ძებნის რეზულტატი:
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 359 ადამიანს დაუდასტურდა, 526 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 755-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.51 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 277 829-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 14, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017, საიდანაც: 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 181, აჭარაში - 374, იმერეთში - 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 43, იმერეთში -63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 106 - აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 188 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 85, ხოლო აჭარაში - 6. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 171 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 794 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 497 პირი, აჭარაში - 1 996, იმერეთში - 942.
აპრილიდან, სკოლის მოსწავლეებთან სოციალური მუშაკები იმუშავებენ
აპრილიდან, სკოლის მოსწავლეებთან განათლების სამინისტროს სოციალური მუშაკები იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან. მათივე ცნობით, მანდატურის სამსახურის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული 28 კვალიფიციური მუშაკი საქართველოს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში, კერძოდ თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში აპრილიდან განაწილდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილთან ერთად, განათლების სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა გამართა და მათთან სკოლებში სოციალური ზრუნვის კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება შეამცირებს და აღმოფხვრის საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვების ეფექტიანი ჩართულობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამასთან, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში. კერძოდ, სოციალური მუშაკები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებსა და ოჯახებში, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებსაც გამართავენ.
ნიდერლანდების პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს: დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი. მარკ რუტე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. „თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ნიდერლანდები მიესალმება თქვენი მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი. იმ ქვეყნის რანგში, რომელსაც მტკიცედ სწამს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პრინციპების, ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მოიცავს ქვეყნის დემოკრატიზაციას, სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას. ვაცნობიერებ რეგიონში ამჟამად მიმდინარე რთულ მოვლენებს და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, მსურს დაგარწმუნოთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ჩვენი მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას”, - ნათქვამია მარკ რუტეს ოფიციალურ მილოცვაში.
ირანმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში ისრაელი დაადანაშაულა
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში ისრაელი დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს ბირთვულ ტერორიზმს უწოდებს და აცხადებს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. „სიონისტებს შურისძიება სურთ სანქციების მოხსნის გზაზე ჩვენი პროგრესის გამო. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ამას არ დაუშვებენ. მაგრამ ჩვენ შურს ვიძიებთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ ნათანზის მიწისქვეშა ბირთვული რეაქტორი ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამაში საკვანძო როლს ასრულებს და მას მეთვალყურეობას უწევს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა. ხარვეზი ელექტრომომარაგების სისტემაში მოხდა და ობიექტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ოფიციალურმა თეირანმა გუშინვე განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ბირთვული დაბინძურება მომხდარა.
არქეოლოგებმა ეგვიპტეში დაკარგული ოქროს ქალაქი იპოვეს
არქეოლოგებმა ეგვიპტეში დაკარგული ქალაქი იპოვეს, რომელიც 3000 წლით თარიღდება. ცნობილმა მეცნიერმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, რომ ”დაკარგული ოქროს ქალაქი” აღმოჩნდა ლუქსორის მახლობლად, ძველ ქალაქ თებეს ადგილას. როგორც BBC News იუწყება, ქალაქი, რომელსაც ისტორიულად „ატონის აღდგომას“ უწოდებდნენ, ამენჰოტეპ III- ის დროს შეიქმნა, დაახლოებით ძვ.წ. 1391 და 1353 წლებში. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეგვიპტის ხელოვნების სპეციალისტის ბეტსი მ. ბრაიანის განცხადებით, ეს აღმოჩენა არის, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა ტუტანხამონის საფლავის პოვნის შემდეგ". არქეოლოგებმა დაკარგული ოქროს ქალაქი, მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ერთ-ერთ დაკარგულ ტაძარს ეძებდნენ. National Geographic– ის ცნობით, უმცროსმა ამენჰოტეპმა მამის გარდაცვალების შემდეგ მკვეთრად შეცვალა ეგვიპტის განვითარების მიმართულება. მან მიატოვა ეგვიპტის ყველა ღმერთი, მზის ღმერთის, ატონის გარდა. სახელი შეიცვალა და ამენჰოტეპ IV– ს ნაცვლად ეხნატონი დაირქვა.რაც ნიშნავს „ატონის ერთგულს“; ეხნატონმა და მისმა მეუღლემ, ნეფერტიტიმ, სამეფო ტახტი თებედან ახალ ქალაქში გადაიტანეს. როგორც მეცნიერებმა მია ალბერტიმ და ჯეკ გაიმ CNN– ს განუცხადეს, So’oud Atun– ში წარწერა იპოვეს, რომელიც ძვ.წ. 1337 თარიღდება. მათი თქმით, ამ წარწერამ ნათელი მოჰფინა საიდუმლოს თუ რატომ გადაიტანეს სამეფო ტახტი თებედან სხვა ქალაქში ფარაონმა და მისმა მეუღლემ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის იულია მენდელის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედიასთან საუბარში ზელენსკის პრესსპიკერმა განაცხადა, ჯერჯერობით რუსეთისგან პასუხი არ მიუღიათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბა და კიდევ 40 000 სამხედრო მოსამსახურე ყირიმში ჩაიყვანა. „რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აპარატმა მოითხოვა ვლადიმერ პუტინთან საუბარი. ჯერ პასუხი არ მიგვიღია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის უარი დიალოგზე“, – განაცხადა მენდელმა.
დიდ ბრიტანეთში COVID19-ის გამო დაწესებულ აკრძალვებს ამსუბუქებენ
Euronews-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში COVID19-ის გამო, საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო. შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება მაღაზიებს, რომლებიც პირველადი საჭიროების საგნებით არ ვაჭრობენ, ასევე სილამაზის სალონებსა და სპორტულ დარბაზებს. რესტორნებსა და ბარებს საშუალება ექნებათ, მოემსახურონ სტუმრებს ქუჩაში განთავსებულ მაგიდებზე. მუშაობის განახლებას ასევე შეძლებენ ზოოპარკები, გასართობი პარკები და ბიბლიოთეკები ასევე, 12 აპრილიდან მოსახლეობას შეეძლება სტუმრად ღამისთევა, მაგრამ მათ წინასწარ უნდა განსაზღვრონ ვიწრო წრე, რომელთანაც ღამის გატარება მოუწევთ.
ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით,დავით კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დამატებით საგადასახადო შეღავათებზე ამ ეტაპზე ვერ ვიმსჯელებთ - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
" დარწმუნებული ვარ, პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების გამკაცრება არ დაგვჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება. „მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა კაკაურიძემ.
კელი დეგნანი: მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნისთვის სასწორზე
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მას რომ სჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები რთულ კომპრომისებზე წავლენ, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა შეთანხმების მისაღწევად. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის სწრაფად და რაც შეიძლება მალე გადაჭრას, რომ პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს – კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ამ გამოწვევებზე პასუხი მოითხოვს მთელი მთავრობის და მთელი პარლამენტის მუშაობას, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა შეთანხმებისთვის ძალიან მალე“,- განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანი: მეტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება
"მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ, თუ რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო. ასეთ შემთხვევაში ვაქცინაცია შედგება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გახსნისთვის და იმისთვის, რომ ხალხს მიეცეს უფლება ნორმალური ცხოვრება აღადგინოს, ჰქონდეთ კონტაქტი ოჯახთან და მეგობრებთან. სწორედ ეს გაიგოს საზოგადოებამ. „ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში. რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, უფრო ძლიერი იქნება ინტერესი ვაქცინაციის მიმართ. უკვე იზრდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და ევროპაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად საზოგადოების ვაქცინაცია შედგება, საზოგადოება უფრო მეტად მიიღებს ვაქცინას“,- განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანი: მოლაპარაკებები უნდა განვაახლოთ, აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა არაჩვეულებრივი იქნებოდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. „არაჩვეულებრივი იქნებოდა, ყოფილიყო პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის. ვფიქრობ, საჭიროა შარშან დაწყებული მოლაპარაკებების აღდგენა. ბაზარი შეცვლილია და უნდა ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რამდენად არის საკმარისი მოთხოვნა. თუმცა ზოგადად, ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ს ელჩი: აგროტურიზმში საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია
„საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია, კერძოდ, აგროტურიზმში. ონლაინ პლატფორმის agrogate.world-ის ამუშავება ტურისტებს იმ შესაძლებლობებთან დააკავშირებს, რომელთაც მათ სთავაზობენ, განსაკუთრებით სოფლად", ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანი დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიას – „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის“ დაესწრო, სადაც ონლაინპლატფორმის agrogate.world-ის პრეზენტაცია გაიმართა. ელჩის თქმით, ახალი ონლაინ პლატფორმა შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოს აგროტურიზმისა და ტურიზმის აღდგენას, როდესაც ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას", - განაცხადა კელი დეგნანმა. აგროტურისტულ ონლაინპლატფორმაში agrogate.world, გაერთიანებულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები. ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ონლაინ პლატფორმის agrogate.world საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებ-გვერდზე ფოტო მასალასთან ერთად განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდეოები, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში უკვე აცრილია 20 622 ადამიანი
"დღევანდელი მონაცმეებით, საქართველოში 20 622 ადამიანია აცრილი, დღიური მაჩვენებელი 1 200-ის ფარგლებშია, თუმცა მცირეა იმასთან შედარებით, რაც გვჭირდება", - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,თქმით, დღიურად, საჭიროა 3 000-დან 4 000-მდე აცრა. „ 11 აპრილს აიცრა 928, კვირა იყო და ოდნავ დავარდნილია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საშუალო გვაქვს დაახლოებით, 1200-ის ფარგლებში. მოგეხსენებათ, გუშინწინ გვქონდა დაახლოებით 1 400, იმის წინ 1 500 და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ აცრის დღიური მაჩვენებელი 1 000-ზე მეტია, ეს მაინც მცირეა იმასთან მიმართებაში, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3 000-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა, რომ მარტ-აპრილში ქვეყანაში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. დაახლოებით 3 000-დან 4 000-მდე აცრა თუ გვექნა, მარტ-აპრილ-მაისში სადღაც 200 000-დან 300 ათასამდე ერთჯერადად აცრილი და დაახლოებით 50 000-მდე ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ამ სამ თვეში აცრის აღნიშნულ მაჩვენებელზე გავიდეთ. გასაგებია, რომ მასობრივი აცრები ჩვენთან დაიწყება, დიდი ალბათობით, ივლისში, როდესაც გვექნება შესაბამისი დოზები, სულ მცირე მარაგში ყოველთვის გვექნება ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინისა. მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ აუცილებელი რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის ქვეყანაში მოქალაქეებს Astra zeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინით ცრიან. შემოტანილია ჩინური ვაქცინათ, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ჩინური ვაქცინის გამოსაყენებლად, ელოდებიან თუ როდის დაამკიცებს ევროპის წამლების სააგენტო და ჯანმო ჩინურ ვაქცინას. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ შემდეგ ჯგუფებს: სამედიცინო პერსონას, 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს.
ამირან გამყრელიძის თქმით ვაქცინაციის შემდგომ 34 ადამიანს ჰქონდა გვერდითი მოვლენა - როგორია სტატისტიკა ასეთი შემთხვევების
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე 20 600-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან, საქართველოში გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში გამოვლინდა. ,,ჩვენთან არის გვერდითი მოვლენების, ანუ იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია სპეციალური ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა იქნა აღნუსხული. ამ პერიოდში ოფიციალურად აღნუსხულია 34 ასეთი გვერდითი მოვლენა, აქედან 7 უფრო მძიმე, დანარჩენი შედარებით ნაკლებად მძიმე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაიწყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ის ინდიკატორი, რაც განსაზღვრავს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, გაუარესებულია. გამყრელიძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ამ დროისთის 17 დიდი კლასტერი არსებობს, რომელიც წვეულებებიდან და სუფრებიდან გაჩნდა. „ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენთან თანდათან რთულდება. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია. რეალურად, ჩვენთანაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – აღნიშნა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში უკვე აცრილია 20 622 ადამიანი
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა. "ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. პოლიციას ოჯახმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, გოგო სახლიდან გუშინ გავიდა. ახლობლების თქმით, სახლიდან წასვლის წინ გოგომ დედას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა არ უთქვამს, სად ან ვისთან ერთად მიდიოდა. შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
"სოლიდარობა უკრაინას" - უკრაინის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ორგანიზებით, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობა. როგორც საელჩოსთან შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, ამ სიტუაციაში უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მოქალაქეებმა უკრაინის საელჩოსთან ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქვეყანაში რუსეთის ქმედებები დაგმეს. აქციაზე იმყოფება მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.
ხათუნა ზახაშვილი: მსოფლიოში COVID19-ით რეინფიცირებით საეჭვო შემთხვევების რაოდენობა იმატებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მთელ მსოფლიოში COVID19-ით რეინფიცირების რიცხვი იზრდება. მისივე თქმით, პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორედ ავადობა დამახასიათებელი COVID19-ისთვის, არ შეესაბამება რეალობას. „რეინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევების რაოდენობა იმატებს, თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით ძალიან დიდი. ყველა ასეთი შემთხვევაზე მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა“, - განაცხადა ზახაშვილმა.