ძებნის რეზულტატი:

ბელარუსის პროკურატურა სვეტლანა ტიხანოვსკაიას ტერორიზმში ადანაშაულებს

ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციონერ ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ტერორიზმში ადანაშაულებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბელარუსის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მინსკსა და სხვა ქალაქებში აფეთქებებისა და ცეცხლის გახსნაში ტიხაკოვსკაიასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანია ეჭვმიტანილი. ოპოზიციონერი ლიდერის პრესსპიკერის განცხადებით კი აღიშნული ბრალდება არის აბსურდული. ცნობისთვის, ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მან სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო. მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ტიხანოვსკაია მეზობელ ლიეტუვაში გაიქცა და მას შემდეგ დევნილობაში იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ კი ბელარუსის ხელისუფლებამ ლიეტუვას ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.

AstraZeneca-ს ვაქცინა სახელს იცვლის, ამიერიდან მას Vaxzevria ეწოდება

შვედურ-ბრიტანულმა კომპანიამ AstraZeneca-მ თავის ვაქცინას სახელი გადაარქვა, ამიერიდან მას Vaxzevria ეწოდება. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის წამლების სააგენტომ გაავრცელა. აღნიშნული უკვე გამოქვეყნდა სამედიცინო საშუალებების ევროპული სააგენტოს საიტზეც. როგორც შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სახელწოდების შეცვლა არ ნიშნავს ვაქცინის შემადგენლობის შეცვლას, მაგრამ წარწერა და შეფუთვა შეიძლება შეიცვალოს. ვაქცინის სახელის გადარქმევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ნათია თურნავა: ვფიქრობთ, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რათა ტურისტი შემოვიდეს და გამყარდეს ვალუტა

,,ვფიქრობთ, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რათა ტურისტი შემოვიდეს და გამყარდეს ეროვნული ვალუტა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა, რაც თავის მხრივ ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს. „ერთ-ერთი ძალიან აქტუალური საკითხი ყოველთვის და დღესაც, რა თქმა უნდა, ლარის კურსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის ჩვენი ქვეყნის და მიმოსვლის გახსნა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა. ზოგადად, ამ ყველაფერს ნეგატიურ დაღს ნეგატიური მოლოდინები ასვამს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იუსტიციის მინისტრმა შშმ პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

კანონმდებლობით დაცული უფლებები, უფრო ადაპტირებული გარემო, ხელმისაწვდომი სერვისები, დაცული უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში, იუსტიციის მინისტრმა შშმ პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა იმ ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2020 წელს მიღებული კანონით ეკისრება. როგორც ცნობილია, ინოვაციური კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგ ვალდებულებებს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთან მიმართებით. "იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021 წელს იუსტიციის სამინისტრო 4 სტრატეგიული მიზნის ფარგლებში 8 ამოცანას შეასრულებს. სტრატეგიულ მიზნებს შორისაა: შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაცია;იუსტიციის სამინისტროს სისტემის სერვისებზე შშმ პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა;სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის უფრო მეტად ადაპტირება;შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. იუსტიციის სამინისტროს მიმართ განსაზღვრული სხვა ვალდებულებები კანონით დადგენილ ვადაში ეტაპობრივად შესრულდება 2035 წლის 31 დეკემბრამდე. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ივლისში მიიღო. 2017 წლიდან სამუშაო პროცესი იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობდა. 2020 წლის თებერვალში რეფორმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს. ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად, კანონით შემდეგი ძირითადი სიახლეებია გათვალისწინებული: შემოღებულ იქნა „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი და ამოქმედდა ვალდებულება, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და ახალი სერვისების შემოღებასთან ერთად, დროის 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს უკვე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ამავე დროს, მოქმედებს „გონივრული მისადაგების“ პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას. კანონს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ახალი კანონი ითვალისწინებს რეგულაციებს იმისათვის, რომ შშმ პირებისათვის სრულად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა. ამისათვის იქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ. კანონის ცხოვრებაში გატარების რეალური გარანტიების შესაქმნელად შემუშავდება ერთიანი 15-წლიანი სამთავრობო სტრატეგია. ამ სტრატეგიის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები და განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება ამავე პერიოდში საკუთარი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად. გარდა ამისა, სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. კანონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რათა გაიზარდოს საზოგადოებაში შშმ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცულობა და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო. აღნიშნული კანონი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. კანონის პირველადი პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. შშმ პირების უფლებების დასაცავად მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა გამომდინარეობს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს 2006 წლის კონვენციიდან, რომლის რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ბოლოს მოახდინა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთი კოვიდვაქცინას ცხვირის სპრეის სახით გამოუშვებს

თურქეთის მრეწველობის მინისტრის განცხადებით, თურქეთი კოვიდვაქცინას ცხვირის სპრეის სახით გამოშვებას გეგმავს. ინფორმაციას Anadoly agency ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც თურქი მეცნიერები მუშაობენ, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, რომ ტერნაზალური ვაქცინა ცხვირის სპრეის სახით გამოვა მას შემდეგ, რაც ის კლინიკურ გამოცდას გაივლის. მანამდე ვაქცინა ეროვნულმა მარეგულირებელმა უნდა დაამტკიცოს.

ავსტრალიამ ქერჩის ხიდის მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ ქერჩის ხიდის მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით რუსეთის ერთ მოქალაქესა და ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Haveeru online ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მანამდე, ანალოგიური შეზღუდვების შემოღების შესახებ კანადის მთავრობამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა განაცხადეს. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქერჩის ხიდი, რომელიც რუსეთს უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ქალაქ სევასტოპოლთან აკავშირებს, არის რუსეთის მცდელობა, გაამყაროს კონტროლი უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, „შავ სიაში“ მოხვედრილი ფიზიკური და იურიდიული პირები თავისი ქმედებების შედეგად ხელს უწყობენ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის ლეგიტიმაციისკენ მიმართულ რუსეთის მცდელობას და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების ქმედებებს უჭერენ მხარს. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავსტრალია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. „ქართული ოცნებიდან“ შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი, რომლებსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. კრისტიან დანიელსონი პარტიების წარმომადგენლებს გუშინაც შეხვდა, რათა დღევანდელი ერთობლივი შეხვედრა მოემზადებინათ. შეხვედრის შემდეგ დანილსონმა განაცხადა, რომ დღეს მაგიდაზე დადებს ტექსტს, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის, მიმართული იქნება საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაზრდისკენ. კრისტიან დანიელსონის განმარტებით, საბოლოოდ კი, მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა. დანიელსონმა ხაზი გაუსვა, რომ თუ შეთანხმება შედგება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, ხოლო მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი.

დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა 45office.com. Guardian-ის ინფორმაციით, ტრამპი ამიერიდან საკუთარ ამომრჩევლებთან ამ გზით აპირებს კომუნიკაციას. მოქალაქეებს ვებგვერდით საშუალება ექნებათ დონალდ ტრამპს საკუთარი აზრები გაუზიარონ, ასევე მიწვევა გაგზავნონ რომელიმე ღონისძიებაზე „დონალდ ტრამპის ოფისი ტრამპის ადმინისტრაციის ბრწყინვალე მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს. ამასთან, პროგრამას ავითარებს“, – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ალეკო ელისაშვილი: ეს კრიზისი უკვე რაღაც იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა

"ეს კრიზისი უკვე რაღაც იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები რაღაც თავისას არ თმობენ. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის არა", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე "მე ვიცი ის, რომ შეთანხმება არის საჭირო. ეს კრიზისი უკვე რაღაც რაღაც იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები რაღაც თავისას არ თმობენ. ამასობაში კიდევ უფრო გაღარიბდა, გაღატაკდა ეს ქვეყანა და ვინმეს თუ უნდა, რომ რეალურად ქვეყანაზე და ხალხზე ვიფიქროთ, დღეს არის ის შესაძლებლობა, შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის არა", - განაცხადა ელისაშვილმა.

თეა წულუკიანს პარლამენტმა დეპუტატობის მანდატი შეუჩერა

კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტმა დეპუტატობის მანდატი შეუჩერა. გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 78 ხმით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ორმა დეპუტატმა წულუკიანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, წულუკიანის ადგილმონაცვლე საკანონმდებლო ორგანოში ნინო იობაშვილია. გენდერული კვოტირების თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით, წულუკიანს პარლამენტში სწორედ ის შეცვლის.

არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინონ საუკეთესო შედეგის მისაღწევად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს და ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა. „საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობაა და იგი ძლიერ დემოკრატიას უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინონ საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს“, - წერს არჩილ თალაკვაძე Tweeter-ზე.

საქსტატი: საქართველოში მცხოვრები ოჯახების 67%-მა საკვებზე ხარჯების დაზოგვა დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები ოჯახების 67%-მა საკვებზე ხარჯების დაზოგვა დაიწყო. კვლევის შედეგების თანახმად, შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით, კვებაზე ხარჯების შემცირების გარდა (67.2%), შინამეურნეობები ასევე მიმართავდნენ სხვა საოჯახო ხარჯების შემცირებას (82.9%), დანაზოგების გამოყენებას (49.9%), ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან (45.5%). გარდა ამისა, 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში ოჯახების 53%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. ამასთან, ამ შინამეურნეობების მესამედზე მეტს (39.5%) შემოსავალი შეუმცირდა 50%-ზე მეტით. ოჯახების 31.8 %-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით – 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში.

ზაფხულში, საქართველოდან ფრენა 34 მიმართულებით იქნება შესაძლებელი

ზაფხულში, საქართველოდან ფრენა 34 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დაამტკიცა. მათი ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 24, ქუთაისიდან 4, ბათუმიდან კი 6 მიმართულებით განხორციელდება. "ავიაკომპანიების მიერ, სააგენტოში დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის (2021 წლის მარტის ბოლო კვირა - ოქტომბრის ბოლო შაბათი) სხვადასხვა პერიოდიდან, რეგულარული რეისების შესრულება შემდეგი მიმართულებებით იგეგმება: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 24 მიმართულებით, ესენია: ალმათი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Turkish Airlines) ბაქო (Buta Airways), ბერლინი (Georgian Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (Ukraine International Airlines, SkyUp Airlines), მინსკი (Belavia), მიუნხენი (Lufthansa), რიგა (AirBaltic), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), პეკინი-ურუმჩი (China Southern Airlines), ქუვეითი (Jazeera Airways), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ფრანკფურტი (Lufthansa); ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით, ესენია: ათენი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air) და ლარნაკა (Wizz Air). ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე - დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 6 მიმართულებით, ესენია: თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (SkyUp Airlines; Yan Air), მინსკი (Belavia), ოდესა (Yan Air), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus) და ხარკოვი (Yan Air), - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ Cargolux, Turkish Cargo და Geo Sky შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი, სტამბოლი, ფრანკფურტი და ჩჟენჩჟოუ.

კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ჯანმომ ანგარიში გამოაქვეყნა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობასთან და 2021 წლის 14 იანვრიდან - 10 თებერვლამდე ვუჰანში საექპერტო გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა. „ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“, - ნათქვამია ანგარიშში. ჯანმო ხელმძღვანელის განცხადებით, ვირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება მხოლოდ დასაწყისია და ვირუსის გავრცელების წყასრო ჯერ დადგენილი არ არის. ,,რაც შეეხება ჯანმოს, ყველა ჰიპოთეზა მაგიდაზე რჩება. ეს მოხსენება ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია, მაგრამ ეს არ არის დასასრული. ჩვენ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ვირუსის წყარო და უნდა გავაგრძელოთ კვლევა და ქვა ქვაზე არ დავტოვოთ. ვირუსის წარმოშობის აღმოჩენას დრო სჭირდება და მსოფლიოს ვალი გვაქვს, აღმოვაჩინოთ წყარო, ასე რომ შეგვიძლია ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯები, რომ შევამციროთ ამის განმეორების რისკი. არც ერთ სამეცნიერო მოგზაურობას არ შეუძლია ყველა პასუხის გაცემა", - განაცხადა ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა.

რუსული კოვიდვაქცინის შეძენის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – Sputnik V-ის შეძენის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. იგორ მატოვიჩის განაცხადებით, ის თანამდებობას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ტოვებს, რომელიც რუსული ვაქცინის შეძენის გამო შეიქმნა. Associated Press-ის ინფორმაციით, იგორ მატოვიჩის ადმინისტრაცია ევროპის კონტიგენტზე პირველი მთავრობაა, რომელიც კორონავირუსის გამკლავებასთან დაკავშირებული მიზეზით დაიშალა. ეს გადაწყვეტილება მმართველ ძალად კვლავ ამჟამინდელ კოალიციას დატოვებს, რომელსაც პარლამენტში კომფორტული უმრავლეობა აქვს.

NATO-ს თვითმფრინავებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავების უჩვეულოდ გახშირებული ფრენები დააფიქსირეს

რუსეთის ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების ფრენის უჩვეულოდ გახშირების გამო, ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს თვითმფრინავები 10-ჯერ აფრინდნენ. როგორც ალიანსის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, მთლიანობაში, ორგანიზაციის თვითმფრინავებმა ალიანსის საჰაერო სივრცის მახლობლად ექვსი საათის განმავლობაში რუსული სამხედრო თვითმფრინავების 6 სხვადასხვა ჯგუფი დააფიქსირეს. შავი ზღვის თავზე თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის გამანადგურებლები ავიდნენ ცაში მას შემდეგ, რაც ალიანსის რადარებმა NATO-ს საჰაერო სივრცის მახლობლად აღმოაჩინეს რუსეთის სამი სამხედრო თვითმფრინავი და აედევნენ მათ, სანამ ისინი ამ რაიონს დატოვებდნენ. კიდევ ერთი ინციდენტისას ბალტიის ზღვის თავზე აღმოაჩინეს რუსული საზღვაო-საპატრულო გემი, რომელიც გამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა.

კორონავირუსის გამო, ესტონეთის მთავრობამ შეზღუდვები გაახანგრძლივა

Covid19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ესტონეთის მთავრობამ დაწესებული შეზღუდვები 25 აპრილამდე გაახანგრძლივა. ასევე ქვეყანაში ლატვიიდან, ლიეტუვადან და ფინეთიდან ჩასული ადამიანებისთვის სავალდებულო გახდება 10-დღიანი კარანტინი. შეზღუდვა შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, სპორტულ დარბაზებს, საჯარო ღონისძიებებს. დაიხურება საცურაო აუზები. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას. დახურული იქნება მაღაზიები.

კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებზე: სამწუხაროა , რომ ეს გადაწყვეტილება არცერთმა პარტიამ არ მიიღო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მის მიერ შემოთავაზებული წინადადებები არცერთმა პარტიამ არ მიიღო. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ევროკავშირის მიზანი არ არის მხარეებს საკუთარი წინადადებები თავს მოახვიოს და ეს არ არის ევროკავშირის მეთოდი. მისივე თქმით, მაგიდასთან არცერთი პარტია არ აღმოჩნდა მზად კომპრომისის მისაღწევად. ,,დავასრულე მეორე მედიიაცის მისია. მე ვიქნები ძალიან მკაფიო. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის, ეს არის გადაწყვეტილებაა, რომელიც საარჩევნო სისტემასა და მართლმსაჯულების ცვლილებას. ეს არი გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას., რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვებულებას სქრათველოს წინაშე. ასევე გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას. მე წარმოვადგინე წინადადებები, ეს გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერებს აყენებს ყველა სხვა ინტერესებზე მაღლა. სამწუხაროა , რომ ეს გადაწყვეტილება არცერთმა პარტიამ არ მიიღო", - განაცხადა დანიელსონმა ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა და გუშინ, 29 მარტს, კონსულტაციები გამართა პარტიების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებდა ტექსტს/დოკუმენტს და, როგორც აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა იქნება შესაძლებლობა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.

Covid19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით ჯანმოს ანგარიშზე, 14 ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს

კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის გამო, 14 სახელმწიფო შეშფოთებას გამოხატავს. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, სამხრეთ კორეის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები დამოუკიდებელი და სრულად გამჭვირვალე შეფასებების გაკეთებასა და ყველა შესაბამის მონაცემზე წვდომას მოითხოვს. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კორონავირუსის წყაროს საერთაშორისო ექსპერტთა მიერ შესწავლა მნიშვნელოვნად შეფერხდა და მათ არ ჰქონდათ წვდომა სრულ მონაცემებსა და ნიმუშებზე. „საერთო შეშფოთებას გამოვხატავთ ჯანმოს მიერ ჩინეთში ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევასთან დაკავშირებით. ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა სწრაფი, ეფექტური, გამჭვირვალე, მეცნიერებაზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი პროცესის წარმართვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

ჯანმო: შესაძლებელია, რომ კორონავირუსი 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან ცირკულირებდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ედჰენომ გებრეიესუსის განცხადებით, ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას Covid19-ის ადრეული შემთხვევების შესახებ მონაცემები არ გადასცა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის პიტერ ბენ ემბარკის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსი უჰანის ირგვლივ 2019 წლის ოქტომბერ-ნოებმრიდან ცირკულირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ, ჩინეთის ფარგლებს გარეთაც ცირკულირებდა.