ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენმა თურქეთი ქალთა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულების დატოვების გამო გააკრიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთი ქალთა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულების დატოვების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ბაიდენის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ”იმედგამაცრუებელია” და ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის კუთხით "უკან გადადგმული ნაბიჯია". მისი განცხადებით, ქვეყნებმა ქალებზე ძალადობის დასრულებისთვის უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ და არ "უარყონ საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ქალთა დაცვისთვის და მოძალადეთა დასჯისთვის არის შექმნილი". ”მთელ მსოფლიოში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მათ შორის, თურქეთში იზრდება ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა. ქვეყნები უფრო მეტს უნდა მუშაობდნენ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. არ უარყონ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალების დასაცას და მოძალაადეების დასჯას. ჩვენ, ყველამ, მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ საზოგადოება, რომელშიც ქალები ძალადობისგან თავისუფლად იცხოვრებენ",- განაცხადა ბაიდენმა. როგორც BBC-ი იუწყება, თურქეთმა თქვა, რომ სტამბოლის კონვენცია, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის პრევენციას და დევნის აღმოფხვრას, მის ოჯახურ ღირებულებებთან შეუთავსებელია. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთმა დატოვა ევროპის საბჭოს კონცენცია, რომელიც ქალების დაცვას ისახავს მიზნად.
შარლ მიშელი აცხადებს, რომ დანიელსონი შუამავლად თბილისში ბრუნდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და ხელისუფლება-ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს წარმართავს. როგორ მიშელი აცხადებს, ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის, დროა კომპრომისების გზა გამოინახოს. მისივე ინფორმაციით, დანიელსონი თბილისში კვირის ბოლოს ჩამოვა. ,,დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი უკან გაემგზავრება შუამავლობის გასაგრძელებლად", - წერს მიშელი მიკრობლოგ Twetter-ზე ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.
ჟოზეფ ბორელი: პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს
"პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უძღვება, გრძელდება. „კვლავ მსურს განვაცხადო, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს. საჭირო კომპრომისებზე უნდა წავიდნენ და ყურადღება სასწრაფო საკითხებზე უნდა გაამახვილონ, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. ამის ამსახველი ფოტო მან Twitter-ზე გამოქვეყნა. "დღეს AstraZeneca-ს ვაქცინა გავიკეთე. AstraZeneca, როგორც EMA-ს, ევროკავშირისა და ლიტვის მიერ დამტკიცებული ოთხივე ვაქცინა, უსაფრთხო და ეფექტურია. მეცნიერებას ვენდობი.", - წერს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი დანიელსონის დაბრუნებაზე: ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის გადაწყვეტილებას, დანიელსონის საქართველოში დაბრუნების თაობაზე, Twitter-ზე ეხმიანება. "მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ჩინეთის მთავრობა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციებს უწესებს
ჩინეთის მთავრობა ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის პარლამენტარებს, ჩინეთის სუვერენიტეტის "შელახვისთვის" სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutcshe Welle ავრცელებს. ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ევროკავშირის 10 მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ქვეყნის შიდა საქმეებში "უხეში ჩარევისთვის" და "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის". სანქციები დაუწესდება აგრეთვე 4 ორგანიზაციას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესებას "ტყუილისა და ყალბი ინფორმაციის ბოროტად გავრცელებისთვის" მხარს დაუჭერს. ჩინეთის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ჩინეთში შესვლა. მათთან დაკავშირებულ კომპანიებსა და დაწესებულებებს კი ასევე ეკრძალებათ ჩინეთთან ურთიერთობა. სანქცირებულ პირთა სიაში არიან ევროკავშირის პარლამენტის 5 წევრი:რაინხარდ ბუტიკოფერი, მიხაელ გალერი, რაფაელ გლუქსმანი, ილჰან კუჩიუკი და მირიამ ლექსმანი, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები და აშშ – ში მცხოვრები გერმანელი მეცნიერი, ადრიან ცენცი, რომელიც უმცირესობების მიმართ ძალადობის ფაქტები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ჩინეთს სანქციები დღეს დაუწესა
ამირან გამყრელიძე 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე: ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას
"როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია, ვინმე სხვა განიცდიდეს. ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ყოველთვის ნებაყოფლობითად დარჩება. "ვაქცინაცია უნდა იყოს დღეს ზესახელმწიფოებრივი საკითხი იმიტომ, რომ ვაქცინაციაზე გადის მსოფლიოში პანდემიის და ქვეყანაში ეპიდემიის დამარცხება. ვაქცინაციის გარეშე ვერ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს, დიდხანს დაგვჭირდება პირბადის ტარება და სხვა შეზღუდვები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გიორგი გახარია: ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა
"ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Twitter-ზე წერს. "დღეს მეგანვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება", - წერს გიორგი გახარია.
ევროკავშირმა ჩინეთს სანქციები დაუწესა
30 წლის შემდეგ, ევროკავშირმა ჩინეთს, სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირმა ჩინეთს სანქციები უკანასკნელად 1989 წელს, ტიანანმენის მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტის გამო დაუწესა. მაშინ ევროპამ პეკინისთვის იარაღის მიწოდება აკრძალა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად სანქციები დაუწესეს სინძიანგის მაღალი რანგის ოთხ პირს და ერთ ორგანიზაციას. ევროკავშირთან კოორდინაციით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და კანადამ. ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დასავლური ქვეყნებს მიერ პეკინის წინააღმდეგ ერთობლივად კოორდინირებული პირველი ქმედებაა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება, რათა გააგრძელოს შუამავლობა ყველა მონაწილე მხარესთან", - წერს შარლ მიშელი.
პრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სოფელ ხურვალეთში გარდაცვლილი დათა ვანიშვილი “სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე განიხილეს. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დათა ვანიშვილი ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 01:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში“, -წერს საბანაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახაბერ საბანაძისგან იღებდა, მათ შორის სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა.
სახალხო დამცველი აშშ-ის ელჩს შეხვდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი აპარატის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს. სახალხო დამცველმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელსაც აპარატი ბოლო თვეების განმავლობაში აწყდება და რაც შესაძლოა, ხელს უშლიდეს, ან აბრკოლებდეს სახალხო დამცველის მანდატის სრულყოფილად განხორციელებას. მათ შორის, ნახევრად ღია ტიპის ციხეებში ვიზიტებთან დაკავშირებით. „ელჩის ვიზიტი კიდევ ერთი დადასატურებაა იმ ფაქტის, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მუდმივად უცხადებს მხარდაჭერას სახალხო დამცველის აპარატს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. „ძალიან ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა. სახალხო დამცველის აპარატი ძლიერი დემოკრატიის არსებით ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს იცავს. ძალიან შევშფოთდი, როდესაც შევიტყვე სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ. სიძულვილის ენა მომწამვლელია, განსაკუთრებით ისეთი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოებისათვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. სახალხო დამცველის აპარატი დიდ როლს ასრულებს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულების მიმართულებითაც. ეს ის არის, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება - მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა და ნაკლები სიძულვილის ენა და თავდასხმები“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა შეხვედრის შემდეგ.
კელი დეგნანი: სახალხო დამცველის აპარატი ძლიერი დემოკრატიის არსებით ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს იცავს
"სახალხო დამცველის აპარატი ძლიერი დემოკრატიის არსებით ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს იცავს", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახალხო დამცველთან ნინო კომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა. სახალხო დამცველის აპარატი ძლიერი დემოკრატიის არსებით ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს იცავს. ძალიან შევშფოთდი, როდესაც შევიტყვე სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ. სიძულვილის ენა მომწამვლელია, განსაკუთრებით ისეთი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოებისათვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. სახალხო დამცველის აპარატი დიდ როლს ასრულებს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულების მიმართულებითაც. ეს ის არის, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება - მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა და ნაკლები სიძულვილის ენა და თავდასხმები“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა შეხვედრის შემდეგ. სახალხო დამცველი აშშ-ის ელჩს შეხვდა.
დღეს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება
აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე დღეს მოსმენა გაიმართება. ინფორმაცია აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში - ამ საკითხზე მოსმენა სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართება. ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინია. სხდომას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.
ბულგარეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ ორ რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება დაევალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, Euronews-ი ავრცელებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირად ნონ გრატად გამოაცხადა ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ორი რუსი დიპლომატი და მათ ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი მისცა. ოფიციალური წერილი უკვე გადაეცა რუსეთის საელჩოს უფროსის მოადგილეს. "საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო წერილი ბულგარეთის პროკურატურისგან, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა დიპლომატმა ქვეყანაში ისეთი საქმიანობა განახორციელა, რომელიც დიპლომატიური შეუსაბამოა ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან", - ნათქვამია განცხადებაში. გასული კვირის ბოლოს ბულგარეთმა განაცხადა, რომ დააკავა და ბრალი წაუყენა ექვს ადამიანს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში. გენერალური პროკურორის პრესსპიკერმა სიიკა მილევამ, 19 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საიდუმლო ინფორმაციის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის გამო, ბულგარეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე მოქმედი და პენსიაზე მყოფი წევრი დააკავეს" . რუსეთის საელჩომ სოფიაში დიპლომატთა გაძევების გადაწყვეტილებას უწოდა ბულგარეთის ხელისუფლების მორიგი „უსაფუძვლო დემარში“, რომელიც ხელს არ შეუწყობს „ბულგარეთ-რუსეთს შორის კონსტრუქციული დიალოგის შემდგომ განვითარებას“.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 528 ადამიანს დაუდასტურდა. 299 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 296 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 607 PCR ტესტით. ვირუსის გავრცელებიდან დრემდე, ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 278 178 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 270 668, გარდაიცვალა 3 714 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.61 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%. ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: 265 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 42, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 20, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. მიმდინარე აქტიური შემთხვევა - 3 770, საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 728, აჭარაში - 155, იმერეთში - 276. მძიმე პაციენტია - 299, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში - 24, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 80, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 12. 179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 124 ინფიციებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 15. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 794 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 211 პირი, აჭარაში - 636, იმერეთში - 935.
მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი: ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა. ასეთ ომში ყოფნა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები
მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვაქცინაცია ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელიც საზოგადოების ნორმალურ ყოფას აღადგენს. ამის შესახებ მიტროპოლიტი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ არ მიიღონ პრევენციული ზომები, ადამიანთა ავადმყოფობაზე და გარდაცვალებაზე პასუხისმგებლები არიან. "პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე", - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი.
პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, სადაც კახაბერ საბანაძე ფიგურირებს, გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელიც საჯარო გავრცელდა და რომლებშიც შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძე ფიგურირებს გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება 22 მარტს დაიწყეს. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა ცნობისთვის, კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახაბერ საბანაძისგან იღებდა, მათ შორის სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა.