ძებნის რეზულტატი:

ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავს

ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები, ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ. საავტომობილო კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის N12 დაწესებულებისკენ დაიძრა, სადაც იმყოფება ნიკა მელია. ამ ფორმით ისინი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ ხელისუფლებას, რომ მელია „უკანონო პატიმარია".

ომბუდსმენი: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები ძალადობისგან დაუცველნი არიან

"თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები ძალადობისგან დაუცველნი არიან", - საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ ვითარებაზე სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. პაციენტებს არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები, ხოლო დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში. არსებული მწვავე პრობლემების ფონზე, სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. "სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო არაერთი შეტყობინება დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. დაწესებულებაში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე. პაციენტთა ნაწილი მედიკამენტების მინიმალურ თერაპიულ დოზას იღებს და მათ არ უტარდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. დაწესებულებას არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებს გაუწიოს შესაბამისი დონის მზრუნველობა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ინფორმირება, განათლება და მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ჩართვა. შენობის ძირითადი ნაწილის ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაუმართავია. მრავალ ადგილიან საერთო პალატებში არის გადატვირთულობა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, დაწესებულებაში უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები. შესაბამისად, დაწესებულებაში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ფონზე, დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, კვლავ რჩებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სურვილის მიუხედავად, სტაციონარს ვერ ტოვებენ იმის გამო, რომ თემში არ არის საჭირო სერვისები. დაწესებულებაში არ ხდება ბენეფიციარების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების სრულფასოვანი მკურნალობა. პაციენტები, ვერ იღებენ დროულ და სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. პაციენტების უმრავლესობას განსაზღვრული აქვს ნებაყოფლობითი ფსიქიატრიულ დახმარებისთვის სტაციონირებული პაციენტის სტატუსი, თუმცა რეალურად მათ არ შეუძლიათ დაწესებულების სრულიად ან დროებით საკუთარი ნებით დატოვება. დაწესებულებაში არ არის დანერგილი საჩივრების განხილვის მექანიზმი. ბენეფიციარების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ. პაციენტების უმრავლესობას ჩამორთმეული აქვთ კუთვნილი ტელეფონები და ახლობლებთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში დამოკიდებულნი არიან პერსონალის კეთილ ნებაზე, შესაბამისად პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი. დაწესებულების პერსონალს არ აქვს შესაბამისი მითითებები და კვალიფიკაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავება, ხოლო როდესაც ასეთი გამწვავება ხდება, ვითარების არაძალისმიერი განმუხტვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების ნაცვლად, პაციენტს ბოჭავენ და სწრაფი ტრანკვილიზების მიზნით იძულებით უკეთებენ ინექციებს, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა ხდებოდეს,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ანგარიში ეფუძნება სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 2020 წლის 15-16 სექტემბერს განხორციელებულ საგანგებო მონიტორინგის ვიზიტს.

ერდოღანი: თურქეთის ახალი კონსტიტუცია დემოკრატიული და ლიბერალური იქნება

თურქეთის ახალი კონსტიტუცია დემოკრატიული და ლიბერალური იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს შორის, უმნიშვნელოვანესი ახალი კონსტიტუციის შეთავაზებაა. ,,მივაღწევთ დემოკრატიულ და ლიბერალურ კონსტიტუციას, რომელიც წარმართავს ქვეყნის მომავალს", - განაცხადა ერდოღანმა. გასულ თვეს პრეზიდენტმა ერდოღანმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ახალი კონსტიტუციის შემუშავებაში. თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ - ,,სამართლიანობის და განვითარების" ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული სახე მრავალი რეფორმით შეცვალა. ,,ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც სრულად შეცვალა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური სახე მრავალი რეფორმით, რომელსაც ჩვენ ჩუმად რევოლუციებს ვუწოდებთ”, - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, მომავალ კვირაში ასევე გამოცხადდება ეკონომიკური რეფორმების ახალი პაკეტი.

19 მარტიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways"-ი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ავრცელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორიცელების ნებართვა პირველ მარტს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჯანმოს წარმომადგენელი: კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით საქართველოში კარგი პროგრესი ვნახეთ

"კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით საქართველოში მართლაც კარგი პროგრესი ვნახეთ", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ნოემბერ-დეკემბრის პიკის შემდეგ, საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა რეგიონში. ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს. ეს ნამდვილად კარგი ამბავია. არის ეტაპობრივი გახსნა ბიზნესის, სკოლების, მუზეუმების. ჩვენი მესიჯი იქნება, რომ ეს ყველაფერი ფრთხილად, გავრცელების მონაცემებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს. გვესმის, რომ არსებობს ვირუსის საეჭვო ვარიანტის რამდენიმე შემთხვევა, რაც არ არის მოულოდნელი. სამწუხაროდ, ეს გაგრძელდება. ახლა დროა, საბაზისო პრინციპები შეასრულოთ, გაზარდოთ ტესტირება. აუცილებელია, საეჭვო შემთხვევებისა და კონტაქტების კარანტინში გაშვება, რათა გაგრძელდეს ის კარგი საქმე, რასაც აკეთებთ“, – განაცხადა კეტრინ სმოლვუდმა.

ზურაბ ბატიაშვილი: ანაკლიის პორტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არასდროს ჰქონია, მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნების პრობლემა აფერხებს

„ანაკლიის პორტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არასდროს ჰქონია, მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნების პრობლემა აფერხებს“- ამის შესახებ Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ტვირთბრუნვის მასშტაბიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია, რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება. ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება“, - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურა ბატიაშვილმა. მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს. .

ანაკლიის პროექტი გვჭირდება არამხოლოდ როგორც საპორტო პროექტი, არამედ - გეოპოლიტიკური დერეფანი - ბათუ ქუთელია

„ანაკლიის პროექტი საქართველოს სჭირდება არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი", - ამის შესახებ Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა. „სამხრეთ კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონი არ არის ბევრი მიზეზის გამო. შავი ზღვა კი უფრო გეოპოლიტიკური ერთეულია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველო თვითიდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად. კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ისაა, რომ გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. აი სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა ეფექტურობა რომ შეიძინოს, ქვეყნას „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ", - აღნიშნავს ბათუ ქუთელია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. კონსორციუმმა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, საქართველოს მთავრობას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. როგორც Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ (TBC Holdings and Conti Group) განუცხადეს, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ორი საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, საწყის ეტაპზეა და მისი განხილვა შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. „გარდა იმისა, რომ მთავრობა სერიოზულ ფინანსურ რისკზე დგება, საარბიტრაჟო განხილვის დროს კარგად არის გააზრებული, რომ არც ერთი ლეგიტიმური დეველოპერი, ინვესტორი ან გამსესხებელი არ დაინტერესდება ანაკლიის ახალი და ცალკე პორტის პროექტით. ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი იქნება, კონსორციუმთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება”, - განაცხადეს კონსორციუმში. დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინვესტორის შესარჩევად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

რომის პაპმა მორწმუნეებს სთხოვა, ერაყში მისი ვიზიტისთვის ილოცონ

რომის პაპმა მორწმუნეებს სთხოვა, ერაყში მისი ვიზიტისათვის ილოცონ. „ღვთის წყალობით, ზეგ გავემგზავრები ერაყში სამდღიანი ვიზიტით. დიდი ხანია, რაც მრავალტანჯულ ერაყელ ხალხთან შეხვედრა მსურს. მსურს, შევხვდე აბრაამის მიწაზე არსებულ მოწამეობრივ ეკლესიას. სხვა სასულიერო ლიდერებთან ერთად, გადავდგამთ წინ კიდევ ერთ ნაბიჯს მორწმუნეთა შორის ძმობის საქმეში. გთხოვთ, ილოცოთ ჩემი სამოციქულო მოგზაურობის დროს, რათა ეს ვიზიტი იყოს საუკეთესო და გამოიღოს სასურველი ნაყოფი. ერაყელი ხალხი გველოდება, ის ელოდებოდა იოანე პავლე მეორესაც, რომელსაც აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, იმედი გავუცრუოთ ხალხს, როგორც ეს მაშინ მოხდა (ერაყის მთავრობის მხრიდან აკრძალვის გამო). ვილოცოთ, რომ ეს მოგზაურობა წარმატებული იყოს“, - აცხადებს რომის პაპი. 5-8 მარტს, რომის პაპი ფრანცისკე ერაყს ეწვევა. პაპი თავდაპირველად ბაღდადში ჩაფრინდება, სადაც მას ერაყის პრემიერ-მინისტრი დახვდება. როგორც ცნობილია, პაპი ვიზიტისას ჯავშანტექნიკით გადაადგილდება და მასთან ერთად ვატიკანის ექთანიც იქნება.

ექსპერტი: მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეცდომებს ასწორებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის, სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის, დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს. როგორც Europetime-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი; თუ ახალი მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება. მისივე თქმით, ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. „ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას ვიღებთა. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა - რუსეთზე გამავალი. როდესაც საუბარია საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს როგორც აშშ-დან ისევე ევროკავშირიდან. ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობაა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ. მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - რუსთავის ციხესთან აქციაა

'თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - რუსთავის ციხესთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციას ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეებმა ის ზუსტად ის ადგილი შეარჩიეს, რომელი მხრიდანაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელას საკანი ყველაზე ახლოსაა. აქციის მონაწილეები მელიას შეძახილებითა და საქართველოს ჰინით ამხნევებენ. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან "რუსთავის ციხემდე" ავტოკოლონებით მსვლელობა მოეწყო.

პენიტენციური სამსახური: N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნე დაჭრა

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. "2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. ამასთან, დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მომხდარს, დაზიანება ნ.ქ.-ს სავარაუდოდ მისმა მესამე თანამესაკნე ვ.ა.-მ მიაყენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკანში, სადაც მოცემული პირები იმყოფებოდნენ, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ ვ.ა.-ს საქციელის მიზეზი გაურკვეველია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

გიორგი ბადრიძე: რუსეთი ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფნები ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს

„რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით ისე, რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია", - ამის შესახებ Europetime-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი და ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე აღნიშნავს. მისი თქმით, რეალურად რუსეთის ინტერესია, აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, რათა ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს სხვა ქვეყნების თვალში. „მთიანი ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფნის შექმნით, რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს, დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით და პირიქით. რუსეთის პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას აკავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად, თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არ ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო“, - განმარტავს გიორგი ბადრიძე. საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების მიზნით, ანაკლიის პროექტის აშენების დაჩქარების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილიც. მისი თქმით, ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფნის შექმნას დიდი დრო დასჭირდება და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ თავისი საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად, სატრანზიტო ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად უნდა განახორციელოს. როგორც Europetime-სთან საუბრისას ბატიაშვილი აღნიშნავს, მაშინ როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო, რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს და დროულად უნდა განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ბათუმის და ფოთის პორტები შავ ზღვაში შემოსული გემების 75 პროცენტს გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია, რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება. ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება", - განუცხადა Europetime-ს ზურაბ ბატიაშვილმა. მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს ბათუ ქუთელია: ანაკლიის პროექტი გვჭირდება, არა მხოლოდ პორტის, არამედ როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი ექსპერტი: როგორც ჩანს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომებს ასწორებს

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბრალი წაუყენეს

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაზგენ მანუკიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301 მუხლით წაუყენეს, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.

ჰანს კლუგე: Covax-მა ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია

„Covax-მა ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია. პირველი მიწოდება მსოფლიოს მაშტაბით უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. კლუგემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ყველა საჭირო პროცედურა შესრულებულია, თუმცა Covax პლატფორმიდან ვაქცინის მიწოდება საკმაოდ რთული პროცესია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო კვირებში ვაქცინა ყველა რეგიონს მიეწოდება. ,,ჩემი გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შეასრულეს ყველა ვალდებულება. პრესაში იყო რაღაც განსხვავებული გზავნილები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, ქვეყანამ ნამდვილად უპასუხა ყველა ვალდებულებას. Covax-მა ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია. პირველი მიწოდება მსოფლიოს მაშტაბით უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება. გზავნილი უნდა იყოს ყველასთვის. დღესაც გვაქვს კომუნიკაცია UNICEF-თან და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია. ამიტომ ხალხისადმი გზავნილი არის, დაიცვან წესები და სჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველანი ნამდვილად ვმუშაობთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ქვეყანაში“, - განაცხადა კლუგემ.

ევროკომისიის განცხადებით, რუსული ვაქცინის Sputnik V-ის შესაძენად მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ევროკომისიის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ამჟამად არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები Sputnik-V-ის ვაქცინის პორტფელში ინტეგრირების შესახებ”, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. "მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინა დამტკიცებულია ევროპულ დონეზე, ევროპის წამლების ასოციაციის პოზიტიური შეფასების შემდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ კომისიას აქვს რაიმე ვალდებულება შეიტანოს ის ჩვენს პორტფელში", - განაცხადა ევროკომისიის მეორე მომხსენებელმა. ცნობისთვის, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან რუსული ვაქცინის თანმიმდევრული გამოკვლევის პროცედურა დაიწყო, რასაც, შესაძლოა, ევროკავშირის 27 ქვეყანაში მისი გამოყენების დამტკიცება მოჰყვეს. როგორც ევროპის წამლების ასოციაციამ (EMA) განაცხადა, Sputnik V-ის შესახებ გამოქვეყნებულ ყველა მონაცემს გაეცნობიან და დაადგენენ, არსებობს თუ არა საკმარისი ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე, რაც ავტორიზაციის მოთხოვნის წინაპირობაა. .

დალია გრიბაუსკაიტემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გრიბაუსტაიკე Facebook-ზე ავრცელებს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ,,როდესაც ოფიციალურად გავხდი ,,უფროსი", მიმიწვიეს ვაქცინაციისთვის. ვენდობი ვაქცინებს. ყოველწლიურად ვიტარებ გრიპის საწინააღმდეგო აცრას. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის მორალური ვალდებულება, რათა არ გავრცელდეს დაავადება და დაიცვა სხვები. მე გეპატიჟებით, არ შეგეშინდეთ ", - წერს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი.

მიანმარში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა

მიანმარში, ოთხშაბათს გამართულ აქციაზე სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გაეროს შეფასებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ეს ყველაზე „სისხლიანი დღე“ იყო ქვეყანაში . გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტინ შრანერ ბურგენერის განცხადებით, მოვლენების ამსახველი საშინელი კადრები გავრცელდა. თვითმხილველების თქმით, უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს და ისინი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ნამდვილ ტყვიებს ესროდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 14, 17 და 19 წლის მოზარდებიც არიან. გაეროს მონაცემებით, ბოლო თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე ქვეყანაში სულ მცირე 50 ადამიანი გარდაიცვალა.

ევროკავშირმა მიანმარის განვითარების პროექტის მხარდაჭერა შეაჩერა

ევროკავშირმა მიანმარის განვითარების პროექტების მხარდაჭერა შეაჩერა, რადგან სამხედროებმა ფინანსური დახმარება აღარ მიიღონ, მას შემდეგ რაც მათ მიანმარის ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს. ამის შესახებ გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კომიტეტს აცნობა, რომ შეაჩეროს ყველა ის თანამშრომლობა, რომელიც სამხედრო ხელისუფლების გამტკიცებას შეუწყობს ხელს. ევროკომისიამ, ევროკავშირის აღმასრულებელმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მან უკვე შეაჩერა საბიუჯეტო დახმარება, რაც გასულ წლებში 200 მილიონ ევროზე მეტს (240.7 მილიონ დოლარს) ითვალისწინებდა, ცალკეულ პროგრამებში. ევროკავშირის გადაწყვეტილება მიანმარში პირველ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას უკავშირდება.

კელი დეგნანი: ყველა ქვეყანა გარკვეულ სირთულეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს

"ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სირთულეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. „გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ახლა ჩვენს ქვეყნებში, როგორც ინფექციის მართვის კუთხით, ასევე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სირთულეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახან გამოჩნდა ჯონსონ-ჯონსონის ვაქცინა და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდივის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

Euronews-ი: Sputnik V-ის ირგვლივ უთანხმოების გამო სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში კრიზისია

რუსული წარმოების Sputnik V COVID-19 ვაქცინის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში კრიზისია. ამის შესახებ სტატიას Euronews-ი აქვეყნებს. მედია წერს, რომ სლოვაკეთი გახდა ევროკავშირის მეორე წევრი ქვეყანა უნგრეთის შემდეგ, რომელმაც Sputnik V ვაქცინის დოზები პრემიერ- მინისტრის, იგორ მატოვიჩის მიერ ორგანიზებული საიდუმლო გარიგების შემდეგ შეიძინა. ამ გადაწყვეტილებას მმართველი კოალიციის ოთხი პარტიიდან ორი საჯაროდ არ ეთანხმება. „აშკარა იყო, რომ Sputnik V არამხოლოდ ვაქცინა, არამედ ჰიბრიდული ომის იარაღი იყო”, - განაცხადა პარტიის ,,თავისუფლება და სოლიდარობა“ სპიკერმა. პარტიამ მოითხოვა კაბინეტის ფართო ცვლილებები. Sputnik V-ს გამო, მთავრობა ასევე გააკრიტიკა პარტიამ ,,ხალხისთვის". მისმა ხელმძღვანელმა, ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ვერონიკა რემისოვამ ამ კვირის დასაწყისში Facebook– ზე დაწერა, რომ „ხალხისთვის“ წინააღმდეგია, ვაქცინაცია სლოვაკეთში არარეგისტრირებული ვაქცინებით დაიწყოს. ,,აბსურდია, თუ როგორ მიესალმა იგორ მატოვიჩი Sputnik V-ს ვაქცინას სლოვაკეთში, მან ეს არ გააკეთა სხვა ვაქცინებთან მიმართებით. ეს ზიანს აყენებს და უგულვებელყოფს ვაქცინაციას სლოვაკეთში“, - განაცხადა რემისოვამ.