ძებნის რეზულტატი:
ზაზა ფირალიშვილი: დამუხრუჭდება ყველა ის პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, რაც ეკონომიკურ პროექტებზეც აისახება
ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოპოზიცია და ხელისუფლება ხელს ერთმანეთისკენ იშვერს. მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდიდან კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსა. პარალელურად „გირჩი“ მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აგრძელებს. თუ რა შედეგების წინაშე დააყენებს ქვეყანას ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულება, ვის აწყობდა მოლაპარაკების ჩაშლა და რა საპასუხო რეაგირებას უნდა ელოდოს ქვეყანა ევროკავშირისგან, ამ საკითხებზე Europetime ანალიტიკოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. _თქვენი შეფასებით, რატომ ვერ შედგა შეთანხმება, რა საკითხებმა, ვინ, ან რამ შეუშალა ხელი ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას? -ვერ დავინახე განსაკუთრებული სურვილ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურდათ. ოპონენტებს შორის დიალოგის არავითარი სურვილი არ ჩანდა. ორივე მხარეს ცდილობდა, „საბანი მთლიანად თავის მხარეს გადაექაჩა“. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ვერავითარი შეთანხმება ვერ შედგებოდა. სწორედ ამაზე მიუთითებდნენ დასავლელი პარტნიორები. ხშირად. ლამის დაუფარავად ამბობდნენ, რომ მათი ქცევა სახელმწიფოს ვნებს. რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში შედის და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად განაგრძობენ თავის სტრატეგიას. არ მინდა, გადაჭარბებული ეჭვები გამოვთქვა, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც ავის მსურველი სერიოზულად უფათურებდა ხელს ამ დიალოგის პროცესში. -ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალას, პერსონა, თუ ვის გულისხმობთ? ქვეყანა ორი დიდი ფეოდალის, სააკაშვილის და ივანიშვილის ბრძოლის ასპარეზად იქცა, რის გამოც, საქართველოში არანორმალური პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ამ დაძაბულობაში, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა ჩაიკარგა, პოლიტიკური ალტერნატივა ვერავინ შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ იმედები არსებობდა თუნდაც „ლელოს“, ან „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ . _დიალოგის ჩაშლის შემდეგ „გირჩმა“ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო კომპრომისები და შეთავაზებები, რომლებიც ოპოზიციისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მოხდა და რატომ ვერ შედგა შეთანხმება“ . გირჩი არ წარმოადგენს ისეთ რესურსის პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოახერხებდა თავის მხარეს გადაექაჩა პროცესები. _„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, რამდენიმე, თუნდაც ერთი ან ორი პარტია რომ შევიდეს პარლამენტში, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, შეცვლის რამეს? „გირჩმა“ უკვე დაიწყო ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები. -ორიოდე თვის წინ, კიდევ შეიძლებოდა ამაზე საუბარი. ახლა უკვე ისეთ ჩიხში არიან შესულები, მხოლოდ ერთი, ან ორი პარტიის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ უშველის საქმეს. მარტო „გირჩი“ რომ შევიდეს პარლამენტში, ოპოზიციური ანტურაჟი იქნება, რომელიც რეალურად ვერაფერს გააკეთებს. ერთი და ორი პარტია ვერაფერს შეცვლის. აქ საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს. ეს თავისთავად არ შეიძლება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ახლა, ამ ნაბიჯის გადადგმა სიტუაციის განმუხტვას ვეღარ შეძლებს. ორივე მხარემ მიაღწია ყველაზე ცუდს, რიგითი ამომრჩეველი, ის ვინც არჩევნებზე იყო ოქტომბერში, გულგრილი გახდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ოპოზიციის ნდობაც დაკარგეს, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა NDI-ს გამოკითხვაში _NDI-ს კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა სურს. რა რესურსის იმედიც ოპოზიციას ჰქონდა ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. როდესაც კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ნდობას კარგავს, მაშინ რა რესურსზე, რა გათვლებზე ამყარებს იმედებს? შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ოპოზიცია ფიქრობს, ნიკა მელიას დაკავებამ საზოგადოების ეს განწყობა შეცვალა? რესურს კარგავს არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებაც. ვერ გეტყვით, რომ ნიკა მელიას დაკავებამ გარდამტეხი ცვლილება მოახდინა. უბრალოდ, სიტუაციის მეტი პოლარიზება მოხდა. საზოგადოების განწყობაში, ამით დიდი ცვლილებები არ მომხდარა. _საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას უფრო მეტად სჭირდებოდა ამ შეთანხმების მიღწევა, განსხვავებით ოპოზიციისგან. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში ვინ ითამაშა ყველაზე დიდი როლი მოლაპარაკების ჩაშლაში? - არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი კრიზისის განმუხტვით არის დაინტერესებული. მიზანი შეიძლება სწორედ ამ სიტუაციის შენარჩუნება იყოს. ვიღაცას გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ ასეთი პარლამენტით შეძლებს ქვეყნის მართვას. ყოველთვის როგორც კი გამოჩნდებოდა, რაღაც ნიშანი იმისა, რომ შეიძლებოდა დიალოგი დაწყებულიყო, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებდა ისეთ განცხადებას, ან ისეთ ქმედებას მიმართავდა, რომ ყოველგვარი იმედი იშლებოდა. _დანიელსონის ვიზიტამდე, როდესაც პლებისციტის საკითხი წამოიწია, გიორგი ვოლსკი აცხადებდა, რომ ღირს განხილვად, თუმცა მამუკა მდინარაძემ და კიდევ რამდენიმე ლიდერმა უმრავლესობიდან, ბევრად უფრო ხისტი პოზიცია დააფიქსირეს. რამდენიმე საკითხზე გამოიკვეთა მსგავსი განსხვავებული პოზიციები, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების საკითხზე, სახელისუფლებო გუნდში ორი განსხვავებული პოზიციაა და ორი ფრთა გაჩნდა? ძნელია რამის თქმა, ხელისუფლების შიგნით, ორი გუნდია თუ ხუთი, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციები არაერთგვაროვანია. იქ არიან ზომიერი ადამიანებიც, რომლებსაც ესმით, რომ შეუძლებელია ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, დასავლეთთან სერიოზული კონტაქტების დაკარგვას. დასავლეთთან დაახლოების კუთხით, რა პროცესებსაც ათწლეულების განმავლობაში მივაღწიეთ, ეს პროცესები შეიძლება დამუხრუჭდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესების გარდა, სხვა ინტერესი არ გააჩნიათ. პოლიტიკაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც სახელმწიფო ინტერესებს და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ერთმანეთში ურევს. _ევროკავშირის მხრიდან, რა კონკრეტული რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებულ მოლაპარაკებების ჩაშლას? საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ, რეგიონში ევროკავშირის პოზიციები შესუსტებულია. ამიტომაც, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, თვითონ ევროკავშირსაც სჭირდებოდა, რეგიონში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. ამის გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ და ეს ყველაფერი ქვეყანას რამდენად დააზარალებს? სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანა ძალიან დაზარალდება, რადგან სავარაუდოდ დამუხრუჭდება ყველა ის პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარეობდა. ახლა შეიძლება ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდეს, მაგრამ პროცესზე აისახება. ყველა მიმართულებას დამჩნევა. ეკონომიკურ პროექტებზეც აისახება, რაც მთავარია, რუსეთის წინააღდეგ ბრძოლაში პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხზე. როცა ორივე მხარეს თვეების განმავლობაში გეუბნებიან, რომ თქვენი საქციელი სხვა არაფერია, თუ არა რუსული ინტერესების გატარება. ამ დროს, შენ ამას ყურს არ უგდებ, რბილად რომ თქვათ, რა თქმა უნდა ევროპელებს შეუსუსტდებათ იმედი იმისა, რომ აქ, ჩვენს რეგიონში, საქართველოს სახით, მათ მოკავშირე ჰყავთ.
ელისო ბოლქვაძე: ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკური უთანხმოებებით, ხელოვნება აერთიანებს
"ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკური უთანხმოებებით, ხელოვნება აერთიანებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, კულტურის ახლადშექმნილი კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “ახალი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და ამას აუცილებლად უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. დიდი მოლოდინებია, დიდი გამოწვევებია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ხელოვნება მაქსიმალურად ემსახუროს ხალხს, მივიდეთ ადამიანებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად შეეხო, ვისაც სჭირდება სულიერო საზრდო. მე მგონი, ყველას გვჭირდება სულიერი საზრდო. ადამიანები დაიღალნენ ამდენი რყევებით, პოლიტიკური უთანხმოებებით, მე ვფიქრობ, ხელოვნება აერთიანებს და ხელოვნებამ უნდა ქნას ის რაც ასე გვჭირდება ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მომავალ თაობას.”-განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. პარლამენტში ახლად შექმნილმა კულტურის კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის დებულება მიიღეს და თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი და ქეთევან დუმბაძე აირჩიეს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, AstraZeneca-ს წარმომადგენლები ახალციხელი ექთნის საქმის შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, რომ AstraZeneca-ს წარმომადგენლები ექთან მეგი ბაქრაძის საქმის შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ფატალური გართულების შემთხვევაში თავდაპირველად AstraZeneca-ს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მოკლე რეპორტის სახით ეგზავნება, შემდეგ კი ვითარების შესწავლა გაფართოებული ფორმატით ხდება, რაც გულისხმობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. „ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება AstraZeneca-ს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირელად მიდის მოკლე „რეპორტი“, შემდეგ კი უფრო გაფართოვებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი“,- განაცხადა გამყრელიძემ.
დათა ვანიშვილი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს
88 წლის დათა ვანიშვილი მავთულხლართებით გაყოფილი სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც მისი მშობლები და ოჯახის სხვა წევრები განისვენებენ. გარდაცვლილთან გამოთხოვების მიზნით, საოკუპაციო ძალების წარომადგენლებმა ე.წ. საზღვარზე გადასვლის საშუალება დათა ვანიშვილის ნათესავების ნაწილს მისცა. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სახლიდან გამოსვენების დროს, ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მეორე მხრიდან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
აშშ-ის საელჩო: დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება
"დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება", - აშშ-ის საელჩო დათა ვანიშვილის ხსოვნას პატივს მიაგებს და განცხადებას ავრცელებს. "პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
NATO-ს შტაბბინის თანამშრომლებს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრიან
AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პოლონელი ექიმები NATO-ს 3 500 თანამშრომელს აცრიან. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელში ვაქცინაციისთვის 20-ზე მეტი ექიმი ჩავიდა. შტაბბინის თანამშრომლების ვაქცინაცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ NATO-მ პოლონელი ექიმები ალიანსის შტაბბინაში ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად ოფიციალურად მიიწვია. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთს ძლიერი მოკავშირეობისათვის და პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას ვუხდი პოლონეთსა და პრემიერ-მინისტრ მორავეცკის NATO-ს შტაბბინაში ვაქცინაციის ჩატარების მზაობისთვის. პოლონეთი ძლიერი მოკავშირეა, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში სხვა მოკავშირეებსა და პარტნიორებს მხარდაჭერა აღმოუჩინა “, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბექა დავითულიანი გიორგი გახარიაზე: ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება
"რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკაში, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას, სადაც გახარიამ აღნიშნა, რომ "პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს". დავითულიანის თქმით, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიას შექმნის, ის "ქართული ოცნების" კონკურენტი იქნება. “რაც უფრო მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ამ პარტიიდანაა წასული”,- განაცხადა დავითულიანმა. გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ
გიორგი ვოლსკი: არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია
მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია თუ ვინმე ასე გადაწყვეტს ან თვითონ თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გახარიას ამ დრომდე ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია და სავარაუდოდ, როცა დრო მოვა, ამასთან დაკავშირებითაც ისაუბრებს. „გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია ჯერ არაფერი და კვლავ არ მინდა მის ადვოკატად მოგევლინოთ. თქვა, რომ ვიტყვიო, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები მიყვებოდნენ ინტენსიურად, სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და არ მოიხურა კარები, იქამდე შეკითხვებს სვამდნენ და ალბათ, უკეთესად თვითონ განმარტავს, იმის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ბევრ რამეზე ისაუბრებენ ახლა, ზოგი სატელიტობას იტყვის, ზოგი იტყვის, რომ პარტიას ქმნის და „ქართული ოცნება“ იმასთან გადადის, გვარებსაც დაასახელებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკის განმარტებით, მას არ მიაჩნია, რომ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა სწორი ნაბიჯი გადადგა და არც მისი პოლიტიკური შეხედულებები მიაჩნია სწორად, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. „არ შევხვედრივარ. არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, არ მიმაჩნია, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბოლოს მოხდა, იყო მართებული და სიღრმისეულად გაანალიზებული, მიუხედავად ამისა, ვადასტურებ, რომ არაერთხელ ერთნაირი პოზიციით გამოვსულვართ, ის იყო პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, აქ გაცილებით მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა და გაცილებით უფრო სიღრმისეული ანალიზი და შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოსაც ავნებდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ის ამბობდა და გარკვეულწილად გუნდიდან გამყოფის ან დაცილების სერიოზული წინაპირობა შექმნა“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ
ევროკავშირის მინისტრები საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარს უჭერენ
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველო იყო, ევროკავშირის მინისტრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს. ჩამოვა თუ არა კრისტიან დანიელსონი საქართველოში, ეს სავარაუდოდ, ჟოზეპ ბორელისთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოახსენა და აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს გაწევრიანება. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ის ელოდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას, რომელთანაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთი იქნება. გენერალური მდივნის თქმით, რუსეთმა რამდენჯერმე გამოხატა, რომ მას აქვს უფლება, დაბლოკოს ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება და სწორედ ამაზე ისაუბრებს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ახალ სახელმწიფო მდივანთან. „NATO-ს კარი ღიაა და ეს მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ალიანსში სულ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს ნიშნავს, რომ ნატო მზადაა, ახალი წევრების მისაღებად და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რეალობა. ეს ხდება, როდესაც ალიანსის ყველა წევრი თანხმდება და როდესაც ასპირანტი ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგივე შეტყობინება გადავეცი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს NATO-ში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე. მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტუტუტების განმტკიცების მხარდაჭერით. მე ვერ ვისაუბრებ NATO-ს წევრი სახელმწიფოების ნაცვლად, მაგრამ ველოდები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას აქ, NATO-ში და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება რუსეთი. რუსეთმა რამდენჯერმე გამოხატა, რომ მას აქვს უფლება, დაბლოკოს ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება. ეს ვნახეთ ბოლოს ბოსნია და ჰერეცეგოვინას შემთხვევაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას, გარდა NATO-ს წევრებისა და ასპირანტი სახელმწიფოს, არ აქვს უფლება, მიიღოს კონკრეტული ქვეყნის. NATO-ში გაწვრიანების გადაწყვეტილება, და ეს ეხება საქართველოსაც. საქართველოს სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გეზი. არავის სხვას ამ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს“, – განაცხადა იენს სტოლტენგერგმა.
ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემთხვევაში ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება. "უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ მას ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის ლიდერად. ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ვინ არის მისი კადრი, ზუსტად არ ვიცი. ობიექტურად რომ ვთქვა, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ -არა სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს", – აცხადებს ელისაშვილი. ცნობისთვის, თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ
ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების განმარტებით, ვიზიტი 25 მარტამდე გაგრძელდება და მდივანი ბლინკენი NATO-ს მინისტერიალს დაესწრება, შეხვდება ალიანსის მოკავშირეებსა და გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. ამასთანავე, ის შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს და ბელგიის ოფიციალურ პირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ის შეეცდება NATO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცებას და ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორცაა კონტრტერორიზმი, კორონავირუსის პანდემია და კლიმატური ცვლილებები. ევროპაში ოფიციალურ ვიზიტს ის 25 მარტს დაასრულებს და ვაშინგტონში დაბრუნდება.
თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე: არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ჯობდა, რომ გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიეღო, ახლა მისი პოლიტიკაში შემობრუნება კითხვის ნიშნებს ბადებს. როგორც წულუკიანმა განაცხადა, სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექსპრემიერი ,,ქართული ოცნების" ოპოზიციაში დაბრუნდებოდა, თუმცა მას იმედი ჰქონდა, რომ გახარია ამას არ გააკეთებდა. ,,მედიაში სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში დაბრუნდებოდა. რაკი მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო... რაკი შემობრუნდა, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“, ეს საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო იყო მისი წასვლა და მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა გუნდში, პარლამენტში, სადაც გადაბარების პროცესში გახლდით, ყველა გაკვირვებული იყო, მეც მათ შორის პირველი და ჩვენთვის ეს საზიანო ვერ იქნება. მისთვის რამდენად კარგია ეს დაბრუნება, არ ვიცი, რადგან იქნება კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს და რამდენად შეიძლება იყოს კომფორტული ეს კითხვები, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ეს გადადგომის შემდეგ გახარიას პირველი კომენტარია. მისი თქმით, ის სამომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს.
ნატალი საბანაძე: საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს
ნატალი საბანაძემ, რომელმაც ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა, იმედს გამოთქვამს, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. "იმედი მაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება. საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს", - წერს საბანაძე. შეგახსენებთ, რომ ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ დატოვა
ევროკავშირი, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, 11 მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ერითრეის, სამხრეთ სუდანის და ლიბიის მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში 11 მაღალჩინოსანი მოხვდა, რუსეთის შემთხვევაში საუბარია ორ პირზე, რომლებიც ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებში მონაწილეობდნენ. სანქცირებულების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მათ ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში მათ სახელზე გახსნილი ანგარიშები გაიყინება. აღსანიშნავია, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი აამოქმედა. პირველად ამ მექანიზმით შეზღუდვები დაუწესეს რუს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დევნაში არიან პასუხისმგებელნი.
შარლ მიშელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ევროსაბჭოს 25 და 26 მარტის შეხვედრის გათვალისწინებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. სატელეფონო საუბრისას, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაბალ დონეზეა. ასევე, დაადასტურა ევროკავშირის მიდგომა ხუთი სახელმძღვანელო პრინციპის მიმართ, რომელიც ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს ეფუძნება. "ამჟამად, ბევრ საკითხში უთანხმოება არსებობს. ევროკავშირის თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობამ შეიძლება სხვა მიმართულება მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული წინსვლა იქნება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მინსკის შეთანხმებების განხორციელება, წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული და კიბერშეტევების შეჩერება და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ალექსეი ნავალნის საქმეზე. შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის ხელისუფლებისადმი ევროკავშირის მოწოდება, გაათავისუფლონ ნავალნი და გამჭვირვალედ გამოიძიონ მისი მკვლელობის მცდელობა. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს კორონავირუსის პანდემიაზე, ვაქცინებზე, რეგიონიულ და გლობალურ თემებზე", - ნათქვამია ევროპული საბჭო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადამ კინზინგერი: პუტინი მკვლელია
"რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე. პუტინი მკვლელია" - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერმა Twitter-ზე დაწერა. "რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე; პუტინი მკვლელია. ის არის ტირანი, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარული ადამიანები და მათი არჩევანია. ის დაეხმარა ასადს, სირიაში 50 ათასზე მეტი ბავშვი მოეკლა და ბელარუსში აქტივისტები აწამეს. ის თესავს ქაოსს და მთელ მსოფლიოში დაუსჯელად მოქმედებს", - წერს კინზინგერი.
შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა "ქალთა ლიდერობის განვითარების" შესახებ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა "ქალთა ლიდერობის განვითარების" შესახებ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ავრცელებს. "სწავლება მიზნად ისახავდა სამართალდამცველ ქალთა ლიდერობის უნარების განვითარებას, ასევე, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციისა და სწავლების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ლიდერობის სტილის გაუმჯობესება, კომუნიკაციის სტილის დახვეწა და ორგანიზაციული შეცდომების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით და აშშ-ის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით განხორციელდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტიერი ბრეტონი: ევროკავშირს არ სჭირდება რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V
"ევროკავშირს არ სჭირდება COVID-19-ის რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V", - ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის შიდა ბაზრის საკითხების კომისიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებლის ვაქცინების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისი სიტყვებით, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ევროკავშირს უკვე დამტკიცებული ოთხი ვაქცინაც ეყოფა. ”დღეს ჩვენ აშკარად გვაქვს შესაძლებლობა, ივნისის ბოლოს, ვაქცინების 300-დან 350 მილიონამდე დოზა მივიღოთ. შესაბამისად, 14 ივლისისთვის ... ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ იმუნიტეტს მთელ კონტინენტზე”, - განაცხადა ბრეტონმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთს Sputnik V-ის წარმოებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ პრიორიტეტი ევროპელებს უნდა მიანიჭო.
მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, რომელიც დღეს ვიდეო-კონფერენციის ფორმატით გაიმართა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტად აირჩიეს. "ბიუროს სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარება. ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მთავარმა მკვლევარმა, მაიკლ ემერსონმა მოხსენება გააკეთა ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაზე ,,ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარებითი ანალიზი - ევროპული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“, სადაც ბალკანეთის, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - ე.წ. სამეულის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებია შედარებული. სხდომის დასასრულს ბიურომ განიხილა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები და ერთხმად გადაწყდა, რომ მომდევნო სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება ,,პოსტ-კოვიდური ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის და მაკა ბოჭორიშვილის თანა-თავმჯდომარეობით მიმდინარე წლის 19-20 აპრილს ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.