ძებნის რეზულტატი:

რიში და შაჰინი: პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება საქართველოში დაძაბულობას შეამცირებდა

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება საქართველოში დაძაბულობას შეამცირებდა. ამის შესახებ მათ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრეს. ჟურნალისტმა მათ ჰკითხა: როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, [ნიკა მელია] დააკავეს, თქვენ საქართველოს მთავრობას ამ ნაბიჯის წინააღმდეგ მოუწოდებდით. რამდენად ფიქრობთ, რომ დაკავებულების გათავისუფლება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოლაპარაკებებს პროდუქტიულს გახდიდა და მისთვის სივრცეს შექმნიდა? "ეს ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას", - უპასუხა სენატორმა შაჰინმა. "ვეთანხმები ამას, ეს ამ პოლიტიკური დაკავებების შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო ნაბიჯი. დემოკრატიაში ასე არ ხდება. თავისუფალი ხალხი, ან დემოკრატიაში მცხოვრები ხალხი, მთავრობისგან ამას არ მოელის. მე არ დავიწყებ იმის ქადაგებას, როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა, ვფიქრობ გათავისუფლება კარგი იქნებოდა და პრობლემის წყაროთა ნაწილს განმუხტავდა", - უპასუხა სენატორმა რიშმა.

თეა წულუკიანი: სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც ახალგაზრდებს უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს

"ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, აქ გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა. "ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ხელს უწყობს და აქ გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს. ეს ფილმები აძლევს სწორ ინფორმაციას, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. ამ ახალგაზრდა თაობებში, კიდევ უფრო ყურადღებამისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე, მეოთხე თაობაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლიური ადგილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხია და ჩემი აზრით, ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სენატორი რიში სანქციების ფორმებზე: ჯერ დახმარების პირობითობაა, შემდეგ შეწყვეტა

"პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს", - ამის შესახებ სენატორმა, ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. სენატორის თქმით, თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება. ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენ წარსულში მოუწოდებდით ქართველ კოლეგებს, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს თუ დემოკრატიის სხვა პრობლემების გადაჭრისკენ. თუმცა, ზოგს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ამისთვის საქართველოში ყური არ უთხოვიათ, რადგან არ გვინახავს პროგრესი ამ საკითხებზე. რა ინსტრუმენტები გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი საქართველოში გაითვალისწინონ? "პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს. როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება", - აცხადებს სენატორი.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 673 ადამიანს დაუდასტურდა, 298 გამოჯანმრთელდა, 8 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 30 751 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 361, PCR ტესტით - 7 390. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.60 %. ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან 330 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 56, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 57, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26. 30 მარტის დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 281 145 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 272 899 პაციენტი, გარდაიცვალა 3 773 ადამიანი.

აფხაზ გოგოს, რომელმაც Tik-Tok-ის ვიდეოში თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველოა", ბოდიში მოახდევინეს

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო TikTok-ზე ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს ამოწმებს, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 27 მარტს სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე და მასში ასახული ყველა პირის მიმართ დაიწყო. ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ პრესამსახურის განცხადებით, „უწყებაში“ „აღშფოთებული მოქალაქეებისგან უამრავი საჩივარი შევიდა“, რის შემდეგაც ისინი გოგოსა და მის მშობლებს გაესაუბრნენ. დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ალიონა ტანიამ მათ „პირველადი განმარტებები მისცა". გარდა ამის, ისინი აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც 19 წლის გოგო ბოდიშს იხდის. „მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ“, - აცხადებს გოგო ვიდეოში. ვიდეო მისი TitTok-ის ანგარიშიდან უკვე წაშლილია. გოგოს საქციელი დაგმო მისმა მამამაც. "ეს უსამართლობაა. მე ომი გამოვიარე". მამას ჰკითხეს, როგორ მისცა გოგომ თავს ამის უფლება, რაზეც კაცმა უპასუხა: "მე არ ვიცოდი და ვერც ვიფიქრებდი, რომ ის ასეთ რამეზე წავიდოდა".

ეკატერინე ტიკარაძე: კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ველოდებით

"კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ველოდებით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "კვირის ბოლოს ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებითი ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, 100 ათასი დოზა იქნება ჩამოტანილი ჩინეთიდან.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკტარეინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრი სამედიცინო პერსონალისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინების დოზა შეზღუდული არ იქნება. „ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი ვაქცინაციას შეძლებენ. მათთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება, რადგან ვთვლით, რომ ყველა პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან, მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს. დამატებითი სქემა, რაზეც შევთანხმდით, იგივე იქნება, რაც დანარჩენი მოქალაქეებისთვისაა. ისინი უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავენ და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის და სურვილის დაფიქსირების შემთხევვაში გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ ვაქცინაციას. ვიცით, დაახლოებით რა რაოდენობის სამედიცინო პერსონალია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყოფება. შესაბამისად, ჩვენ, რა თქა უნდა, მათთვის საჭირო დოზა გვაქვს გამოყოფილი - დაახლოებით 500 დოზამდე. პენსიონერებთან დაკავშირებითაც ხედვა მეტად მკაფიოა, რადგან ისინი საპენსიო შეღავათებით სარგებლობენ და მათთან მიმართებით საბჭოს აქვს ხედვა, რა დოზების მარაგი იქნება საჭირო, თუმცა ვინაიდან მათი რეგისტრაციის ვალდებულება ამ პროცედურაში ჩადებული არ არის, დოზებს არ შევზღუდავთ. ამასთან, ისინი ვაქცინაციის არჩევაში შეზღუდულები არ იქნებიან“,- განაცხადა ტიკარაძემ.

შაჰინი: იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი გააანალიზებს, რომ პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ

„საქართველოში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას; გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი, - ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს. როგორც ჯინ შაჰინი ამბობს, საქართველოში დღეს ყველაფერი რომ მწყობრში იყოს, შეთანხმება უნდა მოხდეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" დათმობაზე წავა, "ნაციონალური მოძრაობა" კი პარლამენში შევა. „მე და სენატორი რიში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები ვართ. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ. შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას. როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს „ქართული ოცნება" ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, „ენმ", გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარაკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში.​ კიდევ ერთხელ, პარტიების გადასაწყვეტია თუ რა იქნება მათთვის მისაღები. თუმცა ერთი რამ, რაც ჩემი გუბერნატორობის გამოცდილებიდან ვიცი ისაა, რომ როცა მართავ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერი მწყობრში იყოს. და იმის ნაწილი, რომ საქართველოში დღეს ყველაფერი მწყობრში იყოს, ხალხის პარლამენტში დაბრუნების და შეთანხმების მიღწევაა. მე მესმის მიზეზები, რადგან პარლამენტის ზოგიერთ წევრს ვესაუბრე მელიას დაკავებაზე, თუმცა ეს არ შეუწყობს ხელს კომპრომისის მიღწევას, რომლის მხარდაჭერაც ოპოზიციას შეეძლება. ორივე მხარემ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას და გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება

"საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდება. გამყრელიძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებლებთან და ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. „იქნება არამარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა. ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის Novavax-ის ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ამერიკული კომპანია და მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული AstraZeneca-ს, Moderna-ს, Pfizer-ის ან ჩინური ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება. Novavax-ი არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. ჩვენ გარდა Covax-ისა, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“ და ახლა მიმდინარეობს საუბარი დაახლოებთ მილიონი დოზა Novavax-ის შესყიდვაზე. გარდა ამისა, ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებსPfizer-თან, არა Covax-ის გავლით, არამედ პირდაპირ Pfizer-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით Pfizer-ისგან მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Johnson&Johnson. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 10 სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 10 სასულიერო პირს - 6 მონაზონსა და 4 მორჩილს, ზიარება აუკრძალა. ბრძანება ჭყონდიდის ეპარქიის გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ გამოცემულ ბრძანებაშია ნათქვამი, ზიარების აკრძალვის მიზეზად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობა სახელდება. ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მე-3 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შედის. ბრძანების თანახმად ზიარება ეკრძალებათ: მონაზონ ბასილს (გვილავა), მონაზონ ამბროსის (სხულუხია), მონაზონ დავითს (ხელაია), მონაზონ მარკოზს (წულაია), მონაზონ მიქაელს (ჯალაღონია), მონაზონ სოსანას (ბოლქვაძე), მორჩილ მირიან კვანტალიანს, მორჩილ ზაზა ჭოხონელიძეს, მორჩილ ჯაბა ცეცხლაძეს, მორჩილ ნინო გამყრელიძეს. ასევე მე-4 ბრძანებაში ნათქვამია მონაზონ სოსანასთვის (ბოლქვაძე) თვითნებურად მითვისებული მარტვილის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის პატივის ჩამორთმევაზე.

2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, რეგულაციების დარღვევის გამო, 6 212 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, 58 215 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, მათგან 6 212-ს საქმიანობა შეუჩერდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „2021 წლის 26-29 მარტის მონაცემებით, ბოლო სამ დღეში შრომის ინსპექციის მიერ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა 382 ობიექტის ინსპექტირება, მათ შორის 316 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა გაფრთხილება და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ასევე, შრომის ინსპექცია ჩართული იყო 28 მარტს საფეხბურთო მატჩზე ნაკადების მართვაში, რაც საკმაოდ წარმატებით განხორციელდა, მიუხედავად მისი მასშტაბისა. 10 ობიექტზე განხორციელდა შემოწმება უშუალოდ კითხვარის საშუალებით და 50 ობიექტი გადამოწმდა 21:00 საათის შემდეგ, რამდენად ასრულებდნენ ისინი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დადგინდა, რომ პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნები იყო სრულად დაცული. გარდა ამისა, მიმდინარე წლის შაბათ-კვირას, 27-28 მარტს ჩვენ განვახორციელეთ მონიტორინგი 21:00 საათის შემდგომ და სამწუხაროდ, მოგვიწია ექვსი ფიზიკური პირის დაჯარიმება სოციალური ღონისძიების, ღამის კლუბის ორგანიზებისა და მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი განმეორებითი დარღვევისთვის. უკვე ოფიციალურად მივმართეთ კრიმინალურ პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის. იცით, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებითი დარღვევა უკვე იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჩვენ ჯამში განვახორციელეთ 58 215 ობიექტის ინსპექტირება და ამ პროცესში ჩართულია ყველა ის საზედამხედველო უწყება, რომელიც ამ შემთხვევაში მონაწილეობს დადგენილების მიხედვით. ეს არის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, ფინანსური პოლიცია და ა.შ. ამ შემთხვევაში, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, 58 000-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა, საქმიანობა შეუჩერდა 6 212 ობიექტს. რეკომენდაციის აღსრულებაზე კითხვარის მეშვეობით განხორციელდა 1 000-მდე ობიექტის შემოწმება. განმეორებით ინსპექტირება განხორციელდა უკვე 16 917 ობიექტზე და დადგინდა, რომ განმეორებითმა ინსპექტირებამ გამოიღო შედეგი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

საქართველოში 2020 წელს 16 359 წყვილი დაქორწინდა 7 643 წყვილი კი განქორწინდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წელს 16 359 წყვილი დაქორწინდა. რაც შეეხება განქორწინებულთა რაოდენობას - 2020 წელს ერთმანეთს 7 643 წყვილი განქორწინდა. 2020 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა,მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებითშემცირებულია 3.7 პროცენტით. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდადა 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში(13 878 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (764 კაცი) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოჯახებისა და ბავშვებისკეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა დაიწყო , რომელიც ხორციელდებაგაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. .

დავით ზალკალიანი: ვაქცინაციის პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფ მოსახლეობას რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს

"ვაქცინაციის პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფ მოსახლეობას რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ზალკალიანის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფები შეძლებენ ვაქცინაცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიტარონ. "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid19-ის საწიინააღმედო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამიერიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფები შეძლებენ ვაქცინაცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიტარონ. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა, ვაქცინაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა კი მოსახლეობას ამ რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს და თავიდან ააცილებს ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას. მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჩართვა ყველა იმ პროგრამასა თუ პროექტში, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს თავის მოქალაქეებს", - წერს დავით ზალკალიანი.

2020 წელს საქართველოში 46 520 ბავშვი დაიბადა, წინა წელთან შედარებით 3.7 %-ით ნაკლები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა,მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებითშემცირებულია 3.7 პროცენტით. 2020 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში - 15 271ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 259 ბავშვი. დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რიგითპირველი დაბადებულის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 38.0 პროცენტი, მეორეშვილის წილი შემცირდა 36.5 პროცენტიდან 35.8 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნორიგითობის დაბადებულთა წილი 24.7 პროცენტიდან 25.8 პროცენტამდე გაიზარდა. 2020 წელს, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდეასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30 პროცენტიდან 28.4 პროცენტამდე შემცირდა,25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1 პროცენტიდან 67.2 პროცენტამდე გაიზარდა.ასევე ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 3.8 პროცენტიდან 4.4პროცენტამდე გაიზარდა.

2020 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა - 13 878, ხოლო ყველაზე ნაკლები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 764. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდეგარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.9 პრომილე შეადგინა. 2020 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე)9.3 პრომილე შეადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე - ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან

"ჩემი პოლიტიკა არის შემდეგი, მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლო ბიზნესთან, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა. "ჩემი პოლიტიკა არის შემდეგი, მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლო ბიზნესთან. ჩემი ხედვა არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მოქმედება. სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე, ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. თუმცა, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, ეს უცნობია.

თეა წულუკიანი ოსტატთა რეესტრის შექმნას აპირებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა, აღრიცხულ ხელოსნებს სახელმწიფომ სასერტიფიკატო პროგრამები შესთავაზოს. "ძალიან მალე გამოვაცხადებთ იმის თაობაზე, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან: კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა. მთელი ჩამონათვალია მათ შორის ჩემთვისაც ბევრი უცნაური სიტყვისა... ამბობენ, მჭედელი არ ყავს ქვეყანასო, მაგრამ არიან ქვის ოსტატები და სხვ. რომელთაგანაც რეესტრი უნდა შევქმნათ. სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს და ყველა ძეგლს შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონეტება კი არ მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია", - განაცხადა წულუკიანმა იმედთან.

იტალია და გერმანია პანდემიის მესამე ტალღის ფონზე ევროკავშირში მოგზაურობის წესებს ამკაცრებენ

კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის გამო, იტალიამ და გერმანიამ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესები გაამკაცრეს. Euronews-ის ინფორმაციით, იტალია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის ხუთდღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს. გამოცემის ცნობით, მოგზაურებს ასევე მოეთხოვებათ, კორონავირუსის ტესტი გაიარონ ქვეყნიდან გასვლის წინ. იტალიას უკვე ჰქონდა მსგავსი ზომები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. ამასთან, სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს გერმანიის ხელისუფლება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. მისი თქმით, შემოწმება გამკაცრდება ყველა საზღვარზე.

კახა კახიშვილი: კანონით არ არის განსაზღვრული ვინაა ჟურნალისტი – ყველაფერს სჭირდება რეგულაცია

"კანონით არ არის განსაზღვრული ვინაა ჟურნალისტი – ყველაფერს სჭირდება რეგულაცია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მედიას რეგულაციები სჭირდება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტები, რომლებიც „ყოველგვარ ზღვარს სცდება“. "ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ფაქტობრივად ქმედითი მექანიზმები პასუხის გაცემის არ არის. დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს",-თქვა კახიშვილმა სხდომაზე.