ძებნის რეზულტატი:
პრეზიდენტი - ნოვრუზობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების მაგალითია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ნოვრუზობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების მაგალითია. "დღეს აღინიშნება გაზაფხულის დადგომის, ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც ბუნების გამოღვიძებას, ახალი ენერგიით აღვსებას ნიშნავს და არის ახალი საწყისის, უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო. საქართველოში ნოვრუზობის დღესასწაულის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელსაც არ გვეძლევა ამ უძველესი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით პანდემია დამარცხდება და მომავალში ნოვრუზობის ლამაზი ზეიმის ტრადიციულად აღნიშვნა ყოველთვის გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს. ვულოცავ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს. ყველას, ვინც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნავს ნოვრუზს, ვულოცავ გაზაფხულის, ახალი დღის დადგომის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს!",- ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში ჩავიდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიასაშუალებაზე დაყრნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ელჩის ჩასვლის შემდეგ იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა აშშ-რუსეთის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ცნობისთვის, აშშ-მა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა. ამასთანავე, კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა. ბაიდენის განცხადების გამო, აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში დაიბარეს.
ემიგრაციიდან დაბრუნებული 200 მოქალაქე 4000-4000 ლარით დაფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ემიგრაციიდან დაბრუნებული 200 მოქალაქე 4000-4000 ლარით დაფინანსდება. უწყების ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 4 აპრილამდე გაგრძელდება. „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.
საგარეო უწყება: ნატალი საბანაძის მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში
ასოცირების საბჭოს შემდგომ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ნატალი საბანაძეს თანამდებობის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საბანაძე გაწეული საქმიანობისათვის მადლობას უხდის. ,,მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა.
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 3 818 ადამიანმა გაიკეთა
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 3 818 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ვაქცინაციისთვის 5 246 მედიცინის მუშაკი დარეგისტრირდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო. პირველად საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა
ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება
პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ე.წ. კომენდანტის საათისა და სხვა სადაო რეგულაციების მოხსას ითხოვენ. ,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში შეიძლება დამძიმდეს, შეიცვალოს, ან შერბილდეს შეზღუდვები, ჩვენ ქვეყანაში კი ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს. ,,თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს კოლექტიურ სარჩელს ,,ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. ვაპროტესტებთ მთელ რიგ სადავო ნორმებს, როგორც ადმინისტრაციული კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვაპროტესტებთ მუხლებს, რომლის მიხედვით, პარლამენტმა გადასცა მთლიანი საკანონმდებლო პასუხისმგებლობა მთავრობამ. ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები, რა შემთხვევაშიც შეიძლება დამძიმდეს შეზღუდვები, შეიცვალოს, ან შერბილდეს. ჩვენ ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს. მაგალითად გერმანიაში, ეს ინფიცირებულთა რაოდენობაზე არის დამოკიდებული”, - განაცხადა ხვადაგიანმა.
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ეს დღე 1993 წლის 21 მარტს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს. პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი” სწორედ ამ დღეს დაარსდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.
ვაშლიჯვრის მოსახლეობა მშენებლობის შესაჩერებლად პეტიციას ავრცელებს და მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს
ვაშლიჯვრის მოსახლეობა პეტიციასა და განცხადებას ავრცელებს. პეტიციის თანახმად, მოსახლეობა მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება. ასევე, პეტიციის ავტორები და ხელმომწერები მოითხოვენ, სამთავრობო უწყებებმა სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები (“და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი”) და ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი სრულად. “ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც უკვე აღმოჩენილია ნაპრალები. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს თითოელ ნაბიჯზე ინფორმაცია. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა, ისევე როგორც მოვითხოვთ კვლევების შედეგების საჯარო განხილვებს. რაც შეეხება დაზიანებულ ფერდს რომელზეც არის ნაპრალები, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით, სასწრაფოდ, თანამედროვე სტანდარტებით გამოკვლეულ იქნას ფერდის სტაბილურობა და მასზე დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება ფერდზე მიმდინარე პროცესებს. ხოლო მერიამ აწარმოოს ლისის ქედის 24-საათიანი მონიტორინგი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ყოველდღურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ დასრულდება და გასაჯაროვდება ექსპერტიზის პასუხები რომლებიც დაადასტურებს იქ პროცესის გაგრძელების უსაფრთხოებას. ვაშლიჯვრის მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნაა, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი. რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება – რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან“ არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან”, – ნათქვამია პეტიციაში. მოთხოვნები :1. გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა. 2. დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები. 3. მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია. 4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს. 5. შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
მეუფე შიო: ჩვენი მიზანია, ღმერთს დავეხმაროთ ჩვენს გადარჩენაში
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, მარხვას იცავს, წმინდა წერილი და ყველა ლოცვა ზეპირად იცის. მისი თქმით, შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს. „დღეს ვინ არიან ჭეშმარიტი ისრაიტელები? ვინ არის დღევანდელი რჩეული ერის წარმომადგენელი, გარდა ებრაელებისა? ჭეშმარიტი ისრაიტელი არის ყველა ის ქრისტიანი, ვინც არის ჭეშმარიტი სარწმუნოების წევრი, მორწმუნენი, მონათლულნი და ეკლესიის წევრნი. ამდენად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ამიტომ შეირჩა დღევანდელი მსახურებისთვის სახარების ეს მონაკვეთი წმინდა მამების მიერ. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, თუმცა ესეც აუცილებელია; მართლმადიდებელი არ არის ის, ვინც ყველა მარხვას იცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა; არა ის, ვინც ყველა ლოცვა და მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცის და ყველაფერს კარგად ასრულებს. ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, იგივე ჭეშმარიტი ისრაიტელი. მაშ, ვინ არის?! ამ კითხვაზე პასუხს თავად სახარება სცემს: ეს არის ის, ვისთანაც არ არის ზაკვა! რას ნიშნავს ზაკვა ამ შემთხვევაში? ეს არ არის მხოლოდ სიცრუე, როგორც ჩვენ გვესმის ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად ყველაფერი, რაც ბოროტისგან მომდინარეობს. ეს არის სიყალბე ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს, სხვანაირი გამოჩნდეს. იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია. აი, ეს არის სიყალბე, ეს მიუღებელი და საძულველია ღვთისთვის, რადგან როდესაც ადამიანი თავის სულიერ ენერგიას იმისთვის ხარჯავს, რომ მხოლოდ გარეგნულად მოაჩვენოს ვინმეს რაღაც, რა თქმა უნდა, ეს ღვთისთვის მიუღებელი და დიდი ცოდვაა. სახარებიდან კარგად გახსოვთ, როგორ ლმობიერად ეპყრობოდა უფალი იესო ქრისტე დიდ ცოდვილებს, როგორ ეალერსებოდა, როგორ სწყალობდა, როგორ ცდილობდა მათ გამოსწორებას ყოველთვის, მაგრამ ფარისევლებს, რომლებიც გარეგნულად წარმოაჩენდნენ თავს და ეგონათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვაგვარად მიმართავდა. გარეგნულად ისინი, მართლაც, სანიმუშონი იყვნენ – მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, მოწყალებას გასცემდნენ, ტაძარსაც და სამღვდელოებასაც ინახავდნენ, წმინდა წერილსაც სწავლობდნენ, გარეგნული თვალსაზრისით, ყველაფრით სანიმუშონი იყვნენ, მაგრამ მათ ასე მიმართავდა უფალი: „ნაშობნო, იქედნეთანო“. რას ნიშნავს „იქედნეთა ნაშობნი“? ეს გველის ნაშობს ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ მათში იყო ზაკვა და სიყალბე. უფალი ამბობს, რომ „ეკრძალეთ ცოდვისაგან ფარისეველთა, რომელიც არის თვალთმაქცობა“, ანუ ორგულობა. ეს ორგულობა არის სწორედ ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ის მდგომარეობა, როცა სიყალბეა ადამიანში. რა თქმა უნდა, ის გარეგნული თვისებები, რომლებიც ჩამოვთვალე, საჭიროა, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს. უფლისთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულია, რომლისთვისაც მან სისხლი დაღვარა და თავისი ცხოვრება გაიღო. ამიტომ, დღეს დიდი მარხვის პერიოდში საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა: ვინ ვარ მე?! ამისთვის არის ეს დიდი მარხვა. ვარ მე ჭეშმარიტი ისრაიტელი?! – თუკი საკუთარი თავისადმი დასმული ეს კითხვა გულწრფელი იქნება, რა შეიძლება იყოს მისი პასუხი? ის, რომ მე ვარ საბრალო და ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება გამოხსნა და გადარჩენა. ვინც ასე ფიქრობს, აი, ასეთ ადამიანს გადაარჩენს ღმერთი. ჩვენი მიზანია, ღმერთს დავეხმაროთ ჩვენს გადარჩენაში; ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „უფალს სურს, ყოველი კაცი გადარჩეს და შეიცნოს ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე“. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი მონაკვეთი წავიკითხეთ დღეს სახარებიდან და თუ ასე ვიცხოვრებთ, ასეთი მიზანი გვექნება ცხოვრებაში, არ გვექნება ზაკვა, არ იქნება ყალბი ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან, სწორედ მაშინ შეგვეძლება გავხდეთ მართლაც ჭეშმარიტი ისრაიტელები, ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ავღანეთში ჩავიდა
Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავღანეთში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ოსტინის პირველი ვიზიტია ავღანეთში. არსებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარსკაცების გაყვანა იქნება. ვიზიტის დროს პენტაგონის მეთაური ქვეყნის პრეზიდენტს აშრაფ ღანის და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრი: ვულოცავ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს, დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობა. „მინდა, ქართული ჟურნალისტიკის დღე მივულოცო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი – „ქართული ოცნება“ უდგას გარანტად. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
საწვავი ფასის გასაპროტესტებელ აქციაზე 7 პირი დააკავეს
საწვავი ფასის გასაპროტესტებელ აქციაზე სამართალდამცველებმა 7 პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილია, მოქალაქეები სამანქანო გზის ნაწილზე ცდილობდნენ გადასვლას, თუმცა სამართლადაცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის გამოც, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ 200-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ყველა მათგანი უკვე თავისუფალია.
25-26 მარტს ევროკავშირის სამიტი ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირის სამიტი ვირტუალურ ფორმატში 25-26 მარტს გაიმართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს იქნება 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ პირველი შეხვედრა, რომელიც მსგავსი სახით ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელიც სამიტს უხელმძღვანელებს, ეს გადაწყვეტილება ბლოკის წევრ სახელმწიფოებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო. სამიტის დღის წესრიგშია პანდემიასთან ბრძოლა და ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარება. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები აპირებენ განიხილონ რუსეთთან და თურქეთთან შემდგომი ურთიერთობები.
კარლ ჰარცელი : ვულოცავ ქართულ მედიას ჟურნალისტიკის დღეს, დიდი მადლობა, რომ გამოწვევების დროსაც წინა ხაზზე დგახართ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართული მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და მადლობას უხდის, რომ გამოწვევების დროსაც წინა ხაზზე დგანან. „ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მივულოცო ქართულ მედიას ჟურნალისტიკის დღე. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოწვევების დროსაც წინა ხაზზე დგახართ. მე და ჩემი კოლეგები პატივს გცემთ და ვაფასებთ თქვენს შრომას“, – წერს კარლ ჰარცელი Tweeter-ზე.
ბრიტანული მედია - პუტინი ნავალნის მოწამვლის საქმის ფიგურანტებისა და ხადარკოვსის ლიკვიდაციას გეგმავდა
გამოცემა Mirror-ი ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მსხვერპლთა ახალ სიას, საიდანაც 6 მათგანი ბრიტანეთში ცხოვრობს. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, პუტინის მსხვერპლთა სიის დიდი ნაწილი ამ დროისთვის ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიამ რუსეთის საიდუმლო სამსახურს მოქმედების შესაძლებლობა შეუზღუდა. Mirror-ი ინფორმაციით, ახალ სიაშია მოხვდა, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლაში ფიგურანტი 2 პირი და ასევე ნავთობკომპანია ,,იუკოსის" აღმასრულებელი დირექტორი მიხაილ ხადარკოვსკი. მედიასაშუალების წყარო დარწმუნებულია, რომ მათი ლიკვიდაცია იმავე ნივთიერებით იგეგმება, როგორც ეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში მოხდა.
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონმა შემაჯამებელი სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ბატარეის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შემაჯამებელ საბრძოლო სროლებში მიზიდული იყო რეაქტიული სისტემების საბრძოლო მანქანა ბმ-21 და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარი ზეუ-23-2. სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნის შემოწმებას, თუ რამდენად შეუძლიათ მათ თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას, ბატალიონის/ბატარეის შემადგენლობაში სამანევრო ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერა.წვრთნები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დიეგო კოლასი: ევროკავშირისა და საფრანგეთის სამხედროებზე ქართველმა კოლეგებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს
საქართველოში საფრანგეთის ელჩი ქართველი მშვიდობისმყოფელების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებაზე წერს. დიეგო კოლასმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ქართველმა კოლეგებმა ევროკავშირისა და საფრანგეთის სამხედროებზე შთაბეჭდილება მოახდინეს. „სიამაყით დავხვდი 2 დღის წინ, ინტენსიური და ძალიან წარმატებული მისიის შემდეგ. ქართველმა კოლეგებმა ევროკავშირისა და საფრანგეთის სამხედროებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს“, - წერს დიეგო კოლასი. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან საქართველოში 20 მარტს დაბრუნდა.
EUMM-ის მისიის ხელმძღვანელი: ე.წ გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა
ე.წ კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ კიდევ უფრო შეუშალა ხელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა - ამ საკითხზე Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ისაუბრა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მძიმედ დაარტყა როგორც თავად პანდემიამ, ისე მისმა შედეგებმა. „აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ, მაგალითისთვის, კიდევ უფრო შეუშალა ხელი მათი გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისიამ იცის ამ გამოწვევების შესახებ და სხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენ შევეცდებით მივმართოთ მათკენ ძალისხმევა ყველა არსებული ფორმატის, მათ შორის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს შეხვედრების, ევროკავშირის ინსტიტუციებში და წევრ ქვეყნებში მიმართული ჩვენი ანგარიშგებების მეშვეობით“, - განაცხადა მარეკ შჩიგელმა.
დიდ ბრიტანეთში, ოქტომბრის შემდეგ, კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
დიდ ბრიტანეთში, ოქტომბრის შემდეგ, კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემით, იანვარსა და თებერვალში 1000 ასეთი ყოველდღიური შემთხვევა ფიქსირდებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 33-ს შეადგენს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 4.4%-ით იკლო ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამაც და ბოლო 7 დღის განმავლობაში 38,145 შეადგინა. ჯამში, დიდ ბრიტანეთში კოვიდვაქცინის ერთი დოზა 27.6 მილიონმა გაიკეთა, ორი დოზით კი 2.3 მილიონი აიცრა.
BBC: კიდევ რამდენ ხანს უნდა ვატაროთ ნიღაბი და დავიცვათ სოციალური დისტანცია
ადამიანებს სამედიცინო ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწიოთ. ამას წამყვანი ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ. ამის შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა. ინგლისის იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მერი რამსეიმ განაცხადა, რომ ძირითადი ზომები შესაძლოა, ძალაში დარჩეს, ვიდრე სხვა ქვეყნები წარმატებით არ ჩაატარებენ ვაქცინაციას. მან ასევე განაცხადა, რომ ხალხმრავალი ღონისძიებების დაბრუნების საკითხი მოითხოვს ფრთხილ მონიტორინგს და მკაფიო მითითებებს უსაფრთხოების დაცვის შესახებ. მერი რამსეის თქმით, შეზღუდვები, როგორიცაა სახის დაფარვა, ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანცია, ბევრმა მიიღო როგორც ეკონომიკის ფუნქციონირების შესაძლებლობა. „ხალხი უკვე შეჩვეულია დაბალი დონის შეზღუდვებს და შეუძლია, იცხოვროს ამ შეზღუდვებთან ერთად, ხოლო ეკონომიკა კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების ფონზე. ასე რომ, ვფიქრობ, რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც წარმატებით ჩატარდება ვაქცინაცია, ისე - როგორც ჩვენთან, შეგვეძლება, თანდათან დავუბრუნდეთ უფრო ნორმალურ მდგომარეობას“, - აღნიშნავს ინგლისის იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი. სპეციალისტები ასევე მიიჩნევენ, რომ საზღვარგარეთ დასვენების დღეების გატარება ჯერჯერობით სარისკო და ნაადრევია. დიდმა ბრიტანეთმა გუშინ, კოვიდვაქცინით აცრის (873,784) რეკორდი დაამყარა.