ძებნის რეზულტატი:
ანდრია ჯაღმაიძე: ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს
"ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. ჯაღმაიძე თვლის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა. „ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ. სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ გავრცელდა პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია - აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა შეუზღუდონ თავისუფლება. მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს, თავისი განცხადებები რეიტინგული გახადოს. პატრიარქს არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს. ერთი და იგივე ხალხია სულ ყველაფრით უკმაყოფილო, მარჯვნივ წავალთ - უკმაყოფილო არიან, მარცხნივ წავალთ - მაინც უკმაყოფილო არიან“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ქვახვრელთან უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან მაშველებმა წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანეს
შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო წარმოქმნილ კუნძულთან დასაკავშირებლად მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო გზა მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე მყოფი მწყემსების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათი ნაწილის გამოყვანა გუშინვე მოხერხდა, ნაწილი კი, საკუთარი სურვილით დარჩა საქონელთან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 24 მარტს შემოვიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი. ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარისა და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი. დილიდან შესაძლებელი გახდა საბაგირო გზის მოწყობა, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს, წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანონ უსაფრთხო ადგილზე“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან უსაფრთხოების მიზნით და გრძელდება მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის მონიტორინგი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, უხვი ნალექის გამო ქვახვრელში მტკვარმა ხელოვნური კუნძული შექმნა, სადაც 6 მწყემსი ჩარჩა
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში
„რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა. "რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. იგი მხარს უჭერს ბელორუსში მიმდინარე დარბევებს და ცდილობს, ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში", - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. „რუსეთი განაგრძობს ფართომასშტაბიან სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. NATO-ს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. მისი მცდელობები, არჩევნებზე მოეხდინა გავლენა, კიბერშეტევები და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსის პასუხი მტკიცე და თანმიმდევრულია. „რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უნდა თავდაცვის პოლიტიკის განხილვა და ადაპტირება უნდა განვაგრძოთ. როდესაც საქმე ეხება, მათ შორის რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
25 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს 25 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყრდემ, მეუფე შიომ აღავლინა. ამბიონიდან ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. საზეიმო ლიტურგიას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩი ლთალაკვაძე და უმრავლესობის წევრები. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მაშინ დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო. თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.
ამირან გამყრელიძე: ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, გართულებები ჰქონდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე Pfizer-ით ვაქცინაციისას, პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი. "Pfizer-ს დაემატა კიდევ ერთი კითხვა. მას ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი გართულებები, ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არაანაფილაქსიური გართულებები. იმ ადამიანებს, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც შემდეგ საჭიროებს მკურნალობას. ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან", - განაცხადა გამყრელიძემ
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პატრიარქი ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც 40 წელზე მეტია, ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება სამშობლოს
ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, საუკუნეების განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდნენ ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. პრემიერის თქმით, ქართული ეკლესიის ასეთი გამორჩეული წარმომადგენელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი „გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. 104 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს, ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. დღეს აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს - ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ იმ დროს ეს მოვლენა გახდა ერთგვარი გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ცხოვრებაში. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი, ყოველთვის ვადიდებდით და ვადიდებთ უფალს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, ყოველთვის თავდადებით ემსახურებოდნენ ჩვენს ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. ყოველთვის, როცა ჩვენს ერს და ჩვენს ქვეყანას ედგა მძიმე დრო, ისინი ყოველთვის მტკიცედ გამოხატავდნენ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. ასეთი გამორჩეული წარმომადგენელი ჩვენი ქართული ეკლესიისა გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, სწორედ, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს. აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ისე ჩვენი ერის სულიერ სიმტკიცეს. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენი პატრიარქის მიმართ, მას მივულოცო დღევანდელი დღე, სრულიად სინოდს, ქართულ ეკლესიას, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს ჩვენი ქვეყნისა და ვუსურვო მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდ ხანს სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
ირაკლი ღარიბაშვილი: სენატში გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი
"სენატში გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. "მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯონ კენს სამართლიანი შეფასებებისთვის, ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებებით ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა. დასრულდა ერთგვარი აბსურდული ბრალდებები და ცილისწამებები, ნებისმიერ თემაზე, რომლიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მზად ვართ, რომ მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა. ასევე მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა, ყველა ისე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც იყო აღნიშნული აშშ-ის სენატის მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აშშ-ის საელჩო: ვაქცინები საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად
"ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად", - ამის შესახებ საქართველში აშშ-ის საელჩო აცხადებს. როგორც საელჩოში აცხადებენ, სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. "ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ COVAX-ისა ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ორი არჩევანი დარჩა. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში ან თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არ გაემიჯნებიან, მარგინალიზაციის გზით მოუწევთ სიარული. „მინდა, გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიცის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ დღეს ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს, ასე ვთქვათ, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე, თუ გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას და განაცხადა, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან. ,,რაც შეეხება ორი თვით ადრე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას 2 თვით ადრე აანონსებს. ეს რაზე მიუთითებს, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია. მე ვგულისხმობ სააკაშვილსა და მის რადიკალურ ქმედებებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: აჭარა ტურისტების მისაღებად მზად არის
"აჭარა ტურისტების მისაღებად მზად არის", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ღარობაშვილმა აღნიშნა, რომ განახლებულ აეროპორტში პირდაპირი ავიარეისები ისრაელიდან და თურქეთიდან უკვე სრულდება. „დღეს ბათუმის განახლებული აეროპორტი გავხსენით. მოგეხსენებათ, რომ TAV Georgia-მ 17 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად. ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ასეთი ინვესტიციის განხორციელება, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში დაასრულა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები. ასე რომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აღნიშნულ კომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბილ გეიტსი: Covid19 -ის ვაქცინების მეშვეობით, 2022 წლის ბოლოს ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ
ბიზნესმენისა და Microsoft Windows-ის შემქმნელის ბილ გეიტსის განცხადებით, მსოფლიო Covid19-ს საწინააღმდეგო ვაქცინების მეშვეობით ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პანდემიასთან დაკავშირებით გეიტსი ამბობს, რომ ,,ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა". ,,2022 წლის ბოლოს ჩვენ ძირითადად ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ”, - თქვა გეითსმა. მილიარდერმა გეითსმა, რომელიც Microsoft Corp– ის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2014 წელს გადადგა, თავისი ფონდის მეშვეობით მინიმუმ 1,75 მილიარდი დოლარი გამოყო Covid-19 პანდემიის გლობალური რეაგირებისთვის.
ნათია თურნავა: წითელი ხაზია იმ არჩევნების გადახაზვა, რომელის შედეგებიც ოპოზიციას არ მოსწონს, მაგრამ მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც თავისუფალი და კონკურენტული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მმართველ გუნდს დიალოგზე უარი არასოდეს უთქვამს, თუმცა წითელი ხაზია იმ არჩევნების გადახაზვა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც წარმატებული და დემოკრატიული. „ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა იყოს შედეგიანი და არ უნდა იყოს პრინციპების ხარჯზე. მაგალითად, წითელი ხაზი არის ის, რომ არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ, ეუთო/ოდირმა, ჩვენმა მეგობრებმა აშშ-ში, ევროკავშირში ცნეს, როგორც ცალსახად წარმატებული, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული, გადავხაზოთ, რადგან შედეგები არ მოსწონთ ოპოზიციურ პარტიებს და ხელახლა ვატაროთ არჩევნები, რაც არის სასაცილოა“, – განაცხადა თურნავამ. თურნავა ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის იერ მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის ორი თვით ადრე დაანონსება მიუთითებს იმას, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, რაღაც უჭირთ მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი სწორი საქციელი პარლამენტში შესვლა იქნება. „ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი აშშ, ევროკავშირი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ უფრო პასუხისმგებლიანი იყვნენ, შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტის ფორმატში გააგრძელონ მოღვაწეობა, რაც იქნება ერთადერთი სწორი, ცივილიზებული საქციელი მათი მხრიდან. ეს მესიჯი არის ცალსახა. ამის ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე, ორი თვით ადრე აანონსებენ საპროტესტო აქციას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ასეთი პრაქტიკა მე საერთოდ არ მახსენდება სადმე იყოს, რომ ორი თვით ადრე აანონსებდნენ. როგორც ჩანს, რაღაც უჭირთ, პრობლემები აქვთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა
ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა საჯაროდ გაიკეთა. ვაქცინაციის გაკეთების ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "მეორე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია.მოდით ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ!", - წერს ყოფილი პრეზიდენტი. დალია გრიბაუსკაიტემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 4 მარტს გაიკეთა.
ენტონი ბლინკენი: NATO-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება გამოწვევების დასაძლევად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებს შორის თანამშრომლობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს უახლესი ისტორიის განმავლობაში. მისივე თქმით, NATO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება გამოწვევების დასაძლევად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი არაერთ ევროპელ მაღალჩინოსან შეხვდა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ექსპრეზიდენტ ტრამპის გამო. სახელმწიფ მდივანმა განაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტისას ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან ევროპელი მოკავშირეები დაინტერესებულები იყვნენ შტატების პოზიციით ალიანსისა და მოკავშირებით პარტნიორობის აღორძინების საკითხებით. მან დიპლომატებს განუცხადა, რომ მას სურდა ურთიერთობების გამოსწორება და ,,მოდერნიზება", რათა ფოკუსირებულიყო ახალ გამოწვევებზე, რომლებიც შეეხებოდა ჩინეთს, COVID19-ს, კლიმატის ცვლილებას, რუსეთს. ,,ეს არის შესანიშნავი დრო როგორც არასდროს, რომ ვიპოვოთ გზა ერთობლივი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ", - განაცხად ბლინკენმა. ბლინკენმა მოიპოვა ევროკავშირის მხარდაჭერა აშშ-ს გეგმისთვის, ჩინეთის ძალაუფლებასთან ერთად დაუპირისპირდნენ ოფიციალური დიალოგის საშუალებით, რომლის თავიდან აცილებასაც ოფიციალური პეკინი იმედოვნებდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ევროკავშირის ლიდერებს 2009 წლის შემდეგ, პირველად სიტყვთ მიმართავს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ძირითად საკითხებად რჩება, თურქეთის მიერ რუსული რაკეტების შეძენა, ,,ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ს მშენებლობა
თამარ გაბუნია: პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ
"კოსმეტიკური და პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. "Pfizer-ის შემთხვევაში, არის გარკვეული მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ფილერის შემთხვევაში, სიფრთხილით მოვეკიდოთ და ამაზე არის აქცენტი გაკეთებული. ასე, რომ კოსმეტიკური და პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა, კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ, ვიდრე ვაქცინის არჩევის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბრიტანეთის ელჩი: ვაქცინაცია არის საუკეთესო ნაბიჯი თქვენი, თქვენი ოჯახების და საზოგადოების დასაცავად
"მოვუწოდებ ყველას, გაიკეთონ ვაქცინა, როდესაც მათი რიგი მოვა", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე წერს. "კარგი შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან. მივულოცე, რომ თავადაც გაიკეთა კოვიდის ვაქცინა. მოვუწოდებ ყველას გაიკეთონ ვაქცინა როდესაც მათი რიგი მოვა - ეს არის საუკეთესო ნაბიჯი თქვენი, თქვენი ოჯახების და საზოგადოების დასაცავად", - წერს ბრიტანელი დიპლომატი.
ამერიკის ელჩი ISFED-ის ხელმძღვანელს ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულების საჭიროებაზე ესაუბრა
ამერიკის ელჩი ISFED-ის ხელმძღვანელს ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულების საჭიროებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. "აშშ-ის მიერ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის ფარგლებში ელჩი კელი დეგნანი ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძეს შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით ოდირის მრავალწლიანი რეკომენდაციების შესრულების საჭიროებაზე ესაუბრა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ბიძინა კულუმბეგოვი: ვისაც ფილერი აქვს არ შეეშინდეთ, თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციისას ფილერთან დაკავშირებული რეაქცია უკიდურესად იშვიათია, მისი განვითარების შემთხვევაში კი სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება. ,,ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია და პასუხი იმუნიტეტის გრიპის ვაქცინაციის დროს წლების წინაა აღმოჩენილი. ეს ახალი არ არის. თუმცა Pfizer-ს მიმართებით აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შემჩნეული იქნა. თუმცა დღეს არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინაციის საწინაარმდეგო ჩვენება. თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაცაა მოწოდებული. რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ეს უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, თავი არ შეიკავონ ამის გამო ვაქცინაციისგან”, - განაცხადა კულუმბეგოვმა. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.
დავით ზალკალიანი: საბანაძესთან დაპირისპირება არ გვქონია
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილ ხელმძღვანელთან არსებულ შესაძლო უთანხმოებას უარყოფს. ამის დასადასტურებლად ზალკალიანმა ნატალი საბანაძის განცხადება წაიკითხა, სადაც ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება იყო პირადი პოზიციის დაფიქსირება და მისი პოლიტიზირება უადგილოა. „ჩემი გადაწყვეტილება იყო პირადი პოზიციის დაფიქსირება, მისი ზედმეტად პოლიტიზირება უადგილოა. ამ სტატიაში საუბარია პოლიტიკურ ლიდერებზე, მთელ პოლიტიკურ კლასზე, რომელიც პროევროპული ორიენტაციისა, მაგრამ მოლოდინია, რომ იქნება ევროპული თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში“, - ეს ტექსტი ზალკალიანმა წაიკითხა. შეგახსენებთ, რომ ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა
მეწყერული ზონის გამოვლენის გამო, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. "თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.