ძებნის რეზულტატი:
13-15 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს,ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. "აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს ბელგიაში, ბრიუსელში გაემგზავრება. ბრიუსელში სახელმწიფო მდივანი ბლინკენი თავდაცვის მინისტრს ლოიდ ოსტინს შეუერთდება და NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სხვადასხვა პრიორიტეტის შესახებ კონსულტაციებს გამართავს. სახელმწიფო მდივანი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაადასტუროს აშშ-ის ერთგულება ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ასევე გამართავს ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან ძირითადი პრიორიტეტებისა და საერთო გამოწვევების განსახილველად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება
13 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი კულებას შეხვდება. ინფორმაციას NATO-ს პრესცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრის შემდეგ, კულება მონაწილეობას მიიღებს NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრაშიც. აღსანიშნავია, რომ დღეს კი, უკრაინელი დიპლომატი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდება. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს,ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების თქმით, სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ, რათა გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი. მათ სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს. რიონის ხეობის მცველებს სურდათ ჰესის მიმართულებით გადასვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მისცა პოლიციამ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, როდესაც აქციის მონაწილეები, მშვიდობიანად, ხელაწეულები მოძრაობდნენ. "მოთხოვნა არის დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილზე. დღესაც, ხელებაწეული ვიყავით - გვინდა რომ პოლიციამ გაგვატაროს საკუთარ მიწაზე. მათ ჩვენი შეფერხების კანონიერი საფუძველი არ აქვთ. ვცდილობთ ახსნა-განმარტების მიღებას პოლიციისგან თუ რატომ არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტებს გვეკრძალება მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება. აქ ვინმეს ძალადობა რომ უნდოდეს, ამას ეს ხალხი ისე გააკეთებდა, რომ არავის ნებართვა არ დასჭირდებოდა. ეს დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ჩვენი მოქმედებები არის მშვიდობიანი. ვითხოვთ რომ გაგვიშვით, ნუ აქვთ ბლოკირებული მთელი ხეობა", - ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ, ენკას ოფისთან გადაინაცვლებენ და მოითხოვენ, რომ კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს.
ENKA: მიწა, სადაც კარვები იყო განთავსებული, 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა
ნამხვანჰესის მშენებელი კომპანია, ენკა რინიუებლზ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მიწა, რომელზეც კარვები იყო განთავსებული, 2019 წლიდან კომპანიის საკუთრებაა და შესაბამის დოკუმენტსაც აქვეყნებს. "კომპანია ადასტურებს, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან. "ენკა რინიუებლზ" ეხმაურება აღნიშნული მიწის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია. 2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70,171 ლარი (იხ. დანართი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რუკა და გადახდის ქვითარი). ამ ხნის განმავლობაში, კომპანია თავს იკავებდა აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მოსახლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შსს: არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. "უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის მოპოვებას არ დავუშვებთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს თავდაცვის მინისტრს ლოიდ ოსტინს მასპინძლობს. ამის შესახენ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს. პრესკონფერენაციზე ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე. "ბატონო მდივანო, ჩვენ ყველამ ვიცით ომის საშინელება. ჩვენ გვესმის ომის პრევენციის მნიშვნელობა. ორივე ვთანხმდებით, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მიიღოს. ჩემი პოლიტიკა ნათელია: არასდროს დავუშვებ იმას, რომ ირანმა ბირთვული შესაძლებლობები მოიპოვოს, რათა თავისი გენოციდური მიზანი შეასრულოს - ისრაელის განადგურება. ისრაელი გააგრძელებს თავის დაცვას ირანის აგრესიისა და ტერორიზმისგან", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
პიტერ სტანომი: ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის პიტერ სტანომის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია. როგორც სტანომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 19 აპრილს, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი იქნება და ჟოზეფ ბორელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება. „ვიმედოვნებ, გამწვავება, კონფლიქტი არ იქნება. ეს მიუღებელი იქნებოდა. ყველა არსებული კონტაქტი და დიპლომატიური ძალისხმევა, რეალურად მიმართულია ამის აღსაკვეთად“, – განაცხადა სტანომ.
თურქეთის ელჩი: საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების შესაძლებლობები უნდა განვითარდეს, რაშიც მხარი უნდა დავუჭიროთ
საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს, რის გამოც თურქეთმა საქართველოს მხარი უნდა დაუჭიროს. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა უფრო მეტად განმტკიცდება. „საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ვიმყოფები სიმბოლურ ცერემონიალზე, რათა აღვნიშნოთ თურქეთის მიერ საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალებისთვის ტექნიკური აღჭურვილობისა და ორი მიკროავტობუსის გადაცემა. ვფიქრობ, საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების შესაძლებლობები უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს, რაშიც მხარი უნდა დავუჭიროთ. ველოდებით თანამშრომლობის მეტად განმტკიცებას“, – განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.
თეა წულუკიანი თავისუფალ შემოქმედთა ელექტრონული პლატფორმის შექმნას გეგმავს
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თავისუფალ შემოქმედთა ელექტრონული პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც იმ შემოქმედებით ადამიანებს გააერთიანებს, რომლებიც სახელმიწფოსგან დაფინანსებას არ იღებენ. ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში "ქალების ნარატივი" ისაუბრა. "გვსურს მივწვდეთ იმათაც, რომლებიც ხაზინიდან არ იღებენ ხელფასს, მაგრამ ხელოვანია, შემოქმედია და სჭირდებათ ხელშეწყობა. ამისთვის ჩევენ ვფიქრობთ, შევქმნათ თავისუფალ შემოქმედთა გარკვეული ვირტუალური ჰაბი, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც იქნება ხიდი ამ ადამიანებსა და სამინისტროს შორის, რომლებიც არსად არ არაინ გაერთიანებულნი, არიან სახლში ან იდელაურ შემთხვევაში აქვთ სახელოსნო", - აღნიშნა წულუკიანმა გადაცემა ქალების ნარატივში. როგორც მინისტრი ამბობს, დღესდღეობით პრობლემაა, რომ მსგავსი ადამიანები აღრიცხულები არ არიან. "გარკვეულ თანხებს თვის ბოლომდე გამოვძებნით იმისთვის, რომ პანდემიით დაზარალებულ თავისუფალ ხელოვან ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სისტემიდან ხელფასს არ იღებენ, მათ მივეხმაროთ. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ისინი, დღეს ეს არ ვიცით. ეს ჰაბი კი საშუალებას მოგვცემს რომ მათ ვხედავდეთ, ისინიც კი - ჩვენ და დედაქალაქში თუ სხვაგან ნაცნობების ძებნა არ სჭირდებოდეთ, იმისთვის, რომ მე მომწვდნენ და გამაგებინონ, რომ უჭირთ", -ამბობს წულუკიანი.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 18:19 საათზე დაფიქსირდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ცაგერის სამხრეთ-დასავლეთით 7კმ-ში, სოფელ ზედა აღვში დაფიქსირდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
თეა წულუკიანი: ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში
"ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა. "მე მაქვს იმის ამბიცია, რომ კადრები შემცირდეს და სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდოს კულტურის სამინისტროში ხელფასები და ჩვენ არ აღგვიქვამდეს ვინმე, რომ ვართ მაჩანჩალა სისტემა", - განაცხადა წულუკიანმა.
გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება
გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია ალექსეი ნავალნის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „შიმშილობის სერიოზულობის გათვალისწინებით, ადმინისტრაცია ნავალნის ყოველდღე იძულებითი კვების დაწყებით ემუქრება. ამავდროულად, ალექსეი სამედიცინო განყოფილებიდან კოლონიაში დააბრუნეს. ექიმს მისი ნახვის უფლება არა აქვს “, - ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ზურაბ სიჭინავა უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ზურაბ სიჭინავა განათლებით სამართალმცოდნეა. მას, ასევე აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ზურაბ სიჭინავა დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ამასთან, მას აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. "შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ზურაბ სიჭინავას პრეზენტაციის სახით, საქმიანობის ბოლო ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. საბაჟო დეპარტამენტის ახალი უფროსის წარდგენას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენი ნამახვანჰესზე: ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია
"სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით", - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციებზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "4 დღის წინ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან, ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ: - ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო; - დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი; - დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული; - პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია; - ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
სეისმურმა ქსელმა მიწისძვრის არასწორი ეპიცენტრი დააფიქსირა
სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს და იტყობინება, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. ცენტრის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი არასწორია და ის იყო არა ცაგერში, არამედ ნორიოსთან. "მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი. მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება", - წერს სეირმური მონიტრინგის ცენტრი. საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 18:19 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
პროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას საქართვეოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, ბრალდებულმა შ.ზ.-მ ლ.ტ. თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მარნეულიდან დმანისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, რითაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა. აღნიშნულის შემდეგ, შ.ზ.-ს მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ლ.ტ. დააკავეს. სამართალდამცველებმა შ.ზ. 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ უკანონო დაკავებისთვის, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით დღეს, 12 აპრილს წარედგინა. შ.ზ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, იმანიში ტაკაო დაესწრო", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
"სოლიდარობა უკრაინას"- ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა
"სოლიდარობა უკრაინას"- ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის აგრესია დაგმეს. აქცია პოლიტიკური მოძრაობა "გირჩისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ბათუმში მცხოვრები უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
ჯანმო: კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან
კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამტკიცებული ზომების მეშვეობით. „ქაოსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შეუთანხმებლობა იწვევს დაავადების გავრცელებას და ადამიანები კვდებიან“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც არ სურს, „მუდმივი კარანტინის რეჟიმები, თუმცა პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“. „ჩვენც გვსურს ვიხილოთ საზოგადოებებისა და ეკონომიკების გახსნა, მოგზაურობისა და ვაჭრობის განახლება. მაგრამ ახლა, ბევრ ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ივსება და ხალხი იღუპება და ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. კორონავირუსის პანდემია შორსაა დასრულებისგან, თუმცა ოპტიმიზმის უამრავი მიზეზი გვაქვს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებამ ცხადყო, რომ ამ ვირუსის და მისი ვარიანტების შეჩერება შეიძლება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა
ბრიუსელში ვიზიტამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. "დღეს, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ბლინკენმა და გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ის, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში.. მათ ასევე განიხილეს ავღანეთში მშვიდობის განვითარების პერსპექტივები და NATO-ს სამიტის გეგმები", - ნათქვამია განცხადებაში.