ძებნის რეზულტატი:

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) განაცხადა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კმ-ის დაშორებით. ამ დროისთვის, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში - ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა.

აშშ-ის საელჩო დედის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს

„მას სჯეროდა ჩვენი და ამიტომ დავიჯერეთ ჩვენ საკუთარი თავის“, - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი დედის, ჯინ ფინიგანის შესახებ საუბრობს. შესაბამის ტექსტს და ფოტოს ამერიკის საელჩო აქვეყნებს. „დედის დღეს პატივისცემას გამოვხატავთ ყველა დედის მიმართ, რომელსაც თავისი შვილების რწმენა აქვს და შთააგონებს მათ, შეუდგნენ დიდ საქმეებს ცხოვრების განმავლობაში“, - ნათქვამია საელჩოს ტექსტში.

Freedom House: საქართველოში სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა არსებით პრობლემად რჩება

საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმების მიუხედავად, არსებით პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა და სასამართლო დავების განხილვის გამჭვირვალობის და პროფესიონალიზმის პრობლემა, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში - თავისუფლება მსოფლიოში 2021. „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შესული კონსტიტუციური სტრუქტურის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ასახელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა პრეზიდენტი; ამის შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს მოსამართლეებს. სასამართლო თვითმმართველი ორგანო ირჩევს საბჭოს წევრთა უმეტესობას. 2018 წლის დეკემბერში საბჭომ წარადგინა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სია, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ განაცხადა, რომ მან გამოიყენა გაუმჭვირვალე პროცესი და შეარჩია შებღალული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები. იმავე თვის ბოლოს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, მისი შეფასებით „ნაჩქარევი და მიუღებელი“ პროცესის, პროტესტის ნიშნად. 2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, თუმცა ოპოზიციის წევრებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ევროპის საბჭოს და სხვა ინსტიტუტების დამკვირვებლებმა გააკრიტიკეს მოსამართლეთა დანიშვნები და განაცხადეს, რომ კანდიდატებმა საჭირო ცოდნა ან მიუკერძოებლობა ვერ გამოავლინეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ავღანეთში, ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლეს

ავღანეთში, ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ჯალალაბადში, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი სერიოზულად დაშავდა. გარდაცვლილები 18-დან 20 წლამდე იყვნენ, სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ და კერძო ტელეკომპანია Enikas-ის გახმოვანების განყოფილებაში მუშაობდნენ. ტელევიზიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ათი თანამშრომელი ქალიდან უკვე ოთხი მოკლეს, მათ შორის ტელეწამყვანი მალალაი მაივანდი, რომელიც ჯალალაბადში მძღოლთან ერთად ჩაცხრილეს. პასუხისმგებლობა ამ თავდასხმაზეც ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

სამხრეთ კორეის პირველი ტრანსგენდერი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ კორეის პირველი ტრანსგენდერი ჯარისკაცი, რომელიც სამხედრო სამსახურიდან სქესის შეცვლის გამო გაათავისუფლეს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფომაციას BBC-ი ავრცელებს. ტრანსგენდერი უფლებების დამცველის, ბიუნ ჰე-სუ-ს გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მან გასული წლის იანვარში, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო, თუმცა სამხედრო სამსახურში აღდგენის შესახებ უარი მიიღო. დეკემბერში, კორეის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან მისი გაშვების გადაწყვეტილება არ იყო სწორი და არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი.

დავით ზალკალიანი: სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს ის პლატფორმები და თემატიკა, რაც მათ აერთიანებთ

"სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს ის პლატფორმები და თემატიკა, რაც მათ აერთიანებთ", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რეგიონში ახალი პროცესები მიმდინარეობს და საქართველო არ უნდა ჩამორჩეს პრეცესებს და მოწინავე პოზიციები უნდა შეინარჩუნოს. „ძალიან დროული, ძალიან შინაარსიანი ვიზიტი იყო. დეტალურად განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი, ისე რეგიონალური საკითხები, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონი სწრაფად ვითარდება, დინამიკა უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, არ უნდა ჩამორჩეს ამ პროცესებს, ჩვენ ყველგან მოწინავე პოზიციებზე უნდა ვიყოთ და ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველგან უნდა იყოს დაფიქსირებული, მათ შორის, ეს უნდა იყოს ცნობილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. ასევე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხედვა“, – განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად, კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია თანხვედრაში იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან. „ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამ ვიზიტამდე, იგივე ფორმატებთან დაკავშირებით, 3+3, 3+2 თუ 3+1, მაგრამ მთავარი აქ არის რეგიონის ქვეყნების ინტერესი. პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს ის პლატფორმები და თემატიკა, რაც მათ აერთიანებთ. ახალი რეალობაა შექმნილი ბოლო კონფლიქტის შედეგად. აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური სურათი იქმნება. ფაქტია, იზრდება რუსეთის წვდომა რეგიონზე, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები იყოს თანხვედრაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ თურქეთს განვიხილავთ სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. გვაქვს ჩამოყალიბებული, უკვე კარგად ფუნქციონირებადი ფორმატები, შესაბამისი გეოპოლიტიკური პროექტებით, ეკონომიკური პროექტებით, რომელმაც უკვე დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ეს პროექტები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და იძლევა ხელშესახებ შედეგს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი საუბარი აუცილებლად კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს როგორც საშუალო ვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. საქართველოს პოზიცია ყველგან იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თენგიზ ცერცვაძე: Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია

"Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერში " განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს. ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამას წინ არაფერი უდგას. "Novavax-თან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. ეს კი, დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას. ეს, პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო. ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით Novavax-ითაც ორჯერ აცრა იქნება საჭირო,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თურქეთი რუსული S-400-ების ახალი ჯგუფის შეძენის საკითხს განიხილავს

თურქეთი რუსული S-400-ების ახალი ჯგუფის შეძენის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს. თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის თავმჯდომარემ ისმაილ დემირმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ, მიუხედავად შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა, ანკარა აგრძელებს რუსეთის S-400 რაკეტის მეორე ჯგუფის შეძენის შესაძლებლობის განხილვას. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა თურქეთს მოუწოდა, არ შეინარჩუნოს რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემა.

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს პოზიციას 3+3 ფორმატთან დაკავშირებით პატივი უნდა ვცეთ

"გვესმის საქართველოს მხრიდან ფრთხილი მიდგომა, როდესაც ასეთი რთული პირობებია, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს", – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ე.წ. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს "პირველი არხის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ამ ფორმატში რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და არც ერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ ასრულებს, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ პატივი უნდა სცენ საქართველოს პოზიციას. „როგორც თავიდანვე აღვნიშნე, შეხვედრის დროს სამმხრივ ფორმატზე ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანია, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. ჩვენ გვესმის საქართველოს მხრიდან ასეთი ფრთხილი მიდგომა ამ საკითხებისადმი, როდესაც ასეთი რთული პირობებია, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. პირდაპირ, ორმხრივ ფორმატში ასეთი საუბრის დაწყება შეიძლება, რთული იყოს და მრავალმხრივ ფორმატში შეიძლება, ეს უფრო ადვილი იყოს, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს პოზიციას. ჩვენ სხვა, უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ ამ ფორმატების მიმართ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. როგორც ცნობილია, 6 ქვეყნის მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები გასული წლის ბოლოს გამოვიდნენ. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, ამ დროისთვის არსებობს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს, აზერბაიჯან-ირან-რუსეთისა და თურქეთ-რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატები და შესაძლებელია მათი ერთ ფორმატად გაერთიანება. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და აგრძელებს უკანონო ქმედებებს, მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი საქართველოს გაუჭირდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ბრალდებით გორში მე-4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავა. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გუშინ, გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს.

COVID პასპორტი - საბუთი თავისუფლად გადაადგილებისთვის

ევროკომისია კოვიდპასპორტის შექმნის ინიციატივით გამოდის. ციფრული მწვანე საშვი მოიცავს ინფორმაციას პირის ვაქცინაციის შესახებ. თუ პირს ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია, გათვალისწინებული იქნება ინფორმაცია კოვიდტესტის შესახებ, ასევე - ვირუსთან დაკავშირებული ავადმყოფობის ისტორია, კონკრეტუად კი, რეგისტრაცია კორონავირუსის გადატანის შესახებ. ეს საბუთი ევროპელებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პირობა დადო, რომ კოვიდპასპორტში ასახული ინფორმაცია მკაცრად იქნება დაცული. „ციფრული მწვანე საშვის შემოღების შესახებ ოფიციალურ მოთხოვნას მარტში გავაკეთებთ. ეს იქნება მაქსიმალურად დაცული საბუთი, სადაც პირის კოვიდისტორია იქნება რეგისტრირებული. იგულისხმება: ვაქცინა, ჩატარებული ტესტები, გადატანილი ვირუსი“, - აღნიშნა ფონ დერ ლეიენი. მისივე განცხადებით, ეს გააადვილებს ევროპელთა ცხოვრებას და საშუალებას მისცემს, გადაადგილდნენ ევროპასა თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სამსახურებრივი და ტურიზმის მოტივით. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი 17 მარტს გააკეთებს, თუმცა არაოფიციალური ვიდეოკონფერენცია ევროპის ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებთან უკვე გაიმართა. როგორც მათთან საუბრისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა განაცხადა, კოვიდპასპორტი სავალდებულო იქნება და ის მაქსიმალურად სწრაფად უნდა დამტკიცდეს, რათა ზაფხულის პერიოდისთვის აღდგეს თავისუფლი მიმოსვლა. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს კოვიდპასპორტის შექმნასთან დაკავშირებით წინადადებებს 25 მარტის სამიტზე წარუდგენენ, რის შემდეგაც უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება საკითხის სისრულეში მოსაყვანად. ინიციატივა თავისთავად დროულია, მაგრამ შეთანხმდებიან თუ არა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ეს 25 მარტს გაირკვევა. სკეპტიკური დამოკიდებულება ქვეყნებს შორის ვაქცინის არათანაბრად გადანაწილების შედეგია. მაგალითად, ევროკავშირის მიერ შემუშავებული გეგმით უკმაყოფილო ავსტრია და დანია უკვე გამოეყვნენ ძირითად ხაზს და დამოუკიდებლად დაიწყეს მოქმედება. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, აზრი ჯერ არ დაუფიქსირებია. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ როგორ ახდენს ვაქცინაციის პროგრამის ორგანიზებას სხვადასხვა ქვეყანა. იტალიის მაგალითს თუ ავიღებთ, ვაქცინაციის პროცესი დეკემბერში დაიწყო და ოთხ ფაზად დაიყო. პირველი ორი ფაზისთვის გათვალისწინებულია Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინა, მესამე ფაზისთვის - Astrazeneca, ხოლო მეოთხე ფაზისთვის ჯერ ცნობილი არ არის, თუ რომელი ვაქცინა იქნება გამოყენებული. ამ ეტაპზე იტალიაში დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანია აცრილი, მაგრამ თუ ამ ტემპით გააგრძელებენ, სპეციალისტების განცხადებით, იმისათვის, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი აიცრას, დაახლოებით წელიწადი და ათი თვე იქნება საჭირო. ვაქცინაციის მხრივ, ამ ეტაპზე, საუკეთესო მაჩვენებელი ისრაელს აქვს, მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საემიროები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სერბეთი. ნინა მამუკაძე სპეციალურად Europetime-სთვის იტალიიდან

მოსკოვის სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ საჩივრები, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ, არ დააკმაყოფილა

მოსკოვის ტვერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ალექსეი კრივორუჩკომ 3 მარტს არ დააკმაყოფილა "რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების" სააპელაციო სარჩელი, "უცხოური აგენტის" სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ. ინფორმაციას Svoboda.org-ი ავრცელებს. რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 10 თებერვლის განაჩენს, რომლითაც სასამართლომ დაადასტურა კორპორაციისთვის „როსკომნადზორის“ მიერ დაკისრებული ჯარიმები. „როსკომნადზორმა“ კომპანიას ჯარიმები იმის გამო დაუწესა, რომ, მედიის მარეგულირებლის თანახმად, მედიაკორპორაცია არღვევდა „უცხოეთის აგენტების“ თაობაზე კანონს და თავის მასალებს არ უკეთებდა შესაბამის მარკირებას. ”რადიო თავისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება ამ ჯარიმების დაწესების გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე არ ვეთანხმებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ჩენი საჩივრის უარყოფის თაობაზე . "როსკომნადზორის" ახალი ბრძანება არის სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლებაზე შეტევა, რუსეთის კონსტიტუციისა და მასმედიის შესახებ კანონის დარღვევა", - თქვა ჯეიმი ფლიმ, რადიო კორპორაციის პრეზიდენტმა. ფლაის თქმით, კორპორაცია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ განაჩენს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსეთისგან მოითხოვს, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ

ალექსეი ნავალნის პირველი შეტყობინება - ის ვლადიმირის მხარეში მდებარე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოსკოვიდან ეტაპირების შემდეგ, Instagram-ის გვერდზე პირვლი შეტყობინება გამოაქვეყნა. შეტყობინების საფუძველეზე, ცნობილი ხდება, რომ ნავალნი საგამოძიებო იზოლატორში ვლადიმირის მხარეში იმყოფება. ნავალნი საგამოძიებო იზოლატორიდან იტყობინება, რომ მასთან ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჯერჯერობით არ იღებს წერილებს და გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ცოტა იცის. "ჯერ წერილები არ მიმიღია და კიდევ უფრო ნაკლებად ვიცი იმის შესახებ, რაც გარე სამყაროში ხდება, ვიდრე მოსკოვში ყოფნის დროს", - წერს ნავალნი. გარდა ამისა, ოპოზიციონერს ჯერჯერობით არ შეუძლია საკვების შეკვეთა ციხის ჯიხურიდან. მისი თქმით, მასთან ერთად საკანში იმყოფებიან ქურდობისა და თაღლითობისთვის გასამართლებულები. წერილის ბოლოს ნავალნი წერს, "ნუ დაივიწყებთ ჯანსაღ კვებას". როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი და „რეჟიმული“ დაწესებულებაა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სისტემაში.

მაიკლ კარპენტერი: როცა საქმე საქართველოს ეხება, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს

"როცა საქმე საქართველოს ეხება, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად კი ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე წერს. "როდესაც საქმე ეხება საქართველოს რესპუბლიკას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ დიალოგს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის" - წერს მაიკლ კარპენტერი.

შვედეთში, შეიარაღებული თავდასხმისას 8 ადამიანი დაშავდა

შვედეთში, შეიარაღებული თავდასხმისას 8 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ცივი იარაღით მოხდა, შესაბამისად, შესაძლოა ფაქტს ტერორიზმის კვალიფიკაციაც მიანიჭონ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით ისროლა. უწყების ცნობით სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ​მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობილია, საქართევლოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესახებ რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება

"საქართველოს საგარეო უწყება ქვეყნის მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე გერმანიის შემდეგ ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან მუშაობს", - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა განაცხდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება პირობა, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. „ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ე.წ. ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით და ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაიძულებთ დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმების, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამო წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ გამოცდილება, რომელსაც ქვეყნის გარეთ შეიძენენ. მერწმუნეთ, რომ ყველაფერია გათვალისწინებული ისე, რომ მათი უფლებები იყო დაცული და ასევე ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა ზალკანიანმა.

პაატა იმნაძე: ვის უნდა ვუჩივლოთ?! ოღონდ რამე მოგვცენ

"ვის უნდა ვუჩივლოთ?! ოღონდ რამე მოგვცენ", - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა რომ COVAX პლატფორმას უჩივლონ. „დაახლოებით ის რომ ვთქვა, თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ - ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ"- განაცხადა პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში. ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 10678 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5456, PCR ტესტით - 5222. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271,872-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266,081-ს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3553-მდე გაიზარდა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,25%, ბოლო 14 დღის - 1,65%, ბოლო 7 დღის - 1,25% ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 316 კოვიდინფიცირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1426, კლინიკურ სასტუმროში კი - 150.

ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებმა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს

ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებმა, გიტანას ნაუსედამ და კერსტი კალიულაიდმა, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა Twitter-ზე დაწერა. საქართველოში შექმნილი ვითარება იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც პრეზიდენტებმა, 3 მარტს, ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მოტივაციის მიცემაზე. "აღმოსავლეთ პარტნიორობა" არის ის, სადაც ორივე ჩვენგანს აქვს მორალური ვალდებულებები. ვიმსჯელეთ ბელორუსიის მოსახლეობის სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და როგორც მოლდოვაში, ასევე უკრაინაში განხორციელებულ რეფორმებზე", - ნათქვამია ესტონეთის პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. გარდა ამისა, პრეზიდენტების შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის განხილვაც. "Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლა იყო ერთ – ერთი მთავარი თემა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის დროს. ენერგეტიკული პოლიტიკა და უსაფრთხოება, მწვანე ტრანსფორმაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის იყო შეხვედრის ძირითადი აქცენტები", - ნათქვამია განცხადებაში.