ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: იმედია, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს დიალოგს

"ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციიასთან პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე იყო მსჯელობა იმ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. „დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული კითხვები და მათ, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი. ასევე ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ჩვენს პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ. ევროპული საბჭოს რეკომენდაცია, მოწოდება და რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შარლ მიშელი: ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება, მაგრამ არსებობს ნება, რომ ყველა მხარესთან პოლიტიკური გადაწყვეტილება მოიძებნოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას Twitter-ზე აფასებს. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესის დაცვა. ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება, მაგრამ არსებობს ნება, რომ ყველა მხარესთან პოლიტიკური გადაწყვეტილება მოიძებნოს“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება დაიწყო

ოპოზიციის ერთიანი გეგმის თანახმად, დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაიწყო, პიკეტირების მიუხედავად, პარლამენტის შესასვლელები ბლოკირებული არ არის. დეპუტატებს პარლამენტში შესვლა შეუძლიათ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

აშშ-მა უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა

პენტაგონის განცხადებით, უკრაინა ამერიკისგან 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს, რომელშიც შედის ორი შეიარაღებული საპატრულო კატერი, რომელიც ქვეყანას ტერიტორიული წყლების დაცვაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl.org-ი ავრცელებს. Mark VI ტიპის ორი საპატრულო კატერის გარდა, დახმარების პაკეტში შედის საარტილერიო ცეცხლის წყაროების გამოსავლენად საჭირო რადარები, თანამგზავრული ფოტოების მიღების და დამუშავების აპარატურა, ტაქტიკური დანიშნულების საბრძოლო ტექნიკა და საველე, სამედიცინო აღჭურვილობა. პენტაგონის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის დარჩენილი 150 მილიონი დოლარი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა 2021 წლის ბიუჯეტში დაამტკიცა, მანამ არ გაიცემა, სანამ სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტები არ შეძლებენ დეპუტატებს დაუდასტურონ, რომ უკრაინას აქვს პროგრესი თავდაცვის მნიშვნელოვან რეფორმებში. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფინანსური პაკეტი უკრაინას დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის და რუსული აგრესიისგან უფრო ეფექტურად დაცვაში. ამავდროულად ქვეყანა შეძლებს საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

გენერალი ფილიპ ბრიდლოვი: ეს კრიზისი ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის, მისით მხოლოდ კრემლი სარგებლობს

"ეს კრიზისი ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის, მისით მხოლოდ კრემლი სარგებლობს", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის "ევროპის ინიციატივის" თავმჯდომარემ, თადარიგის გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა. გენერალი ფილიპ ბრიდლოვი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბრობს. "ჩემი, როგორც ნატოს ჯარების მთავარსარდლის და ავღანეთში ძალების მეთაურის საქმიანობის განმავლობაში, გავიცანი და ძალიან დავაფასე ქართული ძალები, ბევრჯერ ვიყავი ქვეყანაში. მიყვარს ქართველი ხალხი და ის, რისიც მათ სჯერათ შავი ზღვის და მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, რთული სამეზობლოა. ჩემთვის მტკივნეულია იმის ყურება, რაც საქართველოში ხდება. ვლოცულობ იმისთვის, რომ ქვეყანამ მონახოს გამოსავალი ამ ბრძოლებიდან, რადგან ის დიადი ერია და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ამ ნაწილში, ის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხდახა ბრიდლოვმა. მისი თქმით, კრიზისში დაპირისპირებულ რომელიმე ძალას არ ემხრობა, თუმცა ყველას მოუწოდებს საერთო ღირებულებები გაიხსენონ, დიალოგი განაახლონ და ქართველი ხალხის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენონ. მისივე თქმით, ჩრდილოეთით მყოფ დიდ მეზობელს სურს იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ დიდ ქვეყანაში. "ამერიკაში პოლიტიკაში ჩართვისგან თავს ვიკავებ. არ ვფიქრობ, გენერლები პოლიტიკაში უნდა მონაწილეობდნენ. აქაც კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ. პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის, მთავრობისა და სხვა ლიდერების ერთიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიმე მხარეს არ მივემხრობი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ დიდ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ ყველა მხარე განაგრძობს დიალოგს იმისთვის, რომ ერთად იპოვონ გამოსავალი ამ პრობლემების გადასალახად და თავიდან აიცილონ ის, რაც ჩრდილოელ მეზობელს სურს", - განაცხადა გენერალმა. გენალი მხარეებ მოუწოდებს პოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ - "ჩემი აზრით, ბევრი რამაა ისეთი, რასაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. ისინი ნატოსა და დასავლეთში გაწევრიანებისთვის იბრძოდნენ. ავღანეთში და სხვაგან, ნატოს ძალებთან მუშაობის დროს, საქართველოსთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ყოველთვის იყო ის, რომ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. ახლა მხარეებს პოლიტიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ვფიქრობ, საქართველოში ყველა ძალა იზიარებს ამ ღირებულებებს და იმას, თუ რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ფოკუსი ამაზე გააკეთონ. ფოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ამ დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ. ვფიქრობ, რომ საქართველოც დიადი ქვეყანაა. მათ მხოლოდ იმ ღირებულებებზე რომ გააკეთონ ფოკუსირება და გამონახონ ერთმანეთთან საერთო თემები, საქართველოც გამოვა ამ სიტუაციიდან". როგორც გენერალი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ მიმდინარე მოვლენებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. "იმის მჯერა, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რასაც საქართველოს ჯარისკაცები აკეთებენ ჩვენთვის. სიმართლე გითხრათ, ამერიკაშიც ბევრი პოლიტიკური პრობლემა გვაქვს და ვხედავთ, რომ საქართველოშიც მსგავსი პროცესები ხდება. მჯერა, რომ ამერიკა ხედავს ყველაფერ კარგს, საქართველოს მოუწოდებს და დაეხმარება ამ გამოწვევის გადალახვაში", - აცხადებს გენერალი.

სლოვაკეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა შეიძინა

ევროკავშირის მეორე ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა "სპუტნისკ V" შეიძინა - სლოვაკეთია. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს. 1 მარტს, რუსეთიდან აღმოსავლეთ სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“- ის პირველი პარტია - 200 000 დოზა ჩაიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთმა რუსული ვაქცინის 2 მილიონი დოზის შეძენას ხელი მოაწერა, მაგრამ ამ პირველ მიწოდებამდე შესყიდვა საიდუმლოდ ინახებოდა. პრემიერ მინისტრ იგორ მატოვიჩის თქმით, სლოვაკეთი მიიღებს დამატებით ერთ მილიონ დოზას, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხოლო კიდევ ერთი მილიონი დოზა ჩამოვა მაისსა და ივნისში. ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა მიიღო არის უნგრეთი. რუსული ვაქცინა არ არის დამტკიცებული ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) მიერ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 461 ადამიანს დაუდასტურდა, 163 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 895 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 005 PCR ტესტით. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 379-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 686-ს. გარდაცვლილთა რაოდენობა 3 532-მდე გაიზარდა. დადებითობის მაჩვენებელი: 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.78 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.4%. 461 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 250, აჭარა - 7, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 35, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც: 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 692, აჭარაში - 177, იმერეთში - 276. მძიმე პაციენტი: 247, მათ შორის, თბილისში - 97, აჭარაში - 30, იმერეთში - 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 102, მათგან თბილისში - 70, აჭარაში- 4, იმერეთში - 12. 149 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 36 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 515 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 388 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 497 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 089 პირი, აჭარაში - 394, იმერეთში - 688.

პარლამენტის პიკეტირების დროს, პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა

პარლამენტთან პიკეტირების დროს პოლიციამ 7 აქტვისტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ცხრა აპრილის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, დაკავებულებს შორის არიან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები. აქციის მონაწილეები ტროტუარზე იდგნენ და დეპუტატებს შეძახილებით "მონა" აცილებდნენ. შვიდივე აქტივისტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. რაც სამართალდამცავთა მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შარლ მიშელი, კომპრომისის ოსტატი - France 24

შარლ მიშელი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებამდე ბელგიის პრემიერ მინისტრი (2014-2019) იყო. „მიშელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრის გამოცდილებით, იდეალური იქნება წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის და ერთიანობის მოსაპოვებლად“, - ასე დაახასიათა ის მისმა კოლეგა დონალდ ტუსკმა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დაასახელეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტისთვის მთავარი თვისება კომპრომისის შექმნის უნარია. აქ კი იდეალურია ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე გამოცდილი, გონიერი ადამიანი", - განაცხადა ევროკავშირში საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა პიერმ სელალმა. ფრანგული მედია წერს, რომ მიშელმა გააკვირვა ფრანგულენოვანი ისტებლიშმენტი 2014 წელს შეთანხმების მიღწევით, როდესაც კოალიცია შეიქმნა 4 პარტიისგან, რომელსაც ხუმრობით „კამიკაძის კოალიციას” უწოდებდნენ, რადგან მოლაპარაკებები ფორმირებასთან დაკავშირებით 138 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კოალიციაში ცენტრისტი, ქრისტიან - დემოკრატიული და ლიბერალური პარტიები გაერთიანდნენ. ბელგიის პრემიერ-მინისტრობიდან, შარლ მიშელი თანამდებობიდან 2018 წელს გადადგა მას შემდეგ, რაც პარტია „ახალმა ფლამანდიულმა ალიანსმა“ კოალიცია დატოვა. ბელგიაში სამთავრობო კრიზისი 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, მმართველ კოალიციაში მიგრაციის შესახებ გაეროს პაქტის ირგვლივ უთანხმოების გამო დაიწყო. სწორედ ამის გამო დაიშალა მმართველი კოალიცია, რამაც უბიძგა შარლ მიშელს მცირე მთავრობის შექმნისკენ. შარლ მიშელი დაიბადა 1975 წლის 21 დეკემბერს, ნამიურის პროვინციის დედაქალაქ ნამიურში, მარტინ და ლუი მიშელების ოჯახში. 1999 წელს აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატად. შარლ მიშელის მამა ლუი მიშელი 2004-2009 წლებში იყო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი და განვითარების საკითხებში ევროკომისარი. 2000 წელს კი 25 წლის შარლ მიშელი, ბელგიის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა ვალონიის პროვინციაში. 2019 წლის 2 ივლისს ევროპის საბჭოს 28 ქვეყნის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში შარლ მიშელი აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა ამავე წლის პირველი დეკემბრიდან და თანამდებობაზე იმუშავებს 2,5 წლის განმავლობაში. მომზადებულია France24-ის და Euractiv-ის მიხედვით

სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხოჯევანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

(ვაქ)ცინიზმი ანუ აქა ამბავი ეფექტური კრიზის-მენეჯმენტისა

ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი თანამედროვე სახელმწიფო სტრუქტურულად განსხვავდება ძველი ტიპის სახელმწიფოებისგან. მაგალითად, თუ ძველად ბევრს ეგონა (იდეაში, სწორადაც), რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაძლოა, ყოფილიყო სახელმწიფოს ხერხემალი, ახლა ეს მოსაზრება სისულელეა. კიდევ უფრო ადრე სწამდათ, რომ სახელმწიფოს ხერხემალი იყო რელიგია. კიდევ უფრო ადრე სწამდათ, რომ სახელმწიფოს ხერხემალი იყო მეფე და ა. შ. თანამედროვე სახელმწიფოს ხერხემალი არის ეკონომიკა. არ გაქვს ეკონომიკა - არ გაქვს სახელმწიფო. მარტივია. და ჩვენი სახელმწიფო, როგორც ყველაფერში, ამაშიც ორიგინალური აღმოჩნდა - ვირუსის პირველი გამოჩენისთანავე გააქანა და პირდაპირ ხერხემალში დაარტყა საკუთარ თავს. დაკეტა ყველაფერი, რაც მუშაობდა, ჩანასახშივე მოკლა ახალდაწყებული მცირე ბიზნესები და შიმშილისთვის გაწირა მოსახლეობის ისედაც მცირეშემოსავლიანი ნაწილი. რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ - მთელ მსოფლიოში ასეა და ჩვენც ხომ მსოფლიოს ნაწილი ვართო. ის სამი მოხუციც, მუშკეტერებად წოდებულნი, იმედად მიგვაჩნდა. და, ჟანრის კანონის თანახმად, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი წყევლა და ჩვენი მარადიული უბედურება - სინათლე გვირაბის ბოლოს, ანუ იმედი. ტელეკომპანიას არ ვგულისხმობ - იმედი, რომ ოდესმე, როცა მსოფლიოს მოაზროვნე ნაწილი შექმნიდა ვაქცინას, ჩვენი ეფექტური კრიზის-მენეჯერები შეიძენდნენ ამ ვაქცინას, ავიცრებოდით ყველა (ვისაც ჩიპების ეშინია, მათ გარდა), ისევ გაიხსნებოდა კაფეები, რესტორნები, თეატრები, ავიახაზები, იჭიკჭიკებდნენ ჩიტები და ეს ავადსახსენებელი პირბადეც ჩაბარდებოდა წარსულს. რუსებს ჰყავდათ ერთი ენამახვილი პოლიტიკოსი, ვიქტორ ჩერნომირდინი, რომლის გამონათქვამებიც ფრთიან ფრაზებად იქცეოდა ხოლმე. ჰოდა, მისი ფრაზაა: „хотели, как лучше, а получилось – как всегда“ (გვინდოდა, როგორც უკეთესია, მაგრამ გამოგვივიდა - როგორც ყოველთვის). სანამ ჩვენ ახალ რეალობაში ვიყავით გაყურსულები, ვაქცინა შეიქმნა, მთელი მსოფლიო რიგში ჩადგა და როცა აზრზე მოვედით, აღმოჩნდა, რომ არამარტო განვითარებულმა ქვეყნებმა - აფრიკის ქვეყნების უმეტესობამაც კი დაგვასწრო ვაქცინის მიღება და საკუთარი მოსახლეობის აცრა. ჩვენ რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, ვქეიფობთ - უმეტესობა ვირტუალურად, Zoom-ში, ზოგიც ორჯერ დაბადებული ობოლაშვილის აგარაკზე. არადა, რეალურად, სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდება. მაშინ, როცა ისრაელის პრემიერი პირადად იღებდა მონაწილეობას ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებებში, ჩვენ გვამშვიდებდა გამყრელიძე - არამარტო ვაქცინებს შევიძენთ, არჩევანის საშუალებაც გვექნება, რომელი შევიძინოთ და რომლით ავიცრათო. შედეგად მივიღეთ სრულად აცრილი ისრაელი და ნაკურთხი წყლით მორწყული ქუჩების იმედად დარჩენილი საქართველო. საქმე იმაშია, რომ იქ, სადაც ახლა ვაქცინების მიღების ბედი წყდება, მხოლოდ ფული არ ჭრის. გავლენები, პოლიტიკური წონა და სახელმწიფოს მნიშვნელობა წყვეტს ყველაფერს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას უბრალოდ ვერ წარმოუდგენია. ქართველები კი გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ გამოდის ქართველებიდან, სამწუხაროდ. არ სჯერათ, რომ შეიძლება, სადმე მიხვიდე, ფული მიიტანო და შედეგი ვერ მიიღო. ასე არიან გაზრდილები, მეორე თაობაა, ფული წყვეტს ამათთან ყველაფერს და იმიტომ. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კიდევ ერთი ეროვნული უბედურება - რელიგიური ფანატიზმი, ეკლესიის პირდაპირი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან და ამ ყველაფრის ფონზე მზარდი ანტივაქსერული მოძრაობა. ეკლესიამ, რომელიც უზარმაზარი პრივილეგიებით სარგებლობს, საკუთარ მრევლში სრულიად სერიოზულად გაავრცელა მოსაზრება, რომ კოვიდის ვაქცინაში შედის ე. წ. „თხევადი ჩიპი“, რომლითაც ბოროტი დასავლური სამყარო მსოფლიოს დაჩიპვასა და დამონებას აპირებს. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, რუსულმა მედიამ, ვირუსულმა საიტებმა და ქართულმა გაუნათლებლობამ. და ხელისუფლებამ, რომელსაც პირდაპირ ევალება, რომ ეს ყველაფერი რამენაირად მაინც შეცვალოს, უბრალოდ თავი არ შეიწუხა - რატომ უნდა ელაპარაკო ანტივაქსერებს ვაქცინის უვნებლობაზე, როცა ჯერ კიდევ სათუოა, საერთოდ გვექნება თუ არა ვაქცინა? ანტივაქსერები ხომ, ყველაფერთან ერთად, ამომრჩევლებიც არიან... ამ სახელმწიფო დონის მარაზმსა და ცინიზმს („მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ვართ და ამიტომ არ მოგვცეს ვაქცინა, უფრო ღარიბები უნდა ვყოფილიყავითო“) ყოველდღიურად ეწირებიან ჩვენი საზოგადოების წევრები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები. სიკვდილისთვის გაგვწირეს, იმიტომ, რომ ჩუმად ვართ. დუმილი კლავს. ჩვენ ვართ ომში და ომის დროს სარდლობის ღალატი რითაც ისჯება, გადახედონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ისტორიის სახელმძღვანელოებს, მარტივად იპოვიან პასუხებს.

ამირან გამყრელიძე: დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მარტო ერთ სუბიექტს შორის

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შესაძლო დაპირისპირებაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას. ამირან გამყრელიძის თქმით, მას ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება არ აქვს. "დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი - ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა - ხან მე ვჯობნი მას, ვჯობნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან კვლავ დაიწყო ჩემი ამ ბრძოლაში უპირატესობა. დღეს ჯერჯერობით ისევ მე ვჯობნი მას. ვნახოთ, საბოლოოდ, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ - გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას", - განაცხადა გამყრელიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არის "წითელი ხაზი"

"ვადამდელი არჩევნები არის "წითელი ხაზი". ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური მიზეზი და ეს "წითელ ხაზად" რჩება: "ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს არის "წითელი ხაზი". ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება". - აღნიშნა პრემიერმა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა. "მე და ჩემი გუნდი ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე პარტიის ახირების თუ პირადი ინტერესებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ პარტიებს სურთ დიალოგის დაწყება, ჩვენ გავხსენით ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თამარ გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება

"გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ესაა COVAX პლატფორმა, ბილატერალური მოლაპარაკება და ევროკავშირთან თანამშრომლობა. ეს სამივე გზა დღეს ძალიან აქტიურ ფაზაშია. ჩვენ როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია ბილატერალური შეთანხმებისა ან ევროკავშირის მხრიდან რაიმე კონკრეტული დაპირებისა და შეთანხმების შესახებ, ამასაც გაცნობებთ“, - აღნიშნა გაბუნიამ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მარტის ბოლომდე ქვეყანაში Astrazeneca ვაქცინის შემოტანა უნდა დასრულდეს. "COVAX-ი მიუთითებს, რომ ქვეყანაში Astrazeneca ვაქცინა უფრო ადრე შემოვა, ვიდრე Pfizer-ი. ეს ვადა დადასტურდება მას შემდეგ, რაც Pfizer-თან პირობებზე შევთანხმდებით. მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას“, - აღნიშნა გაბუნიამ.

შარლ მიშელი: საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა

"ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და მსგავსი რეგიონებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს აფასებს და Facebook- ზე განცხადებას აქვეყნებს. "საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის. მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია. მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი და მათ შორის პირადად მეც შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. ამის მიუხედავად, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან. მხარეებთან შეხვედრის შემდეგ, მე თითოეული მათგანი შეხვედრაზე მოვიწვიე, რაც მაგიდის გარშემო მსხდარ მხარეებს შორის სპონტანურ და ღია დებატებში გადაიზარდა. ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადავწყვიტე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში ჩავატარო. ეს იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა რთული საკითხის გადაწყვეტის მხრივ იქნა მიღწეული. დიდი მადლობა საქართველო ასეთი თბილი მიღებისთვის“, - წერს შარლ მიშელი.

პროკურატურა: კაცმა მეუღლე ბიჭთან მეგობრობის, მასთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის გამო აწამა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, გ.ხ.-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს - ს.მ.-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა იგი. გ.ხ. დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა. გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ს.მ.-ს, მეუღლის მშობლებს გ.მ.-ს, ლ.ს.-ს და ძმას გ.მ.-ს, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე. გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11'-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია, პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 პირის მიმართ.

კახა კახიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ნაწილს მხარს არ უჭერს

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საკრებულოებისა და თვითმმართველობების არჩევნებში მაჟორიტარული ნაწილის შეკვეცით, პოლიტიკოსი ხალხს უფრო მოწყდება. „არაერთხელ მითქვამს, ახლაც გავიმეორებ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, ეს საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან. ეს არის აბსტრაქციულად მოტანილი თემა, რომელიც გააზრებულიც არაა. საკითხი ეხება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში. პარლამენტი და საკრებულო ფუნქციებისა და ამოცანების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებდა. თუ პარლამენტში განხორციელდა ცვლილება და მაჟორიტარული ნაწილი შეიკვეცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობაშიც შესაძლებელია. ჩემი აზრით, ამოცანა არ უნდა იყოს მეტად მოვწყდეთ ხალხს. საკრებულოსა და თვითმმართველობის არსი არის იმაში, რომ არჩეულ ადამიანებს მეტი კონტაქტი ჰქონდეს ხალხთან. ამ პასუხისმგებლობას იღებს მაჟორიტარი დეპუტატი. რთულად წარმომიდგენია რომ პროპორციულად არჩეული საკრებულოს წევრი ყოველდღიურ რეჟიმში იყოს მოსახლეობასთან. თუ ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლება მოწყდეს ხალხთან კონტაქტს, მეტი ხიდი გაუქმდება პირდაპირი ვალდებულებითი კონტაქტის და თან მით უფრო მალე დასრულდება ხელისუფლება. ამასთან არცერთი ხელისუფლების ძლიერი მხარე არ არის ადამიანებთან კონტაქტი. თუ ეს არის მიზანი რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ ჩვენს ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და დისკომუნიკაციაში შევიყვანოთ საზოგადოებასთან, მაშინ გასაგებია, თუ არადა აზრს ვერ ვხედავ. თუ მემორანდუმი ნიშნავს იმას, რომ აპრიორში უნდა მივიღოთ, მაშინ პარლამენტი რაღად გვინდა, თუ მემორანდუმი ნიშნავს, რომ უბრალოდ ჯგუფი შეთანხმდა და ჩვენ მერე განვიხლავთ, ვითხოვ ექსპერტების ჩართულობას ამ საკითხის განხილვისას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ნიგერიაში სკოლიდან გატაცებული ასობით გოგო გაათავისუფლეს

ნიგერიაში, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სკოლიდან გატაცებული თითქმის 300 გოგო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც შტატის გუბერნატორმა განაცხადა, მოსწავლეების ჯგუფი გაათავისუფლეს და გოგოები ახლა უსაფრთხოდ არიან. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 279 გოგონა გაათავისუფლეს და აღნიშნა, რომ გასულ კვირას, პოლიციის მიერ მოწოდებული ციფრი, რომ 317 გოგო გაიტაცეს, უკვე აღარ არის ზუსტი. ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო Reuters- ს განუცხადა, რომ გოგოების ერთმა ჯგუფმა თვითონ მოახერხა გაქცევა და ამან გამოიწვია რიცხვებში შეუსაბამობა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიაში ასეთი ინციდენტი პირველი არაა. შეიარაღებული ბანდები ხშირად იტაცებენ სკოლის მოსწავლეებს გამოსასყიდისთვის. გასულ კვირას, ნიგერიაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სკოლიდან 300-ზე მეტი გოგო გაიტაცა.

ბათუმში, მიკროვტობუსის მძღოლებმა სამგზავრო ტარიფის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს

ბათუმში, მიკროვტობუსის მძღოლებმა სამგზავრო ტარიფის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი მგზავრობის საფასურის 20 თეთრით გაზრდას მოითხოვენ. ბათუმი-ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირებამ და ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე ორმხრივი მოძრაობის აკრძალვამ მათი ყოველდღიური ხარჯი გაზარდა. მძღოლების თქმით, ბათუმის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელობისგან დაპირება მიიღეს, თუმცა უშედეგოდ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.