ძებნის რეზულტატი:
პრინც ფილიპეს მდგომარეობის გაუარესების გამო, ჰარის ლონდონში, ბაბუასთან გამოსამშვიდობებლად ჩასვლა სთხოვეს
დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, დიდი ბრიტანეთის სამეფო კარმა სამშობლოში დაბრუნება და 99 წლის ბაბუასთან, პრინც ფილიპესთან გამომშვიდობება სთხოვა. ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპე უკვე სამ კვირაზე მეტია, საავადმყოფოშია. სამეფო კარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია. ბუკინგემის სასახლე დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გულის ოპერაცია გაუკეთეს.
ვინ იყო ქართველი მეცნიერი, რომელსაც პიკასომ თავისი ნახატი აჩუქა და რომელმაც საქართველოში არაერთი ცნობილი ხელოვანი მოიწვია
Europetime კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას გთავაზობთ ადამიანზე, რომელიც მეგობრობდა პიკასოსთან, სხვა არაერთ ცნობილ მსოფლიო დონის ხელოვანთან და საქართველოში ნობელის პრემიის არაერთი ლაურეატი და ცნობილი ხელოვანი მოიწვია. საქართველოს სწორედ მისი მოწვევით და ორგანიზებით ეწვია ცნობილი ფოტოგრაფი რობერტო კაპა , რომელმაც მსოფლიოს საქართველო უნიკალური კადრებით გააცნო და ყოველთვის აღფრთოვანებული იხსნებდა ჩვენს ქვეყანას. ვლადიმერ მაჭავარიანს ახლო მეგობრობა აკავშირებდა როგორც პიკასოსთან, ისე სხვა ცნობილ ევროპელ და ამერიკელ მხატვრებთან, მსახიობებთან და მეცნიერებთან. პაბლო პიკასომ თავისი ქართველი მეგობარი ვლადიმერ მაჭავარიანი პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში დაპატიჟა და რესტორნის შეფმზარეულს სთხოვა, საუკეთესო ღვინო მიერთმიათ მისი მეგობრისთვის. როგორც Euroopetime-ს ვლადიმერ მაჭავარიანის შვილიშვილმა დავით ამირეჯიბმა უამბო, რესტორნის შეფმზარეულმა საუკეთესო ღვინოდ პიკასოს ქართული ღვინო „მუკუზანი“ მიართვა, თუმცა შეფმზარეულმა არ იცოდა, პიკასოს თანამესუფრე ქართველი რომ იყო. ვლადიმერ მაჭავარიანმა, რა თქმა უნდა, მაშინვე იცნო "მუკუზანი" და თავისი ემოცია პიკასოსაც გაუზიარა. პიკასომ გადაწყვიტა, ღვინის ბოთლი მეგობრისთვის საქართველოში გამოეტანებინა. „ბაბუამ ღვინო საქართველოში ჩამოიტანა. პარიზის რესტორნის საუკეთესო ღვინოდ მიჩნეული „მუკუზანის“ დეგუსტაცია მოგვიანებით თბილისში მოვაწყვეთ. მე პირადად, დღემდე მახსოვს მისი არომატი და გემო. პიკასომ ბაბუას, ასევე, აჩუქა ჩიბუხი, სპილოს ძვლის მუშტუკით, თამბაქო და თავისი ნახატი. ვლადიმერ მაჭავარიანს ჩიბუხი სარტრიმაც აჩუქა. ბაბუას ჩიბუხებისა და თამბაქოს უნიკალური კოლექცია ჰქონდა. სამწუხაროდ, რემონტის დროს მუშებმა მოიპარეს და, ალბათ, წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად ძვირფასი კოლექცია წაიღეს. ნახატი საქართველოშია. ქვეყნიდან არ გასულა. ბაბუა მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა, უცხოელებისთვის საქართველო გაეცნო. მისი მოწვევით იყვნენ საქართველოში სტეინბეკი, ცნობილი მწერალი ჟან-პოლ სარტრი, რომელმაც საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ თავისი მეუღლე გამოგზავნა, ცნობილი მწერალი, ეგზისტენციალური ფილოსოფიის წარმომადგენელი სიმონა დე ბუვუარი. ბაბუას მოწვეული იყო, ასევე, ცნობილი ფოტოგრაფი რობერტო კაპა, რომლის გამოფენების ორგანიზატორიც თვითონ გახლდათ“, - აღნიშნა Europetime-სთან საუბარში ვანო მაჭავარიანის შვილიშვილმა დავით ამირეჯიბმა. მისივე ცნობით, ვლადიმერ მაჭავარიანის მოწვევით საქართველოს სტუმრობდა ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ აპდაიკი, ბესტსელერად ქცეული რომანის „კენტავრის“ ავტორი. „ომის შემდგომი საქართველოს ევროპასთან დაახლოების მიზნით ბაბუამ 1948 წელს დააარსა უცხო ენათა ინსტიტუტი და მისი პირველი რექტორი გახდა. მოგვიანებით, კინემატოგრაფის მინისტრად დაინიშნა, პირადად მისი შერჩეული იყო „ქეთო და კოტეს“ სცენარი და მთელი შემოქმედებითი კოლექტივი, გადამღები ჯგუფი და მსახიობები, გადასაღები ადგილებიც კი. ამ ფილმის ერთ ეპიზოდში ბებიაც მონაწილეობს, ცნობილი მხატვრის მოსე თოიძის ქალიშვილი ალექსანდრა თოიძე. ფილმში, ილიკო სუხიშვილთან ერთად, „ქართულს“ ცეკვავს. ვანო მაჭავარიანი, ფაქტობრივად, "ქეთო და კოტეს" გადაღების ინიციატორი და, ასე ვთქვათ, პროდიუსერი გახლდათ. ის, ასევე, იყო პენ კლუბისა და აზიისა და აფრიკის საერთაშორისო საზოგადოებების პრეზიდენტი; საქართველო-იტალიის მეგობრობის საზოგადოების დამფუძნებელი. პირადად მეგობრობდა ჟან პოლ სარტრთან, პიკასოსთან, პოლ ელუართან, ჯონ აპდაიკთან, რომელიც ჩვენს სახლშიც სტუმრობდა, ევროპისა და აშშ-ის თვალსაჩინო მოღვაწეებთან“, – აღნიშნავს ვანო მაჭავარიანის შვილიშვილი დავით ამირეჯიბი. მისივე ცნობით, ვლადიმერ მაჭავარიანის დამსახურებით, იტალიაში უნიკალურ ქართულ ხელნაწერებს მიაკვლიეს: „იტალიაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სადაც ბაბუა მოხსენებას აკეთებდა ლიტერატორების კონგრესზე, მისმა იტალიელმა მეგობარმა ჩინიმ ძველ სომხურ მონასტერში წაიყვანა, რომელიც, როგორც მახსოვს, ვენეციასთან ახლოს მდებარეობს. მონასტერში ინახებოდა უძველესი ქართული წიგნები და გრაგნილები, ქართული ტექსტებით. სამწუხაროდ, ბაბუას ვიზა არ აძლევდა საშუალებას, რომ დარჩენილიყო და თავად შეესწავლა უნიკალური ქართული ბიბლიოთეკა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ეს ინფორმაცია მეცნიერებათა აკადემიას, ხელნაწერთა ინსტიტუტსა და სპეციალისტებს მიაწოდა, რომ შეესწავლათ ხელნაწერები“. ვლადიმერ მაჭავარიანი ამ ყველაფერს აკეთებდა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირს რკინის ფარდა უკვე ჩამოშვებული ჰქონდა და დასავლეთთან მეგობრული კავშირების დიდი უმრავლესობა რეპრესიებით სრულდებოდა. გამონაკლისი არც ვლადიმერ მაჭავარიანი იყო. ლავრენტი ბერიას არ მოსწონდა მაჭავარიანის ინიციატივით გადაღებული „ქეთო და კოტე“. ბურჟუაზიულ იდეოლოგიად მიაჩნდა. ასევე, არ მოსწონდა მისი მეგობრული კავშირები ევროპელ და ამერიკელ ინტელიგენციასთან და ხელოვანებთან. რეპრესირებულთა სიაში მოხვედრას მაჭავარიანი სტალინისთვის ფრანგული ინტელიგენციის მიწერილმა წერილმა გადაარჩინა. წერილში, ასევე აქებდნენ ქართულ მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ და იმ პერიოდის საუკეთესო მიუზიკლად მოიხსენიებდნენ. სტალინი ფილმით დაინტერესდა და მოეწონა, რამაც ვლადიმერ მაჭავარიანი რეპრესიებს გადაარჩინა.
ქართველ ბერებზე ფილმი რამდენიმე ენაზე ითარგმნა - Europetime რეჟისორს ესაუბრა
ქართველი ბერების ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის ნახვა ვიდეო პლატფორმა Vimeo-ს მომხმარებლებს შეუძლიათ. ნამუშევარი რამდენიმე ენაზე (ინგლისური, რუსული), მათ შორის ბერძნულადაც ითარგმნა. სიახლის შესახებ Europetime-ს თავად ფილმის ჰოლივუდელმა რეჟისორმა და ფოტოგრაფმა ჯეიმს ჰიგინსონმა უამბო. ემის მფლობელი ჯეიმს ჰიგინსონი წლების წინ საქართველოში, ფილმზე მუშაობის დროს იმყოფებოდა. ფილმის გადაღებები ძამის ხეობაში, რუის-ურბნისის ეპარქიაში 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც რეჟისორი განმარტავს, ფინანსური რესურსის მოძიებაზეც თავად ზრუნავდა და სწორედ ამან განაპირობა მასზე მუშაობის გახანგრძლივება. ჯერჯერობით ფილმის პრემიერა ვერც თბილისში გაიმართა და ვიდეო მხოლოდ ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. „ღვთის მსახურები“ ჯერ არც ტელევიზიით უჩვენებიათ. „სატელევიზიო პრემიერა ახლა ყველაზე კარგი იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო კინოთეატრებში ჩვენება გამორიცხულია. ჯერჯერობით განვაგრძობ ვიდეოს შეთავაზებას ვიდეო პლატფორმა Vimeo-სთვის და მომხმარებლებისგან ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. გვთხოვენ სატელევიზიო პრემიერასაც...ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჩამოსვლას და ჩემი გეგმების განხორციელებას ისევ შევძლებ. ეს საოცარი ქვეყანაა ძალიან თბილი ხალხით... მაქვს რამდენიმე იდეა დოკუმენტური ფილმისთვის, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე რთულია პროგნოზების გაკეთება, როდის შევძლებთ თავისუფლად მოგზაურობას“, - ამბობს ჯეიმს ჰიგინსონი. ჯეიმს ჰიგინსონის თქმით, განდეგილ ბერებზე დოკუმენტურმა ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
15 919 ტესტის შედეგად გამოვლინდა კოვიდინფიცირების 234 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 91, 9 ადამიანი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.47 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.55 %, ხოლო 7 დღის - 1.56%. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 851-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 693-მდე. ჯამში 3 576 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. თბილისში გამოვლენილია - 135 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 23, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა შეადგენს 2 556-ს, საიდანაც: 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 698, აჭარაში - 163, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტები: 267, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 26, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 78 კოვიდინფიცირებული, მათგან თბილისში - 49, აჭარაში - 3, იმერეთში - 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 013 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 19. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 554 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 5 719 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 328 პირი, აჭარაში - 543, იმერეთში - 734.
აშშ-ის სენატმა კოვიდპანდემიის პირობებში ეკონომიკის დახმარების გეგმა დაამტკიცა
სენატმა აშშ-ის ეკონომიკისთვის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. თანხის საერთო რაოდენობა 1,9 ტრილიონი დოლარია, დახმარება მწარმოებლებს და ვაქცინების დისტრიბუტორებს გამოეყოფათ. კანონპროექტს მხარი 100-დან 50-მა სენატორმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილე არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი გეგმას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელთა 85 პროცენტი მიიღებს ერთჯერად დახმარებას. ოჯახები, რომლებსაც ორი ბავშვი ჰყავთ და წლიურად 100 დოლარს გამოიმუშავებენ, 5600 დოლარს მიიღებენ. საერთო თანხამ, რომელიც ვაშინგტონმა ეკონომიკური სტიმულირებისთვის გამოყო, 6 ტრილიონ დოლარი შეადგინა.
კოვიდგადატანილთა კვლევა 9 მარტიდან იწყება
საქართველოში კოვიდგადატანილთა კვლევა 9 მარტიდან იწყება. ამასთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. თენგიზ ცერცვაძე აცხადებდა, რომ 500 პაციენტს გამოიკვლევენ, რომლებსაც კოვიდინფექცია გაუხანგრძლივდათ, ან Covid19-მა სიმპტომები დაუტოვა. ინფექციონისტის განმარტებით, ამ კვლევის შედეგად შეძლებენ ზუსტი რეკომენდაციებს გამოქვეყნებას, თუ რა სიმპტომებია მოსალოდნელი პოსკოვიდურებში, როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები და რა სახის მკურნალობა უნდა დანიშნონ ექიმებმა. „კვლევის ჩატარების შესახებ პირველად ვამბობ თქვენთან ინტერვიუში. ჩვენი ცენტრი, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, პირველივე დღიდან წამყავნი დაწესებულებაა კოვიდთან ბრძოლაში და ამ მიმართულებით მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ამიტომ სპეციალური კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ. რიგი მიზეზების გამო, მხოლოდ ახლა შეგვიძლია მსგავსი კვლევის ჩატარება. რაში გამოიხატება ეს კვლევა. ჯერ ბოლომდე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ჩვენ გამოვიკვლევთ დაახლოებით ხუთას პაციენტს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და იყვნენ ჰოსპიტალიზებულები. იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფია შესასწავლი, რადგან ეს დაავადება, მათ უფრო რთულად ჰქონდათ ვირუსი და პოსტკოვიდური სინდრომის განვითარება მათში მეტად არის მოსალოდნელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის მსუბუქი ფორმებით გადატანის შედეგად უსიმპტომოებსაც დროდადრო რჩებათ შემდგომი სიმპტომები. 500 პაციენტი სპეციალური პროტოკოლით იქნება შესწავლილი. ჯერ დადგინდება, ამ ხუთასიდან რამდენს განუვითარდა ე.წ გახანგრძლივებული კოვიდი ან პოსტკოვიდური სინდრომი და რა ჩივილები დარჩათ მათ. ზუსტად დავთვლით, რა ჩივილი დარჩათ", - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ Europetime-ს. მისივე თქმით, კვლევისთვის შერჩეულ პაციენტებს, სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ მთელი რიგი გამოკვლევა. სისიხლის ანალიზი შემდედებელი სისტემის ანალიზი, კუაგულოგრამა, D დიმერი, ელექტრო კარდიოგრაფია, ეხოკარდიოგრაფია , კომპიუტერული ტომოგრაფია და თუ საჭირო გახდა, თავის ტვინის რადიოლოგიური გამოკვლევა. „აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა. კოვიდის მთავარი სამიზნე მაინც ფილტვებია, რათა დადგინდეს ფილტვების დაზიანება დარჩა თუ არა. ასევე - თუ დარჩა, რა სახის პრობლემას უქმნის ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენ ამ გამოკვლევას ჩავატარებთ და დავდებთ ზუსტ რეკომენდაციებს, თუ რა არის მოსალოდნელი პოსკოვიდურებში და როგორ უნდა მოიქცნენ ეს პაციენტები. ამის შემდეგ უკვე მკაფიოდ ეცოდინებათ ექიმსაც და პაციენტსაც რა შემთხვევაში, როგორ მოიქცნენ”, - აღნიშნავს ინფექციონისტი. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ტერმინები გახანგრძლივებული კოვიდი, ან პოსტკოვიდური სინდრომი., ჯერ ოფიციალურად არ არის დამკვიდრებული, როგორც სამეცნიერო ტერმინოლოგია. „გახანგრძლივებულ კოვიდზე ვლაპარაკობთ მაშინ, როდესაც კოვიდის დამთავრების შემდეგ მაშინვე უგრძელდება პაციენტს სიმპტომები და ზოგჯერ კარგა ხანს უხანგრძლივდება. ხოლო, თუ კოვიდის გადატანის შემდეგ იყო გარკვეული ნათელი პერიოდი, არაფერი აწუხებდა და სამი კვირის შემდეგ განუვითარდა სიმპტომები, მაშინ ვარქმევთ პოსტკოვიდურ სინდრომს. ეს სახელწოდებები ვიმეორებ ჯერ ოფიციალურად მინიჭებული არ არის. ძალიან ხშირად კოვიდგადატანილი პაციენტები აღნიშნავენ ამა თუ იმ სიმპტომებს, ნიშნებს და ზოგჯერ ნაკლებად სერიოზულს, ზოგჯერ სერიოზულს. ეს არ ეხებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებმაც სახლში გადაიტანეს ეს ინფექცია. შემდეგ რაღაც ნიშნები აწუხებთ. ეს თანაბრად ეხებათ მათ, ვინც სახლში გადაიტანა და ასევე მათ, ვინც ჰოსპიტალში მკურნალობდა. ყველა პაციენტს, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს გარკვეული ჩივილები და სიმპტომატიკა”, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ Europetime-თან ინტერვიუში.
გოგი წულაიამ პარტია „თავისუფალი საქართველო“ დატოვა
გოგი წულაიამ პარტია „თავისუფალი საქართველო“ დატოვა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მან ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან განუცხადა. წულაია არ გამორიცხავს, რომ შექმნას ახალი პარტია, ან რომელიმე მოქმედ პარტიაში გაწევრიანდეს. „თავისუფალ საქართველოში“ 12 წელია, ვარ. სამწუხაროდ, ვერ მოვიგე ვერც ერთი არჩევნები, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა. მირჩევნია ამ ეტაპზე ცალკე, ვებრძოლო ივანიშვილის რეჟიმს“, - განაცხადა გოგი წულაიამ.
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა
„ერთ მაგალითს გიამბობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ, შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული (დავითი – ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო. სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ, პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ, ერთი კია - გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. „ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში”, - ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა. დღეს, 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა... ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული. ჟიული შარტავა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
აშშ-ის მხარდაჭერით, კრიმინალური პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება
„აშშ-ის მხარდაჭერით, „კრიმინალური პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება“, - შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ ქალთა საკითხებს მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მარტი საშუალებას გვაძლევს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ქალთა მიღწევებზე და მათი სახელით მიღწეულ წარმატებებზე, ასევე, დარჩენილ სამუშაოებზე. 2014 წლიდან აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახური და სექსუალური ძალადობის პრევენციასა და გამოძიებას. მაგალითად, 2015-2017 წლებში ტრენინგების უზრუნველყოფითა და ოფიციალური ვიზიტებით INL-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებში ოჯახში ძალადობისა და დროებითი დამცავი ორდერების შესახებ. იმავე პერიოდში, INL-მა ხელი შეუწყო ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების ქსელის განვითარებას, კახეთში ერთი თავშესაფრის აშენებას, თბილისსა და გორში კი თავშესაფრების (მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის) აღჭურვისა და განახლების სამუშაოებს. სექსუალური ძალადობის საგამოძიებო ტრენინგი INL-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და 2015 წლიდან დანაშაულის ადგილის გამომძიებლებისთვის, სასამართლო ექსპერტიზისა და საგამოძიებო პერსონალისთვის ჩატარებული ტრენინგების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ მომდევნო თვიდან კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - იტყობინება ამერიკის საელჩო.
რომის პაპი მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს
რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ ვიზიტს განაგრძობს. დღეს ის ქალაქ მოსულში ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, 84 წლის პაპი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს, „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) გაანადგურა. „მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. მართლაც, ერთმნიშვნელოვნად გვეძახიან ყველანაირი გაუგებრობის გასაფანტად. ნუ დაუშვებთ, რომ ცის სინათლე დაჩრდილოს სიძულვილის ღრუბლებმა“, - განაცხადა რომის პაპმა.
$25 მილიარდი რესტორნებს, $170 მილიარდი სკოლებს - რას მოიცავს აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი
რა წერია ეკონომიკური განვითარების გეგმაში, რომელიც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა, ამ თემაზე BBC-მ სტატია მოამზადა. პაკეტი 1,9 ტრილიონიან დახმარებას მოიცავს. დოკუმენტს თავად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იწონებს, როგორც გეგმას ბრძოლისუნარიანი ამერიკელების დასახმარებლად. ,,დემოკრატიული პარტიის" ლიდერები, რომლებიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი კონგრესში გეგმავენ, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის, ამერიკის ე.წ. სამაშველო გეგმა დაამტკიცონ. სენატმა ის უკვე დაამტკიცა, ხოლო რაც შეეხება წარმომადგენელთა ქვედა პალატას, ის მომავალ კვირას დაამტკიცებს. ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ გეგმა ზედმეტად დიდია და მოიცავს არა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ ,,დემოკრატების" ძირითად პრიორიტეტებს. თუმცა, პრეზიდენტი ბაიდენი და მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ შტატებმა ახლა უფრო დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას და იმოქმედოს, რადგან კრიზისის დროს უფრო მეტი თანხები ღარიბებზე, უმცირესობის წარმომადგენლებსა და ქალებზე იხარჯება. BBC წარმოადგენს ანალიზს, თუ როგორ აფასებს და რამდენად უჭერენ მხარს თითოეულ კომპონენტს ,,რესპუბლიკელები". პირდაპირი გადახდები პანდემიის გამო შექმნილი ვითარების სტიმულირების დახმარების მესამე პაკეტი ითვალისწინებს ერთჯერად გადასახადს 1 400 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიღებს. ამასთანავე, პაკეტში გათვალისწინებულია, რომ მაღალი გადასახადების გადამხდელებისთვის გათვლილია 75 000 დოლარი, ხოლო მარტოხელა ადამიანებისთვის და წყვილებისთვის 150 000 დოლარზე მეტი. მხარდამჭერები გადასახადებს საკითხს ოჯახისთვის კრიტიკულ ფინანსურ მხარდაჭერად მიიჩნევენ. განსაკუთრებით ის ამერიკელები საუბრობენ ამის შესახებ, რომლებსაც შემოსავლები შეუმცირდათ, თუ მთლიანად სამუშაო არ დაკარგეს. BBC წერს, რომ ,,რესპუბლიკელები“ მზად არიან, პაკეტი კიდევ ერთხელ შეამოწმონ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დეკემბერში ჯორჯიის შტატში ჩატარებული არჩევნების წინასაარჩევნო საკითხი იყო. ერთადერთი პრობლემა იყო ის, თუ სად უნდა ჩასმულიყო შემოსავლის ზღვარი, რომ უფრო მდიდარ ოჯახებს არ მიეღოთ გადასახადები. დამატებითი დახმარება სამსახურის გარეშე დარჩენილებისთვის კანონპროექტის მიხედვით, სამსახურის გარეშე დარჩენილები სექტემბრამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. როგორც გამოცემა იუწყება, დახმარების ახალი პაკეტის თანახმად ძველი შეღავათებით მოსარგებლე 4 მილიონზე მეტ უმუშევრად დარჩენილს შესაძლოა დახმარება კრიტიკულად შეუწყდეს, რადგან შეღავათების მიღების უფლება მათ ამჟამად მარტის შუა რიცხვებში ეწურებათ. მშობლების დახმარება დემოკრატები აპირებენ, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს წელიწადში 250-300 დოლარის ღირებულების ყოველთვიური შეღავათებით, ასაკის მიხედვით დაეხმარონ. ეს განპირობებულია იმით, რომ შტატებში ბავშვის არსებული გადასახადის კრედიტის ღირებულება ყოველწლიურად 2 000 დოლარიდან 3 600 დოლარამდე გაიზარდა. ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა ერთ-ერთია იმ იშვიათ საკითხთაგან, რომელსაც ენთუზიაზმით უჭერენ მხარს, როგორც ,,დემოკრატები", ისე ,,რესპუბლიკელები". ფინანსები Covid19 ტესტებისა და ვაქცინებისათვის პრეზიდენტმა ბაიდენმა მოითხოვა, რომ 50 მილიარდი დოლარი კოვიდ ტესტირების ცენტრების გასაუმჯობესებლად გამოყოფილიყო, ხოლო 20 მილიარდი დოლარი ეროვნული ვაქცინაციის კამპანიის, სათემო ცენტრების შექმნისა და კადრების ადმინისტრირებისთვის. BBC-ის ცნობით, ზოგიერთ შტატში ცდილობდნენ, მოიძიონ დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ვაქცინაციის ყოვლისმომცველი პროგრამის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის, რაც ქმნის შედეგების უთანასწორობას აშშ-ის მასშტაბით. სკოლების გახსნის სახსრები კანონპროექტი 170 მილიარდ დოლარს უგზავნის სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რათა დაეხმარონ მათ შესაბამისი ინვენტარითა და კოვიდრეგულაციებით გახსნან საგანმანათლებლო დაწესებულებები. შეიძინონ ნიღბები, საწმენდი საშუალებები, განაახლონ სავენტილციოს სისტემები და ა.შ. თეთრის სახლის ლიდერმა მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების განმეორებით გახსნისკენ მიმართა და ამით უპასუხა იმ კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ დისტანციური სწავლების მქონე სტუდენტები ჩამორჩებიან. თუმცა, ბევრ კონსერვატორს ეშინია ფედერალური ჩართულობის გაფართოების, საჯარო სკოლების სისტემებში, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე და ისინი კრიტიკულად უყურებენ ამ დაფინანსებას. ბიზნესის მხარდაჭერა კანონპროექტი მოიცავს გრანტებს მცირე ბიზნესისთვის, ასევე უფრო მიზნობრივ სახსრებსაც, მაგალითად: 25 მილიარდი დოლარი რესტორნებისა და ბარებისთვის, 15 მილიარდი დოლარი ავიაკომპანიებისთვის, 8 მილიარდი დოლარი აეროპორტებისთვის, 30 მილიარდი დოლარი ტრანზიტისთვის, 3 მილიარდი დოლარი კოსმოსური წარმოებისთვის. სახსრები ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის აღნიშნული საკითხი ,,დემოკრატებსა" და ,,რესპუბლიკებს" შორის პოლიტიკური ბრძოლად შეიძლება ჩაითვალოს. ბაიდენის სტიმულირების პაკეტში, წინა სტიმულირების პაკეტებისგან განსხვავებით, 350 მილიარდი დოლარია ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის, რომელთაგან ბევრი უფრო მაღალი ხარჯების წინაშე დგას. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ბევრ შტატში საბიუჯეტო მდგომარეობა მოსალოდნელზე უკეთესია. კალიფორნიას მოულოდნელი ნამატიც კი აქვს. ანაზღაურებადი შვებულება და ჯანმრთელობის დაზღვევის დახმარება გეგმის მიზანია, უფრო მეტ ადამიანს გაუადვილოს ჯანმრთელობის დაზღვევის დამოუკიდებლად შეძენა.კანონპროექტი აღადგენს მოთხოვნას, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა 2020 წლის ბოლოს, რომ დამსაქმებლებმა შესთავაზონ ანაზღაურებადი შვებულება იმ თანამშრომლებს, რომლებიც Covid19-ით არიან ინფიცირებულები, ან ზრუნავენ ოჯახის ავადმყოფ წევრებზე. მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა ეროვნული მინიმალური ხელფასის გაზრდას საათში 15 დოლარამდე, 2025 წლისთვის, რაც გააორმაგებდა ამჟამინდელ მაჩვენებელს და ხელფასებს გაზრდიდა, სავარაუდოდ, 27 მილიონი მუშახელისთვის აღნიშული წინადადება საკამათო აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც სენატში ,,დემოკრატების" გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერდა. სენატმა აღნიშნულ პაკეტზე შენიშვნები დააფიქსირა, ხოლო ,,დემოკრატები" დახმარების პაკეტში აღნიშნული საკითხის დახვეწას გეგმავენ.
ახალ კალედონიაზე Covid19 პირველად დაფიქსირდა
ახალი კალედონია (საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში) ერთ-ერთია იმ იშვიათ ადგილთაგან, სადაც კორონავირუსი ამ დრომდე არ იყო დადასტურებული. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ახალი კალედონიის ტერიტორიაზე მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კოვიდინფექციის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ France24 იტყობინება. ინფექციამ მას შემდეგ იფეთქა, რაც კორონავირუსი უოლისის და ფუტუნას ტერიტორიაზე (საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანების კუნძულები სამხრეთ წყნარ ოკეანეში) სკოლის ხელმძღვანელს გამოუვლინდა. ამ კუნძულებმა აქამდე მოახერხეს ვირუსის შეჩერება, რომელმაც დედამიწის თითქმის ყველა კუთხემდე მიაღწია.
ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს
,,ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - ამ ლოზუნგით და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ,,მოძრაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ საპროტესტო აქცია მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები ,,ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ყველა ფიგურანტი პასუხისგებაში მიეცეს. როგორც აქცია მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზაციის ლიდერი ალიკა კუპრავა აცხადებს, პრემიერმა ძალადობის ორგანიზებისთვის პასუხი უნდა აგოს და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფნა უნდა დასრულდეს. ,,მივდივართ ივანიშვილის სასახლესთან, იმიტომ, რომ ყველანაირი ბოროტების სათავე არის ივანიშვილი და მისი ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პრემიერ-მინისტრმა უნდა აგოს პასუხი იმ ძალადობის ორგანიზებისთვის, რის გამოც ადამიანებს ქვეყნიდან უწევდათ წასვლა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და უნდა დასრულდეს მათი ყოფნა ხელისუფლებაში”, - განაცხადა კუპრავამ. აღსანიშნავია, რომ დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაგეგმილია კიდევ ერთი საპროტესტ აქცია, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.
ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს პარლამენტში ჰესებთან დაკავშირებით მოუსმენენ
9 მარტს, პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ჰესებთან დაკავშირებით მოუსმენენ. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან და კონკრეტულად, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ხეობაში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საკითხის საპარლამენტო რეჟიმში განიხილება.
მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, თუ საქმე მიდის საზოგადო საქმის დაზიანებამდე, ქრისტიანები ვალდებული არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ
,,როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის. ვიმეორებ, როდესაც ეს პირად შეურაცხყოფას ეხება, მაგრამ თუ საქმე მიდის საზოგადო საქმის დაზიანებამდე, რა თქმა უნდა, ქრისტიანები ვალდებული არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ და შეაჩერონ ასეთი ბოროტება და არ დაითმინონ", - ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა. ქადაგებისას მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ღმერთი არ სჯის, არამედ თვითონ ადამიანი ისჯება, თავად ირჩევს საკუთარ სამუდამო ხვედრს ამ ცხოვრებაში თავისი საქმეების მიხედვით. ,,რა ნიშნით გამოარჩევს ღმერთი ადამიანებს? – არც გარეგნობით, არც ნიჭით, არც ამა თუ იმ სფეროში წარმატებით, არც სიმდიდრით, როგორც ეს დღესაც ჰგონიათ მოციქულთა მსგავსად, რომელთაც თავის დროზე ჰკითხეს უფალს: ნუთუ მდიდარი ძნელად ცხონდებაო? აბა, რის მიხედვით არჩევს უფალი ადამიანებს? იმის მიხედვით, თუ როგორ აღასრულებენ ადამიანები ღვთის საქმეს, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ და შემდეგ ჩამოთვლის ამ საქმეებს: „რამეთუ მშიოდა და დამაპურეთ, მწყუროდა და მასვით, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, უცხოობაში ვიყავი და შემიწყანერთ, საპყრობილეში ვიყავი, სნეული ვიყავი, მომაკითხეთ და მინახულეთ“. ამ ჩამონათვალიდან ჩანს, რომელი თვისებებია საჭირო, რომ შემოსო შიშველი, დააპურო და დაარწყულო მშიერ-მწყურვალი. საჭიროა კეთილი, მოწყალე გული, საჭიროა დიდი მოწყალება და სიყვარულის უნარი. მხოლოდ ამ თვისებების მიხედვით გამოარჩევს უფალი ადამიანებს საშინელი სამსჯავროს დღეს, რადგან უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ღმერთში, უფალში უნდა ვდმიდრდებოდეთ და არა ჩვენში. ღმერთში გამდიდრებას ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად იმისა, მონათლულია იგი თუ არა, რომელ სარწმუნოებას და ეროვნებას ეკუთვნის, ჭკვიანია თუ არა, ნიჭიერია თუ არა, განურჩევლად ამ ყველაფრისა, ყველას მოწყალებით მოექცევა, ყველას მიმართ გაიღებს მოწყალებას. აი, ეს არის ის თვისება, რომლის შესახებაც საუბრობს დღევანდელ სახარებაში უფალი. მაგრამ აქ ისმის კიდევ ერთი კითხვა – სახარების ამ ეპიზოდში მხოლოდ მატერიალურ მოწყალებაზეა საუბარი? მხოლოდ საჭმელზე, სასმელზე, შიშველის შემოსვასა და სნეულის საავადმყოფოში მოკითხვაზე გვესაუბრება უფალი, თუ კიდევ იგულისხმება სხვა რამ? ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ ჩამოთვლილია, შეიძლება იყოს მატერიალურიც და სულიერიც. გახსოვთ, უფალი ამბობს, რომ „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა ღმრთისაითა“ (ლუკ. 4,4) და „საჭმელი ჩემი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი“ (იოან. 4,34). აქ სულიერ საკვებზეა საუბარი. უფალი ასევე საუბრობს სასმელზე: „ვისაც სწყურია, მოვედით ჩემდა და მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ“ (იოან. 4,13-14) – სულიწმინდაზე საუბრობს უფალი. ასევე – სნეულებაც არის ხორციელი და სულიერი სნეულება. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მძიმეა, ამ დროს ადამიანი დასნეულებულია ცოდვებისგან. საპყრობილეც ასევე სულიერად მოიაზრება, ამ დროს ადამიანი საკუთარი ვნებებისა და ცოდვების ტყვეობაშია. ასევეა სულიერი შიშიშვლეც, როდესაც ადამიანი შიშველია, განმოსილია სათნოებებისგან. ყველაზე მძიმე შიშიშვლეც, შიმშილიც და წყურვილიც სწორედ ეს არის. შესაბამისად, წმინდა მამები ამბობენ, რომ რამდენაც სული მეტია სხეულზე, იმდენად მეტია სულიერი მოწყალება მატერიალურ მოწყალებაზე, მშიერი უნდა დავაპუროთ სულიერი საზრდოთი, სულიერი საჭმლით და ადამიანებს დავეხმაროთ, რათა ცოდვა გამოასწორონ. როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის. ვიმეორებ, როდესაც ეს პირად შეურაცხყოფას ეხება, მაგრამ თუ საქმე მიდის საზოგადო საქმის დაზიანებამდე, რა თქმა უნდა, ქრისტიანები ვალდებული არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ და შეაჩერონ ასეთი ბოროტება და არ დაითმინონ. აქ საუბარია პირად შეურაცხყოფაზე. უფრო მეტად რომ დავფიქრდეთ დღეს წაკითხული სახარების ამ მონაკვეთზე: ვინ არის ის ადამიანი – სულიერად მშიერ-მწყურვალი, სათნოებებისაგან განძარცვული და შიშველი, საპყრობილესა და სნეულების ტყვეობაში მყოფი, ვისაც სჭირდება დახმარება და სულიერი მოწყალება? როგორ ფიქრობთ, ვინ არის ასეთი ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი? ჩვენ თვითონ, ჩვენივე უბადრუკი, ცოდვილი და დაცემული სული, რომელიც საჭიროებს დახმარებას. პირველ რიგში, შენს საკუთარ თავს უნდა გაუწიო ეს მოწყალება, რომ ასაზრდოო სულიერი საზრდოთი, შემოსო სათნოებებით, განკურნო შენი დასნეულებული სული. უდიდესი წმინდა მამა, ღირსი სვიმეონი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „თუ შენს სულს არ აღმოუჩენ ამ მოწყალებას და არ გაიღებ ამ წყალობას, სხვას რაღას გაუკეთებ, სხვას როგორღა არგებ?!“ ნიშანდობლივია, რომ სახარების ამ იგავში უფალი თავის თავთან აიგივებს ასეთ ადამიანს და როცა ჰკითხავენ: „კი მაგრამ, როდის გაგიკეთეთ ეს ყველაფერი, როდის აღვასრულეთ ეს კეთილი საქმეები?“ – მაცხოვარი მიუგებს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. იგი თავის ძმებს უწოდებს ყველა გაჭირვებულს. ე.ი. როცა მოწყალებას გავცემთ, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი, ჩვენ იესო ქრისტეს ვუკეთებთ ამ ყველაფერს, მას ვაპურებთ და ჩვენს თავსაც ვაპურებთ, ჩვენ ხომ ქრისტეს ნაწილნი ვართ და არა მარტო მისი ძმები. თუმცა სხვაგან იმაზეც საუბრობს, რომ „მეგობარნი ჩემნი ხართო“, მაგრამ, საერთოდ, მისი ნაწილნი ვართ. ამიტომ ნახეთ, როგორი საოცარი სწავლებაა სახარებაში, ვიმეორებ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა გაუკეთო, სულიერ მოწყალება გაიღო. შემდეგ უფალი, რა თქმა უნდა, მის მარცხენით მდგომთაც მიმართავს და ეტყვის: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა“ და აქაც იმეორებს: „რადგანაც მშიოდა და არ მომეცი საჭმელი, მწყუროდა და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და არ მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და არ მომაკითხე, უცხოდ ვიყავი და არ შემიწყნარეთ“. ისინიც ჰკითხავენ: „კი მაგრამ, როდის? როდის არ გავაკეთეთ?“ ისინი იმდენად ეგოისტურად ცხოვრობდნენ, რომ ვერც ხვდებიან, როდის არ გააკეთეს ეს ყველაფერი. უფალი მიუგებს მათ: „რაოდენი არა უყავთ, არ გაუკეთეთ ეს ყველაფერი ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ და ბოლოს დასძენს, რომ „და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა“. აი, აქედან ჩანს კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რაზეც წმინდა მამებიც საუბრობენ. მაგალითად, იყო ასეთი დიდი წმინდა მამა – ღირსი ისაია განდეგილი. ის ამბობს, რომ საშინელი სამსჯავროს დღეს არ იქნება ეს დიალოგი. იმ დღეს, იმ ჟამს ადამიანის სულებს არ ექნებათ უფლებამოსილება, სიტყვა მიუგონ მეუფეს და ღმერთს, არამედ ყველა აღდგება თავისი საქმეებით, რომლებიც აკეთეს ამ მიწიერ ცხოვრებაში, ყველა შემოსილი იქნება ამ საქმეებით, როგორც სამოსით. ერთი ნაწილი შემოსილი იქნება კეთილი საქმეებით, ხოლო მეორე – ბოროტი საქმეებით. თავად ეს შესამოსელი მიუთითებს ადამიანებს, საით წავიდნენ, იმიტომ, რომ სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სამკვიდრებელი, ძვირფასო ძმებო და დებო. მხოლოდ ისეთი ადამიანების ადგილია სასუფეველში, რომელთაც უყვართ ღმერთი, აქვთ მოწყალე და ლმობიერი სულები და გული. ვისაც ეს თვისებები არ გააჩნია, ვერ მოხვდება იქ. ამიტომ აქ მოეწყობა ეს სამსჯავრო. ღმერთი არ გსჯით, ძვირფასო ძმებო და დებო, არამედ თვითონ ადამიანი ისჯება, თავად ირჩევს საკუთარ სამუდამო ხვედრს ამ ცხოვრებაში თავისი საქმეების მიხედვით და როგორ ამბობს დიდი მამა, სამოსელი კეთილ ან ბოროტ საქმეთა თვითონ მიუთითებს ადამიანს ამ საყოველთაო აღდგომის ჟამს, თუ საით წავიდეს – საუკუნო სატანჯველში თუ მარადიულ სასუფეველში, ღვთის სასუფეველში, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
ირანის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის სიონისტური რეჟიმი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივს და ხაიფას ფერფლად აქცევს
ირანის თავდაცვის მინისტრის, გენერალ ამირ ჰათამის განცხადებით, ისრაელი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივსა და ხაიფას ფერფლად აქცევს. ამის შესახებ ინფორმაციას Iranpress-ი ავრცელებს. ირანის თავდაცვის მაღალჩინოსანის განცხადებით, ისრაელის მხრიდან მათ მიმართ მუქარა სასოწარკვეთაა. „სიონისტური რეჟიმი არ არის ირანის მთავარი მტერი და ირანის ზომაც კი არ არის. სიონისტური რეჟიმის ექსპანსიონისტური ამბიციები შეჩერდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ და დღეს რეგიონის ყველა ქვეყანას სძულს ეს რეჟიმი. ისრაელის სიონისტური რეჟიმი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივს და ხაიფას ფერფლად აქცევს“, - განაცხადა ამირ ჰათამიმ. ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო ირანის ბირთულ ამბიციებს არ შეაკავებს, ისრაელი ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად იმოქმედებს და ირანის ბირთვულ ობიექტებს დაბომბავს. ამასთანავე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიანიმ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს და არასდროს დაუშვებს, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელი რუქიდან გააქროს.
შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ტარდება
შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ტარდება. Reuters-ის ცნობით, „დასრულდეს ექსტრემიზმი!" – მსგავსი მოწოდებით, ციურიხის მახლობლად არსებულ პატარა სოფელში, შეხვდებით წითელ ბილბორდებს. ეს ფრაზა თავსაბურავიანი, სახედაფარული ქალის პორტრეტს მიემართება. ბილბორდი არის შვეიცარიის ექსტრემისტული მემარჯვენე სახალხო პარტიის (SVP) კამპანიის ნაწილი, რომელიც საჯარო სივრცეში სახის ჩადრით დაფარვის აკრძალვას გულისხმობს. როგორც ცნობილია, გამოკითხვების თანახმად, შვეიცარიელების უმეტესობა რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს და სახის დაფარვის აკრძალვას მხარს დაუჭერს. „შვეიცარიაში ჩვენი ტრადიციაა, რომ შენ აჩვენო შენი სახე. ეს ჩვენი ძირითადი თავისუფლებების ნიშანია", - გნაცხადა ვალტერ ვობმანმა, SVP-ის წევრმა და რეფერენდუმის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ბექა ფერაძე: პირველ აპრილამდე შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება შეზღუდვად რჩება
8 მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება, მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან კვებით დაწესებულებებში შიდა სივრცეებიც იფუნქციონირებენ, პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება შეზღუდვად რჩება. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ორშაბათიდან გარე სივრცეებთან ერთად შიდა სივრცეებიც იფუნქციონირებს, თუმცა შაბათ-კვირას შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩება. ,,როგორც ვიცით, დღეის მდგომარეობით, შიდა სივრცეების ფუნქციონირება არის აკრძალული, ამიტომ 8 მარტიდან იხსნება. შაბათ-კვირის გარდა, მათი ფუნქციონირება დასაშვები იქნება. მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას“, – განაცხადა ფერაძემ. მან ასევე განმარტა, რომ შრომის ინსპექცია აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს და თუკი ეპიდმდგომარეობის თვალსაზრისით დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდება, შესაძლოა, შაბათ-კვირის შეზღუდვაც მოიხსნას. ,,კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ გვაქვს დადებითი დინამიკა ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელივანია, შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა. ამიტომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს განვახორციელებთ. ორ კვირაში დაკვირვების შედეგად თუ გვექნება შემსუბუქების შესაძლებლობა, შაბათ-კვირის შეზღუდვებიც იქნება მოხსნილი. საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირი არის დარღვევები, როცა სახეზე გვაქვს სოციალური ღონისძიება, რომელიც არის აკრძალული. ანუ, ისეთი ღონისძიება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ერთ სივრცეში თავშეყრა ხდება და ასეთ დროს დაყოვნების ხარისხი არის ძალიან დიდი", - განაცხადა ფერაძემ.
მკვლელობა თელავში - გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი
თელავში მკვლელობა მოხდა. სავარაუდოდ, 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. „გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩამდენის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება მინდინარეობს ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი)“, - აცხადებენ შსს-ში. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება. ორშაბათიდან რეგულაციები მოიხსნება შემდეგ შეზღუდვებზე: 1. სამთო კურორტები და საბაგიროები - ხვალიდან ზამთრის კურორტები და საბაგიროები განაახლებენ მუშაობას. მას შემდეგ, რაც 2020 წლის 16 მარტს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზამთრის კურორტები დაეხურა, ამ დრომდე კურორტები არ ფუნქციონირებდა. 2. რესტორნების შიდა სივრცეები - 8 მარტიდან კიდევ ერთი შეზღუდვა იხსნება რესტორნების შიდა სივრცეებზე. კვებითი ობიექტები ხვალიდან (შაბათ-კვირის გარდა) სტუმრებს შიდა სივრცეებშიც უმასპინძლებენ. ჯერჯერობით სარესტორნო და კვებით დაწესებულებებთან დაკავშირებით, პირველ აპრილამდე ძალაში რჩება ცოცხალი მუსიკის შეზღუდვა. 3. სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ორშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები ყოველდღიურად იფუნქციონირებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1 მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება. ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.