ძებნის რეზულტატი:
დავით სუჯაშვილი: გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელ საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს: „მეგობრებო, საიდუმლო არაა, რომ Facebook - ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალასა და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელ საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი, ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო“. ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სუჯაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს გამოქვეყნდა მესაზღვრეებისთვის პროფესიული დღის მისალოცი ტექსტი, რომელსაც თან რუსი სამხედროს ფოტო ჰქონდა დართული. პოსტი გვერდიდან მალევე წაიშალა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არ არის, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს გაუნაწილოს
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზად არ არის, რომ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს გაუნაწილოს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ლაიენის თქმით, ბლოკის გარეთ ვაქცინების გატანა იმ დრომდე არ მოხდება, ვიდრე ევროკავშირის ტერიტორიაზე უკეთესი წარმოება არ იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Covax პლატფორმის ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების ხელმისაწვდომობას. ევროკავშირის მწარმოებლებმა მსოფლიოს 33 ქვეყანაში 41 მილიონი დოზა ვაქცინა გაიტანეს, რის გამოც ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია.
თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე: ნუ მივეცემით სკეპტიციზმს, არ შეიძლება ერთი შემთხვევისთვის ქვეყნის ბედი შევაგდოთ სასწორზე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი მოსახლეობა უარს იტყვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, გარდაუვალი იქნება კოვიდინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვის მატება, ამას თან მოჰყვება სრული, ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. როგორც ცერცვაძე აცხადებს, პირველ რიგში ექიმებმა უნდა დაძლიონ სკეპტიციზმი, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-65% აცრილი იყოს. ,,დღეს საქართველო დგას გზაჯვარედინზე, პირდაპირ ვთქვათ, გვაქვს ორი შესაძლო სცენარი და ორი პერსპექტივა. პირველი, რომ დავძლევთ იმ სკეპტიციზმს და უნდობლობას, რომელიც ვაქცინის მიმართ ისედაც იყო საქართველოში და ამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ, რომელიც სრულიად შემთხვევითი იყო, გააძლიერა ეს ნეგატიური ტენდენციები ვაქცინის მიმართ. ბოლო ორ დღეში შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი. უნდა დაძლიონ ეს სკეპტიციზმი და უნდა ჩაერთონ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში. დღეში ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3 000-4 000 ათასი ადამიანის აცრა მაშინ, როცა ვცრიდით 400-500 ადამიანს ხოლო იმ შემთხვევის შემდეგ, ასი ადამიანი ძლივს აიცრა. ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში, შევინარჩუნებთ ინფიცირების დაბალ რიცხვს, დაიკლებს გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, ნულზე დავიდეს. ამას ავტომატურად მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის გაუქმება. ახალი შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ ან უკვე შემოიღო ახალი ლოკდაუნი, ან აპირებს შემოღებას. თუ არ გვინდა ეს იყოს, მაშინ დავიწყოთ ფართო ვაქცინაცია. ეს საშუალებას მოგვცემს გავხსნათ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და აღარ განმეორდეს ის მტკივნეული პროცესები, რომელიც ყველამ გადავიტანეთ. თუ გავჯიუტდებით და უარს ვიტყვით ვაქცინაზე, მივეცემით სკეპტიციზმს, არ გვექნება ნდობა ვაქცინაციის მიმართ და არ ჩავებმებით კამპანიაში, მაშინ გარდაუვალია შემთხვევების მატება, სამწუხაროდ ალბათ გარდაცვლილთა მატებაც. ამას თან მოჰყვება შეზღუდვების მატება, სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი და უამრავი დისკომფორტი. უნდა დავფიქრდეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და არ იტყვიან უარს ვაქცინაზე და პირიქით, რიგები იქნება ვაქცინაციის პუნქტებთან და დღეში ჩვენ მოვახერხებთ 3 000-4 000 აცრას. ახლა ვინც იტყვის, რომ არსებობს რისკები და ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა. ძალიან სამწუხაროა, ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალება. მთელი ერი გლოვობს და მათთან ერთად მთელი სამედიცინო საზოგადოება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ცხოვრებაში ასეთი ერთეული შემთხვევები ხდება. ასეთი შემთხვევებისგან არც ერთი ქვეყანა და არც ერთი დარგი არ არის დაზღვეული. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, არ შეიძლება ერთი შემთხვევისთვის ქვეყნის ბედი შევაგდოთ სასწორზე. ასეთი შემთხვევა არის უკიდურესად იშვიათი და ძალიან დიდი ალბათობით ის საქართველოში კიდევ დიდხანს არ განმეორდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 185 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 396 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75% Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 192 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ს პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.56 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.72%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 396 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 369-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 710 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 2, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 725, აჭარაში - 147, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში - 129, აჭარაში - 25, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 - თბილისში, 35 - აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 15. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 728 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 156 პირი, აჭარაში - 583, იმერეთში - 935.
ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების შესასწავლად საქართველოში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოვიდნენ
ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესასწავლად საქართველოში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოვიდნენ. ექსპერტები პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა. ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები, სპეციალური აღჭურვილობით ამ წუთებშიც აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.
გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. როგორც თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში გახარიამ აღნიშნა, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს. ,,რაც შეეხება მომავალს, პირველრიგში მინდა გითხრათ, მიუხედავად ბევრი ჭორებისა, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ და მოგიყვებით, ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის პასუხები გაეცემა", - განაცხადა გახარიამ.
დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით რამდენიმე თვეში გეგმავს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით გეგმავს. როგორ ტრამპის ერთ-ერთმა ყოფილმა მრჩეველმა ჯეისონ მილერმა Fox news-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ექსპრეზიდენტი ახალი პლატფორმით 2-3 თვეში გამოჩნდება. ცნობისთვის, დონალდ ტრამპს Tweeter-ზე, Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებზე წვდომა 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდეგ შეუზღუდეს.
საერთაშორისო გამჭირვალობა: 2020 წელს თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტმა არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად შეავსო ქონებრივი დეკლარაცია
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" ქონებრივი დეკლარაციების 2020 წლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. როგორც მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, დეკლარაციების შემოწმების მექანიზმი დანერგვიდან ოთხი წლის შემდეგაც სათანადოდ ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კორუფციული დარღვევების პრევენცია. უფრო კონკრეტულად, იკვეთება 3 მთავარი პრობლემა, რომელიც მონიტორინგისას ყოველ წელს იჩენს თავს და რომელთა მოსაგვარებლად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა: ,,იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა მონიტორინგის პირველი სამი წლის განმავლობაში დაჯარიმებულ თანამდებობის პირთა შთამბეჭდავი კლება ფიქსირდებოდა (2017 წელს 80%-დან 2019 წელს 45%-მდე); თუმცა, 2020 წელს დაჯარიმებულთა წილმა კვლავ მატება დაიწყო და 52%-ს მიაღწია (იხ. ცხრილი #1). სხვა სიტყვებით, თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს, რაც ვერ ჩაითვლება ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხად. გასათვალისწინებელია, რომ ჯარიმების რაოდენობამ მოიმატა იმის მიუხედავად, რომ თანამდებობის პირებს რამდენიმე მიმართულებით შეუმსუბუქდათ დეკლარირების ვალდებულება, მაგალითად: შემოღებულ იქნა არაარსებითი დარღვევის ცნება, რომელიც ჯარიმის მაგივრად გაფრთხილებას ითვალისწინებს; ასევე დარღვევად აღარ ითვლება, თუ თანამდებობის პირი დეკლარაციაში არ მიუთითებს ისეთ კომპანიას, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ბრუნვა. მეტიც, არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ. 2020 წელს დაჯარიმებულთა შორის ნახევარზე მეტს 3 ან მეტი ტიპის დარღვევა ჰქონდა (იხ. ცხრილი #2), რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ანდა არასრულია. ეს კი, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების, როგორც ანტიკორუფციული მექანიზმის, მნიშვნელობას და ამცირებს მის ეფექტურობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია შემდეგი 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც 2020 წლის დეკლარაციაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ: რუსლან აბაშიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა)ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა)ნონა რეხვიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე (8 დარღვევა) არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, აღმოჩენილ დარღვევათა აბსოლუტური უმრავლესობა, წინა წლების მსგავსად, ეხება მხოლოდ დეკლარაციის ფორმაში შეყვანილი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეს. თითქმის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა, როდესაც ბიურომ გამოავლინა ისეთი დარღვევები, როგორიცაა: კორუფციის ნიშნები, ინტერესთა ან/და თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უკანონო გამდიდრება ან/და დაუსაბუთებელი ქონების არსებობა, თანამდებობის დატოვების შემდგომი შეზღუდვის დარღვევა (ე.წ. მბრუნავი კარი) და სხვა ამგვარი დარღვევები. ამ დროს, მოქმედი კანონმდებლობით, დეკლარაციების მონიტორინგს ორივე ფუნქცია აქვს: 1. დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება; და 2. ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2020 წელს შემოწმებული 341 დეკლარაციიდან მხოლოდ ერთი გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მონიტორინგის ანგარიში არ აკონკრეტებს ამ თანამდებობის პირის ვინაობასა და დარღვევის შინაარსს. პრობლემის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე ისეთი თანამდებობის პირის მაგალითი, რომლებიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევებში მოხვდნენ თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო და რომელთა შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიურომ ვერ დაადგინა იგივე შინაარსის დარღვევა: ბადრი ნანეტაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ვიქტორ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი. ლევან კუპრეიშვილი – სენაკის მუნიციპალიტეტის მერი. ლევან მაკალათია – აბაშის მუნიციპალიტეტის მერი. ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ნოდარ ფანჩულიძე – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ზაურ ჩართოლანი – მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევათა შინაარსს, 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაჯარიმებული თანამდებობის პირების (178) ნახევარზე მეტი არასრულად ან არასწორად ასაჯაროებს მისი ან მისი ჯახის წევრების შემოსავლებს (69.1%) და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას (56.4%). თითქმის ნახევარი არასრულად უთითებს უძრავ ქონებას (46.3%), ყოველი მესამე არასრულად უთითებს სამეწარმეო საქმიანობას (35.6%), ხოლო ყოველ მეხუთეს არასრულად აქვს დეკლარირებული დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია (21.8%). (იხ. ცხრილი #3) მოწმდება დეკლარაციების კანონით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარი დეკლარაციების მონიტორინგის ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე 3-ჯერ მოხდა ისე, რომ შემოწმდა კანონით განსაზღვრული რაოდენობის (წლის განმავლობაში შევსებული დეკლარაციების 10%) მხოლოდ ნახევარი. ამის მიზეზი არის ის, რომ სპეციალური დამოუკიდებელი კომისია, რომელმაც შესამოწმებელი დეკლარაციების ნახევარი (ანუ ყველა დეკლარაციის 5%) უნდა შეარჩიოს, უკვე მესამეჯერ ვერ შეიქმნა. შედეგად, 2020 წელსაც შემოწმდა დეკლარაციების მხოლოდ 5% (რაც შემთხვევითი პრინციპით, ელექტრონულად შეირჩა). მონიტორინგის ანგარიში კომისიის არშექმნის შემდეგ მიზეზს ასახელებს: “არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და აკადემიური წრის წარმომადგენელს არ შემოუტანია განაცხადი”. ის გარემოება, რომ კომისია ამავე ოფიციალური მიზეზით უკვე მესამეჯერ ვერ შეიქმნა, მიანიშნებს იმაზე, რომ არშექმნის რეალური მიზეზები უნდა ვეძებოთ კომისიის დაკომპლექტების ხარვეზიან წესში და ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან არასაკმარის კომუნიკაციაში, და არა სამოქალაქო საზოგადოების ან აკადემიური წრეების დაბალ ინტერესში. რეკომენდაციები მიგვაჩნია, რომ დეკლარაციების მონიტორინგის სისტემაში არსებული ზემოთ ხსენებული 3 კონკრეტული პრობლემის მოგვარება აუცილებელია, რათა მონიტორინგის მექანიზმმა შეძლოს მისი მთავარი ფუნქციების – თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კორუფციული დარღვევების პრევენცია – სრულფასოვნად შესრულება. ამ პრობლემების გადაჭრა შემდეგნაირად გვესახება: დარღვევების მაღალი მაჩვენებელი – ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების დროს თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად აუცილებელია დეკლარაციის შევსების პროცესის განახლება და გამარტივება, მათ შორის პასუხების სტანდარტიზებითა და ავტომატიზების გზით. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2020 წლის კვლევა მიანიშნებს, რომ დეკლარირების პროცესის სიმარტივე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დეკლარირებული ინფორმაციის სისრულე/სიზუსტეს.არარსებული ფოკუსი კორუფციაზე – დეკლარაციების მონიტორინგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორის შემოწმებით. მონიტორინგის ნაწილი უნდა გახდეს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევების გამოვლენაც, რისთვისაც საჭირო იქნება შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.დამოუკიდებელი კომისიის არშექმნა – აუცილებელია, მინიმუმამდე შემცირდეს შესამოწმებელი დეკლარაციების შემრჩევი დამოუკიდებელი კომისიის არშექმნის შესაძლებლობა; ხოლო, მისი არშექმნის შემთხვევაში, კომისიის მიერ შესარჩევ დეკლარაციათა 5% უნდა შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რათა ყოველ წელს, ნებისმიერ შემთხვევაში, შემოწმებას დეკლარაციების მთლიანი რაოდენობის 10% დაექვემდებაროს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ზაზა ფირალიშვილი: „გირჩის“ პარლამენტში შესვლა პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს
ანალიტიკოსის, ზაზა ფირალიშვილის აზრით, „გირჩი“ პარლამენტში რომც შევიდეს, ამით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. Europetime-თან საუბრისას აღნიშნული განცხადება ფირალიშვილმა „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის დაწყებული მოლაპარაკებების შეფასებისას გააკეთა. ანალიტიკოსის თქმით, ორიოდე თვის წინ კიდევ შეიძლებოდა ამაზე საუბარი. ახლა უკვე ისეთ ჩიხში არიან შესულები, რომ მხოლოდ „გირჩის“ მხრიდან მაგ ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ უშველის საქმეს. „მარტო გირჩი რომ შევიდეს პარლამენტში, პარლამენტის ოპოზიციური ანტურაჟი იქნება, რომელიც რეალურად ვერაფერს გააკეთებს პარლამენტში. ერთი და ორი პარტია ვერაფერს შეცვლის. აქ საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს. ეს თავისთავად არ შეიძლება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ახლა, ამ ნაბიჯის გადადგმა სიტუაციის განმუხტვას ვერ შეძლებს. ორივე მხარემ მიაღწია ყველაზე ცუდს, რიგითი ამომრჩეველი, ის ვინც არჩევნებზე იყო ოქტომბერში, გულგრილი გახდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ოპოზიციის ნდობაც დაკარგეს, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა NDI-ს გამოკითხვაში“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი. „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. ისინი მმართველ გუნდს მედიატორების გარეშე შეხვდებიან. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „გირჩი“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება წარმატებული აღმოჩნდება. „დავაში „ქართული ოცნება“ მართალი თუ აღმოჩნდა, რა არგუმენტი რჩება, რომ პარლამენტში არ შეხვიდე?“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. 18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მედიაციით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო და 15 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა. მოლაპარაკებების ჩაშლას, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით სპეციალისტები რეკომენდაციებს ავრცელებენ
უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სპეციალურ რჩევა-რეკომენდაციებს ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვაქცინაცია არის პანდემიის დამარცხებისა და დარღვეული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის აღდგენის უმთავრესი იარაღი, სწორედ ამიტომ მედიკოსები ავრცელებენ იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომლებიც ადამიანებმა ვაქცინაციამდე უნდა გაითვალისწინონ. ,,საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ, ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა, გადავწყვიტეთ საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი აზრი და შემოგვეთავაზებინა სპეციალური რჩევა-რეკომენდაცია.მოგეხსენებათ, მედიცინის განვითარების ისტორიაში არაერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც ტრაგიკულმა შემთხვევითობამ და მისგან გამოტანილმა სწორმა ანალიზმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ასეთი იყო მაგალითად 2001 წელს, მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო წლინახევრის პატარა, ჯოზი კინგი დაიღუპა. ამ შემთხვევამ არაერთი სპეციალური პროტოკოლისა და გზამკვლევის განვითარებას მისცა დასაბამი, რამაც ამერიკული კლინიკების უსაფრთხოების სისტემა არსებითად შეცვალა. ასე ვითარდება მსოფლიო მედიცინა და ასე მოქმედებენ ცივილიზებული ქვეყნების პროფესიონალები.საქართველო და ქართული მედიცინა ამჟამად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. კორონა-პანდემიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ იმსხვერპლებს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერსალური შეთანხებითა და უპირობო კონსენსუსით, ვაქცინაცია არის მიჩნეული პანდემიის დამარცხებისა და დარღვეული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის აღსადგენ უმთავრეს იარაღად. ვაქცინაციის პროცესი მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებით დაიწყო. ამ პროცესის დაყოვნებას, არასრულყოფილად წარმართვას და ჩაშლას უზარმაზარი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, რაც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობას შეიწირავს. მოგეხსენებათ, საქართველოში ამჟამად შემოტანილ AstraZeneca-ს ვაქცინას უკავშირებენ თრომბოზების გარკვეულ რისკს; მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მონაცემების თანახმად, ჯერჯერობით ეს ვერ დამტკიცდა, რაც ევროპის წამლების სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი განახლდა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ქართულ მედიაში უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გარკვეული კავშირი ჰქონდა თრომბოზულ გართულებასთან, რაც თავისთავად იძლევა მითქმა-მოთქმისა და ვაქცინაციის მიმართ შიშის საფუძველს. ამ შემთხვევის ობიექტურ, გამჭვირვალე გამოძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ექნება საქართველოსათვის, რადგან სწორად გაკეთებული ექსპერტ-ანალიზი და დასკვნები პოტენციურად არაერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იხსნის.მანამ კი, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება, არსებული მონაცემების გათვალისწინებითა და გაანალიზებით ჩვენ ვთვლით, რომ პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წინასწარ გამოვყოთ მაღალი პროთრომბოზული რისკების მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკების გათვალისწინებით დაიგეგმოს. ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება. უფრო პირიქით, ვინაიდან თავად კორონა-ვირუსი ატარებს თრომბოზების ძალიან მაღალ რისკს და მისი პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა აღნიშნულ სპექტრში. ასეთ შემთხვევებში რისკების წინასწარ ცოდნა და გათვლა მათ ადექვატურ მართვაში დაგვეხმარება. საბედნიეროდ, მსგავსი რისკ-ფაქტორები პოპულაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები დაგვიცავს თუნდაც უკიდურესად იშვიათი უბედური შემთხვევებისგან. პროთრომბოზული რისკებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების ფაქტორებში არსებული მუტაციების შედეგად განვითარებულ პათოლოგიებს, რომელთა შესახებაც ადამიანმა შეიძლება მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როცა პირველი თრომბოზული გართულება მოხდება. მათი ამოცნობა სპეციალური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა, ანამნეზიდან ამოკრეფილი დეტალებით დროულად ეჭვის მიტანა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება სრულიად რეალურია.მაღალი პროთრომბოზული რისკებით გამოირჩევიან: • ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი • შედედების მეხუთე ფაქტორის (ლეიდენის) მუტაცია • „C“ პროტეინის დეფიციტი • „S“ პროტეინის დეფიციტი • ანტითრომბინის დეფიციტი • ავთვისებიანი სიმსივნეები • ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია • ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები • იმობილიზაცია ცხადია, ვაქცინაციის წინ ყველა ამ დაავადებებზე კვლევების ჩატარება საჭირო არ არის. სამაგიეროდ, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესისათვის შექმნილ კითხვარს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც დაგვეხმარება შესაძლო თრომბოზული გართულების რისკების მქონე ადამიანების წინასწარ გამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში. ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები: 1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია? 2. ქალებში - ხომ არ გქონდათ წარსულში სპონატანური აბორტის ისტორია? (სპონტანური აბორტები ხშირად მიუთითებს ჰიპერკოაგულაციური რისკების მაღალ ალბათობაზე) 3. ქალებში - ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ? 4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას (იგულისხმება ნაადრევი მენოპაუზისას გამოყენებული ჰორმონული თერაპია)? 5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად? (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს). 6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით? (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია) 7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები? (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ლეიდენის შედედების მეხუთე ფაქტორის მუტაცია, „C“ პროტეინის დეფიციტი, „S“ პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინის დეფიციტი). ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი შეიძლება (და უნდა) დამატებით გამოიკითხოს თრომბოზული რისკების შემცველი დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებზე და მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით დაიგეგმოს მათი ვაქცინაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
ჰუბერტ ქნირში: გერმანიის სურვილია, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ელჩმა განაცხადა, გერმანიას აქვს სურვილი იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში. „სიხარულით აღვნიშნავ, რომ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. მე მივულოცე მას ამ თანამდებობის დაკავება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, დაწყებული მისი ვიზიტით ბრიუსელში, დამთავრებული მისი ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ შევეხეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს. მე დავუდასტურე პრემიერ-მინისტრს გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ.
აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და მაღალეფექტურია
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და მაღალეფექტურია. გამოცემის ინფორმაციით, კვლევამ, რომელშიც 21 583-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა 79%-ით ეფექტურია სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ, ხოლო მძიმე ან კრიტიკული დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია. ამასთან, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა არ იწვევს თრომბს. კვლევაში მონაწილე მოხალისეების ერთი მეხუთედი 65 წელს გადაცილებული იყო. ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ, მათ
გიორგი გახარია გამორიცხავს, რომ მას პირადად უსმენდნენ
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამორიცხავს, რომ მას პირადად უსმენდნენ და ამით იგი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა. როგორც თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში გახარიამ აღნიშნა, წარსულის ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა. ჟურნალისტის კითხვას - ,,რა რეაქცია ჰქონდა გახარიას გავრცელებულ კადრებზე", მან კითხვითვე უპასუხა: „რა რეაქცია უნდა მქონოდა?!“ ცნობისთვის, გიორგი გახარიამ მთავრობის მეთაურის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
დიეგო კოლასი: დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. „გვქონდა ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები და დემოკრატიის ხარისხის შემდგომი ამაღლებისკენ გამიზნული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა, ასევე ინსტიტუციური კონსოლიდაციის საკითხები. გარდა ამისა, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს განვითარების საკითხები. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე დახმარებას ეკონომიკის განვითარებაში და ადამიანებს შორის კონტაქტების განმტკიცებაში საფრანგეთსა და ზოგადად, ევროპასა და საქართველოს შორის“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.
ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაცია 65 და 75 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ექიმების გარდა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. მინისტრის განცხადებით, ისინი პორტალზე რეგისტრაციას 25 მარტიდან შეძლებენ. ,,მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ, 65 და 75 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა", - განაცხადა ტიკარაძემ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს მხარდაჭერის საკითხს განიხილავს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიიმეტსის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მხარდაჭერა იქნება. ბრიუსელში ასევე განიხილება, ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები, სამხრეთ სამეზობლო, მიანმარსა და ვენესუელაში არსებული მდგომარეობაც. „მზად ვართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრისთვის ბრიუსელში. განიხილება ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები, სამხრეთ სამეზობლო, რუსეთთან ურთიერთობები, საქართველოს მხარდაჭერა, ასევე მიანმარსა და ვენესუელაში არსებული სიტუაცია. ასევე, ველოდებით დიალოგს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაჩელეტთან“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ Tweeter-ზე.
თენგიზ ცერცვაძე: Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 26 მარტს ჩამოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომ 26 მარტს უნდა მიიღოს. ცერცვაძის ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინის 30 000 დოზა შემოვა ქვეყანაში. ,,Pfizer-ზე რამდენადაც ვიცი, 26 მარტს უნდა ჩამოვიდეს 30 000 დოზა. ჩვენ მოვახერხეთ ეს პერიოდი სტაბილიზაცია. ბოლო ორი თვის განმავლობაში არის სტაბილურად დაბალი მაჩვენებლები. ამის შენარჩუნება შესაძლებელია, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა ვაქცინა და ახლახან დავიწყეთ ვაქცინაცია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავარიდოთ ტემპი და რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია. ამისი ყველა პირობა არის, გვაქვს 40 000-ზე მეტი დოზა, 26-ში შემოდის კიდევ 30 000 დოზა და დაგეგმილია ვაქცინის უწყვეტი მოწოდება. მთავარია, ადამიანებმა მოინდომონ, უპირველესად, ექიმებმა, დაძლიონ სკეპტიციზმი და ხელი შეგვიწყონ, რომ ჩავატაროთ მაქსიმალური ვაქცინაცია ისე, რომ წლის ბოლომდე აცრილი იყოს მოსახლეობის 60-65%", - განაცხადა ცერცვაძემ. ცნობისთვის, საქართველომ Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო. 15 მარტს კი ვაქცინაცია დაიწო.
გიორგი მარგველაშვილი: გიორგი გახარიას მისია იქნება, რომ შექმნას ,,ქართული ოცნება 2"
ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ექსპრემიერი ,,ქართულ ოცნება 2"-ს შექმნის. „პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ. ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, „ქართული ოცნება 2“-ის თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა არა,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ეს გადადგომის შემდეგ გახარიას პირველი კომენტარია. მისი თქმით, ის სამომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს.
ჯანდაცვის მინისტრი: ექთნის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. მინისტრის განცხადებით, ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას რეანიმაციული განყოფილება აქვს და ყველა ყველა საჭირო დახმარება იყო უზრუნველყოფილი. „არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც გააჩნია რეანიმაციული განყოფილება. შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექთნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ გადადგომას არ აპირებს
"მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "ჯანდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, გრძნობს პასუხისმგებლობას და ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა ის ფაქტი, რაც მოხდა ახალციხეში და ვაქცინაციის პროცესის მრავალპროფილურ დაწესებულებებში გადატანის გადაწყვეტილება, შემდეგ ეტაპებზე ვაქცინაციის გაფართოებას და ამბულატორიებში განხორციელებას არ გამორიცხავს, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს და ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომელიც ამბულატორიულ დონეზე ვაქცინაციის ჩატარებას გულისხმობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. რაც შეეხება ჟურნალისტის დასმულ კითხვას, პასუხიმგებლობა შეიძლება გულისხმობდეს თუ არა თანამდებობის დატოვებას ან კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ჯანდაცვის მინისტრმა ასე უპასუხა: „მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა და შესაბამისად, საქართველოშიც არ განხორციელდება“.