ძებნის რეზულტატი:

აფრიკის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა და გარდაიცვალა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები.

28 მარტს, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ

პირები, რომლებიც საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ, – ამის შესახებ აღნიშნულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში. "28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის მუშაობა", - აღნიშნულია უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებაში. 28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ექნებათ საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება

ენტონი ბლინკენი: აშშ-ს სურს, აღადგინოს პარტნიორული კავშირები და NATO-ს ახალი ძალა შემატოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატების ადმინისტრაცია მოწოდებულია, გააძლიეროს და აღადგინოს ტრანსატლანტიკური კავშირები და NATO-ს ახალი ძალა შემატოს. როგორც ალიანსის შტაბბინაში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს ბლინკენმა განაცხადა, ის ბრიუსელში მტკიცე ერთგულების გამოსახატად ჩავიდა. ,,დღეს აქ მოვედი, რათა აშშ-ის სახელით მოკავშირეებისადმი ჩვენი მტკიცე ერთგულება გამოვხატო. აშშ-ს, პირველ რიგში, NATO-ს მოკავშირეებთან პარტნიორობის განახლება სურს. გვსურს, ალიანსს ახალი ძალა შევმატოთ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი, პირველად მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში 23-24 მარტს იმართება. ორდღიანი მინისტერიალის მთავარი საკითხებია ავღანეთში შექმნილი ვითარება და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდ-19-ის პანდემიასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ.

თურქეთში ქართველი ქალი  მოკლეს

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში, სადაც საქართველოს მოქალაქე და პაკისტანელი კაცი ცხოვრობდნენ, ოთხი ადამიანი შეიჭრა. ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ეკატერინე ტიკარაძემ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. მინისტრმა ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

ეკატერინე ტიკარაძე: უკუჩვენება რომ ყოფილიყო, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. თავს კარგად ვგრძნობ

"უკუჩვენება რომ ყოფილიყო, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. თავს კარგად ვგრძნობ", - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ განაცხადა. "გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალის მიმართ, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქვა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და ვთვლი, რომ ამ სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია გააჩნია და დარწმუნებული ვარ, ისინი გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და მე ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე საქართველოს ექიმებისთვის. პირველ რიგში კლინიკისთვის, სადაც გავატარე ბევრი წელი, ჩავთვალე საჭიროდ რომ აქ ჩამეტარებინა ვაქცინაცია. ეს იქნებოდა გარკვეულ წილად სიმბოლურიც და ძალიან დიდი მოტივაციის მომცემიც, როგორც საჩხერის კლინიკის მედ.პერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის", - განაცხადა ტიკარაძემ როგორც ტიკარაძემ განმარტა, ვაქცინაციის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობს. "უკუჩვენება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. შეაფასეს ის კითხვარი, რომელსაც მე დეტალურად გავეცი პასუხი. ამ ეტაპისთვის, თავს კარგად ვგრძნობ', - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე: ახალი შტამის 50 შემთხვევა მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს

"ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს" ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს საჩხერის საავადმყოფოში განუცხადა, სადაც ვაქცინა გაიკეთა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, საყურადღებოა. „ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს, თუმცა, ის დადებითობის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის საყურადღებო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მეტად მობილიზებული. სოციალური დისტანცია, ხელების დაბანა და პირბადე ჯერჯერობით რჩება ისევ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიასთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, დაწყებული ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია შეუფერხებლად გაგრძელდეს. მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია, გვაძლევს ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცნობილია. ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანციას და პირად ჰიგიენას“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს

ენტონი ბლიკენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება. როგორც ალიანსის შტაბბინაში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს ბლინკენმა განაცხადა გაზსადენის მშენებლობა ძალიან ცუდი იდეაა და ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა. „პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ გაზსადენი არის ძალიან ცუდი იდეა, ცუდი ევროპისთვის, ცუდი აშშ-ისთვის და, საბოლოო ჯამში, იგი ეწინააღმდეგება საკუთრივ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი, პირველად მონაწილეობს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში 23-24 მარტს იმართება. ორდღიანი მინისტერიალის მთავარი საკითხებია ავღანეთში შექმნილი ვითარება და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდ-19-ის პანდემიასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ.

იენს სტოლტენბერგი: მიველასმებით ენტონი ბლინკენის მცდელობებს, რომლებიც ავღანეთში პროგრესის მიღწევისკენ არის მიმართული

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას ალიანსს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოკავშირეებმა ავღანეთის საკითხზე ერთობლივად იმსჯელონ. როგორც სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავღანეთის საკითხზე მეტი კონსულტაციაა საჭირო და საკითხის სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით გადაჭრა. ,,მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც ჩვენ მივესალმებით, რომ მდივანი ბლინკენი დღეს აქ არის. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს დავსხდეთ ოცდაათივე მოკავშირე და ვიფიქრობთ ავღანეთის წინსვლის გზაზე, რადგან, როგორც მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, ჩვენ ერთად წავედით, ერთად მოვეწყვეთ და ერთად დავტოვებთ, როდესაც დრო მოვა. ამიტომ საჭიროა კონსულტაცია და კოორდინაცია და გადაწყვეტილებების ერთად მიღება. ამ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ერთად ყოფნა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც მოკავშირეები ერთად განიხილავენ ამ ძალიან რთულ და მნიშვნელოვან საკითხს, როგორც ალიანსს. ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები მთელი მსოფლიოდან ორი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულ შტატებთან ერთად იყვნენ ავღანეთში. ახლა გამოწვევაა ის, რომ ჩვენ გვაქვს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ჩვენ მკაცრად მივესალმებით მათ. ისინი მყიფეა, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა ავღანეთში მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტისკენ. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და მივესალმებით შეერთებული შტატების, მდივან ბლინკენის მიერ განახორციელებულ მცდელობებს პროგრესის შესაქმნელად, სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელახალი გამოყენებისკენ, რადგან ეს არის ერთადერთი. ჩვენ უნდა დავინახოთ ძალადობის შემცირება. თალიბებმა უნდა შეწყვიტონ საერთაშორისო ტერორისტების, მათ შორის ალ ქაიდას მხარდაჭერა. ასე რომ, საჭიროა ერთად მუშაობა. ეს შეხვედრა ქმნის კარგ პლატფორმას ზუსტად ამისათვის. შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი, პირველად მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში 23-24 მარტს იმართება. ორდღიანი მინისტერიალის მთავარი საკითხებია ავღანეთში შექმნილი ვითარება და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდ-19-ის პანდემიასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. "გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

გია გაჩეჩილაძე: 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით „ევროპის მოედანზე“ და გვინდა, დავაფუძნოთ „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“

9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით „ევროპის მოედანზე“ და გვინდა, დავაფუძნოთ „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“, რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება, ხელისუფლებების თუ საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი ვითარება, საფრთხეს უქმნის საქართველოს ხვალინდელ დღეს და მის მომავალს. „საჯარო სივრცე გაჯერებულია დესტრუქციული პარტიებით და მათივე დესტრუქციული მედიასაშუალებებით, რომელიც ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ისტერიას ეწევიან. სხვადასხვა პროპაგანდისტული ხრიკებით ქმნიან ხელოვნურ თუ პოლიტიკურ კრიზისებს, ხალხს თავს ახვევენ საკუთარ დღისწესრიგს და გვაიძულებენ, ვიცხოვოროთ მათ მიერ მოდელირებულ რეალობაში. ისინი მზად არიან, გამოიყენონ ყველანაირი მეთოდი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თუნდაც ეს საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას. ვაი პოლიტიკოსები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვთ დასავლურ ღირებულებებთან, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ამოფარებულები, ცდილობენ ნეგატიურ ზემოქმედებას ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების ინტერესების და კანონის აღსრულების უგულებელყოფა და კანონდამრღვევების პოლიტპატიმრებად გამოცხადება. აღნიშნული ძალები მტრად აცხადებენ ყველას, ვისი პოზიციებიც წინააღმდეგობაში მოდის მათ დესტრუქციულ მიზნებთან. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრის წინააღმდეგ იჩენს სისუსტეს. ვერ უზრუნველყოფს მოვლენებზე თავისი სახელის დარქმევას და ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განეიტრალებას. სახეზეა, რომ „ქართული ოცნება“ წლების განმავლობში თავისი არასწორი პოლიტიკით, დამნაშავე ძალებთან ფსევდო დაპირისპირების ინსცენირებით მივიდა იქამდე, რომ ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მშვიდობას და ეროვნული ინტერესების დაცვას, ამიტომ საჭიროა გაისმას ქართველი ხალხის ხმა. 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით „ევროპის მოედანზე“ და გვინდა, დავაფუძნოთ „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“, რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება, ხელისუფლებების თუ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი: ეს არის შესაძლო მასშტაბური მეწყერის საწყისი ეტაპი

"ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა", - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ მოწვეულმა ინჟინერ-გეოლოგმა პეტერ ნიუმანმა განცხადა მისი თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება დასჭირდება. „უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, - განაცხადა პეტერ ნიუმანმა. მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები. „საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება. საკმაოდ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს სამუშაო პროცესს. უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

ისრაელში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რიგით მე-4 საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ისრაელში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რიგით მე-4 საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც 12 წლის განმავლობაშია მთავრობის მეთაური, ხელისუფლებაში დარჩენისთვის იბრძვის. არჩევნებში გამარჯვებული პარტიები მთავრობის დაკომპლექტებას შეეცდებიან, რისთვისაც ქნესეთში 120-დან 61 მანდატის მოპოვება იქნება საჭირო. როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია "ლიკუდი" ლიდერობს და ის 120 ადგილიან პარლამენტში 30-32 მანდატს მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება. ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 2020 წლის 17 სექტემბერს გაიმართა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: მჯერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ​ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მისალოც წერილში ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მჯერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ქართველი და უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ, ხოლო ორივე ქვეყნის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენი სახელმწიფოების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ჩატარება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს. მოხარული ვიქნები, უახლოეს მომავალში პირადად შეგხვდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს დეტალურად განვიხილოთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების აქტუალური საკითხების სრული სპექტრი. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, გისურვებთ წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მილოცვაში.

თამარ გაბუნია: მესამე ტალღის რისკები არის

"მესამე ტალღის რისკები არის, მით უფრო, როდესაც შეზღუდვები მოვხსენით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ინფიცირების მცირედი მატება დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. "მესამე ტალღის რისკები არის, მით უფრო, როდესაც შეზღუდვები მოვხსენით. ამდენად, გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ინფექციის გავრცელების რისკები არსებობს, უკვე ჩანს. მცირედი მატება არის. ჩვენთვის 300 შემთხვევა ცოტა არ არის და ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს," - აცხადებს თამარ გაბუნია.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო გადატრიალების ლიდერებს სანქციები დაუწესეს

ამერიკის შეერთებული შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის ლიდერებს, რომლებიც სამხედრო გადატრიალებასთან არიან დაკავშირებულები, სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ ინფორმაციას Voanews-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და ვიზის აღებაზე შეზღუდვა დაუწესა. ამავე დროს, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები მიანმარის პოლიციის მმართველს და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს დაუწესა. აშშ-ში აცხადებენ, რომ სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი დემონსტრანტების წინააღმდეგ ლეტალური ძალის გამოყენებაზე. მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის თქმით, მიანმარში მომხდარი მოვლენები „სერიოზულ ზიანს აყენებს დემკრატიულ რეფორმას“, მან მოუწოდა ლიდერებს უკანონოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები: ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება

ხელისუფლება განაგრძობს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და ამის გამო გამოხატული პროტესტის საპასუხოდ, სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება აქტივისტებს არასამთავრობო ორგანიზაციები მარნეულში, 21 მარტს განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან, სადაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებმა 21:00 საათზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გადაადგილების შეზღუდვა დემონსტრაციულად დაარღვიეს. მათი განმარტებით, ამ პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აქტივისტებთან დაკავშირება და გამოკითხვაზე დაბარება ე.წ. კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეთა დიდ ნაწილზე თვეების განმავლობაში გამოძიება არ მიმდინარეობდა და მხოლოდ 21 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ გააქტიურდა, რაც აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ სანქციებს გამოიყენებს, როგორც სადამსჯელო მექანიზმს მოქალაქეთა პროტესტის ჩასახშობად. „არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საბაბით ხელისუფლება არაკონსტიტუციურად ცდილობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამჯერად კი განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე გვაქვს მოქალაქეთა ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხესთან. აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვლისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არათანმიმდევრული და მეტიც, დისკრიმინაციულია ეთინკური უმცირესობების მიმართ. მთავრობას შეეძლო ამ შემთხვევაში დაეწესებინა გამონაკლისი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია რეგულაციათა შემსუბუქება 2021 წლის 28 მარტს საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით და შეზღუდვები მოხსნილი იყო მაგალითად, 1 იანვრის ღამითაც. ხაზგასასმელია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ხელისუფლებამ გამოავლინა მანამდეც, როდესაც მოხსნა გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის აღნიშვნის დღეს (7 იანვარს), თუმცა იგივე არ გააკეთა 25 დეკემბერს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელზე გამოხატული პროტესტის საპასუხოდ იგი სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება სამოქალაქო აქტივისტებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს უთანასწორო მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არ გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი მექანიზმები აქტივისტების წინააღმდეგ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საფარი;ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia); უფლებები საქართველო;დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG); საქართველოს ატლანტიკური საბჭო.

ევროკავშირის ელჩმა 2020 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები დაასახელა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა 2020 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ვროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ მე-9 დაჯილდოება ვირტუალური ფორმატით „ჰოლოზეუმში“ გაიმართა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2020 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს. „2020 წელი ძალიან რთული იყო, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, ვინაიდან მათ წინა ხაზზე უწევდათ ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ Covid-პანდემიის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიგვეღო. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეები, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირი ჟურნალისტური ეთიკის ერთგულ დამცველად რჩება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა საქართველოში ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანს ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების დაჯილდოება წარმოადგენს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია ნდობისა და მშვიდობის აღდგენისათვის. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის პატივია, ყოველწლიურად დააჯილდოვოს ამ მიმართულებით საქართველოში მომზადებული რამდენიმე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი. მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძლიერი, ჯანსაღი და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში და ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საკუთარ მისიას", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან: • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული: გიორგი გოგუა; ფინალისტები: გელა მთივლიშვილი და თამარ მშვენიერაძე •საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული: მერი შიხაშვილი; ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე და ირაკლი იმნაიშვილი •საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული: თამარ ჩქარეული; ფინალისტები: ია ასათიანი და მარიკა დუდუნია •საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული: ბასტი მგალობლიშვილი; ფინალისტები: გიორგი ჭკადუა და თეა თოფურია •საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი; ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე და ნანუკა ბრეგაძე •საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: გამარჯვებული: სოფო აფციაური; ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი და მანო სვანიძე •კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): გამარჯვებული: ქეთევან მაღრაძე; ფინალისტები: მაია ფიფია, გიორგი ჩაგელიშვილი და ნინო ლომაძე. "პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში", - ნათქვამია გავრცელებუ ინფორმაციაში.

პოლიტოლოგი:  შესაძლოა, დასავლეთისთვის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალა საინტერესო აღმოჩნდეს

NDI-ის ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს. 7%-მდე დაეცა "ნაციონალურ მოძრაობის” რეიტინგი, "ქართულ ოცნებას" 23 პროცენტი უჭერს მხარს, დანარჩენ პარტიებს კი ჯამში 7%. ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოპოზიციამ კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა, თუმცა მასშტაბური აქციის გამართვა მაისისთვის გადაიდო. აღნიშნული პროცესების პარალელურად, 22 მარტს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან არ მიდის და ალტერნატიული, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე ფიქრობს. 20 მარტს, ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის საჭიროების შესახებ, განცხადება ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საკუთარ თავს, რა პოზიციაზე ხედავს, ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალაში, მისი თქმით, ამ პროცესში ის რიგითი ჯარისკაცი იქნება. მარგველაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს. თუ რა შანსები აქვთ ქვეყნის ყოფილ პირველ პირებს პოლიტიკაში? ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ვინ შეიძლება ვიხილოთ მათ გუნდში და ვინ შეიძლება აითვისოს ელექტორატის 40%? - ამ საკითხებზე Europetime პოლიტოლოგებს რამაზ საყვარელიძეს და გია ნოდიას ესაუბრა. „თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი ოპოზიციის სტილისტიკას და შევადარებთ გიორგი გახარიას სტილისტიკას, გახარია მათი მსგავსი პოლიტიკოსი ნამდვილად არ იქნება. დასავლელი პარტნიორებისთვის, ეს განსხვავება უკვე მნიშვნელოვანია“, - განუცხადა Europetime-ს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. პოლიტოლოგის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის სურვილის შესახებ, სწორედ ახლა განაცხადა. „ბოლო დროის მოვლენების ფონზე, ცხადი გახდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან დიდი დეფიციტია. უცხოელები ოპოზიციას მხარს არ უჭერენ. თვითონ ოპოზიციაც გრძნობს, რომ ხალხიც არ უჭერს მხარს. 15 მაისისთვის გადაიტანეს შემდეგი აქცია. ოპოზიციის არ ყოლა, ქვეყნისთვისაა ცუდი. ხელისუფლების ოპონირება არ ხდება. საპარლამენტო ცხოვრება არასრულია. გახარიას გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამან განაპირობა. დასავლელი პარტნიორები ოპოზიციისგან პარლამენტში შესვლას ითხოვენ, ოპოზიციას კი შესაბამის არგუმენტები არ მოჰყავს და არც კი ხსნის, რატომ არ შედის პარლამენტში. პირიქით, შეურაცხყოფას აყენებს დასავლელ პარტნიორებს, ლამის დედას აგინებს. მეორე მხრივ, გახარია ამ სტილის პოლიტიკოსი ნამდვილად არ იქნება. ეს განსხვავება, დასავლეთისთვის ალბათ მნიშვნელოვანი გახდება, გახარიას სასარგებლოდ, რადგან შეურაცხყოფის ენაზე აგებული პოლიტიკა, ევროპული სტილის ნამდვილად არ არის“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, დღეს რთულია იმის თქმა, თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გიორგი გახარიას გუნდში. „ალბათ უფრო აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისთანაც გახარიას აქამდე ურთიერთობა ჰქონია. ცნობადობის ხაზით რა ფიგურები იქნებიან, მაგის თქმა მიჭირს. ცნობადობაც პროგრესული ხანჯალია, გააჩნია რითი ხარ ცნობადი“, - აღნიშნავს საყვარელიძე. პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის წარმატება დამოკიდებულია, ვინ იქნება მის გუნდში და ასევე დამოკიდებულია მის პოზიციონირებაზე. „როდესაც გასაგები გახდა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას პერსპექტივა არ უჩანს, გიორგი გახარიამ, ზუსტად ამ დროს ჩათვლა საჭიროდ განეცხადებინა, ახალი პოლიტიკური ნიშის დაკავების შესახებ. ჯერჯერობით ვიცით, მხოლოდ მისი სურვილი პოლიტიკაში დარჩენის შესახებ. მაგრამ რა პლატფორმით უნდა მოსვლა, როგორ იქნება მისი პოზიციონირება ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, რამდენად დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, ჯერ არ ვიცით. ბევრი რამ თვითონ მასზეა დამოკიდებული, რას იტყვის, რა ტიპის ამომრჩეველზე აიღებს ორიენტაციას. პრემიერობიდან მისი წასვლის გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ, რაღაც ფორმით „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება ექნება, თუმცა რამდენად სერიოზული, წინასწარ ვერ ვიტყვით. ვინ დადგება მის გვერდით, ესეც არ ვიცით, ამიტომ ამ ეტაპზე, შეგვიძლია, უბრალოდ ის ვთქვათ, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა იქნება. ჩვენ ვნახეთ სხვა ფიგურებიც, რომლებიც გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“. ბევრი სპეკულაცია იყო, რას იზამდნენ, მაგრამ მათ სერიოზული ძალის შექმნა ვერ შეძლეს. ახლა ყველა იწყებს მარჩიელობას, აბა ვინ იქნება მის გუნდში? შეიძლება კვირიკაშვილი? ან სხვა? კვირიკაშვილს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე გამოავლენდა ამ სურვილს. ის კი ამდენი წელი, ჯიუტად ამბობს, რომ პოლიტიკა არ უნდა. მარგველაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ახალი ალტერნატიული ძალის შექმნის საჭიროებაზე და იმაზე თითქოს, ამ პროცესში რიგითი ჯარისკაცი იქნება, ეს ცოტა ისეთი განცხადებაა ... ლამაზი სიტყვებია. ცხადია რომ მას პრეტენზია აქვს, უფრო მეტი იყოს, ვიდრე რიგითი ჯარისკაცი. ამ ეტაპზე ბევრია არაფერია ცნობილი, ამიტომ დარწმუნებით ჯერ ვერავინ იტყვის, რომ გიორგი გახარია ანგარიშგასაწევი ძალის შექმნას შეძლებს, თუმცა გამორიცხული არაფერია“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში გია ნოდია. 22 მარტს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის უკვე მუშაობს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა. დღეს მე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა twitter-ზე დაწერა. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 19 თებერვალს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა,ამ საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ პოზიციების შეუთავსებლობა. ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი,,ქართულ ოცნება 2"-ს შექმნის. „პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, გახარიამ თავისი ძალები თვითმმართველობის არჩევნებზე მოსინჯოს, თბილისის მერობის კანდიდატის რანგში. "შესაძლოა გიორგი გახარიას უახლოესი პოლიტიკური გეგმები ვადამდელ არჩევნებს კი არა, თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს.გამორიცხული არ არის თავისი რეიტინგის და ამომრჩევლის მხარდაჭერის დასაზუსტებლად, თბილისის, ან საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქის მერის პოსტისთვის იბრძოლოს", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი. როგორც მედიასთან საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაბნეულები არიან, რადგან მათაც აქვთ ეჭვი, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის მიერ პროვოცირებული, წაქეზებული და მხარდაჭერილია. “ეშინიათ, რომ გამართლდეს ეჭვი და არ უნდათ, გაილაშქრონ იმის წინააღმდეგ, ვის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. ამიტომ ფრთხილობენ და ლოიალურ განცხადებებს აკეთებენ”, — შენიშნავს კაჭკაჭიშვილი უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია. “სასურველია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ოპოზიციაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. "ქართული ოცნების დეპუტატის" და გახარიას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებაში” არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სწორედ გიორგი გახარიას რეკომენდაციით მოხვდნენ. "შესაბამისად, ვიღაც გაყვება, ვიღაც არ გაყვება, შეიძლება გახარიას ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტში მისი რეკომენდაციით არ შესულან“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კახიშვილმა.

ვლადიმერ პუტინი რუსული ვაქცინით აიცრება, ოღონდ ამას საჯაროდ არ გააკეთებს

ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრება, ოღონდ ამას საჯაროდ არ გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. „ჩვენ სპეციალურად არ ვიტყვით, რომლით აიცრება პრეზიდენტი. სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად საიმედოა, კარგი, სანდო და ეფექტიანია. შეგნებულად არ ვასახელებთ. აღვნიშნავთ, რომ სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად სანდო და საიმედოა“, - განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას დღეს საღამოს გაიკეთებს. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს კამერების წინ ვაქცინაციის იდეა არ მოსწონს. "პრეზიდენტი თავისი სამუშაო დროის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს უძღვნის ღონისძიებებს, საუბრებს და შეხვედრებს, რომლებიც ვაქცინაციასთან და ვაქცინის წარმოებასთანაა დაკავშირებული," - აცხადებს კრემლის წარმომადგენელი.