ძებნის რეზულტატი:

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევის ფაქტზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული 1996 წელს დაბადებული პირია და მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2 მარტს, გორში, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისი დაარბიეს, ოფისის შესასვლელი კარის და ფანჯრების მინები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს.

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია

3 მარტს, დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს ყვავილებით შეამკობს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა,119 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 PCR ტესტით. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 739 -ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 686-ს. გარდაცვლილთა რაოდენობა 3 541-მდე გაიზარდა. დადებითობის მაჩვენებელი: 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.7 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.3%. 360 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 194, აჭარა - 14, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, საიდანაც: 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 180 , იმერეთში - 265. მძიმე პაციენტი: 247, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 95, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 107, ხოლო აჭარაში - 24. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 420 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 871 პირი, აჭარაში - 407, იმერეთში - 688.

ჯო ბაიდენი: მაისის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იქნება

აშშ-ის ჯო ბაიდენი განცხადებით, მაისის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის წინააღმდეგ საჭირო რაოდენობის ვაქცინას მიიღებს და ეს 2 თვით ადრე მოხდება, ვიდრე დაგეგმილი იყო. „ჩვენ ახლა გზაზე ვართ, რომ მაისის ბოლოს ამერიკაში ყველა მოზრდილი ადამიანისთვის საკმარისი ვაქცინა გვქონდეს მომარაგებული”, - განაცხადა ბაიდენმა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორის არის და მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს. მისივე გაცხადებით, ვაქცინის მომარაგება ერთი საკითხია, თუმცა მოსახლეობას სჭირდება დარწმუნება, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ჩაიტარონ. შტატებს უკვე მიღებული აქვს 76 მილიონზე მეტი ვაქცინაციის დოზა, რაც მოსახლეობის 15.3% მოიცავს. მიუხედავად ბაიდენის განცხადებისა, ზოგიერთი შტატი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს, რათა ეკონომიკა გააძლიერონ.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება

გავლენიანი საერთაშორისო უფლედამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და შეფასების 100 ბალიან შკალაზე მხოლოდ 60 ქულით ფასდება, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ორგანიზაციის შეფასებაში საქართველოს 61 ქულა ჰქონდა მინიჭებული. 2018-ში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა. როგორც ანგარიშიდან - „თავისუფალი მსოფლიო 2021“-დან ირკვევა, შეფასების რეიტინგში გამოიყოფა ორი ინდიკატორი - პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების ნაწილები. საქართველოს ორგანიზაციის საერთაშორისო შეფასები პოლიტიკურ ნაწილში, რომელიც 40 ქულიანია, თავისუფლების ხარისხით მხოლოდ 23 ქულით ფასდება, რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, ქვეყანამ მაქსიმალური 60 ქულიდან მხოლოდ 37 მიიღო. ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქულები და სტატუსი არ ასახავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არსებულ პირობებს, რომლებიც განხილულია ცალკეულ ანგარიშებში. „თავისუფლება მსოფლიოში“ აფასებს მოცემულ გეოგრაფიულ არეალში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დონეს, განურჩევლად იმისა, მათზე გავლენას ახდენს სახელმწიფო, არასახელმწიფო მოქმედი პირები თუ საგარეო ძალები. სადავო ტერიტორიები ზოგჯერ ცალკე განიხილება, თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის საზღვრები, რომლებიც საკმარისად სტაბილურია, რათა მოხდეს წლიური შედარება. დოკუმენტსი ნათქვამია, რომ საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები. მისი დემოკრატიული ტრაექტორია აჩვენებს გაუმჯობესების ნიშნებს 2012–13 წლებში მთავრობის შეცვლის პერიოდში, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში უკუსვლა მოხდა. ოლიგარქიული გავლენა გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული.

შარლ მიშელის ვიზიტის მიზანი ხელისუფლების გაფრთხილებაც იყო, რომ რუსული გზით არ  წავიდნენ - ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი

რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე, შარლ მიშელის ვიზიტზე, ევროკავშირის გზავნილებსა და რუსეთის ფაქტორზე, Europetime ანალიტიკოს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. _საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იმყოფებოდა. რა გზავნილია ეს ევროკავშირის მხრიდან და რა გავლენას მოახდენს მისი ჩამოსვლა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე? რეალურად, საქართველოში არსებული სიტუაცია ერთი მხრივ არის მარტივი, მეორე მხრივ რთული. მარტივი არის იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სურს, საბჭოთა კავშირში რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება. ამაზე შეთანხმებულია ქართული საზოგადოება და რატომღაც, ყოველთვის დგება ხოლმე საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საკითხი და ეს იწვევს დიდ პრობლემებს. ვფიქრობ, რაც არ უნდა სცადონ, ამ გეზს ვერ გადაუხვევენ და ყველა მცდელობა კრახით დასრულდება. ვხედავთ დასავლეთის აქტიურობას. ხელისუფლებისთვის ეს ადვილად გადასატანი ნამდვილად არ არის. უკვე დაიწყეს საუბარი დიალოგზე. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა იყოს. დასავლეთის მხრიდან ეს ინტერესთა მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული პროცესებისადმი, საქართველოსთვის იყო და იქნება მუდმივად. მაგრამ ამ მიმართულებით ქართულმა საზოგადოებამაც უნდა იაქტიუროს. რაც შეეხება სანქციებს, სანქციები იქნება, ოღონდ დღეს, ხვალ - არა. იმ შემთხვევაში, თუ პრორუსული პოზიცია და დემოკრატიიდან გადახვევა უკვე სისტემურ ხასიათში გადავიდა, სანქციები რა თქმა უნდა იქნება კონკრეტული ადამიანების მიმართ. _გულისხმობთ იმას, რომ მხოლოდ ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენებით არ განსაზღვრავს დასავლეთი საბოლოო რეაქციას? რა თქმა უნდა. მელიას საქმე ხომ ამ პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. ოპოზიციას ვინ აკავებს? რუსეთი, ბელარუსი და ასეთი ქვეყნები. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ხელისუფლებამაც არაერთხელ აღიარა, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის. ამიტომ, სასამართლოს პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების ნებისმიერი ასეთი მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩება არც ქართულ საზოგადოებას და არც მსოფლიო თანამეგობრობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთის პოზიცია არის მკაფიო და ჩვენი მიზანიც ძალიან მკაფიოა. _ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება რეაგირებს დასავლეთის რეაქციაზე? - რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში ტყუილებით და იაფფასიანი ტრიუკებით ვერ გავა ფონს. _თუ ხელისუფლება რეაგირებს დასავლეთის მწვავე რეაქციაზე, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების პრორუსულობაზე საფუძველს მოკლებულია? პრორუსულობაა, როცა ოპოზიციას იჭერ, სასამართლო დამოუკიდებელი არ გაქვს. ასეთი ამბები რუსეთსა და ბელარუსში ხდება. ის რომ, დასავლეთის რეაქციაზე რეაგირებს, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსიდან გადახვევა არ გამოდის და ისევ, ასე ვთქვათ, ძველი კურსისკენ შემობრუნება ხდება. სიტუაცია მარტივია იმ მხრივ, რომ ან მელია გაათავისუფლონ და ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, ან გააგრძელონ რეპრესიები - სხვა ოპოზიციონერები დაიჭირონ, მედია ჩაახშონ. ან იქით უნდა იყოს, ან აქეთ, შუაში ვერ იქნები. _შარლ მიშელის ვიზიტი რა გავლენას იქონიებს ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებზე? მისი ვიზიტის მიზანიც დემოკრატიული პროცესებისადმი მხარდაჭერაა. ხელისუფლების გაფრთხილება, რომ არ წავიდნენ რუსული გზით და მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს. _უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება. ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი არჩევნებიც შესთავაზა. ამ პროცესებში რამდენად იგრძნობა რუსეთის გავლენა? რა თქმა უნდა, კავკასიაში რაც ხდება ერთი დიდი სურათის ნაწილია, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა. ყარაბაღის მეორე ომმა აჩვენა, რომ პირველი ეტაპი მათთვის წარმატებულად დასრულდა, რადგან ყარაბაღში რუსეთის სამხედრო ძალები განლაგდნენ. ფაშინიანზე ბევრი კამათობს, პროდასავლურია თუ არა. ყოველ შემთხვევაში პრორუსული არ არის. ახლა, რუსეთის გეგმის მეორე ნაწილია არაპრორუსული ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ჯერ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის და პროტესტის გზით სურდათ ამის გაკეთება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა სამხედროები ჩართეს ამ საქმეში. სომხეთის სამხედროების უმეტეს ნაწილს განათლება რუსეთში აქვს მიღებული და რუსეთთან კავშირებშია შემჩნეული. სწორედ მათ გააკეთეს განცხადება, რომ პრემიერი უნდა გადადგეს. ზოგადად, სამხედროების საქმე არ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, მათ თავიანთი საქმე აქვთ. ფაშინიანს, რომელიც ხალხის არჩეულია, ხალხი თუ გადაირჩევს. აქ ღიად ჩანს, მხოლოდ ოპოზიცია ვერ ახერხებდა და ახლა უკვე სამხედროები ჩართეს საქმეში. ფაშინიანმა თავის მხარდამჭერებთან ერთად დემონსტრაცია ჩაატარა. ამ აქციით გამოჩნდა, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი ფაშინიანს ჯერ ისევ მხარს უჭერს და მაინცდამაინც რუსეთისკენ სწრაფვა არ შეინიშნება ამ ნაწილში. თუმცა ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ის, რომ საზოგადოების მეორე ნაწილი ოპოზიციის მხარეს არის და ამ დაპირისპირებას ვხედავთ. ვერ შეიკრიბა პარლამენტიც, რომელსაც შეიძლებოდა ფაშინიანის გადაყენება არ გადაყენების საკითხზე ემსჯელა. მოკლედ, სომხეთშიც ის პროცესები მიდის, რომელიც რუსეთში დაიწერა. რუსეთი ამ სამოქალაქო დაპირისპირების სცენების დაწერაში დახელოვნებულია და კარგად გამოსდის. ამ ეტაპზე სომხეთში ჯერჯერობით არაფერი გამოსდის, მაგრამ ეს სცენარი კარგად აქვთ შეთვისებული. საქართველოში 90-იანებში რაც მოხდა და კიდევ სხვაგან, ბევრგან, იგივე ხდება სომხეთშიც. უბრალოდ, ამ სცენარში იცვლება ქვეყნის დასახელება და მოქმედი პირები. _სომხეთის ოპოზიციაში რამდენად არიან პროდასავლური ძალები. დასავლეთისთვის რამდენად არის დასაყრდენი რომელიმე პოლიტიკური ძალა? დასავლეთს სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის მეორე ომის დროს. ზოგადად, რეგიონისთვის ნაკლებად სცალია, სამწუხაროდ. ყარაბაღის ომის დროს ბაიდენმა მხოლოდ განცხადებების დონეზე მოახდინა რეაგირება, მეტი არაფერი. თუმცა მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და რა თქმა უნდა, ნაკლებად ეცალათ რეგიონისთვის. მეორე მხრივ, პანდემიამ აშშ-ის ძალიან დაარტყა. ნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილი ჰყავთ, ეკონომიკურადაც. ევროპაშიც პანდემიის გამო, ჯერ ისევ ჩაკეტილია ქვეყნები. პროცესებისადმი ინტერესი აქვთ, მაგრამ ისეთი არა, როგორიც საჭიროა და როგორიც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს. _გულისხმობთ იმას, რომ პანდემიიით ისარგებლა რუსეთმა? კი, რა თქმა უნდა, რუსეთმა პანდემიით ბევრი კუთხით ისარგებლა, არამხოლოდ ყარაბაღის თემაზე, იგივე დეზინფორმაციის გავრცელებით, ანტივაქცინური კამპანიებით. _აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას. საქართველოს ინტერესებში რამდენად შედის ამ პლატფორმაში ჩართვა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჯერ დეტალები არ არის გაცხადებული, თუ რას გულისხმობს ყარაბაღის აღდგენის პლატფორმა. თუ ეს გულისხმობს და არის იგივე, რაც 3+3, თურქეთის ინიცირებული ექვსთა პლატფორმა, მაშინ ჩვენი ადგილი ამ პლატფორმაში არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირე ქვეყნების, თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციებს, პატივს ვცემთ, მაგრამ ისეთ ქვეყანასთან ერთად, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ერთ პლატფორმაში ყოფნა შეუძლებელს ხდის გრძელვადიანად თანამშრომლობას. ამ ინიციატივაზე დათანხმება იქნებოდა მხოლოდ ვიღაცისთვის მაამებლური პოზიციის დაკავება და საქართველოსთვის არც თუ ისე მომგებიან პოზიციაში ჩაყენება. თუმცა, თუ აქ იგულისხმება, მაგალითად, ყარაბაღში და მის გარშემო რაღაც სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო, სადაც ქართულ კომპანიებსაც შეიძლება ჰქონდეთ რაღაც ფუნქცია, მაშინ რატომაც არა, ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება. ჯერჯერობით, იდეის დონეზეა და ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება ამ იდეის დადებითი და უარყოფითი მხარეები. წინასწარ რაც არის გაცხადებული, ამას დამატებით ინფორმაცია, დაკონკრეტება სჭირდება. _რაც შეეხება თვითონ ამ დერეფანს, აზერბაიჯანი საქართველოს გვერდის ავლით დაუკავშირდება თურქეთს, სომხეთი კი ასევე საქართველოს გვერდის ავლით რუსეთს, არადა მანამდე ორივე ქვეყნისთვის, ამ მარშრუტით, უალტერნატივო გზა ვიყავით. დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად ხელს აძლევს საქართველოს ამ სატრანსპორტო დერეფნის შექმნა? აქ არის რამდენიმე ასპექტი. პირველი - დროის ამბავი. ერთ და ორ დღეში ეს ვერ გაკეთდება. ის გზა, რომელზეც ახლა საუბრობენ, ჯერ დასაგეგმ-ასაშენებელია. მეორე - რამდენად ფუნქციური გახდება, რადგან იმ გზაზე კონტროლი, ისევ რუსეთის ხელში იქნება. ეს გზა შეიძლება იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად - რუსეთს როცა მოუნდება, დაკეტოს და როცა მოუნდება - გახსნას. სხვა ბევრ რამეშიც სიცხადე შეტანილი არ არის. ვინ უნდა ააშენოს ეს გზა? თანხები ვინ უნდა გადაიხადოს? აზერბაიჯანმა უნდა გადაიხადოს სომხეთში გამავალი გზის მშენებლობის თანხები? - ეს ცოტა უცნაურია. ასევე რკინიგზასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვის ნიშანია. ისევ ამ პოლიტიკური რისკების გამო, სომხეთში არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო, ხვალ-ზეგ რა იქნება, გაურკვეველია. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს არ დაუკარგავს თავის ფუნქციას. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო. რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს იმიტომ, რომ ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და მათ შორის ბუნებრივია, რომ ტვირთბრუნვა იზრდება და ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. _თქვენი შეფასებით რა აფერხებს ანაკლიის პროექტს? ფულის პრობლემა ანაკლიის პორტს არ ჰქონია არასდროს. იქ იყო პოლიტიკური ნების პრობლემა. როგორც გამოჩნდა, რუსეთის ფაქტორი იყო გათვალისწინებული, რაც ძალიან არასწორია. ჩვენ თუ რუსეთის ნებაზე ვიარეთ, ამ ქვეყნისგან აღარაფერი დაგვრჩება. ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და გრძელვადიანად უნდა თვლიდეს, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. ანაკლიის პორტი სასწრაფოდ არის ასაშენებელი. _ყარაბაღის ომის შემდგომ, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა მოახდინონ აფახაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ასეთი სურვილი უკვე აქვთ. შესაძლოა, ფარული ზეწოლის საშუალებები უკვე არსებობს და ახორციელებდნენ კიდეც ასეთ ზეწოლას. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, საზოგადოებას ამაზე ექნება მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება და შეიძლება, ხელისუფლებაც გადაიყოლოს ამ თემამ.

ნიდერლანდებში კორონავირუსზე ტესტირების ცენტრთან აფეთქება მოხდა

ამსტერდამის ჩრდილოეთით, ქალაქ ბოვენკარსპელში კორონავირუსზე ტესტირების ცენტრთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პოლიციის განცხადებით, ინცინდენტი მოხდა 17 მარტის ეროვნული არჩევნების წინ, რომელიც განიხილება როგორც მთავრობის მხრიდან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეფერენდუმი.

სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან შეხვედრას მართავენ

სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან შეხვედრას მართავენ. სომხური მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრებიან პარტია „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი, „დაშნაკცუთიუნიდან“ არცვის მინასიანი და „რესპუბლიკური პარტიიდან“ ვაგრამ ბაღდასარიანი, ასევე მოძრაობა „სამშობლოს გადარჩენიდან“ ვაზგენ მანუკიანი. აღსანიშნავია, რომ როგორც სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, სარგსიანი არ აპირებს, ხელი მოაწეროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას. პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ არმენ სარქისიანი არ მოაწერს ხელს ბრძანებულებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ყველა მოძრაობა, თვალის დახამხამება, ფილტვების შეკუმშვა, გულისცემა მოდის დედიდან მიღებული ენერგიისგან - ექიმი გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედის დღესთან დაკავშირებით ვიდეო-ბლოგი ჩაწერა. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში, ექიმი ამბობს, რომ ყველა ქალს ფეხმძიმობა და შემდეგ დედობა საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება: _ყველა ქალს ფეხმძიმობა და შემდეგ დედობა საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება. მთელ მსოფლიოში ყოველდღე კვდება 800 ქალი უშუალოდ ფეხმძიმობის ან მშობიარობის გამო. ფეხმძიმობის დროს არსებული ინფექციების, სისხლდენების, თრომბოზების, მაღალი წნევის გართულების შედეგად. ქალი როდესაც ფეხმძიმდება, საკუთარ სიცოცხლეს აყენებს ძალიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ საბოლოოდ გავჩნდეთ ჩვენ - მათი შვილები. დედობა თავიდანვე მაღალი პასუხისმგებლობაა. ისინი სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ ჯანმრთელობას დებენ სასწორზე, რომ ჩვენ დავიბადოთ... რამდენად ღირებული მომენტია... დედა შვილზე ზრუნვას ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს იწყებს. ზოგი დედა ისეთია, პურის პატარა ფრაგმენტიც რომ ჰქონდეს, შვილს მისცემს, რომ ის იყოს მაძღარი, კმაყოფილი, თვითონ უარს იტყვის და იქნება მშიერი. მათ ეს თვისება არ აქვთ მხოლოდ ჩვენი დაბადების შემდეგ, არამედ ეს თვისება აქვთ დნმ-ში, როცა ჩვენ ვართ ჯერ კიდევ მათ საშვილოსნოში. ქალი, რომელიც ფეხმძიმდება, მისი სხეული, მისი პლაცენტა წარმოქმნის ძალიან სერიოზულ ჰორმონს, მას ჰქვია პლაცენტის ლაქტოგენი, რომელიც დედის სხეულს ართმევს საკვებს, რომ ეს საკვები დედის უჯრედებმა კი არ მიიღოს, არამედ ნაყოფმა მიიღოს, რომ გაიზარდოს, იყოს გამოკვებილი და მაძღარი. დედის სხეული თავად ამბობს უარს საკვებზე, არ იღებს გლუკოზას, რომ მთელი გლუკოზა, რაც გროვდება სისხლში, ჩვენ მივიღოთ, ჩვენ გავიზარდოთ. ხომ ხვდებით, დედის სხეულისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კარგად ყოფნა. საკუთარ სხეულს სწირავენ, საკუთარ უჯრედებს აშიმშილებენ, რომ ჩვენ ვიყოთ მაძღარი. ეს თვისება მათ ჯერ კიდევ იქამდე აქვთ, ვიდრე ჩვენ დავიბადებით... ჩვენ დედის ხმა გვესმის ჯერ კიდევ ფეხმძიმობის 30-ე კვირიდან, იქიდან მოყოლებული, მათი ხმა ჩვენზე მოქმედებს, როგორც სერიოზული დამამშვიდებელი საშუალება. არაფერი შეედრება დედის ხმას. შვილი დედისგან არამხოლოდ საკვებს, არამედ ენერგიასაც იღებს. ყველა მოძრაობა, თვალის დახამხამება, ფილტვების შეკუმშვა, გულისცემა მოდის დედისგან მიღებული ენერგიისგან. დედები გვაძლევენ არამარტო საკვებს, არამედ ენერგიას. დაბადების შემდეგ პირველი კონტაქტიდან, კანის კანთან შეხებიდან იწყება ჩვენზე ზრუნვა. როდესაც დედის სხეულს ეხება ბავშვი, მასზე გადმოდის ის ბაქტერიები, რომელიც მას აქვს, რომ ჩვენ ორგანიზმში დასახლდეს ის კარგი ბაქტერიები და განგვივითაროს იმუნიტეტი, გაგვიზიაროს ბრძოლა ინფექციებთან, შეგვიმციროს დაბალი ტემპერატურისგან გარდაცვალების რისკი. შვილის კონტაქტი დედასთან მისი სხეულის დატოვების შემდეგაც გრძელდება. როდესაც ჩვენ ვიბადებით, აღარ ვართ დედის სხეულში, ჩვენ მაინც ვტოვებთ დედის სხეულში რაღაცას და განვაგრძობთ არსებობას მასში. ვერ გველევიან... მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდეგ ვტოვებთ დედის სხეულს, ფეხმძიმობის დროს, ჩვენი უჯრედების დიდი ნაწილი გადადის, სახლდება დედის ელენთაში, ღვიძლში, კანში და ასევე თავის ტვინში. ჩვენი დაბადების შემდეგ, ჩვენი უჯრედები დედის სხეულში მაინც რჩება. მეცნიერებმა უამრავი ქალი შეისწავლეს და აღმოჩნდა რომ შვილის დნმ მის სხეულში რჩებოდა თვეების, წლების განმავლობაში...

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, როგორც ზალკალიანი აცხადებს, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და ასევე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხი იყო. მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მკაფიო მხარდამჭერია და ერთ-ერთ მთავარი სავაჭრო პარტიორი. „მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი – ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, ის არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში და ასევე, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი", - განაცხადა ზალკალიანმა. ვიზიტი შეაფასა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ. მისი განცხადებით, დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალურად პირველად სტუმრობს ანაკარას და ვიზიტის ფარგლებში, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესების კუთხით ძალიან საყურადღებო საკითხები განიხილეს. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიიდან გამომდინარე, დროებით დაპაუზებული ურთიერთობები ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროებში თურქეთთან კვლავ განახლდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ზალკალიანისა და თურქეთის პირველი დიპლომატის, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს დიპლომატიური უწყების პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითადი ფოკუსით არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს. „საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იქნა განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ძალისხმევა უნდა წარიმართოს თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე. მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების ფარგლებში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციისა და თურქეთს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნული შეთანხმება დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობა. „ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე. მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას და ამ მხრივ კმაყოფილება გამოიხატა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ახალ რეგიონალურ ინიციატივებს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხასიათის ინიციატივა უნდა ეფუძნებოდეს და მათი იმპლემენტაცია შესაძლებელია მხოლოდ მონაწილეთა მხრიდან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის პირობებში. ამას გარდა, მინისტრმა ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ღია უნდა იყვნენ თანამშრომლობის ინიციატივებში ევროპიდან და აზიიდან პარტნიორების ჩართვაზე, ხოლო თავად მსგავსი თანამშრომლობა ფოკუსირებულ უნდა იქნეს ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებას, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“, – აღნიშნულია საქართველოს დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

კრემლი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს. როგორც პესკოვი აცხადებს, სანქციები ძირს უთხრის ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც უკვე ,,სავალალო მდგომარეობაშია". პესკოვის თქმით, კრემლი ახალ შეზღუდვებს ,,რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევას" უწოდებს და მათი შემოღების საფუძვლებს ,,აბსურდულ ბრალდებად" თვლის. ”ეს [სანქციები] სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა. ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სინანული გამოვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები მიმართავენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც აბსოლუტურად დესტრუქციულ გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე. აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აზიანებენ უკვე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ურთიერთობებს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს”, - განაცხადა პესკოვმა. სანქციების საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ,,დამანგრეველ ეფექტს" იქონიებს. მისივე თქმით, სანქციები რუსეთისკენ გადადგმული ,,მტრული ნაბიჯია" და ამასთანავე დასავლეთს აფრთხილებს, რომ ,,ცეცხლს არ ეთამაშოს". „აბსურდულობის ზეიმია, როდესაც სანქციების შემოღების საფუძვლად ცხადდება „რომელიღაც ქიმიური საშუალებით“ ალექსეი ნავალნის თითქოსდა „მოწამვლის“ თაობაზე განზრახ მოწყობილი პროვოკაცია. ეს ყველაფრი ჩვენ შინაურ საქმეებში დაუფარავი ჩარევის გაგრძელების საბაბს წარმოადგენს. ჩვენ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, აშშ-მ და ევროკავშირმა ნავალნის საქმეზე რუს მაღალჩინოსნებს სანქციები გუშინ დაუწესეს.

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმას ცვლის

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატს ცვლის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თინათინ ბოკუცავამ აღნიშნა, ხვალ, კანცელარიის პიკეტირების ნაცვლად ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავამდე ავტომობილებით მსვლელობას გამართავს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. ამასთან, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტამდე გადაიდო. ამის მიზეზად ბოკუჩავა იმას ასახელებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 2 კვირა მისცა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას. ჩვენ, გუშინდელ შეხვედრაზე, ისევე როგროც დღევანდელ შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობოთ პრეზიდენტ მიშელმა. ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დავით ზალკალიანი: ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, გაგვიჭირდება ეკონომიკური პროექტების განხილვა

"ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, გაგვიჭირდება ეკონომიკური პროექტების განხილვა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმა და ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა თურქეთში ვიზიტისას განაცხადა. როგორც ზალკანიანმა აღნიშნა, ფორმატთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ასევე თურქეთის, ირანისა და რუსეთის ჩართულობას, საქართველოს პოზიცია ნათელია - იგი ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკურ პროექტებზე ვერ ისაუბრებს. „ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა პარტნიორების მხრიდან შემოთავაზებები გარკვეულ ფორმატებში გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაჟღერდა კიდევაც 3+3, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ის დიდი ქვეყნები, რომლებიც არიან პროცესთან დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ თურქეთის, რომელიც ზრუნავს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რეგიონის სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება და რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მისაღები ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას. უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მაქვს მხედველობაში. ძნელად წარმოსადგენია, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და, სამწუხაროდ, აგრძელებს არამართლზომიერ და არაკანონიერ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბორდერიზაცია იქნება ეს თუ უკანონო დაკავებები, საუბარი და განხილვაც კი გაგვიჭირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების. მე ამას ძალიან მკაფიოდ განვუმარტავ ჩემს თურქ კოლეგას. იმედი მაქვს, ამას გაგებით მოეკიდებიან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრამდე. მისივე თქმით, საქართველომ მეზობლებს შესთავაზა თბილისი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის. დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია. დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ჩატარდება

შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას Dailysabah-ი ავრცელებს. "დასრულდეს ექსტრემიზმი!" – მსგავსი მოწოდებით, ციურიხის მახლობლად არსებულ პატარა სოფელში, შეხვდებით წითელ ბილბორდებს. აღნიშნული ფრაზა თავსაბურავიანი, სახედაფარული ქალის პორტრეტს მიემართება. ბილბორდი არის შვეიცარიის ექსტრემისტული მემარჯვენე სახალხო პარტიის (SVP) კამპანიის ნაწილი, რომელიც საჯარო სივრცეში სახის ჩადრით დაფარვის აკრძალვას გულისხმობს. რეფერენდუმი ჩატარდება კვირას, 7 მარტს. როგორც ცნობილია, გამოკითხვების თანახმად, შვეიცარიელების უმეტესობა რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს და სახის დაფარვის აკრძალვას მხარს დაუჭერს. "შვეიცარიაში ჩვენი ტრადიციაა, რომ შენ აჩვენო შენი სახე. ეს ჩვენი ძირითადი თავისუფლებების ნიშანია", - თქვა ვალტერ ვობმანმა, SVP-ის წევრმა და რეფერენდუმის კომიტეტის თავმჯდომარემ.

თენგიზ ცერცვაძე: რუსული ვაქცინა კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ სახელმწიფო

"საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს და მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. როგორც ცერცვაძე ამბობს, საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, თუმცა აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა. "მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ყველამ კი არა, ნახევარსაც არ დაუწყია. 103 ქვეყნიდან, დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ- ევროპული ვაქცინებით - "ფაიზერით", "მოდერნათი", "ასტრაზენეკათი", ახლა მალე "ჯონსონ&ჯონსონი" დაემატება. რა თქმა უნდა, მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს. არ შეიძლება ასე საუბარი. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რუსული ნდობასაც არ იმსახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებული ტელევიზიები, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები, რიგი ექიმები გახსოვთ, როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდნენ, ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთ. კარგი ახლა, არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ, ოპოზიციამ უარყავით. ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან - მეორე. ერთი, საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს, მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. მეორე, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ. მაშინ ჩვენც იმ ქვეყნებს გავუტოლდებით, რომელთაც ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყეს. ვიყოთ სამართლიანები. ვთქვათ, რომ ჩვენც გვინდა ჩინური ვაქცინა, ან ჩინური არ გვინდა, მაშინ, ნუ არის ნიშნის მოგება, ქილიკი, ლანძღვა, რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ",- განაცხადა ცერცვაძემ.

მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოს შესახებ ჩვენს მოსაზრებას, ყველაზე ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელიც ამ თემაზე საკმაოდ ღიად საუბრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ყოველთვის ნათლად ვამბობთ საქართველო-NATO-ს ურთიერთობების და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მევლუთ ჩავუშოღლუმ და დავით ზალკალიანმა 3+3-ის ფორმატის შესახებ იმსჯელეს, რომელიც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს, ირანისა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ითვალისწინებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ფორმატზე საუბარი იმით არის განპირობებული, რომ თურქეთს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება სურს. „ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ ლოჯისტიკურ საკითხებში უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. გვესმის ამ თემების მიმართ საქართველოს ფრთხილი მიდგომა. როდესაც ასეთი რთული ვითარებაა, ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, შეიძლება ორმხრივ ფორმატში საუბრის დაწყება ქვეყნებს შორის უფრო რთული იყოს, მაგრამ მრავალმხრივ ფორმატში შედარებით ადვილი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

COVAX-ი: საქართველო კოვიდვაქცინის 129 600 დოზას მიიღებს

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის129 600 დოზას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია COVAX პლატფორმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, საქართველომ შესაძლოა, დამატებით კიდევ 29 250 დოზაც მიიღოს. ვაქცინის ქვეყანაში გამოგზავნის თარიღი პლატფორმაზე არ არის მითითებული. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა მარტს არ გადასცდება.

მევლუთ ჩავუშოღლუ: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით

"მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით", - მის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თურქეთის საგარეო საგარეო საქმეთა ინისტრმა აღნიშნა, ზალკანიანთან შეხვედრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და ისაუბრეს „მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების გზებზე“. "განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ვისაუბრეთ მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების ნაბიჯებსა და გზებზე. როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში დადგა ასეთი წინადადება, 3+3 ფორმატი, საქართველოს აქვს დიდი რეზერვი და ჩვენ უნდა განვავითაროთ საქართველოსთან ურთიერთობა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამხრივ თანამშრომლობას საქართველ-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის. ასევე, განვიხილეთ ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი ერზრუმის სტრატეგიული პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობა არა მარტო ჩვენს შორის, არამედ რეგიონისა და შუა აზიის ქვეყნებს შორისაც. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მშვიდობის დამყარებისთვის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. როგორც მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით. დღეს განვიხილეთ არამარტო ჩვენს შორის არსებული ორმხრივი თანმშრომლობა, არამედ ვისაუბრეთ გლობალურ საკითხებზეც“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ: ასაკი - 18-დან 60 წლამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა.კვირაში სამუშაო დრო ხუთი-ექვსი დღე, დღეში რვა-ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა ევალება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თურქეთმა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

თურქეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadoly agency-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დოკუმენტს ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს რეგიონულ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიაში ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას. თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ფულადი დახმარების განაცხადის ოქმსაც მოაწერეს ხელი. ორი ქვეყნის ძალოვანი უწყების მთავარმა წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს ხაზი გაუსვეს თურქეთსა და ბოსნია ჰერცეგოვინას შორის სამხედრო სწავლებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობას.