ძებნის რეზულტატი:

ვლადიმერ კახაძემ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. მან ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. კახაძემ საქართველოს მოქალაქეებს პირადი მაგალითით ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდა. „ამ პროცესის მეოხებით ყველა ადამიანთან მივდივარ, ჩემს მოძმესთან, ჩემი ქვეყნის ბინადართან, დედამიწის ბინადართან; თხოვნითაც მივდივარ, პირადი მაგალითითაც, რწმენით და იმედით. ჩვენი თანადგომა, ურთიერთპატივისცემა, გონივრული და პრაგმატული მიდგომა არის გზა, რომ ეს დიდი გამოწვევა დავძლიოთ და გავიდეთ პანდემიური მდგომარეობიდან. ვაქცინაცია არის აბჯარი, ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერება და იმ შემთხვევაშიც კი თუ ვირუსი ორგანიზმში მოხვდება აცრილი ადამიანის ორგანიზმში, ვირუსი განადგურდება. ყველა ადამიანს, ვინც შესაბამისი ასაკის არის, ვთხოვ და ვურჩევ, რომ თავის მომავლის უზრუნველსაყოფად ეს პროცედურა გაიარონ. ვაქცინაცია უსაფრთხოა და სარგებლის მომტანი“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

სენატში გაკეთებული განცხადებები სიგნალი იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვის - ზურაბ ბატიაშვილი

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხის ასეთ მაღალ დონზე განხილვა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს საქართველო არ მიუტოვებია“, - ამის შესახებ Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა. ბატიაშვილის აზრით, ეს იყო სიგნალი, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვის, რომელიც საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისგან, დივიდენდების მოპოვებას და სარგებლის მიღებას შეეცდება. „აშშ-ის სენატში ყარაბაღის თემის კიდევ ერთხელ ხსენებაც შემთხვევითი არ არის. ეს იმ ინტერესის გაგრძელებაა, რომელიც დასავლეთს ჩვენი რეგიონის მიმართ აქვს. ყველას ახსოვს, როდესაც ყარაბაღის ომის შემდეგ, მაიკ პომპეოს ვიზიტი დაუგეგმავად შედგა. სპეციალურად ჩასვეს, იმ ცნობილ სამშვიდობო ვოიაჟში, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყანა შედიოდა. ეს თავისთავად, მაშინვე სიგნალი იყო, რომ დასავლეთისთვის სულ ერთი არ არის რეგიონში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებით საქართველო, რომელიც რეგიონში დასავლეთის ერთადერთ დასაყრდენ წერტილად რჩება“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებით, საქართველოს დასავლური ორიენტაციის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღში ინტენისური საბრძოლო მოქმედებებისა და რეგიონში რუსი სამხედროების მშვიდობისმყოფელების რანგში, გაგზავნის შემდეგ. "ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სამხედროები ჰყავს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში. რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ, გააძლიერონ ზეგავლენა რეგიონში. საქართველო შიშობს, რომ ამის შედეგად ის კონკურენტული ინფრასტრუქტურისა და სხვა განვითარების პროექტებიდან მოწყვეტილი აღმოჩნდება. ჩვენ ვსწავლობთ გზებს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისე, რომ მათი სუვერენიტეტი და ქმედებათა თავისუფელბა შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა ჯორჯ კენტიმ. გუშინ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საკითხზე მოსმენა გაიმართა.

Pfizer-მა COVID-19-ის სამკურნალო აბების კლინიკური ტესტირება დაიწყო

Pfizer-მა კორონავირუსის სამკურნალო აბების კლინიკური ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ კლინიკური კვლევები წარმატებული იქნება, პრეპარატის აბების ფორმით დანიშვნა კორონავირუსის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე შესაძლებელი გახდება. ”COVID-19 პანდემიის დაძლევა მოითხოვს როგორც ვაქცინის საშუალებით პრევენციას, ასევე მიზანმიმართულ მკურნალობას მათთვის, ვინც ვირუსით დაავადებულია. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხდება SARS-CoV-2 მუტაცია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თერაპიულ ვარიანტებზე წვდომა როგორც ახლა, ისე პანდემიის მიღმა", - განაცხადა Pfizer-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა, მიკაელ დოლსტენიმ. როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის სამკურნალო აბები შექმნილია ვირუსის ცილის პროტეაზას საფუძველზე, რომელიც ვირუსის გამრავლებას აჩერებს. მსგავსი ტიპის მედიკამენტები აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება.

უხვი ნალექის გამო ქვახვრელში მტკვარმა ხელოვნური კუნძული შექმნა, სადაც 6 მწყემსი ჩარჩა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე, უხვი ნალექის გამო, ხელოვნური კუნძული შეიქმნა. კუნძულზე დარჩენილია 6 მწყემსი, თხები და საქონელი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. შესაბამისი მცურავი საშუალებებით უსაფრთხო ადგილას დარჩენილთა გამოყვანა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთს არ აქვს ფუფუნება ზურგი შეაქციოს არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შეინარჩუნებს თავის აქტიურ საგარეო პოლიტიკას და დაჩაგრული ერების გვერდით იქნება თავისი ეროვნული და საერთაშორისო ინტერესების შესაბამისად. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadoly Agency ავრცელებს. ერდოღანის განცხადებით, აფრიკის, აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე განლაგებულ თურქეთს, არ აქვს ფუფუნება ზურგი შეაქციოს არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, თურქეთმა საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით უფრო მსუბუქი რიტორიკა დაიკავა , ამით ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტ მეგობარს შეიძენს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომისგან დაღლილი ლიბიისთვის თურქეთის დახმარებით მდგომარეობა გაუმჯობესდა, ახლა ლიბიას შეუძლია გააგრძელოს დემოკრატიული პროცესი და იმედით შეხედოს მომავალს. სირია და მთიანი ყარაბაღი პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, სირიელი ხალხის გვერდით ყოფნას, ვიდრე სირია ნამდვილად არ გახდება სირიელების მიერ მართული ქვეყანა. ის მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მინსკის ჯგუფმა აღნიშნული საკითხი მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო გაართულა. ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად იდგა ოკუპაციის ქვეშ მყოფი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ბოლო წლების განმავლობაში თურქეთმა მძიმე დარტყმა მიაყენა ტერორისტულ ჯგუფებს, განსაკუთრებით კი PKK- ს, რის გამოც ისინი თურქეთის ტერიტორიებზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობას ვერ ახერხებენ. თურქეთის წინააღმდეგ 35 წელზე მეტი ხნის ტერორისტული კამპანიის დროს, PKK, რომელიც თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მოხსენიებული, პასუხისმგებელია 40,000 ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ჩვილების სიკვდილზე. ეკონომია რაც შეეხება ბოლოდროინდელ ბაზრის რყევებს, ერდოღანმა თქვა, რომ ისინი არ ასახავენ თურქეთის ეკონომიკის პოტენციალს. პრეზიდენტმა მოუწოდა საზოგადოებას გამოიყენოს მათი ოქროს და უცხოური ვალუტის აქტივები ეკონომიკაში და წარმოებაში, ხოლო საერთაშორისო ინვესტორებს მოუწოდა ენდონ თურქეთის ძლიერებასა და პოტენციალს. ,,უახლოეს დღეებში ჩვენ ბევრად უკეთეს პოზიციას მივაღწევთ თურქეთის ეკონომიკის გაფართოებით, ინვესტიციების, წარმოების, დასაქმებისა და ექსპორტის თვალსაზრისით,” - თქვა ერდოღანმა ტურიზმის სექტორის, ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს გამოცხადებით, ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთმა 2020 წელი დახურა 16 მილიონი ტურისტით და 12,4 მილიარდი დოლარით მიღებული შემოსავალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ”ჩვენ უახლოეს პერიოდში გავაგრძელებთ 75 მილიონი ტურისტის მიზანს,” - დასძინა მან. ახალი კონსტიტუციის მოთხოვნა ერდოღანი ახალი კონსტიტუციის საჭიროებას შეეხო და აღნიშნა რომ თურქეთისთვის ახალი სამოქალაქო კონსტიტუცია გარდაუვალია. ”ჩვენ გვინდა კონსტიტუცია, რომლის მართვაც ჩვენს ერს სურს”, - აღნიშნა მან. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუცია უნდა იყოს ხალხის კონსტიტუცია და არა პუტჩისტების ან მეურვეობის რეჟიმი, მან თქვა, რომ მათ სურთ პროგრესის მიღწევა მომავალი წლის დასაწყისში.

ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტის გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტი მექანიზმი გაამკაცროს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ევროკავშირში წარმოებული მეტი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი თავად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და ეს ზოგჯერ იმ ქვეყნების დახმარების ხარჯზე შეიძლება მოხდეს, რომლებიც არ არიან წევრები და ბლოკი ყოველ ქვეყანაში ექსპორტის შესახებ, ცალკეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ქვეყნების სია, რომლებში ექსპორტისთვისაც ევროკავშირის ნებართვა იქნება საჭირო, გაფართოვდება და ის მოიცავს 17 მეზობელ ქვეყანას. მათ შორის არის საქართველოც. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებით განსაკუთრებით იზარალებს დიდი ბრიტანეთი, სადაც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში ევროკავშირმა დაამტკიცა 41 მილიონი დოზა ვაქცინის ექსპორტი 33 ქვეყანაში. მისი თქმით, ევროკავშირი ვაქცინების სხვებისთვის განაწილების მხრივ მოწინავე პოზიციაზე დგას. ჯერჯერობით ევროკავშირში მოქმედებს აკრძალვების ნაკლებად მკაცრი რეჟიმი, რომლის საფუძველზეც, აქამდე განხორციელებული 381 ექსპორტიდან მხოლოდ ერთი დაიბლოკა.

ჟოზეფ ბორელი: რუსეთი საშიში მეზობელია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთი შეაფასა როგორც "საშიში მეზობელი". აღნიშნული განცხადება ბორელმა NATO-ს მინისტერიალის სხდომის დაწყებამდე. „ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შორდება და სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ქვეყანა ხდება. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსეთთან კავშირის არხებზე. რუსეთი არის მეზობელი, საშიში მეზობელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავიზიაროთ ზოგი საკითხი, რომელზეც საერთო ინტერესები გვაქვს, როგორიცაა ირანთან შეთანხმება და კლიმატური ცვლილებები. თუმცა ამავდროულად უნდა შევაკავოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთს“, - განაცხადა ბორელმა.

გერმანიის მთავრობამ სააღდგომოდ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა

ანგელა მერკელმა აღიარა, რომ აღდგომის პერიოდში შეზღუდვების გამკაცრება არასწორი იყო და გერმანიის მთავრობამ სააღდგომოდ დაწესებული ლოკდაუნი გააუქმა. ამის შესახებ ინცორმაცია Deutsche Welle ავრცელებს. „ჩვენ აუცილებლად უნდა შევეცადოთ შევაჩეროთ პანდემიის მესამე ტალღა. ამის მიუხედავად, აღდგომის დღესასწაულზე ლოკდაუნის დაწესება შეცდომა იყო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეცდომას ვუწოდოთ შეცდომა და ყველაფრის მიუხედავად, ის უნდა იყოს გამოსწორებული“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა. ”ეს მხოლოდ ჩემი შეცდომაა, რადგან ბოლოს ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელი”, - ხაზი გაუსვა მან და ”პატიება სთხოვა ყველა მოქალაქეს”. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ლოკდაუნით უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა საზოგადოებას, ვიდრე სიკეთე.

ზიგიმანტას პავილიონისი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგიმანტას პავილიონისი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. მან აცრის ფოტო Facebook-ზე გამოაქვეყნა. "ავიცერი ასტრაზენეკათი, დიდი სიხარულით და მადლიერებით. თავს შესანიშნავად ვგრძნობ", - წერს პავილიონისი.

ხელოვნური კუნძულიდან მწყემსების გამოყვანა ვერ ხერხდება , მათ ღამის გათევა კარვებში მოუწევთ

ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 6 მწყემსი ქვახვრელში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ჯგუფს ისინი ვერ გამოჰყავს. მწყემსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კარვებს მიაწვდის, სადაც მათ ღამის გათევა მოუწევთ. მაშველები მდინარის სანაპიროზე დარჩებიან და წყლის დონეს დააკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელში ხელოვნური, დროებითი კუნძული შექმნა.

სალომე ზურაბიშვილი: გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება

"სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომლითაც ის აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მიმდინარე განხილვას ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტი ყველა მხარეს მოუწოდებს, უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. მისი თქმით, შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. "გუშინ ამერიკის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისათვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა. სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას გვიცხადებენ. აშშ და ევროკავშირი სრულად იზიარებენ ეუთო-ს დასკვნას, რომლის თანახმადაც 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. ქვეყანას კი სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით შევძლებთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ

"ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში.", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომლითაც ის აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მიმდინარე განხილვას ეხმაურება. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით არის შესაძლებელი. "გუშინ ამერიკის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისათვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა. სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას გვიცხადებენ. აშშ და ევროკავშირი სრულად იზიარებენ ეუთო-ს დასკვნას, რომლის თანახმადაც 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. ქვეყანას კი სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით შევძლებთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს 23:00 საათიდან, თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 26 საათით შეეზღუდება

24 მარტის 23:00 საათიდან 26 მარტის 01:00 საათამდე წყალმომარაგება თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას შეეზღუდება. მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში 25 მარტს, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი” წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 მარტის 23:00 საათიდან 26 მარტის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: "ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, კეკელიძის, არაყიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის ქუჩას;პეკინის, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, დოლიძის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, მიცკევიჩის, საირმის, ბახტრიონის, ზემო ვეძისის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის, მელიქიშვილის, თაბუკაშვილის, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის, პეტრიაშვილის, ჭოველიძის, ქიაჩელის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, გრიბოედოვის ქუჩას;პუშკინის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის, ორთაჭალის და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დავით ზალკალიანი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას გამორიცხავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამორიცხავს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ისევე როგორც დახმარებაზე წინაპირობის დაწესებას. “სამწუხაროდ, ოპოზიცია ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, რომ ეს გამოიყენონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის. არათუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი სცენარით განვითარება. ეს არის მათი დღის წესრიგი, მეტი არაფერი”, - განაცხადა ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. ზალკალიანი ამბობს, რომ ემხრობა საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღებას, სადაც ორივე მხარის მიმართ გაკეთდება მოწოდებები. „ვიზიარებ და ვემხრობი, რომ უნდა მივიღოთ რეზოლუცია, სადაც იქნება მოწოდება ორივე მხარეზე და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ შეგახსენებთ, არჩევნების წინა პერიოდს, ოპონენტების გამოსვლებს, როგორ თამამად აცხადებდნენ ისინი, რომ რეზოლუცია იქნება მიღებული, აპროპრიაციის აქტი იქნება მიღებული, ეროვნული თავდაცვის აქტი იქნება მიღებული, სადაც პირდაპირ იქნება სანქციები ჩადებული, ვნახეთ ჩვენ ეს ყველაფერი? ვერაფერი ვნახეთ. კიდევ ერთი ფუჭი მცდელობა იქნება ამჟამადაც, რადგანაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც ა ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორი თანმიმდევრულია საქართველო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. რაც ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს პროცესი ვერ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე. ამიტომ მე საფრთხეს ვერ ვხედავ და გარწმუნებთ, რომ არანაირი ბმა და პირობითობა მომავალში არ იქნება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ადიდებულმა ენგურმა ანაკლიაში  სახლები და ბულვარი დატბორა

უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების შენაკადებმა მდინარე ენგურზე წყლის მატება გამოიწვია, რის გამოც რის გამოც ანაკლიაში ათამდე ოჯახის ეზო დაიტბორა, ასევე, დატბორილია ბულვარი და თხილნარი. ადგილზე ამ ეტაპზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

ქვახვრელში ​ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილი 6 მწყემსიდან 4 ნაპირზე გამოიყვანეს

სოფელ ქვახვრელში ხელოვნური კუნძულიდან 4 მწყემსი გამოიყვანეს. 2 მწყემსი კი ღამე კუნძულზე დარჩება. მათ მაშველებმა კარავი მიუტანეს. პირუტყვის გადმოყვანა ადიდებული მდინარის გამო ვერ ხერხდება, ამიტომ მწყემსებს პირუტყვის ნადირისგან დასაცავად იქ მოუწიათ დარჩენა. უხვი ნალექის გამო ქვახვრელში მტკვარმა ხელოვნური კუნძული შექმნა, სადაც 6 მწყემსი ჩარჩა

კელი დეგნანი: რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია

"რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. როგორც დეგნანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ამომრჩეველთა მოსაზრებები. "სწორედ ამიტომ, ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. 4-5 თვეა, ვცდილობთ, დავეხმაროთ მხარეებს ჩემს ევროკავშირელ კოლეგასთან ერთად, რადგან ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთგაგებას, განსხვავებული პოზიციების შეჯერებას და შეთანხმების მიღწევას, რაც ნამდვილად საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებშია. ეს არის ის, რაც მათ უნდა აკეთონ მრავალპარტიულ პარლამენტში. ეს არის, რაც მათ უნდა აკეთონ, როდესაც საქართველო გაწევრიანდება NATO-ში ან ევროკავშირში. ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც კომპრომისს საჭიროებენ და ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში მჯერა, რომ მხარეები მიაღწევენ კომპრომისს და გადადგამენ რთულ ნაბიჯს ქვეყნის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს

"კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. აშშ-ის ელჩის თქმით, NATO-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს, ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები. „მხარეებთან უკვე ხუთი თვეა ვმუშაობთ. ვცდილობთ, მათ მოახერხონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება. მათ აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ მხარეებს აქვთ ერთმანეთის მოსმენის სურვილი, მსჯელობენ პრობლემატურ საკითხებსა და პრიორიტეტებზე, განიხილავენ შესაძლო კომპრომისების გზებს. არც შეთავაზებების ნაკლებობა შეინიშნება, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა, რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ ამ განსხვავებულ პოზიციებზე. ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგან წინ და წავიდნენ კომპრომისებზე. კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. გასულ კვირაში, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია არ იყო მზად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. როგორ დასრულდება ეს პროცესი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ აქ მიღწეული შედეგი დააბრუნებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სწორ გზაზე. როგორც ვთქვი, NATO-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს, ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები“, - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგიც უნდა იყოს გადაწყვეტილება,რომელიც მიღებულია ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. „მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი არ არიან არჩეული წარმომადგენლები და არ მონაწილეობენ ამ დიალოგში. ამ მოლაპარაკებების შედეგიც უნდა იყოს გადაწყვეტილება,რომელიც მიღებულია ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. იმედია, რომ ამ გადაწყვეტილებაში იქნება წარმოდგენილი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი“, – განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანი: ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

"პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, თავისუფალ ბაზრებს, ქვეყნებს როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და მიმართულება", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა. "ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ და პირდაპირ განაცხადა რუსეთის აგრესიის შესახებ და ასევე იმ საფრთხეებზე, რასაც ჩინეთი ქმნის გლობალური ვაჭრობის, კომერციისა და უსაფრთხოების კუთხით. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, თავისუფალ ბაზრებს, ქვეყნებს როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და მიმართულება. თქვენ იცით, რომ არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თუმცა ახლა ასევე სახეზეა ორპარტიული წუხილი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და ვაშინგტონს სურს იხილოს, რომ საქართველოს ერთგულება ამ ღირებულებების მიმართ კვლავ ძლიერია", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

კელი დეგნანი: შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე  ქვეყანაში. რუსეთზე ზეწოლის კუთხით, ძალისხმევა უნდა გაიზარდოს

"შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე ქვეყანაში. რუსეთზე ზეწოლის კუთხით, ძალისხმევა უნდა გაიზარდოს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. "შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე ქვეყანაში. რუსეთზე ზეწოლის კუთხით, ძალისხმევა უნდა გაიზარდოს, რათა მან გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებები. როგორც იცით, ამ კვირას შედგება ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებები. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, სადაც დიალოგი შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთზე ზეწოლის საშუალებად, რათა მან გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან. ამერიკის შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, არის მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. ვიცით, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. დროა, დასრულდეს იმ ხალხის ტანჯვა, ვინც ამ ვითარების მსხვერპლია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.