ძებნის რეზულტატი:

თამარ გაბუნია: ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება

"ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ "რუსთავის 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსულმა ვაქცინამაც შეიძლება გაიაროს ავტორიზაცია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ თვლის, რომ რუსული ვაქცინა გამოიყენოს. "ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის. ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაერო მიესალმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას

საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას და მნიშვნელოვნად აფასებს ყველა მონაწილეს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, ქმედით წვლილს ოქმის რატიფიცირების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაეროს სააგენტო ავრცელებს. "გაეროს მუდმივი კოორდინატორის საბინე მახლის განცხადებით, 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღებასთან ერთად, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება გამოხატავს საქართველოს ძალისხმევას შესაბამისობაში მოიყვანოს ეროვნული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო-დოკუმენტები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. ეს არის ვალდებულება, გადაიდგას კიდევ ერთი ნაბიჯი ბარიერებისაგან თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისაკენ. ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, შესაძლებლობას აძლევს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს განიხილოს საჩივრები კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი საშუალებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების განვითარების, გაძლიერებისა და დაცვისათვის საქართველოში. მეტიც, რატიფიცირება სრულყოფს და გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერისათვის შექმნილ შიდა მექანიზმებს, გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო საზოგადოებაში და წარმოაჩენს მის პასუხისმგებლობას გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში კონსტრუქციული ჩართულობის მიმართ. და ბოლოს, ის წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სათანადოდ გაცნობიერებასა და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მხარს უჭერს მთავრობასა და პარლამენტს, რათა ვალდებულებები ხელშესახებ შედეგებად იქცეს და კვლავაც იღებს ვალდებულებას დაეხმაროს საქართველოს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ყველა მოქალაქე ისარგებლებს ადამიანის უფლებებით. ზოგადი ინფორმაცია: 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (კონვენცია) არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც კონვენციის მხარე სახელმწიფოებისაგან ითხოვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და გარანტირებას. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2014 წელს მოახდინა. 2. ფაკულტატური ოქმი ადგენს ორ პროცედურას. პირველი არის გასაჩივრების პროცედურა, რომლის მეშვეობით ინდივიდებს და ჯგუფებს, კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, შეუძლიათ საჩივრები წარადგინონ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში. მეორე გახლავთ - გამოკითხვის პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს კომიტეტს გამოიძიოს მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მძიმე ან სისტემატიური დარღვევის შესახებ ბრალდება. 3. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი არის დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ახორციელებს მხარე სახელმწიფოების მიერ კონვენციის განხორციელების მონიტორინგს. 4. 2020 წლის ნოემბრისთვის, კონვენცია რატიფიცირებულია 182 წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელთაგან 96 სახელმწიფო კონვენციის ფაკულტატური ოქმის მხარეს წარმოადგენს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

YouTube-მა  მიანმარის სამხედროების მიერ მართული 5 არხი წაშალა

YouTube-მა მიანმარის სამხედროების მიერ მართული ხუთი არხი წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ”ჩვენ რამდენიმე არხი გავაქუმეთ და რამდენიმე ვიდეოც წავშალეთ, ჩვენი საზოგადოებრივი სახელმძღვანელოს მითითებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,” - განაცხადა YouTube -ის სპიკერმა. ვიდეოპლატფორმამ არხების გაუქმების გადაწყვეტილება პარასკევს მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მიანმარში საპროტესტო აქციის დაშლის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 55-ზე მეტია.

ფრიდონ ინჯია “კომენდანტის საათის” დროს მაგისტრალებზე სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ევროპელი სოციალისტების" წევრი, ფრიდონ ინჯია “კომენდანტის საათის” დროს, მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის 130 კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის სხდომაზე მიმართა. “საცობებმა წაიღო საქართველო და პრაქტიკულად, არ ჩანს გამოსავალი, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქ, სადაც შეიძლება, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კმ/სთ, გაიზარდოს ამ პერიოდში (“კომენდანტის საათის” არსებობისას), 130 კმ/სთ-მდე”, - განაცხადა ინჯიამ.

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას არ გამორიცხავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს, მათ შორის ჩინეთთანაც. ამის შესახებ მან "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამორიცხავს, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს. „ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის ორი ვაქცინა მოლოდინის რეჟიმშია და ისინი ჯანმო-ს მხრიდან სულ მალე მიიღებენ ავტორიზაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტი იქნება, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო იქნება და საქართველო თავის მოქალაქეებს ხელმისაწვდომობის საშუალებას ჩინურ ვაქცინაზეც მისცემს. ჩვენ ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამოვრიცხავ, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვა. „მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზებული და აღიარებული ვაქცინა. მე იქ არ მქონდა განსაზღვრება, რომ ჩინურის გამო არ შემოვა. აქ მნიშვნელოვანი არის სანდოობა და ავტორიზაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ვაქცინის შემოტანის შესახებ ისრაელთანაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაც, რომელიც ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საკმაოდ პოპულარული გახდეს.

ეუთო/ოდირი: ზოგიერთი რეკომენდაცია, მათ შორის არჩევნების ადმინისტრირებასთან,  მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, არ შესრულებულა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოქვეყნდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის კამპანიის წარმოებასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით საკითხები და სხვა. ოდირი მზადაა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს. „მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს COVID- 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში. „ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთანავე, დოკუმენტში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია. დოკუმენტში 8 პრიორიტეტული რეკომენდაციაა მოყვანილი: 1. სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის უფრო მეტად იყოს მოყვანილი ეუთოს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შეთანხმებაში, მომდევნო არჩევნებამდე ადრეულ პერიოდში და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის ფარგლებში. 2. შესაძლოა გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა, მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. შესაძლებელია წევრების დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის თავიდან ასაცილებლად 3. საარჩევნო კომიისიისადმი გამჭვირვალობისა და ნდობის გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვის საკითხი. 4. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობისა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის დასაცავად, შესაბამისმა ორგანოებმა ამომრჩევლებისა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირთა დაშინების შესახებ ბრალდებების გამოძიებისთვის სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგან 5. უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების სისტემა პროცესის გამარტივებისა და სამართლებრივი რეგულირების გაფართოების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების შესაძლებლობა საარჩევნო უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის 6. საარჩევნო დავების დარეგულირების გამჭვირვალობისა და აღნიშნული პროცესისადმი ნდობის გასაზრდელად, ყველა საარჩევნო დავა კომისიების მიერ ​კოლეგიურად და ღია სხდომებზე უნდა განიხილებოდეს. საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედებების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას. 7. არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის გამჭვირვალე, სამართლიანი და თანმიმდევრული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსმა უნდა განსაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები შედეგების ხელახლა გადათვლისა და ანულირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს შესაბამისად დაკომპლექტებული და მომზადებული საჩივრების ეფექტიანად განხილვისთვის და ყველა წამოჭრილი ხარვეზის დეტალური გამოძიებისთვის. 8. უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით.

აუდიტი: თეთრიწყაროს მერიამ საჯარო მოხელეებზე სახელფასო დანამატი 455.9 ათასი ლარი, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასცა

2018-2019 წლებში თეთრიწყარო მუნიციპალიტეტმა სახელფასო დანამატის სახით გასცა 332.7 ათასი ლარი. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, დანამატის გაცემის საფუძველია საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებები, რომლებიც მომზადებულია საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურის უფროსების მოხსენებითი ბარათების შესაბამისად. "წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელფასო დანამატი გაცემულია მოხელეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების მოტივით, თუმცა სამუშაოების შესრულების მიზნით, ზემდგომი თანამდებობის პირისდავალებები წერილობითი ფორმით გაცემული არ არის. მუნიციპალიტეტმა ვერწარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, თუ რა სახის ზეგანაკვეთურისამუშაო შეასრულეს დასაქმებულმა პირებმა, რის საფუძველზეც მოხდასახელფასო დანამატის გაცემა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა 10 შემთხვევაში დაარღვია სახელფასო დანამატისთვის კანონით განსაზღვრული მოცულობები და ნაცვლად ხელფასის წლიური ოდენობის 20%-ისა მომსახურეებზე გასცა 21%- დან 28%-მდე. 2018-2019 წლებში სახელფასო დანამატის სახით 123.2 ათასი ლარი გაცემული აქვთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც. ორგანიზაციებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ხელმძღვანელის წერილობითი დავალებები, რომლებიც სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველია და ვერც სამუშაოების ზეგანაკვეთურად შესრულების დოკუმენტური მტკიცებულება. მუნიციპალიტეტმა დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე სახელფასო დანამატი 455.9 ათასი ლარის ოდენობით გასცა, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 355 ადამიანს დაუდასტურდა, 91 გამოჯანმრთელდა, 4 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12307, PCR ტესტით - 7430. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 617 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 344, გარდაიცვალა 3 567 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.6 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.44%. 355 ახალი შემთხვევიდან 176 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233. მძიმე პაციენტი: 267, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 79, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 510 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 789 პირი, აჭარაში - 560, იმერეთში - 691.

სომალში აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგან მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მასალებით დატვირთული ავტომობილი პორტში მდებარე რესტორანს დაეჯახა. ამ დროისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

რომის პაპი ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს შეხვდა

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში იმყოფება. ის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნაჯაფს ესტუმრა და ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ქალაქ ნაჯაფში შესვლისას რომის პაპს გზად ბავშვები შეეგებნენ, რომლებსაც ერაყისა და ვატიკანის დროშები ეკავათ.

პოლონეთში უკრაინის ავტობუსის ავარიისას 6 ადამიანი დაუღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა

6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინის ავტობუსის ავარიის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივმა სამაშველო სამსახურმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 57 ადამიანი იმყოფებოდა, ღამით არხში ჩავარდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დარჩენილი მგზავრები ადგილობრივი სკოლის შენობაში გადაიყვანეს. ადგილობრივი სამედიცინო სასწრაფო დახმარების სამსახურის სპიკერმა დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და დასძინა, რომ ავტობუსი უკრაინისკენ მიემგზავრებოდა. "უბედური შემთხვევის დროს, მგზავრებს ეძინათ. უმეტესობას ღვედი არ ჰქონდა, ამიტომ ისინი სერიოზულად დაშავდნენ. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც სამსახურიდან სახლში მიდიოდნენ “, - თქვა სპიკერმა და დასძინა, რომ ავტობუსში ბავშვები არ იყვნენ.

განათლების სამინისტრო: მიმდინარე კვირაში, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეების 0,01%-ს დაუდასტურდა

"სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო", - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა. "მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში. სამინისტროსთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი სკოლებში დასრულდეს და მოსწავლეთა განათლება შეუფერხებლად გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მონიტორინგში ჩართულია როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოები, მანდატურის სამსახური და რესურსცენტრები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ათეულ სკოლაში იმყოფებოდა. ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში შემოწმებულია 120-ზე მეტი სკოლა, ხოლო რესურსცენტრების მხრიდან მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რეგულაციების შესაბამისად, მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ", - აღნიშნულია განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ

რაჭაში ნამახვან ჰესის მშენებლობას უკვე დიდი ხანია ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის შემდგომ, 5 მარტს, აქციის ორგანიზატორებს, ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს დამცველებს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ჰესის აშენების შემდეგ გამოწეული მოსალოდნელი საფრთხეების გამო, წლების წინ, მსგავსი საპროტესტო ტალღა აგორდა შუახევჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, შუახევში ერთ-ერთი საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. მოსახლეობის წინააღდეგობის მიუხედავად, ჰესის მშენებლობა გაგრძელდა, თუმცა როგორც კი ჰესის ექსპლუატაციის სატესტო რეჟიმის დროს წყალი გაუშვეს, „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი მალევე ჩამოიშალა. ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“. სწორედ იგივე კომპანია აშენებს ნამხვანჰესს CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC (შპს „ენკა რინიუებლზ“) , რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიაზე დაპირებას არ ენდობა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ნამახვან ჰესის ტერიტორიაზეც არამყარი ქანებია, მეწყერსაშიში ზონააა და ჰესის მშენებლობა დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა, რომ ექსპერტთა კვლევების თანახმად, გრავიტაციული კაშხლის, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია იმის თეორიული შანსი, რომ ნამახვნაჰესის კაშხალს რამე დაემართოს. მინისტრის მტკიცებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც დაიცავს ხეობას მეწყრული პროცესებისგან. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი მინისტრს უპასუხა რომ მთავრობა შუახევის მოსახლეობასაც მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, მაგრამ ჰესის ერთ-ერთი გვირაბი ჩამოიშალა, ამიტომ ისინი იგივე კომპანიის მიერ აშენებულ ჰესს ვერ ენდობიან და საერთოდ მიაჩნიათ, რომ დიდი ჰესის აშენება იმ კონკრეტულ ზონაში მიუღებელია, გარემოზე ზემოქმედების და ისტორიული ძეგლების განდგურების გამო. ნამახვანჰესის მშენებლობის რისკებზე, მშენებელი კომპანიის გამოცდილებაზე, სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიზანშეწონილობასა და არსებული სიტუაციიდან გამოსავალზე, Europetime ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს გიორგი ჭაღიაშვილს ესაუბრა. „ნამახვან ჰესის მშენებელი კომპანიას, ჰესის მშენებლობის გამოცდილება უკვე ჰქონდა შუახევჰესზე, სადაც არაერთი პრობლემა შექმნეს. აშენებული გვირაბის ჩამონგრევის გარდა, ბევრი პრობლემა იყო. ეს პრობლემები დღემდე გრძელდება. 25 მილიონი დოლარი აქვთ მოსახლეობაზე გასაცემი, მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვაც იგივე კომპანიას მისცეს. ჯერ მარტო მემორანდუმი გააფორმეს ისეთი პირობებით, რომ ცალსახად კომპანიის სასიკეთოდ მოქმედებს. ალბათ კორუფციასთან და კონკრეტული პირების ინტერესების კვეთას აქვს ადგილი თორემ, ამ ჰესიდან სხვა სარგებელი არაფერი არ არის, არც ეკონომიკური. ორი წლის წინ, მსოფლიო ბანკმა ნამახვანჰესთან დაკავშირებთ რეკომენდაცია გასცა, გარანტირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, რომ არსებული ფორმა არასწორია. სახელმწიფომ რატომღაც გამონაკლისი დაუშვა და მისი გადახედვა მოითხოვა. კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, საწყის პირველ წელიწადს გარანტირებული შესყიდვით სახელმწიფო ელექტროენერგიას 6.2 ცენტად ყიდულობს. მემორანდუმი მყარ ვალუტაშია გაფორმებული. 15 წლის განმავლობაში ტარიფი ყოველწლიურად 3 ცენტით უნდა გაიზარდოს.ამ პირობებით, შეიძლება 40 ცენტამდეც კი ავიდეს. მაშინ, როდესაც სემეკს სულ სხვა პოლიტიკა აქვს, გამოდის რომ ნამახვანჰესის წარმოებული ელექტროენერგიის შესყიდვის საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის დოტაციაზე უნდა დავსვათ“, - აღნიშნავს გიორგი ჭაღიაშვილი. მისივე თქმით, 2000 წლიდან გარემოს დაცვის და ნებისმიერი კვლევების შესაბამისად აღიარებულია, რომ გიგანტური ჰესების აშენება სიკეთის მომტანი არ არის, იწვევს კლიმატის ცვლილებებს, რელიეფის დამახინჯებას და განახლებადი ენერგეტიკის კლასიფიკაციაში ჩასმული არ არის. „მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან დიდი ჰესების აშენების ინტერესი გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველომ ელექტროენერგიის მოცულობა გაზარდოს და საბითუმო ვაჭრობაში მიიღოს მონაწილეობა. ელექტროენერგიის მარაგის კრიზისი განსაკუთრებით ზამთარში ნამდვილად გვაქვს, ყოველ წელს 800 მილიონ კილოვატ საათს ვყიდულობთ. ნამახვანის საინვესტიციო თანხად გამოყოფილია 750 მილიონი დოლარი. მაგრამ ჰესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ასაშენებლად 2 მილიარდი ამერიკული დოლარი მაინც არის საჭირო. ვინაიდან ამხელა თანხა ვერ მოიძიეს, შესაბამისად რისკებზე ინფორმაცია დამალეს. სათანადო კვლევები არ ჩაატარეს. მშენებლობა ისე დაიწყეს, პროექტის რისკებზე ცნობილი არაფერი არ იყო. მათ შორის, ნებართვა არ იყო ჯერ გაცემული, მშენებლობა რომ დაიწყეს. მთავარი ისაა, რომ ნამახვანჰესს ეკონომიკური სარგებელიც არ მოაქვს. ორი მილიარდი რომ დახარჯონ კილოვატ სათის ღირებულება 10 ცენტამდე გაიზრდება. მაგრამ ვინაიდან 10 ცენტის გადამხდელი არავინაა, ამიტომ, ხელშეკრულებაში ყოველწლიურად ტარიფის 3 პროცენტიანი ზრდა ჩადეს. ამას ჰქვია ესკალაცია, ანუ რამე სტიქიური უბედურება რომ მოხდეს, ამ თანხით აზღვევენ, რომ მალე ამოიღონ თანხა, რადგან იციან, შეიძლება რამე მოხდეს, მიწისძვრა, მეწყერი და სხვა სახის პრობლემები", - განუცხადა Europetime-ს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა. მისივე თქმით, დიდი ჰესების ბევრი ალტერნატიული საშუალება არსებობს. მთავარია სისტემამ სწორად და მოქნილად იმუშაოს. ალტერნატიული საშუალებებია: წყლის მცირე ენერგეტიკა - მცირე და მიკრო ჰესები, მზის ენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა. ჯეოთერმული ენერგეტიკა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები. „რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიების პროექტების განხორციელებას - ათეული წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ჩვენ დარწმუნებას, რომ დიდი ჰიდროენერგეტიკა იყო საქართველოს გადამრჩენი; რომ საქართველოში გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამ მდინარეების მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და აუცილებლად უნდა ავითვისოთ 80 პროცენტი. მაგალითად მოჰყავდათ ნორვეგია, დანია, ავსტრია და შვეიცარია. მართალია, ამ ქვეყნებმა გასულ საუკუნეში ბევრი დიდი ჰესის აშენება მოასწრეს, მაგრამ ახლა მათ დემონტაჟს გეგმავენ, როგორც კი ჰესებს ექსპლუატაციის ვადა გაუვათ", - აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი. ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით გარემოს დამცველების ბრალდებებს პასუხობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი. როგორც Europetime-ს გეოლოგიის დეპარტამენტიდან აცნობეს, საუბარი იმაზე, რომ კაშხალი შენდება სუსტ გრუნტებში, სიცრუეა. კაშხალი განთავსებულია მტკიცე ორპირიტულ ქანებში, რომლებიც ერთ-ერთი მტკიცე, მდგრადი ქანებია. ყველაზე დიდი მეწყერი, რომელიც ამ ზონაში წყალსაცავის არეალშია მოქცეული, ეს არის ბერჩის მეწყერი, თუმცა იმ ტიპისაა, რომ ერთიანი მოწყვეტა და 34 მეტრიანი ტალღის გამოწვევა არ შეუძლია. ეს ზონა 170 მლნ კუბური მეტრის ტევადობის სივრცეა, რაც ძალიან დიდი ტევადობაა და გამორიცხულია, 34 მეტრიანი ტალღა წარმოიშვას. „აღსანიშნავია, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნება სამკურნალო ბალნეოლოგიურ წყლებს. სულ სხვა მორფოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ ზონაში მდებარეობს კურორტი წყალტუბო და სხვა ზონაშია მდინარე რიონის ხეობის ის ზონა, სადაც ნამახვანის ჰესი უნდა აშენდეს. ასევე, არავითარი კარსტული ქანები აქ არ არის. კარგი იქნება, მშენებლობის ეტაპზე საინიციატივო ჯგუფს თუ ჩამოვაყალიბებთ. ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი, აღიარებული კონსტრუქტორები, გეოლოგები, მშენებლები და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას. სეისმური თვალსაზრისით, ბევრად უფრო სეისმურ ზონაში მდებარეობს ენგურჰესი, ვიდრე ნამახვანი. გაშლის სიმაღლე იქ 275 მეტრია, აქ 105 მეტრი. მზად ვართ, კერძო და საჯარო საუბრებისთვის და უფრო ობიექტურად მივუდგეთ მშენებლობის საკითხს“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა. ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი, გიორგი ჭაღიაშვილი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის არგუმენტებს პასუხობს და აცხადებს, რომ ტერიტორია გეოლოგიურად კი შესწავლილია, მაგრამ ჰესით გამოწვეული ზემოქმედების თვალსაზრისით არ არის შესწავლილი. „აი ამხელა რაოდენობის დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონი მ3 წყალი უნდა დაგროვდეს. ეს წყალი ამ ნიადაგში რომ გაჟონავს, კვლევებში არავინ განიხილავს იქ მეწყერი წარმოიშობა თუ არა. თუ მეწყერი წარმოიშობა, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, ან საერთოდ გვჭირდება ამდენი წყლის დაგუბება? 19 ისტორიული ძეგლი უნდა დაიტბოროს. ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობის დროს, როცა ტაძრები და სოფლები დაიტბორა, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, ავტორიტარული სისტემა და ხმას ვერავინ იღებდა. ახლა სხვა სიტუაციაა. რეალურად არსებობს საფრთხე ამ ჰესებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა წამოიწია, რაც ისევ იმ კომპანიების დამსახურებაა, რომლებმაც ჰესის მშენებლობა უნებართვოდ გააგრძელეს. ეს საპროტესტო ტალღა არის აპოლიტიკური. 34-მეტრიანი ტალღის თემა იმიტომ განიხილება, რომ იტალიაში ერთ-ერთ ჰესზე, რომელიც ჰესების უმაღლესი კატეგორიის საინჟინრო ნაგებობაში აღიარეს, მეწყერი მოწყდა და წარმოქმნილმა 34-მეტრიანმა ტალღამ სამ წამში ქალაქი წაიღო, სადაც 2000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ამაზე აპელირებს დედამიწის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი 34 სამ მეტრიანიც რომ იყოს, რატომ უნდა იყოს ზარალი? რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა. ენგურჰესს რატომ ადრიან ნამახვანჰესს ენგურჰესზე დახარჯულია დღევანდელ თანხებით რომ შეაფასოთ 5 მილიარდი დოლარი. ამას უხარისხოდ აშენებენ ის კიდევ სულ სხვა ხარისხშია აშენებულია. აი განსხვავება რაშია. მშენებლობის ხარისხში ამოჭრა. ენგურჰესის მშენებლობა რომ დაიწყო, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 40-ჯერ შეიცვალა და კორექტირება იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკან არ დაიხიეს რადგან გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. ნამახვანჰესზე კი საინვესტიციო თანხად გამოყოფილია 750 მილიონი დოლარი. მაგრამ ჰესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ასაშენებლად 2 მილიარდი ამერიკული დოლარი მაინც იყო საჭირო. ვინაიდან ამხელა თანხა ვერ მოიძიეს, შესაბამისად რისკებზე ინფორმაცია დამალეს“, - განუცხადა Europetime-ს გიორგი ჭაღიაშვლმა.

ეუთო/ოდირი: რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები არსებობს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოქვეყნდა. ეუთო/ოდირის-ის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავდ რეკომენაციებისა, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის არასათანადო გამოყენება მოჰყვა, მაინც არსებობს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის არჩევნების ადმინისტრირებასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით. „მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში. „ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩვენო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია. „ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია. პირადი მონაცემების გადასამოწმებლად და შესწორებების შეტანის მოთხოვნისთვის ამომრჩევლებს სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ. არჩევნების პირველ ტურში, საბოლოო საარჩევნო სიაში 3 526 023 ამომრჩეველი იყო და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა უმრავლესობას მნიშვნელოვანი შეშფოთება არ გამოუთქვამს მისი სიზუსტის შესახებ. ხმის მიცემის ადგილის დროებით გადატანის შესახებ ოდირის რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარტიისა და კანდიდატის რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო, ცესკო-მ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი, რამაც ამომრჩევლები ფართო არჩევანის შესაძლებლობით უზრუნველყო. ეუთო/ოდირი: ზოგიერთი რეკომენდაცია, მათ შორის არჩევნების ადმინისტრირებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, არ შესრულებულა

ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა. ეუთო/ოდირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და უპასუხოს რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ და წინა ანგარიშებში. ეუთო/ოდირი ხელისუფლებას 8 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს: 1. შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის უფრო მეტად იყოს მოყვანილი ეუთოს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შეთანხმებაში, მომდევნო არჩევნებამდე ადრეულ პერიოდში და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის ფარგლებში. 2. შესაძლოა გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა, მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. შესაძლებელია წევრების დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის თავიდან ასაცილებლად 3. საარჩევნო კომიისიისადმი გამჭვირვალობისა და ნდობის გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვის საკითხი. 4. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობისა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის დასაცავად, შესაბამისმა ორგანოებმა ამომრჩევლებისა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირთა დაშინების შესახებ ბრალდებების გამოძიებისთვის სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგან 5. უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების სისტემა პროცესის გამარტივებისა და სამართლებრივი რეგულირების გაფართოების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების შესაძლებლობა საარჩევნო უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის 6. საარჩევნო დავების დარეგულირების გამჭვირვალობისა და აღნიშნული პროცესისადმი ნდობის გასაზრდელად, ყველა საარჩევნო დავა კომისიების მიერ ​კოლეგიურად და ღია სხდომებზე უნდა განიხილებოდეს. საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედებების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას. 7. არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის გამჭვირვალე, სამართლიანი და თანმიმდევრული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსმა უნდა განსაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები შედეგების ხელახლა გადათვლისა და ანულირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს შესაბამისად დაკომპლექტებული და მომზადებული საჩივრების ეფექტიანად განხილვისთვის და ყველა წამოჭრილი ხარვეზის დეტალური გამოძიებისთვის. 8. უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით.

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინის 200 ათას დოზაზე ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი კონტრაქტები

„ვაქცინის 200 ათას დოზაზე ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი კონტრაქტები", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა მინისტრის თქმით, გარდა COVAX პლატფორმასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, საიდანაც ქვეყანამ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, საქართველოს უკვე დაჯავშნილი აქვს მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა იმ მწარმოებლებთან, რომელთა ვაქცინებიც, მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილსა და მაისში ელოდებიან. მისი თქმით, ვაქცინების დაჯავშნილი დოზებიდან, 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია: „ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ვაქცინის ყველა იმ მწარმოებელთან, რომლებიც დღეს უკვე არიან მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებულები ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარებულები. ეს ნიშნავს იმას, რომ „ასტრაზენეკას“ და „პფაიზერის“ წარმომადგენლებთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკებები და გარდა ამისა, ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რომელი იქნება ის შემდეგი ვაქცინები, რომლებიც უკვე უახლოეს მომავალში მიიღებენ აღიარებას როგორც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციებიდან ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, მათზე ხელმისაწვდომობა ჩვენ გვიჩნდება, როგორც „კოვაქს პლატფორმაზე“, ისე თავისუფალ გაყიდვებში და ჩვენ ამ მწარმოებლებთანაც გვაქვს უკვე მოლაპარაკებები გარკვეულ დოზებზე. მე შემიძლია დავასახელო ეს დოზები. ერთ-ერთ მწარმოებელთან გვაქვს დაკვეთილი მილიონი დოზა. ასევე გვაქვს მოლაპარაკება სხვა დანარჩენ ორ მწარმოებელთან 100-100 ათას დოზაზე და დამატებით 500 ათას დოზაზე, ანუ „კოვაქს პლატფორმის“ მიღმა, დამატებით გვაქვს დაჯავშნილი მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა. მინიშნებით შემოვიფარგლები, ეს არის ის ვაქცინები, რომლებიც მარტის და აპრილის თვეში ელოდებიან რეგისტრაციას და აღიარებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. 200 ათას დოზაზე, ეს არის ორი სხვადასხვა მწარმოებელი, ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი კონტრაქტები“, - აცხადებს ტიკარაძე.

აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

პარასკევს, აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ სანქციები კოლომოისკის ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. სანქციების დაწესების მიზეზი "მნიშვნელოვან კორუფციულ გარიგებებში" მონაწილეობის მიღებაა. "დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

13 წლის არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა. "ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სამართალდამცავებმა ზ.მ. 19 თებერვალს დააკავეს. 21 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისაძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად. პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და, არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე, დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანი ძალდობის მსხვერპლის ინტერესების შელახვა და მეორეული ვიქტიმიზაცია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ირაკლი წულაძე: მემორიალის შუშა არის გატეხილი, შეკეთება შესაძლებელია

„შეკეთება შესაძლებელია, თუმცა ეს მერიამ უნდა გადაწყვიტოს“, - ამის შესახებ Europetime-ს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ავტორმა ირაკლი წულაძემ განუცხადა. „ვიყავი ასული და ვნახე, როგორ არის დაზიანებული ნაკეთობა, მემორიალის შუშა არის გატეხილი. არ ვიცი, შეკეთება შესაძლებელია, თუმცა ეს მერიამ უნდა გადაწყვიტოს. თავის დროზე მერიამ დამიკვეთა ამ მემორიალის დამზადება. მისი დაფინანსებულია პროექტი და შესაბამისად, ეს ქალქისა და ხალხის საკუთრებაა“, - განაცხადა ირაკლი წულაძემ. თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სუ–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა. სუ-25 ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. ყოველ მომდევნო საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის აეროდრომზე განახლებული საფრენი აპარატის საცდელ ფრენას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ. "თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ავიაციის განვითარების მიზნით, 2020 წლის ივლისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს. ავიაციის პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან. პირადი შემადგენლობის მომზადება როგორც ადგილზე, ასევე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.