ძებნის რეზულტატი:

ინდური ფარმაცევტული კომპანია Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კაფსულების ფორმით წარმოებას იწყებს

ინდური ფარმაცევტული კომპანია Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კაფსულების ფორმით წარმოებას იწყებს. ინფორმაციას Businesstoday ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, იმ ადამიანებს ვისაც ნემსებისა და ინექციების შიში აქვთ, ინდური ფარმაცევტული კომპანია Premas Biotech ამერიკულ კომპანია Oramed Pharmaceuticals Inc-თან თანამშრომლობით კაფსულების ფორმის ვაქცინას შესთავაზებს. Premas Biotech- მა ამერიკულ ფირმა Oramed Pharmaceuticals Inc- თან თანამშრომლობით 19 მარტს გამოაცხადა, რომ ისინი ავითარებენ Covid19-ის ვაქცინის ვარიანტს, რომელმაც აჩვენა ეფექტურობა ერთჯერადი დოზის მიღებისას. ცხოვლებზე ჩატარებული ტესტირებებმა აჩვენა, რომ კაფსულების ერთჯერადი დოზა ეფექტურია. ვაქცინის დახმარებით ჩამოყალიბდა სისტემური იმუნიტეტი, გამომუშავდა ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის ნეიტრალიზებას ახდენენ.

გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა და 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა. ნაშალმა კლდემ მთლიანად ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც, დუშეთის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გაწმენდით სამუშაოებს უხვი ნალექი ართულებს. გუდამაყარში კლდოვანი მასისა და ნიადაგის შესასწავლად ხვალ გეოლოგების ჯგუფს ელოდებიან.

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები: რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს

NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია. განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ალიანსი ადაპტირებას განაგრძობს. „NATO თავდაცვითი ალიანსია და არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება. უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ, ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს, რასაც საფუძვლად უდევს შვიდი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების ზრდა, უფრო ქმედითი და მომზადებული ძალები და პარტნიორებთან უფრო ღრმა ურთიერთობები“, - აღნიშნულია განცხადებაში. ჩვენ მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ტერორიზმი ყველანაირი ფორმითა და გამოვლინებით ყველას გვემუქრება. აგრესიული და ავტორიტარული ხელისუფლებები და არასახელმწიფო აქტორები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ეწინააღმდეგებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად დაესწრება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, ხელმისაწვდომი 55 წელს გადაცილებულთათვისაც გახდეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, ხელმისაწვდომი 55 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც გახდეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, აპრილ-მაისისთვის ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაა განსაზღვრული, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული 55 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდეს. ,,ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჯგუფების აქტიურობაზე. ჩვენთვის მთვარია, რომ ვაქცინის ის რაოდენობა, რომელიც მივიღეთ და ძვირფასია, მიზნობრივად უდნა მოხდეს მათი გამოყენება. თუ აქტივობა დაბალი იქნება, ვიფიქრებთ შემდეგი ჯგუფის მოცვაზე. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე მაქსიმალურად მოხერხდება ასაკოვანი ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის მოცვა იმ მასშტაბით, რაც გვქონდა თავიდანვე დაგეგმილი და შემდეგ, როცა დამატებითი დოზები გაჩნდება აპრილიდან და მაისიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ 55 წლის ზემოთ და სხვა ჯგუფები, ავცრათ. მეორე კვარტლის ბოლოა მითითებული იმისთვის, რომ არარისკჯგუფის მოსახლეობა მოხვდეს ვაქცინაციის პროგრამაში. მესამე და მეოთხე კვარტალი იყო დაგეგმილი ფართო ვაქცინაციისთვის”,- განაცხადა გაბუნიამ.

25 მარტს ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს. „ველოდები აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირაში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე. დავპატიჟე ჯო ბაიდენი, რომ შემოგვიერთდეს შეხვედრაზე და გაგვიზიაროს მისი შეხედულება აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე. დადგა დრო, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი აღდგეს“, – წერს მიშელი tweeter-ზე.

სენატორი შაჰინი: ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები ციხეში არიან და საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, რუსეთისთვის გამარჯვებაა

ამერიკელმა სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები ციხეში არიან და საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, რუსეთისთვის გამარჯვებაა. ამის შესახებ მან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ სენატში მიმდინარე მოსმენისას განაცხადა. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და იმუშავოს ყველა ოპოზიცურ პარტიასთან, რათა კრიზისიდან გამოსავალი დიალოგის გზით იპოვონ. ,,აშშ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მოკავშირეა. თუმცა ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებაზე, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ დემონსტრირებული უნდა იყოს მთავრობისა და ოპოზიციის ქმედებებით. უმნიშვნელოვანესია, მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და იმუშავოს ყველა ოპოზიცურ პარტიასთან, რათა კრიზისიდან გამოსავალი დიალოგის გზით იპოვონ. ერთადერთი მხარე ვინც დღეს საქართველოში შექმნილი ვითარებით გამარჯვებულია რუსეთია. ყოველ დღე, როცა ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, გამარჯვებაა რუსეთისთვის. ყოველდღე როცა საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გვერდზე გადადონ პოლიტიკური ამბიციები და გადადგან ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად", – განაცხადა შაჰინმა.

ჯორჯ კენტი: ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარუმატებელი მოლაპარაკებები, ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებას

,,ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარუმატებელი მოლაპარაკებები, ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებას", - ამის შესახებ ჯორჯ კენტიმ სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორებმა უნდა მონახონ დამატებითი საშუალებები ქვეყნის მხარდასაჭერად ,,ეუთომ შეაფასა საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდი, როგორც კონკურენტუნარიანი, მაგრამ არსებული მდგომარეობა საზოგადოების ნდობას ამცრებს, მიუხედავად იმისა, რომ იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა სურთ, რომ მათ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. ეს გახლავთ ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის, როგორც ,,ქართული ოცნებისთვის", ისე ოპოზიციისთვის. აშშ-მ როგორც საქართველოს მეგობარმა გულახდილად უნდა ილაპარაკოს, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან, რომ არ მოხდეს გადახვევა იმ გზიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ინტეგრაცია დასავლეთთან გახლავთ გამოწვევებით აღსავსე გზა, რომელიც გულისხმობს ვალდებულებებს ერთიანი ღირბულებებისა , დემოკრატიული ნორმებისა და ინსტიტუციების მთლიანობისა, ფუნქციონალური დემოკრატიის მისაღებად. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და სხვა ძალები უნდა მუშაობდნენ იმისათვის, რომ მოგვარდეს ეს კრიზისი. წარუმატებლობა მმართველი პარტიისა და ოპოზიციისა, რომ შეთანხმებას მიაღწიო ძირს გამოუთხრის,საქართველოს დასავლურ მისწრაფებას. საქართველოს პარტნიორებმა უნდა მონახონ დამატებითი საშუალებები ქვეყნის მხარდასაჭერად", - განაცხადა კენტმა.

სენატორი შაჰინი საქართველოზე: ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არ არის

ამერიკელმა სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ლეგიტიმურობის ზღვარზეა, არ არის საკმარისი. ,,ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ლეგიტიმურობის ზღვარზეა, არ არის საკმარისი. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეთ საიმედო მექანიზმები უთანხმოებების მოგვარებისთვის, მექანიზმები, რომლებიც სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილე მხარის მიერ. აშშ უკვე დიდი ხანია არის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მოკავშირე. ასეა დღესაც. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა საქართველო ერთგული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ნათელი რომ იყოს, საქართველოს ერთგულება დემოკრატიისადმი ნაჩვენები უნდა იყოს ყველა ქართველის მიერ, განურჩევლად იმისა, არიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში. იმპერატიულია, რომ მთავრობამ გადადგას ნაბიჯები დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად და აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან კრიზისიდან გამოსვლისთვის", - განაცხადა შაჰინმა.

სენატორი რიში საქართველოზე: რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენა მედიაზე, სასამართლოსა და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე

,,საქართველოში სასამართლო და პოლიტიკური ცხოვრების დიდი ნაწილი ოლიგარქის გავლენის ქვეშაა",- ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯიმ რიშმა განაცხადა. როგორც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ სენატში მიმდინარე მოსმენისას სენატორმა რიშმა განაცხადა, ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ სვლის გაგრძელება და უთანხმოების გვერდზე გადადება მათი ვალდებულებაა ქვეყნის წინაშე. „საქართველომ გააკეთა ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს 2008 წლიდან მისი ტერიტორიების 1/5 უკანონოდ აქვს ოკუპირებული. საქართველო ასევე არის აშშ-ის საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების საკითხებში და აქვს ამბიციები, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, რასაც ბევრი ჩვენგანი ორივე მხარეს მხარს უჭერს. როგორც უკვე ვთქვი, მე და სენატორი [ჯინ] შაჰინი ვიყავით საქართველოში 2012 წელს. მე ძალიან მოხიბლული ვიყავი და მართლა მჯეროდა, რომ ქვეყანა იყო ახალ სწრაფ სტარტთან. არჩევნების შემდეგ დილას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავით ორივე მხარის ბანაკში - როგორც წაგებული, ასევე გამარჯვებული მხარის. ჩვენ შევხვდით პარტიების ლიდერებს -ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს. მინდა გითხრათ, რომ განწყობა ორივე ბანაკში იყო ისეთი, როგორც ამერიკაში არჩევნების შემდეგ. გამარჯვებულები თავს გრძნობდნენ გამარჯვებულებად, წაგებულები - წაგებულებად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი ორივე მხარესთან, ისინი აკეთებდნენ წინდაუხედავ განცხადებებს, რაც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ, მაშინ როცა მთელი ღამე ფეხზე იყავი. ვუსმენდი კომენტარებს და ცოტა ხანში ძალიან ოპტიმისტურად განვეწყე, რადგანაც მხარეები დათანხმდნენ შეხვედრაზე, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით კიდეც. რაც დრო გადიოდა, ჩვენ იმედები გვიცრუვდებოდა - ადგილი ჰქონდა უფრო მეტ და მეტ პოლიტიკურ დევნას და კიდევ ერთხელ ჩვენ, როგორც შეგვეძლო ვამბობდით, რომ ეს არ იყო საუკეთესო გზა. ამასთან ერთად, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ დემოკრატია ქვეყანაში უკან მიიწევს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც საქართველო უკეთესს იმსახურებს და არის უნიკალურ პოზიციაში, როცა შეუძლია გამოაღწიოს თავისი პოსტ-საბჭოთა ისტორიიდან. რაც ხდება ახლა, არის ოლიგარქის მზარდი გავლენა მედიაზე, სასამართლოზე და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე. ამჟამინდელ კრიზისზე, რომელიც არის კულმინაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი დაპირისპირების, წარუმატებელი რეფორმებისა, პასუხისმგებლობას, ჩემი აზრით, იზიარებს ყველა მხარე. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ სვლის გაგრძელება და უთანხმოების გვერდზე გადადება მათი ვალდებულებაა ქვეყნის წინაშე. როცა ჩვენ შევხვდით ბატონ სააკაშვილს. ის დაჟინებით ამბობდა, რომ არ დაეხმარებოდა ძალაუფლების გადაცემის პროცესს. მე ვკითხე, გაუგია თუ არა მას ოდესმე ჯორჯ ვაშინგტონზე. მან მითხრა რომ კი, ყველას გაუგია ჯორჯ ვაშინგტონზე. მე ვუთხარი, რომ ის ჩვენი პირველი პრეზიდენტი იყო და 200 წლის შემდეგ, როცა ეს არჩევნები იქნება პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა ბავშვი საქართველოში წაიკითხავს შენს შესახებ, როგორც საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, რომელმაც ასეთი არჩევნები გაიარა. როგორ გინდა რომ დაგიმახსოვრონ? როგორც ჯორჯ ვაშინგტონი თუ როგორც ადამიანი, რომელსაც წაგება არ შეუძლია და ქვეყანაზე მეტად საკუთარი თავი ადარდებს? იგი ყურადღებით მისმენდა, არა ჯინ? მინდა ხაზი გავუსვა, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს ამ კრიზისიდან გამოყვანაზე. ეს კონფლიქტი აზიანებს ქვეყანას და ხალხს და კარს უღებს რუსეთს. ვიცი, რომ ჩვენი ელჩი თბილისში, კელი დეგნანი და საელჩოს გუნდი დაუღალავად მუშაობდა მოლაპარაკებების ფასილიტაციისთვის და შეთანხმების პოვნისთვის. დიდად ვაფასებ მათ შრომას. მესმის, რომ გადაიდგა პატარა ნაბიჯი უკან, მაგრამ მოვუწოდებ მათ გააგრძელონ და აუცილებლად მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები და სცადონ აქედან [არსებული ვითარებიდან] გამოვიდნენ. საქართველო კრიტიკულ მომენტშია. თუ ის არ აამუშავებს თავის დემოკრატიას ახლა, არ ვიცი, როდისღა შეძლებს ამას. ის დაკარგავს შესაძლებლობას შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს. პოლიტიკური ლიდერები უნდა შეთანხმდნენ და დაასრულონ ეს კრიზისი და შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რეფორმები, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მომავალი“, - განაცხადა რიშმა სიტყვით გამოსვლისას.

კარა მაკდონალდი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაამტკიცოს ODIHR-ის რეკომენდაციები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კარა მაკდონალდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ODIHR-ის რეკომენდაციები დაამტკიცოს. როგორც მაკდონალდმა სენატში საქართველოს საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2020-ში პარლამენტმა გაატარა ODIHR-ის რეკომენდაციებზე დაფუძნებული რეფორმების ნაწილი, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ არ მიიღო კრიტიკული და გრძელვადიანი რეფორმები, რომელიც სააარჩევნო დავების სამართლიანად განხილვის პროცესს ეხებოდა. ,,ძალაუფლების კონცენტრაცია, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე – ეს ძირს უთხრის თავად ქართველების რწმენას საკუთარ დემოკრატიაზე. ODIHR-ის სადამკვირვებლო მიისიის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, მას ნაკლოვანებები გააჩნდა. მათ შორის არის ბრალდებები დარღვევებზე, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი მკაფიო არ იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მმართველი პარტიის დომინირებაზე საარჩევნო კომისიებში. მიუხედავად იმისა, რომ 2020-ში პარლამენტმა გაატარა ODIHR-ის რეკომენდაციებზე დაფუძნებული რეფორმების ნაწილი, პარლამენტმა არ მიიღო კრიტიკული და გრძელვადიანი რეფორმები, რომელიც სააარჩევნო დავების სამართლიანად განხილვის პროცესს ეხებოდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაამტკიცოს ODIHR-ის რეკომენდაციები” , - განაცხადა მაკდონალდმა.

კორონავირუსის PCR კვლევის დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ჯო ბაიდენი კონგრესს  იარაღზე კონტროლის კანონპროექტების დამტკიცებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, რომ იარაღზე კონტროლის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა, აღნიშნული განცხადება მას შედეგ გააკეთა, რაც კოლორადოს შტატში ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი მოკლა. ბაიდენმა მოუწოდა სენატს, მიიღოს წარმომადგენელთა პალატის მიერ 11 მარტს დამტკიცებული ორი კანონპროექტი, რომელიც იარაღის მყიდველის ისტორიის შემოწმების წესებს გაამკაცრებს. „მე არ მჭირდება არც ერთი წუთი ლოდინი იმისთვის, რომ გადავდგა გონივრული ნაბიჯები, რომლებიც გადაარჩენს სიცოცხლეს მომავალში და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, იმოქმედონ“, – განაცხადა ბაიდენმა.

დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობის აკრძალვა იხსნება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი ადამიანის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება. დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მეორე მუხლის მეშვიდე პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას, როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით. სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 293 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 254 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93% Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 293 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 751 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 542 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 628-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.59 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 254 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 922-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 722 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 718, აჭარაში - 161, იმერეთში - 280. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 135, აჭარაში - 25, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში - 3, იმერეთში - 12. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 - თბილისში, 40 - აჭარაში. 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 94. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 820 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 089 პირი, აჭარაში - 680, იმერეთში - 891.

ჯანმო: მსოფლიოში Covid19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ოთხი კვირის მანძილზე იზრდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით Covid19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ოთხი კვირის მანძილზე იზრდება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას გლობალურად 3,3 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დასავლეთ წყნარი ოკეანის, ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ფიქსირდება. ჯანმოს ცნობით, 6-თვიანი კლების შემდეგ 60 000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევების თითქმის 80% ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის

ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება. დამატებითი ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილეს, შეხვედრის დასრულებისას გახდება ცნობილი. ცნობისთვის, დღეს საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა. პირველად, ქვეყანაში Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია: ნასიბ ჰასანოვი „კავკასუს ონლაინის“ 100%-ის უკანონო მფლობელი გახდა

კომპანია ,,კავკასუს ონლაინის" 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი გახდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაცით, ბიზნესმენმა რამდენიმე სასამართლო დავის პარალელურად „კავკასუს ონლაინის“ 51%-იც დარღვევით შეიძინა და დღეს 100%-ის ,,უკანონო მფლობელია". ,,კომუნიკაციების კომისია ყურადღებით გაეცნო ვენეციის კომისიის მოსაზრებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომუნიკაციების კომისია ადასტურებს თავის ერთგულებას ვენეციის კომისიის მიერ დასკვნაში აღნიშნულ ფასეულობებთან მიმართებით. კომისია ყოველდღიურ საქმიანობაში სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია დასკვნაში თავად აღნიშნავს იმ მასშტაბურ პრობლემას და გამოწვევას, რომლის გადასაჭრელადაც კანონში ცვლილებები შევიდა. მივესალმებით, რომ ვენეციის კომისია აცნობიერებს კანონში ცვლილების შეტანის მიზანს - სახელმწიფოს ჰქონოდა უფრო ეფექტური და ნაკლები ზიანის მომტანი ინსტრუმენტი, ვიდრე ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება და მილიონობით აბონენტის ინტერნეტის და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევა და ის გარემოება, რომ ვენეციის კომისია ნათლად ხედავს საკითხის სენსიტიურობას და ცვლილების შეტანამდე არსებულ საკანონმდებლო ხარვეზს. ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანამდე კომუნიკაციების კომისიის მიერ 2019 წლის ოქტომბრიდან მიღებული არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, შპს „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევა არ აღმოუფხვრია. მეტიც, ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონი რამდენჯერმე დაარღვია. ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ჯერ კიდევ 49%-ის უკანონოდ შეძენამდე ზედმიწევნით კარგად იცოდა. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ „კავკასუს ონლაინის“ შეძენის პროცესში 2019 წლის 18 იანვარს მან ყიდვის ხელშეკრულებით აიღო უმნიშვნელოვანესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ კანონის მოთხოვნებს და კომუნიკაციების კომისიიდან წილის შესაძენად საჭირო წინასწარ თანხმობას, ასევე სხვა სამართლებრივ საკითხებს თავად უზრუნველყოფდა. ამის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში ნასიბ ჰასანოვმა არაერთი სასამართლო დავის პარალელურად მორიგი კანონდარღვევა კვლავ ჩაიდინა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ვიდრე კომუნიკაციების კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავდა ნასიბ ჰასანოვმა კვლავ დაარღვია კანონი და „კავკასუს ონლაინის“ დანარჩენი 51% დაჩქარებული წესით, ისევ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე შეიძინა. ამჟამად ჰასანოვი შპს „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილის უკანონო მფლობელია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, 2020 წლის 15 დეკემბერს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს ორი დოკუმენტი წარუდგინა თანხმობის მისაღებად. რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინსა“ და ყაზახურ კომპანია სს „ტრანსტელეკომს“ შორის, ასევე შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის უნდა გაფორმებულიყო შეთანხმებები. ორივე დოკუმენტში „კავკასუს ონლაინი“ განხილული იყო, როგორც აზერბაიჯანულ ნექსოლ ჰოლდინგში შემავალი კომპანია, ამავე დოკუმენტებში „კავკასუს ონლაინი“ მიჩნეული იყო რეგიონული მნიშვნელობის ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელების მექანიზმად. ამავე დოკუმენტებით, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის წინაპირობად განსაზღვრული იყო აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნულ დოკუმენტებს კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა ხელი არ მოაწერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება არ ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შესულ ყველა ცვლილებაზე. ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ კონცენტრაციის დარღვევის ნაწილში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას და აღნიშნული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებას ეხება. ვენეციის კომისიას არ შეუფასებია კომისიის სხვა გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სპეციალური მმართველის დანიშვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება ერთიან ევროპულ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს, კერძოდ კი კომისიის ყველა გადაწყვეტილების რევიზია, მათ შორის გადაწყვეტილების შეჩერება უნდა ხდებოდეს სასამართლოს მიერ და არა ავტომატურად, რომელიმე ავტორიზებული პირის სარჩელის საფუძველზე. კომისიის, როგორც მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათი დაუბრკოლებლად აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ რეგულირებადი სფეროს სწორად განვითარებისთვის. კომისიის გადაწყვეტილებების მხოლოდ სასამართლოს მიერ შეჩერება გარანტირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით. აღნიშნული ევროპული მიდგომა არც თავად ვენეციის კომისიას დაუყენებია ეჭვქვეშ. ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კომისიის ყველა სხვა გადაწყვეტილებასთან მიმართებაში სწორია, რომ სასამართლოს მიერ ხდებოდეს გადაწყვეტილების შეჩერება, გარდა სპეციალური მმართველის დანიშვნისა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოხატვის თავისუფლებას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება. ვენეციის კომისია თავად აღნიშნავს, რომ კანონში ცვლილებების მიზანი არ ყოფილა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ მაინც აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, კომუნიკაციების კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველმხრივ ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას. კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის პრაქტიკაში მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ყველა ღონისძიების განხილვა კანონმდებლობით დადგენილ შემჭიდროვებულ სამდღიან ვადაში ხდება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან - დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პროცესუალური ვადები", - აღნიშნულია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიცია მარცხდება

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიცია მარცხდება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუს მხარდამჭერი პარტიათა ბლოკი და მათი მოკავშირე პარტია ,,Yamina" 120-ადგილიან ქნესეთში 59 ადგილს აგროვებენ. პარტლამენტში შედის ისრაელ-არაბული გაერთიანებული პარტია ,,Ra’am". ,,Ra’am" შესვლა ცვლის მომავალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას.

საქართველოს სამი რეგიონი შესაძლოა, "წითელ ზონად" გამოცხადდეს

საქართველოს სამი რეგიონი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებით ლიდერობს, შესაძლოა "წითელ ზონად" იქცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "ეს არის იმერეთი, გურია და სხვათაშორის, თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა.შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა უკვე, ვინაიდან ჩვენ საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, უკვე წითლის მიმართულებით მიდის აქტიურად. დადებითობის კოეფიციენტი არის 2,2, ასევე, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1-ს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამორიცხავთ შეზღუდვების დაწესებას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა "იმედის" ეთერში. ცნობისთვის: დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

თეა წულუკიანმა მოადგილეებად კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია წარადგინა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან. წულუკიანის თქმით, კახა სიხარულიძე იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე. „დღეს ჩვენ წარვადგენთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს. პირველ რიგში, მინდა, წარმოგიდგინოთ მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი კახა სიხარულიძე. ბატონი კახა სიხარულიძე ჩვენს ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ასაკის ადამიანია. მას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობისა ჩვენს შორის და ასევე, აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება, ვინც აქ ვართ. ბატონი კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. ის დიპლომატიურ სამსახურშია და ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელის თანამდებობას და ის იყო ასევე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. კახა სიხარულიძე გახლდათ ასევე ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა „ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა“. ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც მრავლად არის ამ სამინისტროში და მთლიანად სფეროს და არა მხოლოდ ჩვენი სამინისტროს სსიპ-ებსა და ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ შემოქმედს ჩვენს ქვეყანაში დაეხმარება, რომ ქართული კულტურა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ​მინისტრის თქმით, სოსო გიორგაძე უხელმძღვანელებს ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება. „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ბატონი სოსო გიორგაძე. მას ალბათ ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ვინაიდან ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, იყო ჩემი გუნდის წევრი. მათ შორის 2012 წლის ზაფხულში და ის სხვადასხვა დროს იკავებდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას. იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, გახლდათ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე და ბოლო დროს გახლდათ და პირველ აპრილამდე კვლავ იქნება იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო პირველი აპრილიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა გადაწყვეტილება და პირველი აპრილიდან ის ჩვენთან ერთად უკვე ამ სამინისტროში შეუდგება მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას და უმნიშვნელოვანესია, რომ ის, როგორც ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა, უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა. თეა წულუკიანის თქმით, იოსებ ბაღათურია იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს. „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე ბატონი იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში. პრაქტიკოსი იურისტი. ის არის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. ის მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს. მე მინდა, ჩემს მოადგილეებს ვუთხრა მადლობა, რომ დათანხმდნენ ამ რთული სფეროს, რთული სამინისტროს ხელმძღვანელობაში ჩემს დახმარებას და ჩვენი ხელისუფლების სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობას. მე მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა წულუკიანმა.