ძებნის რეზულტატი:

კელი დეგნანი: მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი

"მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა, არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით. "მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად, როგორც ამას საქართველოში ვხედავთ და ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი. არც ერთ პარტიას არ მიუღია უმრავლესობა გასული ოქტომბრის არჩევნებში და მარტივი ფაქტია, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს და ვერ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტერესებს კომპრომისზე წასვლის სურვილის გარეშე", – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: აშშ-ის სურვილია, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია

"ჩვენი სურვილია, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკურად, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ განვითარებული ეკონომიკით, თქვენ ამას იმსახურებთ", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. "ჩვენ ველოდებით, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი მიშელი. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერის უდიდესი გამოვლინებაა, როდესაც პრეზიდენტ მიშელის დონის ფიგურა დროს და ძალისხმევას არ იშურებს, თანამშრომლობს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აკეთებს მკაფიო გზავნილებს კომპრომისის საჭიროებაზე, შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე. მან გადაწყვიტა რომ ელჩი დანიელსონი დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს მხარეებთან მოლაპარაკების პროცესი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება. აშშ გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩვენი სურვილია, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკურად, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ განვითარებული ეკონომიკით. თქვენ ამას იმსახურებთ. აშშ, თქვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორი, ამისათვის გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია", – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

2021 წლის 24 მარტს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეო-მიმართვის საშუალებით წარადგინა. უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში მან ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა ორივე რეგიონში შესვლის საშუალება, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავ ხელს უშლის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის შესაბამისი ანგარიშები, რომლებშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების ის უხეში დარღვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა განიცდის ორივე რეგიონში, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ განხორციელებული მრავალი ფორმის დისკრიმინაცია. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხართების გავლებისა და ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის სავალალო შედეგებზე, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს, და აღნიშნა, რომ 2019 წლიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ გამოიწვია მრავალი ადამიანის სიკვდილი. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანგარიშში ასევე მართებულად არის ხაზგასმული, რომ 2014-2019 წლებში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას, რამაც შეიძლება შემდგომი ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვიოს. თავის გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გაგრძელება კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია, თუ როგორ მანიპულირებს ადამიანების ბედით საოკუპაციო რეჟიმი. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებს საკუთარი, შორს მიმავალი მიზნებისთვის, რათა საქართველოს მთავრობაზე განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და მოახდინოს ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის და ჩეხეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 24 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან. "რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით. ამასთან, რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს. რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიერ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ გლობალური მოწოდების მიუხედავად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მზარდი დარღვევებისა და ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვის გამო. რეზოლუცია ასევე საუბრობს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რასაც ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვები იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, განსაკუთრებით - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სამედიცინო ევაკუაციაზე უარისთქმა, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა. ყოველივე აღნიშნული, კოვიდ-19 პანდემიასთან ერთად, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტრულ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას. რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების მკვლელობების ფაქტებზე ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო, რაც ხელს უწყობს ადგილზე დაუსჯელობის წახალისებას. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მ/წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი. ამასთანავე, რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. დოკუმენტში გამოთქმულია აგრეთვე შეშფოთება, რომ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფის შესახებ მოწოდება. ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს წარუდგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეგზიტპოლის მიხედვით,  ნეთანიაჰუს პარტია ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს

ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, „ლიკუდი“ 31 მანდატს იღებს, ლიბერალური „იეშ ატიდი“ კი 18-ს. საერთო ჯამში მემარჯვენე და რელიგიური პარტიების ბლოკი 52-53 მანდატს დააგროვებს. ნეთანიაჰუს ოპოზიცია დაახლოებით 60 მანდატს აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუ მთავრობის ჩამოყალიბებას პარტია „იამინას“ მხარდაჭერის შემთხვევაშიც ვერ შეძლებს. ეგზიტპოლების მიხედვით, „იამინა“, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობს, პარლამენტში 7 მანდატს მიიღებს, თუმცა პარტიის ლიდერს, ჯერ არ უთქვამს, რომელ ბანაკს დაუჭერს ის მხარს. ისრაელში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რიგით მე-4 საპარლამენტო არჩევნები ტარდება პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც 12 წლის განმავლობაშია მთავრობის მეთაური, ხელისუფლებაში დარჩენისთვის იბრძვის.

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია

საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 500 დოზა შემოვიდა. ტვირთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვაქცინას დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანენ, საიდანაც, შესაბამისი ტრანსპორტით გადანაწილდება კლინიკებში. „როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში უფრო მაღალი ნდობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვაქცინას აქვს თანაბარი გართულებები. ამას არ უნდა შევუშინდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმები, რომელთაც არაერთი ტრეინინგი გაიარეს, ამ პროცესებს თავს გაართმევენ“ - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, საქართვლოში Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

თბილისში ძიუდოს საერთაშორისო გრან სლემზე, გულშემატკივარი აღარ დაიშვება

თბილისში ძიუდოს საერთაშორისო გრან სლემზე, გულშემატკივარი აღარ დაიშვება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. „მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივარს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, თბილისის გრან სლემი 26-28 მარტს გაიმართება, სადაც 81 ქვეყნის 496 ძიუდოისტი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე შედეგი შემადგენლობით გამოვა: 60-კგ-მდე: თემურ ნოზაძე შაქრო შათირიშვილი ლაშა ჩადუნელი 66-კგ-მდე: ვაჟა მარგველაშვილი ბაგრატ ნინიაშვილი ბექა წიფიანი 73-კგ-მდე: ლაშა შავდათუაშვილი ფრიდონ გიგანი თორნიკე გვიჩიანი ალეკო მამიაშვილი 81-კგ-მდე: ტატო გრიგალაშვილი გიორგი შერაზადიშვილი გიგა გიგაური დიმიტრი გოჩილაიძე 90-კგ-მდე: ავთანდილ ჭრიკიშვილი გიორგი ქურდიანი გიორგი პაპუნაშვილი იმედა გოგოლაძე 100-კგ-მდე: ონისე სანებლიძე ილია სულამანიძე გიორგი ჩიქოვანი ნიაზ დიასამიძე +100-კგ: გელა ზაალიშვილი საბა ინანეიშვილი ონისე ბუღაძე ქალები: 52-კგ-მდე: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი მარიამ ჯანაშვილი მზია ბებოშვილი 57-კგ-მდე: ეთერ ლიპარტელიანი 63-კგ-მდე ინდირა სილაგაძე 70-კგ-მდე: მარიამ ჭანტურია +78-კგ: სოფიო სომხიშვილი

ენტონი ბლინკენი, ჟოზეფ ბორელი: აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას კოორდინირებულად გაუმკლავდნენ

"აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. „მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა აღნიშნეს, რომ მათ გადაწყვიტეს, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას, ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, მავნე კიბერაქტივობა და სამხედრო მდგომარეობა. ამავდროულად, ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი მზად არაინ, ითანამშრომლონ რუსეთთან იმ საკითხებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს და მოუწოდონ რუსეთს, შეეშვას კონფრონტაციულ მიდგომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ასევე გადაწყვიტეს, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობად.

დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი

23 მარტს, ქ. დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2021 გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის - გურიელი, ნათსჯი, ჩიკორი, გეო ნატურალი, აგრითაჩი, ელექსირ საქართველო, ნუგბარი, რუხი 2, მაგრიტო, კამპა, მანნა, ბორჯომი, კულა, Georgia’ Natural და Kind&Noble - პროდუქციაა წარმოდგენილი. "პანდემიით შექმნილი ვითარების და დაწესებული შეზღუდვების გამო, ქ. დოჰაში, გამოფენაზე Agriteq 2021 ქართულ კომპანიებს კატარში საქართველოს საელჩო წარმოადგენს. Agriteq სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 42 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 208 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარში და, ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. Agriteq 2021 27 მარტს დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში 399 ადამიანს დაუდასტურდა, 356 გამოჯანმრთელდა, 10 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 093 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 545 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი - 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%. ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან 230 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 22, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 991, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 168, იმერეთში - 276. მძიმე პაციენტი: 302, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 27, იმერეთში - 68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 86 , მათგან თბილისში - 60, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 149 - თბილისში, 36 - აჭარაში. 2 281 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 91. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 829 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 784 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 229 პირი, აჭარაში - 736, იმერეთში - 891.

კახეთში 40 წლამდე კაცი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს. ადგილობრივების პირველადი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს იმ ავტომობილს, რომლითაც 40 წლამდე მამაკაცი გადაადგილდებოდა. სროლისას დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მუშაობენ ექსპერტ-რიმინალისტები.

ცნობილია, სად და როგორ გადანაწილდება Pfizer-ის ვაქცინა

"მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში", - ამის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინის დოზების ის რაოდენობა შემოვიდა, რომელსაც ელოდნენ. "დიდხანს ველოდეთ "ფაიზერის" ვაქცინას და როგორც იქნა ის არის საქართველოშია. დოზის ის რაოდენობა შემოვიდა, რომელსაც ველოდით - 29 500. ეს დოზა გამოყენებული იქნება 14 000 პირისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ "ფაიზერის" ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრულია, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, მეორე დოზა 3-4 კვირაში უნდა გაკეთდეს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 კლინიკა ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ანტელის კლინიკა. ბათუმში - რესპუბლიკური კლინიკა, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის "ევექსის" კლინიკა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში წუხელ, გვიან ღამით ჩამოვიდა.

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება

"ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვხელმძრვანელობთ", ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ამ პროცესის მართვა ასე გაგრძელდება. ჩემი პირადი სტრატეგია არის შემდეგი, რეგიონულ დონეზე გავეცნობი ვაქცინაციის მიმდინარეობას იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის უკეთ წარმართვისთვის. ხვალ დაგეგმილი მაქვს ვიზიტი გურიაში და აჭარაში და ეს ვიზიტები გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა

"საქართველოში 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვეროპლთა ხსოვნის დღედ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიამა მტავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ადრეც აღნიშნავდა ამ თარიღს, თუმცა ახლა ამან ოფიციალური სტატუსი მიიღო. "მთავრობის სხდომაზე ჰოლოკოსტის დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.. საქართველოში 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვეროპლთა ხსოვნის დღედ და ვფიქრობ, რომ საქართველოსა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობების და ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გათვალისწინებით ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ზალკანიანმა.

დავით ზალკალიანი: არ გვაქვს ფუფუნება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ, ეს პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

"გამოწვევების ფონზე არ გვაქვს ფუფუნება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ, ეს პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ არის რჩევა ჩვენთვის, როგორც მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის. იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, როდესაც გვაქვს უსაფრთხოებასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გამოწვევები, როდესაც გვაქვს ახალ გეოპოლიტიკურ გარემოებასთან დაკავშირებული გამოწვევა, როდესაც უკვე თვალსაჩინოა რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდა რეგიონში, როდესაც ხელისუფლება, მთელი საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, ბუნებრივია, არ გვაქვს ფუფუნება ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ. ეს პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Pfizer-ით ვაქცინაცია 30 მარტს დაიწყება

Pfizer-ის ვაქცინით აცრა საქართველოში 30 მარტს დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მან Pfizer-ით ვაქცინაციის დეტალებზე ისაუბრა. „დღეს საღამოდან Pfizer-ის ვაქცინა აისახება დაჯავშნის პორტალზე. ამდენად, მოქალაქეს ექნება საშუალება გააკეთოს არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ Pfizer-ის ეფექტურობა, ისევე როგორც AstraZeneca-ს ეფექტურობა ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ასევე რთული და ლეტალური შემთხვევების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ

"ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ, აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. "პირბადის მაჩვენებლის შემცირება ამ ეპიდემიის ყველაზე მთავარი მკვებავია. ჩვენ დავაკვირდით და ვიცით, რომ მობილობა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია. სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ დაწესებული წესები, რაც საკმაოდ ეფექტურია, აუცილებლად დავიცვათ. წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარისკო. ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ, აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობილია, როდის შემოვა საქართველოში ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა

"Sinopharm-ის ქვეყანაში შემოტანა უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი. ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი წარმატებით იყენებენ, მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. "ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც AstraZeneca-სა და Pfizer-ის დამატებითი დოზების მობილიზებაზე, ასევე Sinovac-ისა და Sinopharm-ის დოზებზე. ველოდებით ჯანმოს ავტორიზაციას. დღესაც არის ჩანიშნული ამასთან დაკავშირებით შეხვედრა. ეს ორი ვაქცინა ძალიან დაწინაურებულია იმისთვის, რომ ავტორიზაცია მიიღოს. ასევე COVAX-პლატფორმაზე უკვე გამოჩნდა Novavax-ი და შესაძლებელია, რომ მისი მოწოდება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყოს. რაც შეეხება Johnson & Johnson-ს, მისი მიღება COVAX-პლატფორიდან მესამე კვარტლიდან იქნება შესაძლებელი. ეს არის სურათი, რომელიც ცვენ დღეს გაქვს. Sinopharm-ის ქვეყანაში შემოტანა უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი. ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი წარმატებით იყენებენ. მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით. Sinovac-ს იყენებენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ მკაცრ მარეგულირებლებს მისთვის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ გაუციათ. კარგია, რომ ჯანმოდან გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია, მალე მათი ავტორიზაციის შესახებ“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ

"ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას თქმით, საყოველთაო რეგისტრაციის მიზანი იქნება, დადგინდეს ვაქცინის მიმღებთა დაახლოებითი რაოდენობა. „ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რამდენად იქნება Pfizer​-ის ვაქცინა ის ფაქტორი, რომელიც გამოიწვევს აქტივობის სტიმულაციას. რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციის პროცესს, ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას იმისთვის, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და ამის მიხედვით იმის მოლოდინი, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული, როდესაც ვაქცინა შემოვა. მასობრივი ვაქცინაციის ეტაპები ჩვენი გეგმის თანახმად დაგეგმილია მესამე, მეოთხე კვარტალში. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამას მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელიც მიმღებია ვაქცინების. ჩვენ ჯერ ამ რაოდენობას ვერ ვხედავთ. ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე: კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება

"კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია და ასეთად დარჩება. „ვაქცინაცია სავალდებულო არსად ყოფილა. მათ შორის არც ისრაელში. ზოგადად, ვალდებულებას ადგენს კანონი. მაგალითად, ჩვენთან სავალდებულოა, რომ მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის ისინი, ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ, ისინი B ჰეპატიტზე უნდა აიცრნენ. ასევე, გარკვეული ვალდებულებაა წითელასთან მიმართებაში, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციისკენ. ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Pfizer-ით აცრაზე რეგისტრაცია 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად Pfizer​-ის ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინებს შორის არჩევანს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციამდე აკეთებს. "AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად, Pfizer​-ის ვაქცინა გამოჩნდება 18:00 საათზე. თუ რომელი პრეპარატით უნდა აიცრას მოქალაქე, არჩევანი გაკეთდება სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის დაწყებამდე. როდესაც მოქალაქე გააკეთებს არჩევანს და აირჩევს AstraZeneca-ს და Pfizer​-ის შორის, გამოჩნდება განსხვავებული სამედიცინო დაწესებულებები, ექვსი დაწესებულება Pfizer​-ის არჩევნის შემთხვევაში და სხვა დანარჩენი დაწესებულებები რეგიონის მიხედვით AstraZeneca-ს არჩევის შემთხვევაში. არჩევანს მოქალაქე აკეთებს გარკვეული ლიმიტაციის ფარგლებში, ვიდრე ჩვენ გვეყოფა 14500 დოზა Pfizer​-ის ვაქცინა, შემდეგ პროცესი გაგრძელდება AstraZeneca-ს ვაქცინით, მაგრამ არჩევანი კეთდება მანამდე, ვიდრე მივა სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მოქალაქე რეგისტრაციას გადის ვებგვერდზე - booking.moh.gov.ge