული ფასეულობები არის მთავარი, ამით განსაზღვრავს ურთიერთობებს
„ამერიკაში მუდმივი დებატი არსებობდა, საგარეო პოლიტიკისთვის პრაგმატული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, თუ ფასეულობითი კომპონენტები. ბაიდენმა კი უკვე დააფიქსირა თავისი დეკლარირებული პოლიტიკა, რომ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, აშშ-ისთვის დემოკრატიული ფასეულობები მთავარი იქნება“, - ამის შესახებ Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა. მისი თქმით, ბაიდენმა მიუნხენში თქვა, რომ ახლა ისტორიული მომენტია. ამ ახალ ისტორიულ მომენტში კი საქართველო როგორ ჩაეწერება - როგორც ამერიკის სტრატეგიული დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში, სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით ამერიკას. „მთელი მისი პოლიტიკური რესურსი და დღის წესრიგი დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ტიპის კლეპტოკრატიის შეჩერებაზე, თუ პირიქით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე. აი ამ ზღვარზე ვდგავართ ახლა. რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, ჩვენთან როგორ განვითარდება პროცესები, ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ, რამდენად ვერ მოახერხებს დღევანდელი საქართველოს მთავრობა, რუსული ტიპის ავტოტორიტარიზმის რეალურად გაფორმებას და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ისე გაფუჭებას, როგორც დღეს უკვე ჩანს იმ განცხადებებში და ღია კრიტიკაში, რასაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორებისგან“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას, აშშ-ში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. მისი თქმით, დასავლეთის საქართველოსადმი დამოკიდებულების კუთხით, დღევანდელი მოცემულობა სტატიკური არ არის და ძალიან მოკლე პერიოდში გაირკვევა, საქართველო ამერიკის პოზიტიურ დღის წერიგში დარჩება, თუ ბელარუსის მაგვარი ავტორიტარული სახელმწიფო გახდება. „ამიტომაც, თეორიულად, თუ იმ ტრაექტორიას გავაგრძელებთ, რაც ქართველი ხალხის ღიად გამოხატული ნებაა - რომ იყოს დასავლური ევროპული დემოკრატია, მაშინ ბუნებრივია ახლა არის საქართველოსთვის საუკეთესო მომენტი, რადგან დემოკრატიების მხარდაჭერა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ღიად დეკლარირებული ამოცანა“, - აღნიშნავს ქუთელია.
ბათუ ქუთელია: თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ ხელისუფლებაში მეტი პროდასავლური აქტორი გაჩნდება
„თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში, სახელისუფლებო გუნდშიც უფრო მეტი პროდასავლური აქტორი გამოჩნდება", - ამის შესახებ Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა. Europetime-ის კითხავზე, სახელისუფლებო გუნდში არის თუ არა ისეთი საკადრო რესურსი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის მყარად შენარჩუნებას და განვითარებას შეძლებს? - ბათუ ქუთელია პასუხობს, რომ აღნიშნული საკითხით ხშირად ინტერესდებიან მისი ამერიკელი პარტნიორებიც. „ბოლო პერიოდში, ჩემი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები ინტენსიურად მეკითხებიან იგივეს. სასურველი იქნებოდა, ამაზე პოზიტიური პასუხი მქონოდა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ფორმალური მმართველობის ანატომია და მიტაცებული სახელმწიფოს ბერკეტები, რომლებიც სახეზეა, თითქმის გამორიცხავს, ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორების ყოფნას. ვხედავთ კიდეც, წინა პრემიერ-მინისტრების ისტორიის მაგალითზე. ნებისმიერი მათგანი, როგორც კი შეეცდება, ცოტა უფრო დამოუკიდებელი და პროდასავლური პროფილი შეიძინოს, ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებული ხედვიდან გამომდინარე, მყისიერად გაურკვეველ ვითარებაში ასრულებს კარიერას“, - აღნიშნავს Europetime-სთან საუბრისას, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. თუმცა, მისი თქმით, არსებობს უკუღმა ლოგიკაც და თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პროდასავლური პოლიტიკოსებიც. „ასეთი აქტორები შეიძლება გამოჩდნენ „ქართული ოცნების გუნდში“. არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით, თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში. თუ გავიხსენებთ, ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდშიც. როდესაც ამერიკას ჰქონდა უკვე დეკლარირებული პოლიტიკა საქართველოში და რეგიონში, უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების კუთხით (ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, იგივე პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარება). მას შემდეგ, რაც გაჩნდა ღიად გამოხატული ამერიკული ინტერესი, ავტომატურად შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდშიც მოიმატა პროდასავლურმა განწყობებმა. მაშინ, ძალიან ცოტა იყო პროდასავლური, იდეალისტი პოლიტიკოსი და აქტორი. აი, ამ ღიად გამოხატულმა და დაფიქსირებულმა ინტერესებმა უბიძგა ბევრ აქტორს, რომ პრაგმატულად ემოქმედათ, მოტივაციის მიხედვით. აქედან გამომდინარე, თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პოლიტიკოსებიც. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგში დატოვება იქნება ძალიან ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისკენ მიდრეკილი კლეპტოკრატიული სისტემა შეაჩეროს. პლუს, გააძლიეროს დემოკრატიული ინტერესები პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც“, - განუცხადა Europetime-ს ბათუ ქუთელიამ.
აშშ-მ და ევროკავშირმა ნავალნის საქმეზე რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე 7 რუს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სასანქციო სიაში შვიდ რუს მაღალჩინოსანს და 14 სუბიექტს შეიყვას, რომლებიც ნავალნის მოწამვლის საქმეში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ გასულ წელს ციმბირში ბატონ ნავალნიზე თითქმის ფატალური თავდასხმის უკან რუსეთის მთავრობა დგას. თავის მხრივ, ევროკავშირმა 4 რუს მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. ტექსტში არ არის მითითებული, ვისზე ვრცელდება სანქციები, თუმცა გერმანული გამოცემების Bild-ისა და Focus-ის ინფორმაციით, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გვარიის სარდალი, ვიქტორ ზოლოტოვი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი. მათ აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და არსებობის შემთხვევაში, გაიყინება ევროკავშირში მათი ანგარიშები. „ვაშინგტონის სანქციების სამიზნეა, როგორც რუსი მოხელეები, ისე კომპანიები“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმასთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას. 2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის, ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.
გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს
გორში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისი დაარბიეს, ოფისის შესასვლელი კარის და ფანჯრების მინები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს. .როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჯგუფური თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ოფისში არავინ იმყოფებოდა. უცნობია, შევიდა თუ არა ვინმე შენობის შიგნით. თავდამსხმელების ნაწილი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები საქმე აღიძრა სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოფისს რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს და ქვებით მინები ჩაამტვრია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვასილისა ჯალაბაძის ინფორმაციით, ოფისში მომხდარის დროს არავინ იმყოფებოდა და მათ ამის შესახებ თვითმხილველისგან გაიგეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ
სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შევიდნენ და პრემიერის რეზიდენნციაში მიტინგი გამართეს. სომხური მედიის ინფორმაციით მთავრობის სახლში შეჭრილები აცხადბეენ რომ შენობის დიდხანს დაკავებას არ გეგმავენ და შენობაში შესვლა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო. მომიტინგეები „სომხეთი ნიკოლის გარეშე“ სკანდირებდნენ. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „სამშობლოს გადასარჩენად“, რომლეიც პრემიერის გადადგომას მოითხოვს. სომხეთში დღეს ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. მომიტინგეებს მხარს უჭერენ შეირაღებული ძალები. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციასთან შესახვედრად ემზადება, ის დღეს ტელეფონით ესაუბრა ერთ-ერთ ლიდერს ედმონდ მარუკიანს და ვადამდელ არჩევნებზე დიალოგი შესთავაზა. თუმცა მოვლენებს დაასწრო ოპოზიციის მეორე ნაწილმა და პრემიერ- მინისტრს უარი შეუთვალა. სომხეთის პოლიტიკური ელიტა, მათ შორის, პრეზიდენტი სარქისიანი, ფაშინიანისგან დისტანცირებას ცდილობს და ჯერ ისევ არ აწერს ხელს გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებას. სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ზურაბ ბატიაშვილი: რაც კავკასიაში ხდება, შეგვიძლია დავარქვათ რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა
პოლონეთის პრეზიდენტი: ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ასევე, სექტორული ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება NATO-საკენ სავალ გზას. საჭიროა ასევე, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ისაუბრა რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი, ისე, როგორც არასდროს ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ევროკავშირმა მეტად უნდა ადევნოს თვალი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ამ მიმართულებით რეგიონში საქართველო ევროკავშირის უმსხვილესი პარტნიორია. პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელი კოლეგა ანდჟეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ასევე, სექტორული ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება ნატო-საკენ სავალ გზას. საჭიროა ასევე, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ისაუბრა რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი, ისე, როგორც არასდროს ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ევროკავშირმა მეტად უნდა ადევნოს თვალი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ამ მიმართულებით რეგიონში საქართველო ევროკავშირის უმსხვილესი პარტნიორია. პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელი კოლეგა ანდჟეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს და მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე. მისივე თქმით, 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, თუმცა აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა. „მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ყველამ კი არა, ნახევარსაც არ დაუწყია. 103 ქვეყნიდან, დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ- ევროპული ვაქცინებით - Pfizer-ით, Moderna-თი, Astrazeneca-თი ახლა მალე Johnson&Johnson დაემატება. რა თქმა უნდა, მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს. არ შეიძლება ასე საუბარი. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რუსული ნდობასაც არ იმსახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებული ტელევიზიები, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები, რიგი ექიმები გახსოვთ, როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდნენ, ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ-ევროპულ ვაქცინებს. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთ. კარგი ახლა, არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ, ოპოზიციამ უარყავით. ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან - მეორე. ერთი, საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს, მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. მეორე, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ. მაშინ ჩვენც იმ ქვეყნებს გავუტოლდებით, რომელთაც ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყეს. ვიყოთ სამართლიანები. ვთქვათ, რომ ჩვენც გვინდა ჩინური ვაქცინა, ან ჩინური არ გვინდა, მაშინ, ნუ არის ნიშნის მოგება, ქილიკი, ლანძღვა, რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ“, - განაცხადა ცერცვაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა მარტს არ გადასცდება.
აშშ-მ ნავალნის საქმეზე სანქცირებულთა სია გამოაქვეყნა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში 7 რუსი მაღალჩინოსანია. მათ შორის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანდრეი იარინი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი. მათი აქტივები გაიყინება, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალებათ მათთან საქმიანი ურთიერთობები. აშშ-ის სანქციები დაუწესდათ ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, 27-ე სამეცნიერო ცენტს და რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება საპასუხო რეაგირება ვაშინგტონის მხრიდან ახალი სანქციების ამოქმედებას. აშშ-მ და ევროკავშირმა ნავალნის საქმეზე რუს მაღალჩინოსნებს სანქციები გუშინ დაუწესეს.
რომის პაპი ფრანცისკე ერაყს ეწვევა
5-8 მარტს რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას Arabnews-ი ავრცელებს. პაპი თავდაპირველად ბაღდადში ჩაფრინდება, სადაც მას ერაყის პრემიერ-მინისტრი დახვდება. როგორც ცნობილია, პაპი ვიზიტისას ჯავშანტექნიკით გადაადგილდება და მასთან ერთად ვატიკანის ექთანიც იქნება. ვატიკანის პრესსპიკერმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის გამო, პაპის ეს მოგზაურობა სხვებისგან განსხვავდება და მოსახლეობასთან შეხვედრები არ არის დაგეგმილი. ვატიკანის წარმომადგენელი ამბობს, რომ კათოლიკური სამყაროს ლიდერი წირვას ისტორიულ ერბილში ჩაატარებს, სადაც 10 000-მდე ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი და ისიც სოციალური დისტანციის დაცვით. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ეს იქნება პაპის პირველი მოგზაურობა და ამასთანავე პირველი ვიზიტი ერაყში. როგორც მედია იტყობინება, პაპთან ერთად ერაყში ჩავა ვატიკანის სახელმწიფო მდივანი კარდინალი, პიეტრო პაროლინი, კარდინალი ლეონარდო სანდრი და მთავარეპისკოპოსი, პოლ გალაგერი. შაბათს, პაპი გაემგზავრება ქალაქ ნაჯაფში, სადაც შეხვდება აიათოლა ალი ალ-სისტანს, ერაყის ყველაზე გავლენიან შიიტ სასულიერო პირს.ამის შემდეგ, პაპი უძველეს ქალაქ ურსაც ეწვევა. კვირას კი, რომის პაპი მოსულსა და ქარაქოშში გაემგზავრება.