ძებნის რეზულტატი:
ავიაკომპანია Luftansa ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს იწყებს
ავიაკომპანია Luftansa პირველი ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგულარულ ფრენები ფრანკფურტიდან კვირაში ოთხი სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ასევე, ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.
სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა
სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტის 118 დეპუტატმა საომარი მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. გამოცემის ცნობით, საომარი მდგომარეობა 2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის გამო გამოცხადდა. საომარი მდგომარეობის ინიციატორები ფრაქციები „გაბრწყინებული სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“ იყვნენ. „ახლა რეალობა განსხვავებულია, არსებობს შეთანხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ხოლო საომარი მდგომარეობის არსებობა ზღუდავს ოპოზიციის უფლებებსა და დემოკრატიას ქვეყანაში“, – განაცხადა „გაბრწყინებული სომხეთის ფრაქციის თავმჯდომარემ ედმონ მარუკიანმა.
თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამას ხვალიდან Pfizer-ის ვაქცინა დაემატება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხვალიდან ხელმისაწვდომი იქნება და იცვლება პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც აცრის შემდეგ კლინიკაში დაყოვნების დრო 45 წუთამდე გაიზრდება. გაბუნიას განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა რამდენიმე საათში შემოვა. ,,ხვალ უკვე იქნება Pfizer-ის ვაქცინა, რაც დაემატება ვაქცინაციის პროგრამას. ის დაწესებულებები რომლებიც ჩართული იყვნენ AstraZeneca-ს იმუნიზაციის პროცესში, მაგრამ თავდაპირველად მათი შეფასება მოხდა Pfizer-ის ვაქცინისთვის, გადაერთვებიან და გააგრძელებენ Pfizer-ის პროგრამას", - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, დღეს საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა. პირველად, ქვეყანაში Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს. გაბუნიას განცხადებით, აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება, „როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ენტონი ბლინკენი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სახელმწიფო მდივანი მოელის, რომ თურქეთთან ანტიტერორისტულ საკითხებზე თანამშრომლობა გაგრძელდება. ,,შევხვდი მევლუთ ჩავუშოღლუს დღეს ბრიუსელში. ველოდები NATO-ს მოკავშირე თურქეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას ანტიტერორისტულ საკითხებზე, გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა საბერძნეთთან საძიებო მოლაპარაკებებისთვის და ხაზი გავუსვი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობას", - წერს ბლინკენი Tweeter-ზე.
სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოათავსეს
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა 85 წლის ბერლუსკონის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი. მედიასაშუალების ინფორმაციითვე, ექსპრემიერი ორშაბათიდან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და მან მილანში გამართულ სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.
ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ამას გარდა, ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა, ვირუსს 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვენეციის კომისია: პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება
,,პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე ნათლად და დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს", - ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება. კომისიის დასკვნაშიაა მიხედვით, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს. როგორც კომისია აღნიშნავს, ეს შემოთავაზება, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთანაც, რომელიც დეპუტატების ანაზღაურების აუცილებლობას ადგენს. „საბოლოოდ, ჩამოთვლილი შესწორებების შედეგად, საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თანასწორუფლებიანობას დაარღვევს - მათთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმით, თუ ისინი სახელმწიფო დაფინანსებას არ მიიღებენ. ამ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა არაპროპორციული და უსაფუძვლოა, რადგან ზუსტად იმ პარტიებს სჭირდებათ უფასო საეთერო დრო (თავიანთი ხმისა და პროგრამის ამომრჩევლებამდე მიწვდენისათვის), რომლებსაც ნაკლები დაფინანსება აქვთ“, - აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.
ნორვეგია Rolls-Royce-ს რუსული კომპანიისთვის ქარხნის მიყიდვას უკრძალავს
Reuters-ის ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფო, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ბრიტანულ მანქანათმშენებელ კომპანიას, Rolls-Royce-ს არ აძლევს ნებას, გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული Bergen Engine-ს ქარხანა რუსულ კომპანიაზე. გამოცემის ცნობით, 9 მარტს ნორვეგიამ განაცხადა, რომ მან დროებით შეაჩერა 150 მილიონი ევროს ღირებულების გარიგება, რომლის მიხედვითაც, ქარხნის მესაკუთრე რუსული TMH Group უნდა გამხდარიყო, რომელიც ელმავლებისა და სარკინიგზო მასალების მწარმოებელი კომპანიაა. ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ტექნოლოგიები, რომელიც Bergen Engines-ში იწარმოება, არის რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ინტერესის საგანი და ის გაზრდიდა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს. TMH Group-ის განცხადების თანახმად, ისინი იმედგაცრუებულნი არიან ნორვეგიული მხარის გადაწყვეტილებით. Rolls-Royce-ს კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ნორვეგიასთან ერთად შეეცდებიან იპოვონ სხვა გამოსავალი, რათა ქარხნისა და მასში დასაქმებული 900 კონსტრუქტორის საკითხი გადაწყდეს.
ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლისა და მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევა ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე მანქანით უშლაგბაუმო ლიანდაგზე გადადიოდა.
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უარი უნდა ვთქვათ სკეპტიციზმზე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც ცერცვაძე აცხადებს, მოსახლეობამ ვაქცინაცია უნდა გაიკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვითარება კვლავ გართულდება. „საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი, სტაბილური მაჩვენებლებით მოსვლა. ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა, 400-ზე მეტი არ არის, ასევე გარდაცვალების რიცხვი ათასს არ გადასცილებია, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი. ის, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში ვაქცინა უწყვეტად შემოდის, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტციზმი და ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ჯერ ვერ ხერხდება. მეორე არის ის, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს რეკომენდაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებას. 70 პროცენტი იყო ერთი თვის წინ და ახლა 42 პროცენტზე ჩამოვიდა. მინდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ საქართველო დღეს გზაგასაყარზე დგას, უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან, პერსპექტივიდან ერთ-ერთი. პირველი-ის უარს ამბობს ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმზე მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიური, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოებთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილებას. ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა. ისეთი, რომელიც ბევრ სხვას არ აქვს. ეს არის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, გარდაცვალებები კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა. თითოეული ჩვენგანი იგრძნობს, რომ ცხოვრების პირობების გაუუმჯობესდა. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, უარის თქმა სკეპტიციზმზე და პირბადის ტარება. რაც შეეხება მეორე გზას, რომელსაც ახლა ვადგავართ, ეს არის, ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მიანმარში პოლიციამ 7 წლის ბავშვი მოკლა
მიანმარში პოლიციამ 7 წლის ბავშვი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ბავშვის ოჯახმა BBC-ს განუცხადა, 7 წლის ხინ მიო ჩითი სახლის გაჩხრეკვის რეიდის დროს მოკლეს. ბავშვს ტყვია მაშინ მოხვდა, როცა ის მამასთან მივიდა გარდაცვლილის დის ცნობით, პოლიციამ მათი სახლის კარი ჩხრეკვის მიზნით შეანგრია. "როდესაც კარი შემოანგრიეს, მამაჩემს ჰკითხეს კიდევ ვინმე თუ იყო სახლში" - უთხრა გარდაცვლილის დამ BBC-ის. მისი თქმით, პოლიციამ მამამისს არ დაუჯერა და ჩხრეკვა დაიწყო/ ამ დროს ხინ მიო ჩითი მამისკენ გაიქცა. პოლიციელები შემობრუნდნენ და ბავშვს ესროლეს. 7 წლის ბავშვი მიანმარში განვითარებული მოვლენების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. .
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაზე და პირბადეზე უარს თუ ვიტყვით, საქართველოში მესამე ტალღა მალე დაიწყება
"ვაქცინაზე და პირბადეზე უარს თუ ვიტყვით, საქართველოში მესამე ტალღა მალე დაიწყება", - ამის შეასახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე.", — განაცხადა ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ.
თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს ან საერთოდ მოიხსნას
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს ან საერთოდ მოიხსნას. „ორი საბჭოა, ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების, მე არც ერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს გამორიცხული არ არის, შესაძლოა, ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნა, შეიძლება, იყოს გახსნილი, საყოველთაო“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საიმედო არაა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საიმედო არაა, რადგან ვირუსის ინკუბაციურ პერიოდში დადებით პასუხს არ აჩვენებს. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, არცერთ ქვეყანაში უშუალოდ ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტი არ კეთდება. „პროტოკოლში არ წერია, რომ ვაქცინირების წინ პიროვნებამ ტესტი უნდა გაიკეთოს. ესეც არ არის საიმედო. ახლა იყო შემთხვევა, როდესაც ტესტი გაიკეთა, ჩაიტარა ვაქცინა და მეორე დღეს აღმოაჩნდა კოვიდი, ტესტი ინკუბაციურ პერიოდში არ უჩვენებს დადებით პასუხს. როდესაც დაავადება სიმპტომური ხდება და იწყება, მაშინ უნდა გაუკეთო. მაშინ რა გამოდის, ვაქცინის გაკეთების დღეს უნდა გაუკეთო ტესტი, ეს კი არცერთ ქვეყანაში არ ხდება“,- განაცადა ცერცვაძემ.
უმრავლესობის წევრი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კანონპროექტი შეიცვლება
საპარლამენტო უმრავლესობა პარტიების დაფინანსების შეწყვეტის და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის რეკომენდაციების გათვალისწინებას გეგმავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „პარლამენტი არ გიწვევს, არამედ გაგრძელდება მათზე მუშაობა. ორივე პროექტი შეიცვლება იმგვარად, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახოს. არც ერთ პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ლეგიტიმურობის და სამართლებრივი თვალსაზრისით კითხვები არ ჰქონია და მათი შენიშვნა იყო, რომ არ მომხდარიყო კანონის მორგება დღეს არსებულ ვითარებაზე. პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას ეხება, ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო პირველივე ჯერზე არა პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა, არამედ მაგალითად, ფინანსური სანქციის დაკისრება პარტიისთვის. მათ ჰქონდათ წუხილი და ზეპირი მოსმენის დროსაც თქვეს ამასთან დაკავშირებით, რომ გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, რაც პოლიტიკური კუთხით გვაქვს საქართველოში, როცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში არ შემოდის, არ მოხდეს ინსტრუმენტალიზება კანონის და დღევანდელ სიტუაციაზე მორგება და გამოყენება ამ პარტიების წინააღმდეგ, ეს იყო შენიშვნა და მეორე შენიშვნა იყო, ხომ არ არის ზედმეტად მკაცრი პირველივე შემთხვევაში პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გავეცანით და ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე გავაგრძელებთ ამ პროექტზე მუშაობას“, - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი. „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის შეფასებებს, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება მათი რეალური სახე. „ვენეციის კომისიის დასკვნამ პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა „ქართული ოცნების” სურვილს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” დასასჯელად მომზადებული კანონპროექტი მიეღოთ, რომელიც ითვალისწინებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთნ დაკავშირებით სანქციები დაეწესებინა პარტიისთვის და ასევე, საპარლამენტო სხდომების ბოიკოტირების გამო, დაფინანსება შეეწყვიტა პარტიებისთვის. ცალსახად ითქვა, რომ ეს არის არადემოკრატიული კანონპროექტი, რომელიც დემოკრატიის განვითარებას არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი დაბლოკილია და აღარ იქნება მიღებული. ხელისუფლება იძულებული გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინოს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. აღნიშნული კანონპროექტის განხილვის თხოვნით, ვენეციის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, 2020 წლის დეკემბერში მიმართა. სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო. საკანონდებლო ინიციატივას 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ამ მოტივით, სხვადსხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმება, ოფიციალურად მოითხოვეს.
დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს რუსული აგრესიის წინაშე მდგარი ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას - დომინიკ რააბი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანის დომინიკ რააბის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, NATO-ს წევრობისკენ გზას გაუხსნის, რუსული აგრესიის წინაშე მდგარ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო - აღნიშნული განცხადების შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დომინიკ რააბმა NATO-ს მინისტერიალის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეებს ერთად დასხდნენ და განიხილონ, თუ რა ღირებულება გააჩნია ალიანსს დღევანდელ სამყაროში, სადაც დემოკრატიული სახელმწიფოები იმ ავტორიტარული სახელმწიფოების თუ არასახელმწიფო აქტორებისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე დგანან, რომლებიც კიბერთავდასხმებსა და სხვა ტექნოლოგიებს წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის საბოტირების მიზნით იყენებენ. „გაერთიანებული სამეფო, როგორც თავდაცვისა და დიპლომატიის კუთხით უდიდესი პოტენციალის მქონე წამყვანი სახელმწიფო, სრულად უჭერს მხარს ნატოს, რომელიც წარმოადგენს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მძლავრ შემაკავებელ მექანიზმს და ასევე მტკიცე და ერთიან პოლიტიკურ ბასტიონს მოსკოვის მადესტაბილიზებელი ქმედებებისგან თავდასაცავად“ - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
თამარ გაბუნია: თუ ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება
"თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დოზებს, რომელსაც კოვაქსიდან მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. „მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის დოზები, რომლებსაც „კოვაქსიდან“ მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე", - განაცხადა გაბუნიამ.
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც პუტინს კიდევ ორი ვადით პრეზიდენტობის საშუალებას მისცემს
რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის კონსტიტუციის ერთ - ერთი შესწორებული დებულების თანახმად, ვლადიმერ პუტინზე საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება. კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატებმა პაველ კრაშენინიკოვმა და ოლგა სავასტიანოვამ, ასევე ფედერაციის საბჭოს წევრმა ანდრეი კლიშასმა ნოემბერში შეიტანეს. შესწორებების შესაბამისად, კანონი აწესებს, რომ პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც არ უნდა იყოს 35 წელზე ახალგაზრდა, მუდმივად უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და არც წარსულში უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან უცხოეთში ცხოვრების უფლება. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, თუკი უცხო სახელმწიფო ან მისი ნაწილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება მიღებული.
იტალიაში დიდი ბრიტანეთისათვის განკუთვნილი Astrazeneca-ს ვაქცინის 29 მილიონი დამალული დოზა იპოვეს
იტალიაში დიდი ბრიტანეთისათვის განკუთვნილი Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითქმის 30 მილიონი დამალული დოზა იპოვეს. ინფორმაციას express-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინის დოზების მწარმოებელ La Stampa ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვაქცინის 29 მილიონი დოზა ლაციოს რეგიონში, Catalent- ის ქარხანაში დამალა. როგორც მედიასაშუალება იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით იტყობინება, ვაქცინები ბრიტანეთში გადასაზიდად მზად იყო, რათა ბრიტანელ პენსიონერებს Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა მიეღოთ. La Stampa-ში აცხადებენ, რომ ფლაკონების დამზადება ჰოლანდიის ქარხანაში მოხდა და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ჯერ არ დამტკიცებულა. ევროკავშირის კომისარმა ტიერი ბრეტონმა თვის დასაწყისში დაათვალიერა ქარხანა და აღმოაჩინა, რომ კომპანიას თვეში ექვს მილიონამდე დოზის წარმოების შესაძლებლობა აქვს. რადგან ევროპის წამლის სააგენტო ჯერ არ ამტკიცებს La stampas დაწესებულებას, ჰოლანდიური ქარხნის მიერ წარმოებული ვაქცინის დოზები არ შეიძლება განაწილდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში, რომლის სამედიცინო ორგანოებმა AstraZeneca– ს ყველა საწარმო დაამტკიცეს. ევროკავშირის წყაროები ეჭვობენ, რომ იტალიის ქარხანაში ჩამოსასხმელი ყველა ფლაკონი სინამდვილეში არ წარმოებულა ჰონალდიური კომპანია Halix- ის მიერ, რის გამოც ეჭვები შეიტანეს მზა ვაქცინების რაოდენობაზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.