ძებნის რეზულტატი:
სეიშელის კუნძულები ყველა ტურისტის მიღებას 25 მარტიდან შეძლებს
სეიშელის კუნძულები ყველა ტურისტის მიღებას 25 მარტიდან შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, კუნძულებზე ჩასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას ვაქცინა გაკეთებული. ერთადერთი გამონაკლისი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების იქნებიან. კუნძულებზე ჩამსვლელებს ახლა მხოლოდ კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარმოდგენა მოეთხოვებათ, რომელიც 72 საათით ადრე უნდა ჰქონდეთ გაკეთებული. ჩასვლისას მათ კარანტინის გავლა არ მოუწევთ. მიუხედავად ამისა, ტურისტებს კვლავ მოუწევთ უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მაგალითად პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა
აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის კორუფციული და უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. სანქციის პირობის გათვალისწინებით, კოლომოისკის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. "დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
16 მარტიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
მიმდინარე წლის 16 მარტიდან, საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ავრცელებს. „ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“- ი ალმათი - თბილისი - ალმათის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ძალაში შესვლიდან (მარტის ბოლო კვირა), ავიარეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 4 მარტს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მარია ზახაროვა: რუსეთი აშშ-ის სანქციების საპასუხოდ ,,შავ სიას" გამოაქვეყნებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი მალე ,,შავ სიას" გამოაქვეყნებს. ინფორმაციას სააგენტო Tass-ი ავრცელებს. ,,იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოქმედებენ ისინი [ამერიკელები], მათ შორის ის ფაქტიც, რომ ერთდროულად გამოაქვეყნეს ყველა სია, ვფიქრობ, რომ მათ მალე გავახალისებთ ”, - განაცხადა ზახაროვამ, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ როდის უპასუხებს რუსეთი მის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ალექსეი ნავალნის საქმის გამო დაწესებულ სანქციებს. ზახაროვას თქმით, მოსკოვი თავს იკავებდა საჯაროდ საზოგადოების ყურადღების მიპყრობისგან. ,,სინამდვილეში, ჩვენ ამ სიას არასდროს გამოვაქვეყნებდით საჯაროდ. ჩვენ შევადგენდით შავ სიებს, მათი შავი სიების საპასუხოდ, ან ვაცნობებდით მათ. ისინი ხვდებიან, რომ მათი ჩინოვნიკები შავ სიაში მოხვდებიან”, - განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. ცნობისთვის, აშშ-მა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა. შტატებმა 7 რუსი კერძო პირისა და 14 დაწესებულების წინააღმდეგ გამოსცა სანქციები. ასევე, სანქციები დაუწესეს იმ 13 კომპანიას და ერთ საწარმოს, რომლებიც ოფიციალური ვაშინგტონის თქმით, ჩართულნი არიან ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების წარმოებაში.
ქართულმა ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ბერლინალეზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო აიღო
ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა. ალექსანდე კობერიძის ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში 1-ელ და 3 მარტს აჩვენეს. 150-წუთიანი ფილმი საქართველოსა (Sakdoc Film) და გერმანიის (DFFB) ერთობლივი ნამუშევარია. გადაღება 2019 წლის აპრილიდან დაიწყო, საბოლოო მონტაჟი 2021 წლის თებერვალში დასრულდა. ფართო აუდიტორია ქართულ ფილმს „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ 9-20 ივნისს შორის ნახავს, ბერლინში საზაფხულო კინოჩვენებების დროს. ცნობისთვის, 1993 წლის შემდეგ, ეს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს მთავარ სელექციაში მოხვდა. მაშინ „ვერცხლის დათვი“ თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეს“ გადაეცა.
ნათია თურნავა: „ჰერითიჯის ფონდის" ინდექსი ადასტურებს, რომ ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ძალიან დიდ, ქართულ საქმეს ვაკეთებთ ყველა
„ჰერითიჯის ფონდის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველო, ტრადიციულად, ერთ-ერთი ლიდერია, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არაკორუმპირებულობით, გამჭვირვალობით, რეფორმებით, ეკონომიკის გახსნილობით უცხოელი ინვესტორების მიმართ, წარმოების განვითარებით, ადგილობრივი, თუნდაც, ელექტროენერგიის გენერაციის საშუალებების განვითარებით ჩვენ ძალიან დიდ, ქართულ საქმეს ვაკეთებთ ყველა“, - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ჰერითიჯის ფონდის" მიხედვით, რეგულაციების ეფექტიანობით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა და მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. „2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად. ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა). აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროპის რეგიონის, ისე სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემს. ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო წარმოადგენს მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს გააჩნია 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. · უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი დააყენა და მათი უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. მონაწილეებმა განიხილეს უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც, ასევე ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. შეხვედრისას ქართულმა მხარემ ასევე დააყენა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ჰუმანიტარული საკითხები და საჭიროებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანების აქვთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორში მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ფორმატის მიზანი ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფაა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ. "რა თქმა უნდა, ყველა ეს საკითხი გაჟღერებული იყო შეხვედრაზე. ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალი გადადგილების შესახებ, ასევე იმ პრობლემებზე, რაც სამედიცინო კუთხით იქ ადგილზე მოსახლეობას აქვს შექმნილი. მათგან პასუხად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ე.წ.-მა უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოსვლის პროცედურები ვითომ შეამსუბუქეს, როცა ცხინვალის ნაცვლად ახალგორში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამ ადამიანების გადმოტარების შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით პრაქტიკაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და ამ ადამიანებს ისევ ის პრობლემები აქვთ, რაც აქამდე ჰქონდათ. მაინც იმედს ვიტოვებთ, დღევანდელი შეხვედრის პათოსიდან გამომდინარე, რომ დადებით მომენტად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ შეიძლება ახალგორის მცხოვრებლებს ბევრად უფრო გამარტივებულად მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება. თუმცა, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი. ადგილზე რაც შეეხება, იქ ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ამ საკითხზე, როგორც წინა შემთხვევაში კვლავ უარს აცხადებენ და გვრჩება ერთადერთი ბერკეტი წითელი ჯვარი, რომელიც სრულად ვერ მოიცავს და არ არის საკმარისი მექანიზმი. თან არის სპეციფიური ორგანიზაცია დ სახელმწიფოს ნაკლებად აქვს შემხებლობა. შესაბამისად, მათ იმედზე ვართ ამ შემთხვევაში. მაქსიმალურად გრძელდება მუშაობა, რათა მივაღწიოთ შედეგს, ეს ხალხი გადმოვიყვანოით კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვისაც სამედიცინო სერვისები სჭირდებათ და მათ ვისაც შეიძლება ადგილზე გაეწიოს დახმარება, იქ მივაწოდოთ ყველაფერი. თვითონ როგორც განაცხადეს, ძალიან დიდი დახმარება მიიღეს რუსეთის ფედერაციიდან, ასევე იმ საველე ჰოსპიტალისგან, რომელიც ცხინვალში იყო განთავსებული. მათთან შემცირდა რაოდენობა კოვიდინიფიცირებულების, ციფრებიც იყო წარმოდგენილი. ამბობენ, რომ თითქმის პანდემიის შეგრძნება მოსახლეობაში აღარ არის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში და ახალგორამდე, არ აქვს მნიშვნელობა იქ ქართველია თუ ეთნიკურად ოსი, ახალგორის რაიონია მიტოვებული და ვერ იღებენ იმ სამედიცინო სერვისებს, რომლებიც მათთვის არის ელემენტარულად საჭირო, არაფერს ვამბობ სრულყოფილ და მასშტაბურ სამედიცინო დახმარებაზე", - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა.
1-ლი აპრილიდან, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება
ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის, ტარიფის ცვლილებას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში 1-ელი აპრილიდან ჩაერთვება და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება, საკრებულომ მხარი დაუჭირა. აღნიშნულს "საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა" ითვალისწინებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განუცხადა, გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ" მოამზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა. მისივე განმარტებით, 1-ლი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება და ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსების არ შეეხება. „მოქალაქეები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა, კერძოდ, საათნახევრის განმავლობაში ისინი ერთი გადახდის შემდეგ უფასოდ იმგზავრებენ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ლურჯ მიკროავტობუსში. გაერთიანებული ინტეგრირებული სისტემა უფრო მოსახერხებელი და გამარტივებული იქნება",- განაცხადა გრიგოლიამ. მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი და საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ჯამში 15 პუნქტისგან შედგება. კერძოდ, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსებით(მიკროავტობუსებით) მგზავრობის ფასის 50 თეთრის ოდენობით დადგინდა. მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების ჩართვის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) არსებული შეღავათიანი მგზავრობის პირობები გავრცელდება სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ M2 კატეგორიის ავტობუსებში (01.04.2021); გამოცხადდება ტენდერი 8-მეტრიანი 180 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესყიდვაზე მე-7 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით (01.05.2021); მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ უკვე შესყიდული 300 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის გამოსყიდვის უზრუნველყოფა (01.08.2021); ტენდერი გამოცხადდება 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე მე-13 პუნქტის გათვალისწინებით (01.09.2021); მოხდება 8-მეტრიანი არანაკლებ 50 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა (01.01.2022); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ დამატებით 400 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა მოხდება (01.01.2022); განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 300 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებისთვის გადაცემა (01.01.2022); ასევე, მოხდება 8-მეტრიანი 130 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა (01.06.2022); განხორციელდება 1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების არსებული ავტობაზის რეაბილიტაცია (01.01.2023); ასევე, 1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების ახალი ავტობაზის მშენებლობა (01.07.2023); მოხდება 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა (01.07.2023); დოკუმენტის თანახმად, მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვა და ამოქმედება 2023 წლის 1-ელ ივლისამდე განხორციელდება. ეს ვადაა დოკუმენტში მითითებული მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელი სრულად ამოქმედებისთვისაც.
ვახტანგ გომელაური: მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ - ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან
"მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ - ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კითხვაზე, როდისაა მოსალოდნელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუას დაკავება. შინაგან საქმეთა მინისტრი ზუსტად ვერ იტყვის, თუ როდის დააკავებენ ესებუას. „მესმის დიდი ინტერესია. არ მიყვარს ბაქი-ბუქით საუბარი და ტრაბახი. არ ვიცი, შეიძლება ხვალ მოხდეს, ან ზეგ, შეიძლება ერთი წლის შემდეგ. 2-3 კვირის წინ დავაკავეთ ადამიანი მკვლელობაზე, რომელიც ეს 12 წლის წინ ჩაიდინა - ხდება ეს. ვერ გეტყვით, როდის მოხდება“,- განაცხადა გომელაურმა.
ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვს
ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვენ. როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელი კონსტიტუცია ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. მათ, ამ მოთხოვნით, მემორანდუმიც შეიმუშავეს და დოკუმენტს ხელიც მოაწერეს. "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საჭიროა ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები. „ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომლებსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან. გვჭირდება მეტი თვითმმართველობა, მეტი ძალაუფლება გადაეცეს მოქალაქეებს. ჯერ გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან მეტ ენერგიას ვხედავთ „სტრატეგია აღმაშენებელი" და ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზეც", - აცხადებს ვაშაძე. პარტია „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე მიესალმება კონსტიტუციის ცვლილებას. „სამწუხაროდ, იმ კონსტიტუციამ ვერ იმუშავა, ვფიქრობ, სანამ არ დაუბრუნდებით ამ მოდელს, რეალურად პოლიტიკურ ელიტებს არ წავართმევთ იმის შესაძლებლობას, რომ მათ მართონ და მოირგონ კანონები, განსაკუთრებით - კონსტიტუცია თავის ინტერესებზე, მანამდე ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი გზით ვერ მოხერხდება. ფაქტი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო გავერთიანდით, მისასალმებელია. ნაადრევია ჯერ ერთიან პლატფორმაზე საუბარი", - აცხადებს ხაზარაძე. მემორანდუმს მხარს უჭერენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ - არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
გიორგი ჭაღიაშვილი: ქვეყანაში არსებული ჰესების რეაბილიტაციაზე 400 მილიონამდე ინვესტიცია რომ ჩადონ, ჯამში ელექტროენერგიის წარმოება 20-25%-ით მოიმატებს
„ნამახვანჰესზე რა რაოდენობის ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს, იმ თანხის ნახევარი რომ არსებული ჰესების რეაბილიტაციას მოხმარდეს, მთელ საქართველოში წარმოებული ელექტროენეერგიის რაოდენობა 20-25 პროცენტით გაიზრდება, რაც იმაზე ბევრჯერ მეტია, ვიდრე ნამახვანჰესმა უნდა აწარმოოს", - ამის შესახებ Europetime-ს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა განუცხადა. ესქპერტის განმარტებით, ნამახვანჰესი ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც კი ვერ მოუტანს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო მის აშენებაზე თანმხდება, არის ის, რომ ელექტროენერგიის მარაგის კრიზისი შეავსოს. მისი თქმით, 2000 წლიდან გარემოს დაცვის და ნებისმიერი კვლევების შესაბამისად აღიარებულია, რომ გიგანტური ჰესების აშენება სიკეთის მომტანი არ არის, იწვევს კლიმატის ცვლილებებს, რელიეფის დამახინჯებას და განახლებადი ენერგეტიკის კლასიფიკაციაში ჩასმული არ არის. „მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან დიდი ჰესების აშენების ინტერესი გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველომ ელექტროენერგიის მოცულობა გაზარდოს და საბითუმო ვაჭრობაში მიიღოს მონაწილეობა. ელექტროენერგიის მარაგის კრიზისი განსაკუთრებით ზამთარში ნამდვილად გვაქვს, ყოველ წელს 800 მილიონ კილოვატ საათს ვყიდულობთ. რაც შეეხება ამ პრობლემიდან გამოსავალს და ელექტროენერგიის მარაგის სხვა გზებით შევსებას, ასეთი გამოსავალი შეიძლება გამოინახოს - არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომ მოხდეს, გადაიარაღება, რეაბილიტაცია და არა კაპიტალური რემონტი, 20-25 პროცენტით შეიძლება გენერაციამ მოიმატოს და ჯამში წარმობეული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიზარდოს. ნამახვანჰესზე რა რაოდენობის ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს, სრული რეაბილიტაციისთვის, მაგის ნახევარი თანხა საკმარისია. ნამახვანის საინვესტიციო თანხად გამოყოფილია 750 მილიონი დოლარი. მაგრამ ჰესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ასაშენებლად 2 მილიარდი ამერიკული დოლარი მაინც არის საჭირო. ვინაიდან ამხელა თანხა ვერ მოიძიეს, შესაბამისად რისკებზე ინფორმაცია დამალეს. სათანადო კვლევები არ ჩაატარეს. მშენებლობა ისე დაიწყეს, პროექტის რისკებზე ცნობილი არაფერი არ იყო. მათ შორის ნებართვა არ იყო ჯერ გაცემული, მშენებლობა რომ დაიწყეს", - განუცხადა Europetime-ს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა. მისივე თქმით, დიდი ჰესების ბევრი ალტერნატიული საშუალება არსებობს. მთავარია სისტემამ სწორად და მოქნილად იმუშაოს. ალტერნატიული საშუალებებია: წყლის მცირე ენერგეტიკა - მცირე და მიკრო ჰესები, მზის ენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა. ჯეოთერმული ენერგეტიკა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები. „რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიების პროექტების განხორციელებას - ათეული წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ჩვენ დარწმუნებას, რომ დიდი ჰიდროენერგეტიკა იყო საქართველოს გადამრჩენი; რომ საქართველოში გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამ მდინარეების მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და აუცილებლად უნდა ავითვისოთ 80 პროცენტი. მაგალითად მოჰყავდათ ნორვეგია, დანია, ავსტრია და შვეიცარია. მართალია, ამ ქვეყნებმა გასულ საუკუნეში ბევრი დიდი ჰესის აშენება მოასწრეს, მაგრამ ახლა მათ დემონტაჟს გეგმავენ, როგორც კი ჰესებს ექსპლუატაციის ვადა გაუვათ", - აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი. რამდენიმე დღის წინ, ნამახვანჰესის აშენების გაპროტესტების მიზნით, ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. გუშინ, აქციის ორგანიზატორები და ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით გავრცელებული, არც ერთი ინფორმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსახლეობამ კი მინისტრს უპასუხა, რომ მთავრობა შუახევში მიმდინარე მშენებლობაზეც უსაფრთხოების პირობას იძლეოდა, მაგრამ გვირაბი დაინგრა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ოთხ წელიწადში შეიცვლება და ნამახვანჰესის უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება.
კახა კახიშვილის თქმით, სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელების მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს
დეპუტატი კახა კახიშვილი თქმით, სპეციალური სამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა, ასევე მათი ოჯახის წევრების მისამართები და საანკეტო მონაცემები, ინტერნეტში ღიად არ უნდა იყოს განთავსებული. მისი თქმით, მაშინ, როცა სახეზეა სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ აშკარა დევნა, მსგავსი სახის ინფორმაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობა ამ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს საფრთხის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა. „ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ფაქტობრივ დევნას. ამ დროს, მათი დეკლარაციები ღია სივრცეშია განთავსებული და ფაქტობრივად გაშიფრულია საცხოვრებელი ადგილები, ავტომობილების, ტელეფონის ნომრები, ოჯახის წევრების სამუშაო ადგილი, მისამართები, როგორ დადიან, საიდან სად მიდიან და ა.შ“, – განაცხადა დეპუტატმა. კახა კახიშვილის შეფასებით, ერთი მხრივ, ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში კრიმინალთან ბრძოლის ველზე პირველ ფლანგზე დგანან, მეორე მხრივ კი, მათსა და მათი ოჯახის წევრებზე მთელი ინფორმაცია ღიად მოიპოვება. „შესაძლებელია კიდეც, დარტყმის ობიექტი გახდეს რომელიმე პოლიციელი ან სპეცსამსახურის თანამშრომელი. ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დეკლარაცია შეიძლება, განათავსო ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ამავდროულად, სპეცსამსახურების თანამშრომლების დეკლარაციებში მათი მისამართები იყოს დაშიფრული. პირობითად, რა ქონებას ფლობს პოლიციელი X, ეს არის, მაგრამ X-ის, მისი მეუღლის მისამართი, ტელეფონის ნომრები და ა.შ, ეს ყველაფერი იქნება დაშტრიხული. თუ ვინმე დაინტერსებული მხარეა, მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს, მოითხოვოს და დეტალურად შეისწავლოს. ამაზე პრობლემა არ არის, მაგრამ ღია სივრცეში სპეცსამსახურის თანამშრომლების, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის სპეცრაზმის თანამშრომლების, ოპერატიული თანამშრომლების საანკეტო მონაცემები, მათი სანათესაო წრის გაშიფვრა, ვფიქრობ, ძალიან არასწორია და საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ამ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა. კახიშვილის თქმით, უმჯობესია, ამაზე მუშაობა პრევენციულად წარიმართოს არასამთავრობო სექტორთან და პარლამენტთან ერთად, ვიდრე რაიმე მოხდეს და შემდეგ დაიწყოს საკითხზე ფიქრი.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სპეცსამსახურებში დეპარტამენტის უფროსის მისამართი საჯარო არ უნდა იყოს
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის კახა კახიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელების მისამართებზე ინფორმაცია საჯარო არ უნდა იყოს. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სპეცსამსახურებში დეპარტამენტის უფროსის მისამართი საჯარო არ უნდა იყოს. „რა თქმა უნდა, ეს პირადად ჩემი აზრია და არა გუნდის, იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი თითქმის ხუთი წელი და ეს პრობლემები იქაც იდგა ნამდვილად. ახლაც მიმაჩნია, რომ არ შეიძლება კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მისამართები და სად ცხოვრობს მისი ოჯახი და ა.შ. იყოს ღია. არ ვლაპარაკობ მე საქართველოს ჟურნალისტებზე, აქ საუბარია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები თუნდაც ადვილად მიადგნენ სახლს და იმუშავებენ ოპერატიულად. არ ვსაუბრობ მინისტრზე ან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე, არამედ თუნდაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უამრავი დაკავებებია თუნდაც ნარკორეალიზატორების მხრივ. საერთაშორისო ჩართულობით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვატარებთ სპეცოპერაციებს. რატომ უნდა იყოს ღია მისი მისამართი? ჩემი აზრით, არ უნდა იყოს. მე არ ვლაპარაკობ მინისტრზე, საკუთარ თავზე. დაბალი რგოლი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები უნდა იყოს დაფარული. ქონება ვისაც დააინტერესებს, მიმართოს სპეციალურ სამსახურს, მისამართები უნდა იყოს დაფარული", - განაცხადა გომელაურმა. კახა კახიშვილის თქმით, სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელების მისამართებზე ინფორმაცია საჯარო არ უნდა იყოს
თეა წულუკიანი: ვფიქრობ, ნიკანორ მელიას ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოუტანს
"ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს, არ მოუტანს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება პოლიციამ პროფესიონალურად და მშვიდობიანად ჩაატარა. „ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა, როდესაც პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა დაკავების ღონისძიება. ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს, არ მოუტანს. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ის მუშაობდა როგორც ადეიშვილის კადრი იუსტიციის სამინისტროში და მეტნაკლებად გვქონდა ერთმანეთის გაცნობის საშუალება. მან ალბათ იცის, რომ მე ტყუილთან არ ვმეგობრობ და მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა. ასევე დასანანია, რომ მას გარშემო, გარემოცვაში არ აღმოაჩნდა ადამიანები, რომლებიც სწორ რჩევას მისცემდნენ, რადგან რეალურად, მის გარემოცვას, პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში როგორც ინსტრუმენტი და ეს, რა თქმა უნდა, ადამიანურად ჩემთვის დასანანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას - დიპლომატები და ანალიტიკოსები
აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის და „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას შეფასებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები, რადგან როგორც უკვე ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ტესტი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა იქნება. როგორც ბათუ ქუთელიამ Europetime-ს განუცხადა, ამ საგარეო პოლიტიკურ განტოლებაში, აშშ-ს სჭირდება საქართველოც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დაიმსახურებს აშშ-ს ამ მხარდაჭერას საქართველო დემოკრატიული განვითარების კუთხით იმ ფონზე, როდესაც ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულ ფასეულობებზეა აგებული. ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, დემოკრატიული დღის წესრიგი და დემოკრატიების მხარდაჭერაა და თუ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად; ბოლომდე არ ჩავარდება არაფორმალურ მმართველობასა და ავტორიტარიზმში, რასაკვირველია, აშშ-ისგან სხვა ხარისხის მხარდაჭერა ექნება, რაც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება. „რუსეთთან მიმართებით, ბაიდენის პოლიტიკის ტესტი მდგომარეობს იმაში, რა პოზიცია ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მოიმოქმედა. კრემლის მხრიდან ობამას გადატვირთვის პოლიტიკით ბოროტად სარგებლობის შედეგად დამდგარი რეალობაც ამ პერიოდის ნაწილია. მათ შორის ის, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოიმოქმედა. ბაიდენის პოლიტიკა მთლიანად რუსული აგრესიული რევიზიონიზმის პასუხია, რომელიც პუტინმა 2008 წელს ღიად და თვალნათლად დაიწყო საქართველოში სამხედრო აგრესიით. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას, რაც ჯო ბაიდენმა, ენტონი ბლინკენმა და მათი გუნდის სხვა წევრებმა, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ დააფიქსირეს“, - აღნიშნავს დიპლომატი. მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდაზე, გასათვალისწინებელია, რა ფორმაში იქნება საქართველო და იქნება თუ არა ის ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერას დაიმსახურებს. „თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნებათ საქართველოში, სახელისუფლებო გუნდშიც უფრო მეტი პროდასავლური აქტორი გამოჩნდება. ასეთი აქტორები შეიძლება გამოჩდნენ „ქართული ოცნების“ გუნდშიც, არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით“, - აცხადებს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია. რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდამ, ამის შესახებ Europetime საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, დიპლომატსა და ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, 90-იან წლებში ის საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომლებმაც აზერბაიჯანს და ნაწილობრივ საქართველოსაც აუმაღლა სუვერენიტეტის დონე, აშშ-ის ინიციატივა იყო. სწორედ ამ პროექტებმა მისცა აზერბაიჯანს შესაძლებლობა, რომ გაემყარებინა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ახლა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორია. „რომ არ ყოფილიყო კლინტონის ადმინისტრაცია, ეს პროექტი ვერ შედგებოდა. ან შედგებოდა ბევრად უფრო გვიან, ან სხვანაირად. ფაქტია, რომ 90-იან წლებში ამ პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო ამერიკის მსოფლიო ლიდერობამ. აშშ-ის ადმინისტრაციას სერიოზული მუშაობა მოუწია უამრავი კომპანიის დასარწმუნებლად, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ინვესტირება ნამდვილად ღირდა. როდესაც ამერიკა ნაკლებ ყურადღებას გაქცევს, ვიდრე სხვა მნიშვნელოვან პარტნიორს, ნიშნავს, რომ რუსეთის მსგავს ქვეყნებს უჩნდებათ შესაძლებლობა, უფრო აგრესიულად და თამამად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ჩვენს რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს. ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფანს. რეალურად, რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს სხვა ქვეყნების თვალში“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი და დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მისივე თქმით, ამერიკა უნდა დაბრუნდეს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტი და მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია დიდი პოლიტიკური ფასის გარეშე ავნოს საქართველოს ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯები არის ძალიან დამაიმედებელი და ამას განვითარება მოჰყვება. „განვითარებაში ვგულისხმობ, რომ გაძლიერდეს ამერიკის მიერ საქართველოს ინტერესების ლობირება. მათ შორის NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან მუდმივად იქნებიან ევროპის ქვეყნებში ისეთები, რომლებიც შეეცდებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესს. ამერიკის აქტიური ლობირების გარეშე, საქართველო ვერ მოხვდება NATO-ში. ამერიკის აქტიური პოზიციის გარეშე საქართველოს Nato-ში გაწევრიანება გამორიცხულია. სულ მცირე, დამაიმედებელია ამერიკის პირველივე ნაბიჯებს შორის საქართველოს საკითხის დაყენება რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში“, - განუცხადა Europetime-ს გიორგი ბადრიძემ. როგორც Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, როცა სახელმწიფო ბევრი კუთხით დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე, ასეთ სიტუაციაში დასავლეთიდან მხარდაჭერის დაკარგვა, ძალიან მძიმე აღმოჩნდება საქართველოსთვის. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არასდროს ჰქონია დასავლეთის ისეთი დიდი მხარდაჭერა, როგორც ეს 2020 წლის არჩევნების შემდგომ ჰქონდა. 2007 წლის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთს არ გამოუთქვამს ისეთი მწვავე კრიტიკა, როგორც ეს ბოლო კვირებში მოხდა. ხელისუფლებამ რიტორიკა რომც არ შეცვალოს, დარწმუნებული ვარ, მელიას მაინც გამოუშვებს, რადგან არ მგონია, მელიას გამო, საბოლოოდ „გადაიკიდოს“ დასავლეთი. მე არ მჯერა იმ ზღაპრების, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა და მათ სურთ, საქართველო დააბრუნონ რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ, არ მგონია, მელიას გადააყოლონ ეს ამბავი. შეიძლება, ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ არც დასავლეთს არ უნდა, ხელი ჰკრას მას“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე. 4 მარტს, ენტონი ბლინკენმა განცხადა, რომ ამერიკა აქტიურად დაბრუნდება იმ რეგიონებში, სადაც ბოლო წლებში აშშ-ის მხარდაჭერა შესუსტდა. „ჩვენ ახლა გვჭირდება ქვეყნები თანამშრომლობისთვის, ისე როგორც არასდროს. გლობალურ გამოწვევებს, ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, მათ შორის ვერც ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკა დაბრუნდა. ამერიკას აქვს უნიკალური ძალა სახელმწიფოები პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანოს. პრობლემების, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ გადაწყვეტს. სამყარო თავის თავის ორგანიზებას თავად ვერ შეძლებს. ამერიკას აქვს ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების წარდგენისას.
დავით ზალკალიანსა და ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდერ შალენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბრის დასაწყისში მინისტრებმა შეაფასეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ავსტრიაში არსებული ვითარება და ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ტურიზმის სფეროს აღორძინების მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ავსტრიის მხრიდან საქართველოს სხვადასხვა სფეროში რეფორმების მხარდაჭერას და ამ მხრივ, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს განსაკუთრებულ ჩართულობას. ალექსანდერ შალენბერგმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ საქართველო ავსტრიისთვის პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება და განვითარების სფეროში თანამშრომლობის საქართველოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაიზრდება. მინისტრმა ავსტრიელ კოლეგას გააცნო რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შედეგები. ამავე დროს, მინისტრებმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები და ინიციატივები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის მზადება და მოლოდინები. "დავით ზალკალიანმა და ალექსანდერ შალენბერგმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვეს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას. ამას გარდა, გაუზიარეს ერთმანეთს რეგიონულ საკითხებზე თავიანთი ხედვები. საუბრის ბოლოს, მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და მიმდინარე აქტუალური საერთაშორისო საკითხების მიმართულებით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კელი დეგნანი: არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ვხედავ, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი
„არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს, მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი",- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა. აშშ-ის ელჩის თქმით, ამ პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო და ასეთივე პოზიცია აქვთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონგრესმენებსა და საქართველოს სხვა მეგობრებსაც. დეგნანი დარწმუნებულია, რომ შედეგის მისაღწევად საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს. „რასაც ვხედავთ არის ის, რომ არსებობს სურვილი იმისა, რომ ეს სიტუაცია გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რთული საკითხებია. არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს, მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი. ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშნელოვანი იყო მიშელის ჩამოსვლა და მისი მონაწილეობა. ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები. რა თქმა უნდა, იგივე სულისკვეთების არის კონგრესმენებისა და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება და პოზიცია, დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. დრო არის საჭირო საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.
შარლ მიშელი: ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის გვერდით დგას
"იდეა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვიყოთ, ბუნდოვანი ცნება არ არის", - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებულ ვიზიტს ეხმაურება და Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს. "იდეა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვიყოთ, ბუნდოვანი ცნება არ არის. გასულ კვირას, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ვეწვიე და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და პრეზიდენტ მაია სანდუს რეფორმების დღის წესრიგს მხარდაჭერა გამოვუცხადე ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ მომიწვიეთ", - წერს შარლ მიშელმა.
თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს
თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. მათი ცნობით, ფაქტი ამ საღამოს დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. "მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რომის პაპი: დაე, ბოლო მოეღოს ძალადობისა და ექსტრემიზმის აქტებს, დანაწევრებასა და შეუწყნარებლობას
ერაყში პირველი ვიზიტის დროს, რომის პაპი ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ერაყის პრეზიდენტთან, ბარჰამ სალიჰთან შეხვედრის დროს რომის პაპმა აღნიშნა, „ცივილიზაციის აკვანში“ სტუმრობა მისთვის სასიხარულო მოვლენაა. „დაე, ბოლო მოეღოს იარაღების შეჯახებას, დაე, დასრულდეს ძალადობისა და ექსტრემიზმის აქტები, დაყოფა და შეუწყნარებლობა. ერაყმა განიცადა ომების დამანგრეველი შედეგები, ხშირად ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებული ტერორიზმისა და რელიგიათაშორისი კონფლიქტების უბედურება, რომელსაც არ შეუძლი, მიიღოს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.