ძებნის რეზულტატი:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს. ამავე თემაზე: შარლ მიშელი საქართველოშია.
რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან
პირველ მარტს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ შემსუბუქდება. კერძოდ, ბათუმში, (დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან) რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა. გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები - თანამშრომლების 20% ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებს ;უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეეძლებათ; მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში შეძლებენ მუშაობას. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება; იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ ხვალიდან დაემატება: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება; განახლდება კონფერენციები და ტრენინგები. კომენდანტის საათი ჯერჯერობით არ უქმდება.
დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა რეგიონში არსებული ვითარება და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს შორის შეხვედრა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ კომპლექსური საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას.
შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ახლო პარტნიორის მიმართ ევროკავშირის ინტერესის გამოხატულებაა - კარლ ჰარცელი
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ახლო პარტნიორის მიმართ ევროკავშირის ინტერესის ცხადი ნიშანია“, - ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შარლ მიშელის დახვედრის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვალ ბევრი შეხვედრა აქვს დაგეგმილი და საუბარი შედგება ყველა მხარესთან. „მოუთმენლად ველით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს. ეს არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა, რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ჩვენი ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ. ხვალ დატვირთული დღე იქნება, დაგეგმილია ბევრი შეხვედრა. რა თქმა უნდა, იქნება ყველა მხარესთან საუბრის ბევრი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. მისივე თქმით, ხვალ ასევე შედგება თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ახალი შენობის ინაუგურაცია. „მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება შარლ მიშელი და პრეზიდენტი ჰოიერი ევროპის საინვესტიციო ბანკიდან. უფრო მეტიც, ჩვენ მივემგზავრებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, სადაც პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე ნახოს ვითარება სამხრეთ ოსეთის მახლობლად. ბოლოს ჩვენ მოვინახულებთ ერთ-ერთ პროექტს, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. ეს პროექტი მოიცავს სოფლის მეურნეობის წარმოებას და მეღვინეობას“, განაცხადა კარლ ჰარცელმა. შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. ამავე თემაზე: შარლ მიშელი საქართველოშია.
რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ შემსუბუქდება. დღეიდან: 1. ბათუმში, (დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან) რესტორნები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეშიც შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა. 2. გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები - თანამშრომლების 20% ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებს ; 3. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეეძლებათ; 4. მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები. 5. განახლდება კონფერენციები და ტრენინგები. ცნობისთვის, იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ დაემატება: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება; კომენდანტის საათი ჯერჯერობით არ უქმდება.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. დღეიდან შესაძლებელია სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაციაც. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.
რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით დღეიდან შემოსვლას
PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ დაემატება: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება; 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გაუქმდა. რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის საქართველოში უპირობოდ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინა ექნებათ გაკეთებული. ქვეყნებს, საიდანაც მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებს, თურქეთი დაემატება
სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ორბელიანის სასახლეში ხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ამასთანავე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ესტუმრება ევროკავშირის პროექტს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის განვითარებას, ასევე გახსნის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტამდე ეწვია მოლდოვას, სადაც პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.
დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ. როგორც ცნობილია, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.
მიანმარში, პოლიციის მიერ დემოსტრანტების დარბევის დროს მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა
28 თებერვალს, მიანმარში, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის თანახმად, მიანმარის მასშტაბით, პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დროს, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. "ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას, პოლიცია და სამხედრო ძალები დაუპირისპირდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ მიღებული სანდო ინფორმაციის თანახმად, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი კი დაიჭრა. ”- განაცხადეს გაეროს ოფისში. მიანმარში ოპოზიცია ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს და მოითხოვს სამხედროთა ჩამოშორებას ხელისუფლებიდან და „დემოკრატიის ეროვნული ლიგის“ ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის
"დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში 2 თვის წინ თავისი ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიშელთან მაშინაც დადებითი საუბარი ჰქონდა. „დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა არის, რომ ის რაც იყო და არის საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტ-კრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია. "დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთაnხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე და ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდნტი: ევროკავშირს სურს, რომ დარჩეს საქართველოს გვერდით
"ევროკავშირს სურს, რომ დარჩეს საქართველოს გვერდით", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ, საქართველოში, თქვენთან ერთად. ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ, ისევე, როგორც გუშინ მოლდოვაში და ხვალ უკრაინაში - ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან ამ რეგიონის ქვეყნებისთვის. ევროკავშირს სურს, რომ დარჩეს საქართველოს გვერდით და დაიცვას მისი ტერიტორიული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. მინდა აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მეგობრობის მესიჯი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელი: ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიურად იმუშაონ
"ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიურად იმუშაონ. ეს იქნება პასუხისმგებლიანი მოქმედება. მოვუწოდებ ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ", - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "ჩემი ვიზიტი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება. როდესაც გამწვავებულია კრიზისი, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც. ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიურად იმუშაონ. ეს იქნება პასუხისმგებლიანი მოქმედება. მოვუწოდებ ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ. დღის მეორე ნახევარში, საშუალება მექნება, მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თვითონ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა
"ყველაფერს გავაკეთებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტში არის მთავარი გამოწვევა. "Covid19-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა, ამ მომენტში ვაქციანაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი COVAX პროგრამის მთავარი დონატორია. ამის წყალობით, იმედია, ვაქცინები საქართველოშიც იქნება. ყველაფერს გავაკეთებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა. ევროკავშირის დახმარება უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე კოვიდი. 800 მლნ ევროს მობილიზება მოხდა მთლიანად ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის ბანკის მხრიდან, რომლის წარმომადგენელი მე ასევე მახლავს, იმისათვის, რომ დახმარებები განვიხილოთ. 2007 წლიდან დახლოებით, 1,8 მლრდ ევროა ჩადებული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 გამოჯანმრთელდა, 10 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 244 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 703 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 27 0918 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 523 , გარდაიცვალა 3 520 პაციენტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.9 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.44%. 160 ახალი შემთხვევიდან 73 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 1 849, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, აჭარაში - 173, იმერეთში - 278. მძიმე პაციენტი 265. მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა: 89, მათგან თბილისში - 58, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 25. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 369 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 312 პირი, აჭარაში - 386, იმერეთში - 664.
ქართველმა მოჭიდავეებმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე 15 მედალი მოიპოვეს
26-28 თებერვალს, კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა15 მედალი მოიპოვეს. 15 მედლიდან 11 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. 4 - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ეკუთვნის. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის წევრებმა 5-5 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გამოსვლა, ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელშიც სამივე საჭიდაო სახეობაში ჯამში მსოფლიოს 35 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ბერძნულ-რომაულში, ათი წონითი კატეგორიიდან რვაში, ფინალში ქართველი სპორტსმენები გავიდნენ. ორ წონაში კი შეჯიბრება სულაც, ქართული ფინალით დაგვირგვინდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში, ოცამდე ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი ორ-ორი ოქროსა და ბრინჯაოს მედლით და მეორე გუნდური ადგილით დაასრულა. ჩემპიონები გახდნენ ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევის ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა უმეტესობას, მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მიეცა. როგორც ცნობილია, 18-21 მარტს ქართველი მოჭიდავეები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირზე გამოვლენ, სადაც მედლების გარდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება.
საქართველო COVAX-ისგან საბოლოო პასუხს ელის, Astrazeneca-სთან კი თანხის გადახდის ეტაპზეა
COVAX-ი გააკეთებს განმარტებას, რატომ მოხდა მისი განმარტების ინტერპრეტაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ განმარტება მოითხოვა ამასთან დაკავშირებით. საქართველო COVAX-ისგან და Pfizer-ისგან საბოლოო პასუხს ელის, როდის მიიღებს ვაქცინას, Astrazeneca-სთან კი თანხის გადახდის ეტაპზე ვართ და მიწოდების გრაფიკი დაზუსტდება. მისი თქმით, ტექნიკური და იურიდიული მზაობა არის. ქართული მხარის მხრიდან შეფერხება არ ჰქონია. „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში. მათი თქმით, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. COVAX-ი მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება. „თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.
სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა
სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს, რომელსაც საწვავის გადასაზიდად იყენებდნენ, ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც ჩიხში დგას და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა. უწყების ცნობით, არავინ დაშავებულა. ადგილზე 14 ეკიპაჟი მუშაობს.
გარდაბანში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა - დაშავდნენ 11 და 15 წლის ძმები
გარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდნენ 11 და 15 წლის ძმები, რომლებიც ეზოში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, მათ ხელყუმბარა აუფეთქდათ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მშობლები აცხადებენ, ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ტერიტორიაზე, სადაც აფეთქება მოხდა კრიმინალისტები მუშაობენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის
"ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს", - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ, Twitter-ზე გააკეთა. "მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს შარლ მიშელი.