ძებნის რეზულტატი:

პროკურატურამ გორში "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს - გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია. გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს.

თამარ გაბუნია ომბუდსმენის ანგარიშზე: არც ერთი წუთით არ არის დასაშვები, რომ ბენეფიციარი ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იდგეს

"არც ერთი წუთით არ არის დასაშვები, რომ ბენეფიციარი ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იდგეს", - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება, სადაც თბილისის ფსიქიკურ სამედიცინო ცენტრში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დაუშვებელია რომელიმე ბენეფიციარი დაწესებულებაში რაიმე სახით ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე იდგეს. "არც ერთი წუთით არ არის დასაშვები ის, რომ ბენეფიციარი დაწესებულებაში იდგეს ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ. ამას აქამდეც დიდ ყურადღებას უთმობდა დაწესებულების მენეჯმენტი. ჩვენ ვმუშაობთ ფრანგ კოლეგებთან იმისთვის, რომ განახლდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია. აქ მთავარი გადაწყვეტა ამ პრობლემებისთვის გახლავთ დეინსტიტუციონალიზაციის საკითხი და ის, რომ ასეთი დიდი ზომის ინსტიტუციები, როგორიც არის თუნდაც გლდანის სამედიცინო დაწესებულება, შეიცვალოს სხვაგვარი დაწესებულებებით, მეტად სათემო სერვისით, თუ ეს არის ქრონიკულ პაციენტებთან მიმართებაში და ინტეგრირებული მწვავე მოვლის დაწესებულებებით მრავალპროფილურ სერვისებში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ ვითარებაზე სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები ძალადობისგან დაუცველნი არიან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. "საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქართული მხარის ერთგულებას როგორც აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის, ისე არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ. გამოკვეთილად მხარდამჭერი იყო აშშ თავდაცვის მდივანიც. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ თავდაცვის უწყებისთვის და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ერთობლივ მონაწილეობაზე და აღინიშნა, რომ „ჩვენ არა მხოლოდ ვშრომობთ ერთად უკეთესი მომავლისთვის, არამედ ვიბრძვით კიდეც ერთად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.“ ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საუბრისას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-თან მაღალი დონის შეხვედრები, ერთობლივი სამხედრო სწავლებები და ამერიკის მხარდაჭერა რეგიონში - ურყევი სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირებაა. მხარეებმა აშშ-საქართველოს ერთობლივ პროგრამებზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმებზე, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების გრძელვადიან პრიორიტეტებს. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ განხორციელებაში აშშ-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და თანამშრომლობის არეალის გაფართოების სამომავლო პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. სატელეფონო საუბრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ოფიციალური შეხვედრის იმედი გამოთქვა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფაშინიანმა ვადამდელი არჩევნების საკითხი ოპოზიციასთან განიხილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციური პარტია ,,ნათელი სომხეთის" ლიდერს, ედმონ მარუქიანს შეხვდა. ინფორმაციას Armenpress-ი პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც პრემიერი ფაშინიანი სხვა დეპუტატების მოსაზრებებსაც მოისმენს და კონსენსუსს მიაღწევენ. ,,პარლამენტის ვადამდელი არჩევნების თემაზე დისკუსიების გაგრძელების მიზეზი თქვენი განცხადებები იყო და იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მივაღწევთ საერთო ენას, არამხოლოდ თქვენთან, არამედ ასევე ჩვენს კოლეგებთან ,,აყვავებული სომხეთის” ფრაქციაშიც, რადგან თუ საბოლოოდ, საპარლამენტო ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, მაშინ შეგვიძლია, განვიხილოთ ეს საკითხი გადასაწყვეტად. თავიდანვე ეს იყო ჩვენი მოსაზრება, რომ საბოლოოდ, ეს პოლიტიკური თავი უნდა დასრულდეს ხალხის ნების გამოხატვით და დღეს მოხარული ვიქნები, მოვისმინო თქვენი მოსაზრებები, როგორ უნდა განვვითარდეთ “, - თქვა პრემიერ-მინისტრმა მარუქიანთან შეხვედრისას. ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირაში შესთავაზა, თუკი ისინი გარკვეულ პირობებს დათანხმდებოდნენ.

იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ და საქართველომ მთავარი აქცენტები კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე უნდა გააკეთონ

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისთვის, ორივე ქვეყანამ NATO-ს სტანდარტები უნდა დააკამყოფილონ და ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ რეფორმებზე. ამის შესახებ მან ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავარი აქცენტები უკრაინამ და საქართველომ კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე უნდა გააკეთონ. „ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილოს NATO-ს სტანდარტები. ჩემი მთავარი მესიჯია ამ ქვეყნებისთვის, რომ ფოკუსირებულნი იყვნენ რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში აქტიურად ვეხმარებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბორის ჯონსონი მიანმარში განვითარებულ მოვლენებზე: მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო რეპრესიები

მიანმარში განვითარებულ მოვლენებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა. როგორც მიკრობლოგ ,,Twitter"-ში ჯონსონის წერს, იგი შეძრწუნებულია დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების მკვლელობით და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლი შეწყდეს სამხედრო რეპრესიები. „შეძრწუნებული ვარ მიანმარში ძალადობის ესკალაციით და დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების მკვლელობით. ჩვენ მიანმარელი ხალხის გვერდით ვდგავართ და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო რეპრესიები, გაათავისუფლონ აუნ სან სუ ჩი და სხვები და აღდგეს დემოკრატია“, - წერს ჯონსონი. ცნობისთვის, მიანმარში, ოთხშაბათს გამართულ აქციაზე სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა. გაეროს შეფასებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ეს ყველაზე „სისხლიანი დღე“ იყო ქვეყანაში. უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს და ისინი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ნამდვილ ტყვიებს ესროდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 14, 17 და 19 წლის მოზარდებიც არიან.

არჩილ თალაკვაძემ ვაქცინებზე წვდომის საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან განიხილა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მთავარ პოლიტიკურ თემებეზე, covid 19- ვაქცინაზე წვდომის საკითხზე და საქართველოს რეფორმებზე ისაუბრებს. როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი შედგა და მან ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოები დადებითად შეაფასა. ,,მნიშვნელოვანი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლისთან. განვიხილე მთავარი პოლიტიკური თემები, კოვიდ19-ის ვაქცინაზე წვდომის საკითხი და საქართველოს რეფორმები. მან ასოცირების დღის წესრიგით ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს დადებითი შეფასება მისცა და კიდევ ერთხელ დამიდასტურა საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა", - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

BBC: იტალიამ AstraZeneca-ს ავსტრალიაში გადაზიდვა დაბლოკა

იტალიის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინის ავსტრალიაში გადაზიდვა დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება AstraZeneca- ს 250 000 დოზას ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯს მხარს ევროკომისიაც უჭერს. ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კომპანიამ ევროკავშირს შეკვეთილი ვაქცინების მხოლოდ ნაწილი მიაწოდა. ევროკავშირის ვაქცინების სქემის თანახმად, რომელიც გასული წლის ივნისში შეიქმნა, ბლოკმა მოლაპარაკება აწარმოა ვაქცინების შეძენაზე წევრი ქვეყნების სახელით. იანვარში, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მიუღებლად შეაფასა, როგორც AstraZeneca– ს, ასევე Pfizer– ის მიერ ვაქცინის მომარაგების შეფერხება და კომპანიები კონტრაქტების დარღვევაში დაადანაშაულა.

ბენიანიმ ნეთანიაჰუ: ისრაელი არასდროს დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიანიმ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს და არასდროს დაუშვებს, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელი რუქიდან გააქროს. როგორც ,,foxnews"-თვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის პრემიერმა განაცხადა, მას იმედი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს დაეხმარება, რადგან ჯო ბაიდენი ბაიდენი ისრაელის მეგობარია. „მე და ბაიდენი ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, თბილი ურთიერთობები გვაქვს. ვფიქრობ, ჯო ბაიდენი ისრაელის მეგობარია და მზად არის, დაგვეხმაროს. ასევე ვიცი, რომ ზოგჯერ საუკეთესო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება ჰქონდეთ. მთავარია, რომ ჯო ბაიდენს ესმის, რომ ისრაელი არასდროს დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აშშ მზადაა, რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის შესახებ შტატების თავდაცვის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სატელეფონო საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის უნდა გაგრძელდეს, ხოლო სამომავლო თანამშრომლობა ბოლო წლების მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს ,,ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე თავდაცვის მინისტრის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც ემყარება საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს. მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს ტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს წვლილისა და ავღანეთში ქართული ჯარის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის მინისტრმა ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის უნდა გაგრძელდეს, ხოლო სამომავლო თანამშრომლობა ბოლო წლების მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 9 სამხედრო ემსხვერპლა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ამ ეტაპისთვის უცნობია.

პრეზიდენტი თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს თანაგრნობას უცხადებს. ,,უაღრესად სამწუხარო ფაქტია, დაღუპულთა ოჯახების გვერდით ვდგავართ", - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა, დაშავდა 4.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, 172 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 350, PCR ტესტით - 8 672. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266 253- ს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 563-მდე გაიზარდა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1.77 %, ბოლო 14 დღის - 1.62 %, ბოლო 7 დღის - 1.31% ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 300 კოვიდინფიცირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 379, კლინიკურ სასტუმროში კი - 154.

თურქეთში დავით ზალკალიანის ვიზიტისას განხილულ საკითხებზე საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითადი ფოკუსით არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იყო განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ძალისხმევა უნდა წარიმართოს თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე. მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების ფარგლებში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციისა და თურქეთს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნული შეთანხმება დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე. მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონული თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას და ამ მხრივ კმაყოფილება გამოიხატა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ახალ რეგიონულ ინიციატივებს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხასიათის ინიციატივა უნდა ეფუძნებოდეს და მათი იმპლემენტაცია შესაძლებელია მხოლოდ მონაწილეთა მხრიდან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის პირობებში. ამას გარდა, მინისტრმა ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ღია უნდა იყვნენ თანამშრომლობის ინიციატივებში ევროპიდან და აზიიდან პარტნიორების ჩართვაზე, ხოლო თავად მსგავსი თანამშრომლობა ფოკუსირებულ უნდა იქნეს ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებას, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

რომის პაპი ერაყში ვიზიტს იწყებს

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ვიზიტს იწყებს. კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერის ვერტმფრენი უკვე აფრინდა და ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათში დაეშვება. ეს იქნება პაპი ფრანცისკეს პირველი ვიზიტი ერაყში. როგორც Vaticannews-ი იუწყება, გამგზავრებამდე პაპი იტალიაში მცხოვრებ ათობით ერაყელ ლტოლვილს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პაპის დასახვედრად განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს ერაყში. დღესვე, ერაყში ჩასვლისთანავე, რომის პაპი ფრანცისკე პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმს შეხვდება. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, პაპი პრეზიდენტ ბარჰამ სალეჰს შეხვდება. შაბათს, რომის პაპი თვითმფრინავით გაემგზავრება ქალაქ ნაჯაფსა და ურში. ერაყის ორ ქალაქში მოგზაურობის შემდეგ, პაპი ბაღდადში დაბრუნდება, სადაც საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. ორშაბათს კი, კათოლიკური სამყაროს ლიდერი ერაყში ვიზიტს დაასრულებს და გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის შემდეგ, ვატიკანში დაბრუნდება. ამავე თემაზე: რომის პაპი ფრანცისკე ერაყს ეწვევა რომის პაპმა მორწმუნეებს სთხოვა, ერაყში მისი ვიზიტისთვის ილოცონ

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის საელჩოსა და DTRA-სგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან (DTRA) პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „გასული წლის განმავლობაში COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისა და ხალხისთვის აუცილებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად შეერთებულმა შტატებმა $7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია საქართველოს. გუშინ ელჩის ახალმა მოადგილე რაიან ჰარისმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გადასცა პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირების საშუალებები. აღნიშნული დახმარების ღირებულება $114 000 დოლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ფერმერთა დასახმარებლად, რომ მათ მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა შეძლონ. ეს სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ საქართველოს სურსათის მწარმოებლებმა განაგრძონ საქართველოს ეკონომიკურ აღდგენაში წვლილის შეტანა. მსოფლიო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადასარჩენად, ეკონომიკური აღდგენის ხელშესაწყობად და მომავალი ბიოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ უკეთესი მედეგობის მისაღწევად. ამ გამოწვევების დასაძლევად შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და COVAX-ის მსგავს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.

საფრანგეთმა სლოვაკეთს Astrazeneca-ს ვაქცინის 150 000 დოზა გადასცა

საფრანგეთმა სლოვაკეთს Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ავრცელებს. მატოვიჩი საფრანგეთის მთავრობასა და პრეზიდენტ მაკრონს ვაქცინის მიწოდებისთვის და გამოხატული სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ,,რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, საფრანგეთმა სლოვაკეთისთვის მეგობრობისა და ევროპული სოლიდარობის ნიშნად Astrazeneca-ს 150 000 დოზა გადასცა. დიდი მადლობა საფრანგეთის მთავრობას.მადლობა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს", - წერს მატოვიჩი სოციალურ ქსელში.

ჩეხეთსა და უნგრეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატებასთან ერთად, ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზომები გაამკაცროს. როგორც უცხოური გამოცემები იტყობინებიან, ჩეხეთის რეგიონებში საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია. მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საბავშვო ბაღები იხურება, ამასთანავე კომპანიებში კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება სავალდებულო ხდება. რეგულაციების გამკაცრებისთვის ემზადება უნგრეთიც. როგორც ცნობილია, covid 19-ის მესამე ტალღის მოლოდინში, ქვეყანაში იხურება მაღაზიების უმეტესობა და დაწყებითი კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. კონკრეტულად კი, საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იხურება 7 აპრილამდე, ასევე, 8 მარტიდან 22 მარტამდე იხურება ყველა მაღაზია, გარდა საკვების მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.

5 თვის შემდეგ, დღეს პირველად, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრა იმართება

5 თვის შემდეგ დღეს პირველად ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრა იმართება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა: მოლაპარაკებების შედეგად იმედი აქვთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადმოსვლის საშუალება მიეცემათ და იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც ქართული მხარე მოსახლეობას სთავაზობთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. "რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრა იმართება დღეს, რადგანაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა დაგროვილი საკითხების, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. გარდა იმ საკითხებისა, რომელთა დაყენებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, საუბარი გვექნება ასევე ჰუმანიტარულ თემებზე და საჭიროებებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებით გაუჩნდათ პანდემიის პირობებში. ახალგორში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხი იქნება დღეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმ ადამიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის თუ სხვადასხვა არხების მეშვეობით, საოკუპაციო რეჟიმთან ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ და მოვახერხოთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად გადაადგილება კონტროლირებად ტერიტორიაზე“- განცხადა ზვიად ზვიადაძემ.

გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა უარყოფითი PCR-ტესტით შეუძლიათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „განკარგულების თანახმად, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას დღეიდან შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები. აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი“, - ნათქვამია განცხადებაში.