ძებნის რეზულტატი:
ვახტანგ გომელაური: არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთაც განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელი
პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა. „სამინისტროს ინიციატივით მიღებულია ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე - მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს. „2020 წლის პირველი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როდის დასრულდება პანდემია - ჯანმოს წარმომადგენელთა ვარაუდები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, არარეალურია ვიფიქროთ, რომ covid 19-ის პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც რაიანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციით შესაძლებელია ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირება და ასევე, იმ ტრაგედიების თავიდან აცილება, რაც covid 19-ს უკავშირდება. ,,ნაადრევი და არარეალური იქნება ვიფიქროთ, რომ პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება. თუ ჭკვიანები ვართ, ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ ჰოსპიტალიზაცია, სიკვდილიანობა და პანდემიასთან დაკავშირებული ტრაგედიები", - განაცხადა ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა. გარდა ამისა, ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა 26 თებერვალს მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პანდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.
ბელარუსის ხელისუფლებამ ლიეტუვას სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა
ბელარუსის ხელისუფლებამ ლიეტუვას ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას EURONEWS-ი ავრცელებს. ,,გაიგზავნა თხოვნა ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების შესახებ. მის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა მთავრობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს ბრძანების წინააღმდეგ", - ნათქვამია ბელორუსის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. ცნობისთვის, ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მან სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო. მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ტიხანოვსკაია მეზობელ ლიეტუვაში გაიქცა და მას შემდეგ დევნილობაში იმყოფება.
გია ნოდია: პლებისციტი იქნებოდა სერიოზული მიღწევა
პლებისციტი იქნებოდა სერიოზული მიღწევა, ახლა ეს არის ყველაზე რეალისტური და ოპოზიციას რეალიზმის გრძნობა უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ Europetime-ს პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა. „პლებისციტი იქნებოდა სერიოზული მიღწევა. რაღაც დონეზე შარლ მიშელის ვიზიტმაც იქონია გავლენა. ეს საკითხი ახლა შეიძლება უფრო ფართოდ განიხილება, მაგრამ მანამდეც განიხილებოდა. უბრალოდ, მოულოდნელად, ახლა მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ პლებისციტის წინააღმდეგია. თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის გავლენას და ავტორიტეტს ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მან განსხვავებული აზრი გამოთქვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად, ოპოზიცია, ან თუნდაც მისი პარტია ამას საბოლოოდ უარყოფს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, შეიძლება, არც შეცვალოს. მე ვფიქრობ, დათანხმება გონივრული კომპრომისი იქნებოდა. გასაგებია, რომ ოპოზიციას მაქსიმუმი უნდა. მაქსიმუმი არის, ის რომ დღესვე გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვთქვათ შემოდგომაზე, გაზაფხულზე ტექნიკურად ვერ მოესწრება. არც ოპოზიციის ინტერესში შედის ასე მოკლე ვადაში არჩვენების დანიშვნა“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას გია ნოდია. მისივე თქმით, დასავლეთისთვის დემოკრატია არის საპარლამენტო დემოკრატია, ინსტიტუციის ჩარჩოებში მოხვედრილი დემოკრატია. „მართალია, დასავლეთი ეთანხმება იმას, რომ იყო სერიოზული დარღვევები, მაგრამ არ ეთანხმება იმას, რომ არსებობს ცალსახა საბუთი იმისა, რომ სინამდვილეში ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში და ვთქვათ წაართვა მას გამარჯვება ხელისუფლებამ. ეს იყო მიზეზები, რის გამოც ცალსახა დამოკიდებულება ჰქონდა დასავლეთს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. მაგრამ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, გარდატეხა მოხდა. არა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი აღარ ეუბნებიან პარლამენტში შედითო, უბრალოდ, ისინი ახლა უფრო მეტი გაგებით ეკიდებიან ოპოზიციის შეხედულებებს. ეთანხმებიან იმას, რომ ოპოზიცია რომ შევიდეს პარლამენტში, საჭიროა რაღაც წინაპირობები და ფაქტობრივად, ეს წინაპირობების სია არის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული შეხვედრის ძირითადი შედეგი იყო“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი. როგორც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვას ბიძინა ივანიშვილის იდეად წარმოაჩენს და ამბობს, რომ ამ მოდელს თავს ბიძინა ივანიშვილი გვახვევს. პარტიების ნაწილი, მათ შორის „სტარტეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება. „მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, - ამის შესახებ კი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, პლებისციტთან დაკავშირებით მსჯელობაზე ხელისუფლება უარს არ ამბობს. „მსჯელობა რასაკვირველია ღირს, ვინაიდან, ეს საკითხია და მოლაპარაკების მაგიდასთან არგუმენტები ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ის რომ, სააკაშვილი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ეს განსახილველი თემა ვერ იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. „ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი - იყოს თუ არა. ჩემი აზრით, არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს“, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერნა მამუკა მდინარაძემ.
ვახტანგ გომელაური: 112-ში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი შეიქმნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. როგორც გომელაურმა პარლამენტში ,,მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უწყებას 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა. „112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, -განაცხადა გომელაურმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პანდემიის პირობებში 2020 წელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – „112“-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს. შესული ზარების რაოდენობა შვიდ მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, გაორმაგდა თანამშრომელთა რაოდენობაც. პანდემიასთან დაკავშირებით, „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – „144“. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით სამ სხვადასხვა ადგილზე მოეწყო. პანდემიასთან დაკავშირებული გადატვირთვის გამო, „112“-მა შეიძინა და განაახლა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თეა წულუკიანი: გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა დამაზიანებელი იყო არამხოლოდ გუნდისთვის, არამედ თავად გიორგი გახარიასთვისაც
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა დამაზიანებელი იყო არამხოლოდ გუნდისთვის, არამედ თავად გიორგი გახარიასთვისაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ ფლობს ინფორმაციას გიორგი გახარიას სამომავლო გეგმებზე. „გიორგი გახარიას გადადგომაზე მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე - ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, პირადად გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი“, განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს. „რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინაიდან ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს დროებითია. თუ მუდმივად ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით. იმაზე მეტი კომენტარი, რაც გავაკეთე, მგონია ზედმეტი. თუკი ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში, მერე უკვე მისთვის დასასმელ კითხვებს მას დავუსვამ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ვახტანგ გომელაური: 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა კი წელსაც გაგრძელდება. პარლამენტში ,,მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, გომელაურმა ასევე ისაუბრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგისა და სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციის შესახებაც. ,,წელს ავჭალაში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა წელსაც გაგრძელდება. გასულ წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ინსტრუქცია. სამედიცინო შემოწმების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2020 წლის დასაწყისში დამტკიცდა სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქცია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოცხადდება
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
ვახტანგ გომელაური: 2020 წელს 152 კიბერდამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ აგრძელებს ბრძოლას და 2020 წელს აღნიშნული დანაშაულისთვის 152 პირი დააკავეს. მისივე თქმით, გასულ წელს, ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით მიიღეს მონაწილეობა. „უნდა აღინიშნოს, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. პარტნიორებისა და უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების გადამზადება და ცოდნის გაზიარება. 2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 152 კიბერდამნაშავე. ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც, მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს „ათეთრებდნენ“. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათზე“. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2020 წელს კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი შეიქმნა თბილისში. გომელაურის განცხადებით, მსგავსი დანაყოფები ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილების შედეგად, შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გამომძიებლებმა გადამზადება გაიარეს კიბერდანაშაულის გამოძიების, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. გაიზრდება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა, მათ შორის, რეგიონებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ესპანეთში დაკავებულ 9 მეზღვაურს შორის 4 ქართველია - გემს 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა
პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ NEHIR-ს, 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა. რომლის ღირებულებაც ბაზარზე 150 მილიონ ევროს აღწევს. ესპანელმა სამართალდამცველებმა მეზღვაურები ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში 24 თებერვალს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცეებს. მედიის ცნობით, მეზღვაურებმა გემი ჩაძირეს და გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერებები მტკიცებულების სახით წყლიდან ამოიღეს და 9 მეზღვაური დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებულ 9 მეზღვაურს შორის 4, საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეების დაკავება Europetime-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ესპანელი სამართალდამცველების მხრიდან შევიდა საელჩოში. საკონულო დაწესებულება ხაზზეა, როგორც დაკავებულების ადვოკატთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან, რომლებიც ინფორმირებულნი არიან საქმის შესახებ. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულების უფლებები არის დაცული. საქმის დეტალებს რაც შეეხება, მას ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.
მოლდოვამ Covax პლატფორმისგან Astrazeneca-ს ვაქცინა მიიღო
მოლდოვამ Covax პლატფორმისგან Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ავრცელებს. მისივე ცნობით, ქვეყანამ Astrazeneca-ს ვაქცინის 14 000 დოზა მიიღო. ,,დღეს მოლდოვას რესპუბლიკაში კოვაქსის პლატფორმის მიერ მოწოდებული უფასო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. ევროპაში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც ვაქცინები ამ ინიციატივის ფარგლებში მიიღო.მადლიერნი ვართ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციის, რომლებიც ფინანსურდ ეხმარებიან ამ გლობალურ პლატფორმას – გერმანია და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდ ბრიტანეთი, კანადა, ევროპული კომისია, იაპონია და სხვები. [მადლობა] მათ მიერ გამოჩენილი სოლიდარობისთვის, რომელიც მტკიცდება ამ ყველასთვის მძიმე დროს. მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და UNICEF გამოჩენილი ძალისხმევისთვის, რათა ვაქცინები თანაბრად განაწილებულიყო”,- წერს სანდუ სოციალურ ქსელ Facebook-ში.
Guardian-ი: ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში Covid19-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინები ამოიღეს
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის Interpol-ის ინფორმაციით, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში პოლიციამ covid19-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინების ათასობით დოზა ამოიღო. აღნიშნულის შესახებ ცნობებს Guardian-ი ავრცელებს. სამართალდამცავების ცნობით, ყალბი ვაქცინის 2 400 დოზა იოჰანესბურგთან ახლოს, ერთ-ერთი სახლის საწყობიდან ამოიღეს. ასევე, აღმოჩენილია ყალბი პირბადეები. დაკავებულია ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე. Interpol-ში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ „აისბერგის წვერია“ და პანდემიის პერიოდში ყალბი ვაქცინებითა თუ მედიკამენტებით ვაჭრობას, სავარაუდოდ, გაცილებით დიდი მასშტაბი აქვს. პარალელურად, ფალსიფიცირებული და კუსტარულად დამზადებული ვაქცინებით მოვაჭრეთა ქსელი გამოვლინდა ჩინეთში. დაკავებულია 80 პირი, ამოღებულია 3 000 დოზა ყალბი ვაქცინა.
ვახტანგ გომელაური: მე მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის
"მე მხარს დავუჭერდი, პირველ რიგში, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში. „ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კოლეგებთან - FBI-სთან, DEA-სთან, ევროპოლთან, ინტერპოლთან და მათთან ერთად ბევრი დიდი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული. არა მარტო გასული წლის, არამედ გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი ოდენობით თხევადი ნარკოტიკის ამოღებით დაწყებული და თუნდაც ეს - 40 კილოგრამი ჰეროინის ამოღების თემაც, საერთაშორისო ჩართულობით გავაკეთეთ. რაც შეეხება ნარკორეალიზატორების თემას, ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა ამ მიმართულებით და მართლაც, რთული თემაა. თითქმის კვირა ისე არ გადის, საპოლიციო ღონისძიება არ ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ამას ვაშუქებთ. ტარდება პოლიციური ღონისძიებები, ზუსტად მაგ მიმართულებით, ქვემო ქართლის მიმართულებით და ხდება ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება. რაც შეეხება გამკაცრების თემას, შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს და რა თქმა უნდა, მე მხარს დავუჭერდი, პირველ რიგში, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაური: მელიას დასაკავებლად შენობაში 200 პოლიციელი იყო შესული
"მელიას დასაკავებლად შენობაში 200 პოლიციელი იყო შესული", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ სოზარ სუბარის მიერ დასმულ კითხვას ნიკა მელიას დაკავების დროს გამოყენებულ საპოლიციო ძალასთან დაკავშირებით "შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. იქ იყვნენ როგორც მაშველები, ასევე გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, მეხანძრეები, რომლებიც გარეთ იყვნენ, შიგნით არ შესულან. იყო საშიშროება თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. მაგას თუ მოვითვლით ყველაფერს ერთად, შეიძლება ცოტა ბევრი მოეჩვენოს ადამიანს. შიგნით შესული პირიქით ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი დაგვხვდა შიგნით. ამაზე კადრებიც არის, თვითონაც აქვთ გადაღებული და ჩვენებსაც აქვთ გადაღებული" - განაცხადა გომელაურმა. სოზარ სუბარის თქმით, ნიკა მელიას დაკავება იყო "უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული ოპერაცია, როდესაც არცერთ ადამიანს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული დაზიანება მაინც არ მიუღია".
ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, გორში, 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალი დაუმძიმდეს
„ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა. როგორც 14 წლის ბავშვის თემა, ქობულეთში. ეს არ არის მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა. რატომღაც ყველა ამბობს, სად იყო პოლიცია. მე, რა თქმა უნდა, არ ვირიდებ თემას, მაგრამ საზოგადეობის, ყველას ბრალიცაა - თქვენი, ჩემი, ყველას ბრალია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არაა გორში, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დაკავებული პირის მიმართ საქმე ძალადობის მუხლითაც აღძრული, განაცხადა, რომ საქმის გადაკვალიფიცირების არანაირი პრობლემა არ არსებობს. „რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ ამ ფაქტის შესახებ. არ მინდა, დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები საერთოდ არავის არაფერი არ უთქვამს, ან მეზობელი არ ხედავს?!… ეს საზოგადოების პრობლემაცაა, არაა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსი. იგივე იყო 14 წლის ბავშვი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა. არანაირი ძალადაობა არ დაუფიქსირებია. როგორც წესია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა. არავითარი პრობლემა არ ყოფილა, მერე გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ და თუ ვინმე გამოიკვეთება, მიდის გამოძიება, მასაც დავაკავებთ. უმძიმესი თემაა, მე არ ვირიდებ პასუხისმგებლობას", - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, გორის რაიონში 13 წლის გოგომ იმშობიარა - დაკავებულია 50 წლამდე კაცი.
ერგნეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი განიხილეს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 98-ე შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაათავისუფლებენ უკანონო პატიმრობაში მყოფებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე კონკრეტულ ფორმებსა და შეთავაზებებზე მიმდინარეობდა მსჯელობა. ,,დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ეს თემა ძალიან აქტუალურად დაისვა შეხვედრაზე. მოგეხსენებათ, მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერაა, რაც სხვათაშორის იყო დღევანდელ შეხვედრაზე მკვეთრად გამოხატული, შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე, ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და რა თქმა უნდა გაკეთდა შეთავაზება, რომ ამგვარად და ზოგადად ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, გამოვიყენოთ ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაუბრუნდება ოჯახებს", - განაცხადა ანთაძემ. ანთაძის თქმით, შეხვედრები შედეგიანი იქნება მაშინ, როდესაც ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქე საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდება. ,,შედეგიანობაზე საუბარი უპრიანი იქნება მაშინ, როდესაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს და საერთოდ აღმოიფხვრება უკანონოდ დაკავებების მახინჯი პრაქტიკა. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, რასაც შეეხო ჩვენი დისკუსიები, რა თქმა უნდა განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი და ამ კონტექსტში რა თქმა უნდა, მთავარ პრობლემას წარმოადგენს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი, რაც ბოლო თვეებში აქტიურ ფაზაში იყო შესული", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა. ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების წინა შეხვედრა 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა.
გეოლოგიის დეპარტამენტი: ნამახვანჰესის საფრთხეების შესახებ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილი ნამახვან ჰესის მშენებლობით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. ის მოსახლეობას ურჩევს, გავრცელებული არასწორია ინფორმაცია სპეციალისტებთან გადაამოწმონ. როგორც Europetime-ს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტიდან აცნობეს, საუბარი იმაზე, რომ კაშხალი შენდება სუსტ გრუნტებში, სიცრუეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ასევე სიცრუეა, თითქოს ჰესი საფრთხეს შეუქმნის სამკურნალო ბალნეოლოგიურ წყლებს „ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას“, - აღნიშნავს გაფრინდაშვილი ნამახვან ჰესის შესახებ. „საუბარი იმაზე, რომ კაშხალი შენდება სუსტ გრუნტებში, სიცრუეა. კაშხალი განთავსებულია მტკიცე ორპირიტულ ქანებში, რომლებიც ერთ-ერთი მტკიცე, მდგრადი ქანებია. ყველაზე დიდი მეწყერი, რომელიც ამ ზონაში წყალსაცავის არეალშია მოქცეული, ეს არის ბერჩის მეწყერი, თუმცა იმ ტიპისაა, რომ ერთიანი მოწყვეტა და 34 მეტრიანი ტალღის გამოწვევა არ შეუძლია. ეს ზონა 170 მლნ კუბური მეტრის ტევადობის სივრცეა, რაც ძალიან დიდი ტევადობაა და გამორიცხულია, 34 მეტრიანი ტალღა წარმოიშვას. აღსანიშნავია, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნება სამკურნალო ბალნეოლოგიურ წყლებს. სულ სხვა მორფოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ ზონაში მდებარეობს კურორტი წყალტუბო და სხვა ზონაშია მდინარე რიონის ხეობის ის ზონა, სადაც ნამახვანის ჰესი უნდა აშენდეს. ასევე, არავითარი კარსტული ქანები აქ არ არის. კარგი იქნება, მშენებლობის ეტაპზე საინიციატივო ჯგუფს თუ ჩამოვაყალიბებთ. ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი, აღიარებული კონსტრუქტორები, გეოლოგები, მშენებლები და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას. სეისმური თვალსაზრისით, ბევრად უფრო სეისმურ ზონაში მდებარეობს ენგურჰესი, ვიდრე ნამახვანი. გაშლის სიმაღლე იქ 275 მეტრია, აქ 105 მეტრი. მზად ვართ კერძო და საჯარო საუბრებისთვის და უფრო ობიექტურად მივუდგეთ მშენებლობის საკითხს“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა. დღეს, ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. რამდენიმე დღის წინ, ჰესის აშენების გაპროტესტების მიზნით ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ნამახვან ჰესის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით გავრცელებული, არც ერთი ინფორმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსახლეობამ კი მინისტრს უპასუხა, რომ მთავრობა შუახევში მიმდინარე მშენებლობაზეც უსაფრთხოების პირობას იძლეოდა, მაგრამ გვირაბი დაინგრა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ოთხ წელიწადში შეიცვლება და ნამახვან ჰესის უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება.
აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ
აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ამჟამად, სხვა ზომას შორის განიხილება რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენების, ე.წ. ოლიგარქების მიმართ სანქციების შემოღება, ან ისეთი ეკონომიკური ხასიათის ზომის ამოქმედება, როგორიცაა რუსეთის სუვერენულ ვალზე სანქციის დაწესება. ბრიტანელი ოფიციალური პირები გეგმავენ მიმართონ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომ გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ხუთშაბათს მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიღებული ვალდებულებები. აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მთავრობას ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის მოწამვლაში ადანაშაულებენ. აგრეთვე მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი განაგრძობს აკრძალული ქიმიური იარაღის წარმოებას. აშშ-მ ნავალნის საქმეზე სანქცირებულთა სია გამოაქვეყნა. ევროკავშირი, ნავალნის დაკავების გამო, ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს
დავით ზალკალიანი: დადასტურდა აშშ-ის მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დონე ახალ ადმინისტრაციასთანაც ახალ საფეხურზე ავა. აღნიშნული განცხადებით ზალკალიანი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შტატები მზადაა გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები ,,ეს იყო კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი და დასტური ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის მაღალი თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები. ჩვენ გვქონდა, ამ თვალსაზრისით ძალიან ხელშესახები პრაქტიკული თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში, ერთგული მოკავშირე. ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია ჩვენი ქმდებებით, ასევე კოალიციაში საქმიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დონე თვისობრივად ახალ დონეზე ავა ახალ ადმინისტრაციასთანაც", - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს.
საქართველო კოვიდვაქცინას, სავარაუდოდ, 22 მარტს მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდვაქცინას, სავარაუდოდ, 22 მარტს მიიღებს. მისივე თქმით, ვაქცინის მიწოდება 22 მარტის კვირაში და მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის მიმართულებით დაიწყება. ,,წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის მიმართულებით დაიწყება. ასევე გვაქვს სიახლეები, Astrazeneca-ს ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით - UNICEF-მა უკვე მიიღო დასტური Astrazeneca-სგან პირველი დოზების მიწოდებაზე ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც ჩვენთვის არის განკუთვნილი, 129 600 დოზა, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ. პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია რომ მოსალოდნელია 22 მარტის კვირაში, მივა UNICEF-თან და აქედან გამოიგზავნება საქართველოში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.